ივერიაში როდესაც მამებმა მიაღწიეს ქართლს, კათალიკოს ევლავიოსს ღამით ეჩვენა უფლის ანგელოზი, რომელმაც მას უთხრა:
-აი, მოდის იოანე, ყოვლად განთქმული მონა უფლისა, თავის მოწაფეებთან ერთად, რომელმაც უნდა გაანათლოს ეს ქვეყანა, ვითარცა ეს ადრე ნინომ ქმნა. ახლა ადექი და მიეგებე მათ და მიიღე კეთილად და ყველანაირად დაეხმარე, რადგან ღვთის ბრძანებით მოდიან. ნუ გაიკვირვებ მათ უბრალო ჩაცმულობას, რამეთუ მათი შინაგანი კაცი ყოვლად ბრწყინვალე და შემკობილია.
ადგა ღირსი ევლავიოსი, ეკლესიის შვილებთან ერთად, და გავიდა ზენა სოფლამდე, სადაც გაჩერდა და თვალს ადევნებდა გამვლელ-გამომვლელს, რათა ეცნო ღვთის მონების შემოსვლა. და აი, გამოჩნდნენ წმინდა მამები, ძონძებით შემოსილნი და ფეხშიშველნი, უსიამოდ შესახედნი, ასურული წესით, კუნკულებით შემოსილები.
დაინახა თუ არა კათალიკოსმა, მაშინვე მიხვდა, რომ ისინი იყვნენ, რომლებზეც ეუწყა ღამით, ადგა, მოეხვია იოანეს და უთხრა:
-კარგად იმგზავრეთ, წმინდაო მამაო?
ნეტარი იოანე ფეხებში ჩაუვარდა კათალიკოსს და უთხრა:
-კურთხეულია ღმერთი, რომელმაც ღირსი გამხადა შენი სიწმინდის თაყვანისცემისა.
ასევე დანარჩენმა მამებმაც სათითაოდ მიიღეს კურთხევა კათალიკოსისაგან.
მოგითხრობთ დიდ საკვირველებაზე, თუ როგორ იცნეს ერთმანეთი ღირსმა კათალიკოსმა და ნეტარმა იოანემ და სახელებით მიმართეს ერთურთს, იმაზეც, თუ როგორ იწყო იოანემ ქართულ ენაზე დაუბრკოლებლად საუბარი. ეჰა, საკვირველებასა შენსა, ქრისტე ღმერთო, თუ როგორ ადიდებ მადიდებელსა შენსა.
ეს სასწაული, ძმანო, ემსგავსება სიონში წმინდა მოციქულებზე სულიწმინდის გარდამოსვლას, ცეცხლის ენების სახით რომ დაადგა თითოეულს თავზე. ჭეშმარიტად საკვირველია ღმერთი თავის წმინდანებს შორის, ღმერთი, რომელმაც სულიწმინდით უცებ აამეტყველა იოანე იმ ენაზე, რომელიც არათუ ესწავლა, გაგონილიც კი არ ჰქონდა.
ვის არ გააკვირვებს და განაცვიფრებს ეს? ყველანი, ვინც მაშინ იქ იყვნენ და მოისმინეს ეს სასწაული, გაკვირვებულნი და ზარდაცემულნი ადიდებდნენ ღმერთს, საკვირველებათა მოქმედს.
ყველას გასაგონად კათალიკოსმა უთხრა ნეტარ იოანეს:
-მამა იოანე, მე უფალმა მაუწყა შენი მოსვლის შესახებ და ახლა ვმადლობ ღმერთს, რომელმაც აქ მოავლინა შენი სიწმინდე, რათა მრავალ სულს წინ გაუძღვე ღვთის მეცნიერებაში და ასწავლო ჭეშმარიტებაში ცხოვრება, რომელიც კაცს ცათა სასუფეველში დაამკვიდრებს.
წმინდა იოანემ თაყვანი სცა კათალიკოსს და მიუგო:
-წმინდაო მეუფეო, შენ ქრისტეს მიმსგავსებიხარ თავმდაბლობით, რომელიც მისგანვე გისწავლია, ხოლო ჩვენ, შენი მონები, უმეტესად ვმადლობთ ღმერთს, რომელმაც ღირსი გაგვხადა, გვეპოვა კეთილი მწყემსი, რომელსაც ყოველგვარი დაფარული საქმე ეცხადება ღვთის მიერ.
