წმინდა და ღმერთშემოსილი მამა შიო ასურეთიდან იყო, საღმრთო ქალაქ ანტიოქიიდან, რომელმაც მრავალი მისნაირი წმინდანი აღმოაცენა. იგი შვილი გახლდათ ღვთისმსახური და კეთილშობილი მშობლებისა,
რომლებიც ორგზის მდიდარნი იყვნენ-ღვთისმსახურებითა და წმინდა შიოს მშობლობით. ნეტარი შიოს გარდა მათ სხვა შვილი არ ჰყავდათ, რომელიც მიეცათ "ნაყოფად მუცლისა მათისა", ვითარცა კეთილი და ღვთივმინიჭებული "კვერთხი სიბერისაი". მხოლოდ იგი იყო მემკვიდრე მათი ქონებისა.
ნეტარმა ცოლ-ქმარმა თავიანთი მშვენიერი ნაყოფი აღზარდეს მრავალგვარ მოღვაწეობასა და ღვთის სიტყვის სწავლაში. შეასწავლეს მას ძველი და ახალი აღთქმის წიგნები და მათი განმარტებანი. ის ყოველ სწავლას ღებულობდა, როგორც კეთილი ნიადაგი, რადგან იზრდებოდა საკუთარ თავში ღვთის სიტყვის დაცვითა და წვრთნით. უმეტესი ნაწილი საღვთო სიტყვისა ზეპირად დაისწავლა, ხოლო წმინდა სახარება, პავლე მოციქულის ეპისტოლეები და ფსალმუნის წიგნი მოუშორებლად თან ჰქონდა და ენა და პირი მისი მუდმივად წარმოიტყოდა მათ, რომლებიც თაფლზე მეტად დაატკბობდა სასასა მისსა.
16 წელი რომ შეუსრულდა, იწყო წმინდა წიგნების შესწავლა, იჯდა და შეუსვენებლად, განთიადიდან მიმწუხრამდე კითხულობდა და სულიწმინდის მადლით შეუცდომლად ხვდებოდა ყოველივეს, თანაც ისე განმარტავდა, რომ ყველას აკვირვებდა ღვთის დიდი მადლი, რომელიც მისი ბაგეებიდან უხვად მეტყველებდა.
მშობლებს შეეშინდათ და წუხდნენ შვილის მოუკლებელი შრომის გამო და ურჩევდნენ, საკუთარი თავისათვის დასვენების ნება მიეცა და სხეული ასე გამეტებით არ გაეწვალებინა. წიგნებიც კი გაარიდეს. მან დიდად შეაწუხა ყრმა და მშობლებს უთხრა:
-"რატომ იქცევით ასე, ბატონნო ჩემნო, და განმაშორებთ ღმერთთან საუბრისაგან? რადგან ვინც მუდამ ღვთის სჯულზე არ საუბრობს, იგი შორსაა ზეციური სასუფევლიდან და ტყვე ხდება ეშმაკისა. ჩემო კეთილო მშობლებო, დაფიქრდით, რასაც აკეთებთ, გინდათ, რომ ამისთვის მოგერიდოთ და აღარ გიხილოთ?" მაშინ მშობლები "მიერჩდეს ნებასა მისსა" და მიიღო რა უფლება მათგან, ნეტარი შიო დიდად წარემატა თავის ტოლებს ღვთის შიშითა და საღვთო წერილის ცოდნით, რამეთუ ირწყვებოდა იგი ღვთის სჯულით, და ნაყოფი ვერ იქნებოდა, როგორც მსხმოიარე ზეთისხილი სახლსა ღმრთისასა.
წმინდა იოანესთან
იმ დროს, როცა ღირსი შიო ოცი წლისა გახდა, დიდი მნათობი და მოღვაწეთა თვალი, "ნიშებშემოსილი" და სახელგანთქმული მამა იოანე გამოჩნდა, ვითარცა კაშკაშა ვარსკვლავი, რომელიც უნათებდა ანტიოქიის მკვიდრთ და უდაბნოში იმყოფებოდა მრავალ მოწაფესთან ერთად. წმინდა შიოც, მშობლებისაგან ფარულად, მივიდა ღირს იოანესთან, როგორც დიდ მწყემსთან, ფეხებში ჩაუვარდა მას, მოეხვია, თაყვანი-სცა ღვთის სიყვარულით აღძრულმა, რომელიც ცეცხლზე უფრო შემწველი და ყველაფერზე აღმატებულია.
ხოლო ნეტარმა იოანემ, ნახა რა ჭაბუკის გონიერება, მისი შინაგანი ხედვა და გონების სიმდაბლე, შემუსრვილება გულისა, სიტყვის სიმშვიდე და შინაგანი კაცის სიმტკიცე, გულისხმა-ჰყო მისი სულის სიმაღლე და, როგორც კეთილმა ნიადაგმა იცის მიღება თესლისა, ღვთის ბრძანებით, ნეტარი იოანეც წინასწარმცნობელი იყო და მიმართა მას:
"შვილო შიო!"-ნეტარი შიო შეაკრთო თავისი სახელის ხსენებამ და მიხვდა, რომ მიაგნო იმას, ვინც თავის მოძღვრად და განმანათლებელად სურდა. იოანემ კვლავ უთხრა:
"შვილო, შიო, რატომ შეშფოთდი იმისათვის, რომ ღმერთმა შენი სახელი მაუწყა? თუ გწამს წმინდა სახარებისა, რომელიც შეგიყვარებია, გჯეროდეს, რომ ღვთის რწმენას ყველაფერი შეუძლია",-წამოაყენა, ეამბორა, აკურთხა, შემდეგ კი თავის მოწაფეებს ჩუმად უთხრა:
"აი, ეს ჭაბუკი გამოირჩია ღმერთმა და აავსო წმინდა სულით, და გახდება ეს მამა მრავალი სულისა, რომელთაც ღვთის სათნოებებით წინ გაუძღვება; იგი იქნება ანთებული სანთელი სასანთლეზე, რომ გაუნათოს ყოველთა".
შემდეგ მიუბრუნდა შიოს და უთხრა:
"შვილო, ნეტარი ხარ შენ, რადგან დიდი იქნები ღვთის წინაშე და მეც ნეტარი ვარ, რამეთუ მამად ვიწოდო ასეთი მამათა მამისა".
ესაუბრა მას მთელი დღე, თაფლზე ტკბილი სიტყვებით გაანათლა გონება მისი და გაამხიარულა. მეორე დღეს კი უთხრა: ახლა კი წადი, შვილო, შენს მშობლებთან, მიიღე მათგან კურთხევა და შემდეგ მოდი ჩემთან. დაე, დაგიფაროს ღვთის მადლმა და განგაძლიეროს.
მშობლების მონაზვნად აღკვეცა ნეტარი შიო დიდად შეაწუხა ამ ამბავმა,-ვაითუ მშობლებისაგან, კურთხევის ნაცვლად, სასჯელი მიეღო, როცა გაიგებდნენ მისი შემონაზვნების სურვილს.
ამაზე ნეტარმა იოანემ მტკიცედ უთხრა:-გწამდეს ჩემი, რომ შენზე უწინ ისინი მიიღებენ მონაზვნობას. წადი, უფალი იყოს შენი მეგზური და განმამტკიცებელი!
წმინდა შიომ მიიღო კურთხევა იოანესა და ძმებისაგან და შინ, მშობლებთან დაბრუნდა. მშობლებმა ჰკითხეს,-სად იყავი, რატომ არ გვითხარი, თუ რაიმე მიზეზით სადმე უნდა წასულიყავიო.
ფრთხილმა შიომ არაფერი უთხრა მათ, რათა უცებ არ შეეშინებინა, დადუმდა და სხვა ღონე იხმარა მათ დასამშვიდებლად, ხოლო ღვთის სიყვარულის ალი, რომელიც მასში ცეცხლივით გიზგიზებდა, წვავდა და ასწავლიდა, თუ მისთვის სასურველი მონაზვნობისთვის დროზე როგორ უნდა მიეღწია.
ერთ დიდებულ კვირადღეს მშობლები წავიდნენ ეკლესიაში. წირვის დროს შიო მამის სიახლოვეს იდგა, რასაც ადრე არ იყო ჩვეული. როცა დიაკონი გამოვიდა საფსალმუნესთან წმინდა სახარების წასაკითხად, ნეტარმა შიომ უთხრა მამას:
-მივიდეთ და დავდგეთ წმინდა სახარების ქვეშ, რადგანაც მღვდლებისგან გამიგია, რომ მათ, ვის თავზეც კვირა დღეს წაიკითხავენ წმინდა სახარებას, განშორდება ყოველგვარი სენი და უძლურებაო.
მამა დაემორჩილა და შვილთან ერთად დადგა წმინდა სახარების ქვეშ. იმ დღეს დიაკონმა სახარებიდან წაიკითხა შემდეგი: "რომელი მოვალს ჩემდა და არა მოიძულოს მამაი თვისი და ცოლი, და შვილნი, და ძმანი და დანი, და მერმე კუალად სულიცა თვისი, ვერ ხელ-ეწიფების მოწაფე ყოფად ჩემდა" (ლკ. 14, 26).
წირვის დასრულების შემდეგ, როცა შინ დაბრუნდნენ და სატრაპეზოდ დასხდნენ, ნეტარმა შიომ ჰკითხა მამას:
- ბატონო ჩემო, რა იყო დღეს წაკითხულ სახარებაში ნათქვამი?
გაიხსენა მამამ ის, რაც ტაძარში მოისმინა. შემდეგ კი ღირსმა შიომ უთხრა:
-რა გვაყოვნებს ჩვენ, რომ ქრისტეს მოწაფეები გვერქვას, რადგან, როგორც მოვისმინეთ, მცირეოდენის დათმენისათვის ღვთისაგან ასწილს მივიღებთ მომავალ საუკუნო ცხოვრებაში? რა შეიძლება შევიძინოთ ამქვეყნად, მეფეც რომ ვიყოთ, რომ არ მოგვიწიოს მისი დაკარგვა?
მამის გულში, როგორც რბილ ცვილზე საბეჭდავისგან, ისე აღიტვიფრებოდა მისი ნათქვამი და უთხრა თავის ძეს:
-შვილო, როგორც შენ თავად ხედავ, მე და დედაშენი მოხუცებულები ვართ, შენ კი მარტო ხარ, ჩვენი მამულის მემკვიდრე. თუ გსურს, გაგვხადე ჩვენ მონაზვნები, შენ კი მოიყვანე ცოლი და მემკვიდრის გარეშე ნუ დატოვებ შენს მამულს. აი, ყველაფერი შენს ხელთაა, მიიღე ჩვენგან ყველაფრის უფლება.
ამ სიტყვებმა ნეტარი შიო დიდად გაახარა, გულში კი თქვა: როცა ჩემი მშობლები მონაზვნები გახდებიან, მე თავისუფალი შევიქნები და რაც მსურს, იმას ვიზამო.
და გაახსენდა ნეტარი იოანეს ნათქვამი,-შენი მშობლები შენზე წინ მიიღებენ მონაზვნობასო.
ნეტარმა შიომ უთხრა მშობლებს:
-ბატონნო ჩემნო, რადგან ასეთი კეთილი გონება მოგცათ თქვენ ღმერთმა, ნუ დააყოვნებთ მაგის ქმნას, არამედ, რაც გსურთ-რომელიმე მონასტერს შესწირეთ, მე კი გაისად, თუ ღმერთი ინებებს, შევირთავ მეუღლეს.
რადგან მშობლებს გადააწყვეტინა ეს საქმე, აღარ მოიცადა-ჯერ დედა წაიყვანა ქალწულთა მონასტერში და ჩააბარა დედათა დიაკონს, რომელმაც იგი მონაზვნად აღკვეცა. ნეტარმა შიომ უთხრა დედას:
-დედაო, იცოდე, რომ ამიერიდან ღვთის მცნება უნდა აღასრულო, რადგან ქრისტეს აღთქმა მიეცი საკურთხევლის წინაშე, ვერც ჩემს ნახვას შეძლებ, ვერც მამაჩემისას. იყავი დედათა დიაკონისა და სხვა სულიერი დების მორჩილებაში და ნუ იდარდებ ჩემზე, მხოლოდ შენს წმინდა ლოცვებში ნუ დამივიწყებ.
მაშინ მათ ერთმანეთი "მოიკითხეს ფრიადითა ცრემლითა", შემდეგ უკანასკნელად ამბორს უყვეს ერთურთს და განეშორენენ.
წმინდა შიომ მამაც ასევე წაიყვანა ზოგად ცხოვრებულთა (კინოვიურ) მონასტერში, სადაც იგი შეიმოსა წმინდა სქემით. ბევრნაირი სწავლა-დარიგება მისცა ნეტარმა შიომ მამას მოთმინების შესახებ. ორივე მონასტერს, სადაც მშობლები დაემკვიდრნენ, დიდძალი საფასე შესწირა. მამასაც დაემშვიდობა, მიიღო მისგან კურთხევა და დაშორდა.
როგორც კი მიიღო "თავის უფლებითი ცხოვრება", ღვთივ გონიერი შიო დაბრუნდა შინ, ყოველივე მონაგები გლახაკებს გაუყო, გაათავისუფლა მონანი და მხევალნი, რაც კი მშობლებს მისთვის დაეტოვებინათ, ყველაფერი გაყიდა, ხოლო თანხა მონასტრებსა და გაჭირვებულებს დაურიგა. თავისთვის დაიტოვა მხოლოდ წმინდა სახარება და ფსალმუნთა წიგნი, დათმო ყოველგვარი სამხიარულო საქმენი, როგორც ბრძანებს სახარება, და თვით სულიც კი უარყო ქრისტესათვის და მიატოვა სახლი და ეს წუთისოფელი და წავიდა მისთვის სასურველი გზით, რასაც ეტრფოდა და ესწრაფოდა, რომლისთვისაც აღარ გადაუხვევია, როგორც ამას ვნახავთ შემდგომში.
გაგრძელება იხილეთ შემდეგ გვერდზე
წმინდა შიო მღვიმელთან დაკავშირებით ასევე შეგიძლიათ წაიკითხოთ სხვა სტატიები - გადადით ლინკზე
ბერად აღკვეცა
მივიდა კვლავ იოანესთან, მოუდრიკა მუხლი და მიიღო მისგან კურთხევა. იოანემ დიდი სიხარულით გაიხარა, ტკბილად მიიღო და სიყვარულით უთხრა:
- შვილო შიო, ნეტარი ხარ, რადგან რახან ხელი მოჰკიდე გუთანს, უკან აღარ მიგიხედავს, არამედ კეთილად გაიტანე შენი კვალი. ჰე, გეტყვი შენ, ჩემო ძმაო, და გწამდეს, რომ ადვილად განერიდო მტრის ყოველ ბრძოლას, რადგან მთელი სასოებით შეიყვარე შენ ქრისტე და მტკიცე რწმენით შეასრულე მისი წმინდა მცნებები.
