წმინდა შიო ანუგეშებდა მათ:
-ძმებო, ღმერთმა მოგცათ ჩემი სიყვარულის მადლი, მაგრამ მე ცოდვილი კაცი ვარ და, თუ მართალთ გაუძნელდებათ ცხონება, მე რამდენად მეტი გარჯა მეკუთვნის, რომ არ დავკარგო სასუფეველი. Bევრჯერ გაქვთ მოსმენილი, როგორ ამრავლებდა ღვაწლს მამა ჩემი და მოღვაწეთა წინამძღვარი დიდი ანტონი, სიბერეშიც კი არ მოუკლია მოღვაწება, მას ნამდვილად შეეძლო დაიმედებული ყოფილიყო, ანგელოზების სიახლოვეს დამკვიდრდებოდა.
ასევე დიდი მაკარი, რომელმაც მთელი სიცოცხლე მოღვაწებაში აღასრულა, ნახეთ, როგორ შიშობდა, როცა სული მისი გამოვიდა ხორციდან, ბოროტი ანგელოზები ეუბნებოდნენ: მაკარი, გახვედი და გაგვექეციო. ხოლო სანატრელმა წმინდანმა ხორციელი სიმდაბლე სულითაც დაიცვა, ვიდრე არ მიიღო იგი ღვთის ნათელმა, მანამდე არ უთხრა თავის მდევრებს, რომ მათ გაექცა.
ყველა წმინდა მამა დიდი ღვაწლით გაექცა ეშმაკის მზაკვრობას, ხოლო მე, ცოდვილს, რამდენად მეტი გარჯა მეკუთვნის, რომ არ ჩავვარდე საუკუნო სატანჯველში, რადგან დაწერილია:
ვისაც რა მდგომარეობაში იპოვიან, იმითვე განიკითხავენო. აწ უკვე ილოცეთ ჩემთვის, ძმანო, რომ მომცეს ღმერთმა მოთმინება და ძალა, რათა ეს მღვიმე გახდეს ჩემი უბადრუკი ხორცის დასაფვლელიც. ხოლო თქვენ გამოირჩიეთ თქვენთვის წინამძღვარი, რომელიც შეძლებს თქვენი სულების ცხონების სწორად წარმართვას.
მამებმა უთხრეს:
-წმინდაო მამაო, ჩვენ შენით ვართ შეკრებილნი ამ უდაბნოში და შენს წმინდა ლოცვასა და სწავლა-დარიგებებს მინდობილნი, ვმოღვაწეობდით და ჩვენი სულების გადარჩენას შენგან მოველოდით. ხოლო ახლა, რადგან ვერ შევძელით შენი ნების შეცვლა, თვითონ გადაწყვიტე, ვინ შეძლებს ჩვენი სულების პატრონობას და გადარჩენას.
ნეტარმა შიომ უთხრა ევაგრეს, რათა შემოეკრიბა ძმები და გასძღოლოდა მათ, ვითარცა უხილავს მისგან ძმათა წინამძღვრობა.
წმინდა ევაგრეს, რომელიც იყო მშვიდი და თავმდაბალი, არ უნდოდა ძმების მთავრად და წინამძღვრად დადგენა და თავისი გონების უძლურებას უჩვენებდა შემდეგი სიტყვებით:
-ვერ შევძლებ ძმების მსახურების გაძღოლას, ნუ მაიძულებ იმ საქმის შეჭიდებას, რაც აღემატება ჩემს ძალას, რადგან გამოუცდელი ვარ და სუსტი იმისთვის, რომ ვიტვირთო ამდენი მონაზვნის ჯეროვანი მართვა.
ნეტარმა შიომ მიუგო:
-თუ დაგვემორჩილები, დიდ სასყიდელს მიიღებ ღვთისგან და მორჩილთა ნეტარებას მოიპოვებ ზეციურ დიდებაში, ხოლო თუ ურჩობას ამჯობინებ, მაშინ ურჩობისათვის მოგიწევს გადახდა. ისურვე ძმების სამსახური, რომელიც დიდებას შეგძენს, ვითარცა ამბობს უფალი ჩვენი იესო ქრისტე: "რომელსა უნდეს თქვენ შორის დიდ ყოფაი, იყოს იგი ყოველთა მონაი და მსახური" (მკრ. 10,44).
ამიტომ, უმჯობესია, შენთვის დიდების შემაძენელი სიმდაბლე მიიღო.
ძნელად დაიჯერა ევაგრემ ბერის სიტყვა, თაყვანი სცა მას და უთხრა:
-პატიოსანო მამაო, რასაც მიბრძანებ, ყველაფერს მორჩილებით მივიღებ და შევასრულებ შენს წმინდა ლოცვას მინდობილი.
ამის შემდეგ ევაგრემ, ურჩობისათვის სასჯელის შიშით, მიიღო წინამძღვრობის კვერთხი ნეტარი შიოს ხელიდან. წმინდა შიომ მრავალი სწავლით განამტკიცა იგი და შეავედრა ძმები.
ძმებმა ნეტარ შიოს სთხოვეს, მიეცა მათთვის მისეული სწავლა-დარიგებანი, რათა ყოველ კვირას წაეკითხათ, რითაც მისი წმინდა ბაგეთაგან ქადაგების მოსმენის სურვილს შეივსებდნენ.
