ხსენება დიდმოწამისა და ძლევაშემოსილისა გიორგი საკვირველმოქმედისა, ურმის თვალსა შესვლა, რაჟამს დაჰკრეს ურმის თვალსა, გიორგობა (+303) – 10 (23) ნოემბერი
ხსენება დიდმოწამისა და ძლევაშემოსილისა გიორგი საკვირველმოქმედისა, ურმის თვალსა შესვლა, რაჟამს დაჰკრეს ურმის თვალსა, გიორგობა (+303) – 10 (23) ნოემბერი
რომის იმპერიაში პირველი დიდი დევნა ქრისტიანებზე ნერონის დროს აღიძრა, ხოლო უკანასკნელი, მეათე - დიოკლეტიანესა და მის მემკვიდრეთა ხანაში. ეკლესიის მთელი ისტორია ერთიანი, სისხლით დაწერილი მარტიროლოგიაა და მისი ყოველი გვერდი სავსეა ქვეყნიერებისათვის ნაცნობ თუ უცნობ მოწამეთა სახელებით, რომელთა შორის გამოირჩევა ღვაწლი და წამება ძლევამოსილი გიორგისა. წმინდა გიორგი დაიბადა III საუკუნის II ნახევარში, კაპადოკიაში, მთიან ქვეყანაში, რომელიც ძალიან წააგავს საქართველოს. მისი მამა, გერონტიოსი, ღრმად მორწმუნე ქრისტიანი იყო. მას მაღალი თანამდებობა ეკავა რომის არმიაში და ერთ-ერთი დევნის დროს მოწამებრივად დაასრულა სიცოცხლე.
ქმრის გარდაცვალების შემდეგ გიორგის დედა, პოლიტრონია, პალესტინაში, თავის საგვარეულო მამულში გადასახლდა, ქალაქ ლიდის მახლობლად, სადაც იგი ღმრთისმოშიშებითა და სიყვარულით ზრდიდა შვილს. დედისადმი განსაკუთრებული სიყვარული და ერთგულება წმინდა გიორგის სიცოცხლის ბოლომდე გაჰყვა.
გიორგი სრულიად ახალგაზრდა განმწესდა სამხედრო სამსახურში. ქვეყნის მტრებთან ბრძოლაში გამოირჩეოდა სიმამაცით. მან მალე იმპერატორ დიოკლეტიანეს (284-305 წწ.) ყურადღებაც მიიპყრო. იმპერატორმა იგი დაიახლოვა, შვილივით შეიყვარა და მხედართმთავრობაც უბოძა.
მეფობის პირველ ხანებში დიოკლეტიანე ქრისტიანებს არ დევნიდა: ნება დართო მათ, აეშენებინათ ეკლესიები და ჩაეტარებინათ ღმრთისმსახურება.
ნიკომიდიაში, იმპერატორის რეზიდენციაში, ააგეს უზარმაზარი ქრისტიანული ბაზილიკა, რომელიც ოცი ათას კაცს იტევდა. ხელმწიფის ნათესავთა შორის ბევრი იყო ქრისტიანი. დიოკლეტიანე 15 წელს მყარად იჯდა რომის ტახტზე და მნიშვნელოვანი სამოქალაქო და სამხედრო რეფორმები გაატარა. მაგრამ მალე რომს უბედურება დაატყდა თავს - შიმშილი, ეპიდემიები და აჯანყებები არყევდნენ იმპერიას.
ქურუმები შეაგონებდნენ იმპერატორს, რომ ღმერთების მოსამადლიერებლად და ქვეყნის გადასარჩენად აუცილებელი იყო იმპერიაში მყოფი ყველა ქრისტიანის განადგურება. დიოკლეტიანე, ქვეყნის უზენაესი ქურუმი, თავადაც თვლიდა, რომ რომის დიდება განუყრელად იყო დაკავშირებული წარმართულ რელიგიასთან. რომის კეისრებს განსაკუთრებით სძულდათ ქრისტიანები, რადგანაც ისინი მათ, როგორც მიწიერ ღმერთებს, მსხვერპლს არ სწირავდნენ.
იმპერატორის ერთგული მეგობარი მაგნეტიოსი განსაკუთრებულად ემტერებოდა ქრისტეს მიმდევრებს.
მეფემ და მაგნეტიოსმა განიზრახეს ქრისტიანების სრული განადგურება და სენატის საბჭოზე მიიღეს გადაწყვეტილება დევნის დაწყების შესახებ. დარბაზში, თათბირზე იმპერატორმა თავისი სიტყვა ასე დაასრულა:
"ქრისტიანები არ უნდა არსებობდნენ".
