საქართველოს სამოციქულო ეკლესიას 980-1001 წლებში განაგებდა წმინდა იოანე IV (ოქროპირად წოდებული), საქართველოს კათოლიკოსი და პირველი პატრიარქი.
კათოლიკოს ბასილი III-ის (1065-1080 წლები) თხზულებაში "თხრობაჲ სასწაულთათვის წმინდისა და ღმერთშემოსილისა მამისა შიოსა" მოთხრობილია, რომ წმინდა იოანეს მშობლებს დიდხანს არ ეძლეოდათ შვილი და წმინდა შიო მღვიმელს ევედრებოდნენ მეოხებას. გავიხსენოთ ეს ამბავი:
"ერთ მდიდარ და წარჩინებულ კაცს, სახელად გიორგის, ბერწი ცოლი ჰყავდა და შვილი არ უჩნდებოდა. და ევედრებოდნენ ისინი ღმერთსა და მის წმინდანებს, რომ მიეცა მათთვის შვილი.
ერთხელაც მოახლოვდა ამაღლების დღესასწაული. გიორგი წავიდა შიომღვიმის მონასტერში ამ წმინდა დღის შესახვედრად. ხოლო რადგანაც მოახლოებული იყო წმინდა შიოს ხსენება, დააყოვნა იქ რამდენიმე დღე.
როდესაც დადგა შიოს ხსენების დღე, გიორგის ცოლიც მოვიდა მონასტერში, მივიდა იმ მღვიმესთან, სადაც თავდაპირველად მოღვაწეობდა ღირსი შიო და მონასტრის გალავნის გარეთ, ცოტათი მოშორებით მდებარეობს. მღვიმეში არავინ იყო და ქალმა ღამე იქ გაატარა, ლოცულობდა და მრავალ ცრემლს ღვრიდა თავისი უშვილობის გამო.
ქმარმა არაფერი იცოდა ცოლის მოსვლის შესახებ და ძაძით მოსილი იდგა მღვიმესთან, სადაც არის შიოს საფლავი, ოხრავდა და ევედრებოდა ღმერთს და შეწევნას სთხოვდა წმინდა შიოს.
შეესმა მისი ვედრება ღმერთს და "უცხო რაიმე სასწაული იქმნა" წმინდა შიოს მიერ ამ კაცზე. ქმარს მიეძინა ლოცვაში და ძილში ჩაესმა ხმა, რომელიც უბრძანებდა:
- კაცო, ადექი და წადი ძველ გამოქვაბულში, მონასტრის კარიბჭის გარეთ, და იქ ევედრე ღმერთსა და მის მონას, შიოს.
ადგა გიორგი და წავიდა, მაგრამ ჭიშკარი დახშული დახვდა. გააღვიძა მეკარე, მოიმიზეზა რაღაცა და გავიდა გარეთ. გამოქვაბულში მისულმა თავისი ცოლი ნახა, მაგრამ ვერ იცნო, რადგან ბნელოდა.
ქალმაც ვერ იცნო ქმარი, რადგან კაცს ძაძა ემოსა და ცოლს მონასტრის ბერი ეგონა. ასე ლოცულობდნენ გვერდიგვერდ მდუმარედ. შემდეგ გავიდნენ ორივენი გარეთ, შორიშორ დაწვნენ და დაიძინეს.
კაცს გამოეცხადა ძილში ნეტარი შიო და უბრძანა:
- ადექი, კაცო, და თუ გინდა, რომ შვილი გეყოლოს, იმ მძინარე დედაკაცთან დაწექი!
გაეღვიძა კაცს და თქვა:
- წყეულიმც იყოს ეშმაკი, ხედავ, რანაირად მოინდომა ჩემი ცდუნება!
დაიძინა კიდევ და კვლავ გამოეცხადა ღირსი შიო, მას ხელთ ჯვარი ეპყრა.
- კაცო, - უთხრა გიორგის წმინდანმა, - სიმართლეს გეუბნები, თუ ამ ღამეს ამ დედაკაცთან არ დაწვები, არ გაიხსნება შენი ბორკილები. მე ვარ მონა ღვთისა შიო, რომელიც გეტყვი ამას!
კვლავ გაიღვიძა კაცმა და თქვა:
- ჰოი, ეს რა განსაცდელი მაქვს. როგორ შეიძლება ეს სიტყვები იყოს წმინდანისა, კაცისა, რომელიც ქალწულებით აღიზარდა და უხორცო არსებასავით ცხოვრობდა!
