უწყვეტი ტრადიცია: წმინდა მოწამე ვინიფრედა უელსელი და მისი წმინდა წყარო ჰოლიუელში.
უელსის მრავალრიცხოვან წმინდა წყაროებს შორის ყველაზე ცნობილია ფფინონ-უენფრევი ("წმინდა ვინიფრედას წყარო") ჰოლიუელში, უელსის ფლინტშირის საგრაფოში.
ამ ადგილას უძველესი სიწმინდეა - მაენ ბეუნო, ანუ "წმინდა ბეუნოს ქვა" - ქვა, რომელზეც ეს დიდი მოღვაწე და უელსის მისიონერი, რომელიც VI-VII საუკუნეებში ცხოვრობდა, მუხლმოყრილი ლოცულობდა მრავალი დღე და ღამე. "ქალწული გვენფრევი", უფრო ცნობილი ვინიფრედას სახელით (VII საუკუნის შუა ხანები; ხსენების დღე 3/16 ნოემბერი), მისი დისშვილი იყო. ერთხელ, როდესაც წმინდა ქალწული მარტო იყო სახლში, ერთმა ახალგაზრდა არისტოკრატმა, რომელიც იქ გაიარა, სცადა მისი ცდუნება[1]. წმინდა ვინიფრედამ, რომელმაც თავისი ცხოვრება ქრისტეს მიუძღვნა, გამოირბინა სახლიდან და, მაცდურისგან თავის დასაღწევად, გადაწყვიტა დამალულიყო სამლოცველოში, რომელიც მისმა ბიძა-მოღვაწემ ააშენა. თუმცა ბოროტმოქმედი დაეწია ქალიშვილს და, შურისძიების მიზნით მისი უარის გამო, თავი მოჰკვეთა წმინდა ვინიფრედას. იმავე ადგილზე, სადაც მოწამის თავი დაეცა მიწაზე, იმავე წამს ამოხეთქა სამკურნალო წყარომ. პირველი სამი დღის განმავლობაში წყალი რძესავით თეთრი იყო. უფრო გვიანდელი - რომაულ-კათოლიკური - ტრადიციის თანახმად, წმინდა ბეუნო, რომელიც იმ დროს სახლში დაბრუნდა, თავისი წმინდა დისშვილის თავი მიადო კისერს და ქალიშვილი სასწაულებრივად გაცოცხლდა. წმინდანი შემდგომში მონაზონი გახდა, ხოლო მოგვიანებით მონასტრის იღუმენია, და კიდევ მრავალი წელი იცოცხლა.
წმინდა ბეუნოს ქვა დღესაც შეიძლება ნახოთ განბანვის აუზში ამ ადგილას.
თავისი სამკურნალო ძალის წყალობით ეს წყარო საყოველთაოდ ცნობილი იყო და სამეფო სახლის მფარველობის ქვეშ იმყოფებოდა. არა მხოლოდ უბრალო ხალხი, არამედ მეფეები, პრინცები და დიდგვაროვნები მოდიოდნენ აქ მომლოცველებად, სწირავდნენ ჰოლიუელის სიწმინდეს მდიდრულ სამკაულებს და აკეთებდნენ ყოველწლიურ ფულად შემოწირულობებს. გამოჩენილი ბარდები და პოეტები, როგორებიც იყვნენ იოლო გოხი (1315-1402) და ტიდირ ალედი (დაახლ. 1365-1425) თხზავდნენ საქებარ ლექსებს დიდი სასწაულმოქმედი ვინიფრედას პატივსაცემად.
ამ მკურნალის შუამდგომლობით
ორივე სახის ჯანმრთელობა მოგვეცემა:
სხეულის ჯანმრთელობა მოგვენიჭება ზეციდან,
ხოლო ის დაიცავს ჩემი სულის სიჯანსაღეს.
აღსანიშნავია, რომ ამ წმინდა წყაროს ნაკადის ძალაზე, რომელიც გამოთვლების თანახმად, წუთში 21 ტონა წყალს შეადგენდა, მუშაობდა 19 წისქვილი და ფაბრიკა, რომლებიც დინების ქვემოთ მდებარეობდა.
