6 მაისს, გიორგობის დღესასწაულზე, აზერბაიჯანის რესპუბლიკაში, ისტორიულ ქართულ კუთხეში - ჰერეთში საქართველოდან დელეგაცია გაემგზავრა,
რომლის შემადგენლობაშიც იყვნენ საქართველოს საპატრიარქოს, პარლამენტის, რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს, კახეთის გუბერნიისა და ლაგოდეხის მერიის წარმომადგენლები.
საქართველოს რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარესთან, ზაზა ვაშაყმაძესთან ერთად დელეგაციაში შემადგენლობაში იყვნენ პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილი და ლაგოდეხისა და ყვარლის მაჟორიტარი დეპუტატი გურამ მაჭარაშვილი, სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე კახეთში, გივი მეტრეველი, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის თავმჯდომარე, კარლო ჯამბურია, რელიგიის სააგენტოსა და კახეთში სახელმწიფო რწმუნებულის აპარატის, დედოფლისწყაროს საეკლესიო სკოლა-ინტერნატის თანამშრომლები.
ახალციხისა და ტაო-კლარჯეთის მიტროპოლიტმა თეოდორემ (ჭუაძე) სამღვდელოებასთან ერთად კახის რაიონის სოფელ კახ-ინგილოს (ისტორიული კახისთავი) წმინდა გიორგის ტაძარში სადღესასწაულო წირვა აღავლინა, რომელსაც ქართულ დელეგაციასთან და ქ. განჯაში საქართველოს გენერალურ კონსულთან ნიკოლოზ იაშვილთან ერთად ადგილობრივი მართლმადიდებელი ქართველები ესწრებოდნენ.
ქართული დელეგაცია შეხვდა კახის რაიონის აღმასრულებელი ხელისუფლების ხელმძღვანელს, მუსა შექილიევს, აზერბაიჯანული ადმინისტრაციის წარმომადგენლებსა და აზერბაიჯანის მოქალაქე ეთნიკურ ქართველებს.
მიტროპოლიტმა თეოდორემ გიორგობის დღესასწაული მიულოცა მრევლს და მადლობა გადაუხადა რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარეს, ზაზა ვაშაყმაძეს, რომლის ორგანიზებითაც მოხერხდა დიდი დელეგაციის სტუმრობა კახში.
ზაზა ვაშაყმაძემ კახ-ინგილოს წმინდა გიორგის ტაძრის წინამძღვარს, დეკანოზ პეტრე ხუმარაშვილს ქართულ ენაზე გამოცემული 15 ბიბლია, რელიგიის სააგენტოს გამოცემები - "ოკუპირებული მემკვიდრეობა", ფოტოალბომები "რელიგიები საქართველოში" და "თბილისში მოქმედი საკულტო ნაგებობები" გადასცა. რელიგიის სააგენტოს თავმჯდომარემ კახის რაიონის სოფელ ალიბეგლოს (ისტორიული ქათმისხევი) მკვიდრს, შშმ ახალგაზრდას, უსინათლო ლევან ყიყიშვილს საჩუქრად ბრაილის შრიფტით გამოცემული ბიბლიაც გადასცა. ზაზა ვაშაყმაძე შეხვდა ღვაწლმოსილ 80 წლის "საყდარ ბებოს" - კახის რაიონის სოფელ ქოთოქლოს გერმანული ენის პედაგოგს ვერა ბერიკაშვილს, რომელსაც კიდევ ერთხელ პირადად მიუსამძიმრა შვილის - მახარე ჯანაშვილის გარდაცვალების გამო.
წირვის შემდეგ მიტროპოლიტი თეოდორე ქართულ დელეგაციასთან და ინგილო ქართველ მართლმადიდებლებთან ერთად ქურმუხის წმინდა გიორგის ტაძარს ეწვია და სადღესასწაულო პარაკლისი გადაიხადა.
გუშინვე დელეგაცია თბილისში გამოემგზავრა.