წმინდა შიოს დაყუდება მღვიმეში მამები უკან გაბრუნებას აპირებდნენ, ნეტარი შიო შეევედრა წმინდა იოანეს, რათა მიეცა მისთვის დაყუდებული ცხოვრების უფლება. მან უთხრა:
-ღმერთმა შეგისრულოს, შვილო, თხოვნა და მოგცეს მოთმინება შეუბრკოლებელი, რათა აქ გაჭირვებით ცხოვრებისათვის საუკუნო ცხოვრებაში ჰპოვო შვება დაუსრულებელი და მართალთა თანა სიხარული, ოღონდ წადი და პირველად მოახსენე ჩვენს მამამთავარს, წმინდა პატრიარქს და თუ გიბრძანებს შენგან არჩეული გზით ცხოვრებას, იცოდე, რომ ღვთის ნებაა. ხოლო კათალიკოსის გარეშე ნუ გააკეთებ მაგას, რადგან მისი მორჩილება გვევალება, როგორც ყველას-მამისა.
რაც გითხრას, ის მიიღე სიხარულით. რადგან ყველას მოძღვარი პავლეც იმავეს გვასწავლის-"დაემორჩილენით წინამძღვართა თქვენთა და ერჩდით მათ, რამეთუ იგინი იღვიძებენ სულთა თქვენთათვის" (ებრ. 13,17).
ამასთან, წმინდა იოანე ასწავლიდა მას, რომ დაეცვა გონება ყოველგვარი ხორციელი და ქვეყნიური საზრუნავებისაგან და როგორც სამარეში მდებარე მიცვალებულს, ისე უნდა მოეძულებინა ყოველივე მიწიერი და ხილული, რადგან ასეთია დაყუდების წესი.
ასეთი სწავლა-დარიგებები მიიღო ნეტარმა შიომ წმინდა იოანესგან, ფეხებში ჩაუვარდა მას და ტირილით ემთხვია, შემდეგ კი მოიკითხა ყველა იქ მყოფი უკანასკნელი მოკითხვით, რადგან გრძნობდა, რომ მათთან შეხვედრა აღარ მოუწევდა.
გამოეთხოვა ყველას: "ილოცე ჩვენთვის, რათა მოთმინებითა და მხნედ დაყუდებულ მოღვაწეობაში დაუბრკოლებლად გავატარო ჩემი ცხოვრების დარჩენილი დღეები და თუ ამას დალოცავს წმინდა მამამთავარიც".
შემდეგ მათგან ლოცვა-კურთხევა მიიღო, წავიდა კათოლიკე ეკლესიაში და თვალცრემლიანმა თაყვანი სცა წმინდა და ყოვლადპატიოსან სვეტს, გულამომჯდარი ევედრებოდა ღმერთს, რათა ღირსი გაეხადა დაყუდებაში გაელია ხორციელი ცხოვრება ისე, რომ ეს სათნო ყოფილიყო უფლისთვის.
ამის შემდეგ შევიდა მამამთავართან, რომელმაც სიხარულით მიიღო იგი. ერთმანეთი მოიკითხეს. მერე ნეტარმა შიომ გაანდო თავისი სურვილი დაყუდებული ცხოვრებისა, რომ ღირსმა იოანემ გამოგზავნა მასთან საკითხავად და მხოლოდ მისი ბრძანებით შეუდგებოდა დაყუდებულ ცხოვრებას.
წმინდა მამამთავარი ოხრავდა და იცრემლებოდა, რადგან მოისმინა ნეტარი შიოს სურვილი-ქრისტეს სიყვარულისათვის საკუთარი თავის მოძულებისა, ჩასულიყო მეტად ღრმა და ბნელ მღვიმეში და დაყუდებულიყო იქ.
ნეტარმა მამამთავარმა თვალცრემლიანმა მიხედა ღირს შიოს და უთხრა:
-იარე, მამაო, იარე კეთილ და ვიწრო გზაზე, რამაც საუკუნო ცხოვრებაში უნდა მიგიყვანოს, რომელზეც მცირედნი დადიან, რომელთაც დაუმორჩილებიათ მძიმე და უხეში სხეული. ჰყავ მღვიმე იგი ზეციურ სასუფეველში შენს ამყვანებელ კიბედ, ხოლო მღვიმის სიბნელემ მიგიყვანოს დაუღამებელ ნათელთან და ამ დროებითი გასაჭირით მოიპოვე საუკუნო შვება და წარუვალი სიხარული, რომელსაც იღებენ ისინი, რომელთაც იცხოვრეს ღვთისათვის მოსაწონი ცხოვრებით.