ამ ადგილას შესრულებული საიდუმლოებები და წესები მოიცავდა აღსარებას, წყაროს წყალში მრავალჯერად განბანვას რამდენიმე დღის განმავლობაში, ლოცვების კითხვას წყალში მაქსიმალური ჩაძირვისას და შუაღამის ლოცვებსა და მღვიძარებას ახლოს მდგარ სამლოცველოში.
XVI საუკუნის დასაწყისში მეფე ჰენრი VII-ის დედამ მარგარეტ ბოფორტმა (დაახლ. 1441-1509), რომელიც ღრმად სცემდა თაყვანს წმინდა ვინიფრედას, ჰოლიუელში ააშენა ახალი და სილამაზით დიდებული სამლოცველო. სავარაუდოდ, სწორედ ამ სამეფო ზრუნვამ გადაარჩინა ჰოლიუელის დიდი სიწმინდე განადგურებისგან. პროტესტანტმა რეფორმატორებმაც კი, რომლებმაც გაანადგურეს ყველა მონასტერი და ბრიტანეთის მრავალი დიდი სიწმინდე, თავი შეიკავეს ჰოლიუელის სიწმინდის გაპარტახებისგან - ფინანსური მოსაზრებებით, რადგან მისგან მიღებული ყოველწლიური შემოსავალი 10 ფუნტ სტერლინგს შეადგენდა, რაც საკმაოდ დიდი თანხა იყო. იყო თუ არა ეს პოლიტიკურად მისაღები, მომლოცველობისა და სიწმინდის თაყვანისცემის ტრადიცია ჰოლიუელში არ შეწყვეტილა პროტესტანტიზმის მომდევნო საუკუნეებშიც კი, და ამ დროის განმავლობაში გაჩნდა უთვალავი ახალი მოწმობა განკურნებების შესახებ. მდიდრები და ღარიბები, ახლომდებარე ადგილებიდან და შორეული რეგიონებიდან - ყველა მოედინებოდა წმინდა ვინიფრედას წყაროსთან და მომლოცველების შეჩერება შეუძლებელი იყო. XVII საუკუნეში აქ გაგზავნილი იყვნენ ჯარისკაცები მღვდლების დასაპატიმრებლად, ადგილობრივი სამლოცველოები დახურეს, ხოლო თავად სიწმინდე დააზიანეს პარლამენტის მომხრეებმა და ფანატიკურმა ანტიკათოლიკურმა ბრბომ. თუმცა ყველაფერი ამაო იყო. უკვე XVIII საუკუნის ბოლოსთვის "გვენფრევის" (ვინიფრედას) თაყვანისცემა ახალი ძალით აღორძინდა და გავრცელდა პროტესტანტულ თემებშიც - თუ ის საერთოდ ოდესმე შეწყვეტილა!
წყაროში წითელი ზოლები ქვებზე, გადმოცემის თანახმად, წმინდა მოწამე ვინიფრედას სისხლის კვალია. ამას ადასტურებს 1823 წლის ანონიმური ლექსიც:
წყაროს ქვებზე ეს სისხლი,
თავმოკვეთილი ვინიფრედას დაღვრილი,
ნათლად ჩანს აქ და ახლაც.
ისინი ჩანდნენ სამ ქვაზე და მორწმუნეები მათ დიდ სიწმინდედ მიიჩნევდნენ. თუმცა უელსელი მწერალი, ექიმი და მოგზაური ენდრიუ ბურდი (დაახლ. 1490-1549) უფრო სკეპტიკურად იყო განწყობილი; ის წერდა: "უელსში არის ერთი წყარო, რომელსაც წმინდა ვინიფრედას წყაროს უწოდებენ. უელსელები ამბობენ, რომ თუ მასში ჩააგდებ ჭიქას, ჯოხს ან ცხვირსახოცს, ისინი... გაწითლდებიან, თითქოს სისხლისგანო. მაგრამ ეს სიმართლე არ არის, რადგან მე თვითონ დავრწმუნდი საწინააღმდეგოში, და არაერთხელ..." შესაძლოა, მას უბრალოდ მოთმინება არ ეყო.
