შიო მღვიმელი
ერისკაცობა. ღირსი მამა შიო ასურეთის ქალაქ ანტიოქიაში დაიბადა, მდიდარ და წარჩინებულ ოჯახში.
მშობლებმა ერთადერთი ვაჟი კეთილად აღზარდეს და უპირველესად წმინდა წერილი შეასწავლეს. როცა 16 წლის გახდა, იმდენს კითხულობდა საღვთო წიგნებს, რომ მშობლებს შეეშინდათ, ცუდად არ გაგვიხდესო და წიგნები გადაუმალეს. მაგრამ ვინ შეაჩერებდა ღვთისკენ მოსწრაფე ახალგაზრდას?! ოცი წლის შიო, მშობლებისაგან მალულად, მთელ იმ მხარეში დიდსულიერებით განთქმულ მამა იოანეს ესტუმრა. წმინდა მამამ უცნობ ყმაწვილს სახელით მიმართა, აკურთხა და მერე სულიერ შვილებს უთხრა: "ეს ყმაწვილი უფალმა გამოირჩია, სულიწმინდით აღავსო და იქმნეს იგი მრავალ სულთა მამაო". მთელი დღე ესაუბრა და ბოლოს უთხრა: - მშობლებისგან კურთხევა აიღე და მერე დაბრუნდი ჩემთანო. შეშინდა შიო - ჩემს სურვილს რომ გაიგებენ, ვაითუ მშობლებმა დამსაჯონო. წმინდა იოანემ ანუგეშა, შენი მშობლები შენზე ადრე აღიკვეცებიან მონაზვნადო. დაბრუნდა წმინდა შიო შინ.ერთ კვირა დღეს მშობლებთან ერთად წირვაზე წავიდა. როცა სახარების კითხვა მოახლოვდა, წმინდა შიომ მამას ურჩია: - გამიგია, ყველა სენი და უძლურება მოშორდება მას, ვის თავზეც სახარებას წაიკითხავს დიაკვანი. წავიდეთ და სახარების ქვეშ დავდგეთო. დაუჯერა მამამ, დადგნენ სახარების ქვეშ. დიაკვანმა წაიკითხა: "რომელი მოვალს ჩემდა და არა მოიძულოს მამაი თვისი და დედაი თვისი და ცოლი და შვილნი და ძმანი და დანი და მერმე კუალად სულიცა თვისი, ვერ ხელ-ეწიფების მოწაფე ყოფად ჩემდა" (ლუკა 14,26). როცა შინ დაბრუნდნენ, შვილმა წაკითხული სახარება შეახსენა მამას და უთხრა, რაღა გვაყოვნებს, უფლის მცნებები შევასრულოთო. მამამ უპასუხა, - მე და დედაშენი მოვხუცდით, გაგვხადე მონაზვნებად, შენ კი დაოჯახდი, რომ მემკვიდრის გარეშე არ დავრჩეთო. მართლაც, წმინდა შიომ ჯერ დედა მიაბარა მონასტერს, მერე კი მამა. მემკვიდრეობით რაც ერგო, ყოველივე გასცა, თავისთვის მხოლოდ წმინდა სახარება და ფსალმუნი დაიტოვა და წავიდა წმინდა იოანესთან.
ბერობა და წამოსვლა საქართველოში. ღირსმა მამამ ის ბერად აღკვეცა. დღითი-დღე სულიერად წარემატებოდა წმინდა შიო და ბოლოს დიდ მამათა საზომს მიაღწია და ბევრის მნახველი მამა იოანეც კი გააოცა. სიტყვით კაცთა და პირუტყვთა ყველა სენს იოტებდა და ეშმაკეულებს განკურნებდა.