ნეტარმა შიომ მათ დაუწერა მეტად მშვენიერი და ტკბილი ასსამოცთავიანი სწავლა, რომლითაც განისწავლობდნენ "ყოველნი იგი კრებულნი მარადის" და მათგან ისე ირწყვებოდნენ, როგორც სამოთხის წყაროსაგან ნერგნი ღვთივ სულიერნი.
იზრდებოდნენ და ნაყოფად კეთილ საქმეებს გამოიღებდნენ. ნეტარმა შიომ აღაპყრო ხელები ღვთის მიმართ და შეავედრა მას მონასტრის ძმები, შემდეგ თითოეულს ეამბორა, დაჯდა მღვიმის თავთან და უთხრა ძმებს:
-ჩემო საყვარელო შვილებო და სულიერო ძმებო, კურთხეულია ქრისტე, ღმერთი ჩვენი, რომელმაც შეგკრიბათ თქვენ ამ უდაბნოში მისი წმინდა სახელის სადიდებლად.
ახლა ისმინეთ ჩემი, შვილებო, თქვენი მოხუცებული მამისა, იცით, რომ არავის იძულებით არ მიგიღიათ მონაზვნობა, არამედ საკუთარი ნებით და ღვთის სიყვარულისათვის აღუთქვით მას და მის ანგელოსებს განშორება და უარყოფა ამ ქვეყნისა და მისი საქმეებისაგან და სიწმინდით ცხოვრება და მთელი გულით წმინდა სახარების მორჩილება შეუორგულებლად, მისი ჯვრის საკუთარი მხრებით ტვირთვა, და მამის, დედის, ცოლისა და შვილის, ძმებისა და დების და მათთან ერთად თვით თქვენი საკუთარი სულების მოძულებაც.
მოერიდეთ, ძმანო ჩემნო, იმ ბოროტ მტერს, რომელსაც მუდამ ჩვენი დაღუპვა სურს, არა სადა მიენდოთ სულების მკვლელ გველს და არ უარყოთ თქვენი აღთქმა, რადგან დღე და ღამე მღვიძარეა ჩვენი მტერი, როგორც ამბობს წმინდა მოციქულთა თავი პეტრე, რომ: "განიფრთხვეთ და მღვიძარე იყვენით, რამეთუ წინა მოსაჯული თქვენი ეშმაკი, ვითარცა ლომი მყვირალი, მიმოვალს და ეძიებს, ვინმცა შთანთქა. რომელსა წინა აღუდექით მტკიცენი სარწმუნოებითა, უწყოდეთ, იგივე ვნებათაი მათ ამას სოფელსა შინა ძმობასა მას თქუენსა კეთილად და სათნოდ აღასრულებდით" (I პეტ. 5,8-9).
ძმანო ჩემნო, მტკიცედ იდექით იმ გზაზე, რომელიც აირჩიეთ, რადგან უმჯობესი იყო საერთოდ არ შევსულიყავით მონაზვნობაში, თუ არ დავიცავდით ჩვენს თავს იმ ცოდვებისაგან, რომლებსაც ხორცი სჩადის და, იმათგან, რომლებიც გარეშე ხორცთა იქმნება.
უსმინეთ წმინდა სახარებას, რომელიც ამბობს, ბოლოს უქმი სიტყვებისათვისაც კი პასუხს აგებთო. აი, როგორი საზარელია მეუფის ეს ბრძანება, რადგან იგი წინასწარმეტყველს, მოციქულს ან ანგელოზს კი არ უთქვამს, არამედ თქვა თვით უფალმა, ცოცხალთა და მკვდართა მსაჯულმა.
ვერიდოთ მიუკერძოებელ მსაჯულს, რომელსაც მოუწევს ჩვენი საქმეების განსჯა, რათა ჩვენი სიტყვებისათვის არ გავმტყუნდეთ მასთან, როგორც დაწერილია კიდეც, რომ "სიტყვათა შენთაგან განმართლდე და სიტყვათა შენთაგან დაისაჯო" (მთ. 12,37).
იცოდეთ, საყვარელნო, რომ სიკვდილი ახლოს არის, ახლოა და კარზეა მომდგარი, და ამბობს მეუფე: მღვიძარედ იყავით, რადგან არ იცით, როდის მოვა თქვენთან ქურდი, ვაითუ გამოხვრიტოს კედელი თქვენი სახლისა, და ისე, რომ ვერ შეიტყოთ, მოგპაროთ თქვენ სული, და ვეღარ ირგოთ მისგან; მღვიძარედ იყავით, რადგან არ იცით არც დღე და არც საათი, როცა ძე კაცისა მოვა.
მოერიდეთ, ძმებო, ყველაფერს, რაც ღუპავს ჩვენს სულებს. სწავლისას იყავით მორჩილნი და მსახურების დროს თავმდაბალნი. და თქვენი თავები ისე მიიჩნიეთ, ვითარცა მკვდარნი მოძაგებულნი, რადგან სათნოებების პირველი საფეხური-სიმდაბლეა, რომელსაც აჰყავს ღმერთთან მისი შემყვარებელი, რადგან, თუ შეიყვარებთ სიმდაბლეს, მაშინ სწრაფად მოიხედავს თქვენკენ უფალი, რაზედაც ამბობს იგი:-ვის მივხედო, თუ არა მშვიდსა და მდაბალს და, რომელიც ძრწის სიტყვათაგან ჩემთა.
გაგრძელება იხილეთ შემდეგ გვერდზე