უელსელმა ბუნებისმეტყველმა, მოგზაურმა, მწერალმა და ანტიკვარმა თომას პენანტმა (1726-1798) ასევე მიაქცია ყურადღება ამ ფენომენს და ხსნიდა მას წყაროში წითელი ხავსის უხვი ზრდით. ის ასევე ამტკიცებდა, რომ წყაროს წყალი არასდროს იყინება!
1917 წელს წყარო სერიოზულად დაზიანდა: მისი ნაკადის ძალა მნიშვნელოვნად შესუსტდა საერო საჭიროებებისთვის ჰიდროტექნიკური ნაგებობების მშენებლობის გამო. საბედნიეროდ, მოგვიანებით წყალმა ისევ დაიწყო დინება, როგორც ადრე, და დღემდე არ შემწყდარა. მრავალრიცხოვანი მომლოცველები დღემდე მოედინებიან ამ წმინდა ადგილას სხეულებრივი და სულიერი განკურნებისთვის. ყოველწლიური მართლმადიდებლური მომლოცველობა ტრადიციულად ოქტომბრის პირველ შაბათს სრულდება.
ბოლოთქმა: კიდევ ცოტა წმინდა ვინიფრედას თაყვანისცემის შესახებ
უელსის ერთ-ერთი ყველაზე თაყვანცემული წმინდანი წმინდა მელანგელასთან ერთად, ვინიფრედა წარმოგვიდგენს უნიკალურ მაგალითს ძველი ეკლესიის წმინდანისა, რომლის უწყვეტი თაყვანისცემა გრძელდება ადრეული კელტი მართლმადიდებელი წმინდანების ეპოქიდან დღემდე, მიუხედავად ნორმანული დაპყრობისა, მკაცრი რეფორმაციისა, პურიტანობისა და სეკულარიზმის ეპოქისა. ხოლო ჰოლიუელი - უნიკალური (თუმცა არა ერთადერთი ბრიტანეთის კუნძულებზე) ადგილია, სადაც ათასწლეულზე მეტი ხნის განმავლობაში ცოცხალი რჩება ეს ტრადიცია. განა ეს არ არის ნამდვილი ღვთის სასწაული?!
ერთ-ერთი ვერსიით, წმინდა ბეუნოს ლოცვით სასწაულებრივად აღდგენილი ქალწული გახდა მონაზონი და შემდგომში - წინამძღვარი ჰოლიუელში, ანუ იქვე, სადაც ადრე ევნო ქრისტესთვის. სხვა ვერსიით, მან შეკრიბა დათა თემი უელსის სხვა ადგილას - გუითერინში, ამჟამინდელ კონვის საგრაფოში. წმინდა სასწაულმოქმედის ნაწილები თავდაპირველად გუითერინში იმყოფებოდა, ხოლო XII საუკუნის დასაწყისში ისინი გადაასვენეს უელსთან მოსაზღვრე ინგლისის შროპშირის საგრაფოს ქალაქ შრუსბერის მონასტერში, ქვეყნის უკიდურეს დასავლეთში. ამ მონასტერში მათგან ხდებოდა მრავალრიცხოვანი განკურნების სასწაულები. წმინდანის ნაწილებისთვის სპეციალურად იყო დამზადებული ლამაზი და მდიდრულად მორთული კიდობანი. წმინდა ვინიფრედას ნაწილების წყალობით შრუსბერი შუა საუკუნეებში გახდა მომლოცველობის ერთ-ერთი მთავარი ცენტრი მთელ ინგლისში, ალბათ მხოლოდ დარემს, კენტერბერისა და უოლსინჰემს ჩამორჩებოდა. მრავალი საუკუნის განმავლობაში როგორც წმინდა ვინიფრედას წყარო უელსში, ისე წმინდანის ნაწილები შრუსბერიში ყოველწლიურად იზიდავდა ათასობით მომლოცველს. ამ წმინდანის მიერ აღსრულებული მრავალრიცხოვანი სასწაულების წყალობით მისი თაყვანისცემა გავრცელდა მთელ უელსსა და ინგლისის მრავალ რაიონში, მიაღწია კენტერბერამდეც კი. გასაოცარია ის ფაქტი, რომ თუმცა ჩვენ ძალიან ცოტა ვიცით ამ დიდი წმინდანის მიწიერი ცხოვრების შესახებ, უფალმა გააცხადა მისი სიწმინდე მაშინვე მისი გარდაცვალების შემდეგ, და ის კვლავ რჩება მრავალი მორწმუნის ერთგულ შუამდგომლად, რომლებიც მიდიან მის წმინდა ადგილებში ან უბრალოდ მოუხმობენ მას ლოცვებში!