ივერიაში ჩამოსულმა ასურმა მამებმა პირველად უფლის კვართს სცეს თაყვანი, მერე კი ყველა ის ადგილი მოილოცეს, სადაც წმინდა ნინოს ფერხნი დაედგა. ერთ დღესაც წმინდა იოანემ ზადენის მთაზე ასვლა და იქ დასახლება ინება. იქ ადრე ზადენის კერპი იყო აღმართული და ახლაც მთას ეშმათა გუნდი ნისლივით ეხვეოდა. მაისი იდგა, მდინარე ადიდებულიყო. ნაპირთან მივიდნენ, იქვე იყვნენ კათალიკოსი ევლავიოსი, ეპისკოპოსნი და სხვანიცა მრავალნი. შეუძლებელი ჩანდა მდინარის გადალახვა. წმინდა იოანემ უთხრა შიოს, - ილოცე, მამაო, რათა ღმერთმა უვნებლად გადაგვიყვანოს გაღმა ნაპირზეო. ღირსმა შიომ აღმოსავლეთით სამჯერ მუხლი მოიდრიკა, მერე კი წყალს სამჯერ ჯვარი გამოსახა და თქვა: - ჰოი, წყალო, მამა ჩვენი იოანე გიბრძანებს, შეწყვიტო სვლა, ვიდრე მეორე მხარეს არ გადავალთ. მისი სიტყვისაებრ მდინარემ შეწყვიტა დინება და ამოძრავდა მერე, ყველამ რომ გადალახა. ყველა გააოცა იმ მადლმა, ღმერთი რომ აძლევს თავის მოყვარულთ.
მამები ზადენის მთაზე დასახლდნენ. მღვიმე ეკლესიად გადააკეთეს. მამებმა ტალავერები ააგეს საცხოვრებლად, რადგან მალე ზამთარიც დადგა და საშინლად ციოდა. უამრავი ადამიანი მოაწყდა ზადენის მთას. სულით და ხორცით სნეულნი კურნებას პოვებდნენ. ერთ ღამეს წმინდა იოანეს ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი და წმინდა ნინო გამოეცხადნენ და უბრძანეს, რომ თავისი მოწაფეები ქართლში მიმოეფანტა. გაიღვიძა წმინდა იოანემ და მოწაფეებს ამცნო ღვთის ბრძანება, მერე კი ჩაიყვანა კათალიკოსთან, რომელმაც აკურთხა ასურელი ძმები, თან ქართველი ახალნერგნი მონაზონნი გააყოლა და გაუშვა იქით, საითაც მათ სულიწმინდა წარუძღვა. წმინდა შიო დაყუდების მოყვარე იყო და შეევედრა წმინდა იოანეს, ამის ნება მიეცა. მოძღვარმა აკურთხა და უთხრა, - უფალმა გამომიცხადა, რომ უნდა დაეყუდო და მერე დიდი ლავრის მამა იქნებიო. ღირსმა შიომ კათალიკოსისგანაც აიღო კურთხევა და ისიც გაუძღვა სულიწმინდის ნაჩვენებ გზას.
დაყუდება, ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის გამოცხადება. წმინდა შიომ მცხეთის დასავლეთით ერთი უნუგეშო, მხეცებითა და ქვეწარმავალებით სავსე უღრანი ხევი მონახა. იქ ერთ პატარა გამოქვაბულში დაეყუდა, რომელიც სხეულს თუ უფარავდა. ღმერთზე მინდობილმა ორმოცი დღე წარვლო უსმელ-უჭმელმა. ნახა რა უფალმა მისი გულმოდგინება, მისცა მას უმეტესი სულიერი ძალნი. წმინდა შიომაც სამოცი დღე გაასრულა უზმოდ, ვითარცა ღვთის ანგელოზმა. ეშმაკი ათასნაირი ჩვენებით ცდილობდა მის შეშინებას, მხეცთა სახეს იღებდა, მაგრამ ვერარას უშვრებოდა ქრისტეს მხედარს, მერე ერთად შეიკრიბნენ ბოროტნი ძალნი და მისი მოკვლა გადაწყვიტეს. წმინდა შიო გამოქვაბულიდან გამოვიდა და მხნედ უთხრა მათ: "უბადრუკნო, განა არ იცით, რომ სადაც ქრისტეს ძალაა, იქ თქვენ ვერაფერს იზამთ? ამდენი დღეა, ახლოსაც ვერ მეკარებით. ამიტომაც ჩემი უფლის სახელით გეტყვით, - წარვედით ჩემგან". ეშმაკები დაემუქრნენ: - ამპარტავანო ბერო, ხვალ ჩვენი უფროსი მოვა და შენც და შენს მოძღვარსაც დაგხოცავთო.
