სარკინეთი, ძამის ხეობაში მდებარე კლდეში გამოკვეთილი ტაძარია, რომელიც მროველ-ურბნელმა მიტროპოლიტმა იობმა (აქიაშვილი) რამდენიმე წლის წინ ღირსი შიო მღვიმელის სახელზე აკურთხა.
აქვე დაფუძნდა მამათა მონასტერი. ტაძრის კურთხევის დღეს მეუფე იობმა იქადაგა:
"საქართველოში თითოეული ტაძრის გახსნა სულიერი ძალის შემომატებაა. ეს ქართველი ერის გაძლიერებაა. ტაძარი, ერს, მის სულიერ აღზრდას და სულიერად ჩამოყალიბებას ემსახურება. ჩვენ ვმადლობთ უფალს ამ დიდი წყალობისათვის, რამეთუ დღეს ვიმყოფებით ღირსი მამა შიო დიდის საკვირველმოქმედის სახელობის ტაძარში. ვმადლობთ უფალს, ყველაფრისათვის, რამეთუ ასე უხვად გვაძლევს წყალობას, მადლს, რომ გადავრჩეთ, სულიერად გავძლიერდეთ. სწორედ ეს ტაძარი არის დიდი სასწაული, ღვთისგან ბოძებული.ისტორიულად იცით, რომ ქართველი ადამიანი ყველანაირად ცდილობდა ღვთის სახლი განეთავსებინა ყველაზე მაღალ მთაზე, ან კიდევ კლდეში გამოეკვეთა ტაძარი და იქ აღევლინა ღთის დიდება. ვმადლობთ უფალს, რომ ამ ტაძრის გამოკვეთა კლდეში, სწორედ ჩვენმა წინაპრებმა შთაგვაგონეს, სწორედ მათი ლოცვა-კურთხევით, ღირსი მამა შიოს ლოცვით მოხდა ასეთი დიდი სასწაული. ისტორიულად, XIV საუკუნის შემდეგ პირველი შემთხვევაა, კლდეში ტაძარი გამოკვეთილიყო."