გვიან შუა საუკუნეებში ვინიფრედას ნაწილებთან იმდენი მომლოცველი მოედინებოდა, რომ ქალაქ ლადლოუში, შრუსბერის მახლობლად, სპეციალურად მათთვის აშენდა დიდი სასტუმრო. შემორჩენილია მოწმობები იმის შესახებ, რომ მეფე ჰენრი V 1416 წელს ფეხშიშველა გაიარა 50 მილი ვინიფრედას სიწმინდისკენ როგორც უბრალო მომლოცველმა, და იგივე მომლოცველობა ცოტა მოგვიანებით გაიმეორა ედუარდ IV-მ. მეფე ჰენრი VIII-მ რეფორმაციის დროს დაშალა შრუსბერის მონასტერი, სამონასტრო ეკლესია გახდა სამრევლო. მაგრამ მომლოცველობები წყაროსთან ჰოლიუელში არ შეწყვეტილა. მაგალითად, 1629 წელს, ბრიტანეთში წმინდანთა თაყვანისცემის ოფიციალური შეწყვეტიდან თითქმის 100 წლის შემდეგ, წმინდა ვინიფრედას ხსენების დღეს მის წყაროსთან მივიდა 14 000 მომლოცველი, მღვდლებისა და მათი ოჯახების გარდა! ნახევარი საუკუნის შემდეგ მეფე ჯეიმზ II თავის მეუღლე მერისთან ერთად ჩავიდა შრუსბერიში სალოცავად მემკვიდრის მოსაპოვებლად, და უკვე მომდევნო წელს მერიმ შვილი გააჩინა. კიდევ დაახლოებით ერთნახევარი საუკუნის შემდეგ წყარო მოინახულა ცხრა წლის პრინცესა ვიქტორიამ, ინგლისის მომავალმა დედოფალმა (1819-1901).
სამლოცველო და წყარო ჰოლიუელში ამჟამად მუდმივად მოინახულება მართლმადიდებელი და სხვა აღმსარებლობის მომლოცველების მიერ. არსებობს მრავალრიცხოვანი მოწმობა თანამედროვე სასწაულების შესახებ, რომლებიც ხდება ამ წმინდა ადგილას. რეგულარულ მომლოცველობებს წყაროზე ასრულებს, მაგალითად, წმინდა დიდმოწამე დიდი თავადის ელისაბედ თეოდორეს ასულის სახელობის მრევლი ინგლისის მერსისაიდის საგრაფოს ქალაქ უოლასიში (რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესია საზღვარგარეთ) - მრევლის მეორე მფარველი არის წმინდა ვინიფრედა. მრავალი მორწმუნე ძველთაგანვე უწოდებს ჰოლიუელს "უელსურ ლურდს" მისი პოპულარობის გამო.