ის ღამე თავის გამოქვაბულის გარეთ, ლოცვაში გაატარა ღირსმა შიომ. განთიადისას მის გამოქვაბულს გამოუთქმელი ნათელი მოეფინა, ირგვლივ საოცარი კეთილსურნელება დატრიალდა და წმინდანს გული სიხარულით აუვსო. ამ დროს ხმა მოესმა: - შიო, ჩემი ძის ერთგულო მონავ, მოდი აქ. მივიდა და მღვიმის კართან დიდებული ქალბატონი იხილა მოღვაწე სახის მამაკაცთან ერთად. იქვე იყვნენ ზეცისა ერნი. გამოქვაბულიდან ზეცამდე იხილვებოდა მწყობრი ანგელოზთა, რომლებიც უტკბეს საგალობლებს გალობდნენ. წმინდა შიო მიწაზე დაემხო, რადგან ვერ გაუძლო ბრწყინვალების ხილვას. დიდებულმა ქალბატონმა კვერთხი შეახო, განაძლიერა და უთხრა: "ადექი!" მერე კი თოვლის მსგავსი მცირედი რამ მისცა და უთხრა: "მე ვარ მშობელი ქრისტე ღმერთისა, რომელიც შენ შეიყვარე; ჩემთან ერთად არის იოანე ნათლისმცემელი და ვიხილეთ რა სრული სიყვარული შენი ძისა მიმართ ჩემისა, მოვედი შენს სანუგეშოდ. ამიერიდან რაც ზეციდან მოგეცემა, ის შეჭამე და ნუღარ გეშინია ეშმაკის ბრძოლისა, რამეთუ უხვად გაქვს ღვთის მადლი. ხოლო ეს უდაბნო, შენი მობაძავი ღმერთშემოსილი კაცებით აღვსებული, შენი მაქებელი იქნება უკუნისამდე". დედა უფლისა და ზეცისა ძალნი უჩინო შეიქნენ.
შიომღვიმემდე ვიდრე მიხვალთ, ხელმარჯვნივ პატარა ეკვდერი დგას, რომელიც იმ ადგილას არის აშენებული, სადაც წმინდა შიოს ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი გამოეცხადა. წმინდა შიო გონს მოეგო, იგემა ღვთივმოცემული საჭმელი. ცრემლით დაალტო მიწა, მადლობა შესწირა ღმერთს და უფრო მეტი გულმოდგინებით განაგრძო ღვაწლი, უფალმა როცა ეს ნახა, თავის მონას ყოველდღიურად უგზავნიდა საჭმელს, რომელიც მასთან მტრედს მიჰქონდა. სასმელად კი იქვე, კლდიდან წყარო წამოედინა.
ევაგრე. გავიდა მრავალი წელი მას მერე, რაც წმინდა შიო განმარტოვდა. ერთხელ, როცა მტრედს მისკენ საჭმელი მიჰქონდა, ფრინველი შეამჩნია ევაგრემ, ციხედიდის მთავარმა, რომელიც იმ ადგილებში ნადირობდა. მიჰყვა ჩიტს, რომელმაც მამა შიომდე მიიყვანა. "ვინ ხარ?" - ჰკითხა "ზარგანხდილი მოშიშებით" თავადმა. "უცხო კაცი ვარ და ქრისტეს მოსავი, სოფლის შფოთს განშორებულმა მსურს მყუდროებით აღვასრულო ჩემი წუთისოფელი", - მიუგო წმინდა შიომ. წამისყოფაში შეიცვალა ევაგრე, - იფიცებოდა, აქედან აღარ წავალო. წმინდა შიო კი ეუბნებოდა, ვერ შეძლებ აქ ცხოვრებასო, მაგრამ როცა მისი გონების სიმტკიცე დაინახა, მისცა კვერთხი და უთხრა: - წაიღე ეს, შვილო, და გაბრუნდი უკან. მტკვართან რომ მიხვალ, კვერთხი ჩადე მდინარეში. მდინარე გზას მოგცემს, მშრალად გადახვალ გაღმა ნაპირზე. შინ საქმეები მოაწესრიგე და წამოდი, მდინარეში კვლავ ჩადე კვერთხი, თუ წყალი კვლავ გზას მოგცემს, მოდი ჩემთან. ხოლო თუ მდინარე კვერთხს არ დაემორჩილება, უკანვე გაბრუნდი, რადგან არ ნებავს ღმერთს, რომ აქ დასახლდეო. ევაგრემ დააფიცა ღირსი მამა, რომ არ წავიდოდა სხვაგან, თვითონ კი შინ დაბრუნდა. მტკვარში კვერთხი ჩადო და სასწაულიც მოხდა - მდინარე გაიპო. მთავარმა სახლს, ქონებას პატრონი გაუჩინა და მალევე უკან წამოვიდა. კვერთხი ჩადო მტკვარში, მდინარემ კვლავ გზა მისცა და გულსავსე მივიდა ღირს მამასთან. ღირსმა შიომ ის მონაზვნად აღკვეცა, ასწავლა მონაზვნობის წესი, განუჩინა ტიპიკონი. მოშორებით ერთ მღვიმეში დაასახლა და ისიც ასწავლა, თუ როგორ უნდა ეძლია ეშმაკის შემოტევისთვის.
