გაიხსენეთ, უფალნო ჩემნო, როცა ერიდან გამოდიოდით, როგორ აღუთქვით ღმერთს, რომ უბრალო ნივთსაც კი არ იქონიებდით, არამედ საერთოს დასჯერდებოდით, როგორც არის დაწერილი: "და იყვნეს ყოველთა სულნი და გულნი ერთ".
ნუ გაკლიათ სასოება ქრისტესი და ნუ გეიმედებათ სიმდიდრისა და მონაგებისა, რადგან ეს არის ყოველი ბოროტების მშობელი და იგი აჭუჭყიანებს უმანკოთა გონებას, რადგან პირველად რაიმე მცირე ნივთის (სახმარის) ქონების სურვილს გაუჩენს კაცს და ამბობს იგი: ეს არაფერია. შემდეგ სხვასაც შეიძენს და იტყვის: ეს არ არის სიმდიდრე, არამედ სხეულისათვის არის აუცილებელი. შემდეგ ისევ რაღაცას იყიდის და იტყვის: არ ივარგებდა კაცისათვის ამის გარეშე ყოფნა და სხვისი ხელისათვის ეცქირა, არამედ უმჯობესია ჩემთვისაც შევიძინო და შემდეგ გავისარჯო გლახაკებისათვის.
ამის შემდეგ ვინმეს ასესხებს და სურს ნამატით მიღება მისი, და ამბობს: არავისთვის წამირთმევია, არამედ ჩემია და არ ჰქვია ამას ვახში და სარგებელი. და კიდევ იტყვის: ვინმეს მივცემ ამას, რათა ახლა ამით ვიარსებო, ხოლო ბოლოს სხვებმა გასცენ ჩემთვის.
ჰოი, ბოროტ უბადრუკებას, რადგან ხშირად ერთი დანგის გამეტებაც კი არ უნდათ სხვისთვის და ასე მცირე ანგარიშებსა და ყველაზე მეტს-კერპთმსახურებას მისდევენ ისე, რომ არც კი იციან. ერიდეთ, ძმანო, ამ სულის დამღუპველ სენს, რომელიც შეიძინა იუდამ და ნახეთ, თუ ჯოჯოხეთის როგორი სიღრმისათვის გაიმეტა მან თავი.
ნუ იქნება თქვენ შორის შეკრება ვაჭართა და ვაჭრობანი. ყველაზე მეტად ეცადეთ, შეიძინოთ ცათა სასუფეველი, რადგან რა უნდა შეიძინოს კაცმა, მთელი ქვეყანაც რომ იყოს მისი, რა შეიძლება გავიყოლოთ ამ ქვეყნიდან, კეთილი საქმეების გარდა, რომელთა სასყიდელსაც იქ მივიღებთ? შეიყვარეთ უპოვარება, რომელიც ღმერთთან აახლოებს ადამიანს.
აკი გვესმის წმინდა მამების ცხოვრებიდან, რომ ამით მოიპოვეს ღმერთი.და თუ ასე იქნებით, თქვენც მოგიახლოვდებათ უფალი. თუ მხოლოდ მასზე გექნებათ სასოება, თქვენი ლოცვები, როგორც სურნელოვანი საკმეველი, მიაღწევს მის წინაშე, რამეთუ იტყვის: "ამან გლახაკმან ხმა-ჰყო და უფალმან ისმინა მისი და ყოველთა ჭირთა მისთაგან იხსნა იგი".
ამიტომ, გამამდიდრებელი სიგლახაკე შეიყვარეთ, რათა ამით შეიძინოთ შემუსვრილი გული და მდაბალი სული, რომელსაც არ შეურაცხყოფს უფალი.
ერიდეთ, ძმებო, ამქვეყნიური გულისთქმის ხრწნილებას, განისწავლეთ მოციქულთა სიტყვით, "ჰყავთ სარწმუნოებასა თქვენსა შინა სათნოება", სათნოებაში-მეცნიერება, მეცნიერებაში-მარხვა, მარხვაში-მოთმინება, მოთმინებაში-ღვთისმსახურება, ღვთის მსახურებაში-ძმათმოყვარება, ძმათმოყვარებაში-სიყვარული.