დაუმძიმდა გონება გიორგის და კვლავ დაიძინა. კვლავ მიადგა მას ღვთის მონა შიო და უთხრა:
- გწამდეს ღმრთისა და ჩემი ღვთის მონისა შიოსი, რამეთუ თუ ამ ღამეს არ თანა-ეყოფი ამ დედაკაცს, შვილი არასოდეს გეყოლება!
ადგა კაცი განცვიფრებული და თავზარდაცემული. დიდი სირცხვილით, ცრემლითა და გულისტკივილით მივიდა გიორგი და მოხვია დედაკაცს ხელნი. ხოლო ღმერთმა ისე ღრმა ძილით მიაძინა დედაკაცი, რომ უკვირდა კიდეც კაცს.
როდესცა თანა-ეყო მას კაცი, მეყსეულად გაეღვიძა დედაკაცს და საშინლად დაიყვირა.
ქალის ყვირილი გაიგონეს ქალის მსახურებმა, რამეთუ ცოტათი მოშორებით იყვნენ. კაცი, გაიქცა შეშინებული, რომ ქალის მცველებს არ დაეჭირათ, შევიდა მონასტრის ჭიშკარში, რომელიც ღვთის განგებულებით ღია იყო და გოდებდა საქორწინო სარეცლის შეგინების გამო:
- ვაიმე, ეშმაკისაგან გაბრიყვებულს, ახლა რაღა ვქნა, რამეთუ შევბილწე ჩემი სარეცელი. ვაიმე, საწყალობელს, ეს რა ვქენი!
დედაკაცს შემოეხვივნენ მონები, არაფერი უთხრა, ამის გარდა: - ძილში რაღაც საშინელება ვიხილეო, მაგრამ, როცა მარტო დარჩა, ვინ უწყის, როგორ ამხილებდა საკუთარ თავს, მემრუშეს ეძახდა და მწუხარებისა და ტკივილის გამო რას აკეთებდა, აღარ იცოდა.
აღარ გაჩერდა, ღამევე დაბრუნდა შინ. ხოლო გიორგი, მისი ქმარიც, შერცხვენილი ლანძღავდა საკუთარ თავს და იტყოდა: - კეთილ შვილიერებას როგორ მივიღებ, რამეთუ მის ნაცვლად მეძავად და ბილწად გამოვჩნდიო.
რამდენიმე დღის შემდეგ კაციც დაბრუნდა შინ, შინაგანად დიდი ტკივილის მქონებელი, ერიდებოდა ცოლის საწოლს და იყო დიდ სინანულში.
გავიდა ორი თვე. ქალი მიხვდა, რომ ფეხმძიმედაა, ამან სადარდებელი მოუმატა, არ იცოდა, რა ექნა, ბოლოს, გადაწყვიტა, ქმარს გამოსტყდომოდა და უთხრა:
- ბატონო ჩემო გიორგი, რაღაც სათქმელი მაქვს.
- მითხარ!
- ამის მოწამეა ღმერთი, რომ მას მერე, რაც შევეყავ შენს საწოლს, არასოდეს შემოსულა ჩემს გულში გულის სიტყვა შეგინებული და არცა ვინმესთვის შემიხედავს ცოდვის ფიქრით. მაგრამ ეშმაკის შურიანმა თვალმა ეს ვერ დაითმინა: - ოდეს შენ მღვიმეში წახველ და დაიგვიანე და არ დაბრუნდი, მეც წმინდა შიოს დღესასწაულზე წამოსვლა მომინდა. წამოვედი ორ მონასთან ერთად და მონასტრის გალავანს გარეთ რომ მღვიმეა, იქ ვილოცე გულმოდგინედ, განმარტოებით.
ჩემთან მყოფებს ყველას მიეძინა. მოვიდა ვინმე კაცი, მოღვაწეთა სახით, ჩემ მახლობლად დადგა და ლოცულობდა. გამოვედი გზისგან დაღლილი და დავწექი დასაძინებლად. გამოვიდა ისიც და ჩემგან მცირედით მოშორებით მანაც დაიძინა.
ამ სიტყვებს რა ამბობდა დედაკაცი, კაცს ნიშანი მიეცემოდა და გული "ეჩქვიფებოდა", თუმცა დუმდა და თა-ვდადრეკილი უსმენდა.