ცრემლის წყარო. მას მერე ყველამ გაიგო ღირსი შიოს სახელი. მახლობელი სოფლებიდან უამრავი ადამიანი დასახლდა ევაგრეს გარშემო. გამრავლდა საძმო. წმინდა შიო ყოველ კვირა დღეს ადიოდა მათთან და სულიერად დამოძღვრავდა. ერთხელ იხილა, რომ მდინარიდან მომავალი ძმა წაიქცა, სარწყული გაუტყდა და მწარედ ატირდა. შეწუხდა წმინდა მამა. უცებ დაინახა, რომ იქვე მდგომი ანგელოზი კლდის ძირში კვერთხით მიწას თხრიდა. მიხვდა, რომ იგი ღმერთმა ძმათა ნუგეშინისცემისთვის გამოგზავნა. ნუ წუხხარ, ძმაო, ღმერთმა შენი ცრემლების ნაცვლად მანდ წყარო აღმოგიცენაო, - დაამშვიდა ანგელოზმა. მართლაც, ღირსი მამის ლოცვით კლდიდან წყარო გამოედინა, და მას დღესაც "ცრემლის წყაროს" ეძახიან.
ეკლესიები. ძმობა გამრავლდა, მაგრამ ეკლესია არ ჰქონდათ. წმინდა შიო და ძმები მთის წვერზე ავიდნენ, მოიდრიკეს მუხლი და დიდხანს ილოცეს, უფალს იმ ადგილის ჩვენება შესთხოვეს, სადაც ეკლესიას ააგებდნენ. მერე წმინდა შიო წამოდგა, მარცხენა ხელისგულზე ნაკვერჩხლები დაიწყო, დაადო საკმეველი, ჯვარი გამოსახა, ძმებს ხელების ზევით აღპყრობა და "კირილეისონის" გალობა უბრძანა, თვითონ კი ხელით კმევა დაიწყო. საკმევლის კვამლი სვეტივით აღემართა, ავიდა ზეცაში და თვალს მიეფარა, მერე კი კვლავ გამოჩნდა და ერთ ადგილს დაადგრა, სადაც ძმები ცხოვრობდნენ. კმევა-კმევით ჩავიდა ღირსი შიო დაბლა, უკმია სვეტდანადგარ ადგილს, შემდეგ ძმებსაც უკმია და მერეღა ჩადო ნაკვერჩხალი საცეცხლურში. წმინდა შიომ სათხრელი მოითხოვა, საკმევლის სვეტის ძირში სამგზის დასცხო და იმ ადგილას ყოვლადწმინდა სამების სახელზე ბრძანა ეკლესიის აშენება. ცოტა მოშორებით ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის სახელობის ტაძრის აგება ბრძანა, ხოლო კიდევ ცოტა მოშორებით წმინდა იოანე ნათლისმცემლისა, რომელიც ერთ ძალზე ღრმა მღვიმის თავზე აღაშენეს. ხოლო სვეტი იგი საკმევლისა სამი დღე შეუძვრელად იდგა და საკვირველ სურნელს გამოსცემდა.
