წმინდა დიმიტრი ყიფიანი, სამშობლოსათვის წამებული (+1887) - 14 აპრილი (27 აპრილი)
წმინდა დიმიტრი ყიფიანი, სამშობლოსათვის წამებული (+1887) - 14 აპრილი (27 აპრილი)
2007 წელს საქართველოს მართლმადიდებელმა ეკლესიამ დიმიტრი ყიფიანი - საზოგადო მოღვაწე, პუბლიცისტი და ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის ერთ-ერთი მესვეური, წმინდანად შერაცხა. მისი ხსენების დღედ დადგინდა 27 აპრილი (ახ. სტ.) / 14 აპრილი (ძვ. სტ.). წმინდა დიმიტრი ყიფიანის ცხოვრება და მოღვაწეობა ყველა ქართველისათვის მისაბაძი მაგალითია. "ოღონდ ჩემ სამშობლოს გამოადგეს ჩემი სიკვდილი თუ სიცოცხლე, ყველაფერზე მზად ვარ", - ამბობდა ის. მართლაც, დიმიტრი ყიფიანის მოწამებრივმა სიკვდილმა ქართველი ერი გამოაფხიზლა. სხვა ქართველ წმინდანებთან ერთად საქარ-თველოს იმედის ხატს დიმიტრი ყიფიანიც ამშვენეს.

ცოტა რამ ყიფიანების გვარის შესახებ

გადმოცემის თანახმად, ყიფიანების გვარის წინაპრები სვანეთში მკვიდრობდნენ. ბაგრატ მეფის დროს სვანეთის სოფელ წვირმში ცხოვრობდა მორკინალი-მეომარი გიორგი გოგიაძე, რომელსაც ათასი რაინდი ჰყოლია. ბაგრატ მეფეს ოსმალეთის ხონთქარმა მეტისმეტად გაუჭირვა საქმე. ჯარი გადმოსხა შავი ზღვის სანაპიროზე და დღე-დღეზე შემოე-სეოდა იმერეთს. ბაგრატ მეფემ მაშინვე აფრინა შიკრიკი გიორგი გოგიაძესთან სვანეთში და აცნობა: - აბა, ჩემო გიორგი, შენი იმედი მაქვს, ახლავე შეიარაღდი შენი ათასი კაცით და ცხენის წყალს გადმოღმა მომეშველეო. გიორგის შიკრიკისთვის დაუბარებია: - მოახსენე იმერეთის მეფეს და ჩემს მბრძანებელს, რომ დაუყოვნებლივ ვეახლებიო. გიორგი მეომრებითურთ გაუდგა გზას და დაბანაკდა ცხენის წყლის მარცხენა ნაპირას, მურის ციხესთან. იქიდან შიკრიკი გაუგზავნა ქუთაისში ბაგრატ მეფეს - მეფეო, გეახელითო.

მეფემ მოუსმინა შიკრიკს და ბრძანა: - რად მინდა შენი ბატონის მურში დგომა, მე ის აქ მჭირდებაო. შიკრიკმა მოკრძალებით მიუგო: - ის სტუმარია, მეფეო, შენ - მასპინძელი, სტუმარს იქ უნდა შეეგებოო. კეთილი, - ბრძანა მეფემ, - წადი, მოახსენე შენს ბატონს, მოვდივარ-თქო.

შიკრიკი გაბრუნდა. მეფე, ამალითურთ, მურს გაემგზავრა. მზირებმა მოახსნეს გიორგის, - მეფე მობრძანდებაო. გიორგი მაშინვე გამოვიდა კარვიდან და მეფეს შეეგება.

- ოჰ, ჩემო გიორგი გოგიაძე, რა ყიფიანი რამა ხარ! - მიაძახა მეფემ და გადაეხვია. მას შემდეგ დაერქვა გიორგი გოგიაძეს ყიფიანი: გოგიაძე-ყიფიანი. დროთა განმავლობაში გოგიაძე დაიკარგა და დარჩა ყიფიანი.

გოგიაძის შთამომავლობა გამრავლდა. ზოგი ლეჩხუმს გადასახლდა, ზოგი - რაჭას, ზოგიც - შორაპნის მაზრაში. მთავარი ისაა, რომ ყიფიანები შემდეგში თავდადებით ემსახურებოდნენ იმერეთის სამეფოს გაძლიერებას. სოლომონ I-ის ფიცისკაცებს შორის ყიფიანებიც მოიხსენებიან.

დიმიტრის მშობლები

დიმიტრის მამა, ქოჩო ყიფიანი და მისი ბიძაშვილი მამისთვალი სვანეთიდან ქართლში გადმოსულან და დიდ ივანე აბაშიძესთან მოურავად დამდგარან. ქოჩო დასახლებულა ქვიშხეთში, მამისთვალი - ბეკამში (ძველად ყიფიანთუბანს ეძახდნენ).

ქოჩო ყიფიანი მშვიდი და წყნარი კაცი ყოფილა, ჩხუბს და დავიდარაბას ყოველთვის ერიდებოდა. თურმე, აბაშიძეები ავიწროებდნენ, ამიტომ მიუტოვებია სააბაშიო და სოფელ მერეთში გადასულა, სადაც აზნაურ ფურცელაძეს ჩასიძებია. მას და მის მეუღლეს - ბარბარეს - ორი ქალიშვილი და ოთხი ვაჟი (ქაიხოსრო, გიორგი, იოსები, დიმიტრი) ჰყოლიათ. შვილებში დიმიტრი ნაბოლარა იყო. ყიფიანების ერთი ქალიშვილი ცოლად ჰყოლია მუსხელიშვილს, მეორე - კვალიაშვილს.

"წყნარი, მშვიდობიანი, დამჯდარი ხასიათის პატრონი, ჭკვიანი, კარგი სიტყვა-პასუხის მიმცემი და ყოველგან დიდად პატივცემული ქალბატონი გახლდათ ბარბარე ფურცელაძე", - ასე ახასიათებს ბებიას დიმიტრის ვაჟი ნიკო ყიფიანი.

1811 წლის 14 (27) აპრილს დაიბადა ქოჩო ყიფიანის მეოთხე ვაჟი დიმიტრი (ზოგიერთ წყაროში დაბადების წლად 1814-ია მითითებული, მაგრამ წმინდა დიმიტრის შთამომავალმა - თამარ მიქაძემ - მოგვაწოდა ინფორმაცია, რომ საარქივო კვლევით დაბადების ზუსტ თარიღად 1811 წელი დადგინდა). ბავშვობა მან დედის ოჯახში, მერეთში, გაატარა. ორი-სამი წლის დიმიტრის მამა გარდაეცვალა, რამდე¬ნიმე წელიწადში - დედაც. ამის შემდეგ დაობლებული დიმიტრის აღსაზრდელად ზრუნავდა უფროსი ძმა - ქაიხოსრო.

ქაიხოსროს, რომელიც სურამის საბაჟოზე მსახურობდა, დიმიტრი მერეთიდან საცხოვრებლად სურამში წაუყვანია.

ეს ყმაწვილი უსწავლელი არ დააგდოთ, ძლიერ ნიჭიერია.

დიმიტრი ყიფიანის აღზრდაში მნიშვნელოვანი ამაგი მიუძღვით თბილისში მცხოვრებ ნიკიფორე ფეოდოროვს და მის მეუღლეს, მარიამ ყიფიანს (ის დიმიტრის ახლო ნათესავი ყოფილა), ცოლ-ქმარი უშვილოები იყვნენ და დაობლებული ბიჭი იშვილეს.

პატარა დიმიტრის ჯერ კიდევ დედის ხელში უსწავლია ქართული წერა-კითხვა, ლოცვები, ანგარიში, "ვეფხისტყაოსანი", წმინდა წერილი. რუსული კითხვა კი შემთხვევით უსწავლია. ერთ დღეს ყიფიანებს ესტუმრა სამხედრო რევიზორი ფეოდოროვი, რომელიც ქართლში სამსახურებრივ საქმეზე ყოფილა თბილისიდან ჩასული. ფეოდოროვს მოეწონა პატარა დიმიტრი და ერთი კვირის განმავლობაში ხუმრობით რუსული კითხვა შეასწავლა. რევიზორი ქაიხოსროს ურჩევდა, ეს ყმაწვილი უსწავლელი არ დააგდოთ, ძლიერ ნიჭიერიაო. ქაიხოსრომაც რჩევა შეისმინა და პატარა ძმა ჯერ თბილისის სასულიერო სემინარიაში მიაბარა, ხოლო ერთი წლის შემდეგ კეთილშობილთა სასწავლებელში გადაიყვანა.

კეთილშობილთა სასწავლებელში დიმიტრიმ 7-8 წელი ისწავლა. ასე ერქვა XIX საუკუნის დასაწყისში, 1803-1830 წლამდე, ახლანდელ პირველ კლასიკურ გიმნაზიას. სასწავლებელში უმეტესად ქართველ თავად-აზნაურთა შვილები სწავლობდნენ, სწორედ მათთვის დააარსა იგი მთავარმართებელმა, გენერალმა პავლე ციციანოვმა (ციციშვილი) 1803 წელს. კეთილშობილთა სასწავლებელში სწავლის პერიოდში დიმიტრის მთავრობა ყოველთვიურად 5 მანეთს აძლევდა. მასთან ერთად სწავლობდა დიდი პოეტი ნიკოლოზ ბარათაშვილი, ორივეს კი სოლომონ დოდაშვილი ასწავლიდა.

კეთილშობილთა სასწავლებლის ატმოსფეროს ნათლად გადმოსცემს დიმიტრი ყიფიანი: "მთელი მაშინდელი პედაგოგიური სიბრძნე ორი უმთავრესი წესით გამოიხატებოდა - გაკვეთილების სწავლა ზეპირად, ე.ი. შეუგნებლად, მექანიკურად და ყოველი დანაშაულისთვის ხელისგულზე სახაზავით ცემა".

სასწავლებელში შექმნილმა ვითარებამ სოლომონ დოდაშვილზე მძიმე შთაბეჭდილება მოახდინა. "მოწაფეთა ჩემთა არა აქვსთ სული აღძრული და განღვიძებული, მისწვდნენ ჭეშმარიტსა კეთილსა და საამო აღმკობილებასა. არა აქვთ მიდრეკილება განათლებისადმიო", - წერდა იგი იონა ხელაშვილს. მიუხედავად ამისა, სოლომონ დოდაშვილმა შეძლო მოწაფეებში ეროვნული გრძნობებისა და ბუნებისაგან ბოძებული ნიჭის გამოღვიძება და ამოძრავება. რამდენიმე წლის შემდეგ ბედნიერი მასწავლებელი აღფრთოვანებული წერს: "მოწაფენი, რომელნიცა აწ იზრდებიან სასწავლებელთა შინა, აღგვითქმენ ფრიად მრავალსა სარგებლობისათვის მამულისა... გული ჩემი მარადდღე ტრფიალებს, ვინაიდგან მრავალთა ახლაგაზრდათა კაცთა იწყის თხზვა შვენიერთა სტიხთა და აღწერა პროზად სხვადასხვათა საგანთა".

სწორედ სოლომონ დოდაშვილის გამოზრდილმა და გამოწვრთნილმა თაობამ იკისრა მისი სიკვდილის შემდეგ ეროვნული მოძრაობის მესვეურობა.

დიმიტრი ყიფიანი უსიამოვნოდ იგონებდა სასწავლებელში მოწაფეების ლამის დაკანონებულ ცემა-ტყეპას. მიუხედავად მორიდებული და თავდაჭერილი ყოფაქცევისა, ისიც ვერ ასცდა ყურების დასრესას და სახაზავით ხელების დალურჯებას. ერთხელ სკოლის ეზოში ვიღაცამ ზარი ჩამოჰკრა, მოსწავლეებმა დიმიტრის დააბრალეს, დირექტორის მოადგილემ კი საქმის გამოუძიებლად, საჯაროდ დაუწყო ცემა პატარა უდანაშაულოს. ცხარე ცრემლით ტიროდა შეურაცხყოფილი დიმიტრი, მაგრამ ვინ იყო მფარველი და გამკითხავი. ერთხელ მოულოდნელად ზურგი შეუქცევია სპარსული ენის მასწავლებლის, მირზა ჯაფარისათვის. იწყინა ჯაფარმა, ჩააფრინდა თმაში და ისე სცემა, რომ ცხვირიდან სისხლი ადინა. სისხლის დანახვაზე პედაგოგს შეშინებია, არ მიჩივლოსო, გაქცეულა დირექტორთან და დაუბეზღებია, - ყიფიანი ცემას მიპირებდაო. მოვარდნილა გაშმაგებული დირექტორი, გასჯავრებია პატარა დიმიტრის, - ეს როგორ გაბედეო, შემდეგ გუბერნატორთან წასულა საჩივლელად.

- როგორ გაბედე და მასწავლებელზე ხელი აღმართე?! - უყვირია ყიფიანისთვის გუბერნატორს. დიმიტრის ბედზე ამ დროს გუბერნატორის კაბინეტში გენერალ-ლეიტენანტი თ. ბაგრატიონ-მუხრანსკი შესულა. გამოუკითხავს პატარა მოსწავლის ამბავი.

- კეთილშობილთა სასწავლებელში ხომ თავად-აზნაურთა შვილები სწავლობენ, ჩემი შვილებიც იქ არიან, ვის აქვს ნება მათი ცემისა? ამგვარი რამ შეუწყნარებელია, - უთქვამს ბაგრატიონ-მუხრანსკის, შემდეგ ნოტაციები წაუკითხავს გუბერნატორისა და პედაგოგისათვის, დიმიტრი კი მკაცრად გაუფრთხილებია, - მეორედ მსგავსი რამ აღარ გაბედოო. გადარჩა, მაგრამ ფიქრები აწუხებდა პატარა დიმიტრის: "მეორედ აღარ გაჰბედოო და განა რაიმე დანაშაულობა მიმიძღვის? ანდა განა ვიქნები დამნაშავე, თუ კიდევ მოხდა ამგვარი რამ? ამაზედ არასდროს არავინ მომცა პასუხი", - წერს მოგონებებში დიმიტრი ყიფიანი.

უფროსკლასელი ყიფიანის გასართობი მაშინდელ თბილისში თავად ალექსანდრე ჭავჭავაძის სახლში გამართული საცეკვაო საღამოებიც ყოფილა. როგორც მისი პირველი ბიოგრაფი არჩილ ჯორჯაძე წერს, "სპარსეთთან ომიანობის დროს (1826-1828 წწ.) ტფილისში თითქმის არ მოიპოვებოდა მამაკაცი ახალგაზრდობა. სულ ომში იყვნენ გახიზნულნი. მეტი გზა არ იყო, უფროს კლასელებს, შეგირდებს, მთავრობის ნებართვით, იწვევდნენ საცეკვაო საღამოებზე და შეგირდების "კავალრობით" მიდიოდნენ იოლას. ერთხელ რამდენიმე შეგირდი, მათ შორის დიმიტრიც, მიიწვიეს ორბელიანთა წარმოდგენაში მონაწილეობის მისაღებად, გიმნაზიის მთავრობის ნებადაურთველად. შეგირდებისათვის ამგვარი გართობა მეტად სანატრელი იყო. მონაწილეობა მიიღეს და ღირსეულადაც აასრულეს თავიანთი როლები, მაგრამ, საუბედუროდ, სასწავლებელში გაუგეს, თუმცა საღამოს ორგანიზატორების წყალობით, დასჯას გადარჩნენ".

1830 წელს დიმიტრიმ გიმნაზია დაამთავრა და თავადაზნაურობის დეპუტატთა საკრებულოში თარჯიმნად დაიწყო მუშაობა. რამდენიმე თვის შემდეგ თბილისის გიმნაზიაში მასწავლებლად გადაიყვანეს. 17 წლის ახალგაზრდა 4 საგანს ასწავლიდა - არითმეტიკას, გეოგრაფიას, ქართულ და რუსულ ენებს.

დიმიტრი ყიფიანი და ნიკოლოზ ბარათაშვილი

დიმიტრი ყიფიანის ბიოგრაფიის საყურადღებო მომენტია ყრმობისა და ჭაბუკობის წლებში სიახლოვე დიდ პოეტთან - ნიკოლოზ ბარათაშვილთან. უკვე ვთქვით, რომ ისინი ერთად სწავლობდნენ თბილისის კეთილშობილთა სასწავლებელში.

ნიკო ყიფიანს წერილობით მიუმართავს თავისი მამისათვის შეკითხვით, იცნობდა თუ არა ის ნიკოლოზ ბარათაშვილს. დიმიტრიმ უპასუხა, - ნიკოლოზ ბარათაშვილს ძალიან ახლოს ვიცნობდი, მას ეძახდნენ ტატოს, გრიგოლ დიმიტრის ძე ორბელიანის დისწული იყოო.

დიმიტრი ყიფიანი წერდა: "ნიკოლოზის მამა, მელიტონი, თარჯიმნობით არჩენდა ოჯახს, მის ოჯახს შემოსავლის სხვა წყარო არ გააჩნდა. ნიკოლოზი სწავლობდა კეთილშობილთა სასწავლებელში. ის ჩემზე, მგონი, ორი წლით იყო უკან. შემდეგ გადავიდა გიმნაზიაში და მგონი, მე-5 კლასიდან გამოვიდა. იძულებული იყო, წასულიყო ელიზავეტპოლის მაზრის უფროსის თანაშემწედ. იქ ის კლიმატის მსხვერპლი გახდა.

შესანიშნავად ცეკვავდა ლეკურს, შეეძლო საუბრის გამოცოცხლება, ოჯახებში ყველგან შვილივით ჰყავდათ მიღებული. ახლაგაზრდები, მათ შორის ნიკოლოზიც, სანამ დავქორწინდებოდი, ხშირად ჩემთან იკრიბებოდნენ ხოლმე".

დიმიტრი ყიფიანის პედაგოგიური მოღვაწეობა დიდხანს არ გაგრძელებულა. პატრიოტი ჭაბუკი ქართველ მამულიშვილებს დაუკავშირდა და 1832 წლის შეთქმულებაში ჩაება. დოკუმენტებიდან ირკვევა, რომ იგი დაახლოებული ყოფილა შეთქმულების ორგანიზატორთა ჯგუფთან. მისივე მემუარების მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, ყიფიანის შეთქმულებაში მონაწილეობა "თავისუფალი მსმენელის" სტატუსს არ გასცილებია. დადიოდა შეკრებებზე, მეტწილად დუმდა და გამომსვლელებს უსმენდა. ერთხელაც შეკითხვაზე, - რას ფიქრობთო, უპასუხა: "სულ ვფიქრობ, რით დაბოლოვდება ყველაფერიო". ამის გამო ერთ-ერთმა შეთქმულმა მას "მოსაწყენი კაცი" უწოდა. ასე იყო თუ ისე, რუსეთის მთავრობის საწინააღმდეგო შეთქმულებაში მონაწილეობისათვის დაიჭირეს და მეტეხის ციხეში ჩასვეს, სადაც ერთი წელიწადი დაყო. აქედან საცხოვრებლად ჩრდილოეთ რუსეთში, ქ. ვოლოგდაში გაგზავნეს. გადასახლებამ გარკვეული დროით შეაფერხა ნიჭიერი ახალგაზრდის სამსახურებრივი კარიერა, თუმცა გადასახლებაშიც შეძლო საგუბერნიო მმართველის მდივნობამდე მიეღწია (1835წ.). "ვოლოგდაში ჩემს შესახებ მიღებული ქაღალდის წყალობით, - წერს დიმიტრი, - ზოგიერთნი ისე მიყურებდნენ, როგორც ნადირს, რომელიც იკბინება. თუმცა მეორეთა თვალშიც ნადირი ვიყავი, მხოლოდ ნადირი ჭაბუკი და სამხრეთიდან მოსული, რომელსაც მოფერება ესაჭიროება. მაგრამ მე ისე გულმოდგინედ შევუდექი ჩემს სამსახურს, რომ გუბერნიის სამმართველოში დილა-საღამოობით დავდიოდი და ყურადღებას არ ვაქცევდი იმათ, ვისაც ჩემი ეშინოდათ, არც იმათ, ვისაც ჩემი მოფერება სწადდათ. ვმუშაობდი და სამი წლის განმავლობაში გუბერნიის მმართველობის მდივნის ხარისხამდე მივაღწიე".

გაგრძელება იხილეთ შემდეგ გვერდზე

წმინდა დიმიტრი ყიფიანთან დაკავშირებით ასევე შეგიძლიათ წაიკითხოთ სხვა სტატიები - გადადით ლინკზე»»




1832 წლის ვერშემდგარი შეთქმულება

მას შემდეგ, რაც 1801 წელს რუსეთმა ქართლ-კახეთის სამეფო გააუქმა და საქართველოს დანარჩენი კუთხეების დაპყრობას შეუდგა, ქართველმა ხალხმა წართმეული სახელმწიფოებრიობის დაბრუნების მიზნით არაერთხელ წამოიწყო აჯანყება. ერთ-ერთი ასეთი მცდელობა იყო 1832 წლის შეთქმულების სახელით ცნობილი, რომელიც რუსეთში გადასახლებულ ბატონიშვილთა წრეში ჩაისახა. კერძოდ, 1825 წელს პეტერბურგში მცხოვრებმა დიმიტრი იულონის ძემ, ხოლო 1826 წელს მოსკოვში იძულებით მყოფმა ოქროპირ გიორგი მეთორმეტის ძემ (ბაგრატიონებმა) გარს შემოიკრიბეს რუსეთში სასწავლებლად ჩასული ქართველი ახალგაზრდები და შეუდგნენ მომზადებას მომავალი შეიარაღებული აჯანყებისათვის. 1827 წელს კი პეტერბურგიდან სამშობლოში დაბრუნდა დიდი ქართველი განმანათლებელი, საზოგადო და პოლიტიკური მოღვაწე სოლომონ დოდაშვილი და შეთქმულების ცენტრმაც თბილისში გადმოინაცვლა. სოლომონ დოდაშვილი განათლებული პიროვნება იყო, რომელსაც პეტერბურგის უნივერსიტეტი ჰქონდა დამთავრებული.

შეთქმულების აქტიური წევრი იყო აგრეთვე ფილადელფოს კიკნაძე. ის შეთქმულთა ფარული საზოგადოების წესდების ავტორი გახლდათ. ფილადელფოს კიკნაძემ შეთქმულთა მიმოწერისთვის შექმნა ფარული ანბანი. მისი საერო სახელი იყო ნიკიფორე. ის იმერეთში, სამეფო აზნაურის, ივანე კიკნაძის ოჯახში დაიბადა 1793 წელს. მამამისს არანაირი საშუალება არ ჰქონდა, შვილისთვის განათლება მიეცა. მხოლოდ შეძლო, გადმოეყვანა აღმოსავლეთ საქართველოში და მიებარებინა იოანე ნათლისმცემლის დავითგარეჯის მონასტერში. ამ დროს კიკნაძე 7 წლის უნდა ყოფილიყო. სულ მალე მას მშობლები დაეხოცა, რომლებიც 1811 წელს დასავლეთ და აღმოსავლეთ საქართველოში გავრცელებული შავი ჭირის ეპიდემიას ემსხვერპლნენ. შემდეგ მეზობელმა თავადმა - აბაშიძემ მას სახლ-კარიც გადაუწვა. იგი, ფაქტობრივად, სრულიად მარტო და მიუსაფარი აღმოჩნდა, ოჯახისგან და მშობლიური კუთხისგან მოშორებული. თუმცა, თავისი ნიჭის წყალობით, ფილადელფოს კიკნაძემ შეძლო დაწინაურება. ის აღიკვეცა ბერად, სახელი შეუცვალეს და უწოდეს ნიკოლოზი. ამის შემდეგ, როდესაც იგი მღვდელ-მონაზვნად ეკურთხა, კიდევ ერთხელ შეეცვალა სახელი, ეწოდა ფილადელფოსი და ისტორიაში ამ სახელითვე დამკვიდრდა. ის გამორჩეული ახალგაზრდა ყოფილა. როდესაც ნათლისმცემლის მონასტერს სწვევია ხირსის არქიმანდრიტი, ყმაწვილი ძალიან მოსწონებია. აქედან დაიწყო მისი წინსვლაც. არქიმანდრიტმა კიკნაძე ხირსაში წაიყვანა, სადაც ფილადელფოსი ფილოსოფიისა და ლიტერატურის შესწავლას შეუდგა. განსწავლული ხირსიდან თბილისში ჩამოვიდა და დარეჯანის სასახლეში, ფერისცვალების ეკლესიაში განაგრძო მოღვაწეობა. აქ ის თავისი ნიჭის წყალობით ბატონიშვილთა და მაღალ საეკლესიო პირთა ყურადღების ცენტრში მოექცა. მის დაწინაურებაში დიდი როლი ითამაშა იმან, რომ 1826-1827 წლებში ის რუსეთში, იყო გაგზავნილი, კერძოდ, ნიჟნი ნოვგოროდში გადასახლებულ კათოლიკოს ანტონ II-სთან. იქ მან რამდენიმე თვე დაყო. ფილადელფოსს საშუალება ჰქონია, მოსკოვშიც ჩასულიყო, გაეცნო საინტერესო ადამიანები და ბევრი ახალი იდეაც დაესახა. მაგრამ ვერ შეთანხმდა კათოლიკოსთან და, როგორც ჩანს, მანვე გამოამგზავრა უკან. თან წერილი გამოატანა, სადაც წერდა, მე სხვა პიროვნებას უფრო შევეგუებოდიო. ამისდა მიუხედავად, ფილადელფოს კიკნაძის რუსეთში მოგზაურობამ დადებითი როლი ითამაშა მისი თვალსაწიერის გაფართოებაში.