შიო ევედრებოდა ნეტარ იოანეს ბერად აღკვეცას, რათა შეერთებოდა მონაზონთა კრებულს. ნახა რა იოანემ შიოს დიდი სიყვარული, აღარ დააყოვნა და თავისი წმინდა ხელნი დაასხა მას, აღკვეცა და შემოსა წმინდა სქემით. და იხილა, რომ შიოს სახე იქმნა ვითარცა "პირი ანგელოზისა".
ამის შემდეგ იგი დღითიდღე წარემატებოდა, ვითარცა ხე "თანაწარსადინელსა წმინდათა წყალთა ღვთის მეცნიერებისათა დანერგული" და ტკბილ და სულიერ ნაყოფსაც უხვად იღებდა, ვითარცა მსხმოიარე ფინიკი. ღირსი იოანეს სწავლით, მონაზვნობის საქმეს, როგორც რაიმე დიდ ხელოვნებას, ისე დაეუფლა და მიაღწია დიდი მამების საზომსა სრულსა. თვით მისი მოძღვარი იოანეც კი გაკვირვებული იყო იმ განუზომელი მადლით, რითაც აღსავსე იყო ნეტარი შიო, რადგან ეშმაკებსა და მათ ბრძოლებს ობობას ქსელივით დაარღვევდა. მას ღვთისაგან მიეცა მადლი კაცთა და პირუტყვთა სნეულებათაგან გათავისუფლებისა და ეშმაკეულის სიტყვით განკურნებისა.
იოანესთან ყოველი მხრიდან მისული სნეულები და ეშმაკეულები მისი წმინდა ლოცვით იკურნებოდნენ, რადგან ნეტარი შიო იყო ყოვლად უმანკო და მის გულში ვერ იპოვიდი ვერავითარ კვალს სიამაყისა და ამპარტავნებისა, ხოლო სიმდაბლე იმდენი მოეპოვებინა, რომ საკუთარი თავი არარაობად მიაჩნდა.
ღმრთისმშობლის კურთხევა
ოდეს ნეტარმა შიომ მონაზვნობაში გაატარა ოცი წელი, იოანემ ღვთისაგან მიიღო ბრძანება, რომ თავის მოწაფეთაგან გამოერჩია თორმეტი, სიტყვითა და საქმით ძლიერნი, და წასულიყვნენ ქართველთა ქვეყანაში, რათა განემტკიცებინათ ისინი სარწმუნოებაში, რადგან მაშინ ქართველები ახალდანერგილნი იყვნენ ქრისტეს რწმენაში.
ორასი წელი გასულიყო მათი მოქცევიდან, როცა მოციქულთა მადლით განმტკიცებულმა წმინდა დედა ნინომ წმინდა ემბაზით ხელახლა შვა ისინი და გაანათლა ღვთის მსახურებით.
წმინდა იოანემ ღვთისაგან უწყებული აცნობა თავის მოწაფეებს და უბრძანა, რათა განკრძალული ლოცვითა და მარხვით გაეტარებინათ ათი დღე, რათა ეხილათ, როგორ დასრულდებოდა გამოცხადება.
როცა დადგენილი დრო გავიდა, ნეტარმა იოანემ იხმო ყველა და უთხრა მათ:
- ჩემო შვილებო და საყვარელო ძმებო, უფლის მადლით, ვხედავ ღვთის საქმეში თქვენს სისრულეს. მოისმინეთ, თუ რა მეუწყა ღვთის მიერ: ვნახე ყოვლადწმინდა დედოფალი, ღვთისმშობელი, რომელმაც მიბრძანა, გამოვარჩიო თორმეტი თქვენგანი და წავიდე ქართველთა ქვეყანაში და იქ ვიღვაწოთ სარწმუნოებისათვის ერისა. ახლა დავწერ თქვენს სახელებს და დავდოთ წმინდა ტრაპეზზე. ყველამ ეს ღამე ღვთისადმი ვედრებაში გავათენოთ და რომელსაც გამოარჩევს უფალი, იგი დაემორჩილება მის საღმრთო ნებას.
მამებმა უთხრეს იოანეს:
-წმინდაო მამაო, ისე მოიქეცი, როგორც უფალმა გამოგიცხადა, მაგრამ ჩვენ არ მიგატოვებთ შენ.
ყველა ძალიან წუხდა, არ იცოდნენ, რომელს მოუწევდა დარჩენა, რადგან წმინდა მამისაგან განშორება და უიმისოდ ყოფნა ცოცხლად ჯოჯოხეთში ჩასვლად მიაჩნდათ.
მამებმა მთელი ღამე დაუჯდომლად, ლოცვაში გაატარეს. დღის მესამე ჟამზე ნეტარმა იოანემ უბრძანა მწირველ მღვდლებს, ღვთისათვის უსისხლო მსხვერპლი შეეწირათ.
წირვის დასრულების შემდეგ, როცა მამები ეზიარნენ წმინდა საიდუმლოს, იოანემ უთხრა ყველას, რათა ხელაპყრობილებს ეთქვათ "კირიელეისონი". როცა მამები ხელაპყრობილები ამბობდნენ "კირიელეისონს", ღვთის ანგელოზმა საკურთხევლიდან აიღო თორმეტი ქარტია, რომლებზეც ღვთისაგან გამორჩეული თორმეტი ძმის სახელი ეწერა და ყველას დასანახად ნეტარ იოანეს ჩაუდო ხელში. ღვთისაგან რჩეულთა შორის იყვნენ:
შიო, დავითი, იოსები, ანტონი, თადეოზი, პიროსი, ელია, პიმენი, ნათანი, აბიბოსი, იოანე. ასე იმიტომ მოიქცა წმინდა იოანე, რომ არავის ჰგონებოდა, თითქოს ვინმეს მიმართ ჰქონდა გამორჩეული სიყვარული და კიდევ, რათა იქ დარჩენილი ძმები არ შეწუხებულიყვნენ მოძღვართან განშორებით.
ამის შემდეგ იოანემ შეკრიბა დარჩენილი ძმები, რომლებიც დიდად იყვნენ შეწუხებულნი და მწარედ დასტიროდნენ მოძღვართან განშორებას და ევედრებოდნენ მას, არ მიგვატოვოო.
ნეტარმა იოანემ უთხრა მათ:
-შვილებო, შეუძლებელია ღვთის ნების წინააღმდეგობა. თქვენ მოწმენი ხართ, რომ იმ დღიდან, რაც გლახაკი იოანეს მოწაფეობა ინებეთ, თქვენ შორის არავინ გამომირჩევია, მთელი გულით შეგიყვარეთ ყველა, ქრისტეა მოწმე ამისა. ახლა, როცა ასეთია თქვენზე ღვთის ნება, რომ უფალს აქ უნდა ემსახუროთ, ხოლო მათ კი იქ, სადაც ღმერთი გაუძღვებათ. ნუ წუხხართ, არამედ სიხარულით დაემორჩილეთ მის ბრძანებასა და გამორჩევას, რათა ღვთის მოწინააღმდეგეებად არ იქცეთ.
ნეტარი იოანე ბევრს ევედრა მათ, შეეწყვიტათ უზომო გოდება. მოწაფეებს თავის ნაცვლად წინამძღვრად და მასწავლებლად დაუდგინა ექვთიმე. ბოლოს იოანემ აღაპყრო ხელები, დიდხანს ილოცა და შეავედრა ისინი უფალს, შემდეგ თითოეულს თავზე ხელი დაადო და აკურთხა, მერე კი ყველა ერთად დალოცა და აცრემლებული დაშორდა მათ.
იმ დროს საკვირველ მთაზე დიდი მნათობი სვიმეონი მოღვაწეობდა, რომელიც სვეტზე კი არა, თონეში ეწეოდა ღვაწლს. ნეტარმა იოანემ და მისმა მოწაფეებმა მოინახულეს იგი, მიიღეს ლოცვა-კურთხევა მისგან და ამის შემდეგ დაადგნენ ქართლის გზას, რომელიც მათ დიდი გაჭირვებით გაიარეს.
გაგრძელება იხილეთ შემდეგ გვერდზე
ივერიაში
როდესაც მამებმა მიაღწიეს ქართლს, კათალიკოს ევლავიოსს ღამით ეჩვენა უფლის ანგელოზი, რომელმაც მას უთხრა:
-აი, მოდის იოანე, ყოვლად განთქმული მონა უფლისა, თავის მოწაფეებთან ერთად, რომელმაც უნდა გაანათლოს ეს ქვეყანა, ვითარცა ეს ადრე ნინომ ქმნა. ახლა ადექი და მიეგებე მათ და მიიღე კეთილად და ყველანაირად დაეხმარე, რადგან ღვთის ბრძანებით მოდიან. ნუ გაიკვირვებ მათ უბრალო ჩაცმულობას, რამეთუ მათი შინაგანი კაცი ყოვლად ბრწყინვალე და შემკობილია.
ადგა ღირსი ევლავიოსი, ეკლესიის შვილებთან ერთად, და გავიდა ზენა სოფლამდე, სადაც გაჩერდა და თვალს ადევნებდა გამვლელ-გამომვლელს, რათა ეცნო ღვთის მონების შემოსვლა. და აი, გამოჩნდნენ წმინდა მამები, ძონძებით შემოსილნი და ფეხშიშველნი, უსიამოდ შესახედნი, ასურული წესით, კუნკულებით შემოსილები.
დაინახა თუ არა კათალიკოსმა, მაშინვე მიხვდა, რომ ისინი იყვნენ, რომლებზეც ეუწყა ღამით, ადგა, მოეხვია იოანეს და უთხრა:
-კარგად იმგზავრეთ, წმინდაო მამაო?
ნეტარი იოანე ფეხებში ჩაუვარდა კათალიკოსს და უთხრა:
-კურთხეულია ღმერთი, რომელმაც ღირსი გამხადა შენი სიწმინდის თაყვანისცემისა.
ასევე დანარჩენმა მამებმაც სათითაოდ მიიღეს კურთხევა კათალიკოსისაგან.
მოგითხრობთ დიდ საკვირველებაზე, თუ როგორ იცნეს ერთმანეთი ღირსმა კათალიკოსმა და ნეტარმა იოანემ და სახელებით მიმართეს ერთურთს, იმაზეც, თუ როგორ იწყო იოანემ ქართულ ენაზე დაუბრკოლებლად საუბარი. ეჰა, საკვირველებასა შენსა, ქრისტე ღმერთო, თუ როგორ ადიდებ მადიდებელსა შენსა.
ეს სასწაული, ძმანო, ემსგავსება სიონში წმინდა მოციქულებზე სულიწმინდის გარდამოსვლას, ცეცხლის ენების სახით რომ დაადგა თითოეულს თავზე. ჭეშმარიტად საკვირველია ღმერთი თავის წმინდანებს შორის, ღმერთი, რომელმაც სულიწმინდით უცებ აამეტყველა იოანე იმ ენაზე, რომელიც არათუ ესწავლა, გაგონილიც კი არ ჰქონდა.
ვის არ გააკვირვებს და განაცვიფრებს ეს? ყველანი, ვინც მაშინ იქ იყვნენ და მოისმინეს ეს სასწაული, გაკვირვებულნი და ზარდაცემულნი ადიდებდნენ ღმერთს, საკვირველებათა მოქმედს.
ყველას გასაგონად კათალიკოსმა უთხრა ნეტარ იოანეს:
-მამა იოანე, მე უფალმა მაუწყა შენი მოსვლის შესახებ და ახლა ვმადლობ ღმერთს, რომელმაც აქ მოავლინა შენი სიწმინდე, რათა მრავალ სულს წინ გაუძღვე ღვთის მეცნიერებაში და ასწავლო ჭეშმარიტებაში ცხოვრება, რომელიც კაცს ცათა სასუფეველში დაამკვიდრებს.
წმინდა იოანემ თაყვანი სცა კათალიკოსს და მიუგო:
-წმინდაო მეუფეო, შენ ქრისტეს მიმსგავსებიხარ თავმდაბლობით, რომელიც მისგანვე გისწავლია, ხოლო ჩვენ, შენი მონები, უმეტესად ვმადლობთ ღმერთს, რომელმაც ღირსი გაგვხადა, გვეპოვა კეთილი მწყემსი, რომელსაც ყოველგვარი დაფარული საქმე ეცხადება ღვთის მიერ.
დიდება ღმერთს, რომელმაც ღირსი გაგვხადა და გნახეთ შენ, რათა გაგვიძღვე ჩვენ, სუსტებს, ცხოვრების გზაზე. ვხედავ ღვთის მადლს შენზე, რადგან, როცა ღირსი გავხდი შენი კურთხევის მიღებისა, ჩემმა ენამ დაიწყო საუბარი შენს ენაზე, გამეხსნა ყურნი, რომ მომესმინა ბრძანებები შენი, უფალო ჩემო.
ყველანი, ვინც კი ისმენდა ამას, ღმერთს მადლობდა.
ამის შემდეგ წავიდნენ წმინდა ეკლესიაში და თაყვანი სცეს წმინდა ადგილს, სადაც ღვთის ძალით ამაღლდა დიდებული და საკვირველი სვეტი, რომელიც იდგა "ჰაერთა შინა თვინიერ ხელთა კაცობრივთა", ჩვენი უფლის იესო ქრისტეს ზეგარდამო მოქსოვილი კვართის თავზე. წმინდა იოანემ და მისმა მოწაფეებმა სვეტის წინ იატაკი მრავლითა ცრემლითა დაალტვეს.
ლოცვის დასრულების შემდეგ კათალიკოსი მათ დიდი პატივით გაუმასპინძლდა. მამები აქ კარგა ხანს დარჩნენ. ხედავდნენ ყველანი ნეტარი მამების წმინდა სახეებს, ვითარცა ანგელოზთასა, და მათკენ მოისწრაფოდნენ სხვადასხვა სენით დაავადებულნი და სწრაფადვე იკურნებოდნენ. მამებისაგან ისინი ისმენდნენ სიტყვებს საუკუნო ცხოვრების შესახებ და წმინდა სამების რწმენაში მტკიცდებოდნენ.
მათი სწავლა-მოძღვრებებით აყვავდა ქართლის ქვეყანა, თვით მეფე და ქართლის დიდებულებიც კი მივიდნენ მათთან და კურთხევის მიმღებნი მათი სწავლებით განათლდებოდნენ.
ვითარცა დიდი მდინარისაგან, ისე ირწყვებოდა ქართველობა ასურელ მამათა სწავლით.
წმინდა მამები მრავალი ლოცვითა და ვედრებით ევედრებოდნენ ღმერთს, რათა მათთვის ეჩვენებინა სამოღვაწეოდ მყუდრო სამყოფელი. მოინახულეს და თაყვანი სცეს იმ ადგილებს, სადაც ადრე უხდებოდა ყოფნა წმინდა დედა ნინოს, ეამბორებოდნენ მის ფეხდანადგამ იატაკს, თითქოს წმინდა ნინო მათ წინაშე ცოცხალი ყოფილიყო, ისე შეიტკბობდნენ მის ცხოვრებაზე, ღვაწლსა და ქადაგებაზე მონათხრობს. ჰმადლობდნენ ღმერთს, რომელმაც დედაკაცის უძლურ ბუნებას მოციქულების მადლი მიანიჭა და ასეთი დიდი ღვაწლისთვის მამებზე მეტად გააძლიერა.