ამ დროს ქალმა ტირილი დაიწყო და სირცხვილისაგან სიტყვას ვეღარ ამბობდა. თუმცა ქმარმა გაამხნევა და მანაც აღიარა:
- რამდენ ხანს მეძინა, არ ვიცი, მაგრამ როცა გამომეღვიძა, ვპოვე თავი ჩემი დაცემულად. ვიყვირე და ისიც გაიქცა. მე კი ახლა ფეხმძიმედ ვარო!
ესმა რა ქალის ნათქვამი, გიორგის სიხარულით აევსო გული და უთხრა: - ნუ წუხხარ, ჩემო პატიოსანო მეუღლეო, არამედ იხარებდი, რამეთუ ეს საღმრთო საქმეა და საჩუქარია მამა შიოს მეოხებით მოცემული!
მაშინ კი ყოველი უამბო, რომ თვითონ იყო ყველაფრის მოქმედი და მოწმე.
მაშინღა დაიმედდა დედაკაცი და მადლობდა ღმერთს. ხოლო მეორე ღამეს ცოლსაც და ქმარსაც სათითაოდ ძილში გამოეცხადა წმინდა შიო და უთხრა:
- ყრმა, რომელიც თქვენგან იშვება, წინასწარ გამოირჩია ღმერთმა და გააძლიერებს თავისი მტკიცე ძალით, რომელმაც უნდა დამწყსოს ღმრთის ერი ჯეროვნად. ხოლო ოდეს მონათლავთ, სახელად იოანე უწოდეთ, რამეთუ ღვთის მადლი იქნება მასზე და შესწირეთ ღმერთს. ხოლო თევზის გარდა, ნურაფრის ხორცს ნუ შეაჭმევთო!
როცა გაიღვიძეს, ერთმანეთს მოუთხრეს ხილვა და გულში ფარულად დაიმარხეს.
განსრულდა დღენი, შვა დედაკაცმა ყრმა და როცა ის ერთი წლის გახდა, მშობლებმა მღვიმის მონასტერში მიიყვანეს, და მათ თავს გადახდენილ სასწაულზე მოუთხრეს იქ მყოფთ.
მონათლეს ყრმა ელია მღვიმელის ხელით და როცა ის ათი წლის შეიქნა, მიიყვანეს შიომღვიმის მონასტერში და შეჰვედრეს ღმერთსა და მის მონას, ნეტარ შიოს.
ეს ყრმა შემდგომში გახდა იოანე ქართლის კათოლიკოსი, რომელიც ყველაფრით მიემსგავსა იოანე ოქროპირს. მისი სათნოებანი და საქმენი ცალკე წიგნში აღუწერიათ, მაგრამ, სამწუხაროდ, ეს წიგნიც, მრავალ სხვა წიგნთან ერთად, დაიკარგა.
შვილის შეძენის შემდეგ ღვთისმოშიშმა მშობლებმა შვილი აღსაზრდელად შიომღვიმის მონასტერში მიაბარეს, სწორედ მონასტერში შეიძინა წმინდა იოანემ ის სიწმინდე და სიბრძნე, რის გამოც ერმა მას ოქროპირ კათოლიკოსი უწოდა და ასე შევიდა იგი საქართველოს სამოციქულო ეკლესიის ისტორიაში.
- მთავარი
- ჩვენ შესახებ
- ეკლესია
- ქრისტიანული ცხოვრება
- რწმენა
- წმინდანები
- სხვადასხვა
- ახალი ამბები
- დიასახლისის გვერდი
- სწავლებანი
- ერისკაცობიდან მღვდლობამდე
- ქრისტიანული საიდუმლო
- ქრისტიანული სიმბოლიკა
- ცოდვა
- ისტორია
- ანგელოზები
- ამბიონი
- კითხვა-პასუხი
- ეს უნდა ვიცოდეთ
- ცრუ მოძღვრებები
- სხვა რელიგიები
- სხვადასხვა
- მკითხველის გვერდი
- ეპისტოლენი, ქადაგებები
- ნამდვილი ამბები
- სასწაულები
- წაუკითხეთ პატარებს
- ჩემი სოფელი
- ქართული გვარები
- ქართული ანბანი
- რელიგიურ-ფილოსოფიური ლექსიკონი
- წმინდა წერილი
- წიგნები
- ლოცვანი