როგორც ჩანს, სწორედ მოსკოვში გაიცნო მან ქართველ ბატონიშვილთა ფარული წრეები, სადაც მსჯელობდნენ საქართველოს დამოუკიდებლობის შესახებ. საქართველოში დაბრუნებული ფილადელფოს კიკნაძე იწყებს აგიტაციასა და მოღვაწეობას შეთქმულების სასარგებლოდ.

სამშობლოში მობრუნების შემდეგ იგი შუამთის მონასტერში გააგზავნეს, იმდროინდელი რუსი ეგზარქოსის - იონას პირადი გადაწყვეტილების საფუძველზე. იქ მოღვაწეობის დროს ფილადელფოს კიკნაძე იმდენად განთქმული ყოფილა თავისი განათლებით, რომ ცნობილი ოჯახების წევრები ცდილობდნენ, შვილები მისთვის მიებარებინათ აღსაზრდელად. მაგალითად, მასთან იზრდებოდა ცნობილი პოეტი რაფიელ ერისთავი.

აჯანყების წარმატებით განვითარების შემთხვევაში, იგი მთელ კავკასიას უნდა მოსდებოდა იმისათვის, რომ საბოლოოდ ალაგმულიყო ამიერ და იმიერკავკასიაში რუსთა თარეში. მაგრამ, შეთქმულებს რუსეთთან პოლიტიკური კავშირის სრულად გაწყვეტა არ ჰქონდათ განზრახული, არამედ სურდათ, რუსეთ-საქართველოს შორის დამყარებულიყო საერთო ინტერესებზე დაფუძნებული ურთიერთობა. სწორედ ამას ითვალისწინებდა 1783 წელს რუსეთთან დადებული გეორგიევსკის ტრაქტატიც, რომელიც 1801 წელს რუსეთის თვითმპყრობელურმა ხელისუფლებამ მზაკვრულად დაარღვია და შეუდგა საქართველოს ფაქტობრივ ოკუპაციას.

შეთქმულება დიდხანს და საფუძვლიანად მზადდებოდა. აჯანყება 1832 წლის დეკემბერში უნდა დაწყებულიყო. შეთქმულ არისტოკრატებს, აჯანყების გეგმის, "პირველი ღამის განკარგულების" მიხედვით, წვეულებაზე უნდა მოეწვიათ მსხვილი რუსული ბიუროკრატიის მოხელეები, განეიარაღებინათ, შემდეგ თბილისის მოსახლეობისთვის მოეწოდებინათ და აეჯანყებინათ. საბოლოო გეგმის მიხედვით, მათ უნდა გამოეყენებინათ 1832 წლის 20 დეკემბრისათვის დანიშნული თავადაზნაურობის საგუბერნიო ყრილობა. აჯანყებამდე რამდენიმე დღით ადრე შეთქმულების ერთ-ერთმა ხელმძღვანელმა, იასე ფალავანდიშვილმა, შეთქმულების შესახებ აცნობა თავის ძმას, რომელსაც კავკასიაში რუსეთის მეფისნაცვლის ადმინისტრაციაში მაღალი თანამდებობა ეკავა. ამ უკანასკნელმა შეთქმულება გასცა. ზოგიერთი ისტორიკოსი თვლის, რომ ეს შეთქმულება თავიდანვე განწირული იყო დასამარცხებლად, მაგრამ ამისდა მიუხედავად, კიდევ უფრო უარყოფითი როლი მისი ცალკეული მონაწილის ცხოვრებაში ნებით თუ უნებლიეთ მომხდარმა გამცემლობამ ითამაშა. ერთი გამცემი იასე ფალავანდიშვილი იყო, მეორე კი შუამთის უსახელო ბერი. ყოველ შემთხვევაში, ისტორიამ არ შემოგვინახა ამ ბერის სახელი.
ჩნდება კითხვა: რატომ გაანდო ძმამ ნიკოლოზ ფალავანდიშვილს ამბავი შეთქმულების შესახებ? ისტორიკოს ვაჟა კიკნაძის აზრით, ეს იესემ იმიტომ გააკეთა, რომ მოსალოდნელ აჯანყებაში ნიკოლოზიც ჩაერთო. ამას ნიკოლოზის მკვეთრი რეაქცია მოჰყვა. მან სასტიკად დაგმო შეთქმულება და იასეს უთხრა, რომ თუ ყველაფერს არ გაანდობდა, რაც იცოდა, თვითონაც დაიღუპებოდა და შეთქმულებსაც დიდ ზიანს მიაყენებდა. გადარჩენის ერთადერთი გზა, მისი აზრით, იყო ის, რომ მეფის რუსეთის თბილისის ადმინისტრაციისთვის მოეხსენებინათ ყოველივე. ნიკოლოზმა, ბოლოს და ბოლოს, დააჯერა იასე და მანაც ყველაფერი გაანდო ძმას. ესეც გამცემლობის ერთ-ერთი ფაქტია. იასეც არის ამ ისტორიის ერთ-ერთი ანტიგმირი, რომელმაც თავისდაუნებურად ძირშივე აღკვეთა ეს შეთქმულება და ფილადელფოს კიკნაძის ბედიც განსაზღვრა მისმა ამ საქციელმა. სწორედ ამის შემდეგ მიაკითხეს შუამთის მონასტერში, სადაც ის იმყოფებოდა...

1833 წლის იანვრის დასაწყისში, მოულოდნელად, ასამდე ჯარისკაცი და სამოცამდე ყაზახი შეიჭრა შუამთის მონასტერში. გამოიყვანეს ბერები და გაამწკრივეს ეზოში. განცალკევებით დააყენეს ფილადელფოს კიკნაძე. ყველა ბერს სათითაოდ ეკითხებოდნენ: - რა თქვა ფილადელფოსმა ანტისახელმწიფოებრივი, რა იქადაგა შუამთობაზე ან ალავერდობაზე, ან ხომ არაფერი იცოდნენ მისი ანტისახელმწიფოებრივი ჩანაწერების შესახებ. თუმცა ყველა ბერი ერთხმად პასუხობდა, რომ მსგავსი არაფერი სმენოდათ, პირიქით, ყველა დადებითად ახასიათებდა მას, მაგრამ ეტყობა, რაღაც ცნობები თავდამსხმელებს წინდაწინვე ჰქონდათ და კიდევ და კიდევ უბრუნდებოდნენ ბერებს დასაკითხად. დაკითხვას პირადად ეგზარქოსი იონა და მისი წარმომადგენლები წარმართავდნენ. ერთობლივი დაკითხვის შემდეგ ცალ-ცალკე დაიწყეს ბერების გამოძახება. მაინც ვერაფერს გახდნენ. მომხდურები ისე გამწარებულან, რომ ბერები სათითაოდ მიუბამთ ხეებზე. ამანაც არ გაჭრა და მხოლოდ მაშინ, როდესაც ეგზარქოსი ყველას დაემუქრა, თქვენ სენაკებსა და სახლებს გადავწვავთ, თუ არ გვეტყვით, სად არის დამალული საბუთებიო, მოხდა გამცემლობა. ერთ-ერთმა მოხუცმა ბერმა, რომლის სახელიც არ არის შემონახული, ვეღარ გაუძლო ამდენ დაკითხვებს, ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ ზეწოლას და უთხრა: - მე გაჩვენებთ, სად არის საიდუმლო ნაწერები დამალულიო. მართლაც, წაუძღვა და აჩვენა ის სახლი, რომლის ბანზეც, მიწის ქვეშ, კოჭებს შორის, დამალული იყო უამრავი ხელნაწერი. გათხარეს და რასაც ეძებდნენ, აღმოაჩინეს კიდეც. ნაწილი აღმოჩენილი ნაწერებისა იქვე გაჩაღებულ ცეცხლში დაწვეს, ნაწილი კი წაიღეს, როგორც მტკიცებულება.

ამის შემდეგ ეგზარქოსი იონა თურმე მიეჭრა ფილადელფოს კიკნაძეს და მკერდიდან ჩამოჰგლიჯა ჯვარი. ფილადელფოსს უთქვამს: ეს ჯვარი კათოლიკოსმა მაჩუქა და მანვე აკურთხა. ქართველი კათოლიკოსის ნაჩუქარი ჯვრის წართმევის უფლება კი რუს ეგზარქოსს და რუს ეპისკოპოსს არ აქვსო. ამან ისე გაამწარა იონა, ხელითაც კი დაუწყია ფილადელფოს კიკნაძის ცემა, რაზეც ფილადელფოსსაც ასევე უპასუხია და რამდენიმე მუშტიც უთავაზებია მისთვის.

ამის შემდეგ ფილადელფოს კიკნაძე უკვე განწირული იყო. მას ხელებზე ბორკილები დაადეს, წელსა და კისერზე გრძელი თოკი მოაბეს და ცხენზე შემჯდარ ყაზახს ხელში დააჭერინეს. ასე არბენინეს იგი შუამთიდან თბილისამდე. ამან ფილადელფოსი, ფიზიკურადაც და მორალურადაც, ისე გატეხა, როცა ციხიდან გამოუშვეს და ფერისცვალების მონასტერში დააბრუნეს (როგორც ჩანს, ზედამხედველობის ქვეშ), მალევე გარდაიცვალა, კერძოდ, 1833 წლის სექტემბერში...

დანარჩენი შეთქმულები დააპატიმრეს, ყაზარმებში გამოამწყვდიეს და მათი "ანტისახელმწიფოებრივი საქმიანობის" გამოსაკვლევად საგანგებო კომისია დანიშნეს, რომელმაც 145 "დამნაშავე" გამოავლინა. რუსეთის მაშინდელმა იმპერატორმა ნიკოლოზ I-მა შეთქმულებს სიკვდილით დასჯა გადაუწყვიტა, მაგრამ შემდეგ განაჩენი შეცვალა და ისინი რუსეთის შორეულ მხარეებში გადაასახლა.
სისასტიკით ცნობილი ნიკოლოზ I-ის ეს "გულჩვილობა" და ქართველთა შეწყნარება იმით იყო გამოწვეული, რომ რუსეთი მსოფლიოს უმტკიცებდა, - საქართველო საკუთარი ნებით შეუერთდა რუსეთს და ჩვენ მათი დამპყრობლები კი არა, მფარველები ვართო. გარდა ამისა, იმ პერიოდში რუსეთს ომი ჰქონდა გაჩაღებული ჩრდილოეთ კავკასიის ხალხებთან და მათი დამორჩილება სურდა. ბუნებრივია, რუსეთის მეფეს ქართველებთან ურთიერთობის გაუარესება კარგს არაფერს მოუტანდა, ვინაიდან იმიერკავკასიის დაპყრობით ოპერაციებში მონაწილეობდა არაერთი მაღალი სამხედრო წოდების ეთნიკური ქართველი, რომლებიც რუსეთს ერთგულად ემსახურებოდნენ. ნიკოლოზ I თავისი იმპერიული ზრახვების დასაყრდენს ისევ საქართველოში ხედავდა აქაური თავადაზნაურობის სახით. ამიტომ სურდა, რომ არა დასჯილ, არამედ "შეწყალებულ" საზოგადოებასთან ჰქონოდა საქმე.
სასამართლო პროცესიდან რამდენიმე წლის შემდეგ ყველა შეთქმული სამშობლოში დაბრუნდა, მაგრამ მათ შორის არ იყო სოლომონ დოდაშვილი, რომელმაც შორეულ ვიატკაში დაასრულა თავისი ხანმოკლე სიცოცხლე (31 წლის ასაკში).

ამით წერტილი დაესვა ქართველთა თავგანწირულ მცდელობას, შეიარაღებული აჯანყების გზით თავი დაეღწიათ რუსეთის იმპერიის ბატონობისაგან და შელახული ეროვნული ღირსება აღედგინათ.

არჩილ ჯორჯაძე ფიქრობდა, რომ დიმიტრი ყიფიანი 1832 წლის შეთქმულების უნებური მონაწილე იყო. 1832 წლის შეთქმულებაში "მონაწილეობდა საუკეთესო ნაწილი იმდროინდელი ახალგაზრდობისა, რომლის ქსელში თავისდაუნებურად გაება დიმიტრი ყიფიანიც". ამასვე იმეორებს გ. მეგრელიშვილი: "დიმიტრი ყიფიანი 1832 წლის შეთქმულების შემთხვევითი მონაწილე იყო. ის აშკარად ხედავდა, რომ, როგორც წვრილი აზნაურობის წარმომადგენელი, ჯობდა ცარიზმის მხარეზე დამდგარიყო, ვიდრე ბატონიშვილებისა და წარჩინებული ფენის მხარეზე". 1832 წლის შეთქმულებაში დიმიტრი ყიფიანის შემთხვევით მონაწილეობაზე მსჯელობა იოსებ უთურაშვილს არადამაჯერებლად მიაჩნია. ის წერს: "ვითომ რატომაა შეუძლებელი, რომ დიმიტრი ყიფიანი შეგნებულად დაკავშირებოდა ეროვნულ-გამათავისუფლებელი ხასიათის შეთქმულებას?". ამ აზრის მოწინააღმდეგეები ამბობდნენ, რომ 1832 წლის შეთქმულება რეაქციულ-მონარქისტული იყო და ყიფიანი ამ შეთქმულებაში შეგნებულად ვერ მიიღებდა მონაწილეობასო. შალვა ნუცუბიძე აღნიშნავდა, რომ "1832 წლის შეთქმულთა შორის, ერთი მხრივ, იყვნენ რეაქციონერები, რომლებიც მონარქიზმს ესწრაფოდნენ, ხოლო მეორე ჯგუფი ქართული მეფობის აღდგენას კი არ მოითხოვდა, არამედ რესპუბლიკური რეჟიმის დამყარებას. ეს ჯგუფი სოლომონ დოდაშვილისა იყო, მასში შედიოდნენ ყიფიანი, ავთანდილიშვილი, მამაცაშვილი..."

ალექსანდრე ბენდელიშვილი მიიჩნევს, რომ 1801 წლის მანიფესტის გამოცხადებისთანავე ქართველმა ხალხმა დაიწყო ბრძოლა სახელმწიფოებრიობის აღდგენისათვის, გარკვეულ დრომდე მაღალი წოდება და ხალხი ბაგრატოვანთა მონარქიის აღდგენას მოითხოვდა. უფრო მოგვიანებით აღმოცენდა რესპუბლიკური იდეებიც. ორივე შემთხვევაში ქვეყნის სუვერენიტეტის აღდგენისთვის ბრძოლა პროგრესულ მოვლენას წარმოადგენდა.

სხვა მკვლევრების აზრითაც, 1832 წლის შეთქმულება ქართული ეროვნულ-გამათავისუფლებელი მოძრაობის შემადგენელ ნაწილადაა მიჩნეული და აღნიშნულია მთელი შეთქმულების პროგრესული როლი. შეთქმულები იბრძოდნენ კოლონიური ჩაგვრის წინააღმდეგ, ეროვნული დამოუკიდებლობისათვის. საკითხისადმი ასეთი მიდგომისას შეუძლებელია, დიმიტრი ყიფიანი შეთქმულებისადმი სრული თანაგრძნობით განწყობილ პიროვნებად არ მივიჩნიოთ. 1832 წლის შეთქმულთა წრეში დიმიტრი ყიფიანი ალექსანდრე ჭავჭავაძის რეკომენდაციით მოხვედრილა.

თავის მემუარებში დიმიტრი ყიფიანი აღნიშნავდა: "1832 წლის შეთქმულების წინ მითხრა ერისთავმა: "შენაც სავსებით შეგიძლია, იგრძნო სიყვარული და თავდადება შენი სამშობლოსი, რომელიც ახლა მეტად კრიტიკულ მდგომარეობაშია". ამ რამდენიმე სიტყვით დიმიტრი ყიფიანი ბევრს გვეუბნება. აქ გამოკვეთილია სამშობლოს ცნება არა რუსი მონარქისტების გაგებით, არამედ ქართველი კაცისათვის დამახასიათებელი განსაზღვრებით: სამშობლო და საქართველო ერთი და იგივე ცნებებია. სამშობლო კრიტიკულ, გაჭირვებულ მდგომარეობაშია და როგორ შეიძლება, მისმა შვილმა სიყვარული არ იგრძნოს და, თუ საჭირო იქნება, თავიც არ დადოს მისთვისო.

გადასახლებიდან ხუთი წლის შემდეგ, 1837 წელს დიმიტრი ყიფიანს სამშობლოში დაბრუნების ნება მისცეს. მხოლოდ თბილისში ცხოვრების უფლება არ ჰქონდა, ამიტომ ქუთაისში დასახლდა. ქუთაისიდან 3-4 წლის შემდეგ გადმოვიდა თბილისში. იმ დროს საქართველოში ეროვნულ იდეებს დიდი გასაქანი არ ჰქონდა, დიმიტრი იმასაც მიხვდა, რომ რუსეთთან სამხედრო ძალით დაპირისპირება შედეგს არ გამოიღებდა და საჭირო იყო მოჩვენებითი "ერთგულებით" სამშობლოსათვის სასარგებლო ქართული საქმის კეთება. მალე ის რუსი მთავარმართებლებისათვის შეუცვლელ ფიგურად იქცა და დიდ თანამდებობებსაც მიაღწია: ვორონცოვის დროს მთავარმართებლის საბჭოს კანცელარიის მმართველი იყო, მურავიოვის დროს - კანცელარიის დირექტორი, ბარიატინსკიმ თავისი საბჭოს წევრად დანიშნა. 1859-1867 წლებში მუშაობდა სამეგრელოს მთავრის ქონება-მამულის მეურვედ. 1864-1870 წლებში თბილისის გუბერნიის, ხოლო 1885-1886 წლებში ქუთაისის გუბერნიის თავადაზნაურობის წინამძღოლად. მონაწილეობდა საგლეხო რეფორმის პროექტის შედგენაში; სათავეში ედგა ქართველი თავადაზნაურობის ლიბერალურ ფრთას. 1876-1879 წლებში იყო თბილისის ქალაქისთავი.

ვალერიან გუნიას თქმით, 30 წლის მანძილზე "არ მოუსვენია არც ერთი დღე, არც ერთი საათი, მაგარი და მტკიცე სულით იგი მხნედ ასრულებდა თავის მოვალეობას, მაგრამ ისე კი არა, როგორც ჩინოვნიკი, არამედ როგორც პატიოსანი კაცი და დაუცხრომელი მოღვაწე". იმპერია მხოლოდ იმდენზე უშვებდა და ახალისებდა, რამდენადაც მის ნიჭსა და ენერგიას გამოიყენებდა, იმის იქით უბოდიშოდ უჯახუნებდნენ კარს. ასეთ დროს დანანებით ამბობდა: "აი, ასე მოხდება ხოლმე, რომ დამნაშავე გამოხვალ უდანაშაულოდ... მაშ, უკაცრავად, მე ასეთი წესების მსახური არა ვარ..." დიმიტრიმ შეძლო მისი მაღალი თანამდებობები გამოეყენებინა ქვეყნის გაძლიერებისა და ეკლესიის აღორძინებისათვის. იგი სხვა ქართველ მამულიშვილებთან ერთად აქტიურად იბრძოდა საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენისა და ქვეყანაში მართლმადიდებლური მსოფლმხედველობის განმტკიცებისათვის. მისი თაოსნობით ან აქტიური მონაწილეობით ხორციელდება ის უმნიშვნელოვანესი პროექტები (საადგილმამულო ბანკი, "ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება", ქართული ბიბლიოთეკა და სხვა), რომელთა საშუალებით XIX საუკუ-ნის საქართველო გადაგვარებას გადაურჩა. თანაც, არ დაგვავიწყდეს, დიმიტრი ყიფიანი "მამების" თაობას მიეკუ¬თვნებოდა, რომლებთანაც, არცთუ უსაფუძვლოდ, ვერა და ვერ თანხმდებოდნენ "შვილები". ვერ თანხმდებოდნენ, მაგრამ... არა დიმიტრი ყიფიანთან. ყიფიანი ის იშვიათი გამონაკლისი იყო, რომელიც თითქოს განგებამ მოავლინა, რათა თაობებს შორის გაბმული ძაფი არ გაწყვეტილიყო... ცალკე უნდა აღინიშნოს "შვილების" ყველაზე ენამწარე წარმომადგენლის, აკაკის დამოკიდებულება ყიფიანისადმი. აკაკი მას შეხაროდა, ეთაყვანებოდა. "განთიადი" მიუძღვნა!

დიმიტრი ყიფიანი შესანიშნავი გარეგნობით გამოირჩეოდა, ხანში შესულსაც შერჩენოდა მომხიბვლელობა. მაღალი შუბლი, ფართო, ცნობისმოყვარე, ელვარე თვალები, ღაჟღაჟა სახე და სქელი ჭაღარა წვერი მის გარეგნობას უაღრესად შთამაგონებელ იერს ანიჭებდა. დიმიტრი მეტყველებდა საკმაოდ ორიგინალურად, ბოხი ხმით, მის ლაპარაკში ყოველთვის გამოსჭვიოდა ძლიერი გონება და საღი ლოგიკა.

"ყიფიანი გონებრივი და ზნეობრივი ღირსებებით მდიდარია, იგი წარმოადგენს ერთ მთლიან ნატურას, ურყევს პირველი დღეებიდან უკანასკნელ დღემდე", - აღნიშნავდა ნიკო ნიკოლაძე.

ქართველ ერში დიმიტრი დიდი პოპულარობით სარგებლობდა. "ივერიის" კორესპონდენტი აღნიშნავდა: ქართლში "ისეთი სახელი ჰქონდა გავარდნილი დიმიტრის, ყველა დედა ნატრობდა, რომ იმისთანა შვილი გამოსვლოდა". გურია-სამეგრელოსა და რაჭა-ლეჩხუმში დიმიტრის ორასამდე ნათლული ჰყოლია.
დიმიტრი ყიფიანი შესანიშნავი მოსაუბრე ყოფილა. ჰყვარებია მუსიკა, სიმღერა და ცეკვა. "მასთან ცხოვრება - ეს იყო სიცოცხლეშივე სამოთხეში ყოფნა", - აღნიშნავდა დიდი ხნის შემდეგ დიმიტრის ერთ-ერთი ახლობელი. დიმიტრი ყიფიანს ძალიან ჰყვარებია მხატვრული კითხვა. მისი რძალი ნინო ტატიშვილი-ყიფიანისა წერდა: "ხშირად გვატკბობდა დიმიტრი თავისი ღვთაებრივი კითხვით. შემოვუსხდებოდით მაგიდას დიდ დარბაზში და ვუსმენდით სულგანაბულნი მისი უაღრესად მეტყველი ხმით და სახით წაკითხულ რომელიმე კლასიკოსის ნაწარმოებს. დიდ შთაბეჭდილებას ახდენდა ჩვენზე მისი წაკითხული. მახსოვს, კითხულობდა ვიქტორ ჰიუგოს "ოთხმოცდაცამეტს".

ის ადგილი რომ წაიკითხა, სადაც აღწერილია ხანძარში მოხვედრილი ბავშვების გადასარჩენად გულქვა როიალისტის - ლანტენაკის - დაბრუნება ციხე-კოშკში, ყველას ცრემლი მოადგა თვალზე. მე კი წამსკდა ქვითინი, ძლივს დამამშვიდეს". ნინო მეუღლეს "ღვთიურ დიმიტრის" უწოდებდა.

გაგრძელება იხილეთ შემდეგ გვერდზე»»


დაოჯახება.

დიმიტრი ყიფიანმა 1845 წელს ცოლად შეირთო დუშელი მემამულის, იაგორ ჭილაშვილის ასული ნინო.  ნინოს პაპა გაბრიელი (მეტსახელი გლახა) ერეკლე II-ის ვაჟის - ვახტანგის ამილახვარი (შტალმაისტერი) გახლდათ. ცხოვრობდა დუშეთის ახლოს, ამილახვრიანთკარში. 1803 წელს ვახტანგს პეტერბურგის გადასახლებაში გლახაც გაჰყვა (1819 წელს გარდაიცვალა). ამ გლახას ვაჟი, იაგორი იყო ნინოს მამა. სამშობლოში გადმოსვლის შემდეგ იაგორ ჭილაშვილი საქართველოს უმაღლეს მმართველობაში მსახურობდა, ბოლოს კი სამუდამოდ დაბინავდა დუშეთში, სადაც დიდი მამულები ჰქონდა. ნინო დაიბადა 1827 წლის 12 მაისს. ნინოს და მის დას ლიზას პეტერბურგში ეკატერინეს უნივერსიტეტი დაუმთავრებიათ (1844წწ.).