* * *
ერთ ღამეს ნეტარ იოანეს ეჩვენნენ ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი და წმინდა დედა ნინო და უთხრეს,-შენი მოწაფეები ქართლის სხვადასხვა კუთხეში გაგზავნეო. გამოღვიძებულმა იოანემ ეს ჩვენება მოუთხრო სულიერ ძმებს და უბრძანა მათ, მომზადებულიყვნენ ღვთის ნების შესასრულებლად. თითოეული მათგანი უნდა წასულიყო იქ, სადაც გაუძღვებოდა მათ სულიწმინდა. მამები დიდად შეაწუხა მოსმენილმა, რადგან მეტად უმძიმდათ მოძღვართან განშორება, მაგრამ წინააღმდეგობა ვერავინ იკადრა, დაემორჩილნენ ღვთის ნებასა და მოძღვრის ბრძანებას და წავიდა თითოეული იმ მხარეს, სადაც მიუთითა სულიწმინდამ. წასვლამდე ნეტარმა იოანემ ისინი მიიყვანა კათალიკოს ევლავიოსთან და აუწყა მას ჩვენება და სთხოვა, მიეცა მათთვის კურთხევა და დაელოცა.
კათალიკოსის დალოცვის შემდეგ ნეტარი იოანე დიდხანს ასწავლიდა, როგორც ეს მის ცხოვრებაში წერია.
წავიდნენ მამები და თან გაიყოლეს ახალნაკუთხი ქართველი ბერ-მონაზვნებიც, როგორც ეს მათ წმინდა იოანემ უბრძანა.
გაგრძელება იხილეთ შემდეგ გვერდზე
წმინდა შიოს განმარტოება
ნეტარი შიო დაყუდების მოყვარე იყო, ამიტომ ევედრებოდა წმინდა იოანეს, მისთვის დაყუდების ნება მიეცა. იოანემ უთხრა:
-შვილო შიო, წადი, სადაც უფალი გაგიძღვება, რადგან მე ღმერთმა გამომიცხადა, რომ დაყუდებული ცხოვრებითაც იმოსაგრევებ და კიდევ მამა იქნები დიდი ლავრისა. ახლა მიიღე კურთხევა ჩვენი ნეტარი მეუფის, კათალიკოსისაგან და იყოს უფალი შენთან, როგორც მე, უღირსი, არ მიმატოვა უკეთური სულებისაგან ბრძოლებისას, ასევე შენც დაგიცავს და გაგიძღვება დღისითა და ღამით, და ნუგეშსაც მისგან მიიღებ, შენს მაგიერ იგი იქნება დამარღვეველი ეშმაკის ყოველგვარი ძალისა და ვერაგობისა.
ნეტარი იოანეს დალოცვის შემდეგ შიო წავიდა კათალიკოსთან, მიიღო მისგან კურთხევა და გაემართა მცხეთის დასავლეთით, ადამიანისათვის უვალი, უღრანი და კლდოვანი ადგილებისაკენ. მიადგა ერთ ღრმა უწყლო და უნუგეშო ხევს, მხეცებითა და შხამიანი ქვეწარმავლებით სავსე ადგილს, რაც დასანახადაც კი აძრწუნებდა კაცობრივ ბუნებას. როცა დაათვალიერა იქაურობა, თქვა:
"ეს ადგილი იყოს განსასვენებელი მონისა შენისა, ქრისტე ღმერთო ჩემო, და მადლი შენი-შემწე ჩემი სიმდაბლისა, და მამისა ჩემის იოანეს ლოცვით დამიფარე მე".
ჰპოვა მდინარე მტკვრის ჩრდილოეთით გამოქვაბული, მეტად მცირე, რომელიც ეყოფოდა მხოლოდ სხეულის დასაფარად. ამ გამოქვაბულში დამკვიდრდა ნეტარი შიო მარტოობით, მხოლოდ ღმერთს მინდობილი, საზრდელისა და სასმელის და ყოველგვარი ამქვეყნიური ნუგეშინისცემის გარეშე, რითაც ადამიანები ცხოვრობენ.
ორმოცი დღეის შემდგომ იხილა ღმერთმა მისი გულმოდგინება და ის, რომ შიომ მას მიანდო სრულიად თავისი საზრუნავი, მხალეულიც კი არ მოიძია, რომ იმით მაინც გაეძლიერებინა სხეული, მისცა მას მეტი ძალა-ნეტარ შიოს სამოცი დღე უსმელ-უჭმელს გაატარებინა და ასე, ღვთის სასოებას მინდობილმა, დიდი სურვილითა და მონდომებით შეიტკბო გამოქვაბულში ყოფნა.
ყოველივე ამქვეყნიური ზრუნვა, ხორციელი მოსვენება და საკუთარი სხეული გაიმეტა დიდი სივიწროვისა და გაჭირვებისათვის, რითაც სხეულის სულისადმი დამორჩილება შეძლო. მხოლოდ ღვთის სასოება ჰქონდა, მისგან ელოდა შეწევნას და გაძლიერებას მტრის ყოველი ვერაგობისა და საფრთხისას.
ვის შეუძლია გამოთქვას იმ დღეების შიოსმიერი ღვაწლი. ეშმაკმა დიდი განსაცდელები მოაწია მასზე-არ დარჩენილა არც ერთი სახე ბოროტებისა, რომელთანაც წმინდანს შებრძოლება არ მოუწია. იგი მრავალნაირად, უამრავი გულისთქმით, ჩვენებებითა და ოცნებებით გამოიცდებოდა.
როცა ამით ვერაფერს გახდა, ეშმაკმა მისი დაშინება მხეცის სახით იწყო, ზოგჯერ კი-ქვეწარმავლისა. ხანაც ლომისა და ვეფხვის, დათვისა და რქოსანი ურჩხულის სახეს იღებდა და ცდილობდა მის შეშინებას, ხან დღისით და ხანაც ღამით. ნახა ეშმაკმა, რომ განსაცდელებით წმინდანს, როგორც გრდემლს, ისე ჭედდა და აძლიერებდა და როგორც უსხეულოს, ისე ეკვეთებოდა, ისევ შეცვალა ბრძოლის სახე და ერთ ღამეს ასეთი რამ მოიმოქმედა: შეიკრიბნენ იქ დამკვიდრებული ეშმაკები და დიდი ყიჟინით თავს დაესხნენ წმინდა შიოს, თითქოს მისი მოკვლა უნდოდათ.
მაგრამ ნეტარი მამა არ შეირყა ბოროტი სულის საცთურთაგან, გულმოდგინედ და წყნარად დაასრულა ლოცვა, გამოვიდა გამოქვაბულიდან და მიმართა მათ:
-უბედურებო, არ იცით, რომ სადაც მოქმედებს ქრისტეს ძალა, თქვენ იქ ვერაფერს გახდებით? აი, რამდენი დღეა, რაც ასე იქცევით და ვერც ჩემთან მოახლოება შეძელით, რადგან ქრისტე ღმერთია ჩემი ძალა, ცხოვრება და სიქადული, ამიტომ თქვენი სულაც არ მეშინია. პირიქით, ახლა მე გეტყვით უფლისა ჩვენისა იესო ქრისტეს სახელით: წარვედით და განმეშორენით ყოველი მოქმედი უსჯულოებისანი!
-შიო, ამპარტავანო ბერო, ხვალ ჩვენი მთავარი მოვა აქ, ახლა იგი შენი მოძღვრის, იოანეს მოსაკლავად არის წასული, ხვალ იმას შეებრძოლება და მოკლავს, შემდევ მოვა აქ და მოგკლავს შენცო,-მიაძახეს ეშმაკებმა და მაშინვე განშორდნენ.
ღვთის დედის გამოცხადება
ნეტარმა შიომ ხელაღპყრობილმა დაიწყო ღვთისადმი ვედრება. შესთხოვდა დახმარებას მის ძალას და ის ღამე გამოქვაბულის გარეთ ლოცვაში გაატარა. ჩისკრის მოახლოებისას შეამჩნია თავის გამოქვაბულში გამოუთქმელი ნათელი, რომლის განცდაც შეუძლებელია. ირგვლივ საოცარი სურნელება დატრიალდა, რომელმაც სული სიხარულით აუვსო.
გამოქვაბულიდან მოისმა ხმა: "შიო, ჩემი ძის ერთგულო მონავ, მოდი". და იხილა გამოქვაბულის კართან მდგარი საოცრად დიდებული ქალი, რომლის შეხედვაც მას არ შეეძლო, და ერთი მამაკაციც, მოღვაწის სახით, ისიც დიდებული, და უამრავი ზეცის ანგელოზი, რამეთუ გამოქვაბული კლდის ზემოთ ზეცა იყო გახსნილი და ჩანდნენ ანგელოზები, რომლებიც "სამწმინდაოს" გალობდნენ ტკბილი და გამოუთქმელი ხმით.
ყველანი ჯვრის ნიშით იყვნენ შეიარაღებულნი. ამ საშინელი სანახაობით შეძრწუნებული ნეტარი შიო ძირს დაემხო-არ შეეძლო, შეეხედა განუცდელი ბრწყინვალებისათვის, რომელიც იმ ქალისაგან გამოკრთებოდა.
დიდებულმა დედოფალმა კვერთხის წვერი შეახო მას, გააძლიერა და უთხრა: "ადექი!" წამოაყენა, მისცა ხელში თოვლის მსგავსი რაღაც მცირეოდენი და უთხრა:
-მე ვარ მშობელი შენგან შეყვარებული ქრისტე ღმერთისა, ხოლო ჩემს გვერდით მდგომი იოანე ნათლისმცემელია. ვიხილეთ სიყვარული შენი ჩემი ძის მიმართ და მოვედი შენი ნუგეშის საცემად. შეჭამე, რაც ხელში გაქვს. ამიერიდან იმას შეჭამ, რასაც ზეციდან მიიღებ. ნუ შეგაშინებს ეშმაკის ბრძოლები, რადგან მდიდარი ხარ ღვთის მადლით. მალე ამ უდაბნოს აავსებენ ღვთის მოშიში ადამიანები, რომლებიც შენს ცხოვრებას მიბაძავენ. შენს მაქებლად დარჩეს იგი უკუნისამდე.
როცა ნეტარი შიო გონს მოეგო და მიხვდა ღვთისა და მისი უბიწო დედის მისადმი ზრუნვას, შეჭამა, რაც ხელში ჰქონდა,-თოვლის მსგავსი, რომელიც მისცა ბრწყინვალე ქალბატონმა და მაშინვე დაუტკბა პირი "მიუწთომელითა რაიმე სიტკბოებითა" და სიხარულით გაძლიერებულმა ღვთის მიმართ ილოცა და თქვა:
-ჰოი, იესო სახიერო და კაცთმოყვარეო, რომელიც იშევ წმინდა ქალწულისა და ღვთისმშობლისაგან, რათა ეშმაკისაგან შემცდარნი გადაარჩინო და იხსნა ბოროტის მანქანებისაგან, იესოს მოსავნი და მისი ხორცშესხმულად აღმსარებელნი. შენ, მეუფეო უფალო, მომეც მე, შენს უღირს მონას, მოთმინება, რომ გავჩერდე ამ ადგილზე, რათა სათნოდ შენდა გავატარო ჩემი ცხოვრების დარჩენილი დღენი, და ღირსი გამხადე სხვებთან ერთად, რომელთაც შენ შეიწყალებ, საუკუნო სიკეთის ხილვის, მეოხებითა ყოვლადუხრწნელი დედოფლისა ჩვენისა და უბიწოისა დედისა შენისა, წმინდა დიდებულთა მოციქულთა და წმიდისა მამისა ჩვენისა იოანესითა.
ამ სიტყვების მთქმელი ცრემლით დაალტობდა მიწას, ხანგრძლივი ლოცვით და მუხლთადრეკით მადლობას შესწირავდა უფალს მრავალი დღის განმავლობაში.
ასე შეუორგულებელ ლოცვასა და მარხვაში გაატარა ნეტარმა შიომ რამდენიმე დღე და ღმერთმა, ნახა რა გულმოდგინება და მოთმინება მისი, რომელიც არ ერიდებოდა ხორცისათვის ასეთ დიდ გასაჭირს და ყოველგვარი სახმარის უქონლობით საკუთარი თავის დასჯას, ღმერთმა, რომელიც სახიერია და კაცთმოყვარე, არ დაივიწყა თავისი ერთგული მონა და რომელმან ადრე ელია გამოჰკვება უდაბნოში ყორნის დახმარებით, ისე საღვთო შურით აღვსილი შიოს გამოზრდა იწყო ყოველდღე მტრედის მოვლინებით, რომელსაც მოჰქონდა შიოსთან ხორცისათვის ნუგეშის საცემი. წყალიც კი გამოუდინა მშრალი კლდიდან თავისი გამოქვაბულის მარჯვნივ.
იხილა რა ნეტარმა შიომ, რომ მასზე ასე ზრუნავდა უფალი, მადლობასა და ქებას შესწირავდა:
- ჰოი, უფალო დიდებისაო და ღმერთო ყოვლისა ნუგეშისცემისაო, იყავნ სახელი შენი კურთხეულ უკუნისამდე, რამეთუ დიდია წყალობა შენი ჩვენზე, რადგან ადამიანთაც და მათ საცხოვრებელსაც შენ აცოცხლებ შენი უხვი წყალობით, რომელმაც ინებე ჩემ უღირსსა და უნდოზე ზრუნვა, რისთვისაც ყველაფრისათვის ვმადლობ შენს სახიერებას, რითაც მე ცოდვილსა და უხმარ მონას შენსას არ დამიტევებ.
ასე "ზეგარდამო მეურნეობისა ქვეშე მიმთხვეული ღვთისაგან" ხარობდა სულით და ადიდებდა ყოველივეს მფლობელ მეუფეს, რომელმაც წყალობით მოიხედა მისკენ. ამიერიდან უმატა მღვიძარებასა და ლოცვას სხვა დანარჩენ მოღვაწეობასთან ერთად, რამეთუ უხილავად გრძნობდა ბოროტი მტრის, ეშმაკისაგან დაპირისპირებას, რადგან გაძლიერებული იყო ღვთის ძალით და მიცემული ჰქონდა სულიწმინდის ძალა მზაკვარი გველის თავის დასათრგუნავად და მისგან ნასროლი ისრების მოსაგერიებლად და განდევნა ისინი ყოველდღე ფსალმუნებითა და ფეხზე დგომით, ღვთის მიმართ ლოცვით.