საინტერესოა, რომ ღრმა და საბანაოდ მოხერხებული ჰოლიუელის წყარო - არ არის ერთადერთი წყარო, რომელიც დაკავშირებულია ვინიფრედასთან. მისდამი მიძღვნილი წყაროები არსებობს ასევე შემდეგ ადგილებში: შროპშირის საგრაფოს სოფელ ვულსტონში (გადმოცემით, როდესაც წმინდანის ნაწილებს გადაასვენებდნენ შრუსბერიში, პროცესია ღამით გაჩერდა ამ ადგილას, ხოლო მეორე დილით აქ გაჩნდა წმინდა წყარო), რომელშიც განბანვის შემდეგ სნეულებს უშუშდებათ არა მხოლოდ ჭრილობები და დაჟეჟილობები, არამედ სახსრების მოტეხილობებიც კი; ასევე წყარო ამჟამად მოუქმედ ჰოლიუელ-ფარმში ჩეშირის საგრაფოს სოფლებს ტეტინჰოლსა და კლატონს შორის.
დიდი სამონასტრო ეკლესია ცხოველმყოფელი ჯვრის სახელობისა ქალაქ შრუსბერიში, რომელსაც უკვე 900 წელზე მეტი ხნისაა, ასევე მუდმივად მოინახულება სხვადასხვა დენომინაციის მომლოცველების მიერ. ამ ძალიან სასიამოვნო და საინტერესო ეკლესიაში ინახება წმინდა ვინიფრედას ბრწყინვალე კიდობნის ნაწილი, რომელიც გადარჩა რეფორმაციის შემდეგ. შრუსბერის მონასტრიდან შემორჩენილია ასევე ზოგიერთი ნაგებობა, მაგალითად ყოფილი სატრაპეზოს კათედრა და კედლის ნაწილი. წმინდა ვინიფრედას თითი ინახება შრუსბერის რომაულ-კათოლიკურ საკათედრო ტაძარში. ეს ქალაქი დაკავშირებულია ასევე ორ სხვა ძველ მართლმადიდებელ წმინდანთან, რომელთა სახელზეც აქ ნაკურთხია ტაძრები: ესენია წმინდა ჩედი და მოწამე ალკმუნდი.
ქალაქში მოქმედებს ბერძნული მართლმადიდებლური მრევლი პირველი მსოფლიო საეკლესიო კრების წმინდა მამების სახელობისა. ყოფილი დაცარიელებული ანგლიკანური ეკლესია, რომელიც ამ მრევლმა შეისყიდა 1990-იან წლებში, თარიღდება საქსონური პერიოდით, ასე რომ ეს არის პირველი და ჯერჯერობით, სავარაუდოდ, ერთადერთი ეკლესია მთელ ინგლისში, რომელიც თავდაპირველად დაარსდა როგორც მართლმადიდებლური და ათასი წლის შემდეგ კვლავ გახდა მართლმადიდებლური! როგორც ვხედავთ, შრუსბერი არის კიდევ ერთი უნიკალური, იშვიათი, მშვიდი ადგილი, სადაც გრძელდება ძველი მართლმადიდებლური ტრადიცია ამ კუნძულებზე. შრუსბერი ასევე ერთ-ერთი ულამაზესი ქალაქია ინგლისში, მას შენარჩუნებული აქვს შუასაუკუნეობრივი იერსახე, საყვარელი ძველი არქიტექტურა და ქუჩების თავდაპირველი დაგეგმარება. შრუსბერი ასევე ყვავილების ქალაქია, რომლებიც აქ ყველგან შეიძლება ნახოთ.
წმინდა ვინეფრიდას სახელზე სულ მცირე ექვსი ძველი ტაძარია ნაკურთხი. ამ წმინდანისთვის შედგენილია მართლმადიდებლური წირვა ინგლისურ ენაზე.
წმინდა დედა ვინეფრიდა, ევედრე ღმერთს ჩვენთვის!
ჰოვარდ ჰავსი
შენიშვნა:
[1] გვიანდელი ცხოვრების თანახმად, ის იყო ერთ-ერთი ადგილობრივი პრინცის ვაჟი და მას ერქვა კარადოკი.
სტატიის წყარო: НЕПРЕРЫВАЮЩАЯСЯ ТРАДИЦИЯ: МУЧЕНИЦА ВИНЕФРИДА ВАЛЛИЙСКАЯ И ЕЕ СВЯТОЙ ИСТОЧНИК В ХОЛИВЕЛЛЕ