იმ ღამესვე დაწვეს ხალხით სავსე დედაქალაქის ეკლესია, ხოლო დიოკლეტიანემ წერილები მისწერა იმპერიის ყველა პროვინციის მმართველს, ერისმთავარსა და მხედართმთავარს, რომ თავიანთ საბრძანებელში თუ არ მოსპობდნენ ყველა ქრისტიანს ცეცხლითა და მახვილით, მათაც ისევე დასჯიდნენ, როგორც ქრისტიანებს. წერილებმა დანიშნულების ადგილებამდე ჩააღწია და დაიწყო ქრისტიანთა სამწყსოების მასობრივი, სასტიკი დევნა. მრავალმა ქრისტიანმა ვერ გაუძლო ტანჯვა-წამებას და უარყო ქრისტე.
და აი, მაშინ, როგორც ბრწყინვალე ვარსკვლავი უკუნეთ ღამეში, გამობრწყინდა ქრისტეს მხნე მხედარი, დიდმოწამე გიორგი, რომელმაც ზეციური საღმრთო სიბრძნით განაქარვა კერპთმსახურების საცთური და თავისი წამების ღვაწლით განანათლა ქრისტიანები.
იგი ვერ შეაძრწუნა ვერც უსჯულო მეფის სისასტიკემ და ვერც ქრისტიანებისათვის განმზადებულმა მრავალგვარმა სატანჯველმა, ყოველგვარი დიდება და პატივი უარყო და უხრწნელი ცხოვრებისათვის განემზადა. მან ქონება გლახაკებსა და დავრდომილებს განუყო და მათი ლოცვით გაძლიერებული, მეფისა და მისი უგუნური თანამზრახველების წინაშე წარდგა, აღიარა ქრისტე და ამგვარად მიმართა მათ:
- მეფეო, მე ქრისტიანი ვარ და მინდობილი ვარ ჭეშმარიტ ღმერთსა და ზეციურ მეუფეს, ქრისტეს. და აი, ვდგავარ მე თქვენ წინაშე და მიკვირს თქვენი შეცთომილება, რადგან არ იცით ჭეშმარიტი ღმერთი და დამბადებელი ყოველივესი. ამიტომ გთხოვთ, ნუ გაცდუნებთ ეშმაკის საცთურები, რადგანაც თქვენი ღმერთი, რომელსაც ცა და ქვეყანა არ გაუჩენია, უნდა მოისპოს და გაქრეს.
ხოლო ჩვენ, ქრისტიანები, თაყვანს ვცემთ და გვწამს ერთი ღმერთი, შემოქმედი მამა და ერთი უფალი იესო ქრისტე, მისი მხოლოდშობილი ძე და სულიწმიდა, ერთი სამება ღმრთეებით სრული და მეუფებით ერთი. ჩვენ ამ ქვეყანაზე ვცოცხლობთ მისი პატიოსანი სამსახურით და სიკვდილის შემდეგაც მოველით საუკუნო ცხოვრებას, ხოლო თქვენი კერპთმსახურება სასაცილოა და სიმართლესაც არ შეიცავს, რადგანაც დაგეუფლათ თქვენ ეშმაკი, რათა ყველა, ვისაც იგი გწამთ, წარსაწყმედელში ჩაგყაროთო.
როდესაც მოისმინა ღმერთის სადიდებელი ჭეშმარიტი დამოწმება, განრისხებულმა მაგნეტიოსმა ჰკითხა:
- ვინ ხარ შენ, ან რას წარმოადგენ, რომ ამდენი გაბედე ჩვენ წინაშე?
წმინდა გიორგიმ მიუგო:
- ჩემი პირველი და პატიოსანი სახელი არის ქრისტიანი, ხოლო კაცთა შორის მეწოდება გიორგი!
მაშინ ჯოჯოხეთის ურჩხულმა დიოკლეტიანემ მიმართა მას:
- გიორგი, ვიცით ჩვენ შენი სიბრძნე და მამაცობა და პატივცემულიცა ხარ ჩვენგან, მაგრამ თუ არ შესწირავ მსხვერპლს აპოლონსა და სხვა ღმერთებს, უკეთურად და უპატიოდ მოკვდები, ხოლო თუ დაგვემორჩილები, ჩვენი მეგობრობით განიხარებ და მრავალ სიმდიდრესა და სიკეთეს მიემთხვევი, რადგან აწინდელი ამაო კადნიერება არ არის სასურველი შენთვის! წმინდა გიორგიმ მიუგო:
- მეფეო, ისმინე ჩემი და ჭეშმარიტი ღმერთი შეიცანი, რათა ღირსი შეიქნე ცათა სასუფევლისა, ხოლო შენი მიწიერი ხელმწიფება დროებითია. შენი ტკბილი საუბარი ვერ შემირყევს ჭეშმარიტი ღმერთის რწმენას, რადგან ჩემთვის ქრისტე ზეციური მეუფეა და ის მომანიჭებს დიდებასა და გამარჯვებას ეშმაკსა და მის მსახურებზე!