ყოველთვის პირზე ეკერა წინასწარმეტყველ დავითის სიტყვები: "უფალი ნათელ ჩემდა და მაცხოვარ ჩემდა, ვისა მეშინოდის, უფალი შესავედრებელ არს ცხოვრებისა ჩემისა, ვისგან შევძრწუნდე... აღ-თუ-დგეს ჩემ ზედა ბრძოლა, ამისთვისცა მე შენ გესავ" (ფს. 26,1-3). და კიდევ:
"მომადგეს მე და მომიცვეს მე "და სახელითა უფლისათა ვერეოდე მათ" (ფს. 117,11). და "საფრხე შეიმუსრა და ჩვენ განვერენით".
და ასეთ ლოცვებს მინდობილი, ეშმაკის ბოროტ ძალებს განდევნიდა საუფლო ჯვრის გამოსახვით მარტო მყოფი და მხოლოდ ღმერთს უგალობდა და მყუდროებით ქებას აღუვლენდა.
გაგრძელება იხილეთ შემდეგ გვერდზე
"ცრემლის წყარო"
ერთ დღეს ნეტარმა შიომ დაინახა, ერთ ძმას, რომელსაც წყალი მოჰქონდა მდინარიდან, ეშმაკმა ფეხი წამოსდო და ჭურჭელი დაუმტვრია. ამან ძმა დიდად შეაწუხა, რადგან დიდი წვალებით ამოეტანა წყალი მდინარიდან ძმებისთვის, რათა მათმიერი კურთხევა მიეღო. ნეტარი შიო მტირალი ძმის დანახვაზე დიდად შეწუხდა.
მიიხედა და კლდის მახლობლად მისი მფარველი ანგელოზი დაინახა, რომელიც კვერთხით კლდის ძირში თხრიდა. მიხვდა, რომ იგი ღმერთმა მოავლინა ძმების სანუგეშოდ, რათა მათთვის წყალი მიეცა და უთხრა ბერს:
"ნუ წუხხარ, ძმაო, რადგან შენი ცრემლებისა წილ და შენი სასოებისათვის მაგ ადგილზე ღმერთმა წყარო აღმოაცენა, რომ შემდგომში უწვალებლად ძმებისათვის აავსო ჭურჭელი წყლით".
ბერის სიტყვის თქმა იყო და წარმოედინა მცირე წყარო, სასმელად სამყოფი ძმებისა, რომლებიც ოცდახუთნი იყვნენ და ამისთვის მადლობდნენ ღმერთს.
* * *
ამის შემდეგ უფრო გამრავლდა ძმობა და გაუჭირდათ, რადგან არ ჰქონდათ ეკლესია, სადაც დიდებულ კვირას შეიკრიბებოდნენ ღვთის სადიდებლად. ამიტომ სთხოვეს ნეტარ შიოს, რათა ებრძანებინა მათთვის წმინდა ეკლესიის აგება.
ადგა ბერი, ავიდა თავისი გამოქვაბულიდან აღმოსავლეთით მდებარე კლდის წვერზე და უბრძანა ძმებს, მასთან ერთად ლიტანიობით ასულიყვნენ. ზემოთ ასული ბერი ღმერთს აცრემლებული ევედრებოდა.
ძმებიც თავმოდრეკილნი ლოცულობდნენ და სთხოვდნენ უფალს, ეჩვენებინა მათთვის ადგილი, სადაც იგი ინებებდა ტაძრის აგებას.
ნეტარმა შიომ მუხლი მოიყარა და დიდხანს იყო მიწაზე დამხობილი. Lოცვის შემდეგ საკვირველმოქმედმა მამამ აიღო ნაკვერჩხალი და დაიდო მარცხენა ხელისგულზე, დააყარა ზედ საკმეველი, ხოლო მარჯვენა ხელით მას საუფლო ჯვარი გადასახა და უბრძანა ძმებს, ხელაღპყრობილებს ერთად ეთქვათ "კირიელეისონი", თვითონ კი კმევა დაიწყო.
საკმევლის კვამლი ავიდა ზევით, ჰაერში, ვითარცა ზეცამდე აღმართული სვეტი, ისე შორს, რომ თვალთაგანაც კი მიიფარა. ისინი იდგნენ და ამ შემაძრწუნებელ სასწაულს უცქერდნენ, ჰაერში კვამლის წვერი კვლავ გამოჩნდა, ქვემოთ დაეშვა, ვითარცა გამაგრებული თოკი.
როცა მიუახლოვდა მიწას, ხევში ერთ ადგილს დადგა, სადაც ძმები მკვიდრობდნენ.
დაინახა ეს დიდმა შიომ, ღვთის მადიდებელი იქითკენ გაუძღვა ძმებს. როცა იმ ადგილს მიაღწიეს, რომელიც ღმერთმა უჩვენა, მათ იხილეს ძეგლივით მდგარი საკმევლის კვამლი. ხოლო ნეტარ შიოს ორ ჟამზე მეტხანს ეჭირა ხელში ნაკვერჩხლები და უკმევდა ყოველ ადგილს.
ბოლოს უკმია ძმებს და მაშინღა ჩაყარა ნაკვერჩხლები საცეცხლურში.
ვის არ განაცვიფრებს ეს უცხო სახილველი და მოსასმენი და არ ადიდებს საკვირველებათა მოქმედ ღმერთს, რომელმაც, როგორც ბაბილონში დაიცვა სამი ყრმა ცეცხლისაგან შეუწველად, ასევე თავისი მონის ხელი ზესთა ბუნებისა დაიცვა შეუხებელად.
ამის მერე ღირსმა შიომ ბარი მოითხოვა და სამჯერ დაარტყა იმ ადგილას, სადაც იდგა საკმევლის სვეტი და თქვა:
-დიდება შენდა, ღმერთო, რომელიც სამგვამოვნებითა და ერთი არსებით იდიდები, ამ ადგილზე აღაშენე ტაძარი შენი დიდებისა. შემდეგ განდგა ცოტა მოშორებით, მიწას ისევ სამჯერ დაარტყა ბარი და თქვა:
- ყოვლადწმინდაო ღვთისმშობელო მარიამ, რომელმაც გვიშევ სიტყვა ღვთისა ხორციელად, აქ დაამტკიცე სახლი სადიდებელი შენი.
შემდეგ მახლობლად ნახა მღვიმე, მეტად ღრმა, და ბრძანა, რომ მასზე აშენებულიყო ნათლისმცემლის ეკლესია.
ნეტარმა ევაგრემ უთხრა ღირს შიოს:
-წმინდაო მამაო, იყოს ნებაი ღვთისა და შენი ნება, რადგან ვხედავთ, რომ ღვთის სულით მეტყველებს პირი შენი და ყოველ შენს სურვილს ასრულებს ღმერთი.
ხოლო საკმევლის სვეტი იმ ადგილზე სამი დღე უძრავად იყო აღმართული და გამოსცემდა გამოუთქმელ სურნელებას, მესამე დღეს კი აღკრბა ზევით.
* * *
მამათა რიცხვი მალე ორი ათასამდე გაიზარდა და წმინდა შიოს სახელი მთელ ქართლში გახდა ცნობილი.
ყოველი მხრიდან მოდიოდნენ მასთან და ისე გამრავლდნენ, რომ იმ ხევში ვეღარ ეტეოდნენ. უმძიმდათ რა შფოთის ატანა, იწყეს სხვა ადგილების აშენება, ზოგნი კოდმანის მხარეს წავიდა და იქაც დიდი ლავრა ააშენა, ზოგიერთები კი სარკინეს აღმოსავლეთით, საიდანაც ალექსანდრემ უცხოტომელნი განდევნა.
ღმერთი წმინდა შიოს ხელით ახდენდა აურაცხელ სასწაულსა და ნიშს, მიჰყავდათ მასთან ავადმყოფები, ბრმები, კოჭლები და არაწმინდა სულებისგან შეპყრობილები, რომელნიც წმინდანისაგან იკურნებოდნენ. ყველა ამ სასწაულის მოთხრობა შეუძლებელია.
თუ ვინმემ თითოეულ სასწაულზე მოყოლა მოისურვოს, ჯერ ერთი, ვერ შეძლოს, მეორეც-შეიძლება მსმენელიც დაეჭვდეს, ზოგი რამ არც კი ირწმუნოს, რადგან ადამიანის გონებისათვის ისინი მიუწვდომელია, რის გამოც ურწმუნოება შეიძლება დაეუფლოს გამოუცდელთა სულებს. ამიტომ იცის ღმერთმა, მოვერიდე იმის წერას, რაც შემეძლო დამეწერა.
მწყემსი მგელი
მონასტრებში მომსვლელთა სიმრავლისაგან აივსო ხევები. უდაბნოს მხეცები ცხენებსა და სახედრებს ეტანებოდნენ. რასაც კი წააწყდებოდნენ, დიდად ვნებდნენ და ანადგურებდნენ, თვით მონასტრის ძმების სამსახურებელი სახედრებიც კი შეჭამეს.
შეწუხებული ძმები მივიდნენ ნეტარ შიოსთან და მოახსენეს თავიანთი გასაჭირი. წმინდა შიო შეწუხდა, რადგან დიდი სიყვარული ჰქონდა ადამიანებისა და პირუტყვების მიმართ, ილოცა, რათა ამ უდაბნოში მყოფი ნადირი ღმერთს მასთან შეეკრიბა.
და ეჰა, საკვირველება დიდი! მაშინვე, როგორც კი წმინდა მამამ დაასრულა ლოცვა, ყველა სახის მხეცი, რაც კი ადამიანმა იცის, შეიკრიბა წმინდანის გამოქვაბულთან.
ნეტარი შიო გამოვიდა გამოქვაბულიდან და, ვითარცა კაცთა, ლმობიერად დაუწყო საუბარი. ისინი კი ქედმოდრეკილნი იდგნენ და უსმენდნენ ნეტარი მამის სიტყვებს და მოელოდნენ მის ბრძანებას, რადგან ყველანი ამდგარიყვნენ, აეყვანათ თავიანთი შვილები, რომლებიც ზოგს კბილებით ეჭირა, ზოგს-ზურგით, ზოგსაც წინ ესვა თავისი პატარა, რაც მეტად საკვირველი და საზარელი იყო სანახავად.
ნეტარმა შიომ უთხრა მათ:
- ნახეთ, მხეცებო, ჩემი უღირსება და მომისმინეთ, რასაც გეტყვით. იცის ქრისტემ, რომ დიდად შემტკივა თქვენთვის გული, მაგრამ რადგან ველურია თქვენი ბუნება. ამიერიდან თქვენსა და ჩვენს გამჩენს უბრძანებია, პირმეტყველ კაცთაგან აივსოს ეს უდაბნო. ამიტომ წადით, საყვარელნო, მოძებნეთ თქვენთვის სხვა ადგილი, სადაც იქნებით მოსვენებით და თქვენი წასვლისასაც ნურავის ავნებთ რაიმეს.
ერთი თქვენგანი დარჩება ჩემთან, ძმების სახედრების მწყემსად, რათა ამით უკუმიუზღოთ ძმებს იმისათვის, რითაც შეაწუხეთ ისინი.
მოხდა სასწაული, ბერის სიტყვებისთანავე მხეცები განერიდნენ იქაურობას, მდინარის გაღმა გადავიდნენ და დაემკვიდრნენ იქ, სადაც "ზენამან წამისყოფამან უბრძანა". მხოლოდ ერთი მგელი დარჩა, როგორც მონა, მოშიშებით იდგა ბერის წინ. წმინდა შიომ უთხრა მას:
- სახელითა უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესითა, გეტყვი შენ, მხეცო, ამიერიდან, როგორც კეთილი მწყემსი, აძოვებ ჩვენს სახედრებს, რათა შენი ასეთი მსახურებით სიკეთით გადაუხადო ძმებს მწუხარებისათვის, რომელიც მათ მიაყენეთ. შენი საკვები იქნება ის, რასაც ჩვენ შევჭამთ. ცისკარზე წაიყვან სახედრებს საძოვარზე და მწუხრზე დააბრუნებ, რადგან ამათ მწყემსად და მცველად შენ დამიდგენიხარ.
მგელი დაემორჩილა ბერის ბრძანებას, ვითარცა მონა, კაცობრივი ბუნებისა მქონებელი და სიტყვისა გულისხმისმყოფელი. განთიადისას ადიოდა ბორცვზე და ყმუილით მოუხმობდა სახედრებს წასასვლელად, მწუხრზე კი, როცა საძოვრებიდან დაბრუნდებოდნენ, ისევ ბორცვზე დადგებოდა და ყმუილითვე აცნობებდა ძმებს სახედრების მონასტერში დაბრუნებას.
ყველა, ვინც უყურებდა ამ სასწაულს ან გაეგონა ეს ამბავი, გაკვირვებული ადიდებდა ღმერთს, რომელმაც ისეთი მადლი მისცა თავის ერთგულ მონას, რომ ველური ცხოველებიც კი აღასრულებდნენ დაე მორჩილებოდნენ მის სიტყვას.
სხვასაც, უფრო გასაკვირსაც მოგითხრობთ:-მხეცმა, ვიდრე ამ მსახურებას ასრულებდა, მისი ბუნებისთვის დამახასიათებელი საკვები აღარ მიიღო.
ნეტარი ევაგრე უფშხვნიდა მას პურს დილაობით, ზედ უსხამდა წყალს და იმას ჭამდა. საღამოსაც მიიღებდა მოღვაწე მამების საკვებს, წავიდოდა და ნეტარი შიოს გამოქვაბულის კართან წვებოდა. დღემდე შემორჩა ნეტარი შიოს მიერ მხეცისათვის მოწყობილი მოსასვენებელი ადგილი.
მხეცმა ამგვარ მსახურებაში ექვსი წელი დაჰყო. ერთ დღესაც საძოვარზე წაიყვანა სახედრები. როგორც სახედრებმა იციან, ბერი კონონის სახედარს სხვამ უბიძგა, კლდეზე გადაიჩეხა და მოკვდა.
საღამოს დროზე ადრე მოიყვანა მგელმა სახედრები და მწუხარე იყო, წკმუოდა და ტიროდა. როცა გაიგო ბერმა კონონმა, რომ მისი სახედარი არ დაბრუნდა, შეწუხდა და განრისხებული წაეჩხუბა მგელს,-ამან შეჭამაო. მერე კი ჩავიდა წმინდა შიოსთან და გულისწყრომით უსაყვედურა:
-ოდითგან არსად გაგონილა, რომ მგელი სახედრების მწყემსი ყოფილიყო და ეს გააკეთე შენ, მამაო, რითაც ჩემი სიბერის ნუგეშინისმცემელი და ასევე სხვა ძმების სახედრებიც ამ მგელს შეაჭამე.
მგელი კი, როგორც შეეძლო, ცდილობდა თავის გამართლებას ბერის წინაშე და წკმუილით ტიროდა. შემდეგ კონონის კვერთხს პირით ჩაეჭიდა და მიიზიდა თავისკენ.
