წმინდა შიოს სასწაული
ახლოა ზეცა, ახლოს არიან ღვთის წმინდანები, ახლოს არის წმინდა შიო მღვიმელიც. ღვთის დიდ და უსაზღვრო გულმოწყალებაზე მინდა მოგითხროთ.
დავქორწინდი 2001 წლის 22 ივლისს. მეუღლეც მორწმუნეა, ჩემსავით ეკლესიის შვილი. როცა ოჯახი იქმნება, დიდი გულისფანცქალით ელიან პატარის შემობრძანებას. მაგრამ გადიოდა წლები და შვილი არ გვიჩნდებოდა.
წმინდა იოაკიმესა და ანას, მართალ ზაქარიასა და ელისაბედს, ამ წმინდა და ღვთისმოშიშებით აღსავსე ადამიანებს, უფალმა შვილი ხანშიშესულებს აჩუქა. რა ვუყოთ, წმინდა ილია მართალსა და ოლღას, წმინდა ექვთიმე ღვთისკაცსა და ნინოს კი შვილი საერთოდ არ შესძენიათ - ვინუგეშებდით თავს. ვიმკურნალეთ, მერე მე განვაგრძობდი მკურნალობას, მაგრამ ამაოდ. მრავალი სიწმინდე მივიღეთ, რომელთაც შვილთა სხმის სასწაულთქმედების მადლი ჰქონდა, მაგრამ როცა უფალს ჯერ არ ნებავს შენი კურნება, სიწმინდეთა მიახლება ვერ გიშველის.
ყოველ წელს მივდიოდით წმინდა მეფე არჩილის საფლავთან მისი ხსენებისას და ღამეს ვათევდით, წმინდა მოწამეს შვილიერებას ვთხოვდით. უფალიც უნუგეშოდ არ გვტოვებდა. ერთხელ მეუღლემ სიზმარი ნახა, რომ ვითომ ის და მისი მეგობარი ნანა ერთ თეთრ შენობაში შევიდნენ ბავშვის საშვილებლად. ნანამ უკვე მოზრდილი ბიჭი აიყვანა, ჩემმა მეუღლემ კი ახალშობილი გოგონა. შემდგომ მართლაც ასე მოხდა, ნანას ვაჟი ეყოლა (მასაც რამდენიმე წელი არ ეძლეოდა შვილი).
ერთხელ ჟურნალ "კარიბჭისთვის" წმინდა შიო მღვიმელზე სტატია უნდა დამეწერა, მასალების მოსაგროვებლად მონასტერს ვეწვიე, მეუღლეც თან მახლდა. შიომღვიმეში ჩვენი მეგზურობა მამა მატათამ იკისრა, რომელმაც წმინდა შიოს მიერ ახალმოხდენილ სასწაულებზე მოგვითხრო, რომლებიც შემდგომში "კარიბჭეში" დავბეჭდეთ. ვიცოდით, რომ წმინდა შიო შემწე იყო უშვილოთა, ხოლო ამ სასწაულების მოსმენის შემდეგ უფრო განგვიმტკიცდა ეს რწმენა.
შინ მობრუნებულებს მონასტრისთვის ხატის შეწირვის სურვილი გაგვიჩნდა. მეუღლე ხატმწერია, მაგრამ სახატე ფიცრის შეძენის საშუალება არ გვქონდა და ვოცნებობდით, ნეტავ ვინმე გვაჩუქებდეს ამ ფიცარსო. ერთხელ ეკას (ასე ჰქვია ჩემს მეუღლეს) მეზობელი ქალი შეხვდა (მან ჩვენი სურვილის შესახებ არაფერი იცოდა) და პატარა, ჩარჩოშემოვლებული ფიცარი მისცა, - თუ გინდა, მასზე ხატი დაწერე და შიომღვიმეს შესწირეო. გახარებულმა ეკამ გაიფიქრა, - ნეტავ ვინ გამომიგზავნა ეს ფიცარიო. შინ მობრუნებულმა გადაშალა კალენდარი - იმ დღეს წმინდა შიოსა და წმინდა ნიკოლოზის ხსენების დღე ყოფილა. ნაჩუქარ ფიცარზე ღვთისმშობლის ხატი "შენ ხარ ვენახი" დაიწერა... მაგრამ ისე გავიდა ლამის ერთი წელი, ხატი მონასტერში ვერ წავაბრძანეთ. ამ დროს მეუღლეს დახატული ჰქონდა ლომისის წმინდა გიორგის ტაძრისთვის წმინდა გიორგის ხატი, რომელზეც გამოსახული იყო, თუ როგორ იხსნა მთავარმოწამემ შვიდი ათასი ქართველი მტრის ტყვეობისგან. ეს ხატიც შინ გვესვენა და "პატრონისთვის" დაბრუნებას ვერ ვახერხებდით (როგორც ცნობილია, ლომისის წინდა გიორგი უშვილოთა შემწეა).