განრისხებულმა მეფემ ბრძანა მისი ძელზე ჩამოკიდება და ლახვრით დაკოდვა, სანამ მისი ნაწლავები მიწაზე არ დაცვივდებოდა, მაგრამ, როგორც კი მახვილი აძგერეს, სხეულმა ის აისხლიტა და მხოლოდ სისხლის ცვარი გადმოედინა, წმინდა გიორგიმ კი მადლობა შესწირა ღმერთს.
განრისხებულმა დიოკლეტიანემ ბრძანა მისი საპყრობილეში წაყვანა, ხუნდებით დაბორკვა და მკერდზე ლოდის დადება. ოთხმა კაცმა გაჭირვებით აიღო უზარმაზარი ლოდი და გულზე დაადო, მაგრამ მან ზიანი ვერ მიაყენა და სრულიად უვნებელმა გიორგიმ კვლავ სამადლობელი ლოცვა აღუვლინა უფალს.
მეორე დღეს ეშმაკმა დიოკლეტიანესა და მის მომხრეებს მეტი მზაკვრობა ჩაუნერგა გულში. მათ შიშველი გიორგი დააკრეს წვერბასრი რკინის მახვილებიან მბრუნავ ურმის თვალზე.
როდესაც ძლიერად დაატრიალეს ბორბალი, წმინდანის სხეული ნაკვეთ-ნაკვეთ დაიჭრა, მაგრამ ლოცვითა და ღმრთის სასოებით განმტკიცებული მოწამე მხნედ დაითმენდა საშინელ ტანჯვა-წამებას: პირველად ხმამაღლა მადლობდა უფალს, ხოლო შემდეგ, როგორც მძინარე, დადუმდა და გულში ლოცულობდა.
დიოკლეტიანემ და მისმა მეგობრებმა იფიქრეს, მოკვდაო და ხმა აღიმაღლეს:
- იხილეთ ყველამ, რამეთუ არ არსებობს სხვა ღმერთი, გარდა აპოლონისა და პოსეიდონისა, ზევსისა და ჩვენი სხვა ღმერთებისა. სად არის გიორგის ღმერთი, რატომ არ მოვიდა და დაიხსნა იგი ჩვენი ხელიდან?
მეფის ბრძანებით, დაჭრილი და დაკუწული მოწამე დატოვეს ურმის თვალზე და სასამხროდ წავიდნენ. იქნებოდა დილის 10 საათი, როდესაც ზეციდან მოისმა საშინელი ოხვრის ხმა, რომელიც ეტყოდა მას:
- გამხნევდი, გიორგი, და გაძლიერდი, რამეთუ მრავალი მიწამებს შენ გამო!
როგორც კი მცველებს ეს ხმა ესმათ, შეშინებულები გაიქცნენ. უეცრად გამოჩნდა უფლის ანგელოზი, გიორგი ჩამოიყვანა სატანჯველი ბორბლიდან, სრულიად განკურნა, ეამბორა და უთხრა:
- გიხაროდეს, გიორგი, განძლიერდი და გწამდეს იესო ქრისტესი, რომელიც მოგანიჭებს მოწამეობის სრულ გვირგვინს! ხოლო როდესაც სიტყვა დაასრულა, წმინდა გიორგიმ მადლობა შესწირა უფალს:
- აღგამაღლო შენ, ღმერთო ჩემო და მეუფეო ჩემო, და ვაკურთხო სახელი შენი უკუნისამდე! და კვლავ "სლვანი ჩემნი წარმიმართენ მე სიტყვითა შენითა და ნუ მეუფლებინ მე ყოველი უშჯულოებაი".
ამის შემდეგ ქრისტეს მოწამე მივიდა ბომონში, სადაც მეფე, თანამზრახველებითურთ, მსხვერპლს სწირავდა აპოლონის კერპს და უთხრა მათ:
- მიცანით მე და ირწმუნეთ ღმერთი, რომელსაც მე გიქადაგებთ და რომელმაც გამომიხსნა თქვენი ხელიდან და იმ სატანჯველთაგან, რომელიც თქვენ განამზადეთ ჩემ მოსაკლავად, თქვენ კი დიდად სცოდავთ, როცა მსხვერპლს სწირავთ ცრუ ღმერთებს!
გაოცებულმა მეფემ ვერ შეიცნო წმინდანი, რადგან მისი მსგავსი ვინმე ეგონა და სთხოვა, ეთქვა, ვინ იყო. წმინდა გიორგიმ მიუგო:
- მე ვარ გიორგი, მონა ქრისტესი, ხოლო თქვენ, რადგანაც მკვდარი გეგონეთ, ნაწილ-ნაწილ დაჭრილი, ბორბალზე მიმატოვეთ. და აი, მე მოვედი, რათა გიჩვენოთ, რომ ჩემს ღმერთს, რომელსაც თქვენ აყვედრეთ, შეუძლია სიკვდილისაგან დახსნა.
