წწმინდა ედმუნდი დაიბადა 841 წელს მორწმუნე ქრისტიანების ოჯახში. ბავშვობიდანვე შეიცნო ლოცვის ჭეშმარიტი მნიშვნელობა და ზეპირად ისწავლა ყველა ფსალმუნი.
ედმუნდის ყველა გადაადგილება, დაწყებული 855 წლიდან ისტორიკოსების მიერ ზუსტადაა აღწერილი. ჩვენთვის ცნობილია, რომ იმ წელს ის იმყოფებოდა ჰანსტანტონში, ნორფოლკის საგრაფოში, ადგილას, რომელიც დღეს ცნობილია როგორც წმინდა ედმუნდის კონცხი, სადაც დღემდე შემორჩენილია სამლოცველოს ნანგრევები და წმ. ედმუნდის წყარო. შემდეგ მისი გადაადგილება აღნუსხულია ნორფოლკის ატლბოროში, საიდანაც ის გაემართა უესექსში (დასავლეთ საქსების მიწაზე). 855 წლის 5 ნოემბერს ედმუნდმა მონაწილეობა მიიღო ინგლისელი დიდგვაროვნების დიდ საბჭოში, რომელიც გაიმართა უესექსის დედაქალაქ ვინჩესტერში. აქ ყველა მხრიდან შეკრებილმა დიდგვაროვნებმა ქვეყნის უსაფრთხოებისთვის დადეს სამხედრო კავშირი საშიში დანიელი წარმართი ვიკინგების წინააღმდეგ.
856 წლის ბოლოს, სამეფო სასახლეში, რომელიც მდებარეობდა დღევანდელი ქალაქ კეისტორ სენტ ედმუნდსის ადგილას ნორვიჩის მახლობლად, ახალგაზრდა პრინცი ედმუნდი აირჩიეს აღმოსავლეთ ანგლების მეფედ. იმავე 856 წელს, ქრისტეს შობის დღეს, მხოლოდ 15 წლის ასაკში, ის მირონცხებულ და გვირგვინოსან იქნა ქალაქ ბიურსში, რომელიც სტრატეგიულ ადგილას მდებარეობდა საფოლკისა და ესექსის საზღვარზე. ხალხის მეხსიერებაში ედმუნდი დარჩა როგორც ღვთისმოსავი და კეთილშობილი მონარქი, იმდენად ერთგული თავისი ხალხის, მათი უსაფრთხოებისა და კეთილდღეობისა, რომ მათი გულისთვის ნებაყოფლობით უარი თქვა ქორწინებაზე. ის იყო "ბრძენი და პატიოსანი... თავმდაბალი და ღვთისმოსავი... მამობრივად გულუხვი მფარველი ღარიბებისა და ქვრივებისა... ეკლესიის დამცველი, თავად ღვთის მიერ აღმართული."
865 წელს მის მშვიდობიან სამეფოს დანიელთა საყოველთაო შემოსევა დაატყდა თავს. ედმუნდი, როგორც შეეძლო, ორგანიზებას უწევდა წინააღმდეგობას და, ინგლისის დანიელებისგან დაცვის მიზნით, განსაკუთრებით აქტიურ მოქმედებებს ახორციელებდა ორფორდში, ფრამლინგჰემის მიდამოებში და სხვა ადგილებში, აღმოსავლეთ ანგლების მიწის საზღვრებს გარეთაც კი. ასე, 868 წელს ის იბრძოდა ნოტინგემის გასათავისუფლებლად მომავალ მეფე ალფრედ დიდთან მხარდამხარ. აღმოსავლეთ ანგლების მიწაზე ის ასევე ზრუნავდა დამცავი ყრილების აგებასა და აღდგენაზე კემბრიჯის აღმოსავლეთით, რომლებიც დღემდე ცნობილია როგორც "წმ. ედმუნდის თხრილი" "წმ. ედმუნდის დაბლობის" რაიონში. თუმცა 869 წელს დანიელთა უზარმაზარმა ჯარმა კვლავ შეუტია აღმოსავლეთ ანგლების მიწას. გაძარცულ იქნა მრავალი მონასტერი, მათ შორის ელი და სოჰამი. გვიან შემოდგომაზე მეფე ედმუნდმა ბრძოლა გამართა სოფელ ტეტფორდში ნორფოლკში. მიუხედავად იმისა, რომ მტერმა დიდი დანაკარგები განიცადა, მეფე იძულებული გახდა უკან დაეხია ჩრდილოეთ საფოლკის სოფელ ჰოქსენისკენ, სადაც დანიელებმა შეიპყრეს.
