ყველიერის ხუთშაბათს ღირსი შიო მღვიმელის ხსენებაა
18.02.2015
ყველიერის ხუთშაბათს - შიოობაა. შიომღვიმის მონასტერში მთელი დღის განმავლობაში გამობრძანებული იქნება ღირსი შიოს წმინდა ნაწილი
და ნებისმიერ მსურველს შეეძლება მიეახლოს და მადლი მიიღოს მისი რწმენის შესაბამისად. შეგეწიოთ წმინდა მამის ლოცვა!
ღირსი შიო ცამეტ ასურელ მამათაგან ერთ-ერთი გახლდათ.ცამეტ ასურელ მამათაგან ყველაზე მეტი სასწაული შიო მღვიმელის სახელს უკავშირდება.
მამა შიო, კათოლიკოსისა და თავისი მოძღვრის, იოანე ზედაზნელის კურთხევით, მიწის სიღრმეში, ბნელ გამოქვაბულში დამკვიდრდა. საძმოს წინამძღვრად დაუდგინა ევაგრე, რომელიც მხოლოდ კვირაობით ესაუბრებოდა წმინდა მამას. ღირსმა მამამ მღვიმის ასასვლელი ამოაშენებინა, მხოლოდ ვიწრო ხვრელი დაატოვებინა, საიდანაც პურს აწვდიდნენ. ასეთ ღვაწლში გაატარა სიცოცხლის დარჩენილი წლები. წმინდა შიოს წინასწარ ეუწყა გარდაცვალების დრო. იმ დღეს დიდხანს ესაუბრა ძმებს, ანუგეშა ისინი, აკურთხა, ეზიარა უფლის სისხლსა და ხორცს და შეჰვედრა სული უფალს. წმინდა შიო, ანდერძისამებრ, თავის მღვიმეშია დასაფლავებული.