ამის გამგონე შიომ გაიხარა სულით და სთხოვა კათალიკოსს, ელოცა, რათა უფალს მიეცა მისთვის მოთმინება მომავალი ღვაწლისათვის. კურთხევის მიღების შემდეგ წავიდა თავის უდაბნოში, სიყვარულით მოიკითხა ძმები და უსურვა მათ სიკეთე სულებისათვის. ამის შემდეგ მშვიდად ესაუბრა მათ:
-ძმებო, მამებო და სულიერო შვილებო, ჩვენი წმინდა მამებისა და წმინდა მამამთავრის ლოცვით ვაპირებ დაყუდებულ ცხოვრებას, ამიტომ თქვენ, საყვარელნო, მოერიდეთ მტრის ყოველგვარ მახეებს, ყველაზე მეტად შეიძინეთ სიმდაბლე, მორჩილება და საღვთო სიმშვიდე, რომელიც დაჰფარავს რისხვას, და სიყვარული, რითაც შეიძინება ღმერთი, სიყვარულად წოდებული.
ამასთან, შეიყვარეთ სულის განმწმედელი მარხვა, რომელიც აღმოფხვრის არაწმინდებას. და თქვენი ლოცვებისას მოიპოვეთ გონების სიწმინდე და ის, რომ არ გაჩნდნენ თქვენში ბოროტი გულისთქმანი, რითაც მოისპობა ეშმაკის ყოველი ძალა.
მუდამ უნდა ტიროდეთ, რადგან ამით შეიძენს კაცი საუკუნო სიხარულს. აკი, ბრძანებს უფალი: "ნეტარ იყვნენ მგლოვარენი გულითაო" (მთ. 5,3). მოიპოვეთ სიგლახაკე, რათა დამკვიდრდეთ ზეციურ სასუფეველში. მოიძულეთ ქვეყნიური საზრუნავები და შფოთი, რათა არ შეცდეთ მათ მიერ.
საღვთო წერილში გაიწაფეთ, რადგან ის აფხიზლებს გონებას. ბოროტ გულისთქმებს ნუ მიუშვებთ გონებასთან. ხორცით იყავით წმინდა, როგორც ამბობს წინასწარმეტყველი: "განიბანენით, განიწმიდენით და მოისპეთ ყოველივე გულარძნილება სულთაგან თქუენთა" (ის. 1,16), რადგან თუ თქვენს სხეულს დაიცავთ წმინდად, გაბრწყინებულნი სულითა და მხიარულნი ანთებული ლამპრებით შეხვალთ უფლის ქორწილში უკვდავი სიძის შესახვედრად.
გონებით მღვიძარენი იყავით და მუდამ მომლოდინენი უცნობი დღისა და ჟამისა, რადგან არ იცით, უფალი როდის მოვა, რომ არ გიპოვოთ მან თქვენი სიმდიდრის უქმად გამფლანგველნი და ნიჭისა და ტალანტის უსარგებლოდ დამმარხველნი, რისი კეთილად გამოყენების მცნებაცა გვაქვს მოცემული.
თუ ვინმე არ შეასრულებს ღვთის მცნებებს, მოვიდეს ჟამსა, რომელსაც იგი არ მოელოდეს, და ორად განმკვეთელი მის ერთ ნაწილს დასდებს ორგულებთან, სიკვდილის უმწარესი მახვილით გამოგლეჯს სულებს უნანელთა და უდებთა სხეულებისაგან და წარავლენს მათ ბნელსა მას გარესკნელსა, სადაც-ჰოი, მე უბადრუკს!-იქნება ტირილი და ღრჭენა კბილთა.
მუდამ თვალწინ უნდა გედგათ სიკვდილის ხსოვნა და ის საზარელი დღე.
სიკვდილის კი არ უნდა გეშინოდეთ, არამედ უფროღა გეშინოდეთ საუკუნო სასჯელისა, რომელიც მისგან მოდის. მოითმინეთ ეს ხანმოკლე ტკივილები, რადგან გაუჭირვებლად შეუძლებელია მოიპოვოს კაცმა საუკუნო ცხოვრება, როგორც ამას ამბობს წმინდა წერილი, რომ: "მოთმინებითა თქვენითა მოიპოვეთ სულნი თქვენნი" (ლკ. 21,19) და კიდევ: "მრავლითა ჭირითა გვიღირს შესვლაი სასუფეველსა ცათასა" (საქმე. 14,22).
იცოდეთ, ძმებო, მტკიცედ, რომ აქ ყველაფერი წარმავალია და დაუდგრომელი, საუკუნო ცხოვრება კი წარუვალია და მუდმივი. და ზოგიერთ ჩვენგანს მომავალში მოელის საუკუნო შვება, ზოგს კი საუკუნო სასჯელი იმ საქმეების მიხედვით, რომლებიც მოიმოქმედეს ამ წუთისოფელში. მითხარით, ჰოი, საყვარელნო, თუ დღეს კაცი ყოველმხრივ შვებასა და მოსვენებაში იქნება და დახარჯავს მთელ მონაგებს, ისე რომ აღარაფერი შერჩეს ხვალისათვის, და შიმშილითა და სხვა სიავეთა ნახვით იტანჯებოდეს, რამეში გამოადგება იმ ერთი დღის მოსვენება შემდგომ დღეებში?
ამიტომ იცოდეთ, ასევეა ჩვენი ამ წუთისოფელში ცხოვრება, რადგან თუ აქ შვებაში მყოფნი არ ვიზრუნებთ იმისათვის, რაც მომავალში გველის და არ დავიცავთ საუკუნო ცხოვრებისათვის ჩვენს ქონებას უსამართლო ვერცხლისმოყვარეობის ბოროტებისგან, შიმშილით დავიღუპებით და ვერაფერს გვარგებს ხორციელი სიკეთენი, უფრო დავიტანჯებით, ვითარცა გაუმაძღრობითა და ნაყროვანებით მცხოვრებნი.
ამ და სხვა მსგავსი სწავლებებით განამტკიცა ღირსმა შიომ მონაზვნები, რის შემდეგაც უთხრა მათ: "გამოირჩიეთ ძმებიდან ერთი, რომელიც იღვაწებს თქვენი ცხონებისათვის, რადგან მე ამიერიდან მომიწევს ჩასვლა მღვიმეში, რომელიც მოვამზადე სამყოფლად და სასაფლაოდ ჩემთვის".
ეს მეტად საზარელი ამბავი რომ მოისმინეს, დიდად შეწუხდნენ ნეტარი ევაგრე და მონასტრის ძმები, დაიწყეს მწარედ ტირილი და უთხრეს ნეტარ შიოს:
-წმინდაო მამაო, რა განგიზრახავს ეგ, ვის გაუგონია, რომ ცოცხლად ჯოჯოხეთში დაიმარხო შენი ცხოვრება, უფრო მეტად ახლა, როცა მოხუცებულს გეკუთვნის შრომისაგან დასვენება? განა არ არის საკმარისი ის დიდი ღვაწლი, რასაც ეწევი და რაც უცხოა ადამიანის ბუნებისათვის? ვაითუ, არც ღმერთს მოეწონოს ასეთი ღვაწლი, რომელიც დღემდე არავის უქმნია. და კიდევ ამდენი მოღვაწის სულები, რომლებიც შენი მადლით არიან ამ უდაბნოში შეკრებილნი, როცა ვეღარ დაგინახავენ და ვეღარც შენს ტკბილ სწავლას მოისმენენ, გაიფანტებიან, ვითარცა ცხვრები, რომელთაც მწყემსი არ ჰყავთ.
ამას და ამის მსგავსს ბევრს ეუბნებოდნენ თვალცრემლიანნი წმინდა შიოს მონასტრის ძმები და ევედრებოდნენ, ობლად არ დაგვტოვო, არ ჩახვიდე მღვიმეშიო.
გაგრძელება იხილეთ შემდეგ გვერდზე