"კურთხეულ ხარ შენ, ყოვლადწმიდაო ღვთისმშობელო ქალწულო, დედოფალო მარიამ, რამეთუ განხორციელებითა შენგან ქრისტეს ღმრთისაითა სოფელი განთავისუფლდა ცოდვისაგან, და ყოველი ზიარვიქმნენით
ანგელოზთა, და უხრწნელებასა ღირს ვიქმნენით, და სამოთხეი მოვიღეთ! შენ გევედრებით, დედაო ნათლისაო, ნათლისმცემელისა იოანეს თანა დიდებულისა, მეოხებად ნუ დასცხრები წინაშე სამებისა წმიდისა ჩუენთვის, რომელნი ესე ვითხოვთ შენგან წყალობასა!" - ამ სავედრებლით ადიდა ღვთისმშობელი წმინდა შიო მღვიმელმა, როცა ყოვლადწმინდა მარიამი ნათლისმცემელ იოანესთან ერთად გამოეცხადა.
ცამეტ ასურელ მამათაგან ყველაზე მეტი სასწაული შიო მღვიმელის სახელს უკავშირდება. სასწაული იყო მისი მისვლა იოანე ზედაზნელთან ჯერ კიდევ ანტიოქიაში. "შვილო შიო, - სიხარულით მიმართა წინასწარჭვრეტის მადლით დაჯილდოებულმა იოანემ, - ნეტარ ხარ შენ, რადგან დიდი იქნები ღვთის წინაშე და მეც ნეტარ ვარ, რადგან მამად ვიწოდები ასეთი დიდი მამისაო". მოძღვრის წინასწარმეტყველების თანახმად, წმინდა შიომ მართლაც დიდ სულიერ წარმატებას მიაღწია.
მაისის ერთ დღეს საქართველოში ჩამოსულმა იოანემ 12 მოწაფესთან ერთად სამოღვაწეოდ ზედაზნის მთას მიაშურა, სადაც უწინ ზადენის კერპი იყო აღმართული და ეშმაკები ბუდობდნენ. ზედაზენზე მისასვლელად მამებს ადიდებული არაგვი უნდა გადაელახათ. მამა იოანემ ღირს შიოს მიმართა: "ილოცე, მამაო, რომ ღმერთმა მშვიდობით გადაგვიყვანოს". წმინდა შიო უსიტყვოდ დაემორჩილა მოძღვარს, აღმოსავლეთით სამჯერ მოიდრიკა მუხლი, წყალს ჯვარი გადასახა და წარმოთქვა: "ჩვენი მამა იოანე გიბრძანებს, წყალო, რათა დინება შეაჩერო". სასწაული იხილეს წმინდა მამების გასაცილებლად მდინარის ნაპირზე მდგარმა კათოლიკოსმა, ეპისკოპოსებმა და ხალხმა - ადიდებული არაგვი შეჩერდა, სანამ მამები ნაპირზე არ გადავიდნენ.
განმარტოებით ცხოვრების მოსურნე წმინდა შიო, თავისი მოძღვრის იოანე ზედაზნელის კურთხევით, მცხეთის დასავლეთით, სარკინეთის კლდეებში ნაპოვნ მღვიმეში დამკვიდრდა. კლდოვანი, მიუვალი, უწყლო ადგილი სავსე იყო მხეცებით. ამ გამოქვაბულში წმინდა შიომ სამოცი დღე გაატარა საჭმლისა და საკვების გარეშე. განუწყვეტლივ გულმხურვალედ გალობდა ფსალმუნებს: "უფალი ნათელ ჩემდა და მაცხოვარ ჩემდა; ვისა მეშინოდის? უფალი შესავედრებელ არს ცხოვრებისა ჩემისა: ვისგან შევძრწუნდე?.. გან-თუ-ეწყოს ჩემ ზედა ბანაკი, არა შეეშინოს გულსა ჩემსა, აღ-თუ-დგეს ჩემ ზედა ბრძოლაი, ამისთვისცა მე შენ გესავ".