ნეტარმა შიომ უთხრა კონონს:
-წადი, ბერო, გაჰყევი მაგ მწყემსს და ნახე, რა მოუვიდა შენს სახედარს.
კონონმა მიუგო:
-რა შეუბრალებლობაა, გინდა, ჩემი სულიც დაღუპო? რატომ გძულვარ ასე, რომ ჩემი სახედარი ამ მხეცს შეაჭამე და ახლა გინდა, მასთან ერთად წავიდე, რომ მეც დამგლიჯოს?
ასე ხმამაღლა გაიძახოდა და წყევლიდა კიდეც ბერს.
ნეტარი მამა არ განრისხებულა, გამოვიდა გამოქვაბულიდან, ავიდა ძმებთან და მგელსა და კონონს ორი მათგანი გააყოლა. ძმები მგელს უკან მიჰყვნენ და ნახეს, რომ კლდის ნაპრალში გადავარდნილიყო კონინის სახედარი და მომკვდარიყო.
უკან დაბრუნებულებმა ნეტარ შიოს მოახსენეს ყოველივე. კონონმა სთხოვა წმინდანს შენდობა იმ შეუფერებელი სიტყვებისა და საყვედურებისათვის, რომელიც მას ჰკადრა.
ნეტარმა შიომ მოუხმო მგელს და უთხრა:
- მხეცო, საკმარისია, რაც იმსახურე. მე მადლიერი ვარ შენი. ამიერიდან თავისუფალი ხარ, წადი შენიანებთან და ნურასოდეს იკადრებ ჩემი ძმების ვნებას. ხოლო მათ თვითონ გამოძებნონ ისეთი მწყემსი სახედრებისათვის, როგორიც სურთ, რომ კიდევ რაიმე არ დამაბრალონ შენს გამო.
წავიდა წმინდანის ბრძანებით გათავისუფლებული მგელი.
ასეთი ნიშებითა და სასწაულებით უხვად იყო შემკობილი სანატრელი მამა შიო, რომ უტყვ ცხოველებსაც მონურად მსახურებას აიძულებდა. არ უნდა გაგვიკვირდეს ჩვენ, ძმებო, ამ საკვირველი საქმეების კეთება ღვთის ერთგულ მონათა მიერ, ნურც ღვთის დიდებულებათა მიმართ ვიქნებით ურწმუნო, რამეთუ თვით უფალი ამბობს წმინდა სახარებაში: "უკუეთუ გაქუნდეს სარწმუნოებაი, ვითარცა მარცუალი მდოგვისაი, და ჰრქვათ მთასა ამას: აღიფხუარ ამიერ და შთავარდი ზღუად, იყოს ეგრე" (მთ. 21,12).
რამეთუ წმინდა და ღვთის ღირსეული მონა შიო მტკიცე და შეუორგულებელი რწმენით იყო შეიარაღებული და მისგან ჰქონდა მიღებული საკვირველი საქმეების მოხდენის ძალა და ნიჭი ისე, რომ მგელსაც, ასეთ დაუმორჩილებელ ცხოველსაც კი, სახედართა მწყემსობა და ზედამხედველობა აიძულა.
ეს სასწაული მოხატულია ღირსი მამის სამარხში, რომელიც თვითონვე აიშენა, დღემდე შემორჩენილია სანატრელი მამის დიდებულების გამომაჩინებლად, რომელსაც იგი სულიწმინდის შეწევნით ახდენდა.
გაგრძელება იხილეთ შემდეგ გვერდზე
სულიერ შვილთა გამოცდა
იმ ხანებში ჩვენმა წმინდა მამა იოანემ თავისი მოწაფეების მონახულება ინება, რათა გაეგო, ვის რა საზომისთვის მიეღწია სულიერ ცხოვრებაში, რომ მათი კეთილი საქმეები გამოეცხადებინა ყოვლადწმინდა სამების-ჩვენი ღვთის სადიდებლად.
თავისი სამოღვაწეო ადგილიდან წამოსული პირველად წილკნის დედა ღვთისას საყდარს ეწვია, სადაც დაიბარა ღირსი შიოც, რათა ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის თაყვანსაცემად მოსულიყო.
წმინდა იოანემ, "გარეშე ჩვეულებისა", ღვინო მოითხოვა. და, როცა ელია დიაკონმა მოართვა, წმინდა იოანემ გამოართვა ჭიქა, გადასახა მასზე პატიოსანი ჯვარი და მარჯვენა ხელით ჰაერში გაუშვა.
ჭიქა დიდხანს იდგა ჰაერში. შემდეგ წმინდა იოანემ მოწაფეებს უთხრა:
-ჩამოიღეთ ღვინით სავსე ჭიქა და აკურთხეთ, რადგან ეპისკოპოსს შვენის მისი კურთხევა.
მათ არ იკადრეს ხელის შეხება, რადგან მეტად გაკვირდნენ დიდებული და უცხო სანახაობით-ღვინით სავსე ჭიქას ყოველგვარი მტვირთველის გარეშე უყურებდნენ ჰაერში.
მაშინ საკვირველმოქმედმა იოანემ თვითონ შეახო ჭიქას ხელი, აიღო და კვლავ ჯვარი გადასახა, რის შემდეგაც სამივე წმინდა მამამ შესვა და ასევე მოიქცნენ სხვებიც, ვინც იქ იმყოფებოდა.
ნეტარმა იოანემ უთხრა შიოს:
-გვეკუთვნის, მამაო, მადლი შევწიროთ უფალს, რომელმაც ჩვენ შორის საკვირველება მოახდინა.
შიო დაემორჩილა ბერის სიტყვას, წამოდგა და ხელის გულზე ნაკვერცხლები დაიყარა, მოაყარა მას საკმეველი და ყველა იქ მყოფთ უკმია.
ამ სასწაულის მხილველნი ადიდებდნენ საკვირველებათა მოქმედ უფალს, რომელმაც მისცა ასეთი მადლი თავის მოშიშებს. Xოლო ნეტარმა იოანემ უთხრა იქ მყოფთ, "განცვიფრებითა შეპყრობილთა სასწაულისა ამისთვის":
-რას განკვირვებულხართ, ჰოი, ძმანო, არ იცით, რომ უფლის მოსავებს ცეცხლიც კი ერიდება და არ ეკარება? ასევე ბაბილონში ცეცხლი იყო ანთებული სამი ყრმისათვის, რომელიც მათ უბიწო ხორცს მოერიდა, რაჟამს ქალდეველებმა შეყარეს ისინი ღუმელში, რომელიც ჩვეულებრივზე შვიდჯერ მეტად იყო გახურებული.
ხოლო ანგელოზების გარდამოსვლამ ყრმანი უვნებლად დაიცვა-თმის ღერიც კი არ შეტრუსვიათ, ხოლო გარეთ მყოფნი, რომელთაც უმანკოთა დაწვა სურდათ, თვითონ დაიწვნენ ცეცხლის ალით, რომელიც მათ მისწვდა, რადგან ღვთისათვის არაფერია შეუძლებელი და ახლა მომხდარი სასწაულიც ღვთისგანაა, რადგან იცის ღმერთმა თავის მადიდებელთა განდიდება, ამიტომ ნუ გაგაკვირვებთ ის, რაც ღმერთმა მოახდინა თავისი მონის სადიდებლად.
ამის შემდეგ მიხედა წმინდა იოანემ ღირს ისეს და უთხრა:
-მამაო და მწყემსო კეთილო მეტყველი ცხვრებისა, გვინდა, რომ შენგანაც კურთხევა მივიღოთ, რომელიც დაგვრჩება შენს მოსახსენებლად.
ისე მორჩილებაში იყო განსწავლული და აღსავსე გახლდათ სულიწმინდის მადლით, არ ეურჩა ღირს იოანეს, მაშინვე წამოდგა, ზეცისაკენ ხელები აღაპყრო და დიდხანს ევედრებოდა ღმერთს მდუმარედ.
ამის შემდეგ ძირს დაემხო და ცრემლებით დაალტო იატაკი. შემდეგ უთხრა ბერს:
-ილოცე ჩემთვის, წმინდაო მამაო, და ცოტა ხნით გამომყევით.
და წმინდა ისემ მამებთან ერთად მდინარე ქსნისკენ გასწია.
როცა ეს ყოვლადქებული და საკვირველებათა მოქმედი მამები მდინარეს მიადგნენ, წმინდა ისემ ისევ ლოცვა დაიწყო და აცრემლებულმა დახმარება შესთხოვა სახიერ ღმერთსა და ყოვლად უბიწო ქალწულს-ღვთისმშობელს: "მოგვეცი შენი მადლი, ჰოი, წმინდაო და ღვთივმიმადლებულო დედოფალო, რათა ეს წყალი დამემორჩილოს და გამომყვეს, საითაც წავალ".
და მას შემდეგ, რაც გულით ილოცა, მდინარისაკენ გაიშვირა კვერთხი, რომელიც ხელთ ეპყრა და თქვა: "უფლისა ღმრთისა ჩვენისა იესო ქრისტეს სახელით გეუბნები შენ, მდინარეო: შენი სახელიც მოწმობს, რომ განრისხებული დიოდი, მაგრამ ახლა ჩემს კვერთხს გამოჰყევი".
და ჰოი, საკვირველებათა შენთა ქრისტე, წყალმა მისთვის უჩვეულო და უვალ გზაზე დაიწყო დენა.
მიჰყვებოდა წმინდა ღმერთშემოსილ მამებს და მიწა, მეტად მაგარი და ეკლოვანი იპობოდა და ღრმავდებოდა ყოველგვარი ამომთხრელის გარეშე. როგორც მიათრევდა კვერთხს ღირსი ისე, წყალიც ისე მისდევდა, რადგან წმინდანის ბრძანებას ემორჩილებოდა.
წყალი მიიყვანა დედა ღვთისას ტაძრის მახლობლად წილკანს, რომელიც დღემდე დის სადიდებლად ღვთისა და წმინდა ისეს ღმერთთან სიახლოვის გამოსაცხადებლად. ეს საკვირველი სასწაული ნახეს მცხეთის მახლობელი სოფლების მკვიდრებმა და გაკვირვებულები ადიდებდნენ ღმერთს, რომელიც ახდენს საკვირველებებს და რომელმაც ასეთი დიდი ძალა მისცა თავის სანატრელ მონას.
ასეთი სასწაულებითა და ნიშებით იყვნენ შემკულნი ეს წმინდა მამები და დიდი მადლი ჰქონდათ მიღებული ღვთისაგან, რომელთაც ყოველგვარი ქვეყნიური საზრუნავი მიატოვეს მისთვის.
ერთად მყოფნი ხარობდნენ საღმრთო სიყვარულით, ხოლო შემდეგ თითოეულმა თავის ადგილზე მოთმინებით გააგრძელა მოღვაწეობა, რადგან იცოდნენ ფსალმუნთა მგალობელის სიტყვები: "რაიმე კეთილ, ანუ რაიმე შუენიერ, არამედ დამკვიდრებაი ძმათა ერთად" (ფს. 132,1). და კიდევ: "ვიქმენი მე ვითარცა სირი მხოლო სართულსა ზედა" (ფს. 101,7).
ეჰა, დიდებული საოცრება! რადგან ამქვეყნიურ ადამიანებს წყალიც ემორჩილება! ერთი ჰაერს აქცევს მსახურად, მეორე ცეცხლის ბუნებას აქრობს და მის მხურვალებას განდევნის, სხვა წყალსა და ხმელეთს დაიმორჩილებს. ყოველივე ამას ხედავდნენ და ყოველი მხრიდან ღმერთს ადიდებდნენ.
თავის სავანეში დაბრუნებულ წმინდა იოანეს მისი მოწაფეებიც გამოჰყვნენ თან. სამ დღეს დარჩნენ მასთან და ღირს მამასთან ყოფნით ხარობდნენ სულიერი სიხარულით.
გაგრძელება იხილეთ შემდეგ გვერდზე
წმინდა შიოს დაყუდება მღვიმეში
მამები უკან გაბრუნებას აპირებდნენ, ნეტარი შიო შეევედრა წმინდა იოანეს, რათა მიეცა მისთვის დაყუდებული ცხოვრების უფლება. მან უთხრა:
-ღმერთმა შეგისრულოს, შვილო, თხოვნა და მოგცეს მოთმინება შეუბრკოლებელი, რათა აქ გაჭირვებით ცხოვრებისათვის საუკუნო ცხოვრებაში ჰპოვო შვება დაუსრულებელი და მართალთა თანა სიხარული, ოღონდ წადი და პირველად მოახსენე ჩვენს მამამთავარს, წმინდა პატრიარქს და თუ გიბრძანებს შენგან არჩეული გზით ცხოვრებას, იცოდე, რომ ღვთის ნებაა. ხოლო კათალიკოსის გარეშე ნუ გააკეთებ მაგას, რადგან მისი მორჩილება გვევალება, როგორც ყველას-მამისა.
რაც გითხრას, ის მიიღე სიხარულით. რადგან ყველას მოძღვარი პავლეც იმავეს გვასწავლის-"დაემორჩილენით წინამძღვართა თქვენთა და ერჩდით მათ, რამეთუ იგინი იღვიძებენ სულთა თქვენთათვის" (ებრ. 13,17).
ამასთან, წმინდა იოანე ასწავლიდა მას, რომ დაეცვა გონება ყოველგვარი ხორციელი და ქვეყნიური საზრუნავებისაგან და როგორც სამარეში მდებარე მიცვალებულს, ისე უნდა მოეძულებინა ყოველივე მიწიერი და ხილული, რადგან ასეთია დაყუდების წესი.
ასეთი სწავლა-დარიგებები მიიღო ნეტარმა შიომ წმინდა იოანესგან, ფეხებში ჩაუვარდა მას და ტირილით ემთხვია, შემდეგ კი მოიკითხა ყველა იქ მყოფი უკანასკნელი მოკითხვით, რადგან გრძნობდა, რომ მათთან შეხვედრა აღარ მოუწევდა.
გამოეთხოვა ყველას: "ილოცე ჩვენთვის, რათა მოთმინებითა და მხნედ დაყუდებულ მოღვაწეობაში დაუბრკოლებლად გავატარო ჩემი ცხოვრების დარჩენილი დღეები და თუ ამას დალოცავს წმინდა მამამთავარიც".
შემდეგ მათგან ლოცვა-კურთხევა მიიღო, წავიდა კათოლიკე ეკლესიაში და თვალცრემლიანმა თაყვანი სცა წმინდა და ყოვლადპატიოსან სვეტს, გულამომჯდარი ევედრებოდა ღმერთს, რათა ღირსი გაეხადა დაყუდებაში გაელია ხორციელი ცხოვრება ისე, რომ ეს სათნო ყოფილიყო უფლისთვის.
