ეს პატარა ტაძარი ღვთისმშობლის გამოცხადების ადგილას აიგო
22.05.2014
22 მაისს ღირსი შიო მღვიმელის ხსენების დღეა.
იოანე ზედაზნელის კურთხევით, მთელ ქართლ-კახეთს მოედვნენ მოქადაგე ასურელი მამები. ღირს შიოს ერთხანს კახეთში, არტოზანის მთაზე უმოღვაწია,
მერე კი, რაკი განმარტოებით ცხოვრების მოსურნე ყოფილა, იოანესა და კათოლიკოსისგან კურთხევა აუღია, უნახავს მცხეთის დასავლეთით ღრმა ხევი, რომლის მხოლოდ ხილვაც კი შეაძრწუნებდა კაცს, და აქ ერთ მღვიმეში დასახლებულა.
ამ გამოქვაბულში უჭმელ-უსმელს გაუტარებია სამოცი დღე. ეშმაკმა ათასნაირად სცადა მისი შეშინება. ბოლოს დაემუქრა - უთხრა, რომ მეორე დღეს მასაც მოკლავდა და წმინდა იოანესაც. ის ღამე მამა შიომ თავისი გამოქვაბულის წინ ლოცვაში გაატარა. განთიადისას მას ყოვლადწმიდა ქალწული გამოეცხადა იოანე ნათლისმცემელსა და ანგელოზთა დასთან ერთად. წმინდა შიო მათ წინ დაემხო. დედა ღვთისამ წამოაყენა მაცხოვრის ერთგული მონა და უთხრა, რომ ეს უდაბნო აღივსებოდა ღმერთშემოსილი ხალხით და მისი მაქებელი იქნებოდა უკუნისამდე, შემდეგ კი ზეციური საზრდო მისცა. ღირსმა მამამ დიდი მოკრძალებით იხმია და პირი მისი დატკბა "მიუწთომელითა რაითამე სიტკბოებითა". ამის შემდეგ, ღვთისმშობლის სიტყვისაებრ, მტრედს წმინდანისთვის ყოველდღე მიჰქონდა ზეციდან წარგზავნილი საკვები. შემდგომ ამისა ღირსი შიო მეტი გულმოდგინებით მოღვაწეობდა იმ ხევში მარტოდმარტო. სწორედ ღვთისმშობლის გამოცხადების ადგილას აიგო ეს პატარა ტაძარი, რომლის არსებობის შესახებაც შიო-მღვიმის მონასტრის ბევრმა მომლოცველმა არც კი იცის.
როცა მონასტერს მოილოცავთ, აუცილებლად ეწვიეთ ამ უდიდესი სასწაულის შემომნახველ ადგილს, სადაც ძალუმად იგრძნობთ უფლის დედის წყალობასა და ღირსი შიოს მადლს.