ამგვარი დიდი სასწაულის ხილვისა და ჭეშმარიტ სიტყვათა მოსმენის შემდეგ მეფის მხედართმთავრებმა, ანატოლიმ და პროტოლეონმა, თავიანთი სახლეულობითურთ, ირწმუნეს ღმერთი და აღიარეს: "მხოლოდ ქრისტიანთა ღმერთია ჭეშმარიტი.
როგორც კი ესმა ეს დაწყევლილ მეფეს, ბრძანა მათთვის თავის მოკვეთა, ხოლო ისინი ლოცულობდნენ:
- უფალო, ღმერთო ჩვენო იესო ქრისტე, შეივედრე ჩვენი სულები მშვიდობით და გვამყოფე შენი მეუფების ნათელში, ხოლო ჩვენი მცირედი აღსარება ჩაგვითვალე შენდამი ჭეშმარიტ სარწმუნოებად და ცოდვების გამოსასყიდად!
და ასეც აღესრულნენ ღმრთის დიდებასა და გალობაში.
როდესაც დედოფალ ალექსანდრას წმინდა გიორგის დიდი და საკვირველი საქმენი ესმა, ირწმუნა უფალი იესო ქრისტე, წარდგა მეფესთან და კადნიერად განუცხადა:
- მე ქრისტიანი ვარ და გიორგის ღმერთის მხევალი!
მეფის მეგობარმა, მაგნეტიოსმა ჰკითხა მას:
- გვითხარი, დედოფალო, რისთვის იწამე ქრისტე და უარყავი ღმერთები?!
ჭეშმარიტი ღმერთის სარწმუნოებით განმტკიცებულმა დედოფალმა მიუგო მათ:
- რადგან ვისურვე წარმატება და დავგმე სულიერი ნაკლულევანება!
მეფე განრისხდა და ბრძანა, წმინდა გიორგი მხურვალე საკირეში ჩაეგდოთ და მცველები დაეყენებინათ. სამი დღის შემდეგ კი უბრძანა მხედრებს, ამოეკრიფათ მკვდრის ძვლები და დაემარხათ - ეშინოდა, ქრისტიანებს პატივი არ ეცათ მისი ნეშტისთვის, რადგან იცოდა მათი ჩვეულება მოწამეთა განდიდებისა.
გაოცებულმა მხედრებმა გიორგი სრულიად უვნებელი იხილეს და იწამეს იესო ქრისტე. ერის დიდმა სიმრავლემ და ასევე იქ მისულმა დედოფალმა ალექსანდრამაც აღიარეს ჭეშმარიტი ღმერთი და ერთხმად ღაღადებდნენ:
- დიდია ქრისტიანთა ღმერთი, რომელიც დაიხსნის თავის მონებს გასაჭირისაგან!
მეფემ წინ დაისვა წმინდა გიორგი, შემოიკრიბა ირგვლივ თავისი ოჯახის წევრები და ჰკითხა წმინდანს:
- გვითხარი, გიორგი, ვინ გაგაცოცხლა?
წმინდა გიორგიმ მიუგო:
- მეფეო, კიდეც რომ გითხრათ, არ დამიჯერებთ, მაგრამ მე არ დავფარავ, რომ იესო ქრისტემ, ღმერთის ძემ, დამიცვა ყოველგვარი სატანჯველისაგან; ვინც კი ვედრებით მოუხმობს მის წმინდა სახელს, ყველას ეშმაკის მახისაგან დაიხსნის!