ამის შემდეგ შევიდა მამამთავართან, რომელმაც სიხარულით მიიღო იგი. ერთმანეთი მოიკითხეს. მერე ნეტარმა შიომ გაანდო თავისი სურვილი დაყუდებული ცხოვრებისა, რომ ღირსმა იოანემ გამოგზავნა მასთან საკითხავად და მხოლოდ მისი ბრძანებით შეუდგებოდა დაყუდებულ ცხოვრებას.
წმინდა მამამთავარი ოხრავდა და იცრემლებოდა, რადგან მოისმინა ნეტარი შიოს სურვილი-ქრისტეს სიყვარულისათვის საკუთარი თავის მოძულებისა, ჩასულიყო მეტად ღრმა და ბნელ მღვიმეში და დაყუდებულიყო იქ.
ნეტარმა მამამთავარმა თვალცრემლიანმა მიხედა ღირს შიოს და უთხრა:
-იარე, მამაო, იარე კეთილ და ვიწრო გზაზე, რამაც საუკუნო ცხოვრებაში უნდა მიგიყვანოს, რომელზეც მცირედნი დადიან, რომელთაც დაუმორჩილებიათ მძიმე და უხეში სხეული. ჰყავ მღვიმე იგი ზეციურ სასუფეველში შენს ამყვანებელ კიბედ, ხოლო მღვიმის სიბნელემ მიგიყვანოს დაუღამებელ ნათელთან და ამ დროებითი გასაჭირით მოიპოვე საუკუნო შვება და წარუვალი სიხარული, რომელსაც იღებენ ისინი, რომელთაც იცხოვრეს ღვთისათვის მოსაწონი ცხოვრებით.
ამის გამგონე შიომ გაიხარა სულით და სთხოვა კათალიკოსს, ელოცა, რათა უფალს მიეცა მისთვის მოთმინება მომავალი ღვაწლისათვის. კურთხევის მიღების შემდეგ წავიდა თავის უდაბნოში, სიყვარულით მოიკითხა ძმები და უსურვა მათ სიკეთე სულებისათვის. ამის შემდეგ მშვიდად ესაუბრა მათ:
-ძმებო, მამებო და სულიერო შვილებო, ჩვენი წმინდა მამებისა და წმინდა მამამთავრის ლოცვით ვაპირებ დაყუდებულ ცხოვრებას, ამიტომ თქვენ, საყვარელნო, მოერიდეთ მტრის ყოველგვარ მახეებს, ყველაზე მეტად შეიძინეთ სიმდაბლე, მორჩილება და საღვთო სიმშვიდე, რომელიც დაჰფარავს რისხვას, და სიყვარული, რითაც შეიძინება ღმერთი, სიყვარულად წოდებული.
ამასთან, შეიყვარეთ სულის განმწმედელი მარხვა, რომელიც აღმოფხვრის არაწმინდებას. და თქვენი ლოცვებისას მოიპოვეთ გონების სიწმინდე და ის, რომ არ გაჩნდნენ თქვენში ბოროტი გულისთქმანი, რითაც მოისპობა ეშმაკის ყოველი ძალა.
მუდამ უნდა ტიროდეთ, რადგან ამით შეიძენს კაცი საუკუნო სიხარულს. აკი, ბრძანებს უფალი: "ნეტარ იყვნენ მგლოვარენი გულითაო" (მთ. 5,3). მოიპოვეთ სიგლახაკე, რათა დამკვიდრდეთ ზეციურ სასუფეველში. მოიძულეთ ქვეყნიური საზრუნავები და შფოთი, რათა არ შეცდეთ მათ მიერ.
საღვთო წერილში გაიწაფეთ, რადგან ის აფხიზლებს გონებას. ბოროტ გულისთქმებს ნუ მიუშვებთ გონებასთან. ხორცით იყავით წმინდა, როგორც ამბობს წინასწარმეტყველი: "განიბანენით, განიწმიდენით და მოისპეთ ყოველივე გულარძნილება სულთაგან თქუენთა" (ის. 1,16), რადგან თუ თქვენს სხეულს დაიცავთ წმინდად, გაბრწყინებულნი სულითა და მხიარულნი ანთებული ლამპრებით შეხვალთ უფლის ქორწილში უკვდავი სიძის შესახვედრად.
გონებით მღვიძარენი იყავით და მუდამ მომლოდინენი უცნობი დღისა და ჟამისა, რადგან არ იცით, უფალი როდის მოვა, რომ არ გიპოვოთ მან თქვენი სიმდიდრის უქმად გამფლანგველნი და ნიჭისა და ტალანტის უსარგებლოდ დამმარხველნი, რისი კეთილად გამოყენების მცნებაცა გვაქვს მოცემული.
თუ ვინმე არ შეასრულებს ღვთის მცნებებს, მოვიდეს ჟამსა, რომელსაც იგი არ მოელოდეს, და ორად განმკვეთელი მის ერთ ნაწილს დასდებს ორგულებთან, სიკვდილის უმწარესი მახვილით გამოგლეჯს სულებს უნანელთა და უდებთა სხეულებისაგან და წარავლენს მათ ბნელსა მას გარესკნელსა, სადაც-ჰოი, მე უბადრუკს!-იქნება ტირილი და ღრჭენა კბილთა.
მუდამ თვალწინ უნდა გედგათ სიკვდილის ხსოვნა და ის საზარელი დღე.
სიკვდილის კი არ უნდა გეშინოდეთ, არამედ უფროღა გეშინოდეთ საუკუნო სასჯელისა, რომელიც მისგან მოდის. მოითმინეთ ეს ხანმოკლე ტკივილები, რადგან გაუჭირვებლად შეუძლებელია მოიპოვოს კაცმა საუკუნო ცხოვრება, როგორც ამას ამბობს წმინდა წერილი, რომ: "მოთმინებითა თქვენითა მოიპოვეთ სულნი თქვენნი" (ლკ. 21,19) და კიდევ: "მრავლითა ჭირითა გვიღირს შესვლაი სასუფეველსა ცათასა" (საქმე. 14,22).
იცოდეთ, ძმებო, მტკიცედ, რომ აქ ყველაფერი წარმავალია და დაუდგრომელი, საუკუნო ცხოვრება კი წარუვალია და მუდმივი. და ზოგიერთ ჩვენგანს მომავალში მოელის საუკუნო შვება, ზოგს კი საუკუნო სასჯელი იმ საქმეების მიხედვით, რომლებიც მოიმოქმედეს ამ წუთისოფელში. მითხარით, ჰოი, საყვარელნო, თუ დღეს კაცი ყოველმხრივ შვებასა და მოსვენებაში იქნება და დახარჯავს მთელ მონაგებს, ისე რომ აღარაფერი შერჩეს ხვალისათვის, და შიმშილითა და სხვა სიავეთა ნახვით იტანჯებოდეს, რამეში გამოადგება იმ ერთი დღის მოსვენება შემდგომ დღეებში?
ამიტომ იცოდეთ, ასევეა ჩვენი ამ წუთისოფელში ცხოვრება, რადგან თუ აქ შვებაში მყოფნი არ ვიზრუნებთ იმისათვის, რაც მომავალში გველის და არ დავიცავთ საუკუნო ცხოვრებისათვის ჩვენს ქონებას უსამართლო ვერცხლისმოყვარეობის ბოროტებისგან, შიმშილით დავიღუპებით და ვერაფერს გვარგებს ხორციელი სიკეთენი, უფრო დავიტანჯებით, ვითარცა გაუმაძღრობითა და ნაყროვანებით მცხოვრებნი.
ამ და სხვა მსგავსი სწავლებებით განამტკიცა ღირსმა შიომ მონაზვნები, რის შემდეგაც უთხრა მათ: "გამოირჩიეთ ძმებიდან ერთი, რომელიც იღვაწებს თქვენი ცხონებისათვის, რადგან მე ამიერიდან მომიწევს ჩასვლა მღვიმეში, რომელიც მოვამზადე სამყოფლად და სასაფლაოდ ჩემთვის".
ეს მეტად საზარელი ამბავი რომ მოისმინეს, დიდად შეწუხდნენ ნეტარი ევაგრე და მონასტრის ძმები, დაიწყეს მწარედ ტირილი და უთხრეს ნეტარ შიოს:
-წმინდაო მამაო, რა განგიზრახავს ეგ, ვის გაუგონია, რომ ცოცხლად ჯოჯოხეთში დაიმარხო შენი ცხოვრება, უფრო მეტად ახლა, როცა მოხუცებულს გეკუთვნის შრომისაგან დასვენება? განა არ არის საკმარისი ის დიდი ღვაწლი, რასაც ეწევი და რაც უცხოა ადამიანის ბუნებისათვის? ვაითუ, არც ღმერთს მოეწონოს ასეთი ღვაწლი, რომელიც დღემდე არავის უქმნია. და კიდევ ამდენი მოღვაწის სულები, რომლებიც შენი მადლით არიან ამ უდაბნოში შეკრებილნი, როცა ვეღარ დაგინახავენ და ვეღარც შენს ტკბილ სწავლას მოისმენენ, გაიფანტებიან, ვითარცა ცხვრები, რომელთაც მწყემსი არ ჰყავთ.
ამას და ამის მსგავსს ბევრს ეუბნებოდნენ თვალცრემლიანნი წმინდა შიოს მონასტრის ძმები და ევედრებოდნენ, ობლად არ დაგვტოვო, არ ჩახვიდე მღვიმეშიო.
გაგრძელება იხილეთ შემდეგ გვერდზე
წმინდა შიო ანუგეშებდა მათ:
-ძმებო, ღმერთმა მოგცათ ჩემი სიყვარულის მადლი, მაგრამ მე ცოდვილი კაცი ვარ და, თუ მართალთ გაუძნელდებათ ცხონება, მე რამდენად მეტი გარჯა მეკუთვნის, რომ არ დავკარგო სასუფეველი. Bევრჯერ გაქვთ მოსმენილი, როგორ ამრავლებდა ღვაწლს მამა ჩემი და მოღვაწეთა წინამძღვარი დიდი ანტონი, სიბერეშიც კი არ მოუკლია მოღვაწება, მას ნამდვილად შეეძლო დაიმედებული ყოფილიყო, ანგელოზების სიახლოვეს დამკვიდრდებოდა.
ასევე დიდი მაკარი, რომელმაც მთელი სიცოცხლე მოღვაწებაში აღასრულა, ნახეთ, როგორ შიშობდა, როცა სული მისი გამოვიდა ხორციდან, ბოროტი ანგელოზები ეუბნებოდნენ: მაკარი, გახვედი და გაგვექეციო. ხოლო სანატრელმა წმინდანმა ხორციელი სიმდაბლე სულითაც დაიცვა, ვიდრე არ მიიღო იგი ღვთის ნათელმა, მანამდე არ უთხრა თავის მდევრებს, რომ მათ გაექცა.
ყველა წმინდა მამა დიდი ღვაწლით გაექცა ეშმაკის მზაკვრობას, ხოლო მე, ცოდვილს, რამდენად მეტი გარჯა მეკუთვნის, რომ არ ჩავვარდე საუკუნო სატანჯველში, რადგან დაწერილია:
ვისაც რა მდგომარეობაში იპოვიან, იმითვე განიკითხავენო. აწ უკვე ილოცეთ ჩემთვის, ძმანო, რომ მომცეს ღმერთმა მოთმინება და ძალა, რათა ეს მღვიმე გახდეს ჩემი უბადრუკი ხორცის დასაფვლელიც. ხოლო თქვენ გამოირჩიეთ თქვენთვის წინამძღვარი, რომელიც შეძლებს თქვენი სულების ცხონების სწორად წარმართვას.
მამებმა უთხრეს:
-წმინდაო მამაო, ჩვენ შენით ვართ შეკრებილნი ამ უდაბნოში და შენს წმინდა ლოცვასა და სწავლა-დარიგებებს მინდობილნი, ვმოღვაწეობდით და ჩვენი სულების გადარჩენას შენგან მოველოდით. ხოლო ახლა, რადგან ვერ შევძელით შენი ნების შეცვლა, თვითონ გადაწყვიტე, ვინ შეძლებს ჩვენი სულების პატრონობას და გადარჩენას.
ნეტარმა შიომ უთხრა ევაგრეს, რათა შემოეკრიბა ძმები და გასძღოლოდა მათ, ვითარცა უხილავს მისგან ძმათა წინამძღვრობა.
წმინდა ევაგრეს, რომელიც იყო მშვიდი და თავმდაბალი, არ უნდოდა ძმების მთავრად და წინამძღვრად დადგენა და თავისი გონების უძლურებას უჩვენებდა შემდეგი სიტყვებით:
-ვერ შევძლებ ძმების მსახურების გაძღოლას, ნუ მაიძულებ იმ საქმის შეჭიდებას, რაც აღემატება ჩემს ძალას, რადგან გამოუცდელი ვარ და სუსტი იმისთვის, რომ ვიტვირთო ამდენი მონაზვნის ჯეროვანი მართვა.
ნეტარმა შიომ მიუგო:
-თუ დაგვემორჩილები, დიდ სასყიდელს მიიღებ ღვთისგან და მორჩილთა ნეტარებას მოიპოვებ ზეციურ დიდებაში, ხოლო თუ ურჩობას ამჯობინებ, მაშინ ურჩობისათვის მოგიწევს გადახდა. ისურვე ძმების სამსახური, რომელიც დიდებას შეგძენს, ვითარცა ამბობს უფალი ჩვენი იესო ქრისტე: "რომელსა უნდეს თქვენ შორის დიდ ყოფაი, იყოს იგი ყოველთა მონაი და მსახური" (მკრ. 10,44).
ამიტომ, უმჯობესია, შენთვის დიდების შემაძენელი სიმდაბლე მიიღო.
ძნელად დაიჯერა ევაგრემ ბერის სიტყვა, თაყვანი სცა მას და უთხრა:
-პატიოსანო მამაო, რასაც მიბრძანებ, ყველაფერს მორჩილებით მივიღებ და შევასრულებ შენს წმინდა ლოცვას მინდობილი.
ამის შემდეგ ევაგრემ, ურჩობისათვის სასჯელის შიშით, მიიღო წინამძღვრობის კვერთხი ნეტარი შიოს ხელიდან. წმინდა შიომ მრავალი სწავლით განამტკიცა იგი და შეავედრა ძმები.
ძმებმა ნეტარ შიოს სთხოვეს, მიეცა მათთვის მისეული სწავლა-დარიგებანი, რათა ყოველ კვირას წაეკითხათ, რითაც მისი წმინდა ბაგეთაგან ქადაგების მოსმენის სურვილს შეივსებდნენ.
ნეტარმა შიომ მათ დაუწერა მეტად მშვენიერი და ტკბილი ასსამოცთავიანი სწავლა, რომლითაც განისწავლობდნენ "ყოველნი იგი კრებულნი მარადის" და მათგან ისე ირწყვებოდნენ, როგორც სამოთხის წყაროსაგან ნერგნი ღვთივ სულიერნი.