იაგორ ჭილაშვილს დიმიტრი გაუცვნია თბილისში ძმის, ბაბანა ჭილაშვილის სახლში, რომელიც მაშინ თბილისის პოლიცმაისტერი იყო. ბაბანა ჭილაშვილის ოჯახში ხშირად მიდიოდა ახალგაზრდა მოხელე დიმიტრი ყიფიანი. მასთან ერთად ბაბანას სტუმრობდა მოხელე ვინმე ნაზაროვი (შემდეგში ერევნის გუბერნატორი). ნაზაროვი და ყიფიანი მეგობრობდნენ, ერთ მშვენიერ დღეს იაგორ ჭილაშვილის მიპატიჟებით დუშეთის ციხე-დარბაზს ეწვივნენ. ყმაწვილებმა იქ გაიცნეს ახალგაზრდა ნინო და ლიზა ჭილაშვილები. იმ დღიდან მეგობრებმა მოუხშირეს დუშეთში სტუმრობას. მალე ორი ჯვრისწერა გაიმართა დუშეთში: დიმიტრიმ შეირთო ნინო, ნაზაროვმა - ლიზა.

დიმიტრის და ნინოს 1845 წელს დაუწერიათ ჯვარი. ნინო ყოფილა უაღრესად კეთილი ქალი. ყოველთვის უღრმესი პატივისცემით ეპყრობოდა მეუღლეს, რომელსაც "ღვთიურ დიმიტრის" უწოდებდა. ისტორიამ შემოგვინახა ცნობა ნინოს მშვენიერების შესახებ. მისმა სილამაზემ საქართველოს საზღვრებიც კი გადალახა და პარიზში სილამაზის დედოფლად აირჩიეს. სილამაზის გარდა, ნინო ყიფიანი განათლებითა და დახვეწილი მანერებითაც გამოირჩეოდა. იგი თბილისის არისტოკრატული საზოგადოების გამორჩეულ წევრად მიიჩნეოდა. ნინო ყიფიანი კარგად იცნობდა ქართულ მწერლობას. სწორედ მის კალამს ეკუთვნის მეტად საინტერესო მოგონებები ნიკოლოზ ბარათაშვილზე... დიმიტრის გარდაცვალების შემდეგ ნინომ დატოვა თბილისი (სადაც მათი ოჯახი მუდმივად ცხოვრობდა) და ქვიშხეთში დასახლდა. ანდერძად დატოვა - სიკვდილის შემდეგ "ღვთიური დიმიტრის გვერდით დამასაფლავეთო". იგი 1901 წელს გარდაიცვალა, ვაჟმა სურვილი აუსრულა.

დიმიტრი ყიფიანი მორწმუნე მართლმადიდებელი იყო. ცოლქმრობასაც ისე უყურებდა, როგორც უფლის დაკანონებულ კავშირს. "ცოლქმრობა განუყრელი შეკავშირებაა და მისი განმტკიცებისათვის ურთიერთს უნდა ეხმარებოდნენ ცოლიც და ქმარიც. თუ მათ შორის უკმაყოფილება ჩამოვარდება, ამ უსიამოვნებას ერთმანეთისადმი სიყვარული და პატივისცემა მოსპობს", - ამბობდა დიმიტრი. ოჯახი მისთვის საღმრთო კერა იყო. "თუ შევიწროებას, უსიამოვნებას და გაჭირვებას ვითმენ, ეს ხომ იმიტომ, რომ სასარგებლო ვიყო ოჯახისათვის და თვით ოჯახშიც ვიმყოფებოდე. ხოლო თუ ეს შეუძლებელია, მე ხომ ადამიანი ვარ, მეც მწყურია სიხარული. ჯერ არავის უთქვამს ჩემთვის, რომ ჩემი ოჯახი სიხარულშია, როდესაც მისგან განშორებული ვარ. და თუ ასეა, მინდა ჩემს ცოლთან და შვილებთან ვიყო. სადაც ისინი არიან, იქ არის ჩემი სამშობლო, ჩემი საზოგადოება, ჩემი სახელმწიფო. უმაგათოდ არ შემიძლიან..."

დიმიტრის და ნინოს ექვსი შვილი ჰყოლიათ: ხუთი ვაჟი და ერთი ქალიშვილი. სამი ბავშვი პატარები მომკვდარან. ისტორია მხოლოდ ერთ-ერთი მათგანის, არჩილის, შესახებ მოგვითხრობს. იგი 1866 წელს დაბადებულა. ანტონ ფურცელაძე წერს: "(თბილისის) გუბერნიის თავადაზნაურობის წი¬ნამძღოლობიდან გადადგომის შემდეგ... ყიფიანმა დაკარგა უსაყვარლესი შვილი, არაჩვეულებრივად ლამაზი არჩილი". დიმიტრის და ნინოს დარჩენიათ ორი ვაჟი - ნიკო და კოტე და ქალიშვილი ელენე. მათ შესახებ უფრო ვრცელი ინფორმაცია არსებობს.

უფროს ვაჟს ნიკოს (1846-1905) უმაღლესი იურიდიული განათლება პეტერბურგის უნივერსიტეტში მიუღია. XIX საუკუნის 60-იანი წლების მეორე ნახევარში პეტერბურგში სტუდენტთა ერთ-ერთი ფარული რევოლუციური საზოგადოების დამაარსებელი სწორედ ნიკოლოზ ყიფიანი ყოფილა. 1868 წელს ნიკო ყიფიანი პოლიციას დაუპატიმრებია. ჩხრეკისას მას უპოვეს ნაწერები, მათ შორის გამოცანები (ვინ ახრჩობს ადამიანებს - მეფე, როდის იქნება უკეთესი ცხოვრება - როცა მეფეები აღარ იქნებიან...), მარსელიეზის ქართული თარგმანი, მიხაილოვის და პასარევის ფოტოსურათები.

უმაღლეს სასწავლებელში მომხდარ მღელვარებაში მონაწილეობის გამო ნიკო პეტერბურგიდან 1869 წელს გადმოუსახლებიათ და მასზე პოლიციის მეთვალყურეობა დაუწესებიათ. ნიკო უმეტესად ქუთაისში ცხოვრობდა და საუკეთესო დამცველად ითვლებოდა. ცოლად ჰყავდა გურული თავადის მიხეილ ერისთავის ასული ანასტასია (ტასო), რომელთანაც შეეძინა სამი ქალი და ერთი ვაჟი. ეს უკანასკნელი ორწლინახევრისა გარდაიცვალა. დიმიტრის გვარის გამგრძელებელი არ დარჩა. ნიკო საცხოვრებლად წავიდა საზღვარგარეთ, სადაც სიცოცხლის 17 წელი გაატარა. ქართულისა და რუსულის გარდა, ნიკოს კარგად სცოდნია ინგლისური, ფრანგული, იტალიური და სხვა ენები. 1895 წლიდან სიკვდილამდე ქალაქ ბრიუსელში ცხოვრობდა და ჟან მარტენის გვარით ენების პროფესორად ითვლებოდა. ნიკო ლიტერატურის კრიტიკოსიც იყო. ხშირად წერდა კრიტიკულ წერილებს ქართული მწერლების შემოქმედებაზე. ნიკოლოზ ყიფიანს საქართველოსგან მოშორებულსაც არ გაუწყვეტია კავშირი სამშობლოსთან. ქართულ გაზეთებს უგზავნიდა სტატიებსა და მოგონებებს. ამავდროულად ქართულ კულტურას დიდ პროპაგანდას უწევდა ევროპაში. იქაურ პერიოდულ გამოცემებში ბეჭდავდა სტატიებს საქართველოს ისტორიის, ქართული ლიტერატურისა და ფოლკლორის შესახებ. იგი გარდაიცვალა ბრიუსელში და იქვეა დასაფლავებული. მხოლოდ ამის შემდეგ გაიგეს, რომ პროფესორი ჟან მარტენი ნიკო ყიფიანი იყო.

დიმიტრის მეორე ვაჟი კოტე (1849-1921 წწ.), რომელიც განათლებით მეტყევე იყო, ქართული სცენის გამოჩენილი მსახიობი გახდა. იგი ითვლება ქართული სამსახიობო რეალისტური სკოლის ფუძემდებლად.

მომავალი მსახიობის, კოტე ყიფიანის ამქვეყნად მოვლინება იმთავითვე თეატრთან იყო დაკავშირებული. იმ დღეს, როდესაც იგი დაიბადა, კავკასიის მთავარმართებელს, ვორონცოვს, თავის სასახლეში წარმოდგენა ჰქონია, რომელ-ზეც მიპატიჟებული იყო იმდროინდელი თბილისის წარჩინებული საზოგადოება, მათ შორის დიმიტრი ყიფიანი მეუღლითურთ. მიუხედავად ფეხმძიმობისა, ნინო ყიფიანიც არ გამოჰკლებია ამ მნიშვნელოვან ღონისძიებას. სპექტაკლის მსვლელობის დროს მას მშობიარობის მოახლოება უგრძნია და სასწრაფოდ შინ დაბრუნებულა. მოგვიანებით კოტე თავის მოგონებაში - "ჩემი არტისტული თავგადასავალი" - წერს: დედაჩემს რომ შინ წასვლა დაეგვიანა, წარმოდგენის დროს გავჩნდებოდი შუა დარბაზშიო.

კოტეს ცოლად ჰყავდა აზნაურ ბეჟან ტატიშვილის ასული ნინო. ნინო ქვეყნის პატრიოტი ქალი ყოფილა. მას დიდ პატივს სცემდა დიმიტრი და შვილივით უყვარდა. დიმიტრისგან უსწავლია ნინოს სამშობლოს სიყვარული. ის ნაყოფიერად ეწეოდა მთარგმნელობით საქმიანობას. ზაფხულობით ნინო ქვიშხეთში სცენის მოყვარულებს აგროვებდა, პიესებს ამზადებდა და წარმოდგენებს მართავდა, როგორც ქვიშხეთში, ასევე ხაშურში, სურამსა და ბორჯომში. მიღებული შემოსავლით ეხმარებოდა ღარიბ მოწაფეებს, სტუდენტებს, სოფლის მასწავლებლებს და წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას. ნინოს ხელშეწყობით არჩილ ჯორჯაძემ შექმნა დიმიტრი ყიფიანის ცხოვრებისა და მოღვაწეობის ამსახველი ნაშრომი. მან არჩილს ყოველგვარი მასალა მოუმზადა, თორემ ვინ იცის, როდის ვეღირსებოდით ამ დიდებული ქართველის ბიოგრაფიასო, - აღნიშნავდა ივანე გომართელი. ნინო ყიფიანს თავისი საამაყო მამამთილის - დიმიტრის და თავისი მეუღლის - კოტეს - ხსოვნის აღსანიშნავად თავისი სახლი ქვიშხეთში ქართველი მწერლებისთვის გადაუცია, სადაც ისინი ზაფხულობით შემოქმედებით შრომას ეწეოდნენ. კოტეს და ნინოს შვილი არ ჰყავდათ. ვაჟა-ფშაველას კოტე ყიფიანისთვის 1914 წელს მიუძღვნია ლექსი, რომელშიც მას "ქვეყნისთვის თავდადებულის ანათალი" და "უხმლოდ, უთოფოდ მებრძოლი, გამმტკიცებელი ენისა" უწოდა. კოტე ყიფიანი გარდაიცვალა 1921 წელს. დაკრძალულია დიდუბის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში.

ერთხელ კოტე ყიფიანი, როდესაც დიდ სცენაზე დებიუტი ჰქონდა, მეტად უხერხულ მდგომარეობაში აღმოჩნდა. 1865 წლის ზაფხულის მიწურულს გაიმართა ერთ-ერთი საქველმოქმედო სპექტაკლი. თამაშობდნენ მოლიერის პიესას "ძალით ცოლის შერთვევინება". ვინაიდან იმ დროს ქალის სცენაზე გამოსვლა თავის მოჭრად ითვლებოდა, დორიმენას როლს ვასილ მაჩაიძე ასრულებდა, ხოლო პაჟისას - კოტე ყიფიანი. ეპოქის მოდის თანახმად, დორიმენას მეტად გრძელშლეიფიანი კაბა ეცვა და ამ შლეიფის ტარება ახალბედა მსახიობ კოტეს ევალებოდა. სცენაზე რომ გამოვიდნენ, ყიფიანი მაყურებლის დანახვამ ისე დააბნია, შლეიფჩაჭიდებული იდგა, ვიდრე დორიმენას კაბაზე ქინძისთავებით მიბლანდული შლეიფი ხელში არ შერჩა. ასეთმა მოულოდნელმა სიურპრიზმა დარბაზში ხარხარი და ტაში გამოიწვია. მხოლოდ მაშინ მოვიდა გონს გარინდებული კოტე და კულისებისაკენ მოკურცხლა.

დიმიტრის ქალიშვილს, ელენე ყიფიანსაც ძმის, კოტეს მსგავსად შთამომავლობა არ ჰყოლია. ის ჟურნალისტურ და თეატრალურ საქმიანობასთან ერთად საზოგადოებრივ მოღვაწეობასაც ეწეოდა. მისი თაოსნობით გამოიცა რამდენიმე ლიტერატურული კრებული. XIX საუკუნის 70-იან წლებში იგი მონაწილეობდა ხალხოსნურ მოძრაობაში, რის გამოც ხელისუფლების მიერ იდევნებოდა. იგი მეუღლესთან, ანტონ ლორთქიფანიძესთან, ერთად ქუთაისში ცხოვრობდა და ქუთაისელი განათლებული მანდილოსნების გაერთიანებას ხელმძღვანელობდა.

"ცისკარი"

დიმიტრი ყიფიანის შუამდგომლობით დაარსდა პირველი ქართული ჟურნალი "ცისკარი". მანვე განსაზღვრა ჟურნალის თემატიკა, რომელიც ყველა კატეგორიისა და სოციალური ფენის მკითხველს ითვალისწინებდა. ჟურნალი გამოდიოდა 1852-1853 და 1857-1875 წლებში. 1852-1853 წლებში "ცისკარს" ხელმძღვანელობდა გიორგი ერისთავი.

ჟურნალის მთავარი მიზანი იყო მხატვრული ლიტერატურის გზით ეროვნული თვითშეგნების გაღრმავება, საზოგადოების განათლებისა და მწერლობის ხელშეწყობა. "ცისკარმა" ფართო საზოგადოებას გააცნო სულხან-საბა ორბელიანის, დავით გურამიშვილის, ბესიკის, ნიკოლოზ ბარათაშვილისა და სხვათა თხზულებები, რომლებიც მანამდე ხელნაწერთა სახით ვრცელდებოდა და მხოლოდ ერთეულებისთვის იყო ხელმისაწვდომი.

1857 წელს ჟურნალის გამოცემა განაახლა ივანე კერესელიძემ, რომელიც 19 წლის განმავლობაში უძღვებოდა მას. "ცისკარში" თანამშრომლობდნენ როგორც ძველი, ისე ახალი თაობის წარმომადგენლები. აქ იბეჭდებოდა ილია ჭავჭავაძის, აკაკი წერეთლის, დანიელ ჭონქაძის, ლავრენტი არდაზიანის ნაწარმოებები, ანტონ ფურცელაძის წერილები. ჟურნალის ფურცლებზე გაიშალა თაობათა პაექრობა, რო¬მელმაც დასაბამი მისცა საზოგადოებრივი ცხოვრების ახალ ეტაპს.
1957 წელს განახლებულ "ცისკარს" სათავეში ჩაუდგა ცნობილი მწერალი ვახტანგ ჭელიძე. სხვადასხვა დროს ჟურნალს რედაქტორობდნენ: კოსტანტინე ლორთქიფანიძე, ხუტა ბერულავა, ჯანსუღ ჩარკვიანი, გურამ ფანჯიკიძე, მორის ფოცხიშვილი, ჯანსუღ ღვინჯილია, იორამ ქემერტელაძე, თეიმურაზ დოიაშვილი, დავით მაღრაძე... ჟურნალ "ცისკრის" გამოცემა ბოლოს 2010 წელს განახლდა...
მხატვრული ლიტერატურის გზით ეროვნული თვითშეგნების გაღრმავება, საზოგადოების განათლებისა და მწერლობის ხელშეწყობა იყო ჟურნალ "ცისკრის" მიზანიო, - ვკითხულობთ ქართული ჟურნალისტიკის ისტორიის სახელმძღვანელოში. "ცისკრის" ისტორიის მკვლევარი, მწერალი მიხო მოსულიშვილი ამბობს, რომ "ცისკრის" წარმატება თავის დროზე ნოვატორული იდეების მქონე ავტორებმა განაპირობეს.

"აკაკი ჩამოვიდა პეტერბურგიდან და სხვანაირი ლექსების წერა დაიწყო, ნიკოლოზ ბარათაშვილის ლექსები მოიტანა ილიამ, რაღაცნაირი აღორძინების პერიოდი აქვს "ცისკარს" , მაგრამ მერე, როცა ილია იწყებს "ივერიის" და "საქართველოს მოამბის" მომზადებას, ანტონ ფურცელაძეღა შემორჩება "ცისკარს" და ნელ-ნელა მწერლები ილიასთან გადადიან..."

დიმიტრი ყიფიანმა რამდენიმე უცხოური ენა იცოდა, იცნობდა დასავლეთ ევროპის ლიტერატურას.

ლიტერატურული მოღვაწეობა ყიფიანმა თარგმნით დაიწყო. 1841 წელს თარგმნა შექსპირის "რომეო და ჯულიეტა" (გამოქვეყნდა "ცისკარში" 1896 წ.). 1851 წელს დაიბეჭდა მის მიერ რუსულ ენაზე თარგმნილი გ. ერისთავის "გაყრა". 1857-იდან თანამშრომლობდა "ცისკარში". აქვე დაიბეჭდა ჟანლისის, ოქტავ ფელიეს, მოლიერის, შექსპირის, ბომარშესა და სხვების თხზულებათა თარგმანები, 1882 წელს სანკტ-პეტერბურგში გამოაქვეყნა "ახალი ქართული გრამატიკა", რომლის გამოცემას ქართული ენისა და ქართული სკოლების დევნის პერიოდში არა მარტო პრაქტიკულ-პედაგოგიური, არამედ პოლიტიკური მნიშვნელობაც ჰქონდა. ყიფიანს ეკუთვნის ლექსი - პასუხი ვახტანგ ორბელიანის მიძღვნის ლექსზე - "ძველი მეგობრობის პასუხი" (გაზეთი "დროება", 1883, ფსევდონიმით "ბაქარ ქართლელი"), აგრეთვე მემუარები რუსულ ენაზე (1884-1885). დიმიტრი ყიფიანის სამეცნიერო-ისტორიულ ნაშრომებში დამუშავებულია საქართველოს ისტორიის არაერთი საკვანძო საკითხი: ქართველთა ეთნოგენეზისი, სახელმწიფოებრიობისა და რელიგიის ისტორია, ისტორიული გეოგრაფიის ცალკეული საკითხები, ქართული დამწერლობის წარმოშობა-განვითარება და სხვა.

დიმიტრი, თურმე, კარგად ხატავდა. მისი ვაჟის - კოტე ყიფიანის არქივის დამუშავებისას ნახეს დიმიტრის შესრულებული ნახატი. ნახატზე კოტე ყიფიანს ასეთი მინაწერი აქვს გაკეთებული: "მამიჩემის დახატული ჩემი და, ბაბალე".
დიმიტრი ყიფიანი იყო კავკასიის სოფლის მეურნეობის საზოგადოების ვიცე-პრეზიდენტი. ცოტამ თუ იცის, რომ "ხვანჭკარის" წარმოებას XIX საუკუნის 80-იან წლებში საფუძველი ჩაუყარა დიმიტრი ყიფიანმა. მან "ალექსანდროულისა" და "მუჯურეთულის" უნიკალური ყურძნის ჯიშებისაგან არასრული დუღილის მეთოდით მიიღო შესანიშნავი ნახევრად ტკბილი წითელი ღვინო, რომელსაც მაშინ "ყიფიანის ღვინო" ეწოდებოდა.

1907 წელს დიმიტრი ყიფიანმა თავისი ღვინო გაგზავნა ბელგიის ქალაქ ოსტენში გამართულ ევროპის ღვინის ფესტივალზე. ყველასთვის გასაოცრად სწორედ "ყიფიანის ღვინოს" ხვდა წილად ოქროს გრან-პრი, რომელიც დღეს ინახება საქართველოს ეროვნულ მუზეუმში. ეს იყო ქართული მეღვინეობისა და კერძოდ, ყიფიანის უდიდესი გამარჯვება.

წმინდა დიმიტრი ყიფიანი საბიბლიოთეკო საქმის განვითარების სამსახურში

წმინდა დიმიტრი ყიფიანი აქტიურად იღვწოდა საბიბლიოთეკო საქმის განვითარებისათვის. მისი თანადგომით დაარსდა საჯარო ბიბლიოთეკაც. 1840 წელს მან შეადგინა და მთავარმართებელს დასამტკიცებლად წარუდგინა "ტფილისის კერძო ბიბლიოთეკის წესდება", რის საფუძველზეც შეიქმნა პირველი წიგნსაცავი. 1846 წელს მთავარმართებლის კანცელარიის ბიბლიოთეკის ბაზაზე დაარსდა "ტფილისის საჯარო ბიბლიოთეკა". საჯარო ბიბლიოთეკის გახსნით ასრულდა იმდროინდელი ქართული საზოგადოების ოცნება, თბილისში შექმნილიყო ისეთი ბიბლიოთეკა, რომელიც ხელმისაწვდომი იქნებოდა მოსახლეობის ყველა ფენისათვის. ქართული საზოგადოების მხარდაჭერას ამ საქმეში ადასტურებს ის ფაქტიც, რომ 1848 წელს ახალდაარსებულ საჯარო ბიბლიოთეკას გადაეცა 1842 წელს დიმიტრი ყიფიანის ინიციატივით თბილისში გახსნილი "კერძო საამხანაგო ბიბლიოთეკის" ფონდი. საჯარო ბიბლიოთეკის დაკომპლექტების საქმე დაევალა მეფისნაცვლის კანცელარიის მოხელეს, გავრილ ტოკარევს და გადაწყდა, რომ ბიბლიოთეკა დაკომპლექტებულიყო წმინდა კავკასიოლოგიური ლიტერატურით. ამ საქმეში მას დიდი დახმარება გაუწია საქართველოში მყოფმა ფრანგმა მოგზაურმა დიუბუა დე მონპერემ. 1859 წლისათვის საჯარო ბიბლიოთეკის ფონდი შედგებოდა 13.260 ტომისაგან 19 ენაზე. ფონდების გაზრდასთან ერთად კანცელარიის შენობა აღარ აკმაყოფილებდა ბიბლიოთეკის მოთხოვნილებებს და საჭირო გახდა ბიბლიოთეკის შენობის აგება. 1847 წელს მთავარმართებელმა მიხეილ ვორონცოვმა თხოვნით მიმართა ცნობილ ქართველ პოეტსა და საზოგადო მოღვაწეს, ვახტანგ ორბელიანს, თავისი სახსრებით აეგო საჯარო ბიბლიოთეკისათვის შენობა, რასაც ვახტანგ ორბელიანი დაეთანხმა და 1851 წელს შენობა საჯარო ბიბლიოთეკას გადაეცა. 1850 წელს ვორონცოვმა ბიბლიოთეკარად მოიწვია მოსკოვში არსებული რუმიანცევის მუზეუმის წამყვანი თანამშრომელი ლუდვიგ დე სანტომა, რომელმაც რამდენიმე თვე იმუშავა და შემდეგ ჯანმრთელობის გაუარესების გამო სამუშაო გადაულოცა თავის შვილს, რომელიც 1857 წლამდე ხელმძღვანელობდა ბიბლიოთეკას. 1852 წლის ივნისიდან ვორონცოვის განკარგულებით დაევალა საცენზურო კომიტეტს, კავკასიის ფარგლებში დაბეჭდილი ყველა გამოცემის ორი ეგზემპლარი, როგორც სავალდებულო ცალი, გადასცემოდა საჯარო ბიბლიოთეკას.