გამძვინვარებულმა მეფემ, ჭეშმარიტების სანაცვლოდ, უსამართლობა და ბოროტება მიაგო მოწამეს. გახურებული ლურსმნებით შეჭედილი რკინის სანდლები ჩააცვა გიორგის და უბრძანა, ერბინა, მაგრამ, რადგან სიარული ვერ შეიძლო, ძალით ათრევინა. ის კი საკუთარ თავს მხნედ შეუძახებდა:
- ისწრაფე, გიორგი, ისწრაფე იმ ხვედრისაკენ, რომელიც შენთვის არის განმზადებული და სთხოვდა უფალს:
- უფალო ჩემო და ღმერთო ჩემო, იესო ქრისტე, შენ ხარ მწუხარეთა ნუგეშინისმცემელი და შენ აძლევ მოთმინების უნარს ყველას, ვინც შენი სახელისათვის იგვემება. ნუ გამწირავ, არამედ მომმადლე სიკვდილამდე მოთმინება, რათა არ თქვას მტერმა: "სადა არს ღმერთი იგი მისი". როდესაც ლოცვა დაასრულა, ხმა მოესმა ზეციდან: "ნუ გეშინია, გიორგი, მე შენთანა ვარ". და მყის გამოუჩნდა შეწევნა უფლისაგან და სრულიად განიკურნა. უგუნურმა მეფემ კვლავ ბრძანა მისი საპყრობილეში ჩასმა, ხოლო მეორე დღეს სამსჯავროზე მოიხმო და უთხრა: - როდემდე გაუძლებ გრძნეულებით ამ სატანჯველებს და შეინარჩუნებ მხნეობას? დამემორჩილე და შესწირე მსხვერპლი ღმერთებს! მაგრამ წმინდა გიორგიმ მიუგო:
- მე ჩემი ღმერთის შეწევნით მოვითმენ ყოველგვარ სატანჯველს. აი, თქვენ წინაშე ვდგავარ ცოცხალი და უვნებელი, ხოლო თქვენ მოწამე ხართ ჩემი ღმერთის ძალისა!
მეფე განრისხდა და ბრძანა, შეუბრალებლად ეცემათ ხარის ძარღვის მათრახით. ნაგვემს კვლავ შესთავაზეს კერპებისთვის მსხვერპლის შეწირვა, მაგრამ გიორგიმ მიუგო:
- მე ცოცხალ ღმერთს ყოველდღე ვწირავ ქება-დიდების მსხვერპლს. ნეტავ, თქვენც დამიჯერებდეთ და ჩემთან ერთად თაყვანს სცემდეთ ჭეშმარიტ ღმერთს!
მაგნეტიოსმა უთხრა:
- თუ გინდა, რომ შენი ღმერთი ვიწამოთ, გვიჩვენე სასწაული და გააცოცხლე ერთი მკვდართაგანი, რომლებიც ჩვენ წინ სამარხებში არიან!
წმინდა გიორგიმ უპასუხა:
- ღმერთს, რომელმაც არაარსისაგან შექმნა ცა და ქვეყანა, შეუძლია ამ მკვდრის გაცოცხლებაც, მაგრამ თქვენ ცთუნებული ხართ ეშმაკისაგან და კიდეც რომ აღდგეს მკვდარი, მაინც არ იწამებთ, ამიტომაც, მხოლოდ აქ მყოფი ერისათვის შევთხოვ კაცთმოყვარე უფალს, მომმადლოს ეს სასწაული!
წმინდა გიორგიმ მუხლი მოიდრიკა, ილოცა, ხელები აღაპყრო ზეცისკენ და უფალს შეევედრა მკვდრის აღდგინება. ხოლო როდესაც ლოცვა დაასრულა, ქვეყანა შეიძრა, საფლავის კარი გაიღო და გამოვიდა მკვდრეთით აღმდგარი მკვდარი. იგი მივიდა წმინდა გიორგისთან, დავარდა მის ფეხებთან და შეევედრა:
- შემიწყალე მე, მონაო ღმრთისა მაღლისაო, და მომანიჭე ნათელი ცხოვრებისა, ბეჭედი ქრისტესი!
წმინდანმა უთხრა: - უკეთუ გწამს ქრისტე, რომელიც აღადგენს მიცვალებულებს, შენც ცხონდები! მან მიუგო:
- მწამს ჭეშმარიტი ღმერთი და მისი მხოლოდშობილი ძე, იესო ქრისტე, რომელმაც მკვდრეთით აღმადგინა!
მეფეს გაუკვირდა, ბოროტი სარწმუნოებით აღივსო და ჰკითხა, თუ ვინ იყო იგი სიკვდილამდე და როდის მოკვდა. მან უპასუხა:
- მე ვიყავი კერპთა მღვდელი და ქრისტეს გამოცხადებაზე ადრე მოვკვდი, ხოლო სიკვდილის შემდეგ სხვა კერპთმსახურებთან ერთად უშრეტ ცეცხლში ვიტანჯებოდი! მაშინ მეფემ წარმოთქვა:
- გიორგი გრძნეულია და რაღაც სული ამოგვიყვანა, რომ გვაცდუნოსო. ქრისტეს მოწამემ მიუგო:
- როდემდე უარყოფ, მეფეო, და არ ირწმუნებ ჭეშმარიტ ღმერთს. იცოდე, რომ ეშმაკს არ შეუძლია ქრისტეს სახელის მოსმენა და როგორ იქმს იმას, რაც შენ იხილე და გესმა?