ედმუნდმა, რომელიც მუდამ სხვებს იცავდა, უარი თქვა საკუთარი თავის დაცვაზე. ის ქრისტეს ერთგული დარჩა და სიტყვებით: "მხოლოდ მე მართებს სიკვდილი ჩემი ხალხისთვის, რათა არ დაიღუპოს მთელი ერი", უარყო დანიელთა სამშვიდობო წინადადებები, რომელთა ფასიც რწმენის ღალატი იყო. დანიელები დასცინოდნენ და სცემდნენ მას. ედმუნდმა უარი თქვა რწმენის უარყოფაზე, განაცხადა რა: "ცოცხალი ვიქნები თუ მკვდარი, არაფერს შეუძლია გამყოს მე ქრისტეს სიყვარულისგან". მაშინ მწამებლებმა ის მუხაზე მიაბეს და დაუნდობლად დაუწყეს მათრახით ცემა, შემდეგ რამდენიმე ისარი ესროლეს და ბოლოს თავი მოჰკვეთეს მეფეს, რომელიც განუწყვეტლივ, სიკვდილის ბოლო წუთამდე, მაცხოვრის სახელს ახსენებდა. ეს მოხდა ორშაბათს, 869 წლის 20 ნოემბერს. ამის შემდეგ დანიელებმა დატოვეს ადგილი და მეფის თავი ახლომახლო მდებარე მაყვლის ბუჩქნარში მოისროლეს. მოგვიანებით ხალხს, რომელიც წამებულის თავის საძებნელად მოვიდა, მისი ადგილმდებარეობა აუწყა მეძებარი ძაღლის ყმუილმა, რომელიც მას დარაჯობდა.
ედმუნდი დაკრძალეს სოფელ ჰოქსენის სამლოცველოში, და მალე მისი სიკვდილის შემდეგ სასწაულები მოხდა. ამ სასწაულთაგან ყველაზე უჩვეულო იყო ის, რომ ერთი თაობაც არ იყო გასული, როცა იმ დანიელების შთამომავლები, რომლებმაც ის აწამეს, მართლმადიდებელი ქრისტიანები გახდნენ და თავად დაიწყეს მათ მიერ მოკლული მეფის წმინდანად თაყვანისცემა. X საუკუნის დასაწყისში წმ. ედმუნდის სხეული გადაასვენეს სამონასტრო ქალაქ ბედრიქსუორთში, რომელიც შემდგომში ცნობილი გახდა სახელწოდებით ბერი სენტ ედმუნდსი (Bury St Edmunds - "წმ. ედმუნდის საფლავი"). მომდევნო საუკუნეების განმავლობაში წმინდანის განსასვენებელი ადგილი დიდ სიწმინდედ იქცა და ინგლისის ერთ-ერთ საუკეთესო და უდიდეს მონასტრად გადაიქცა. ხუთი საუკუნის განმავლობაში მეომარი ედმუნდი ითვლებოდა არა მხოლოდ აღმოსავლეთ ანგლების მიწის, არამედ მთელი ინგლისის წმინდა მფარველად.
- მთავარი
- ჩვენ შესახებ
- ეკლესია
- ქრისტიანული ცხოვრება
- რწმენა
- წმინდანები
- სხვადასხვა
- ახალი ამბები
- დიასახლისის გვერდი
- სწავლებანი
- ერისკაცობიდან მღვდლობამდე
- ქრისტიანული საიდუმლო
- ქრისტიანული სიმბოლიკა
- ცოდვა
- ისტორია
- ანგელოზები
- ამბიონი
- კითხვა-პასუხი
- ეს უნდა ვიცოდეთ
- ცრუ მოძღვრებები
- სხვა რელიგიები
- სხვადასხვა
- მკითხველის გვერდი
- ეპისტოლენი, ქადაგებები
- ნამდვილი ამბები
- სასწაულები
- წაუკითხეთ პატარებს
- ჩემი სოფელი
- ქართული გვარები
- ქართული ანბანი
- რელიგიურ-ფილოსოფიური ლექსიკონი
- წმინდა წერილი
- წიგნები
- ლოცვანი