თუ გექნებათ სიყვარული, თქვენში დამკვიდრდება ღმერთი.
ამ მცნებებში გამოაწვრთეთ თითოეულმა საკუთარი თავი და ერთმანეთისათვის იყავით კეთილი მაგალითი, ერთმანეთს კარგი ასწავლეთ და არა ბოროტება და სულთა დამღუპველი სიმთვრალე, საიდანაც ხდება არაწმინდებანი. ნუ შეუშვებთ თქვენში ეშმაკს, ნუ იქნება თქვენში ცილობა;
ნუ დარჩებით განრისხებულნი მზის ჩასვლამდე; ნუ ხართ მდრტვინველნი, ურჩნი, მოპაექრენი და უხუცესების მიმართ წინააღმდეგნი; ნუ გიყვართ გასვლა სოფელში, რომელსაც განერიდეთ; ნუ იქნება თქვენ შორის შური და წინააღმდეგობა; კეთილ საქმეში იყავით მოშურნე და მიმბაძველები და ასევე ერთმანეთის გადარჩენაში; რაც გისწავლიათ ქრისტესაგან, ისე მოიქეცით და ერთმანეთსაც ის ასწავლეთ, რათა გეწოდოთ ღვთის ძე და სასუფევლის შვილი; მოიძულეთ ყოველი ამქვეყნიური შვება და შეიყვარეთ ქრისტეს მცნებები ისე, როგორც წმინდა მამებმა და ჩვენმა მოძღვრებმა შეიყვარეს და შეასრულეს და დაიმკვიდრეს სასუფეველი, რადგან რამდენადაც ამქვეყნიურს განერიდებით, იმდენად მოიპოვებთ სულიერს.
ხოლო თუ ამქვეყნიურად იფიქრებთ და მოიქცევით, გაგშორდებათ ზეციური, რადგან დაწერილია, რომ ამ ქვეყნის სიყვარული ღვთის მტრობაა. ზიდეთ ჩვენი უფლის, იესოს ჭრილობები ხორცთა შინა თქვენთა, როგორც ამბობს პავლე: ყოველივე მოითმინეთ ქრისტეს სიყვარულისათვის, რადგან მან ჩვენი სიყვარულისათვის დაითმინა გინება და საყვედური, ცემა, დაცინვა, ძმარი და ნაღველი, ჯვარზე დასჯა და სიკვდილი. ეს ყველაფერი და ამაზე მეტიც მან მოითმინა ჩვენთვის, ჩვენს გადასარჩენად. ჩვენც მოვითმინოთ, ძმებო, მისი სახელისათვის სიღარიბე, სიშიშვლე, წყურვილი, დაცინვა, შეურაცხყოფა, გინება და საყვედური, რათა ბოლოს, როგორც თავად აღგვითქვა, მივიღოთ ნეტარება და ვიხაროდეთ ცათა სასუფეველში.
ნუ დაბრკოლდებით, ძმებო, როცა ღმერთი თქვენ გასწავლით. ისმინეთ წმინდა წერილისა: "მხილებათა მიერ უსჯულოებისათვის განსწავლე კაცი". უფლის ძმა იაკობი ამბობს: "უკეთუ განვიცდებოდით, თვისთაგან გულის-თქუმათა განვიცდებით" (იაკ. 1,14). ამიტომ უფალი გვასწავლის თუ გვცდის, ყოველთვის გვმართებს დიდი სიფრთხილე, ლოცვა უნდა დავიწყოთ და არა უსარგებლო შფოთი, რომელსაც მოაქვს მეტი განსაცდელი.
მოწყინების გარეშე ილოცეთ, ძმებო, რათა არ შეხვიდეთ განსაცდელში. ნუ ითხოვთ ლოცვისას იმას, რაც თქვენ გსურთ, არამედ ითხოვეთ ის, რაც სურს უფალს, რადგან მას თავისი გაჩენილისათვის სიკეთე უნდა.