გამძვინვარებულმა მეფემ ბრძანა მისი საპყრობილეში ჩაგდება, მაგრამ ახალმოქცეული ქრისტიანები ქრთამს აძლევდნენ საპყრობილის მცველს და ღამღამობით მასთან შედიოდნენ, ხოლო მოწამე მათ სარწმუნოებას ასწავლიდა, სნეულებს კურნავდა, ბრმებს თვალს უხელდა და მრავალ სასწაულს ახდენდა. ერთ მიწის მუშას, სახელად ღლუკერს, მარჩენალი ხარი მოუკვდა. იგი მივიდა საპყრობილეში, დაემხო წმინდა გიორგის წინ და სთხოვა ხარის აღდგინება.
მოწამემ უთხრა:
- თუ გწამს ჩემი ღმერთი, შენი ხარი გაცოცხლდება! საბრალო კაცმა უპასუხა, - მწამსო. მაშინ გიორგიმ უთხრა:
- წადი და იხილე, შენი ხარი ცოცხალია!
შინ დაბრუნებულ კაცს ხარი გაცოცხლებული დახვდა. ღლუკერი არ მიემსგავსა ცხრა უმადლო კეთროვანს, არამედ მიემსგავსა მეათე სამარიტელს, მკურნალთან დაბრუნდა მადლობის სათქმელად და ხმამაღლა აღიარა ქრისტე ჭეშმარიტ ღმერთად.
როგორც კი მეფის ახლობლებმა ეს გაიგეს, შეიპყრეს იგი და მეფეს მიჰგვარეს.
მან კი არც გამოიძია, არამედ ბრძანა, ნაჭერ-ნაჭერ აეკუწათ იგი. ღლუკერს ჭრიდნენ, ის კი ხმამაღლა ლოცულობ¬და: "ღმერთო ჭეშმარიტო, ნუ უარმყოფ მე შეურაცხს,
რადგან მწამხარ შენ - მამა, ძე და სულიწმიდა, მაგრამ მეშინია, რადგანაც არ მოვნათლულვარ და გევედრები შენ, ქრისტე, ეს სისხლის დათხევა შემირაცხე ნათლისღებად". უეცრად ზეციდან ხმა მოესმა:
- მოდი ჩემთან სიხარულით, რადგანაც სრული ხარ და დასრულდა შენი წამები! და დაიმკვიდრა ნეტარმა სასუფეველი.
მეფის ყურამდეც მიაღწია, რომ ბევრი მიდიოდა საპყრობილეში გიორგისთან და ბრძანა, სასწრაფოდ მომიყვანეთო. მაგნეტიოსმა მეფეს ურჩია, არ განრისხდე, მშვიდად და დაპირებებით გადმოიბირე გიორგიო. საპყრობილიდან მომავალი წმინდანი ფსალმუნებს გალობდა და უფალს შეწევნას სთხოვდა. როდესაც მეფეს წარუდგა, დიოკლეტიანემ ვედრება დაუწყო, ოღონდ კერპებს მსხვერპლი შესწირე და ჯილდოდ დიდძალ ქონებასა და პატივს მოგაგებო, თან ტანჯვისათვის პატიებას სთხოვდა. წმინდა გიორგიმ მიუგო:
- რადგან ჩემ წინაშე შეინანე და შენთვის სიხარულის მომნიჭებელია, რომ კერპებს შევწირო მსხვერპლი, მოდი, წავიდეთ შენი ღმერთების სამყოფელში!
მეფემ გაიხარა და თავის სახლობასა და მხედრობას უბრძანა, წასულიყვნენ ტაძარში და ყველასათვის ეხარებინათ, რომ აპოლონმა სძლია ქრისტიანთა ღმერთს. როგორც კი ნეტარი ტაძარში შებრძანდა, სამარისებური სიჩუმე გამეფდა.
ქრისტეს მოწამე წარდგა აპოლონის კერპის წინაშე და მიმართა:
- შენ ხარ ღმერთი და გშვენის, რომ კაცნი გემსახურებოდნენ? კერპში ჩაბუდებულმა ეშმაკმა ხმა ამოიღო:
- არც მე ვარ ღმერთი და არც ესენი, რომლებიც ჩემთან არიან, არამედ მხოლოდ ქრისტიანთა ღმერთი და მისი მხოლოდშობილი ძე იესო ქრისტეა ჭეშმარიტი ღმერთი, რომელმაც დაბადა ცა და ქვეყანა, ხოლო ჩვენ მისი ანგელოზები ვიყავით და როცა უარვყავით, ეშმაკნი გვეწოდა და მას შემდეგ ვაცდუნებთ კაცთა მოდგმას!
წმინდა გიორგიმ უთხრა მათ: - თუ ღმერთები არა ხართ, როგორ გაბედეთ აქ მოსვლა, როცა მე, ქრისტეს - ჭეშმარიტი ღმერთის - მონა აქ ვიმყოფები? და ამ სიტყვასთან ერთად გადასახა ჯვარი.