მეფე ფარსმანმა მოიკითხა თავისი მხნე მეომარი ევაგრე, ეწვია მონასტერში, ნახა ღირსი შიოც, მისგან კურთხევა აიღო და სურვილი გამოთქვა, ეკლესიას დახმარებოდა. მეფემ სავანეს ოთხი საუკეთესო სოფელი, ოქრო-ვერცხლი და ძვირფასი საეკლესიო ნივთები გადასცა, მათ შორის იყო დიდი ოქროს ჯვარი, წმინდა ვახტანგ გორგასლის მიერ შემკობილი. ასევე მუშებს ზედამხედველები დაუდგინა, რათა სწრაფად აეშენებინათ საყდრები. გამრავლდა ძმობა, ორი ათას კაცამდე მიაღწია, აბა, იმ პატარა ხევში როგორ დაეტეოდნენ. ამიტომაც ზოგი კოდმანის მხარეს წავიდა და იქ ააშენა დიდი ლავრა, ზოგიც - სარკინეთის აღმოსავლეთით. წმინდა შიო კი ძველებურად იღვწოდა, ჩამოძონძილი სამოსი ოდნავ თუ უფარავდა სხეულს და ახალს არ იცვამდა. მისი მღვდლად კურთხევა მოინდომეს (დიაკვნად ასურეთშივე იყო ნაკურთხი), მაგრამ იუარა - მერე ეპისკოპოსადაც მაკურთხებენო.
მგელი. უამრავი ადამიანი მიდიოდა ღირს შიოსთან და კურნებას პოვებდა. ხევები ავსებული იყო ამ ხალხის ჯორ-ცხენებით, რომელთაც გარეული მხეცები ესხმოდნენ თავს და ჭამდნენ. მაშინ წმინდა შიომ შესთხოვა ღმერთს, რომ მის წინაშე მთელი იმ მიდამოს მხეცები შეკრებილიყვნენ. მართლაც ყველანაირი მხეცი შეიკრიბა. დედებს ლეკვები ზოგს წინ ედგა, ზოგს კბილებით ეპყრა. იდგნენ თავდადრეკილნი და ისმენდნენ ღირსი შიოს ბრძანებას. "მეცოდებით, მაგრამ რა ვქნა, - უთხრა მათ ღირსმა მამამ, - თქვენსა და ჩვენს დამბადებელს, ქრისტე ღმერთს უბრძანებია, რომ ეს ადგილი პირმეტყველმა კაცებმა აავსონ. წადით და საცხოვრებლად სხვა ადგილი მონახეთ. ხოლო აქ ერთი თქვენგანი დაგვიტოვეთ, ძმათა ვირების სამწყემსავად". ამის თქმა იყო და ყველანი მომოიფანტნენ, მხოლოდ ერთი მგელი დარჩა, რომელიც წარდგა ღირსი შიოს წინაშე. მან ის ვირების მწყემსად დაადგინა. ისიც, ღირსი შიოს ბრძანებისაებრ, დილით გაყრიდა ვირებს საძოვარზე და უკან საღამოთი აბრუნებდა. ღამით კი წმინდა შიოს მღვიმესთან ეძინა. ექვსი წელი დაჰყო მგელმა ამ მსახურებაში.
ერთხელაც ბერ კონონს ვირი ხრამში გადაეჩეხა და მამა შიოს წყევა დაუწყო, - შენმა მგელმა შემიჭამაო. მგელი თავს იმართლებდა, ტიროდა, წკმუტუნებდა, კონონის კვერთხს კბილები ჩაასო და ექაჩებოდა. წმინდა შიომ კონონს უთხრა, გაჰყევიო. კონონი საყვედურობდა, - შენ გინდა, მეც შემჭამოსო. მაშინ წმინდა შიო გამოვიდა მღვიმიდან და ორ ძმასთან ერთად გაჰყვა მგელს, რომელმაც ისინი ხრამში ვირთან მიიყვანა. წმინდა შიომ მოუხმო მგელს და გაათავისუფლა ვირების მწყემსობიდან, - წადი შენიანებთან, ამათ კი თვითონ მოძებნონ თავიანთი საქონლისთვის მწყემსიო. წავიდა მგელი, მის ნაწოლ ადგილს კი დღემდე გიჩვენებენ წმინდა შიოს პირველ მღვიმესთან.