ვორონცოვის განკარგულებით, 1852 წლამდე, წიგნით სარგებლობისათვის, ბიბლიოთეკა ღია იყო დილის 10 სა-ათიდან 4 საათამდე, 1852 წლიდან კი დღის პირველი საათიდან დაბინდებამდე. 1868 წელს კავკასიის მეფისნაცვლის გამგებლობაში არსებული დაწესებულებების რეორგანიზაციის შედეგად თბილისის საჯარო ბიბლიოთეკა და კავკასიის მუზეუმი მმართველობის ერთ სისტემაში გაერთიანდა და ეწოდა "კავკასიის მუზეუმი და ტფილისის საჯარო ბიბლიოთეკა".
1869 წელს დაიწყო ბიბლიოთეკის ახალი შენობის მშენებლობა კავკასიის მუზეუმიდან 60-იოდე მეტრის დაშორებით. 1871 წელს ბიბლიოთეკა ახალ შენობაში გადავიდა. კავკასიის მუზეუმის და ტფილისის საჯარო ბიბლიოთეკის ლეგენდარული დირექტორის, გუსტავ რადეს გარდაცვალების შემდეგ ბიბლიოთეკის დაკომპლექტების და, საერთოდ, ფუნქციონირების საქმე აირია. 1913 წლის 3 დეკემბერს ტფილისის საჯარო ბიბლიოთეკა კავკასიის მუზეუმის სამეცნიერო ბიბლიოთეკად გარდაიქმნა და მთლიანად შეერწყა კავკასიის მუზეუმს. 1914 წელს კავკასიის მუზეუმის ახალი შენობის მშენებლობის გამო ბიბლიოთეკა დაიხურა, ფონდები კი ყუთებში ჩაალაგეს და 10 წელი სარდაფებში ინახებოდა. 1923 წლის 30 მაისს, სახალხო კომისართა საბჭოს დადგენილებით, ტფილისის საჯარო ბიბლიოთეკისა და 1918 წელს დაარსებული პარლამენტის ბიბლიოთეკის ბაზაზე დაარსდა საქართველოს სახელმწიფო საჯარო ბიბლიოთეკა, რომელიც ექვემდებარებოდა საქართველოს სსრ განათლების სახალხო კომისარიატს, 1953 წლიდან ახალშექმნილ კულტური+ს სამინისტროს, ხოლო 1996 წლიდან საქართველოს პარლამენტის დაქვემდებარებაშია. 1923 წლიდან არარეგულარულად, ხოლო 1926 წლიდან რეგურალურად იღებდა საბჭოთა კავშირის ბეჭდური პროდუქციის აუცილებელ უფასო ეგზემპლარს საბჭოთა კავშირის ხალხთა ენებზე, 1950 წლიდან მხოლოდ რუსულ, უკრაინულ, სომხურ, აზერბაიჯანულ და ევროპულ ენებზე, 1923 წლიდან ბიბლიოთეკა რეგულარულად კომპლექტდებოდა საქართველოს ბეჭდური პროდუქციის აუცილებელი უფასო ეგზემპლარით (2 ერთ.).

1929 წელს ბიბლიოთეკას გადაეცა ყოფილი სათავადაზნაურო ბანკის შენობის ნაწილი (დღეს I კორპ.) 1931 წელს სამკითხველო დარბაზები გაიხსნა მკითხველთათვის. 1937 წელს ბიბლიოთეკას გადაეცა 1880-1927 წლებში მოქმედი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ბიბლიოთეკის წიგნადი ფონდი, რომელმაც შეავსო საჯარო ბიბლიოთეკის ფონდი და გახადა იგი ეროვნული ნაბეჭდი ერთეულის ყველაზე სრულყოფილი კოლექციის მფლობელი. 1939 წელს დასრულდა ბიბლიოთეკის წიგნადი ფონდების გენერალური სისტემატური და ანბანური კატალოგების შედგენა. ბიბლიოთეკა 1957 წლიდან აწარმოებს საერთაშორისო წიგნთგაცვლას. 1953 წელს ბიბლიოთეკას გადაეცა მიმდებარე შენობა (დღეს II კორპუსი), ხოლო 1987 წელს - იმავე ქუჩაზე არსებული გამორჩეული არქიტექტურის მქონე ყოფილი სააქციო ბანკის შენობა (დღეს III კორპუსი). 1971 წელს დაიწყო ბიბლიოთეკის წიგნთსაცავის კორპუსის მშენებლობა (დამთავრდა 1977 წელს). 1989 წელს ბიბლიოთეკამ შეიძინა პერსონალური კომპიუტერი, 1990 წლიდან დაიწყო ელექტრონული კატალოგის წარმოება. 2001 წელს შეიქმნა ბიბლიოთეკის ერთიანი კომპიუტერული ქსელი.

1955 წლიდან 1990 წლამდე სახელმწიფო რესპუბლიკური ბიბლიოთეკის სახელწოდებით ფუნქციონირებდა. 1990 წელს ეწოდა საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა, საქართველოს პრეზიდენტის 1996 წლის 25 დეკემბრის ბრძანებულებით, გადავიდა საქართველოს პარლამენტის დაქვემდებარებაში და ეწოდება "საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა". 2000 წლიდან ბიბლიოთეკა ილია ჭავჭავაძის სახელობისაა.

გაგრძელება იხილეთ შემდეგ გვერდზე»»


სამეგრელოს სამთავროს ქონების მეურვე

სამეგრელოს სამთავრო 1803 წელს რუსეთის მფარველობაში შევიდა. ის საშინაო საქმეებში ავტონომიას ინარჩუნებდა და დიდიანის მთავრის ხელისუფლება მემკვიდრეობითი რჩებოდა. მაგრამ ცარიზმის პოლიტიკის მიზანი მთელ ამიერკავკასიაზე თავისი მმართველობის სისტემის დამყარება იყო. ამიტომ სამთავროებზე ადრე გაცემულ ავტონომიებს აუქმებდა. ყირიმის ომის დამთავრების შემდეგ, 1856 წელს მეფისნაცვლად დანიშნულ ბარიატინსკის იმპერატორი ავალებდა კავკასიის დამშვიდება-დამორჩილებას და მის შერწყმას იმპერიის დანარჩენ ნაწილებთან.

ყირიმის ომის დროს სამეგრელოს მართავდა დედოფალი ეკატერინე დადიანი, რომელიც რუსეთის მომხრე იყო, თუმცა მის ამ ნაბიჯსაც არ შეეძლო შეენელებინა ცარიზმის მისწრაფება - გაეუქმებინა სამთავროების ავტონომია.
ყირიმის ომის დროს თურქების ჯარმა ომარ-ფაშას მეთაურობით სამეგრელო დალაშქრა. 1855 წელს ზუგდიდი აიღო, ხოლო 1856 წელს მთავრის სასახლე გადაწვა. შემდეგში ეს სასახლე დიმიტრი ყიფიანმა განაახლა. თურქების შემოსევამ სამეგრელოს მოსახლეობას დიდი ზარალი მიაყენა. ომარ-ფაშას შემოსევით აოხრებული სამეგრელოს აღდგენა ომით გაჩანაგებულ გლეხობას მძიმე ტვირთად დააწვა. მათ ვეღარ შეძლეს მთავრისა და სხვა ფეოდალების გაზრდილი მოთხოვნილებების დაკმაყოფილება და აჯანყდნენ. ეს აჯანყება ცარიზმმა სამეგრელოს სამთავროს ავტონომიის გასაუქმებლად მარჯვედ გამოიყენა. გლეხების გამოსვლამ რუსეთს საბაბი მისცა, სამეგრელოში ჯარი შეეყვანა. ეკატერინე, შვილებთან ერთად, პეტერბურგში გაიწვიეს, ვითომდა შვილების უკეთ აღზრდის მიზნით, არსებითად კი სამეგრელოში რუსული მმართველობა განამტკიცეს. 1857 წელს სამეგრელოს დროებით, მმართველად კოლუბიანიკი დაინიშნა. ფაქტობრივად ეს იყო სამეგრელოს ავტონომიის გაუქმება. ეკატერინეს სამემკვიდრეო უფლებების შენარჩუნების გარანტია მიეცა - მემკვიდრე ნიკო დადიანი სრულწლოვნების შემდეგ კვლავ სამეგრელოს მთავრის ტიტულს მიიღებდა, მაგრამ ეს იყო ფიქცია. მოგვიანებით, 1867 წელს. ოცი წლის ნიკო დადიანს სამთავრო უფლებაზე ხელი ააღებინეს. მთავრის დაკარგული უფლების საკომპენსაციოდ ერთი მილიონი მანეთი მისცეს. დადიანის ტიტულიც გაუქმდა.

სამეგრელოს სამთავროს ავტონომიის ფაქტობრივი გაუქმებიდან ამ გაუქმების იურიდიულ გაფორმებამდე დიმიტრი ყიფიანი სამეგრელოში მოღვაწეობდა. სანამ ნიკო დადიანი სრულწლოვანი გახდებოდა, მისი ქონების დასაცავად მეურვეობა დაწესდა. მეურვეების ამორჩევა მიენდო მთავრის მშობელს, ხოლო მათი დამტკიცება - მეფისნაცვალს. 1857 წელს მეფისნაცვალმა ბარიატინსკიმ მეურვეებად დანიშნა ბარონი ნიკოლაი და თავადი დავით ჭავჭავაძე. მთავრის ქონების ინვენტარიზაციის ჩასატარებლად შეიქმნა კომისია დიმიტრი ყიფიანის მეთაურობით. კომისიაში კიდევ ოთხი წევრი შედიოდა: მეფისნაცვლის, ქუთაისის გენერალ-გუბერნატორის, სამეგრელოს საბჭოს და ეკატერინე დადიანის თითო წარმომადგენელი. დიმიტრი ყიფიანის გადმოცემით, კომისიას შემოუვლია ყველა სახასო სოფელი, სადაც მოხელეებს და კეთილსინდისიერ ხნიერ კაცებს ეკითხებოდა, თუ რა იყო სახასო საკუთრება მთავრისა, სად რა შენობა იყო მისი და ვის რა გადასახადი ემართა. ეკატერინე ძმისა და სიძის მეურვეობის უკმაყოფილო დარჩა და ბარიატინსკის სთხოვა, მცირეწლოვანი მთავრის, ნიკო დადიანის მეურვედ მარტო დიმიტრი ყიფიანი დაემტკიცებინა. მეფისნაცვალმა შეასრულა მისი თხოვნა, მით უფრო, რომ მეურვედ მასაც ყიფიანი ერჩია, რადგან ეს უკანასკნელი მისი საბჭოს წევრი იყო და ეგონა, როგორც მინდა, ისე გამოვიყენებო. მაგრამ დიმიტრი პრინციპული კაცი იყო. მან რადგან დადიანის მეურვეობას ხელი მოჰკიდა, მოვალეობას ერთგულად ასრულებდა და ეკატერინეს ინტერესებს იცავდა. მთავრის ოჯახის რუსეთში გაწვევის შემდეგ სამეგრელოში გავრცელდა აზრი - მთავარი სამუდამოდ არის გადაყენებული და მისი მამული ხაზინას ეკუთვნის, ამიტომ სჯობს, ადგილობრივებმა დაიტაცონ მამული, ვიდრე ხაზინამ დაისაკუთროსო. დადიანების მამულის დაქუცმაცების მომხრე არ იყო საიმპერატორო ხელისუფლება, ამიტომ იმპერატორმა სამეგრელოს მთავრის დარღვეული უფლებების აღდგენის გადაწყვეტილება დაამტკიცა. სამეგრელოს მთავრის ქონებრივ უფლებებს დიმიტრი ყიფიანიც ენერგიულად იცავდა, რის გამოც ბევრი უსიამოვნება შეხვდა. მთავრის ინტერესების გადამეტებული დაცვისათვის მეფისნაცვალს ყიფიანი საბჭოდან და, საერთოდ, სამსახურიდან დაუთხოვია.

დიმიტრი ყიფიანის მეურვეობის პერიოდში სამეგრელოს მთავრის მამულის შემოსავალი მნიშვნელოვნად გაიზარდა.

როდესაც საუბარია დიმიტრი ყიფიანზე, როგორც სამეგრელოს სამთავროს ქონებრივ მეურვეზე, თავისთავად ჩნდება კითხვა - რატომ დათანხმა იგი, მიეტოვებინა სახელმწიფო სამსახური და ხელი მოეკიდა საჩოთირო და თავსატეხი საქმისთვის - მეურვეობისთვის.

თვითონ დიმიტრი განმარტავდა, რომ სამეგრელოს მთავრის ქონების მეურვედ მისი დანიშვნა დაკავშირებული იყო სამეგრელოს ბატონიშვილებისათვის მამულების შენარჩუნებასთან, რათა იქაური მიწები ცარიზმის საკოლონიზაციო ფონდში არ შესულიყო: "ეს იყო ჩემი საფიქრებელი და ამიტომ ვიყავ დიდად თავგამოდებული", ასე რომ, ერთდროულად თანხაც შევმატე დადიანებს და მამულიც შევუნარჩუნეო.
დიმიტრის რძალს (კოტეს მეუღლეს) ნინოს მამამთილისთვის უკითხავს: - მამა, როცა თქვენ სამეგრელოს მთავრის მზრუნველად იყავით, სამსახურს თავი რად დაანებეთო.
დიმიტრის ასეთი პასუხი გაუცია: "რუსეთის მთავრობას უნდოდა მთავრის ობლებისათვის დაენიშნა პენსია და სამთავროს ნაცვლად მიეცა გროშები, მათი მამული კი გამოეცხადებინა სახელმწიფოს საკუთრებად. ეს რომ ასე მომხდარიყო, იქ აუარებელ მინდვრებს და ჭაობებს დააშრობდნენ და უსათუოდ კოლონისტებს დაასახლებდნენ. ეკატერინე დადიანი თანახმა იყო მთავრობის წინადადებაზე, მაგრამ როცა მე ავუხსენი მას, თუ რა შედეგი მოსდევდა მამულზე ხელის აღებას და კოლონისტების გადმოსახლებას, დამეთანხმა და მომანდო, საქმე ისე მეწარმოებინა, როგორც მე მესმოდა. მაშინ ავიღე შვებულება და წავედი პეტერბურგს, სამინისტროს მათს წინადადებაზე უარი განვუცხადე და წარვუდგინე შემდეგი მოთხოვნა: სამთავროზე ხელის აღებისათვის ობლებს მიეცეთ 2 მილიონი მანეთი და მათ საკუთრებად დარჩეთ მთელი ის მამული, რაც დღეს ობლების მფლობელობაშია. პენსიაზე კი უარი განვაცხადე. ეს რომ მინისტრმა წაიკითხა, შემომხედა და მითხრა: თქვენ რუსეთის სახელმწიფოებრივ სამსახურში თვალსაჩინო ადგილი გიჭირავთ და თქვენთვის უხერხული უნდა იყვეს, რომ არ იცავდეთ სახელმწიფოს ინტერესებს და იცავდეთ მთავრისა და მთავრის შვილებისას!

მე ვარჩიე, დამეკარგა სამსახური, მაგრამ ობლებისათვის შემენარჩუნებინა მამული, რათა სამეგრელოს მინდვრები არ გამხდარიყო საკოლონიზაციო ადგილად. ეს იყო ჩემი საფიქრებელი და ამიტომ ვიყავი დიდად თავგამოდებული. იქვე შევედი კანცელარიაში, ვთხოვე ერთი ფურცელი ქაღალდი, დავწერე სამსახურიდან გათავისუფლების თხოვნა და შევუტანე მინისტრს. ვუთხარი, რომ მე ამ თხოვნას დღესვე ვაგზავნი თბილისში, ვისთანაც ჯერ არს, რათა სამსახურიდან გამათავისუფლონ-მეთქი".

დიმიტრიმ სამსახური დაკარგა, მაგრამ დადიანების მამული კოლონისტების დასახლებისაგან იხსნა. მან შეძლო სამეგრელოს სამთავროს მიწების მთავრის საკუთრებაში შენარჩუნება და ამით ჩაშალა ცარიზმის განზრახვები. გადმოცემის თანახმად, დიმიტრის მეუღლისთვის პეტერბურგიდან წერილი გაუგზავნია: ბარიატინსკის შამათი გავუკეთეო. ნინო ყიფიანმა სხვასაც აჩვენა ეს წერილი, რამაც, ალბათ, ყიფიანის თანამდებობიდან გადაყენების საქმე დააჩქარა. რაკი დიმიტრი ყიფიანმა ცარიზმის ბრმა იარაღის როლის შესრულება არ ისურვა, იგი შერისხული იქნა. ყიფიანი სახელმწიფო სამსახურიდან დაითხოვეს.

დიმიტრი ყიფიანის წერილი გრიგოლ ორბელიანს

პეტერბურგში საქმეებზე გამგზავრებულ დიმიტრის წერილი მიუწერია გრიგოლ ორბელიანისათვის:

"ქალაქში ხმა დაუგდიათ, ყიფიანი პეტერბურგში რჩებაო, ამა და ამ ადგილს აძლევენ და ცოლ-შვილსაც იბარებსო. სხვამ იქნება არა, მაგრამ თქვენ, მგონია, ადვილად დამიჯეროთ, რომ ჩემს სამშობლო-ქვეყნის მიწა-წყალი... ჩვეულება, ზნეობა, ზრდილობა, ათასნაირი სხვადასხვა თვისება, რომელსაც კაცი ვერსადა პოვებს, თუ არა შინა, ყოველივე ეს ისე ძვირფასად რადმე მიმაჩნია, რომ ვისაც კი ცოტაოდენი გრძნობა შეჰრჩენია, კაცმა თავისის ნებით არასოდეს არ უნდა განუტევოს, თუ ძალით არ განატევებინეს. ღვთის გულისათვის, რას დამახარბებენ აქ ისეთსა, რომ ამაში გამაცვლევინონ... მე ძველი კაცი ვარ და ღვთის სასოება ისე არს ჩემს გულში დამკვიდრებული, რომ მისი შერყევა ვერც ერთმა ახალმა იდეამ ვერ შეძლო. ისევ გუთანს მოუდგები, ნაბადს მოვისხამ და ჩემს ქვეყანას კი აგრე ადვილად ვერ მოვჰსცილდები"...

დიმიტრის მონაწილეობა ქართული თეატრის დაარსებაში

დიმიტრი ყიფიანი XIX საუკუნის 30-იან წლებში სცენისმოყვარეთა წრეებშიც საქმიანობდა. მას მონაწილეობა მიუღია მანანა ორბელიანის თაოსნობით დადგმულ "აქტისნაირ წარმოდგენაში" და შემდეგ ვახტანგ ორბელიანის წრეში. 50-იან წლებში გიორგი ერისთავთან ერთად დიმიტრი ყიფიანიც მონაწილეობდა ქართული პროფესიული დრამატული თეატრის აღდგენაში. ეს თეატრი მიზნად ისახავდა ქართულ საზოგადოებაში პატრიოტული ძალების გამოღვიძებას, ცხოვრების განახლებისათვის ხელის შეწყობას. დიმიტრი უშუალოდ მონაწილეობდა თეატრის საქმიანობაში და სცენაზეც გამოდიოდა. 1859 წლის 2 იანვარს ისტორიულ სპექტაკლ "გაყრაში" დიმიტრი ყიფიანს შეუსრულებია ივანეს როლი, ხოლო იმავე წლის 3 მაისს "დავაში" - თავად იაია ჭიორელის როლი. "გაყრაში" ყიფიანი შემდეგაც გამოდიოდა ივანეს როლში. სწორედ იმ პერიოდში, მოგზაურობის დროს, იყენებდა დიმიტრი ნივთებს, რომლებიც დღეს კინოსა და თეატრის მუზეუმის მემორიალურ ფონდში ინახება. ესენია: დიმიტრი ყიფიანის სამგზავრო ნესესერი, ანუ პირადი ჰიგიენისა და მაკიაჟის საგნებისთვის განკუთვნილი ყუთი და სამგზავრო ვერცხლის ჭიქა. მუზეუმის საინვენტარო წიგნში დაფიქსირებულია, რომ ორივე ექსპონატი 1961 წელსაა გატარებული. სხვა არანაირი ინფორმაცია არ არსებობს. თუმცა, დანამდვილებით შეიძლება ითქვას, რომ ორივე ნივთი დიმიტრი ყიფიანს ეკუთვნოდა. ამას ნესესერსა და ჭიქაზე დატანილი მონოგრამები ადასტურებს, რომელიც ორი ნაწილისგან შედგება: მთავარი დეტალი სპილენძის გვირგვინია, მის ქვემოთ კი იშვიათი ხელოვნების ლითონის ასოებით შესრულებული საზოგადო მოღვაწის ინიციალია. წარწერა ერთსტრიქონიანია, ცენტრალური ადგილი გვარს უკავია, სახელის აღნიშვნის დროს კი საზედაოდ გამოყვანილია ასომთავრული "დ", რომლის სფეროშიც ჩაწერილია "დიმიტრი".

სამწუხაროდ, ქართული თეატრი მალევე დაიხურა და 1879 წლამდე მუდმივი, პროფესიული ქართული თეატრი აღარ არსებობდა.

გიორგი ერისთავის თეატრის დახურვის შემდეგ მოწინავე ქართველი ახალგაზრდობის ერთი ჯგუფი ცდილობდა, კვლავ აღედგინა ქართული სცენა. დიმიტრი ყიფიანი ამ წამოწყებაშიც აქტიურად მონაწილეობდა. 60-70-იან წლებში დიმიტრი მეთაურობდა თბილისის სცენისმოყვართა წრეებს და რეჟისორობდა მათ წარმოდგენებს. სცენისმოყვარეთა ერთ-ერთ ასეთ წრეზე მოგვითხრობს ანტონ ფურცელაძე. 1860-1862 წლებში, როცა იგი სალდათის ბაზართან მდებარე პატარა ნესტიან ოთახში რამდენიმე სემინარიელთან და კანცელარიის წვრილ მოსამსახურესთან ერთად ცხოვრობდა, მათთან მოდიოდნენ ხოლმე პეტრე უმიკაშვილი, დიმიტრის ვაჟი ნიკო ყიფიანი, ვასილ მაჩაბელი და სხვები. ამ წრის მონაწილე ახალგაზრდები კითხულობდნენ ახალი მიმართულების ლიტერატურულ ნაწარმოებებს, წერდნენ რეფერატებს. წრეში წარმოშობილა აზრი გაუქმებული ქართული თეატრის აღდგენისა. დაუწყიათ რეპეტიციები, მაგრამ სასცენო ხელოვნების გამოუცდელობა ხელს უშლიდა საქმის წარმატებას. რეპეტიციების დროს გამოჩენილა უცნობი ახალგაზრდა კაცი - ვახტანგ თულაშვილი, რომელიც დამწყებ მსახიობებს სასარგებლო შენიშვნებს აძლევდა. შემდეგ, სულ მალე, მათი სენაკი დიმიტრი ყიფიანს მოუნახულებია, რამაც წრის წევრები, თურმე, ძალიან გააოცა. ამ დროს დიმიტრის კავკასიის სამოქალაქო მმართველობაში ერთ-ერთი მაღალი თანამდებობა ეკავა.

წრის "მსახიობებს" დიმიტრი ყიფიანი მითითებებს აძლევდა ისეთი ცოდნით, რაც დიდი სცენის ბევრ რეჟისორს ჭკუის სასწავლებლად გამოადგებოდა. ყიფიანი კარგად იცნობდა თავისი დროის თეატრალურ ცხოვრებას. სამსახურებრივი მოვალეობის გამო პეტერბურგში ყოფნისას, 1860 წელს, იგი სისტემატურად ესწრებოდა ოპერისა და ფრანგული თეატრის სპექტაკლებს. იმ დროს პეტერბურგში საგასტროლოდ ჩამოსული ყოფილა სახელგანთქმული იტალიელი ტრაგიკოსი მსახიობი ქალი ადელაიდა რისტორი. პეტერბურგის თეატრალური საზოგადოება მოუხიბლავს ამ მსახიობის ნიჭიერებას. დიმიტრი მეუღლეს წერდა: "მეც ავიღე აბონემენტი ერთი სავარძლისა რისტორის და იტალიური ოპერის წარმოდგენებზე. მერე იცი, რა მიჯდება? ძნელია ამის თქმა - 180 მანეთი! მაგრამ რას იზამ..."

დიმიტრი იყო სცენის დიდი მოყვარული, ის თვალყურს ადევნებდა არა მარტო თბილისისა და იმპერიის დედაქალაქების, არამედ უცხოეთის, მათ შორის პარიზის სცენასაც. და არა მარტო თვალყურს ადევნებდა, სწავლობდა კიდეც სახელგანთქმული მსახიობების სასცენო ხელოვნებას. წრის გამოუცდელი ბიჭები დიმიტრი ყიფიანმა ნამდვილ მსახიობებად აქცია და მათ სულის მხნეობა, გამბედაობა და სიმამაცე ჩაუნერგა. ისინი როლებს მთელი შეგნებით ითვისებდნენ.

