საპატრიარქოს ცნობით, 6 მაისს მიცვალებულთა საფლავზე გასვლის აკრძალვა არ არსებობს
04.05.2024
გიორგობის დღესასწაულის გამო, 6 მაისს მიცვალებულთა საფლავზე გასვლასთან დაკავშირებით აკრძალვა არ არსებობს.
როგორც "ინტერპრესნიუსს" საპატრიარქოდან აცნობეს, მართლმადიდებლური წესით, მიცვალებულთა მოსახსენიებლად და საფლავზე გასასვლელად ბრწყინვალე შვიდეულის შემდეგი სამშაბათია დადგენილი.
აღდგომის შემდეგ ორშაბათს კი, კათოლიკოს-პატრიარქმა მრევლს საფლავებზე გასვლის კურთხევა იმის გამო მისცა, რომ აღდგომა გლოვის დღედ არ აქციონ.
"საერო კალენდრით, აღდგომის შემდეგი დღე დასვენებაა. იმისთვის, რომ აღდგომა გლოვის დღედ არ ექციათ, ორშაბათი კი დასვენების დღეა, პატრიარქმა მრევლს კურთხევა მისცა საფლავებზე აღგომის შემდეგ დღეს გასულიყვნენ. წელს მიცვალებულთა საფლავებზე გასვლის დღე წმ. გიორგის დღესასწაულს ემთხვევა. არანაირი აკრძალვა არ არსებობს, რომ გიორგობის გამო მოსახლეობა თავისი მიცვალებულების საფლავებზე არ გავიდეს", - აცხადებენ საპატრიარქოში.