ერთხელ იმავე მეზობელმა, სახატე ფიცარი რომ გვაჩუქა, ეკას უამბო: - სიზმარი ვნახე, ვითომ უცაბედად შიომღვიმის მონასტერში მოვხვდი. ერთ კელიაში ტახტზე თოთო, ტიტლიკანა ბავშვები იწვნენ, ყველანი ბიჭები. შემეცოდნენ და ტანთ ჩაცმა დავუწყე. იქ მყოფ კუნკულებიან ბერს, რომელიც ძალზე წააგავდა იქვე ხატზე გამოსახულ წმინდა შიოს, შევეკითხე: - ვინ არიან ეს ბავშვები-მეთქი. ჩემი შვილები არიანო, - თქვა ბერმა დანანებით. ვთქვი: "აფსუს, მამაო, რომ მცოდნოდა, აქ წამოვიდოდი, ხომ ვეტყოდი ეკას და ხატს წამოვიღებდი". გაბრაზებულმა ბერმა მიწაზე მიმითითა: - შენ რად უნდა წამოგეღო. ეკა თვითონ მოვიდეს და ხატი მოიტანოსო. გვენიშნა და მალევე წმინდა გიორგის ხატი წილკანში ჩავაბრძანეთ მეუფე ზოსიმესთან, ხოლო ღვთისმშობლის ხატი - შიომღვიმეში. ეს სულ რაღაც სამ დღეში მოვახერხეთ. მეუღლე იმ კვირასვე ფეხმძიმედ დარჩა. ტესტმა (ისიც - 22 მაისს) შვილიერება გვამცნო. ვამბობდით, ალბათ გოგო უნდა დაგვბადებოდა და მამა შიომ ჩვენთვის ვაჟი გამოითხოვაო.
მართლაც, 2007 წლის 25 იანვარს (გარდაცვლილი მამაჩემის დაბადების დღეს) ვაჟი დაიბადა. პატარას ექიმების უყურადღებობის გამო პრობლემები შეექმნა და მესამე დღეს, 28 იანვარს, მოვნათლეთ და არჩილი ვუწოდეთ. რატომ შიო არ დაარქვითო, - იკითხავთ. ბიჭის სახელზე ბევრს ვფიქრობდით. მეუღლეს არჩილის დარქმევა სურდა, მე - შიოსი, ვილოცეთ, წილი ვყარეთ და არჩილი გამოვიდა. გული მაინც მეთანაღრებოდა და როცა მეგობრის მითითებით აღმოვაჩინე, რომ 28 იანვარს, არჩილის ნათლობის დღეს, უძველესი, წმინდა იოანე-ზოსიმესეული კალენდრით წმინდა მოწამე მეფე არჩილის ხსენების დღე ყოფილა, დავმშვიდდი.
მეუღლე ფეხმძიმედ იყო, როცა ცნობილ უროლოგთან მივედი სამკურნალოდ. მან თქვა: ასეთი ანალიზით გაგიჭირდებათ შვილის გაჩენაო. ბატონო თემურ, ბავშვს უკვე ველოდები-მეთქი, - ვუთხარი. ეგ, ძმაო, დუშაში გაგიგორებია და ყოველთვის ასე არ იქნებაო, - თქვა მან. მაგრამ აი, წელს, 25 აპრილს, დიდ პარასკევს, ქალიშვილი - ბარბარე შემეძინა და კიდევ ერთხელ გამხადა ღვთისა და წმინდანების მადიდებელი.
ჩვენი ამბის შეტყობის შემდეგ ერთმა ახლობელმა, რომელსაც ბავშვი არ ეძლეოდა და ვერც სამედიცინო ჩარევა შველოდა, მეუღლესთან ერთად სამჯერ მოილოცა შიომღვიმე, ყოველდღე იცხებდნენ წმინდა შიოს საფლავის ზეთს და სვამდნენ წმინდა შიოს წყაროს წყალს. მალე მათ ვაჟი ეყოლათ, შიო დაარქვეს.
აქვე გაგაცნობთ ერთ პატარა წერილსაც, რომლის ავტორსაც წმინდა შიოს ლოცვით შვილი შეეძინა.
"ერთი მათგანი ვარ, ვინც უფლის სასწაულმოქმედი ძალა თავის თავზე გამოსცადა. მინდა ჩემი სიხარული თქვენც გაგიზიაროთ.
ცხრა წლის განმავლობაში მე და ჩემი მეუღლე უშედეგოდ ვმკურნალობდით, ექიმები უშვილობის მიზეზს ვერ გვეუბნებოდნენ, თითქოს ყველაფერი წესრიგში იყო, შედეგი კი არ ჩანდა. რვა წლის თავზე მოძღვრის კურთხევით ხელოვნური განაყოფიერებაც გავაკეთეთ. შედეგი არც აქ გვქონდა, ჩემმა მეუღლემ და სხვა ახლობლებმაც ხელი სამუდამოდ ჩაიქნიეს. მე კი იმედი წუთითაც არ დამიკარგავს.
2005 წლის მაისში ჩემმა მეუღლემ ჟურნალში წაიკითხა შიომღვიმის მონასტერში მომხდარი კურნებების შესახებ და გულით მოიწადინა იქ წასვლა და მოლოცვა. წავედით 21 მაისს. ჩვენდა გასაოცრად, აღმოჩნდა, რომ 22 მაისი შიომღვიმლობა ყოფილა. მოვილოცეთ ყველა წმინდა ადგილი და მეორე დღესაც წავედით, რადგან იმ დღეს წმინდა ნაწილებს გამოასვენებდნენ. ვემთხვიეთ შიო მღვიმელის წინა მხრის ნაწილს და, რა თქმა უნდა, ჩვენი უპირველესი სათხოვარიც შევავედრეთ. ივნისის თვეში კი შევიტყვე, რომ ფეხმძიმედ ვიყავი. ამაზე დიდი სიხარული ჩვენს ოჯახში არ ყოფილა. პატარა შიომღვიმლობას - ყველიერის ხუთშაბათს (2006 წლის 2 მარტს) მოევლინა ქვეყანას და დიდი სიხარული შემოიტანა ჩვენს ოჯახში.
ყველა უშვილო ქალს ვუსურვებ, შეეგრძნოს დედობის სიხარული.
თამარი, 2006 წლის 9 აპრილი".
შეგეწიოთ ყველას წმინდა შიო, უშვილოებსაც და შვილიანებსაც.