მსახიობების მომზადების შემდეგ დიმიტრი ყიფიანმა, წრის წევრების თხოვნის გარეშე, მათ დიდ სცენაზე გასვლის ნებართვა მოუპოვა. ქართულ წარმოდგენას, რომელსაც ბრწყინვალედ ჩაუვლია, დასწრებიან მეფისნაცვლის მოხელეები, გუბერნატორი, წარჩინებული ვაჭარ-მოქალაქეები თავიანთი ოჯახებით. ბევრი მსურველი დარბაზში ვერ მოხვედრილა. წარმოდგენის შემოსავალს 800 მანეთი შეუდგენია. ეს ფული წრის წევრებს თბილისის გიმნაზიისთვის გადაუციათ. თურმე, სპექტაკლში ქალების როლიც ვაჟებს შეუსრულებიათ (როგორც ადრე ვთქვით, იმ დროს სცენაზე ქალების გამოსვლა სათაკილო საქციელად ითვლებოდა). შემდეგში წრეს შეემატნენ: ისტორიკოსი დიმიტრი ბაქრაძე, იაკობ გოგებაშვილი, იოსებ მამაცაშვილი, ნიკო ცხვედაძე, ნიკო ლომოური და სხვ. მალე სცენაზე ქალებიც გამოჩდნენ.

დიმიტრი ყიფიანმა ნება დართო თავის ქალიშვილს, ელენეს, მონაწილეობა მიეღო წრის წევრთა მიერ გამართულ წარმოდგენებში. სცენაზე გამოჩნდნენ სხვა ქალებიც: ელენე ბროძელი (შემდეგში ანტონოვსკაია), ბაბო ხერხეულიძე, დარია მამაცაშვილი, ოლღა და ლიზა ყაზბეგები, ბარბალე ვაჩნაძე და სხვები. წრეს წარმოდგენებიდან მიღებული ფულით სოფელ ხოველში სკოლა გაუხსნია. წრემ ქართულ სცენას არაერთი ნიჭიერი მსახიობი გაუზარდა. ქართულმა სცენამ დიდი როლი შეასრულა ეროვნული თვითშემეცნებისა და თვითშეგნების ამაღლებაში. 1879 წელს ისევ განახლდა ქართული თეატრი მუდმივი დასით.

1879 წლის თებერვალში ილია წერდა: "ჩვენს სცენას ორ ღვაწლს ვთხოვთ: პირველი, რომ ის იყოს ჩვენი ჭკუისა და გულის განმანათლებელი და მწვრთნელი, მეორე, იგი უნდა იქმნას იმ ადგილად, სადაც ჩვენი ენა ფეხზე უნდა წამოდგეს მთელის თავისი შეგნებით და სიმდიდრით... ამბობენ, ამ საქმეში მეთაურობას ჰკისრულობს ჩვენი - ყოველ საქმეში დაუღალავი მოღვაწე - დიმიტრი ყიფიანი. ჩვენი ფიქრით, უკეთეს კაცს ვერ ჩააბარებენ ამ დიდს და მძიმე საქმეს, როგორიც ქართული სცენაა... თვითონ იმ თხზულებათა აღმორჩევა, რომელსაც დიმიტრი ყიფიანი თარგმნის ხოლმე, ცხადად გვიმტკიცებს, რომ მას სცენა მიაჩნია იმ დიდ სკოლად, საცა ოსტატად მოწვეულნი უნდა იყვნენ იმისთანა სახელოვანი კაცნი, როგორც შექსპირი და მოლიერი და სხვა მათი მიმდევარი გამოჩენილი მწერალი..."

ილია ჭავჭავაძესა და აკაკი წერეთელთან ერთად დიმიტრი ყიფიანმა აქტიური მონაწილეობა მიიღო 1879 წელს ქართული თეატრის განახლებაში. იყო დრამატული საზოგადოების დამფუძნებელი წევრი და შედიოდა მის გამგეობაში.

ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება

"სწავლა აპატიოსნებს კაცსა, აფაქიზებს, აღონიერებს, ზეაღავლენს და ღირსჰყოფს დაუსაბამობასთან მიახლოებისა... განათლება ყველას გვათანასწორებს", - დიმიტრი ყიფიანი

ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ჩამოყალიბების იდეა ცნობილი ქართველი მოღვაწის იოსებ მამაცაშვილის ოჯახში დაიბადა, სადაც ხშირად იკრიბებოდნენ ქართული ინტელიგენციის წარმომადგენლები: დიმიტრი ბაქრაძე, კონსტანტინე მამაცაშვილი, ვახტანგ თულაშვილი, ნიკო ცხვედაძე, ანტონ ფურცელაძე... პირველად საზოგადოებას კერძო წრის სახე ჰქონია და ძირითადად საქველმოქმედო თანხების მოძიებით იყო დაკავებული.

1877 წელს ნიკო ცხვედაძეს, იაკობ გოგებაშვილს და ვახტანგ თულაშვილს უთხოვიათ დიმიტრი ყიფიანისთვის, მონაწილეობა მიეღო წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების დაარსებაში. დიმიტრის საღამო ხანს სწვევიან. იაკობ გოგებაშვილი წერს, რომ მათ წინადადებას ძვირფასი მასპინძელი მხურვალე თანადგომით შეხვდა. გადაწყდა: საზოგადოების წესდების შესამუშავებლად დიმიტრი ყიფიანის სახლში შეკრებილიყვნენ. 1879 წლის მარტში დიმიტრი ყიფიანის, ბესარიონ ღოღობერიძის, ილია ჭავჭავაძისა და სხვების მიერ შედგენილი საზოგადოების წესდება მთავრობამ დაამტკიცა. თუმცა საქმე ასე იოლად არ იყო: თითქმის წელიწადი დასჭირდა წესდების დამტკიცებას, რადგან მთავრობამ მოითხოვა შეეცვალათ პროექტის მესამე მუხლი, რომელშიც ეწერა: "საზოგადოება თავის საგანს მიაღწევს იმით, რომ სახალხო სკოლებში დასაწყის სწავლებას შემოიღებს სამშობლო, ბავშვებისათვის გასაგებ ენაზე".

დავა საზოგადოების სასარგებლოდ გადაწყდა...

ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების პირველ თავმჯდომარედ აირჩიეს დიმიტრი ყიფიანი. შემდგომში, 1885-1907 წლებში, საზოგადოებას უცვლელად თავმჯდომარეობდა ილია ჭავჭავაძე, ილიას სიკვდილის შემდეგ კი - ჯერ გიორგი ყაზბეგი და შემდეგ სხვა სახელოვანი ქართველი მოღვაწეები.

ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელმა საზოგადოებამ თითქმის ნახევარი საუკუნე იარსება და დიდად შეუწყო ხელი საქართველოში სწავლა-განათლებისა და კულტურის განვითარებას. ამ ხნის მანძილზე იგი თანდათან იზრდებოდა და თავისი განყოფილებების მეშვეობით მთელ საქართველოში მოქმედებდა.

საზოგადოების ნაყოფიერ მუშაობას განაპირობებდა ის, რომ მის საქმიანობას იმთავითვე სწორი ეროვნული მიმართულება მისცეს. მეფის მოხელეთაგან შეზღუდვის მიუხედავად, წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება შეუდგა სკოლების გახსნას. სკოლები დაარსდა თბილისში, ქუთაისსა და სენაკში, კავკავში (დღევანდელ ვლადიკავკაზში), ხელთუბანში, გომარეთში, თიანეთში, რეხში და სხვაგან. ამ სკოლებში საზოგადოების მესვეურები ქართულ ენას ნერგავდნენ. მაშინ, როცა მეფის ხელისუფალნი ქართულის შეზღუდვისათვის იბრძოდნენ, საზოგადოების წევრები ყველაფერს აკეთებდნენ, რომ ქართული წეს-ჩვეულებები და ენა პირველ რიგში იქ აღორძინებულიყო, სადაც დროთა ვითარებაში დავიწყებას იყო მიცემული.

1907 წელს საზოგადოებამ განიზრახა გაეხსნა ქართული სკოლა ფერეიდანში, სადაც მე-17 საუკუნის დამდეგს ირანის მრისხანე შაჰის აბას პირველის მიერ კახეთიდან გადასახლებული ქართველების შთამომავლები ცხოვრობდნენ. მათგან ერთ ნაწილს დავიწყებული ჰქონდა ქართული ენა და მაჰმადიანობის წიაღში მოხვედრილს ეროვნული გრძნობაც მისუსტებოდა. ფერეიდანში სკოლის გასახსნელად საკმაო თანხა გამოიყო, მაგრამ სხვადასხვა მიზეზის გამო სკოლის გახსნა ვერ მოხერხდა.
წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება დიდ მუშაობას ეწეოდა სკოლების მოსამარაგებლად სასკოლო სახელმძღვანელოებით, დაფებით, ავეჯით... გამოსცემდა სახელმძღვანელოებს მოსწავლე ახალგაზრდობისათვის, აგრეთვე, წიგნებს ფართო მასებში გასავრცელებლად. ქართული წიგნები ეგზავნებოდა საზღვარგარეთ მყოფ ქართველობასაც. 1909 წელს საზოგადოებამ, იაკობ გოგებაშვილის თხოვნით, თურქეთში მცხოვრებ ქართველებს საჩუქრად გაუგზავნა დიდი რაოდენობით "დედაენა".

წერა-კითხვის გამავრცელებელმა საზოგადოებამ თვალსაჩინო სამუშაო ჩაატარა ბიბლიოთეკების ქსელის შესაქმნელად, სადაც ქართველები გატაცებით ეუფლებოდნენ ცოდნას. მან საფუძველი ჩაუყარა დიდ წიგნსაცავს და დროთა განმავლობაში აქ თავი მოუყარა არა მარტო ნაბეჭდ, არამედ ხელნაწერ წიგნებს, საბუთებს და ისტორიული მნიშვნელობის სხვა სახის წერილობით ძეგლებს. ამ გზით საზოგადოების წიგნსაცავში აღმოჩნდა და დაღუპვასა და განიავებას გადაურჩა საქართველოს ისტორიისა და ქართული კულტურის არაერთი მნიშვნელოვანი წყარო. ეს მასალები საზოგადოებამ ნაწილობრივ კერძო პირებისაგან შეიძინა, მათი ერთი ნაწილი კი შემოწირულობის სახით მიიღო. ამ მხრივ განსაკუთრებით აღსანიშნავია სამეგრელოს უკანასკნელი მთავრის შვილის ნიკო დადიანის მდიდარი ბიბლიოთეკა.
არსებობის მანძილზე წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება პროპაგანდას უწევდა საქართველოს ისტორიასა და ქართულ მწერლობას. ის არა მარტო გამოსცემდა ქართულ წიგნებს, არამედ ხშირად მართავდა სახალხო სანახაობებს, საღამოებს, სადაც ისმოდა ქართული სიტყვა. ამ საღამოების შემოსავალი ისევ საზოგადოების საჭიროებებს ხმარდებოდა. ხშირად კი გამგეობა აღებული ფულის ნაწილს უნაწილებდა ქართველ მწერლებს.

წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება დიდად ზრუნავდა ქართველ მოსწავლე ახალგაზრდობასა თუ ღარიბ სტუდენტებზე, შეძლებისდაგვარად უნიშნავდა მათ სტიპენდიებს.

წერა-კითხვის გამავრცელებელმა საზოგადოებამ განსაკუთრებით აქტიური როლი შეასრულა ქართველ მოღვაწეთა ხსოვნის აღნიშვნისა და უკვდავყოფის საქმეში, 1893 წელს განჯიდან ნიკოლოზ ბარათაშვილის ნეშტის გადმოსვენებაში, 1895 წელს კრწანისის ბრძოლის 100 წლისთავის გადახდაში, რაფიელ ერისთავის მოღვაწეობის 50 წლის იუბილეს აღნიშვნაში; დიდი მუშაობა გაშალა ილია ჭავჭავაძის სახელის უკვდავსაყოფად, მისი თხზულებების გამოსაცემად და მემკვიდრეობის დასაცავად. საზოგადოებამ არსებობა შეწყვიტა 1926-27 წლებში.

დიმიტრი ყიფიანი დიდ მნიშვნელობას ანიჭებდა საქართველოს ისტორიის შესწავლას. კიცხავდა იმ ავტორებს, რომლებიც მას სათანადოდ ვერ აფასებდნენ. თავის ნაწერებში კრიტიკულად აფასებდა ქართველი ხალხის წარსულის ამსახველ საისტორიო თხზელებებს და ცდილობდა მათში გადმოცემული ნამდვილი და გაზვიადებული ამბები ერთმანეთისგან გაეცალკევებინა. დიმიტრი ყიფიანისთვის დამახასიათებელია რწმენა სამშობლოს ისტორიული ძალებისადმი. 1854 წელს იგი წერდა: "საქართველომ 22 საუკუნის განმავლობაში გაუძლო ჟამთა სვლას. ის მომსწრე იყო მრავალი სახელმწიფოს დამხობისა (ნინევია, ასურეთი, ფრიგია, ბაქტრია) და მხოლოდ მან, ერთმა, XIX საუკუნისათვის შეინარჩუნა დამოუკიდებლობა და ქრისტიანული მართლმადიდებლობა წარმართობასა, ცეცხლთაყვანისმცემლობასა და მაჰმადიანობას შორის 15 საუკუნის განმავლობაში". ამ სიტყვებში ჩანს არა მარტო მშობელი ქვეყნის წარსულის გამო სიამაყე, არამედ ის პირდაპირ მიუთითებს, რომ ასეთი იშვიათი გამძლეობის ქვეყნის არსებობა სრულიად კანონზომიერი და სასიქადულო მოვლენაა. "თავისი არსებობის მთელ მანძილზე, - წერდა დიმიტრი, - მტრები ყოველი მხრიდან იყვნენ მომდგარნი და ჩვენს ქვეყანას გააფთრებით ესხმოდნენ თავს". თავდამსხმელთაგან ყიფიანი გამოყოფს ჩინგის ყაენის ურდოებს, ჯალალედინს, მურვან ყრუს, თემურ-ლენგს. ის დაასკვნის, რომ კაცობრიობისთვის უბედურების მომტანი არერთი დარტყმა საქართველომ თავის თავზე მიიღო და ის დასავლეთის ცივილიზაციას ააცილა.

დიმიტრი ყიფიანი იმასაც აღნიშნავდა, რომ ქრისტიანული ეკლესია საქართველომ ცეცხლისა და მახვილის მტრულ გარემოცვაში გამოატარა და გასხივოსნებული სახით შეინარჩუნა. ყიფიანი, ერთი მხრივ, მიუთითებს იმ დიდ როლზე, რომელიც ქრისტიანულმა იდეოლოგიამ შეასრულა ქართველი ერის თვითმყოფადობის შენარჩუნებაში და, მეორე მხრივ, აღნიშნავს საქართველოს დამსახურებას საერთოდ ქრისტიანული სარწმუნოების და კულტურის დაცვის საქმეში.

გაგრძელება იხილეთ შემდეგ გვერდზე»»


საყურადღებოა ასევე დიმიტრი ყიფიანის მოსაზრება საქართველოში ქრისტიანობის მქადაგებლის - წმინდა ნინოს - სადაურობაზე. ყიფიანს შავი ზღვის სამხრეთით მდებარე კაპადოკია ქართველური ტომების - ჭანების ანუ ლაზების - საცხოვრებლად მიაჩნდა - ამ ქვეყნიდან ჩვენკენ წამოვიდა ერთი ქალი და თავისი ქადაგებით ჩვენი ხალხი გააქრისტიანაო. დიმიტრი ყიფიანს, ეტყობა, წმინდა ნინო ტომით ქართველად მიაჩნდა. ის, ჩანს, იზიარებდა დავით ჩუბინაშვილის მოსაზრებას, რომლის მიხედვითაც წმინდა ნინო ქართველი იყო - კაპადოკიელი. მცირე აზიის ამ კუთხეში იმ დროს (IV საუკუნე) ქართველები მრავლად ცხოვრობდნენ.

საქართველოს სახელმწიფოებრივ-პოლიტიკური და კულტურული სიძლიერე, ყიფიანის აზრით, დასტურდება სამი ძირითადი მაჩვენებლით: 1) საქართველოს ისტორიისთვის დამახასიათებელი გმირული ამბებით; 2) გამოჩენილ სახელმწიფო მოღვაწეთა სახელებით; 3) როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე ქვეყნის გარეთ არსებული მატერიალური კულტურის შესანიშნავი ძეგლებით.

1878 წელს დიმიტრი ყიფიანი წერდა: "ერთხელ საქართველოც ვრცელი და მაგარი ქვეყანა ყოფილა. ამაზე გვემოწმებიან, ერთის მხრივ, გმირული საისტორიო საქმეები, რომელსაც თვალწინ წამოგვიყენებს ერთი ცარიელი ხსენება ისეთის სახელისა, როგორც, მაგალითად, ვახტანგ გორგასალი, დავით აღმაშენებელი, დიდი და დიდად მნათობი თამარ მეფე; მეორეს მხრივ, გვემოწმებიან ისეთი ხუროთმოძღვრებითი ამოსაკითხავები, როგორც, მაგალითად, ციხესიმაგრეები და ტაძრები შიგნით და ტაძრები გარეთ, დიდის სიშორიდან რომ მოგვითხრობენ ქართველების ქართველობასა და ღვთისმოყვარეობას, - ათონის მთიდამ, მაგალითად, იერუსალიმიდამ".

დიმიტრი ყიფიანის ერთი ბიოგრაფი წერდა: "რვა წლის ვიყავი, პირველად დიმიტრი რომ გავიცანი. ყმაწვილკაცებს მუდამ გვარიგებდა: ისწავლეთ და გამოადექით თქვენს მშვენიერ, ტურფა სამშობლოს. იყავით მართალნი, პატიოსანნი, მოსიყვარულენი მოყვასისა და თქვენი ერისა. გიყვარდეთ სხვა ერებიც და იყავით მათი პატივისმცემელნიო. ყმაწვილებს რომ დაგვიწყებდა მუსაიფს, უსათუოდ გვაცნობდა სამშობლოს ტანჯულ წარსულს და აწმყოსაც, თვითმპყრობელობის დროს არანაკლებ ჩაგრულს და შეურაცხყოფილს. ცდილობდა, ჩაენერგა ყმაწვილებში სამშობლოს დიდი სიყვარული, რისთვისაც საჭირო იყო სწავლა-განათლებით შეიარაღება და მაღალი შეგნების გამომუშავება; ცდილობდა, ჩაენერგა მათთვის მისწრაფება, რომ სამშობლო მტრისგან დაეცვათ და კულტურულად აეყვავებინათ".

ვასილ მაჩაბელი გადმოგვცემს: "გიმნაზიის მეხუთე კლას¬ში ვიყავი, როცა გავიცანი დიმიტრის ბავშვები. მე მათ ოჯახში დავდიოდი. მაშინ ისინი ვორონცოვის ძეგლის ახლოს ცხოვრობდნენ. იქ მე პირველად ანტონ ფურცელაძემ წამიყვანა. შემდეგ არაერთხელ ვიყავი მათთან. საღამოობით დი¬მიტრი ყიფიანი ხშირად გვიამბობდა ძველ ამბებს მამა-პაპათა დამსახურებაზე. ზოგჯერ გვიკითხავდა ხოლმე სხვადასხა პიესას, წერილს და ჩვენც განცვიფრებით სულგანაბულნი ვუსმენდით მის მკაფიოდ, დინჯად და მშვენივრად გამოთქმულ სიტყვებს. წაკითხვის დროს ვერ შეამჩნევდით მას რაიმე სიტყვის ჩაფუჩეჩებას, რა ნაკლსაც ამჟამად ბევრს ჩვენს ლიტერატორს შეამჩნევთ"...

დიმიტრი ყიფიანი ცდილობდა ახალგაზრდებისათვის თავიანთი ძალების რაციონალურად გამოყენების ჩვევები ჩაენერგა. ილია მასვეტაშვილი მოგვითხრობს: პეტერბურგში სწავლის პერიოდში ქართველი სტუდენტების კრებებს ესწრებოდნენ აკაკი და ნიკო ნიკოლაძე. ერთხელ დიმიტრი ყიფიანიც გვეწვია, ჩვენს კამათში ჩაერია და გვირჩია: ჯერჯერობით დიდ საქმეს ნუ შეეჭიდებით. კარგი პატრონი სახლის შენებას რომ დააპირებს, ჯერ მასალის მომზადებას შეუდგება და მერე შენებას დაიწყებსო. მის სიტყვებს ახალგაზრდებმა ალღო ვერ ავუღეთ. იგი ჭკვიანი კაცი იყო, მიხვდა, მაშინვე ზრდილობიანად გამოგვემშვიდობა და წავიდა.

დიმიტრი ყიფიანმა ქართულ ტრადიციებსა და ზნე-ჩვეულებებზე საყურადღებო ცნობები დაგვიტოვა. 1863 წელს ერთ-ერთ მოხსენებაში იგი ამბობდა: "ქართველი კაცი თავის ადგილიდამ არ დაიძვრის: მშობელი ქვეყანა უყვარს, სალოცავ ტაძარს უერთგულებს და მამა-პაპის ძვლებს ვერ განეშორება, თუ საქმე დიდად არ უჭირს". დიმიტრი ყიფიანი მოგვითხრობს ცალკეული წოდებების წარმომადგენლების ზნე-ჩვეულებებსა და სამოსზე. 1849 წელს ბორჯომის ხეობაში მას შეხვედრია შესანიშნავი და მდიდრული ტანსაცმლით შემოსილი 150-მდე ცხენოსანი გურული და იმერელი თავად-აზნაური. ყოველი მათგანი სრული შეიარაღებით ყოფილა აღჭურვილი. ეს გუნდი, თურმე, ბორჯომის წყლებიდან ბრუნდებოდა. ყიფიანი მოგვითხრობს, რომ განსაკუთრებით საქართველოს შავიზღვისპირა კუთხეებში პირველივე შეხედვით ადვილად განასხვავებდით აზნაურს გლეხისაგან, ხოლო თავადს აზნაურისაგან. თუ თქვენ შეგხვდებათ მხედარი, რომელსაც გულზე ვერცხლის ჯაჭვი ჰკიდია, ულვაში შეღებილი აქვს, ხოლო ფეხებზე დეზები უკეთია, - დარწმუნებული იყავით, რომ თქვენ შეგხვდათ ჭეშმარიტი აზნაური. უბრალო ადამიანს, ან გლეხს უფლება არ აქვს, ატაროს მკერდზე ვერცხლის ჯაჭვი, გაიკეთოს დეზები, ან შეიღებოს ულვაში... ხოლო თუ ჯაჭვი უფრო მასიურია, ან ოქროსია, ხოლო დეზები ვერცხლისაა - თქვენ შეხვდით თავადს. წოდებებს შორის მტკიცედ დადგენილი ეთიკური ურთიერთობა არსებობდა. შეხვედრისას უფროსი (ესე იგი ზედა ფენის წარმომადგენელი) პირველი მიესალმებოდა უმცროსს (ქვედა ფენის წარმომადგენელს). საწინააღმდეგო მოქმედება დიდ უზრდელობა-სიბრიყვედ ითვლებოდა. სიტყვა "ბატონო" მიმართვის ჩვეულებრივი ფორმა იყო.

დიმიტრი მიუთითებს, რომ ულვაში ქართველებს შორის დიდი პატივით სარგებლობდა. იგი მოგვითხრობს: ერთი რაჭველი პირველად მოხვდა სამოქალაქო მოხელესთან და მაშინვე უკან გამობრუნდა - მოხელეს ულვაში არ ჰქონდა, რის გამოც ის რაჭველმა სინდისს მოკლებულად მიიჩნია.

ერთმა იმერელმა მევახშე შავლოხასაგან ისესხა 15 მანეთი, რაშიც 10 საპალნე ღვინო უნდა გადაეხადა. თამასუქის ნაცვლად კრედიტორს თავისი ულვაშის ღერი მისცა. მოსავალი არ მოვიდა და იმერელმა ვალი ვერ გაისტუმრა. მაშინ შავლოხამ მოვალის ულვაშის ღერი ქაღალდიდან ამოიღო და ყველას დასანახად ზედ დააჯდა. ასეთი რამ ხალხის თვალში ულვაშის პატრონის დიდ დამცირებად ითვლებოდა და მოვალე იმერელი გადაიხვეწა აჭარაში, სადაც მთელი 12 წელი დაეხეტებოდა. ერთხელაც ონიდან საჩხერისკენ მომავალ გზაზე, მევახშე ხეზე ჩამოხრჩობილი ნახეს, ხოლო ვალის აღებიდან 13 წლის შემდეგ იმერელმა შავლოხას ცოლ-შვილს მიუტანა 10 საპალნე ღვინო, რაც მას ემართა, თუმცა ოჯახმა არაფერი იცოდა ამ ვალისა.
ქართველთა ზნე-ჩვეულებებში საპატიო ადგილი ეკავა სტუმრის პატივისცემით მიღების ჩვეულებას. საბედნიეროდ, ეს ჩვეულება დღემდე ცოცხლობს ჩვენში. იმ 150 ცხენოსანს, რომელთაც ყიფიანი ბორჯომის ხეობაში შეხვდა ორი დღე მასპინძლობდა ერთი ადგილობრივი აზნაური - მას დიდი ლხინი გადაუხდია. სტუმრის წვევა ღვთის წყალობად ითვლებოდაო, - წერდა ყიფიანი.