იზრდებოდნენ და ნაყოფად კეთილ საქმეებს გამოიღებდნენ. ნეტარმა შიომ აღაპყრო ხელები ღვთის მიმართ და შეავედრა მას მონასტრის ძმები, შემდეგ თითოეულს ეამბორა, დაჯდა მღვიმის თავთან და უთხრა ძმებს:
-ჩემო საყვარელო შვილებო და სულიერო ძმებო, კურთხეულია ქრისტე, ღმერთი ჩვენი, რომელმაც შეგკრიბათ თქვენ ამ უდაბნოში მისი წმინდა სახელის სადიდებლად.
ახლა ისმინეთ ჩემი, შვილებო, თქვენი მოხუცებული მამისა, იცით, რომ არავის იძულებით არ მიგიღიათ მონაზვნობა, არამედ საკუთარი ნებით და ღვთის სიყვარულისათვის აღუთქვით მას და მის ანგელოსებს განშორება და უარყოფა ამ ქვეყნისა და მისი საქმეებისაგან და სიწმინდით ცხოვრება და მთელი გულით წმინდა სახარების მორჩილება შეუორგულებლად, მისი ჯვრის საკუთარი მხრებით ტვირთვა, და მამის, დედის, ცოლისა და შვილის, ძმებისა და დების და მათთან ერთად თვით თქვენი საკუთარი სულების მოძულებაც.
მოერიდეთ, ძმანო ჩემნო, იმ ბოროტ მტერს, რომელსაც მუდამ ჩვენი დაღუპვა სურს, არა სადა მიენდოთ სულების მკვლელ გველს და არ უარყოთ თქვენი აღთქმა, რადგან დღე და ღამე მღვიძარეა ჩვენი მტერი, როგორც ამბობს წმინდა მოციქულთა თავი პეტრე, რომ: "განიფრთხვეთ და მღვიძარე იყვენით, რამეთუ წინა მოსაჯული თქვენი ეშმაკი, ვითარცა ლომი მყვირალი, მიმოვალს და ეძიებს, ვინმცა შთანთქა. რომელსა წინა აღუდექით მტკიცენი სარწმუნოებითა, უწყოდეთ, იგივე ვნებათაი მათ ამას სოფელსა შინა ძმობასა მას თქუენსა კეთილად და სათნოდ აღასრულებდით" (I პეტ. 5,8-9).
ძმანო ჩემნო, მტკიცედ იდექით იმ გზაზე, რომელიც აირჩიეთ, რადგან უმჯობესი იყო საერთოდ არ შევსულიყავით მონაზვნობაში, თუ არ დავიცავდით ჩვენს თავს იმ ცოდვებისაგან, რომლებსაც ხორცი სჩადის და, იმათგან, რომლებიც გარეშე ხორცთა იქმნება.
უსმინეთ წმინდა სახარებას, რომელიც ამბობს, ბოლოს უქმი სიტყვებისათვისაც კი პასუხს აგებთო. აი, როგორი საზარელია მეუფის ეს ბრძანება, რადგან იგი წინასწარმეტყველს, მოციქულს ან ანგელოზს კი არ უთქვამს, არამედ თქვა თვით უფალმა, ცოცხალთა და მკვდართა მსაჯულმა.
ვერიდოთ მიუკერძოებელ მსაჯულს, რომელსაც მოუწევს ჩვენი საქმეების განსჯა, რათა ჩვენი სიტყვებისათვის არ გავმტყუნდეთ მასთან, როგორც დაწერილია კიდეც, რომ "სიტყვათა შენთაგან განმართლდე და სიტყვათა შენთაგან დაისაჯო" (მთ. 12,37).
იცოდეთ, საყვარელნო, რომ სიკვდილი ახლოს არის, ახლოა და კარზეა მომდგარი, და ამბობს მეუფე: მღვიძარედ იყავით, რადგან არ იცით, როდის მოვა თქვენთან ქურდი, ვაითუ გამოხვრიტოს კედელი თქვენი სახლისა, და ისე, რომ ვერ შეიტყოთ, მოგპაროთ თქვენ სული, და ვეღარ ირგოთ მისგან; მღვიძარედ იყავით, რადგან არ იცით არც დღე და არც საათი, როცა ძე კაცისა მოვა.
მოერიდეთ, ძმებო, ყველაფერს, რაც ღუპავს ჩვენს სულებს. სწავლისას იყავით მორჩილნი და მსახურების დროს თავმდაბალნი. და თქვენი თავები ისე მიიჩნიეთ, ვითარცა მკვდარნი მოძაგებულნი, რადგან სათნოებების პირველი საფეხური-სიმდაბლეა, რომელსაც აჰყავს ღმერთთან მისი შემყვარებელი, რადგან, თუ შეიყვარებთ სიმდაბლეს, მაშინ სწრაფად მოიხედავს თქვენკენ უფალი, რაზედაც ამბობს იგი:-ვის მივხედო, თუ არა მშვიდსა და მდაბალს და, რომელიც ძრწის სიტყვათაგან ჩემთა.
გაგრძელება იხილეთ შემდეგ გვერდზე
გაიხსენეთ, უფალნო ჩემნო, როცა ერიდან გამოდიოდით, როგორ აღუთქვით ღმერთს, რომ უბრალო ნივთსაც კი არ იქონიებდით, არამედ საერთოს დასჯერდებოდით, როგორც არის დაწერილი: "და იყვნეს ყოველთა სულნი და გულნი ერთ".
ნუ გაკლიათ სასოება ქრისტესი და ნუ გეიმედებათ სიმდიდრისა და მონაგებისა, რადგან ეს არის ყოველი ბოროტების მშობელი და იგი აჭუჭყიანებს უმანკოთა გონებას, რადგან პირველად რაიმე მცირე ნივთის (სახმარის) ქონების სურვილს გაუჩენს კაცს და ამბობს იგი: ეს არაფერია. შემდეგ სხვასაც შეიძენს და იტყვის: ეს არ არის სიმდიდრე, არამედ სხეულისათვის არის აუცილებელი. შემდეგ ისევ რაღაცას იყიდის და იტყვის: არ ივარგებდა კაცისათვის ამის გარეშე ყოფნა და სხვისი ხელისათვის ეცქირა, არამედ უმჯობესია ჩემთვისაც შევიძინო და შემდეგ გავისარჯო გლახაკებისათვის.
ამის შემდეგ ვინმეს ასესხებს და სურს ნამატით მიღება მისი, და ამბობს: არავისთვის წამირთმევია, არამედ ჩემია და არ ჰქვია ამას ვახში და სარგებელი. და კიდევ იტყვის: ვინმეს მივცემ ამას, რათა ახლა ამით ვიარსებო, ხოლო ბოლოს სხვებმა გასცენ ჩემთვის.
ჰოი, ბოროტ უბადრუკებას, რადგან ხშირად ერთი დანგის გამეტებაც კი არ უნდათ სხვისთვის და ასე მცირე ანგარიშებსა და ყველაზე მეტს-კერპთმსახურებას მისდევენ ისე, რომ არც კი იციან. ერიდეთ, ძმანო, ამ სულის დამღუპველ სენს, რომელიც შეიძინა იუდამ და ნახეთ, თუ ჯოჯოხეთის როგორი სიღრმისათვის გაიმეტა მან თავი.
ნუ იქნება თქვენ შორის შეკრება ვაჭართა და ვაჭრობანი. ყველაზე მეტად ეცადეთ, შეიძინოთ ცათა სასუფეველი, რადგან რა უნდა შეიძინოს კაცმა, მთელი ქვეყანაც რომ იყოს მისი, რა შეიძლება გავიყოლოთ ამ ქვეყნიდან, კეთილი საქმეების გარდა, რომელთა სასყიდელსაც იქ მივიღებთ? შეიყვარეთ უპოვარება, რომელიც ღმერთთან აახლოებს ადამიანს.
აკი გვესმის წმინდა მამების ცხოვრებიდან, რომ ამით მოიპოვეს ღმერთი.და თუ ასე იქნებით, თქვენც მოგიახლოვდებათ უფალი. თუ მხოლოდ მასზე გექნებათ სასოება, თქვენი ლოცვები, როგორც სურნელოვანი საკმეველი, მიაღწევს მის წინაშე, რამეთუ იტყვის: "ამან გლახაკმან ხმა-ჰყო და უფალმან ისმინა მისი და ყოველთა ჭირთა მისთაგან იხსნა იგი".
ამიტომ, გამამდიდრებელი სიგლახაკე შეიყვარეთ, რათა ამით შეიძინოთ შემუსვრილი გული და მდაბალი სული, რომელსაც არ შეურაცხყოფს უფალი.
ერიდეთ, ძმებო, ამქვეყნიური გულისთქმის ხრწნილებას, განისწავლეთ მოციქულთა სიტყვით, "ჰყავთ სარწმუნოებასა თქვენსა შინა სათნოება", სათნოებაში-მეცნიერება, მეცნიერებაში-მარხვა, მარხვაში-მოთმინება, მოთმინებაში-ღვთისმსახურება, ღვთის მსახურებაში-ძმათმოყვარება, ძმათმოყვარებაში-სიყვარული.
თუ გექნებათ სიყვარული, თქვენში დამკვიდრდება ღმერთი.
ამ მცნებებში გამოაწვრთეთ თითოეულმა საკუთარი თავი და ერთმანეთისათვის იყავით კეთილი მაგალითი, ერთმანეთს კარგი ასწავლეთ და არა ბოროტება და სულთა დამღუპველი სიმთვრალე, საიდანაც ხდება არაწმინდებანი. ნუ შეუშვებთ თქვენში ეშმაკს, ნუ იქნება თქვენში ცილობა;
ნუ დარჩებით განრისხებულნი მზის ჩასვლამდე; ნუ ხართ მდრტვინველნი, ურჩნი, მოპაექრენი და უხუცესების მიმართ წინააღმდეგნი; ნუ გიყვართ გასვლა სოფელში, რომელსაც განერიდეთ; ნუ იქნება თქვენ შორის შური და წინააღმდეგობა; კეთილ საქმეში იყავით მოშურნე და მიმბაძველები და ასევე ერთმანეთის გადარჩენაში; რაც გისწავლიათ ქრისტესაგან, ისე მოიქეცით და ერთმანეთსაც ის ასწავლეთ, რათა გეწოდოთ ღვთის ძე და სასუფევლის შვილი; მოიძულეთ ყოველი ამქვეყნიური შვება და შეიყვარეთ ქრისტეს მცნებები ისე, როგორც წმინდა მამებმა და ჩვენმა მოძღვრებმა შეიყვარეს და შეასრულეს და დაიმკვიდრეს სასუფეველი, რადგან რამდენადაც ამქვეყნიურს განერიდებით, იმდენად მოიპოვებთ სულიერს.
ხოლო თუ ამქვეყნიურად იფიქრებთ და მოიქცევით, გაგშორდებათ ზეციური, რადგან დაწერილია, რომ ამ ქვეყნის სიყვარული ღვთის მტრობაა. ზიდეთ ჩვენი უფლის, იესოს ჭრილობები ხორცთა შინა თქვენთა, როგორც ამბობს პავლე: ყოველივე მოითმინეთ ქრისტეს სიყვარულისათვის, რადგან მან ჩვენი სიყვარულისათვის დაითმინა გინება და საყვედური, ცემა, დაცინვა, ძმარი და ნაღველი, ჯვარზე დასჯა და სიკვდილი. ეს ყველაფერი და ამაზე მეტიც მან მოითმინა ჩვენთვის, ჩვენს გადასარჩენად. ჩვენც მოვითმინოთ, ძმებო, მისი სახელისათვის სიღარიბე, სიშიშვლე, წყურვილი, დაცინვა, შეურაცხყოფა, გინება და საყვედური, რათა ბოლოს, როგორც თავად აღგვითქვა, მივიღოთ ნეტარება და ვიხაროდეთ ცათა სასუფეველში.
ნუ დაბრკოლდებით, ძმებო, როცა ღმერთი თქვენ გასწავლით. ისმინეთ წმინდა წერილისა: "მხილებათა მიერ უსჯულოებისათვის განსწავლე კაცი". უფლის ძმა იაკობი ამბობს: "უკეთუ განვიცდებოდით, თვისთაგან გულის-თქუმათა განვიცდებით" (იაკ. 1,14). ამიტომ უფალი გვასწავლის თუ გვცდის, ყოველთვის გვმართებს დიდი სიფრთხილე, ლოცვა უნდა დავიწყოთ და არა უსარგებლო შფოთი, რომელსაც მოაქვს მეტი განსაცდელი.
მოწყინების გარეშე ილოცეთ, ძმებო, რათა არ შეხვიდეთ განსაცდელში. ნუ ითხოვთ ლოცვისას იმას, რაც თქვენ გსურთ, არამედ ითხოვეთ ის, რაც სურს უფალს, რადგან მას თავისი გაჩენილისათვის სიკეთე უნდა.
ნამდვილად გჯეროდეთ, ძმებო, რომ ჩვენი აღთქმანი ჩაიწერეს წმინდა ანგელოზებმა და მიართვეს უფალს, და დაფარულნი არიან უფლის მოსვლის დღემდე. ხოლო ჩვენი მცველი ანგელოზები აღწერენ ჩვენს ცხოვრებას და ესეც უფლის მოსვლის დღისათვის ინახება.
ადამიანთა მოდგმის მტერი და მომჩივანი ჩვენი, ჩვენი ადრეული მსაჯული, ყველაფერს, რამდენსაც გვაცდუნებს და საღვთო გზიდან გადაგვიყვანს, ყველაფერ ამას იწერს, ისიც ინახავს უფლის მიერ საყოველთაო განკითხვის დღემდე.
ამიტომ, ძმებო, გვეშინოდეს ამ სამი ხელნაწერისა, რადგან მაშინ მარტო სამართალი იქნება და არა წყალობა, დღეს შეიძლება მივიღოთ შეწყალება, ხოლო მაშინ იქნება ჟამი მშვიდობისა.
მაშინ არც ქრთამი გაჭრის, არც სიტყვის მიგება, არც ცრემლებს გაუწევენ ანგარიშს, არც დრო მოგვეცემა, არამედ ყველანი წარვდგებით ღვთის სამსჯავროზე შიშვლები და თავმოდრეკილნი და გაიხსნება წიგნები თითოეულისა საქმეთანი და ყველას მოეთხოვება თავისი ვალი, თავისი აღთქმა და თავისი საქმენი.
მაშინ გაისმება საშინელი ხმა, რომელიც განმართლებულებს სასუფეველში შესვლას მოუწოდებს, ხოლო ცოდვილებს დაუშრეტელ ცეცხლში განდევნის.
ვაი ჩემდა, ძმანო, როგორ მაძრწუნებს ის დღე, ვაითუ აღმოვჩნდე მარცხნივ და მომესმას ხმა, რომელიც გამაგზავნის საუკუნო სატანჯველში. რაღა ვქნა მე უბედურმა მაშინ, რადგან იმ სასჯელს არ ექნება დასასრული, აღარ იქნება სიხარული, უკან აღარ დაბრუნდება საუკუნო იგი, ხელახლა არ განკაცდება ქრისტე, აღარ შეიცვლება ერთხელ გადაწყვეტილი, რადგან, როგორც ღმერთია უცვლელი, ასევე აღარ შეიცვლება იმ დროის განაჩენი, არცა მართალთა ზედა და არცა ცოდვილთა ზედა.
გვეშინოდეს, შვილებო, რომ, რაც ჩვენი ნებით აღვუთქვით, ჩვენი ნების გარეშე არ მოგვკითხონ მისთვის პასუხი. ვიღვაწოთ მცირე ხანს, რათა საუკუნო ცხოვრებაში მივიღოთ წმინდანებისათვის გამზადებული სასუფეველი, შვება დაუსრულებელი და სამოთხის სიკეთენი, როგორც ამბობს მოციქული: "რომელი თუალმან არა იხილა და ყურსა არა ესმა და გულსა კაცისასა არა მოუხდა" (I კორ. 2,9).
ნუ გვიჭირს მცირე ხანს ხორციელი გასაჭირის დათმენა, რადგან, რაც იღვაწეთ, იმაზე ასჯერ მეტია თქვენთვის გამზადებული.
ასე ესაუბრა მათ დიდხანს, ანუგეშა ისინი და სწავლით განამტკიცა. მას მერე მონასტრის ძმებს ევაგრე გაუძღვებოდა დიდი მონდომებით და "ყოვლითურთ კეთილად მსახურებით", აარიდებდა მათ ეშმაკის ყოველ სივერაგესა და მზაკვრობას.
დიდად სათნო ეყო უფალს ევაგრე მონასტრის კეთილად მართვითა და პირმეტყველი სამწყსოს წინ გაძღოლით.
დასასრული იხილეთ შემდეგ გვერდზე
მღვიმეში. გარდაცვალება
წმინდა და სანატრელი შიო ჩავიდა ბნელ და ღრმა მღვიმეში-მიწის სიღრმეში, რათა თავისი ხორცის ლპობით აღმოაჯეჯილოს თაველი, რამეთუ მიწაში ჩათესილი ხორბლის მარცვალიც ლპობის შემდეგ იწყებს კეთილი ნაყოფის გამოღებას, რომელიც არ არის შემხმარი ეკლებისაგან, რადგან ფესვები ღრმად გაუდგამს.
ასევე ეს წმინდა მამაც, რომელმაც საკუთარი თავი მიწისათვის გაიმეტა, გონების თვალით აღიხილვიდა და მოელოდა შეწევნას-სულის საკურნებელ ცვარს, რომელიც აპოხიერებდა მას, როგორც ღვთის კეთილად მოხედვით წვიმით მორწყვით ხდება.
მას შემდგომ, რაც მღვიმეში ჩავიდა, როგორ შეძლოს კაცობრივმა ენამ ღირსეულად გამოთქვას ნეტარი მამის მხნეობა და მოთმინება, ან ის მოღვაწეობა, რომელიც თავიდან ჰქონდა და რომელიც ბოლოს დაედო წესად, რამეთუ მუდმივად მარხვასა და ლოცვით მუხლთადრეკაში იყო, მიწაზე დამხობილი ცრემლით ასველებდა იატაკს, თვალებიდან ცრემლი სდიოდა, ვითარცა წყარონი დაუწყვეტელნი.
და ამბობდა: "ნუ დაიდუმებ, რამეთუ მსხემ ვარ შენ წინაშე, და მომიტევე, რაითა განვისვენო პირველ წარსვლისა ჩემისა". ხოლო ფეხზე მდგარს გონების თვალი ზემოთ ჰქონდა მიქცეული და ხელაპყრობილი ევედრებოდა: "წარემართენ ლოცვაი ჩემი, ვითარცა საკუმეველი შენ წინაშე, აღპყრობად ხელთა ჩემთა მსხვერპლ სამწუხროდ..."
ცოტას მოასვენებდა სხეულს და თავისთვის ჩუმად ამბობდა: "ჩემი ნებით ჩავედი ამ მღვიმეში, ღრმა სიბნელეში, ამიტომ შენ, მოწყალეო უფალო, ნუ მიიბრუნებ პირს ჩემგან, რომ არ დავემსგავსო ჯოჯოხეთის მღვიმეში ჩამავალთ, არამედ შენი სახელის სადიდებლად ბოროტების საპყრობილიდან ამოიყვანე ჩემი სული, რამეთუ თმენით დაგითმო შენ, ვიდრე მომხედავდე და შეისმენდე ჩემს ლოცვას და ამომიყვან ხორციელი სიგლახაკის მღვიმიდან და ჩემს ცოდვათა ტლაპოდან".
ამის შემდეგ იღებდა ცოტაოდენ საჭმელს, რომელსაც მას ზემოთ დატოვებული სარკმლიდან ერთი ბერი აწვდიდა და იმასაც იმდენს, რაც მხოლოდ სხეულის გასამაგრებლად იყო საჭირო.
შემდეგ ფეხზე მდგარი, როგორც ჩვეულება ჰქონდა, ამბობდა: "არა ვსცე ძილი თუალთა ჩემთა და ჰრული წამთა ჩემთა და განსუენებაი ხორცთა ჩემთა, ვიდრემდის ვპოვო ადგილი უფლისაი და საყოფელი ღმრთისა იაკობისი".
ასეთ ქება-დიდებათა და ვედრებათა უფლისადმი შემწირველი, იდგა სრულიად ბნელ ორმოში, რადგან სასოებდა დაუსრულებელ და საუკუნო ნათელს, რომელსაც მიაღწევდა მცირე ხანს ამ სიბნელის მოთმინებით, და ლმობიერი სულით ამბობდა: "შენ აანთე სანთელი ჩემი, უფალო, და გააბრწყინვე სიბნელე სულისა ჩემისა, ღმერთო, რადგან ეს ხილული სიბნელე შენგან არ დაბნელდება, ნათელო თვალთშეუდგამო; ხოლო ღამე, ვითარცა დღე, ისე განათლდება, ნუ მიმატოვებ მე საკუთარი ნებით ამის მომთმენს შენი სიყვარულისათვის".
ასეთ დიდ მოღვაწეობაში იყო დიდხანს მღვიმეში.
ნეტარი შიოს სხეული დიდი შრომითა და გაჭირვებით მოუძლურდა და გაშავდა, სინესტისა და ჰაერის სიმძიმისაგან შეიძინა უცხო შესახედაობა, დაილია და დაჭკნა.
ტყავიღა ფარავდა მის ძვლებს, ისე რომ, ამაზე ითქმოდა: "ხორცი ჩემნი იცვალნეს ზეცისა მიერ, არამედ, უფროისღა შესატყვის განხმობაი ძალისაი, ვითარცა კეცისაი, ფრიადისა მარხვისა მიერ და აქუმაი ენისაი სასასა მრავლისა ლოცვისა და ფსალმუნებისა მიერ".
ამ წმინდა მამის მადლით უდაბნო გაცოცხლდა და აივსო სათნოებებით შემკული მონაზვნებით და შემდგომში, ვიდრე დღემდე, იზრდება ქრისტეს შეწევნით, რადგან წმინდანმა გაიარა გზა და სულისა და ხორცის განწმენდით სარწმუნოება დაიცვა, რამეთუ საკუთარი თავი მუდმივი ცრემლთა ნაკადულებით განებანა და მარად სიკვდილს იხსენებდა, და ჯერ კიდევ ხორცში მყოფი, თავისუფალი იყო ხორცისაგან, სრულიად დაევიწყებინა კაცობრივი ბუნება, გონების თვალი მუდამ ზეცისაკენ ჰქონდა მიქცეული და სულიერად სამეუფო საყდრის წინაშე იდგა.
ზეციურმა მეუფემ ინება, დიდად ნატანჯი და ნაღვაწი მამა უოხჭნო შვებასა და დიდებაში გადაეყვანა, მანვე აუწყა ხორციდან გასვლა და ამდენი ტკივილისა და ტანჯვისაგან დაცხრომა, რომელთა მიერ სძლია ყოველთა წინააღმდგომს, ბოროტ სატანას, და ამ ძლევისათვის განკუთვნილი გვირგვინი ელოდა ღვთისაგან.
რადგან წმინდა სულით იგრძნო სხეულის დატოვება, ითხოვა მღვდელმსახურებისაგან ქრისტეს წმინდა საიდუმლოთა ზიარება. პატიოსანი და წმინდა ხორცისა და სისხლის მიღების შემდეგ ხელები აღაპყრო ზეცად და წარმოთქვა: "მეუფეო, შენს ხელებს შევავედრებ ჩემს სულს, რომელიც მომეცა შენგან", და ამ სიტყვებით განუტევა თავისი სანატრელი სული იმავე მღვიმეში, სადაც ცხოვრობდა და წინასწარმეტყველებით-მისი სხეულის სამარხადაც იქცა.
დიდი სურვილითა და სიყვარულით შეგრაგნეს ძმებმა ნეტარი შიო თავისსავე დაკონკილი ტანსაცმლით, რითაც შემოსილი იყო, და დაასვენეს იმავე მღვიმეში, როგორც იყო წმინდა მამის სურვილი, რომელიც დღესაც სიქადულია და სიმტკიცეა მღვიმედ წოდებული ამ მონასტრისათვის.
ქართველთა მოდგმას ის ეგულება დიდ მცველად, ხილული და უხილავი მტრების განმდევნელად. ვინც სარწმუნოებით მიდის მისი საფლავისა და სამყოფლის თაყვანსაცემად, გაჭირვებაში პოულობს ძლიერ შემწეს და მწუხარებათა და განსაცდელთაგან მხსნელს.
ასე იღვაწა ამ წუთისოფელში სანატრელმა მამა შიომ და უძლური ხორცით შეძლო ამდენის დათმენა. შიმშილი და წყურვილი შეურაცხყო, სივიწროვის ცეცხლს არ მოერიდა, უდაბნოს უნუგეშობა არაფრად ჩააგდო. მტრისაგან ნასროლი უამრავი ისარი მოარბილა, ხილული მზის ყურება აუკრძალა თავს, რათა სიმართლის გონიერი მზე ეხილა.
ამიტომაც ცოცხალი, როგორც მკვდარი, მღვიმეში იმყოფებოდა, სიცოცხლეში მიწაში ჩავიდა, რომ პირნი დაეხშო ხილული და გრძნობადი გონიერი ლომებისათვის, როგორც ეს წინასწარმეტყველ დანიელს შეემთხვა.
იყო ანგელოზთა და კაცთათვის საჩვენებელი, მტრის წინააღმდეგ ბრძოლებით გააკვირვა თვით უსხეულო ძალებიც, ხრწნადი და უძლური ხორცით სძლია უხორცო ძალებს და შერცხვენილნი განდევნა, მიიღო ძლევის გვირგვინი, რითაც ახლაც დგას თვალით უხილავი ნათლის წინაშე და მუდამ ევედრება ჩვენი ცოდვების მიტევებისათვის ყოვლადწმინდა სამებას, რომელსაც ჰშვენის ყოველი დიდება აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
ცხოვრება წმინდა და ნეტარი შიო მღვიმელისა აღწერა წმინდა იოანე კონსტანტინოპოლელის მოწაფეთაგანმა ღირსმა მარტვირმა, რომელსაც ეწოდა იოანე.
ტროპარი: სიყრმითგან ფრთოვან ქმნილმან სათნოებითა წარმართე ყოველი ცხორება შენი, ღმერთშემოსილო და სასწაულთა, ღვთისა მიერ მოცემულთა, იღვწიდ ქართველთა ერსა, ვინაცა მხედველნი შენ შორის მადლითა სულიერითა, ვადიდებთ შემოქმედსა, ღირსო შიო და აწ ძვალნი შენნი შიშველნი, მღვიმით ქვეშე ქვეყანით, ფრთე მაღლობით აღმოიწევის სიმღლედ, მეოხად მორწმუნეთა და კურნებად სულთა ჩუენთა.
კონდაკი: ცხოვრება შენი ღვთისმსახურებით წარმართე და ჯვარისა აღმღებელმან, დაუტევე ყოველივე სოფლისა, უდაბნოსა შვენიერებაო, შიო, ვინა ვითარცა ცხოველსა გხადით ერი ქართველთა და ნაწილთა შენთა მღვიმით აღმოსრულთა სურვილით შევეტკბოთ, მამაო, ნუ დააცადებ ოხასა ჩუენთვის
წმინდა შიო მღვიმელთან დაკავშირებით ასევე შეგიძლიათ წაიკითხოთ სხვა სტატიები - გადადით შემდეგ გვერდზე
.............................
წმინდა შიოს ხატის ავტორია შოთა ცინცაძე
აქვე შეგიძლიათ წაიკითხოთ:
ძვალნიმც გეპოხებიან, მამაო შიო!
უბადრუკნო, განა არ იცით, სადაც ქრისტეს ძალაა, იქ თქვენ ვერაფერს იზამთ?
პარაკლისი ღირსისა მამისა ჩუენისა შიო მღვიმელისა
22 მაისს აღინიშნება წმინდა შიოს მიცვალება - შიომღვიმეში წმინდანის ძვლები და საფლავი ამ დღეს განსაკუთრებული მადლით იმოსება
ღვთისმშობელი საქართველოში ხილულად ღირს შიო მღვიმელს გამოეცხადა
ეს პატარა ტაძარი ღვთისმშობლის გამოცხადების ადგილას აიგო
"ესენი ჩემი შვილები არიან"
წმინდა შიო მღვიმელი - უშვილოთა შემწე
ღირსი მამა შიო რჩეული ჭურჭელი იყო ღვთის მადლისა
წმ.შიოს სახელობის მონასტერი
ამ ტაძრის გამოკვეთა კლდეში, სწორედ ჩვენმა წინაპრებმა შთაგვაგონეს
ყველიერის ხუთშაბათს ღირსი შიო მღვიმელის ხსენებაა
იხილეთ დასაწყისი
- მთავარი
- ჩვენ შესახებ
- ეკლესია
- ქრისტიანული ცხოვრება
- რწმენა
- წმინდანები
- სხვადასხვა
- ახალი ამბები
- დიასახლისის გვერდი
- სწავლებანი
- ერისკაცობიდან მღვდლობამდე
- ქრისტიანული საიდუმლო
- ქრისტიანული სიმბოლიკა
- ცოდვა
- ისტორია
- ანგელოზები
- ამბიონი
- კითხვა-პასუხი
- ეს უნდა ვიცოდეთ
- ცრუ მოძღვრებები
- სხვა რელიგიები
- სხვადასხვა
- მკითხველის გვერდი
- ეპისტოლენი, ქადაგებები
- ნამდვილი ამბები
- სასწაულები
- წაუკითხეთ პატარებს
- ჩემი სოფელი
- ქართული გვარები
- ქართული ანბანი
- რელიგიურ-ფილოსოფიური ლექსიკონი
- წმინდა წერილი
- წიგნები
- ლოცვანი