არ დარჩენილა ბოროტების არც ერთი სახე, რომელსაც წმინდა ბერი არ შებრძოლებოდეს. ბოლოს ეშმაკი დაემუქრა, რომ მეორე დღეს მასაც მოკლავდა და მის მოძღვარსაც. ის ღამე მამა შიომ გამოქვაბულის წინ ლოცვაში გაატარა. გამთენიისას ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი და იოანე ნათლისმცემელი გამოეცხადნენ. შეშინებული ბერი მათ წინაშე დაემხო. ამ დროს გაისმა ანგელოზთა გალობა. ზეციურმა დედოფალმა კვერთხის წვერი შეახო წმინდანს, გაამხნევა და თოვლის მსგავსი რამ მისცა ნიშნად იმისა, რომ ამიერიდან საკვებს ზეციდან მიიღებდა. დედა ღვთისამ აღადგინა მაცხოვრის ერთგული მონა და ამცნო, რომ ეს უდაბნო ღმერთშემოსილი ხალხით აღივსებოდა და მისი მაქებელი იქნებოდა უკუნისამდე. ღირსმა მამამ დიდი მოკრძალებით იხმია ზეციური საზრდო და მისი პირი "დატკბა მიუწთომელითა რაითამე სიტკბოებითა". ამიერიდან, ღვთის ნებით, ღირს შიოს მტრედი უზიდავდა საკვებს.
გამხნევებული წმინდა მამა კიდევ უფრო გულმოდგინედ მოღვაწეობდა მარტო იმ საშინელ ხევში დაახლოებით ათი წელი. მართლაც, ყოვლადწმინდა მარიამის სიტყვების თანახმად, ბერული ცხოვრების მოსურნე უამრავმა ადამიანმა მიაშურა წმინდა მამის სამყოფელს. გამრავლდა და გაძლიერდა ბერთა კრებული.
ძმებს ერთი გასაჭირი ჰქონდათ - ახლომახლო წყარო არ იყო და ამიტომ წყალი შორიდან მოჰქონდათ. ერთ დღეს ღირსმა შიომ დაინახა ერთი ძმა, რომელსაც ეშმაკმა ფეხი წამოსდო და მდინარიდან დიდი წვალებით ამოტანილი წყალი დაუქცია. შეებრალა დამწუხრებული ბერი და ატირდა. მაშინ დაინახა, რომ იქვე, კლდის მახლობლად, მისი მფარველი ანგელოზი კვერთხით კლდის ძირში მიწას თხრიდა. დაამშვიდა ბერი წმინდა შიომ, რადგან მიხვდა, რომ მოწყალე უფალმა ანგელოზი მოავლინა და მათი ცრემლის სანაცვლოდ წყარო აღმოაცენა, რომელიც დღესაც, თხუთმეტი საუკუნის შემდეგაც, დის შიომღვიმის მამათა მონასტერში. "ცრემლის წყაროს" სამკურნალო ძალა აქვს.
თვით ტაძრების აშენებაც უდიდეს სასწაულებს უკავშირდება. ღირსი შიო ძმებთან ერთად ლიტანიობით ავიდა თავისი გამოქვაბულიდან აღმოსავლეთით მდებარე კლდის წვერზე. გულმხურვალედ მლოცველი მამები ერთხმად ევერდებოდნენ უფალს, ეჩვენებინა მათთვის ტაძრის ასაგები ადგილი. მამა შიომ ხელისგულზე ნაკვერცხლები დაიწყო, ზედ საკმეველი დაადო და აკმია. ცოტა ხნის შემდეგ ცად ასული საკმევლის კვამლი სვეტად ჩამოეშვა და ხევში ძმათა სამკვიდროს დაადგა. ღირსი შიო დიდხანს უკმევდა სასწაულებრივად მინიშნებულ ადგილს, მაგრამ ნაკვერცხალს ხელი არ დაუწვავს. წმინდა მამამ სამგზის დასცა წერაქვი იმ ადგილას, სადაც საკმევლის სვეტი იდგა და ბრძანა, აქ აეშენებინათ ტაძრები წმინდა სამების, ღვთისმშობლისა და წმინდა იოანე ნათლისმცემლის სახელზე. საკმევლის სვეტი სამი დღე უძრავად იყო აღმართული და გამოუთქმელ სურნელებას გამოსცემდა. მესამე დღეს კი ზეცად აიკრიბა. კლდის წვერზე, სადაც წმინდა შიომ საკმეველი აკმია, ძმებმა შემდგომში ჯვართამაღლების ტაძარი ააშენეს.