ჯურღმულში. გამოხდა ხანი. გამრავლდნენ ძმები. ღირსმა შიომ დაყუდება მოისურვა, ჯერ წმინდა იოანესგან აიღო კურთხევა და მერე კათალიკოსისგან, ეამბორა სვეტიცხოველს და წმინდა იოანე ნათლისმცემლის ტაძრის ქვეშ, ღრმა მღვიმეში ჩავიდა. ვიდრე მღვიმეში დაბინავდებოდა, უკანასკნელად დამოძღვრა ძმები, წინამძღვრად მათ ევაგრე დაუდგინა. გაუძნელდა წმინდა ევაგრეს ამხელა ტვირთის თავსდება, მაგრამ მიიღო წინამძღვრის კვერთხი ღირსი შიოსგან. ღირსმა შიომ ასსამოცი თავი სწავლა დაუწერა ძმებს, რათა ყოველ კვირა დღეს წაეკითხათ ეკლესიაში და "სურვილსა მის პირისა მისისასა აღმოივსებდეს". მრავალი დამოძღვრის მერე ჩავიდა ბნელ მღვიმეში, მიწის სიღრმეში, "რაითა სიმპალესა ხორცთა მიცემითა აღმოაჯეჯილოს ხუვილი წმიდაი". ენა ვერ გამოთქვამს მღვიმეში თავდამარხული ღირსი შიოს ღვაწლს. განილია სხეული მისი, გაშავდა მისი დამჭკნარი კანი. ხოლო მისი წმინდა ლოცვის ძალაზე მისივე მონასტერი მეტყველებს, აღორძინებული და მრავალი სათნო მონაზვნით შემკობილი.
სამი ღერი თმისა. როცა ღირსი შიო მღვიმეში იჯდა, ვინმე სპარსი, წყალმანკით დაავადებული, ათასნაირ მკურნალს რომ ვერ განეკურნა, მივიდა მის მღვიმესთან და წმინდა მამას განკურნება სთხოვა. მისი გოდება რამდენიმე დღეს გრძელდებოდა. ძმებმა უთხრეს: - გაჩუმდი, ძმაო, რამეთუ ბერი მხოლოდ კვირადღეს და ისიც მონასტრის მამასახლისს ესაუბრებაო. ხოლო როცა კვირა დღეს მღვიმეში ჩამავალი ევაგრე დაინახა, კაცმა უმეტესად ატეხა გოდება და იფიცებოდა, არსად წავალ, ვიდრე არ განმკურნავსო. ღირსმა ევაგრემ სპარსის განკურნება სთხოვა დიდბერს. გაჩუმდი, ძმაო, ცოდვილი ვარ და ყველა კაცზე საწყალობელი. მკურნალი კი ღმერთია და მას განკურნავს, ვინც უნდაო, - ბრძანა წმინდა შიომ. ევაგრემ აღარაფერი უთხრა, კუნკულს გაგიბერტყავო, მოიმიზეზა. სამოსზე ღირსი შიოს თმის სამი ღერი იპოვა, მუჭში დამალა და სპარსს წამოუღო. თუმცა ზემოთ ამოსულს სპარსი სრულიად განკუნებული დახვდა. გაოცდა წმინდა ევაგრე, - მითხარი, ძმაო, როგორ განიკურნეო. მან უთხრა: - როცა მღვიმეში ჩახვედი, ვფიქრობ, რომ შენ გამოგზავნე ყმაწვილი, რომელმაც მომცა სამი ღერი მოხუცებული კაცის თმისა და მიბრძანა, პირში ჩაიდეო. ჩავიდე თუ არა, თმა თითქოს გადნაო და აჰა, განკურნებული ვდგავარ შენ წინაშეო. განხსნა ევაგრემ ხელნი და მამა შიოს თმა მუჭში აღარ ჰქონდა. სპარსი თავის ქვეყანაში დაბრუნდა და ყოველწლიურად ჩამოდიოდა მონასტერში საკმევლისა და ზეთის შესაწირით.
კვერთხი. მამა გაბრიელი (ურგებაძე) იტყოდა ხოლმე, - მამა შიოს კვერთხი მე მაქვსო. ნეტავ რას გულისხმობდა? მამა შიოს კვერთხს რომ დიდი ძალა ჰქონდა, ეს უკვე ვნახეთ, როცა წმინდა ევაგრემ მისი შეხებით ორჯერ გაჭრა მდინარე მტკვარი. სხვა სასწაულიც გავიხსენოთ.