უეცრად შეიქმნა დიდი შფოთი, გოდება, გლოვა ეშმაკთა, და ყველა კერპი, რომელიც ტაძარში იყო, ერთბაშად გადმოვარდა და დაიმსხვრა. როგორც კი საკერპოს ბილწმა ქურუმებმა ეს დაინახეს, შეიპყრეს წმინდა გიორგი და მეფეს მოახსენეს:
- მოაკვდინე ეს გრძნეული, მეფეო, რადგან თავისი მისნობით ხალხი მოატყუა და ღმერთებიც შემუსრა!
განრისხებულმა მეფემ მიმართა გიორგის: - ბოროტო და ყოველგვარი გრძნეულებით აღსავსევ, შენ არ შემპირდი, რომ ღმერთებს შესწირავდი მსხვერპლს? წმინდა გიორგიმ მიუგო:
- შე ბრმავ და უკეთურო, ხომ იხილე, როგორც კი ჩემი ღმერთის, იესო ქრისტეს მიმართ ლოცვა დავასრულე, მაშინვე დაემხო ყველა თქვენი ცრუ ღმერთი, რადგან უსულო კერპები არიან და უგულისხმოებს აცდუნებენ, ხოლო ქრისტეს მონები ჭეშმარიტი ღმერთის სახელით შემუსრავენ მათ!
როდესაც დედოფალმა ალექსანდრამ კერპების შემუსრვა შეიტყო, მსწრაფლ მივიდა მეფესთან და შესძახა: "უძლეველი მხედრის, გიორგის ღმერთო, ნუ გამიხსენებ უმეცრებით ჩადენილ ცოდვებს, უფალო ღმერთო, გაიხსენე ჩემი უკანასკნელი მოქცევა შენდამი და ადგილი მიმიჩინე ქრისტიანებთან და შენს ერთგულ მონა გიორგისთან!
გამძვინვარებულმა მეფემ უკანასკნელად მიმართა წმინდა გიორგის:
- უკეთურო გიორგი, შენ შეაცდინე დედოფალი და მიზეზი გახდი მისი დაღუპვისა, ამიტომ ვბრძანებ, რომ მახვილით თავი წარგეკვეთოთ შენც, გალილეველთა მღვდელსა და დედოფალსაც!
მხედრებმა მაშინვე წაიყვანეს ისინი ქალაქგარეთ. სიხარულით აღვსილი დედოფალი გულში გამუდმებით ლოცულობდა, ხოლო თვალები ზეცისაკენ ჰქონდა აღპყრობილი. მან გზად ჩამოისვენა და მშვიდობით მიაბარა სული უფალს, ხოლო წმინდა გიორგიმ, როგორც კი საწამებელ ადგილზე მიიყვანეს, ითხოვა, ლოცვის დრო მიეცათ. მიაპყრო თვალები ზეცას, აღაპყრო ხელები, ამოიოხრა და თქვა:
- უფალო, ღმერთო ჩემო, რომელიც არსებობ საუკუნეებზე უწინარეს, რომლისკენაც მოვილტვოდი სიყრმიდან, რომელი ხარ ქრისტიანთა სასოება, და რომლის არსებობასაც არა აქვს დასასრული, ისმინე ჩემი და როგორც მომეცი მოთმინება და სრული მოწამეობა, ასევე შეიწყნარე ჩემი სული და განარიდე ეშმაკთა სულებისაგან და დაადგინე შენს სათნომყოფელებთან ერთად.
შეუნდე ამ წარმართებს ის ბოროტება, რაც უყვეს შენს მონებს და გაუნათლე მათ გულები ჭეშმარიტების შესამეცნებელად. უფალო, მოუვლინე შეწევნა ყველას, ვინც კი უხმობს შენს სახელს და დაამკვიდრე მათ შორის შენი შიში, სიყვარული და შენი წმინდანების სურვილი, რათა აღასრულებდნენ მათ დღესასწაულებსა და ბაძავდნენ მათ სარწმუნოებას, რომ მათთან ერთად ღირსნი გახდნენ ზეციურ სასუფეველში დამკვიდრებისა.
მოხედე, უფალო, ჩემს სიმდაბლეს და მიეცი მადლი ჩემი სხეულის ნაწილებს, რომ ყოველმა კაცმა, რომელიც სარწმუნოებით შეხედავს ან შეეხება, მიიღოს მადლი, კურთხევა და ცოდვათა შენდობა. ხოლო თუ ვინმე გასაჭირში იყოს და გამიხსენოს მე, იხსენი ყოველგვარი განსაცდელისაგან.
