საპატრაირქოს ახალგაზრდულ ცენტრში შედგა პრეზენტაცია ახალი წიგნისა, სახელწოდებით "მოძღვარი".
ახალი გამოცემის ავტორია რუის-ურბნისის ეპარქიის, წყაროსთავის მამათა მონასტრის მღვდელმონაზონი გიორგი მეფარიშვილი, რომელიც ავტორია აგრეთვე წიგნებისა: „ცხოვრება და ღვაწლი, პარაკლისი და დაუჯდომელი, ღირსი მამისა გიორგისა ახლისა, აღმსარებლისა და საკვირველთმოქმედისა“ და „ქართული პატერიკი“.
წიგნი მროველ-ურბნელი მიტროპოლიტი იობის ლოცვა-კურთხევით დაიბეჭდა და გამომცემლობა „მერიდიანმა“ გამოსცა, რედაქტორია თამთა ქარჩავა.
წიგნი ეხება ათეისტური რეჟიმის პერიოდს. მთავარი პერსონაჟია მამა პროკოფი, რომელიც ათეისტი რიტორების წინაშე იცავს ქრისტიანულ მოძღვრებას და სახარების სიწმინდეს.
მამა გიორგი (მეფარიშვილი): ჩვენი ახალი გამოცემა განკუთვნილია მრევლის იმ ნაწილისათვის, ვისაც აინტერესებს სახარების ამა თუ იმ ნაწილის განმარტება და რაზეც მრევლის გარკვეულ ნაწილს ხელი ვერ მიუწვდება, რადგან ეს განმარტებები დაცულია ჩვენი წმინდა მამების დიდ საღვთისმეტყველო ტრაქტატებში, ამიტომაც ავირჩიეთ პოლემიკური ჟანრი, რომლის წაკითხვის შემდეგაც ადამიანი გაცილებით მარტივად იმახსოვრებს საკვანძო საკითხებს.
წიგნი "მოძღვარი" შეგიძლიათ შეიძინოთ საეკლესიო მაღაზიებში.