სპარსი, რომლის ბრმა შვილიც წმინდა შიოს განეკურნა, ღირს მამასთან სამადლობელი საჩუქრით მიდიოდა. ორი ვირი ზეთით, თაფლით, ლეღვის ჩირით და სხვა სანუგეშო ნობათით დაეტვირთა. შებინდდა. კაცს გზად ავაზაკები გადაეყარნენ, მსახურებთან ერთად ცოცხალმა ძლივს დააღწია მათ თავი. "მამაო წმინდაო, შენ თვითონ იზრუნე იმ შესაწირზე, რომელიც შენი მონასტრისთვის მოგვქონდა", - თქვა სპარსმა და მონასტრის გზას გაუდგა. ამ დროს ღმერთმა ავაზაკებს გონება შეუცვალა, მათ ეგონათ, რომ თავიანთ ბუნაგში მიდიოდნენ, სინამდვილეში კი მღვიმის მონასტრის სიახლოვეს მიაღწიეს და თვალთ დაუბრმავდათ. გათენდა, მონასტერს მოაღწია სპარსმაც. დაინახა თავისი ვირები და დაბრმავებული ავაზაკებიც. მიზეზი ჰკითხა. "ჩვენ კაცნი ვართ ავაზაკნი, სხვათაგან მიტაცებული შინ მიგვქონდა. გვეგონა, სახლის გზას ვადექით, მაგრამ უცხო კლდეებთან აღმოვჩნდით. მოხუცებული მონაზონი ვიხილეთ, რომელმაც სახეზე შემოგვბერა და დავბრმავდით. გევედრებით, ვინც არ უნდა იყო, წაგვიყვანე, თორემ ასე დაყრილები ამოვწყდებითო". სპარსმა უთხრა: - წამოდით, ძმებო, და მიგიყვანთ ღირსი შიოს მონასტერშიო. მივიდნენ მონასტერში. ავაზაკები იქვე დასხა, თვითონ კი ღირს ევაგრეს მოუყვა ყველაფერს. ევაგრემ ძელზე დაარეკინა, შემოკრიბა ძმები და მათ წინაშე ავაზაკებს მოაყოლა თავს დატეხილ განსაცდელზე. მორწმუნე სპარსმაც თავის მხრივ მოუთხრო მას, რაც შეემთხვა. მიხვდნენ ავაზაკები მოწეული უბედურების მიზეზს და ღირს შიოს განკუნება შეღაღადეს. წმინდა ევაგრემ უთხრა: - დასცხერით, ძმებო, კვირადღემდე. მაშინ ჩავალ მღვიმეში და შევევედრები თქვენთვის წმინდანსო. კვირა დღეს ჩავიდა მღვიმეში ევაგრე, თუმცა ავაზაკებზე განგებ არაფერი თქვა. წამოსვლისას წმინდა შიომ მას თავისი კვერთხი მიაწოდა და უთხრა: - ევაგრე, მიიღე კვერთხი და უთხარი მათ, ამგვარ უწესოებას თავი ანებონ. აჰა, განმიხსნია ისინი სიბრმავისაგან, თვალებზე კვერთხი შეახე და აეხილებათო. ასეც მოიქცა წმინდა ევაგრე, განკუნებული ავაზაკნი ღვთის დიდებით დაუბრუნდნენ სახლებს...
მღვიმეში რამდენიმეწლიანი მოსაგრეობის შემდეგ ღირსი შიო წარვიდა უფლისა მიმართ, ხოლო ძვალნი მისნი, ქართველთა სანუგეშოდ, ძველ დროში, ყველიერის ხუთშაბათს, შიოობას, თავისით ამოდიოდნენ წმინდა შიოს სამარხიდან წმინდა იოანე ნათლისმცემლის ეკლესიაში.
მრავალი სასწაული მოუხდენია და ახდენს ღირსი შიო, იგი განსაკუთრებით უშვილოებს შეეწევა და აძლევს უმეტესად ძეებს. ამის მოწმე და მამა შიოს წყალობის ღირსი მეც შევიქენი, თუმცა ამაზე უკვე მოვუთხრეთ "კარიბჭის" მკითხველს და სიტყვას აღარ გავაგრძელებთ.
ღირსი შიოს ლოცვა არ მოჰკლებოდეს ჩვენს ტანჯულ ქვეყანას!