უფალო ღმერთო, ვინც მოიხსენოს ჩემი წამების ღვაწლი, მიეცი მადლი, მიუტევე მათ ყოველგვარი შეცოდებანი და განკურნენ მათი სნეულებანი, რადგან მხოლოდ შენ იცი მათი მაცდური მტრის სივერაგე, რომელიც ფეხქვეშ შემუსრე და რომლებიც წაიკითხავენ ან მოისმენენ ჩემს წამებას, განწმიდე ბიწიერებისაგან!
როგორც კი ლოცვა დაასრულა, უფალი გამოეცხადა და აუწყა:
- მოვედ ჩემდა, ერთგულო მონავ, და შედი მამაჩემის ზეციურ სამკვიდრებელში. ხოლო რაც მთხოვე, აღგისრულებ და ვინც შენს სახელს მოიხსენიებს, ვიხსნი განსაცდელთაგან!
ეს თქვა და ამაღლდა ზეცად. წმინდა გიორგიმ მოიდრიკა მუხლი და შეუშვირა ქედი. ჯალათმა დაჰკრა მახვილი და დასრულდა დიდმოწამის წამება 303 წელს, 23 აპრილს, პარასკევ დღეს, დილის 7 საათზე.
ანდერძის თანახმად, წმინდა გიორგის ცხედარი დაკრძალეს პალესტინაში, ქალაქ რამალაში, და იგი შეიქნა კურნებებისა და სასწაულების წყარო. კონსტანტინე დიდის მეფობის დროს იერუსალიმის მახლობლად, ქალაქ ლიდში (დიოსპოლისი), წმინდა გიორგის სახელზე ააშენეს დიდი ტაძარი და მისი წმინდა ნაწილები საზეიმოდ იქ გადაასვენეს.
.................
აქვე წაიკითხეთ:

წმინდა დიდმოწამე გიორგი (+303) - ხსენება 23 აპრილს (6 მაისი) და 10 (23) ნოემბერს - გვერდი 5

ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
25.12.2024
წმ. ედუარდი, ერთ-ერთი ყველაზე თაყვანისცემული ინგლისელი წმინდანი, იყო წმინდა მართლმორწმუნე ედგარ მშვიდობისმყოფელის, ინგლისის მეფის და დედოფალ ეთელფლედას ძე,
25.12.2024
დღეს ინგლისის ყველაზე ცნობილი მფარველი წმინდანია დიდმოწამე წმ. გიორგი ძლევამოსილი. თუმცა, ქვეყანას ასევე ჰყავს თავისი მკვიდრი მფარველი წმინდანი - ედმუნდ მოწამე,
25.12.2024
წწმინდა ედმუნდი დაიბადა 841 წელს მორწმუნე ქრისტიანების ოჯახში. ბავშვობიდანვე შეიცნო ლოცვის ჭეშმარიტი მნიშვნელობა და ზეპირად ისწავლა ყველა ფსალმუნი.
24.12.2024
სამწუხაროდ, წმ. კენელმის, დასავლეთ ინგლისის ერთ-ერთი ყველაზე თაყვანისცემული წმინდანის ადრეული, ორიგინალური ცხოვრება არ შემორჩენილა, თუმცა არსებობს მრავალი გვიანი შუასაუკუნეების გადმოცემა მასზე.
10.12.2024
ნორთუმბრიის სამეფოს მმართველის (604–642; ხსენების დღე 5/18 აგვისტო), წმ. მოწამე ოსვალდის ამ ცხოვრების აღწერის ავტორი იყო ცნობილი სასულიერო მწერალი - ელფრიკ ეინშემელი
15.11.2024
უწყვეტი ტრადიცია: წმინდა მოწამე ვინიფრედა უელსელი და მისი წმინდა წყარო ჰოლიუელში.

19.10.2024
წმინდა ნეკტანი, რომლის ერთადერთი გადარჩენილი ცხოვრება თარიღდება მე-12 საუკუნით, დაიბადა მე-5 საუკუნის მეორე ნახევარში უელსში.
13.10.2024
თებეს (ან თებაიდის) ლეგიონი რომის არმიის, კაპიტან მავრიკიუსის მეთაურობით, შედგებოდა ქრისტიანებისგან.
12.10.2024
წმინდა რიფსიმეს (რიფსიმია; ბერძნულად: Ριψιμία, Ριψίμη; სომხურად: Հռիփսիմէ) ხსენების დღეა 30 სექტემბერს.
22.09.2024
წმინდა ლამბროსი იწამა მაკრიში, ევროსის ოლქში, 1835 წლის 2 ივლისს.
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
საბერძნეთის კუნძულ კორფუზე უხრწნელად ინახება IV საუკუნის უდიდესი მამის, წმინდა სპირიდონ ტრიმითუტელის ნეშტი. მხოლოდ მისი პატიოსანი მარჯვენაა განცალკევებით, რომის სანტა მარია ნუოვას ტაძარში დასვენებული.

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat