"ცრემლის წყარო" ერთ დღეს ნეტარმა შიომ დაინახა, ერთ ძმას, რომელსაც წყალი მოჰქონდა მდინარიდან, ეშმაკმა ფეხი წამოსდო და ჭურჭელი დაუმტვრია. ამან ძმა დიდად შეაწუხა, რადგან დიდი წვალებით ამოეტანა წყალი მდინარიდან ძმებისთვის, რათა მათმიერი კურთხევა მიეღო. ნეტარი შიო მტირალი ძმის დანახვაზე დიდად შეწუხდა.
მიიხედა და კლდის მახლობლად მისი მფარველი ანგელოზი დაინახა, რომელიც კვერთხით კლდის ძირში თხრიდა. მიხვდა, რომ იგი ღმერთმა მოავლინა ძმების სანუგეშოდ, რათა მათთვის წყალი მიეცა და უთხრა ბერს:
"ნუ წუხხარ, ძმაო, რადგან შენი ცრემლებისა წილ და შენი სასოებისათვის მაგ ადგილზე ღმერთმა წყარო აღმოაცენა, რომ შემდგომში უწვალებლად ძმებისათვის აავსო ჭურჭელი წყლით".
ბერის სიტყვის თქმა იყო და წარმოედინა მცირე წყარო, სასმელად სამყოფი ძმებისა, რომლებიც ოცდახუთნი იყვნენ და ამისთვის მადლობდნენ ღმერთს.
* * *
ამის შემდეგ უფრო გამრავლდა ძმობა და გაუჭირდათ, რადგან არ ჰქონდათ ეკლესია, სადაც დიდებულ კვირას შეიკრიბებოდნენ ღვთის სადიდებლად. ამიტომ სთხოვეს ნეტარ შიოს, რათა ებრძანებინა მათთვის წმინდა ეკლესიის აგება.
ადგა ბერი, ავიდა თავისი გამოქვაბულიდან აღმოსავლეთით მდებარე კლდის წვერზე და უბრძანა ძმებს, მასთან ერთად ლიტანიობით ასულიყვნენ. ზემოთ ასული ბერი ღმერთს აცრემლებული ევედრებოდა.
ძმებიც თავმოდრეკილნი ლოცულობდნენ და სთხოვდნენ უფალს, ეჩვენებინა მათთვის ადგილი, სადაც იგი ინებებდა ტაძრის აგებას.
ნეტარმა შიომ მუხლი მოიყარა და დიდხანს იყო მიწაზე დამხობილი. Lოცვის შემდეგ საკვირველმოქმედმა მამამ აიღო ნაკვერჩხალი და დაიდო მარცხენა ხელისგულზე, დააყარა ზედ საკმეველი, ხოლო მარჯვენა ხელით მას საუფლო ჯვარი გადასახა და უბრძანა ძმებს, ხელაღპყრობილებს ერთად ეთქვათ "კირიელეისონი", თვითონ კი კმევა დაიწყო.
საკმევლის კვამლი ავიდა ზევით, ჰაერში, ვითარცა ზეცამდე აღმართული სვეტი, ისე შორს, რომ თვალთაგანაც კი მიიფარა. ისინი იდგნენ და ამ შემაძრწუნებელ სასწაულს უცქერდნენ, ჰაერში კვამლის წვერი კვლავ გამოჩნდა, ქვემოთ დაეშვა, ვითარცა გამაგრებული თოკი.
როცა მიუახლოვდა მიწას, ხევში ერთ ადგილს დადგა, სადაც ძმები მკვიდრობდნენ.
დაინახა ეს დიდმა შიომ, ღვთის მადიდებელი იქითკენ გაუძღვა ძმებს. როცა იმ ადგილს მიაღწიეს, რომელიც ღმერთმა უჩვენა, მათ იხილეს ძეგლივით მდგარი საკმევლის კვამლი. ხოლო ნეტარ შიოს ორ ჟამზე მეტხანს ეჭირა ხელში ნაკვერჩხლები და უკმევდა ყოველ ადგილს.
ბოლოს უკმია ძმებს და მაშინღა ჩაყარა ნაკვერჩხლები საცეცხლურში.
ვის არ განაცვიფრებს ეს უცხო სახილველი და მოსასმენი და არ ადიდებს საკვირველებათა მოქმედ ღმერთს, რომელმაც, როგორც ბაბილონში დაიცვა სამი ყრმა ცეცხლისაგან შეუწველად, ასევე თავისი მონის ხელი ზესთა ბუნებისა დაიცვა შეუხებელად.
ამის მერე ღირსმა შიომ ბარი მოითხოვა და სამჯერ დაარტყა იმ ადგილას, სადაც იდგა საკმევლის სვეტი და თქვა:
-დიდება შენდა, ღმერთო, რომელიც სამგვამოვნებითა და ერთი არსებით იდიდები, ამ ადგილზე აღაშენე ტაძარი შენი დიდებისა. შემდეგ განდგა ცოტა მოშორებით, მიწას ისევ სამჯერ დაარტყა ბარი და თქვა:
- ყოვლადწმინდაო ღვთისმშობელო მარიამ, რომელმაც გვიშევ სიტყვა ღვთისა ხორციელად, აქ დაამტკიცე სახლი სადიდებელი შენი.
შემდეგ მახლობლად ნახა მღვიმე, მეტად ღრმა, და ბრძანა, რომ მასზე აშენებულიყო ნათლისმცემლის ეკლესია.
ნეტარმა ევაგრემ უთხრა ღირს შიოს:
-წმინდაო მამაო, იყოს ნებაი ღვთისა და შენი ნება, რადგან ვხედავთ, რომ ღვთის სულით მეტყველებს პირი შენი და ყოველ შენს სურვილს ასრულებს ღმერთი.
ხოლო საკმევლის სვეტი იმ ადგილზე სამი დღე უძრავად იყო აღმართული და გამოსცემდა გამოუთქმელ სურნელებას, მესამე დღეს კი აღკრბა ზევით.
* * *
მამათა რიცხვი მალე ორი ათასამდე გაიზარდა და წმინდა შიოს სახელი მთელ ქართლში გახდა ცნობილი.
ყოველი მხრიდან მოდიოდნენ მასთან და ისე გამრავლდნენ, რომ იმ ხევში ვეღარ ეტეოდნენ. უმძიმდათ რა შფოთის ატანა, იწყეს სხვა ადგილების აშენება, ზოგნი კოდმანის მხარეს წავიდა და იქაც დიდი ლავრა ააშენა, ზოგიერთები კი სარკინეს აღმოსავლეთით, საიდანაც ალექსანდრემ უცხოტომელნი განდევნა.
ღმერთი წმინდა შიოს ხელით ახდენდა აურაცხელ სასწაულსა და ნიშს, მიჰყავდათ მასთან ავადმყოფები, ბრმები, კოჭლები და არაწმინდა სულებისგან შეპყრობილები, რომელნიც წმინდანისაგან იკურნებოდნენ. ყველა ამ სასწაულის მოთხრობა შეუძლებელია.
თუ ვინმემ თითოეულ სასწაულზე მოყოლა მოისურვოს, ჯერ ერთი, ვერ შეძლოს, მეორეც-შეიძლება მსმენელიც დაეჭვდეს, ზოგი რამ არც კი ირწმუნოს, რადგან ადამიანის გონებისათვის ისინი მიუწვდომელია, რის გამოც ურწმუნოება შეიძლება დაეუფლოს გამოუცდელთა სულებს. ამიტომ იცის ღმერთმა, მოვერიდე იმის წერას, რაც შემეძლო დამეწერა.
მწყემსი მგელი მონასტრებში მომსვლელთა სიმრავლისაგან აივსო ხევები. უდაბნოს მხეცები ცხენებსა და სახედრებს ეტანებოდნენ. რასაც კი წააწყდებოდნენ, დიდად ვნებდნენ და ანადგურებდნენ, თვით მონასტრის ძმების სამსახურებელი სახედრებიც კი შეჭამეს.
შეწუხებული ძმები მივიდნენ ნეტარ შიოსთან და მოახსენეს თავიანთი გასაჭირი. წმინდა შიო შეწუხდა, რადგან დიდი სიყვარული ჰქონდა ადამიანებისა და პირუტყვების მიმართ, ილოცა, რათა ამ უდაბნოში მყოფი ნადირი ღმერთს მასთან შეეკრიბა.
და ეჰა, საკვირველება დიდი! მაშინვე, როგორც კი წმინდა მამამ დაასრულა ლოცვა, ყველა სახის მხეცი, რაც კი ადამიანმა იცის, შეიკრიბა წმინდანის გამოქვაბულთან.
ნეტარი შიო გამოვიდა გამოქვაბულიდან და, ვითარცა კაცთა, ლმობიერად დაუწყო საუბარი. ისინი კი ქედმოდრეკილნი იდგნენ და უსმენდნენ ნეტარი მამის სიტყვებს და მოელოდნენ მის ბრძანებას, რადგან ყველანი ამდგარიყვნენ, აეყვანათ თავიანთი შვილები, რომლებიც ზოგს კბილებით ეჭირა, ზოგს-ზურგით, ზოგსაც წინ ესვა თავისი პატარა, რაც მეტად საკვირველი და საზარელი იყო სანახავად.
ნეტარმა შიომ უთხრა მათ:
- ნახეთ, მხეცებო, ჩემი უღირსება და მომისმინეთ, რასაც გეტყვით. იცის ქრისტემ, რომ დიდად შემტკივა თქვენთვის გული, მაგრამ რადგან ველურია თქვენი ბუნება. ამიერიდან თქვენსა და ჩვენს გამჩენს უბრძანებია, პირმეტყველ კაცთაგან აივსოს ეს უდაბნო. ამიტომ წადით, საყვარელნო, მოძებნეთ თქვენთვის სხვა ადგილი, სადაც იქნებით მოსვენებით და თქვენი წასვლისასაც ნურავის ავნებთ რაიმეს.
ერთი თქვენგანი დარჩება ჩემთან, ძმების სახედრების მწყემსად, რათა ამით უკუმიუზღოთ ძმებს იმისათვის, რითაც შეაწუხეთ ისინი.
მოხდა სასწაული, ბერის სიტყვებისთანავე მხეცები განერიდნენ იქაურობას, მდინარის გაღმა გადავიდნენ და დაემკვიდრნენ იქ, სადაც "ზენამან წამისყოფამან უბრძანა". მხოლოდ ერთი მგელი დარჩა, როგორც მონა, მოშიშებით იდგა ბერის წინ. წმინდა შიომ უთხრა მას:
- სახელითა უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესითა, გეტყვი შენ, მხეცო, ამიერიდან, როგორც კეთილი მწყემსი, აძოვებ ჩვენს სახედრებს, რათა შენი ასეთი მსახურებით სიკეთით გადაუხადო ძმებს მწუხარებისათვის, რომელიც მათ მიაყენეთ. შენი საკვები იქნება ის, რასაც ჩვენ შევჭამთ. ცისკარზე წაიყვან სახედრებს საძოვარზე და მწუხრზე დააბრუნებ, რადგან ამათ მწყემსად და მცველად შენ დამიდგენიხარ.
მგელი დაემორჩილა ბერის ბრძანებას, ვითარცა მონა, კაცობრივი ბუნებისა მქონებელი და სიტყვისა გულისხმისმყოფელი. განთიადისას ადიოდა ბორცვზე და ყმუილით მოუხმობდა სახედრებს წასასვლელად, მწუხრზე კი, როცა საძოვრებიდან დაბრუნდებოდნენ, ისევ ბორცვზე დადგებოდა და ყმუილითვე აცნობებდა ძმებს სახედრების მონასტერში დაბრუნებას.
ყველა, ვინც უყურებდა ამ სასწაულს ან გაეგონა ეს ამბავი, გაკვირვებული ადიდებდა ღმერთს, რომელმაც ისეთი მადლი მისცა თავის ერთგულ მონას, რომ ველური ცხოველებიც კი აღასრულებდნენ დაე მორჩილებოდნენ მის სიტყვას.
სხვასაც, უფრო გასაკვირსაც მოგითხრობთ:-მხეცმა, ვიდრე ამ მსახურებას ასრულებდა, მისი ბუნებისთვის დამახასიათებელი საკვები აღარ მიიღო.
ნეტარი ევაგრე უფშხვნიდა მას პურს დილაობით, ზედ უსხამდა წყალს და იმას ჭამდა. საღამოსაც მიიღებდა მოღვაწე მამების საკვებს, წავიდოდა და ნეტარი შიოს გამოქვაბულის კართან წვებოდა. დღემდე შემორჩა ნეტარი შიოს მიერ მხეცისათვის მოწყობილი მოსასვენებელი ადგილი.
მხეცმა ამგვარ მსახურებაში ექვსი წელი დაჰყო. ერთ დღესაც საძოვარზე წაიყვანა სახედრები. როგორც სახედრებმა იციან, ბერი კონონის სახედარს სხვამ უბიძგა, კლდეზე გადაიჩეხა და მოკვდა.
საღამოს დროზე ადრე მოიყვანა მგელმა სახედრები და მწუხარე იყო, წკმუოდა და ტიროდა. როცა გაიგო ბერმა კონონმა, რომ მისი სახედარი არ დაბრუნდა, შეწუხდა და განრისხებული წაეჩხუბა მგელს,-ამან შეჭამაო. მერე კი ჩავიდა წმინდა შიოსთან და გულისწყრომით უსაყვედურა:
-ოდითგან არსად გაგონილა, რომ მგელი სახედრების მწყემსი ყოფილიყო და ეს გააკეთე შენ, მამაო, რითაც ჩემი სიბერის ნუგეშინისმცემელი და ასევე სხვა ძმების სახედრებიც ამ მგელს შეაჭამე.
მგელი კი, როგორც შეეძლო, ცდილობდა თავის გამართლებას ბერის წინაშე და წკმუილით ტიროდა. შემდეგ კონონის კვერთხს პირით ჩაეჭიდა და მიიზიდა თავისკენ.
ნეტარმა შიომ უთხრა კონონს:
-წადი, ბერო, გაჰყევი მაგ მწყემსს და ნახე, რა მოუვიდა შენს სახედარს.
კონონმა მიუგო:
-რა შეუბრალებლობაა, გინდა, ჩემი სულიც დაღუპო? რატომ გძულვარ ასე, რომ ჩემი სახედარი ამ მხეცს შეაჭამე და ახლა გინდა, მასთან ერთად წავიდე, რომ მეც დამგლიჯოს?
ასე ხმამაღლა გაიძახოდა და წყევლიდა კიდეც ბერს.
ნეტარი მამა არ განრისხებულა, გამოვიდა გამოქვაბულიდან, ავიდა ძმებთან და მგელსა და კონონს ორი მათგანი გააყოლა. ძმები მგელს უკან მიჰყვნენ და ნახეს, რომ კლდის ნაპრალში გადავარდნილიყო კონინის სახედარი და მომკვდარიყო.
უკან დაბრუნებულებმა ნეტარ შიოს მოახსენეს ყოველივე. კონონმა სთხოვა წმინდანს შენდობა იმ შეუფერებელი სიტყვებისა და საყვედურებისათვის, რომელიც მას ჰკადრა.
ნეტარმა შიომ მოუხმო მგელს და უთხრა:
- მხეცო, საკმარისია, რაც იმსახურე. მე მადლიერი ვარ შენი. ამიერიდან თავისუფალი ხარ, წადი შენიანებთან და ნურასოდეს იკადრებ ჩემი ძმების ვნებას. ხოლო მათ თვითონ გამოძებნონ ისეთი მწყემსი სახედრებისათვის, როგორიც სურთ, რომ კიდევ რაიმე არ დამაბრალონ შენს გამო.
წავიდა წმინდანის ბრძანებით გათავისუფლებული მგელი.
ასეთი ნიშებითა და სასწაულებით უხვად იყო შემკობილი სანატრელი მამა შიო, რომ უტყვ ცხოველებსაც მონურად მსახურებას აიძულებდა. არ უნდა გაგვიკვირდეს ჩვენ, ძმებო, ამ საკვირველი საქმეების კეთება ღვთის ერთგულ მონათა მიერ, ნურც ღვთის დიდებულებათა მიმართ ვიქნებით ურწმუნო, რამეთუ თვით უფალი ამბობს წმინდა სახარებაში: "უკუეთუ გაქუნდეს სარწმუნოებაი, ვითარცა მარცუალი მდოგვისაი, და ჰრქვათ მთასა ამას: აღიფხუარ ამიერ და შთავარდი ზღუად, იყოს ეგრე" (მთ. 21,12).
რამეთუ წმინდა და ღვთის ღირსეული მონა შიო მტკიცე და შეუორგულებელი რწმენით იყო შეიარაღებული და მისგან ჰქონდა მიღებული საკვირველი საქმეების მოხდენის ძალა და ნიჭი ისე, რომ მგელსაც, ასეთ დაუმორჩილებელ ცხოველსაც კი, სახედართა მწყემსობა და ზედამხედველობა აიძულა.
ეს სასწაული მოხატულია ღირსი მამის სამარხში, რომელიც თვითონვე აიშენა, დღემდე შემორჩენილია სანატრელი მამის დიდებულების გამომაჩინებლად, რომელსაც იგი სულიწმინდის შეწევნით ახდენდა.
გაგრძელება იხილეთ შემდეგ გვერდზე