ნამდვილად გჯეროდეთ, ძმებო, რომ ჩვენი აღთქმანი ჩაიწერეს წმინდა ანგელოზებმა და მიართვეს უფალს, და დაფარულნი არიან უფლის მოსვლის დღემდე. ხოლო ჩვენი მცველი ანგელოზები აღწერენ ჩვენს ცხოვრებას და ესეც უფლის მოსვლის დღისათვის ინახება.
ადამიანთა მოდგმის მტერი და მომჩივანი ჩვენი, ჩვენი ადრეული მსაჯული, ყველაფერს, რამდენსაც გვაცდუნებს და საღვთო გზიდან გადაგვიყვანს, ყველაფერ ამას იწერს, ისიც ინახავს უფლის მიერ საყოველთაო განკითხვის დღემდე.
ამიტომ, ძმებო, გვეშინოდეს ამ სამი ხელნაწერისა, რადგან მაშინ მარტო სამართალი იქნება და არა წყალობა, დღეს შეიძლება მივიღოთ შეწყალება, ხოლო მაშინ იქნება ჟამი მშვიდობისა.
მაშინ არც ქრთამი გაჭრის, არც სიტყვის მიგება, არც ცრემლებს გაუწევენ ანგარიშს, არც დრო მოგვეცემა, არამედ ყველანი წარვდგებით ღვთის სამსჯავროზე შიშვლები და თავმოდრეკილნი და გაიხსნება წიგნები თითოეულისა საქმეთანი და ყველას მოეთხოვება თავისი ვალი, თავისი აღთქმა და თავისი საქმენი.
მაშინ გაისმება საშინელი ხმა, რომელიც განმართლებულებს სასუფეველში შესვლას მოუწოდებს, ხოლო ცოდვილებს დაუშრეტელ ცეცხლში განდევნის.
ვაი ჩემდა, ძმანო, როგორ მაძრწუნებს ის დღე, ვაითუ აღმოვჩნდე მარცხნივ და მომესმას ხმა, რომელიც გამაგზავნის საუკუნო სატანჯველში. რაღა ვქნა მე უბედურმა მაშინ, რადგან იმ სასჯელს არ ექნება დასასრული, აღარ იქნება სიხარული, უკან აღარ დაბრუნდება საუკუნო იგი, ხელახლა არ განკაცდება ქრისტე, აღარ შეიცვლება ერთხელ გადაწყვეტილი, რადგან, როგორც ღმერთია უცვლელი, ასევე აღარ შეიცვლება იმ დროის განაჩენი, არცა მართალთა ზედა და არცა ცოდვილთა ზედა.
გვეშინოდეს, შვილებო, რომ, რაც ჩვენი ნებით აღვუთქვით, ჩვენი ნების გარეშე არ მოგვკითხონ მისთვის პასუხი. ვიღვაწოთ მცირე ხანს, რათა საუკუნო ცხოვრებაში მივიღოთ წმინდანებისათვის გამზადებული სასუფეველი, შვება დაუსრულებელი და სამოთხის სიკეთენი, როგორც ამბობს მოციქული: "რომელი თუალმან არა იხილა და ყურსა არა ესმა და გულსა კაცისასა არა მოუხდა" (I კორ. 2,9).
ნუ გვიჭირს მცირე ხანს ხორციელი გასაჭირის დათმენა, რადგან, რაც იღვაწეთ, იმაზე ასჯერ მეტია თქვენთვის გამზადებული.
ასე ესაუბრა მათ დიდხანს, ანუგეშა ისინი და სწავლით განამტკიცა. მას მერე მონასტრის ძმებს ევაგრე გაუძღვებოდა დიდი მონდომებით და "ყოვლითურთ კეთილად მსახურებით", აარიდებდა მათ ეშმაკის ყოველ სივერაგესა და მზაკვრობას.
დიდად სათნო ეყო უფალს ევაგრე მონასტრის კეთილად მართვითა და პირმეტყველი სამწყსოს წინ გაძღოლით.
დასასრული იხილეთ შემდეგ გვერდზე