ძმათა კრებული მრავლდებოდა. ღირსი შიოს სიცოცხლეშივე ბერთა რიცხვმა ორი ათასს მიაღწია.
მონასტრის ძმობას თავს ესხმოდნენ მხეცები და ვირებსა და ცხენებს უჭამდნენ. მამა შიოს ლოცვით, მონასტრის შემოგარენში მცხოვრებმა ყველა მხეცმა მისი მღვიმის წინ მოიყარა თავი. ქედდადრეკილნი ელოდნენ წმინდა ბერის გამოსვლას. მასაც შეებრალა ღვთის ქმნილებები და ასე მიმართა: "ეს უდაბნო ბერებით უნდა გაივსოს, - ასეთია ღვთის ნება, ამიტომ წადით, საყვარელნო, აქედანო". დაიტოვა მხოლოდ ერთი მგელი, რომელიც მონასტრის ვირებს მწყემსავდა. მგელს მამა შიოს მღვიმესთან ეძინა. იქ დღესაც არის მისი ნაწოლი. ექვსი წლის შემდეგ მგელი გაათავისუფლა.
მამა შიო, კათოლიკოსისა და თავისი მოძღვრის, იოანე ზედაზნელის კურთხევით, მიწის სიღრმეში, ბნელ გამოქვაბულში დამკვიდრდა. საძმოს წინამძღვრად დაუდგინა ევაგრე, რომელიც მხოლოდ კვირაობით ესაუბრებოდა წმინდა მამას. ღირსმა მამამ მღვიმის ასასვლელი ამოაშენებინა, მხოლოდ ვიწრო ხვრელი დაატოვებინა, საიდანაც პურს აწვდიდნენ. ასეთ ღვაწლში გაატარა სიცოცხლის დარჩენილი წლები. წმინდა შიოს წინასწარ ეუწყა გარდაცვალების დრო. იმ დღეს დიდხანს ესაუბრა ძმებს, ანუგეშა ისინი, აკურთხა, ეზიარა უფლის სისხლსა და ხორცს და შეჰვედრა სული უფალს. წმინდა შიო, ანდერძისამებრ, თავის მღვიმეშია დასაფლავებული.
ყველიერის ხუთშაბათს საქართველოს სამოციქულო ეკლესია ღირსი მამის შიო მღვიმელის ხსენებას დღესასწაულობს. მისი ლოცვით დღესაც ნათობს შიომღვიმის მამათა მონასტერი და ეს მადლი მთელ საქართველოს ეფინება.
- მთავარი
- ჩვენ შესახებ
- ეკლესია
- ქრისტიანული ცხოვრება
- რწმენა
- წმინდანები
- სხვადასხვა
- ახალი ამბები
- დიასახლისის გვერდი
- სწავლებანი
- ერისკაცობიდან მღვდლობამდე
- ქრისტიანული საიდუმლო
- ქრისტიანული სიმბოლიკა
- ცოდვა
- ისტორია
- ანგელოზები
- ამბიონი
- კითხვა-პასუხი
- ეს უნდა ვიცოდეთ
- ცრუ მოძღვრებები
- სხვა რელიგიები
- სხვადასხვა
- მკითხველის გვერდი
- ეპისტოლენი, ქადაგებები
- ნამდვილი ამბები
- სასწაულები
- წაუკითხეთ პატარებს
- ჩემი სოფელი
- ქართული გვარები
- ქართული ანბანი
- რელიგიურ-ფილოსოფიური ლექსიკონი
- წმინდა წერილი
- წიგნები
- ლოცვანი