დიდება ღმერთს, რომელმაც ღირსი გაგვხადა და გნახეთ შენ, რათა გაგვიძღვე ჩვენ, სუსტებს, ცხოვრების გზაზე. ვხედავ ღვთის მადლს შენზე, რადგან, როცა ღირსი გავხდი შენი კურთხევის მიღებისა, ჩემმა ენამ დაიწყო საუბარი შენს ენაზე, გამეხსნა ყურნი, რომ მომესმინა ბრძანებები შენი, უფალო ჩემო.
ყველანი, ვინც კი ისმენდა ამას, ღმერთს მადლობდა.
ამის შემდეგ წავიდნენ წმინდა ეკლესიაში და თაყვანი სცეს წმინდა ადგილს, სადაც ღვთის ძალით ამაღლდა დიდებული და საკვირველი სვეტი, რომელიც იდგა "ჰაერთა შინა თვინიერ ხელთა კაცობრივთა", ჩვენი უფლის იესო ქრისტეს ზეგარდამო მოქსოვილი კვართის თავზე. წმინდა იოანემ და მისმა მოწაფეებმა სვეტის წინ იატაკი მრავლითა ცრემლითა დაალტვეს.
ლოცვის დასრულების შემდეგ კათალიკოსი მათ დიდი პატივით გაუმასპინძლდა. მამები აქ კარგა ხანს დარჩნენ. ხედავდნენ ყველანი ნეტარი მამების წმინდა სახეებს, ვითარცა ანგელოზთასა, და მათკენ მოისწრაფოდნენ სხვადასხვა სენით დაავადებულნი და სწრაფადვე იკურნებოდნენ. მამებისაგან ისინი ისმენდნენ სიტყვებს საუკუნო ცხოვრების შესახებ და წმინდა სამების რწმენაში მტკიცდებოდნენ.
მათი სწავლა-მოძღვრებებით აყვავდა ქართლის ქვეყანა, თვით მეფე და ქართლის დიდებულებიც კი მივიდნენ მათთან და კურთხევის მიმღებნი მათი სწავლებით განათლდებოდნენ.
ვითარცა დიდი მდინარისაგან, ისე ირწყვებოდა ქართველობა ასურელ მამათა სწავლით.
წმინდა მამები მრავალი ლოცვითა და ვედრებით ევედრებოდნენ ღმერთს, რათა მათთვის ეჩვენებინა სამოღვაწეოდ მყუდრო სამყოფელი. მოინახულეს და თაყვანი სცეს იმ ადგილებს, სადაც ადრე უხდებოდა ყოფნა წმინდა დედა ნინოს, ეამბორებოდნენ მის ფეხდანადგამ იატაკს, თითქოს წმინდა ნინო მათ წინაშე ცოცხალი ყოფილიყო, ისე შეიტკბობდნენ მის ცხოვრებაზე, ღვაწლსა და ქადაგებაზე მონათხრობს. ჰმადლობდნენ ღმერთს, რომელმაც დედაკაცის უძლურ ბუნებას მოციქულების მადლი მიანიჭა და ასეთი დიდი ღვაწლისთვის მამებზე მეტად გააძლიერა.
* * *
ერთ ღამეს ნეტარ იოანეს ეჩვენნენ ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი და წმინდა დედა ნინო და უთხრეს,-შენი მოწაფეები ქართლის სხვადასხვა კუთხეში გაგზავნეო. გამოღვიძებულმა იოანემ ეს ჩვენება მოუთხრო სულიერ ძმებს და უბრძანა მათ, მომზადებულიყვნენ ღვთის ნების შესასრულებლად. თითოეული მათგანი უნდა წასულიყო იქ, სადაც გაუძღვებოდა მათ სულიწმინდა. მამები დიდად შეაწუხა მოსმენილმა, რადგან მეტად უმძიმდათ მოძღვართან განშორება, მაგრამ წინააღმდეგობა ვერავინ იკადრა, დაემორჩილნენ ღვთის ნებასა და მოძღვრის ბრძანებას და წავიდა თითოეული იმ მხარეს, სადაც მიუთითა სულიწმინდამ. წასვლამდე ნეტარმა იოანემ ისინი მიიყვანა კათალიკოს ევლავიოსთან და აუწყა მას ჩვენება და სთხოვა, მიეცა მათთვის კურთხევა და დაელოცა.
კათალიკოსის დალოცვის შემდეგ ნეტარი იოანე დიდხანს ასწავლიდა, როგორც ეს მის ცხოვრებაში წერია.
წავიდნენ მამები და თან გაიყოლეს ახალნაკუთხი ქართველი ბერ-მონაზვნებიც, როგორც ეს მათ წმინდა იოანემ უბრძანა.
გაგრძელება იხილეთ შემდეგ გვერდზე