1838 წელს შორაპანზე გაუვლია მთავრის სახლის წარმომადგენელს, რომელსაც თავადები, აზნაურები და მსახურები ხლებიან. მათთანვე ყოფილა მაზრის უფროსი თავისი ამალით. ყველა ერთმა ღარიბმა აზნაურმა ისტუმრა. აზნაურმა სტუმრების პატივსაცემად გამართულ ვახშამზე მთელი წლის შემოსავალი დახარჯა. ღამის გასათევად სტუმრებს სახლი დაუთმო. არ იფიქროთ, რომ ამ ყველაფერმა აზნაური შეაწუხა, პირიქით, ის ბედნიერია თავისი მოულოდნელი სტუმრებითო, - აღნიშნავდა დიმიტრი.

სტუმრის პატივისცემის ჩვეულება გლეხებშიც ისევე არსებობდა, როგორც თავადებში. დიმიტრი ყიფიანი მოგონებაში წერდა: "ბორჯომის გზაზე შეხვედრილ იმერლებთან ერთად ვქეიფობდი ორი დღე-ღამე და მესამე დღეს გავიყარენით. გზაში მოგვისწრო ნიაღვარმა და შევეფარეთ აზნაურის გლეხთან. ის სიღარიბეს უჩიოდა, მაგრამ მაინც კი სულ ერთი საათის განმავლობაში მოიტანა გემრიელი ჩიხირთმა, შემწვარი ქათამი, ცივად მოხარშული დედალი, ქათამი ბროწეულის წვენით, გემრიელი ხორბლის პური და ერთი თუნგი ღვინო. რა ბედნიერად ჩასთვლიდა თავს ანრი IV, მისი ქვეშევრდომებიც ასეთი ღარიბები რომ ყოფილიყვნენ, როგორც ეს გლეხი..."

დიმიტრი თვითონაც შესაფერისად იცავდა სტუმრის მიღების მამაპაპურ ტრადიციას. იყო უხვი, პურმარილიანი, თავაზიანი. სუფრაზე ოხუნჯობდა, მხიარულობდა. მის სუფრაზე ღვინოს თიხის ჩარექებით ჩამოარიგებდნენ ხოლმე. დიმიტრი სადილად ერთ ჩარექაზე მეტ ღვინოს არავითარ შემთხვევაში არ დალევდა. სიმთვრალემდე არც თვითონ მივიდოდა და არც სტუმარს მიიყვანდა. სტუმრები ძალიან უყვარდა. აზარტულ თამაშობებს (ბანქო და ა.შ.) მის ოჯახში ადგილი არ ჰქონდა.

ენა ქართული

დიმიტრი ყიფიანი განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებდა ქართულ ენას. მას შემდეგ, რაც სასწავლო დაწესებულებებში ქართული ენის დევნა-შევიწროების ტენდენცია გამოიკვეთა, დიმიტრი ყიფიანი კავკასიის ხელისუფლებას აშკარა ოპოზიციაში ჩაუდგა და არსებული სასწავლოსაგან-მანათლებლო პოლიტიკის მწვავე და შეურიგებელი კრიტიკა დაიწყო. იგი 1883 წელს წერდა: "დედაენა დიდი წმინდა რამ არის ყოველის ხალხისათვის". მისი აზრით, თუ დედაენა დავივიწყეთ, თუ ენა მოკვდება, მაშინ ხალხიც გადაგვარდება და დაიღუპება, გაქრება. 1860 წელს "ცისკარში" გამოქვეყნებულ წერილში იგი აღნიშნავდა: "ხომ გაგიგონია, ჩვენში კაცი რომ გადმოვარდნილა საიდამმე და თავისი ენა გადავიწყებია, გადარჯულებულიაო, იმისას იტყვიან, - და გადარჯულებული მთელს ქვეყანაზედ ისე მიაჩნიათ, არავინ რას დაჰსდევს, ყურს არავინ ათხოვებს და თუ ხმა ამოიღო სადმე, ეს ვიღა ოხერიაო, იტყვიან. ვისაც თავისი ენა არ ახსოვს, იმას აღარც მამა გააჩნია, აღარც დედა, აღარც ნათესაობა და აღარც ტომობა, რომ გულის შემატკივარი ეგულებოდეს სადმე", და განაგრძობს, "რაც ამ ერთ კაცზე ითქმის, ის მთელს ხალხზედაც ითქმის, მაგრამ ყოველივე უფრო საზარელი, უფრო გულის შემაძრწუნებელი, უფრო სულის აღმაშფოთებელია: ხალხი, რომელიც თავის ენას გადაივიწყებს, იმას ხალხის სახელი აღარ ჰქვია, მნიშვნელობა და პატივი სრულიად აღარ აქვს რა და ქვეყნიერებაში ისე გამოწყდება, რომ მისი სახსენებელიც აღარ დარჩება"...

1880 წელს დიმიტრი ყიფიანი კვლავ უბრუნდება ქართული ენის საკითხს და ზიზღით მიუთითებს მათზე, ვინც ქართველი ერის გადაგვარება-მოსპობას ისახავდა მიზნად. იგი წერდა: "მერე რა ენისას ამბობენ, უნდა გაჰქრესო? იმ ენისას, რომელსაც ლაპარაკობდნენ ვახტანგ გორგასალი, დავით აღმაშენებელი, თამარ მნათობი, რომელზეც ქრისტიანობას გვიქადაგებდნენ ნინო მოციქულთა თანასწორი და ათცამეტი სირიელნი მამანი; რომელზედაც ჰმწერლობდნენ პოეტნი, როგორც შოთა რუსთაველი, ფილოსოფოსნი, როგორც პეტრიწი, სჯულის-მდებელი, როგორც ვახტანგ, რომელსაც აქვს ანბანი, უმარტივესი და უბუნებითესი ყოველთაგან ანბანთაგან". დიმიტრი ყიფიანი შემთხვევით როდი იშველიებდა გამოჩენილი ქართველი გმირების სახელებს. ვის არ ეამაყება იმის გახსენება, რომ ჩვენც იმავე ენაზე ვსაუბრობთ, რა ენაზეც საუბრობდნენ, დავითი, თამარი, შოთა, ქეთევანი, ცოტნე... წერილში ყიფიანს უფრო ახლო დროის ისტორიული მაგალითები მოჰყავს. იგი ასახელებს გამოჩენილ ქართველ სამხედრო მოღვაწეებს, რომლებმაც რუსეთს მნიშვნელოვანი სამსახური გაუწიეს და საკითხს ასე სვამს: "რა დაუშავა ქართულმა ენის ცოდნამ პეტრე ბაგრატიონს, პავლე ციციანოვს, დიმიტრი ორბელიანს, აფხაზს, სავარსამიძეს და სხვა ქართველ გმირებს, რომლებმაც ისახელეს თავი და ასახელეს რუსეთის მხედრობა". დიმიტრი ყიფიანს მიაჩნდა, რომ ერისთვის ენის ხელყოფა ყველაზე წმიდათაწმიდას ხელყოფაა.

ეროვნულ საკითხში ყიფიანისთვის ამოსავალი იყო დებულება, რომლის მიხედვითაც მხოლოდ ის ერი შეიძლება დაადგეს პროგრესის გზას, რომელიც აზროვნებს და მეტყველებს მშობლიურ ენაზე.

ერთხელ, დიმიტრი ყიფიანის ოჯახში, სუფრაზე, ნიკო ყიფიანს მიართვეს წერილი. მან გახსნა, წაიკითხა და ძმას, კოტეს გადასცა: ნახე, ეს ხულიგანი რას მიბედავსო.
ქუთაისში მოსულიყო მღვდელი ვოსტორგოვი და იქიდან ეს წერილი ვიღაც პოლიციის მოხელის ხელით გამოეგზავნა. ვოსტორგოვი სთხოვდა ნიკო ყიფიანს, დაედასტურებინა, რომ მეგრელები ცალკე ეროვნებაა, რომლებსაც აქვთ თავიანთი ენა, დამწერლობა, ლიტერატურა და ისტორია.

კოტემ რომ წაიკითხა, უთხრა: ეს წერილი მამაჩემს ჩავარდნოდა ხელში, ვიცი, რასაც იზამდა და შენც გმართებს დიდი ყურადღება მიაქციო ამისთანა გარეწრის საქციელსო.

ნიკო თავის კაბინეტში გავიდა პასუხის დასაწერად, ხოლო შემდეგ თავისი პასუხი იქ მყოფებს წაუკითხა:

"მღვდელო, თქვენმა ხულიგნურმა წერილმა დიდად გამაკვირვა, რომ ღვთისმსახური, რომელიც მოვალეა, პატივი სცეს ხალხის ისტორიას, ეცნობოდეს მას და ახარებდეს მისი ძმური ერთობა, სულ სხვა გზას დასდგომია. თქვენ გიკისრიათ როლი იუდასი და ცდილობთ გაყაროთ ძმები და მტრად გახადოთ ერთმანეთისა. სამეგრელო, ქართლი, კახეთი, მესხეთი, გურია, იმერეთი და სხვა - ის გეოგრაფიული სახელებია, სადაც ცხოვრობენ ქართველები, რომელთაც აქვთ საზოგადო ენა და დამწერლობა, თავისი ლიტერატურით, ხოლო თქვენ თვითნებურად გინდათ, ყოველივე ეს ასიმილაციისთვის გამოიყენოთ. ამაზე ცალკე ვილაპარაკოთ, რაც მოხსენდება თვით ხელმწიფეს..."

სამწუხაროდ, საშუალება არ გვაქვს დავათარიღოთ ეს ამბავი. შესაძლოა, ეს ფაქტი 90-იანი წლებისაა, რა დროიდანაც საქართველოში ვოსტორგოვი მსახურობდა.
იაკობ გოგებაშვილი წერდა: "ვოსტორგოვი ჯერ საღვთო სჯულის მასწავლებელი იყო თბილისის ქალთა გიმნაზიაში, სადაც სულ ორი წელი გასძლო. შემდეგ ექვსი წლის განმავლობაში გამოუცვლია ოთხი-ხუთი თანამდებობა და, ბოლოს, საქართველოს ეპარქიის საეკლესიო-სამრევლო სკოლების მეთვალყურეობის თანამდებობაზე დაუნიშნავთ. ვოსტორგოვი ქართველებისადმი აშკარად მტრულად იყო განწყობილი. მაგალითად, სიონის მუზეუმზე, სადაც ინახებოდა ძველი ქართული ხელნაწერები და სხვა ისტორიული განძეულობა, ვოსტორგოვს უთქვამს: საჭიროა, ეს დამპალი ნაგავი დაწვანო. "ქართველები მე სიტყვით დამიწყებენ ლანძღვას, მე კი მათ საქმით მოვუღებ ბოლოს", - პირში ეუბნებოდა თურმე ის ქართველებს. "ტყუილ-უბრალოდ კი არ გამოვითხოვე უფლება, რომ ყოველწლიურად წავიდე ხოლმე პეტერბურგში", - დასძენდა ის.

გაგრძელება იხილეთ შემდეგ გვერდზე»»


თბილისის თავადაზნაურთა წინამძღოლი

თბილისის თავადაზნაურობამ დიმიტრი ყიფიანი თავის წინამძღოლად (მარშლად) პირველად 1864 წლის 16 თებერვალს აირჩია, ხოლო ხელმეორედ - 1867 წელს. თავადაზნაურობის წინამძღოლობის არჩევნები იმ დროს ჩატარდა, როცა ბატონყმობა ჩვენს ქვეყანაში ჯერ არ იყო გაუქმებული, თუმცა ეს დიდი ცვლილება მალე იყო მოსალოდნელი. თავადაზნაურობას უნდოდა, ისეთი მოთავე ჰყოლოდა, რომელიც მის ინტერესებს მაქსიმალურად დაიცავდა; აგრეთვე, ის ფული, რასაც თავადაზნაურობა მიიღებდა, საქმის სასარგებლოდ გამოეყენებინათ. ეს საქმე, პირველ ყოვლისა, სასწავლებლებში თავადაზნაურთა შვილების აღზრდას გულისხმობდა. თბილისის თავადაზნაურების უმეტესობა თვლიდა, რომ საქმეს დიმიტრი ყიფიანის გარდა, თავს ვერავინ გაართმევდა. იმ დროისათვის თავადაზნაურთა მარშლის წოდებისათვის სულაც არ იყო საკმარისი მხოლოდ მაღალი ტიტული. ამიტომ უპირატესობა მიენიჭა თავმდაბალ, უტიტულო, მაგრამ უაღრესად განათლებულ და შრომის იშვიათი უნარის მქონე დიმიტრი ყიფიანს. მან დიდი წვლილი შეიტანა საგლეხო რეფორმის მომზადებაში.

იმდროინდელი "დიდკაცობა" და გენერლები, თურმე, ეწინააღმდეგებოდნენ ყიფიანის მარშლად არჩევას. ამბობდნენ: ჯერ ერთი, ეგ აზნაურისშვილია, წინამძღოლი კი თავადი უნდა იყოსო; მეორეც, მთავარმართებლობა არ სწყალობს, ჯერ კიდევ მეფისნაცვალი ბარიატინსკი იყო მასზე გამწყრალი სამეგრელოს სამთავროს გამო... არც ერთი მისი შუამდგომლობა თავადაზნაურობის საჭირო საკითხებზე ხელისუფლებასთან უშედეგო იქნებაო. მარშლის არჩევნები ჩატარდა მუხრან-ბატონის სასახლეში, სადაც მთელმა მაშინდელმა თავადაზნაურობამ მოიყარა თავი და ცხარე პაექრობაც გაიმართა. დიმიტრი ყიფიანის წინააღმდეგ გამოვიდა გრიგოლ ორბელიანი და ივანე კონსტანტინეს ძე მუხრანბატონი. მათ თავადაზნაურთა დანარჩენი ნაწილი უკმაყოფილების გუგუნით შეხვდა. ამის გამო ივანე მუხრან-ბატონმა ყრილობის მონაწილეებს "ბუნტოვშიკები" უწოდა და დაუყვირა პროკურორი მოვიდეს აქ, პროკურორიო... ყრილობის მონაწილეები შემკრთალან. როგორც იოსებ უთურაშვილი წერს, "პროკურორის სახელი იმ დროს საფრთხობელას ჰგავდა". ყრილობა გაურკვეველი მდგომარეობიდან ერთ ახალგაზრდა ოფიცერს (თავად ალექსანდრე არღუთაშვილს) გამოუყვანია. მას ხმამაღლა მოუჭრია სიტყვა გენერალ-გუბერნატორისათვის:

"- რა არის ეს? თავადაზნაურობის ყრილობაზე პროკურორის გამოძახება, თავადაზნაურობის შეკრების მონაწილეებისთვის "ბუნტოვშიკების" წოდება? "ბუნტოვშიკებია" არა უმრავლესობა, არამედ უმცირესობა, რომელიც არ სცნობს უმრავლესობის უფლებებს".

ყრილობა გამოერკვა. დაიწყეს ყვირილი: "ძირს მუხრან-ბატონი!" "გენერლებო, წაეთრიეთ!" აი, მაშინ გრიგოლ ორბელიანმა წარმოთქვა საგულისხმო ფრაზა: "საქართველო მაშინ დაიღუპა, როცა მე და წვიმიტიძე ერთმანეთს შეგვასწორეს".

დაიწყო კენჭისყრა. ჯერ გამოიძახეს მაღალი თანამდებობის პირები, ათამდე გენერალმა უარი თქვა კენჭისყრაში მონაწილეობაზე. პირველად გრიგოლ ორბელიანი გამოიძახეს, რომელსაც უთქვამს, რომ ყიფიანის არჩევას მარშლად სახიფათოდ თვლის. უმრავლესობამ დიმიტრი ყიფიანი აირჩია. დიმიტრის ყრილობაზე უთქვამს: "თქვენ გადასდგით დღეს, ბატონებო, ძნელი და საგანგებო ნაბიჯი თქვენს საზოგადო ცხოვრებაში... თქვენ მაღირსეთ დიდი პატივი, დამაყენეთ თქვენს მეთაურად, მთელს ქვეყნიერებაზე უძველესი თავადაზნაურობის სათავეში".

დიმიტრი ყიფიანის მარშლად არჩევამ თავადაზნაურობის იმედი გაამართლა. ამ თანამდებობაზე ყოფნისას ყიფიანმა ქართველ თავადაზნაურობას მნიშვნელოვანი ამაგი დასდო. მან მთავრობისაგან ქართველი თავადაზნაურებისათვის გამოითხოვა ფულადი ანაზღაურება ყმა-გლეხების გათავისუფლების სანაცვლოდ. რუსეთის თავადაზნაურობას ასეთი ანაზღაურება არ მიუღია. მოგვიანებით ისევ დიმიტრის ინიციატივით, ამ თანხის გარკვეული ნაწილის საფუძველზე დაარსდა სათავადაზნაურო ბანკი. ამის შესახებ ოდნავ მოგვიანებით მოგითხრობთ.

დიმიტრი ყიფიანი ექვსი წელი იყო მარშლად და ქართველმა თავადაზნაურობამ კარგად დაინახა მისი მოღვაწეობის დადებითი შედეგები. 1870 წლის არჩევნების დროს ხმა დაირხა, რომ საქართველოში ალექსანდრე II უნდა ჩამოსულიყო. ყიფიანის მოწინააღმდეგეები ვერ შეურიგდნენ აზრს, რომ მარშლად ყოფილიყო "აბაშიძეების ნააზნაურიშვილევი". ხშირად ასმენდნენ დიმიტრის, რაკი ხელმწიფე მოდის წინამძღოლად განთქმული გვარის შვილი უნდა იყოსო, იქნებ ალექსანდრე II-მ რაიმე მოწყალება გაიღოს ჩვენთვისო. ამიტომ 1870 წლის მაისში, როცა მარშლის არჩევნებისთვის თავადაზნაურობა შეიკრიბა, დიმიტრი ყიფიანმა (თუმცა მას კრების უმეტესი ნაწილი სთხოვდა, კიდევ დარჩენილიყო მარშლად) უარი თქვა ამ თანამდებობაზე და ვერაფრით შეაცვლევინეს გადაწყვეტილება. დიმიტრი თავს ასე იმართლებდა: "ყველგან დარწმუნებული არიან, რომ ხელმწიფე იმპერატორი რასმე მოწყალებას უბოძებს საქართველოს, და თუ ვინცობაა, ეს იმედი არ გამართლდა, საზოგადოება მე დამაბრალებს, - შენ რომ არ ყოფილიყავი მარშლად, იქნება ეს არ დაგვმართნოდაო. ან ვინ იცის, იქნება, მართლა ჩემი მარშლობა შეიქმნა მიზეზი იმისა, თუ ვინცობაა, ხელმწიფემ არავითარი მოწყალება არ ისურვა და საზოგადოების წინაშე დამნაშავე გამოვალ"... 1871 წელს იმპერატორი საქართველოში ჩამობრძანდა. მას არავითარი მოწყალება არ გაუღია. ქართველი არისტოკრატია პირში ჩალაგამოვლებული დარჩა. ვერც დიმიტრის ნაცვლად არჩეულმა ახალმა მარშალმა, რევაზ ანდრონიკაშვილმა უშველა და ვერც პურმარილმა.

გ. ტატიშვილი მოგვითხრობს, რომ თბილისის თავადაზნაურობის წინამძღოლობის დროს დიმიტრის კარდენახელმა მემამულემ, დიმიტრი აფხაზმა, სთხოვა, ეშუამდგომლა, რათა მისი მამულები, რომლებიც აღწერილი იყო ვაჭარ ფორაქიშვილის ორმოცი ათასი მანეთის ვალის გადაუხდელობის გამო, საჯაროდ არ გაეყიდათ და მისთვის კიდევ ორი თვე ედროვებინათ. დიმიტრიმ დაიბარა თავისი მეგობარი ფორაქიშვილი და შთააგონა, შეეწყნარებინა ეს თხოვნა. ფორაქიშვილმა ვექსილები დიმიტრის მოსთხოვა, ვითომდა მხოლოდ იმისთვის, რომ მას მორალური გარანტია ჰქონოდა. მოვალემ ვალი არ გადაიხადა და კრედიტორმა ვალის გადახდა სასამართლოს ძალით ყიფიანს დააკისრა (ერთი ცნობით - 32 222 მანეთი, მეორე ცნობით - 35 000 მანეთი).

ამ ვალის დასაფარავად დიმიტრიმ თავისი უძრავ-მოძრავი ქონების მნიშვნელოვანი ნაწილი გაყიდა.

უფრო დაწვრილებით ცნობები ამ ფაქტზე მოიპოვება დიმიტრის რძლის, კოტე ყიფიანის მეუღლის - ნინო ტატიშვილის - მოგონებებში. ნინო და კოტე 1884 წელს შეუღლებულან. ამ დროს, ნინოს გადმოცემით, დიმიტრის ოჯახი ნივთიერად ძველებურ მდგომარეობაში აღარ ყოფილა. მისი მამულები დაგირავებული იყო იმ თავდებობის გამო, რაც ფორაქიშვილის ვალებში ჩაფლულ აფხაზს გაუწია. აფხაზმა თავისი სიცოცხლე ქეიფსა და დროსტარებაში დალია, ხოლო დიმიტრიმ ექვსი ათასი თუმანი გადაიხადა, რისთვისაც მამულების ნაწილი ბანკში დააგირავა, გაყიდვითაც ბევრი გაყიდა: ეკიპაჟები, ცხენები, დაბოლოს, როგორც იქნა აფხაზის ვალი გადაიხადა. მამულების შემოსავლის დიდი ნაწილი ბანკის სარგებელში მიდიოდა. ყოველივე ამან დიმიტრის ადრინდელი შეძლებული ოჯახი ქონებრივად დიდად დააქვეითა.

ნინო იხსენებდა: "უკვე ჩემს დროს დაგირავდა ქვიშხეთის სახლი და კარ-მიდამოც. ამან ძალიან დამწყვიტა გული და ერთხელ შევბედე დიმიტრის საყვედური იმის გამო, რომ მან მოუწერა ხელი თავდებობისა ილარიონ ფორაქიშვილს. დიმიტრის სულაც არ ეწყინა ჩემი საყვედური, თითქოს ეამა კიდეც, რომ მივეცი საბაბი თავის გამართლებისა და მომიყვა დაწვრილებით:

- აფხაზმა მთხოვა, რომ დავხმარებოდი, ფორაქიშვილს კიდევ მიეცა მისთვის ვადა ვალის გადახდისთვის. ფორაქიშვილმა ჩემს თხოვნაზე თავდებობა მთხოვა. მე გავიკვირვე ასეთი პირობა და შევეკითხე:

- ნუთუ აფხაზმა რომ არ გადაგიხადოს, მე უნდა გადამახდევინო-მეთქი!

ჩემს შეკითხვაზე ფორაქიშვილმა აქეთ-იქით მიიხედ-მოიხედა და ჩუმად მიპასუხა:

- ასე ღმერთი როგორ გამიწყრება და ცოლ-შვილს დამიხოცავს, რომ მე ეგ საქმე ჩავიდინო! მხოლოდ მისთვის მინდა თქვენი თავდებობა, რომ აფხაზი მოგერიდებათ და თავის დროზე გადამიხდისო. ამაზე, რა თქმა უნდა, დავეთანხმე და ხელი მოვუწერე.

- მერე რომ მოსულა თქვენთან ქვიშხეთში ფორაქიშვილი საქმის ასახსნელად და თქვენ კი კიბიდან ჩაგიგდიათ, არ მიგიღიათ, ეს რაღად უყავით? - ჩავურთე მე პასუხად, დიმიტრის ლმობიერებით გათამამებულმა.

- ეგ იმიტომ, რომ იმან თავის პატიოსან სიტყვას უმტყუნა და საჩივარი პირდაპირ ჩემით დაიწყო იმის მაგივრად, რომ აფხაზისთვის ეჩივლა! ის უდავოდ ღირსი იყო, რომ კიბიდან ჩამეგდო!

ფორაქიშვილს ვითომ უნდოდა, რომ დიმიტრიზე საჩივრის შეტანის შემდეგაც დაეჯერებინა იგი, აფხაზის შესარცხვენად მოვიქეციო ასე, მაგრამ ასეთი კუკუმალულობით დიმიტრი ვერ აპატიებდა სიტყვის გატეხვას და ჩააგდო კიბიდან, თუმცა ისიც კარგად იცოდა, რომ შეურაცხყოფილი ფორაქიშვილი აღარ დაინდობდა, აკი, არც დაინდო და მთელი ვალი გადაახდევინა".

საინტერესოა, როგორ გადაუხადა "სამაგიერო" დიმიტრი ყიფიანმა აფხაზის ცოლს.
რუსეთში სტუდენტობის დროს სილამაზით განთქმულმა აფხაზმა ცოლად შეირთო ძალიან მდიდარი კაცის ქალი, საქართველოში ჩამოიყვანა და მისი დიდი სიმდიდრე მალე გააქრო. როცა ცოლმა შეიტყო, სულ ცარიელი დარჩებოდა, თუ თავს არ უშველიდა, სამშობლოში გაემგზავრა. კარეტით გზად მიმავალი ქვიშხეთში დიმიტრისთან ჩამოხტა. კარეტა დატვირთული იყო ძვირფასი ნივთებით, ტანსაცმლით და სხვა.

დიმიტრიმ სიამოვნებით მიიღო სტუმარი. მთელი ოჯახი ფეხზე დადგა მის პატივსაცემად, კარეტას ღამით საგანგებო დარაჯები დაუყენეს. მეორე დღეს აფხაზის ცოლი თავის გზას გაუდგა ისე, რომ დიმიტრისგან ერთი სიტყვაც კი ვერ გაიგონა თავის ქმრის საქციელზე. და ეს მაშინ, როდესაც მას უკვე მისჯილი ჰქონდა ვალის გადახდა. სასამართლოზე საქმის ყოველ გარჩევას დიდი აღელვება შეჰქონდა ყიფიანების ოჯახში. დიმიტრი, ყველა გაჭირვების მხნედ გადამტანი, ცოლ-შვილის შეწუხებას ვერ იტანდა. აი, ასეთ დროს გაბედა აფხაზის ცოლმა ქვიშხეთში მისვლა დიმიტისთან განძეულობით სავსე კარეტით. მართლა დიდი ნდობა უნდა ჰქონოდა მას დიმიტრისა და კიდეც გაუმართლდა ეს ნდობა.

ვახტანგ თულაშვილი აღნიშნავდა: "დიმიტრი ყიფიანი შეეწია ერთს ჩვენი საზოგადოების წევრს და ყველამ ვიცით, რომ ამით თითქმის თავისი თავი დაღუპა. ისიც ვიცით, რომ იმისთანა დროც დადგა მას შემდეგ დიმიტრისთვის, როცა თითქმის დღიური ცხოვრება უჭირდა. ვგონებ, კაცს ამაზე მეტი აღარა მოეთხოვება-რა..."

ბანკის დაარსების იდეა

"არც ერთი დაწესებულება არ არის, რომ მეთაურობა ყიფიანს არ ეკუთვნოდეს: ბანკი, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, თეატრი და სხვანი, სულ მისი ინიციატორობით არის დაწყებული", - ამბობდა აკაკი წერეთელი.
ბატონყმობა რომ გაუქმდა, დიმიტრი ყიფიანი ქართველი თავადაზნაურობის გადარჩენის გზებს ეძებდა. იგი ხატოვნად წერდა: დიდხანს ცხოვრობდაო სასახლეში პატიოსანი კაცის ოჯახი. მართალია, ღარიბად, მაგრამ მშვიდად. სჯეროდა, უკეთესი დროც დადგებაო, უცბად, ერთ უბედურ დღეს, ხუროთმოძღვარმა გამოაცხადა, - ეს სასახლე ინგრევა, ახლავე თავს უშველეთ, თორემ ნანგრევებში გაიჭყლიტებითო. მეტი რა გზა იყო. იმ სასახლიდან გარეთ გამოცვივდნენ. მართლაც მალე იჭექა, იქუხა, კედლებს ბზარი გაუჩნდა და სულ ცოტა ხანში დაირღვა კიდეც. ღვთის ანაბარა დარჩენილნი უკანასკნელ იმედს ებღაუჭებოდნენ, უფალი და ხელმწიფე იმპერატორი არ გაგვწირავსო.

დანგრეული სასახლე ბატონყმობა იყო. უსახლკაროდ დარჩენილი პატიოსანი კაცის ოჯახი - ქართველი თავადაზნაურობა, იმედი და მშველელი - იმპერატორი ალექსანდრე II. თუ იგი მოწყალებას არ დაიშურებდა, თავადაზნაურობა ქვეყნის სამასხარაო არ გახდებოდა. არც დაიშურა: მამრობითი სქესის თითოეული გათავისუფლებული გლეხის ფასად ბატონს 25 მანეთი ეძლეოდა. ვისაც 21 ყმაზე ნაკლები ჰყავდა, ეს გასამრჯელო უორმაგდებოდა. ამ გზით თავადაზნაურობას საკმაო თანხა უგროვდებოდა. ვინც გონივრულად მოიქცეოდა, ქონებრივი გასაჭირი არ ელოდა.

ამ პირობებში დიმიტრი ყიფიანს თავადაზნაურობის წოდებრივი და ქონებრივი უპირატესობის შენარჩუნების ერთადერთ ბურჯად საადგილმამულო ბანკი მიაჩნდა. მისი დაარსების იდეა სწორედ დიმიტრის ეკუთვნის. 1864 წლის 31 აგვისტოს თბილისის გუბერნიის თავადაზნაურობის მარშალმა მაზრის მარშლებს მოუწოდა, რათა მებატონეებს ყმათა გათავისუფლებისათვის მიღებული ყოველი მანეთიდან აბაზი (20%) გადაედოთ ბანკის დასაარსებლად. ყიფიანმა ბევრ კერძო პირსაც გაუგზავნა წერილები და სთხოვა, მისაღები ფულის 20% გადაედოთ ბანკისათვის. ამით თავადაზნაურობის საერთო ვალიც (საუბარია თავადაზნაურობის წვრილმან ვალებზე ბატონყმობის გაუქმების დროს) დაიფარებოდა და შესაძლებელი იქნებოდა თავადაზნაურთა 150 ბავშვის აღზრდა. თავადაზნაურთა "დიდკაცობამ" დიმიტრის მხარი არ აუბა, სამაგიეროდ, ღარიბმა თავად-აზნაურებმა განაცხადეს, რომ ყმების სანაცვლოდ მიღებული თანხის ნაწილს გადადებდნენ ბანკისთვის, რაკი მოგება ბავშვების სწავლა-აღზრდის საქმეს მოხმარდებოდა. წინადადება, ბანკის დაარსების თაობაზე, თავადაზნაურობამ მიიღო 492 ხმით 48-ის წინააღმდეგ.

ბანკის წესდების ხუთი პროექტი შეადგინა დიმიტრი ყიფიანმა. წლების მანძილზე იწვალა და იდავიდარაბა, მაგრამ როდესაც 1870 წლის მაისში იგი თბილისის გუბერნიის თავადაზნაურობის წინამძღოლის პოსტიდან გადადგა, ბანკი დაარსებული მაინც არ იყო. მოგვიანებით ახალგაზრდა თერგდალეულებმა ილიას სთხოვეს, სათავეში ჩასდგომოდა ბანკის დაარსების საქმეს. ილიამ მართლაც ბოლომდე მიიყვანა დიმიტრის დაწყებული საქმე, 1875 წლის თებერვალში ამოქმედდა თბილისის სათავადაზნაურო-საადგილმამულო ბანკი, რომელსაც მთელი 30 წლის მანძილზე 1905 წლის 23 ივნისამდე სათავეში თავად ილია ედგა.

სამსახურს ჩამოცილებული 72 წლის ყიფიანი მეტწილად საკუთარ მამულში, ქვიშხეთში ატარებდა დროს. მიმსვლელი და მნახველი არ აკლდა. სპეციალური დურბინდიც გაიჩინა - აივანზე გადამდგარი შორიდანვე თვალს ჰკიდებდა მომავალ სტუმარს და უკვე ბინაზე მოსულს გაშლილ სუფრას ახვედრებდა. ყველა ის მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება, რომელიც დიმიტრი ყიფიანის ინიციატივით განახორციელეს XIX საუკუნის ქართველებმა, დიმიტრის საყვარელ სოფელ ქვიშხეთში, მის სახლში ჩაისახა. აქედან აძლევდა წმ. დიმიტრი ბიძგს ყოველგვარ ეროვნულ სულისკვეთებას. 2007 წელს ახალშერაცხილი წმინდანის პატივსაცემად სოფელ ქვიშხეთში დიმიტრი ყიფიანის სახლ-მუზეუმი გაიხსნა. XX საუკუნის პირველ ნახევარში დიმიტრი ყიფიანის სახლი საქართველოს მწერალთა კავშირის მფლობელობაში გახლდათ და იქ ქართველ მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა დასასვენებელი იყო. XX საუკუნის 90-იან წლებში შენობაში განთავსდა ხაშურის მხარეთმცოდნეობის მუზეუმის ქვიშხეთის ფილიალი. შესყიდულ იქნა რამდენიმე მემორიალური ნივთი და ექსპონატი. ამჟამად მუზეუმში დაცულია დიმიტრი ყიფიანთან დაკავშირებული 900-მდე ექსპონატი, დოკუმენტი თუ ფოტომასალა.

ქვიშხეთის აღდგომის სახელობის (წმინდა დიმიტრი ყიფიანის) კარის ეკლესია

"ვინც კი სარწმუნოებას შეურყევლად ადგია, ვისაც გონება ისე აქვს შეზავებული, რომ რამდენიც უნდა საკვირველება საკვირველებას დაჰყვეს, არ შეირყევა აღსარება მისი, რომ ღმერთი არის ყოვლის შემძლებელი, ყოვლის დამმყარებელი, ძლიერებით ყოვლად გარეშეუწერელი, ყოველ ზომასა და განსაზღვრების გარეშე მყოფი", - დიმიტრი ყიფიანი.

1869 წელს წმინდა დიმიტრი ყიფიანმა აღასრულა თავისი კეთილშობილური განზრახვა და ააგო დღევანდელი წმინდა დიმიტრი ყიფიანის კარის ეკლესია. წმინდა დიმიტრი ყიფიანს, როგორც გონიერ და შორსმჭვრეტელ ადამიანს, თადარიგი დაუჭერია და სამზადისი 1864 წლიდან დაუწყია. ქვა, ეკლესიის მშენებლობისთვის, მოუზიდავთ ადგილობრივი ქვის კარიერიდან, რომელიც მდებარეობდა ქვიშხეთ-ტაშისკარის გზის მახლობლად.

1864 წლის 24 ივლისს დიმიტრი ყიფიანი წერს თბილისის გუბერნატორს დ. ი. ორლოვსკის:

"მსურს შევუდგე ეკლესიის მშენებლობას ჩემს მამულში, სურამის მონაკვეთში, სოფელ ქვიშხეთში. მაქვს პატივი, უმორჩილესად გთხოვოთ, თქვენო უდიდებულესობავ, ადგილზე ხარჯთაღრიცხვის შესადგენად და ხაზების გასავლებად გამოგზავნოთ მივლინებით თბილისის გუბერნიის გორის მაზრის არქიტექტორის თანაშემწე გ. ბელი, ჩემს მიერ მომავალი ეკლესიის ასაშენებლად დაგეგმარებისათვის. თავისთავად იგულისხმება, რომ ეს გეგმა ჩემს მიერ წარდგენილი იქნება მისი მაღალუსამღვდელოესობის პატრიარქის წინაშე დასამტკიცებლად".

1869 წლის 4 მაისს საქართველოს არქიეპისკოპოსი, ეგზარქოსი ევსევი სწერს დიმიტრი ყიფიანს, რომ დამტკიცებული გეგმის თანახმად, ეძლევა ნება სოფელ ქვიშხეთში ეკლესიის მშენებლობისა.

1969 წლის 25 ივლისს დიმიტრი ყიფიანი გუბერნატორისადმი გაგზავნილ წერილში წერს:

"მოწყალეო ხელმწიფევ, შევუდექი ეკლესიის მშენებლობას ჩემს მამულში, სოფელ ქვიშხეთში, რისთვისაც აუცილებელია ამჟამად სამშენებლო მასალის დამზადება, განსაკუთრებით ქვის მოტეხვა, რადგანაც მსურს ეკლესია ავაშენო ქვისაგან".
დიმიტრი, ქვიშხეთში ყოფნისას, ყოველ კვირას დადიოდა ეკლესიაში საზეიმო ფორმით, რათა თანასოფლელებისთვის ეჩვენებინა მაგალითი იმისა, რომ ტაძარში სიარული სულის ზეიმია მორწმუნეთათვის.

მომსწრეთა გადმოცემით, ეკლესია მოუხატავთ და თავის დროზე მოძღვარი ჰყოლია. მისი ბოლო მოძღვარი 1917- 1920-იან წლებში ყოფილა ნიკოლოზ მთიულიშვილი, რომელიც ეკლესიის ეზოშია დაკრძალული.

კომუნისტური რეჟიმის პერიოდში ადგილობრივი ხელისუფლება ეკლესიას იყენებდა საწყობად. მოგვიანებით აქ ელექტროგენერატორი დაამონტაჟეს.

1990-იან წლებში ეკლესია ძალზე დაზიანდა და შეიქნა მისი ჩამონგრევის საშიშროება. ადგილობრივი მოსახლეობის წყალობით, 1993 წლიდან დაიწყო აღდგენითი სამუშაოები: გადაიხურა ტაძარი, შეკეთდა დაზიანებული კედლები. 1997 წელს რუის-ურბნისის მიტროპოლიტმა, მეუფე იობმა აკურთხა ტაძარი. 2006 წლის გაზაფხულზე, მაისის თვეში, ეპარქიის მმართველის კურთხევით, დაარსდა დედათა მონასტერი...

გაგრძელება იხილეთ შემდეგ გვერდზე»»


ვახტანგ ორბელიანისა და დიმიტრი ყიფიანის მიმოწერა ლექსად

ვახტანგ ორბელიანი და დიმიტრი ყიფიანი მეგობრები იყვნენ. ვახტანგ ორბელიანი დაიბადა 1812 წლის 5 აპრილს. პოეტის დედა ერეკლე მეორის ასული თეკლე ბატონიშვილი გახლდათ. მამასაც ვახტანგი ერქვა, ის რუსებმა აიძულეს, აჯანყებული კახელების წინააღმდეგ საომრად წასულიყო, მან კი ხმლის ამოუღებლად თავი შეაკლა კახელ მეომარს. თავისი სიკვდილით ოჯახი გადაარჩინა განადგურებას და კახელების წინააღმდეგ კი მაინც არ იბრძოლა... მამის გარდაცვალებიდან ერთ თვეში შობილ ვაჟს თეკლემ თავისივე მამის სახელი დაარქვა. გავიდა დრო, ორბელიანის ქვრივი თეკლე და ოციოდე წლის ვახტანგი 1832 წლის შეთქმულების მონაწილენი გახდნენ, რისთვისაც რუსულმა იმპერიალისტურმა რეჟიმმა ისინი საქართველოდან გადაასახლა. ვახტანგ ორბელიანი რომანტიკოსი პოეტი იყო. 1832 წლიდან, შეთქმულების ჩავარდნის მერე, ვახტანგი თითქოს პესიმისტი გახდა. გადასახლებულმა ვახტანგმა 1883 წელს დიმიტრი ყიფიანს, თავის ძველ მეგობარს, მისწერა ლექსი "ძველ მეგობარს". ლექსში კარგად ჩანს ორბელიანის წუხილი სიბერის გამო და მისი სურვილი, ძველ მეგობართან ერთად მიმართოს დიდ ლიტერატურას (რუსთაველს, გოეთეს (გეტეს), შექსპირს, შილერს), დრო გაატარონ ბუნებაში და სამშობლოს ისტორია გაიხსენონ.

ძველ მეგობარს

"დავბერდი, დავჩაჩანაკდი, წვერი შემექმნა ჭაღარა;
შინ ცოლ-შვილს მოვძულებივარ, მოყვასთ უნდივარ აღარა.
წავიდნენ წელნი, დავბერდი, ვეღარ ვნადირობ მთა-ბარში,
ვეღარ მოვექეც მთას წვერზედ ვეღარც ავდარში, ვერც დარში
და ვეღარ ვუმზერ იქიდამ სამშობლო მამულს დახატულს,
ტურფად, ვით სასძლო ასული მშვენიერებით შეკაზმულს!
ძველმა სიმარდემ მიმტყუნა, ძლივსღა შევმჯდარვარ ცხენზედა.
ვეღარ ვნადირობ, ვერ ვმარდობ, ვეღარ დავქროლავ ველზედა.
დავბერდი! აღარ ვარგივარ არც ჩემს სახლს გარე, არც შინა,
აღარც მეჯლისში, არც ლხინში, აღარც ბრძოლაში მტრის წინა!
მოდის კეკლუცი და ტურფა, მშვენიერება ასული:
გაივლის ჩემ-წინ და წავა, ერთს არ მომხედავს წყეული.
ამასაც ვითმენ, - შენ და მე ბევრი რამ მოგვითმენია,
დიახ, მოვხუცდით! ერთი-ღა მხოლოდ ნუგეში გვრჩენია;
ვისიც თვალს კიდევ ახარებს ბუნების მშვენიერება,
ვინც არ დამშვრალა გულითა და კვლავ სწამს ძმობა, ერთობა,
ვისიც სულს შერჩა ბოლომდის ცის ნაპერწკალი ცხოველი,
იმისთვის სიტკბოებითა მაინც სავსეა სოფელი.
მაგრამ მარტო ვარ, არვინ მყავს, მე აქ არვისი რა მესმის,
ვინც რომ მიყვარან, ვერ ვხედავ, ამაოდ გული მათ სძებნის!
მოდი, რკინის გზა გვერდით გაქვს, მოსვლა არ გაგიძნელდება,
მოდი, აქ მიძევს თვალთ წინა რუსთველის დიდი ქმნილება,
იმის ფურჩვნილის ლექსებით სული და გული დავიტკბოთ;
გეტე, შექსპირი, შილერი კვლავ ერთად გადავიკითხოთ.
გული საუბარს მივანდოთ და მოვიგონოთ წარსული,
სამშობლოს ისტორიისა გადავხსნათ დიდი რვეული.
ერთად შევხედოთ ჩვენს ცასა და ზედ გარდათხმულს ლაჟვარდსა,
მასში მნათობთა ელვარეთ, მთვარეს, დიდებით მავალსა,
და რა გაივლის ზაფხული და დაგვიდგება ზამთარი,
ნისლი მოიცვამს მთა-ბარსა, დაგვძლევენ თოვლი და ქარი, -
აჰა, გრიალებს ბუხარი, გამდევნი შავი სევდისა,
და ცხოველს ნაღვერდალზედა ტრიალებს მწვადი შველისა;
გავშალე ქეჩა-ხალიჩა, მოვუსხდით; კულა კარკარებს...
მაგრამ რას ვროტავ? ამაოდ გული მეგობარს გულს ეძებს".
ვახტანგ ორბელიანი (1883 წ.)

იმავე წელს დიმიტრი ყიფიანმა ლექსადვე მისწერა ვახტანგ ორბელიანს - "ძველი მეგობრის პასუხი":

"ვინ-ონო ჩემო! ასჩივებიხარ დაბერებასა?
ეს ის არ იყო, როს ცხებული შენი მშობელი
ცისმარადისად ზე აღუვლენდა ღმერთს ვედრებასა
შენისა სიყმის, შენის სიცოცხლის შემომტრფობელი?
ქვეყნის თანარსის კანონის ძალით რა არ ჰბერდება
და, როგორც ვამბობთ, სულ სხვა არსებათ არ გადიცვლება?
ეს სჯულის დება ხორციელისთვის გარდუვალია;
სულიერად კი არსება შენი სულ სხვა გვარია.
მთასა და ბარში ვერ ვნადირობო, ეს სამდურავი
შენ არ გეკუთვნის, როგორც პოეტსა; შენ გაქვს უფლება
უსაზღვრო, ვრცელი, ყოვლითურთ გარე შეუზღუდავი.
პოეტს გარეშე ვისა ჰქონია ამის შეძლება,
რომ სარბიელზედ, ამისებრ ვრცელზედ, მონავარდობდეს;
მაღლა თუ დაბლა, მარჯვნით თუ მარცხნით, დაუკითხავად
თუ ჰნებავს ცხადად, თუ ჰნებავს მალვით და უხილავად?
ვეღარ მოვექეც მთას წვერზედაო? რა ხმა მომმართე!
შეისხი ფრთები, როგორც პოეტმა და წარიმართე
იმასაც ზევით, სადაც ქვეყანამ, აღბორგების ჟამს
უწია ზვირთნი ზეშესროლილნი; მაგრამ, რასაც წამს
იქ სივრცეს შეხვდნენ უჰაეროსა, შესდგნენ მყისვეა,
არარაობის ნახვის შიშით განქვავებულნი,
სად სჩანან თხემნი დიდ გოლიათთა დამწკრივებულნი
ჰიმალაია, კორდილერია თუ კავკასია -
აღვედ კვალადცა და გადმოჰხედო სამშობლოს შენსა,
გარეგანობით ისევ სატრფოს, ისევე მშვენსა,
რომ არ აკლია ბუნებითადი უხვი შემკობა.
და შინაგნობით თუ ვეღარ ჰპოვე ძველი ქველობა,
მტერთან გმირობა, მოყვასთან ძმობა, სათნო საქმისთვის
რაინდულებრი თავის განწირვა მშობელ ქვეყნისთვის, -
საღმრთო ნიჭისა დედა ენისთვის მოღვაწეობა, -
გვაყარე მაშინ, ნუღარ დაგვინდობ, რისხვა, წყეობა.
ცხენზედ შეჯდომა მიჭირდებაო! რათ გინდა ცხენი?
ცისკრის ნიავი, დილის მზის სხივი ელეკტრომდენი,
ყვავილთა სუნი, ათასგვარ ორთქლის, - შენივ ფიქრები
ყველა არ არის პოეტისთვის მსწრაფლმატარები?
არცა სადა დრო, არც სიშორე აბრკოლებს მასა, -
დაბლა უფსკრულნი, მაღლა სივრცენი, ზღვა უძირონი,
ყველა გზა არის პოეტისთვის, გზა - უბრგვილონი,
რა დააბრკოლებს ელვას ან ვარსკვლავთა ბრწყინვალებასა?
ვეღარ დავქროლავ მე ველზედაო! შენ რად დაჰქროლო?
შენ მოიმართე შენი მგოსანი, შენი სიმბოლო
მომხრე ხმანი შენის მომხრესი, ბუნებისანი:
დაგვძახე შენებრ დიდ მოძახილი და ჩვენ ქართველნი,
ჩვენ დავაქროლებთ მთათა და ველთა, ჩვენ აღვბორგდებით,
რომ ჩვენ წავრეცხოთ მწიკვლნი ჩვენის გონებისანი;
რომ დავუკმიოთ ჩვენსა სამშობლოს გულის სიწმინდე
და მისნი მავნნი კიდეს გაღმა გადავაბნიოთ.
კეკლუცი ქალი აღარ მიმზერსო! რატომ - მე გეტყვი:
ბევრი რამ არის თქმული ქალზედ, მაგრამ მეც ვიტყვი, -
ქალია ნაზი, სანარნარები, საფუფუნები;
შენ რომ სულისა გარს მოსასხმელი დაგძველებოდეს,
აღარ იქნება, რომ იმისს თვალსა ეწონებოდეს.
მაგრამ სული გაქვს თვით თან მბრწყინავი და მას ევლება,
როგორც სამკაულს, როგორც საუნჯეს დაუფასებელს,
და ისღა არის, რომ მოსწონს ქალსა, რომ ენატრება.
მარტო ღა ვარო! ეს რაღა არის? როგორ თუ მარტო?
ხელთ არ გიპყრია ბუკი, ნაღარა და ღოროტოტო?
შეჰყარე ძალნი შენი ნიჭისა, გონებისანი,
თან მიაყოლე შენი უნარით ქნარი, მგოსანი,
და მაშინ მითხარ, რომელი იყო შენებრი გმირი,
რომ მარტოდ მარტო არა მდგარიყოს? ვინ ჰყავდათ ტოლი
ჰომერს, ვირგილს, შოთა რუსთველს, მილტონს, შექსპირსა,
შილლერსა, გეტეს, ვოლტერსა, რუსსოს, ბაირონს, ჰეინეს?
ქართლის ცხოვრება გადავფურცლოთო! მოძღვარ გვექმენი, -
რადგან ჩვენცა გვსურს, მოვედ, გვამხილე ჩვენ მოწაფეთა,
რა იყვნენ ადრე მამასახლისნი, ცხებულ მეფენი?
რა ჰქმნეს: ფარნავაზ, ან მირიანმა, სკიპტრა მპყრობელთა;
წმინდამან ნინო, ვახტანგ მგელ-ლომმა, დავით აღმდგენმა;
თამარმა მზემან; დიმიტრიმ, არჩილ, ლუარსაბ, შალვამ;
ბიძინამ, დავით და კონსტანტინემ; ერეკლე კახმან,
პატარამ, მაგრამ დიდმა ერეკლემ, პაპამან შენმან?
გვამხილე, რაც კი აღმადგენია მოთხრობის ძალით;
რაც რომ შემძლეა გვემილ სულის განმტკიცებისა;
სამშობლო ქვეყნის, სამშობლო ენის აღმაფრენისა.
თუ ისე წავჰხდით და დავმცირდით, რომ ერთი
ქნარით ყურადღებასა ჩვენსა ეჭვობდე, - მოგვმართე მაღლით
სიცხოვლე შენი, შეაწყე თუნდა სრული ორკესტრო
ხმათა ციურთა, ჭექა-გრგვინვათა თან შეწყობილთა
და შეგვაძრწუნე, ოღონდ ნუ გვეტყვი, რომ ვერ მოგესწრო,
მოგვბერე შენი ცხოველი სული ძმობილთა შენთა".
დიმიტრი ყიფიანი, 1883 წ.

ვახტანგ ორბელიანმა თავის მეგობარს ამ ლექსზე უპასუხა ლექსით "ბაქარ ქართლელს". ბაქარ ქართლელი - დიმიტრი ყიფიანის ფსევდონიმია. თუ ბექარ ქართლელი (დიმიტრი ყიფიანი) ცდილობდა ვახტანგ ორბელიანის გამხნევებას, ცდილობდა, მასში გაეღვიძებინა პოეტის თუ ბაგრატიონთა ნათესავის ძალები, სამხედრო განწყობა, სამშობლოსადმი ბრძოლის პრესპექტივის იმედი და ამასთან ერთად, ის მიაჩნდა, როგორც ლექსში ჩანს, შესანიშნავ პოეტად, მხედართმთავრად და ღირსეულ შთამომავლად ერეკლე მეორისა, ვახტანგ ორბელიანის პასუხში ისევ პესიმიზმი ჩანს. ვახტანგ ორბელიანი:

ბაქარ ქართლელს

"რისთვის მიწოდებ მე შენ პოეტად?
გეტყვი: რასაც მწერ, მწერ მეტსა მეტად!
არ ვარ პოეტი; ნიჭი მაღალი
ჩემს თავზედ მაღლით არ გარდმოსულა,
და ჩემს გულ-სულში ცით ნაპერწკალი
პოეზიისა არ აღგზნებულა.
არ ვარ პოეტი; წყობილის რითმით
დამშვრალს კაცის თვალს ვერ მოვგვრი ცრემლსა,
ლექსით ცხოველით, ძლიერით, მდიდრით
ვერ ავაღელვებ, ვერ აღვძრავ ერსა!
ეტლისგან დევნილს, სულით დავრდომილს
სულს ვერ აღვუდგენ, ვერ მივცემ სიმხნეს,
და ბოროტზედა კაცსა დაყრდნობილს
ვერ დავსცემ ზარსა, ვერ მივცემ სიბრძნეს!
მდიდარ-ანგართა, სოფლის მაღალთა
ჭეშმარიტებას ციურს ვერ ვამხელ
და დაბრმავებულთ და მძინართ თვალთა
მგრგვინავის ლექსით მე ვერ ავუხელ!
მშვენიერს, ტურფას, კეკლუც ასულსა
ჩემის ჩანგითა ვერ ჩავაფიქრებ
და მელოდიით იმის ნაზ გულსა
ვერ მივცემ ლმობას, ვერ ავატირებ!
არ ვარ პოეტი: იქ მაღლა ცაში
აზრით მფრინავი ვერ აღვეწევი
და იმის წმინდა, ტურფა ლაჟვარდში
ვარსკვლავთ, მთოვარეს, მზეს ვერ ვეწევი!127
საკმაო არის, რა გითხრა მეტი?
ვარ, ვით სხვა კაცი: არ ვარ პოეტი!
მხოლოდ მიკრულსა ამ წუთს სოფელსა
მიყვარს ვუმზირო დღე ცას ნათელსა;
განთიადს - რიჟრაჟს და ტურფა მთიებს,
ღამე ბრწყინავთა ცაში ვარსკვლავებს.
ვახტანგ ორბელიანი, 1883 წ.

ეს ლექსები კარგად წარმოგვიდგენს ორი ადამიანის პოეტურ სამყაროს, მათ განათლებას, მათ პატრიოტიზმს, მათ დამოკიდებულებას მწარე სინამდვილისადმი, ვახტანგ ორბელიანი პესიმისტია, დიმიტრი ყიფიანი კი სამშობლოს თავისუფლებისათვის ბრძოლის ნიშანს ელის... ბაგრატიონებს და ბაგრატიონების ნათესავ წარჩინებულ არისტოკრატებს აღარ შეეძლოთ ერის წინამძღოლობა. მათი დრო წასული იყო. ვახტანგ ორბელიანმა ისიც იცოდა, რომ არ იყო დიდი პოეტი, თუმცა მისმა ლექსებმა მაინც დიდი გავლენა იქონია საზოგადოებაზე...

დიმიტრი ყიფიანი - სიკვდილით დასჯის წინააღმდეგ

რუსეთის თვითმპყრობელური სახელმწიფო ხელისუფლება თავისი პოლიტიკური მოწინააღმდეგეების მიმართ სასჯელის უმაღლეს ზომას - სიკვდილით დასჯასაც ითვალისწინებდა. დიმიტრი ყიფიანი სიკვდილით დასჯის გაუქმების აქტიური მომხრე იყო.

1883 წელს გაზეთ "კავკაზში" მოთავსებული იყო ცნობა კავკასიის იურიდიული საზოგადოების სხდომის თაობაზე. სხდომაზე განუხილავთ ვ. სმიტენის რეფერატი სიკვდილით დასჯაზე. რეფერატში აღნიშნული იყო, რომ სიკვდილით დასჯა, როგორც სასჯელის ზომა, ნაკლებად იყო გავრცელებული და ამას დიდი ზიანი მოჰქონდა კავკასიაში, სადაც ყაჩაღთა ბრბოები თარეშობდნენ. სხდომის მონაწილე ვინმე ფ. ბიკოვს მოუთხოვია სიკვდილით დასჯის გაუქმება, როგორც რუსეთის გუბერნიებში, ისე კავკასიაში, რადგანაც, მისი აზრით, აქ არავითარი ისეთი თავისებურებები არ არსებობდა, რაც სასჯელის ამ ზომის არსებობას გაამართლებდა.
დიმიტრი ყიფიანს იმავე გაზეთში მაშინვე გამოუქვეყნებია წერილი, რომელშიც იწონებდა სიკვდილით დასჯის გაუქმებას. ბიკოვისადმი მიძღვნილ ამ წერილში ყიფიანი აღნიშნავდა: "თქვენს მხარეზეა ქრისტიანული ეკლესია, მთელი თანამედროვე ცივილიზაცია, პოლიტიკური ეკონომია, რომელიც კიცხავს სასარგებლო ძალების ყოველგვარ მოსპობას. დაბოლოს, თქვენს მხარეზეა ვნებებისა და ცრურწმენებისაგან თავისუფალი კაცობრიობის შემეცნება, რადგან სიკვდილით დასჯა - ესაა მკვლელობა, უფრო გასაკიცხი, რადგან ის სასამართლოს სახელით სრულდება".

ამ წერილით დიმიტრი ყიფიანი აშკარად გამოდის არსებული რეჟიმის და ტირანიის წინააღმდეგ, რომელიც თავისი პოლიტიკური მოწინააღმდეგეების სიკვდილით დასჯას ითვალისწინებდა.

გაგრძელება იხილეთ შემდეგ გვერდზე»»


ავტოკეფალიაგაუქმებული და რუს ეგზარქოსს დაქვემდებარებული ქართული ეკლესია

1801 წელს იმპერატორმა ალექსანდრე I-მა ხელი მოაწერა მანიფესტს, რომლის მიხედვითაც საქართველოს სახელმწიფოებრიობამ არსებობა შეწყვიტა და ქრისტიანობის ბურჯი ქვეყანა ორი გუბერნიის სახით შეუერთდა რუსეთის იმპერიას. მალე გაირკვა, რომ რუსეთის მთავრობას განზრახული ჰქონდა საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის გაუქმება და მისი რუსეთის სინოდისადმი დაქვემდებარება. ასეც მოხდა - პოლიტიკურ თავისუფლებადაკარგულმა საქართველომ სულიერი დამოუკიდებლობაც დაკარგა. 1811 წლის 10 ივნისს ალექსანდრე I-მა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, ანტონ II-ს მისწერა: "გითხოვთ თქვენ საქართვე¬ლოს ეკლესიის საქმეების გამგებლობისგან უწმინდესი სინოდის წევრობისა და კათოლიკოსის სახელის შენარჩუნებით!"

იმ დროისათვის საქართველოს ეკლესია ორად იყო გაყოფილი: აღმოსავლეთ და დასავლეთ საქართველოს ეკლესიებად. ეს ორი ეკლესია რუსეთმა გააერთიანა და ეწოდა საქართველო-იმერეთის სინოდური კანტორა, ანუ საეგზარქოსო. "წოდებაშენარჩუნებული" კათოლიკოსი ანტონ II რუსეთში გადაასახლეს. ამ პერიოდიდან საქართველოს ეკლესიის მეთაური ატარებდა შემდეგ ტიტულს: "მაღალ-ყოვლად-უსამღვდელოესი, არხიეპისკოპოსი ქართლისა და კახეთისა და სრულიად საქართველოს ექსარხოსი". საეგზარქოსოს საკათედრო ტაძრად გამოცხადდა თბილისის სიონი. საქართველოს ეგზარქოსი ექვემდებარებოდა რუსეთის ეკლესიის უწმინესსა და უმმართებელეს სინოდს და ხელმწიფე იმპერატორს. მსახურებისას მოიხსენიებოდა ჯერ სინოდი, შემდეგ საქართველოს ეგზარქოსი, ხოლო შემდეგ - ადგილობრივი ეპისკოპოსი. მხოლოდ პირველი ეგზარქოსი - ვარლამ ერისთავი გახლდათ ქართველი (1811- 1817 წწ.), ყველა დანარჩენი კი რუსი იყო, რომელთაც არც ქართული ენა იცოდნენ, არც ტრადიციები, არც ქართველი წმინდანები და არც ქართული საეკლესიო დღესასწაულები. სამაგიეროდ, ძალიან კარგად ესმოდათ ქართულ ეკლესია-მონასტრებში დაცული საგანძურის ღირებულება და ძარცვავდნენ ოქრომჭედლობისა და ტიხრული მინანქრის უიშვიათეს ნიმუშებს.

წირვა-ლოცვა და სხვა მსახურებები ძირითადად, განსაკუთრებით სოფლებსა და პატარა ქალაქებში, ქართულად აღევლინებოდა, თუმცა რუსული მმართველობა ყველანაირად ცდილობდა, რომ ეკლესიიდან ყველაფერი ქართული ამოეკვეთა, რათა იგი ეროვნულ ძალთა შემაკავშირებელი არ გამხდარიყო. დიდ, განსაკუთრებით კი საკათედრო ტაძრებში მსახურებანი აღესრულებოდა საეკლესიო-სლავურ ენაზე. ერთადერთი დღე, როცა სიონში ქართულად წირავდნენ, იყო ძველი სტილით 14 იანვარი - წმ. ნინოს ხსენების დღე. ჯერ კიდევ ქართლ-კახეთის რუსეთთან შეერთებამდე გარუსებულმა ციციანოვმა ქართულ სამხმიან გალობას "კატის კნავილი" უწოდა, ხოლო ეგზარქოსმა თეოფილაქტე რუსანოვმა იგი "ძაღლის ყეფად" მონათლა.

საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის 96 გაუქმებისთანავე რუსეთის საიმპერიო კარი შეუდგა რუსული ერთხმიანი გალობის საქართველოში იძულებით დამკვიდრებას. სამწუხაროდ, ბევრი ქართული გალობის ნიმუში შეეწირა ამ ბრძოლას და, რომ არა ქართული გალობის დიდი მოამაგენი - წმ. გაბრიელ ეპისკოპოსი, წმ. ალექსანდრე ეპისკოპოსი, წმ. ექვთიმე აღმსარებელი (კერესელიძე), მღვდელი რაჟდენ ხუნდაძე, ძმები კარბელაშვილები, შესაძლებელია, დღეს ქართული გალობა აღარც კი გვქონოდა.

1882 წლიდან ქართულ ეკლესიას სათავეში ჩაუდგა ეგზარქოსი პავლე ლებედევი. 1885 წელს ეგზარქოსმა პავლემ დახურა ჯუმათის კათედრა გურიაში, დახურულ იქნა აგრეთვე ჭყონდიდის კათედრა სამეგრელოშიც. მეტეხის ეკლესიიდან გაქრა მეტეხის ღვთისმშობლის (ბეთლემის) სასწაულმოქმედი ხატი თავისი ოქროს მოჭედილობით. მასში ბევრი წმინდა ნაწილიც იყო, საერთო ღირებულება 50 000 მანეთს შეადგენდა. 1891 წელს ეგზარქოს პალადიოსის დროს მეტეხის ეკლესიის სხვენში ხატი ოქროს მოჭედილობის გარეშე იპოვეს. ეგზარქოს პავლეს დროს გაქრა სასწაულმოქმედი ხატი ნინოწმინდის ღვთისმშობლისა, რომელსაც ძვირად ღირებული ბაჯაღლო ოქროს პერანგი ჰქონდა.

აწ წმინდანად შერაცხილი პატრიარქი კალისტრატე ცინცაძე თავის მოგონებებში მოგვითხრობს, რომ მეუფე პავლე უდავოდ ნიჭიერი, განათლებული, მჭევრმეტყველი კაცი გახლდათ, მაგრამ ამავე დროს ფიცხი და ენაშეუნახავი. სამღვდელოებას უხეშად ექცეოდა. მაგალითად ერთ შემთხვევას გავიხსენებ: იდგა შობის წირვა დღე, როცა წირვის დროს ტიპიკონით "სამეუფეო მრავალჟამიერი" უნდა შესრულებულიყო და სრულად წარმოთქმულიყო იმპერატორის ძალიან გრძელი ტიტული, მთავარდიაკონმა მამა მ. დავითაშვილმა, თავისი საქმის ჩინებულმა მცოდნემ, "მრავალჟამიერი" ჩვეულებისამებრ დაიწყო, მაგრამ ხმა აღარ ეყო და "კაკოფონია" გამოუვიდა. ამ ამბავმა ეგზარქოს პავლეს წონასწორობა დააკარგვინა და ამბიონიდან (ხელში ჯვარი ეჭირა) მთელი ეკლესიის გასაგონად უყვირა: - ვირო (საბედნიეროდ ეკლესიაში ხალხი ცოტა იყო)!

იაკობ გოგებაშვილი ასე ახასიათებდა ახალი ეგზარქოსის "მოღვაწეობას": "ცოტა ხანმა განვლო, რაც კავკასიაში ჩამოვიდა ახალი ეგზარქოსი პავლე, მაგრამ ამ მოკლე დროის განმავლობაში მან ცხადად გამოავლინა თავისი ტომობრივი განკერძოებულობა და მოგვცა ქართველთა ელემენტარული უფლებების მიმართ უპატივცემულობის იმდენი აშკარა საბუთი, რომ გამოიწვია ქართულ საზოგადოებაში საყოველთაო განცვიფრება და გულისწყრომა". 1886-1887 წლებში შედგენილ თავის ჩანაწერებში გოგებაშვილი გვაცნობს ეგზარქოს პავლეს მიერ გატარებულ რეპრესიულ ღონისძიებებს:

"1. პავლეს დანიშვნიდან მცირე ხნის გავლის შემდეგ სასულიერო სასწავლებლებში ქართველი ზედამხედველები არაქართველებით შეიცვალა. ამ უკანასკნელებმა არ იცოდნენ ქართული ენა და იძულებულნი იყვნენ, თარჯიმნების საშუალებით ესაუბრათ მოსწავლეთა მშობლებთან და სასწავლებლებში ახლად მოყვანილ ბავშვებთან.; 2. პავლეს დროიდან მოსპეს ქართული ენის ხმარება სასულიერო სასწავლებლებში საღმრთო ისტორიისა და კატეხიზმოს სწავლებისას. შეკვე¬ცეს ქართული ლიტერატურის პროგრამა და შემოფარგლეს იგი ზოგიერთი საეკლესიო-ღვთისმსახურების ნაწარმოებით; სავალდებულო გახადეს ქართული სასულიერო ლიტერატურის უსათუოდ რუსულ ენაზე სწავლება, შეზღუდეს აგრეთვე ქართული ენის ხმარება სასულიერო სასწავლებლებში ამავე ენის გაკვეთილებზე. არასავალდებულო გახდა ქართული ენის სწავლება ქართველი ერის მომავალ მოძღვართათვის. ამის გამოა, რომ ზოგიერთი ქართველი სემინარისტის ატესტატში ვხვდებით ქართულ ენაში ნიშნის მაგივრად შენიშვნას - "არ უსწავლიაო"; 3. ეპარქიული სასწავლებლის ინსპექტორმა პრიხოდინმა ინსპექტორის ადგილი დაკარგა იმის გამო, რომ მან აღძრა შუამდგომლობა საგანგებო თანხის გამოყოფაზე ქართული ენის გაკვეთილების რიცხვის გასადიდებლად; 4. პავლე არამცთუ თვითონ არ ცდილობს, ისწავლოს ქართული ენა და ღვთისმსახურების დროს ლოცვები წარმოთქვას ქართულად, არამედ სხვა რუსებსაც არ აძლევს საშუალებას, ისწავლონ თავიანთი მრევლის ენა; 5. ალექსანდროვის ეკლესიაში, რომლის მრევლი ნახევრად ქართველებისგან შედგებოდა, ორივე მღვდლად რუსები დანიშნეს, მათ ქართული ენა არ იციან და მრევლის ქართულ ნაწილს არ აქვს შესაძლებლობა, მოისმინოს წირვა-ლოცვა გასაგებ ენაზე, რაც ეწინააღმდეგება ერთ-ერთი მსოფლიო კრების დადგენილებას. სასულიერო ხელისუფლებამ გასცა ბრძანება, რომლის თანახმად, ქართველს არა აქვს უფლება, ითხოვოს დიაკვნის ადგილი სოფლებშიც კი, თუ მან არ იცის რუსული ენა; 6. ძველი ქართული გალობის აღდგენისა და მისი ნოტებზე გადაღების მიზნით, ჩამოყალიბდა კომიტეტი, მაგრამ კომიტეტის თავმჯდომარედ დანიშნეს სემინარიის რექტორი დეკანოზი ჩუდეცკი, რომელიც ამ საქმის საწინააღ-მდეგო აზრს ადგა; ეს საქმე ჩაიფუშა, ხოლო როცა ამ აზრის განხორციელებას ხელი მოჰკიდა თბილისის მუსიკალური სკოლის დირექტორმა იპოლიტოვ-ივანოვმა და შეუდგა ქართული გალობის ნოტებზე გადაღებას საქართველოს ეპარქიის ქორეპისკოპოსის, ალექსანდრეს მატერიალური დახმარებით, ქართული საეკლესიო გალობის საუკეთესო მცოდ-ნენი - მღვდლები კარბელაშვილები - მოულოდნელად თბილისიდან პროვინციაში გადაიყვანეს, რის გამოც იპო¬ლიტოვ-ივანოვი იძულებული გახდა, შუა გზაზე მიეტოვებინა საეკლესიო სიმღერების ნოტებზე გადატანა; 7. სემინარიაში ისეთი გულმოდგინებით ახორციელებენ დამსჯელ ზომებს, რომ უკანასკნელი ორი წლის განმავლობაში დათხოვილ და გარიცხულ მოსწავლეთა რიცხვი ორმოცდაათამდე აღწევს. ამის გამო სემინარიის პირველ კლასში შესული ოთხი მოსწავლიდან მხოლოდ ერთი ამთავრებს კურსს, ხოლო დანარჩენ სამს ითხოვენ ან რიცხავენ სემინარიიდან; 8. არავინ ზრუნავს სემინარიელთა მატერიალურ მდგომარეობაზე; 9. ადრე უფროსის შეურაცხყოფისთვის მოსწავლეს სჯიდნენ, ხოლო უფროსი გადაჰყავდათ შიდა რუსეთში, ახლა კი (პავლეს დროს) მოსწავლეს რიცხავენ, ხოლო უფროსებს დაუ ყოვნებლივ აჯილდოებენ და ტოვებენ თავის ადგილზე; 10. სემინარიაში თორმეტი დამრიგებლიდან მხოლოდ სამია ქართველი. არც ერთი ქართველია პედაგოგიური საბჭოს წევრი, რომელიც მოსწავლის ბედს წყვეტს..."

შეურაცხმყოფელი დაუყოვნებლივ უნდა გავიდეს შეურაცხყოფილი ქვეყნიდან

რუსეთში ალექსანდრე II-ის მკვლელობის შემდეგ (1881 წ.) განაპირა მხარეების კოლონიზაცია დაიწყო. საქართველოში მეფისნაცვლობა გაუქმდა და მთავარმართებლობა შემოიღეს. კავკასიის მთავარმართებლად დანიშნული დონდუკოვ-კორსაკოვი საქართველოს მოევლინა როგორც ქართული ენის მოძულე. დაიწყო მშობლიური ენის დევნა, კოლონიზაციის გაძლიერება. მთავარმართებელს გვერდში ამოუდგა საქართველოში ახალმოვლენილი ეგზარქოსი პავლე, კავკასიის სასწავლო ოლქის ზედამხედველ იანოვსკისთან ერთად. როგორც უკვე ზემოთ მოგითხრეთ, ეგზარქოსი შეეცადა ეკლესიის გამოყენებას რუსიფიკატორული პოლიტიკის გასატარებლად. მისი უშუალო ჩარევით 1884 წელს მღვდელი ჩუდეცკი დაინიშნა თბილისის სემინარიის რექტორად, სადაც სწავლის აუტანელი პირობები შექმნა. საქართველოს ეგზარქოსი პავლე, მთავარმართებელი დონდუკოვ-კორსაკოვი და კავკასიის განათლების ოლქის მზრუნველი იანოვსკი ყველაფერს აკეთებდნენ, რათა ქართველობას დაევიწყებინა თავისი წარსული, აწმყო და არ ეფიქრა მომავალზე.

ჩუდეცკი მანამდე კიშინიოვის სასულიერო სემინარიის ინსპექტორი იყო. მთავარეპისკოპოსმა პავლემ თბილისში გადმოსვლისთანავე გადმოიყვანა აქ მამა პავლე ჩუდეცკი, როგორც თავისი კაცი. სემინარიელები ჩუდეცკის დანიშვნას სიხარულით შეხვდნენ: ცოლშვილიანია და მამობრივად, ალერსიანად, სიყვარულით მოგვექცევაო. იმედები არ გაუმართლდათ. რექტორი მშრალი, გულქვა, სიტყვაძუნწი ადამიანი აღმოჩნდა. უფრო მეტიც, ის ქართველთმოძულე და სასტიკი რექტორი იყო. სემინარიის მასწავლებლები ცდილობდნენ ეროვნულ და რევოლუციურ იდეებს არ შემოეღწია სასწავლებელში, მაგრამ ამას ვერ ახერხებდნენ. პავლე ჩუდეცკი თუ მოწაფეს ან კლასგარეშე ლიტერატურას აღმოუჩენდა, ან, უბრალოდ, ქართულ ლაპარაკს გაიგონებდა, პიროვნულად რჩებოდა შეურაცხყოფილი. ჩუდეცკი არ თაკილობდა მოსწავლეთა დამცირებას, რექტორი შეიძულეს; ერთხელ, როცა იგი გაკვეთილზე მიდიოდა, უფროსკლასელი ს. ჯიბლაძე დაუდარაჯდა და სცემა, ბღუჯა წვერიც კი ამოაგლიჯა. რასაკვირველია, ჯიბლაძე გარიცხეს და გამოსასწორებლად რომელიღაც პოლკში გაგზავნეს. პავლე ჩუდეცკის დროსვე გარიცხეს იოსებ ლაღიაშვილი, მას უფლება არ ჰქონდა, სხვა რომელიმე სასწავლებელში განეგრძო სწავლა. იოსებ ლაღიაშვილი დიდხანს სთხოვდა რექტორს, მისთვის გორის სასულიერო სასწავლებლის დამთავრების მოწმობა დაებრუნებინათ, თუნდაც დიაკვნად ან მედავითნედ გაემწესებინათ, მაგრამ ყმაწვილის დაჟინებული თხოვნა რექტორმა არ შეისმინა. ამიტომ ლაღიაშვილმა გადაწყვიტა, რექტორისათვის ანგარიში გაესწორებინა. იგი ფიქრობდა, რომ ყველა მისი უბედურების მიზეზი ჩუდეცკი იყო, ამიტომ ლაღიაშვილი 1886 წლის 24 მაისს, შუადღისას, თხელ პალტოში გამოწყობილი ჩუდეცკისთან მივიდა. სასწავლებელში აღდგენის მორიგ თხოვნაზე უარის მიღების შემდეგ პალტოს ქვეშ დამალული ხანჯალი იშიშვლა და რექტორს რამდენჯერმე დაარტყა. ჭრილობებისგან ჩუდეცკი რამდენიმე საათში გარდაიცვალა. თავადაც დაჭრილი და გულწასული ლაღიაშვილი სემინარიაშივე დააპატიმრეს.
იოსებ ლაღიაშვილი დაუყოვნებლივ გაასამართლეს, მაგრამ არასრულწლოვნების გამო, 20 წლის იყო (ნუ გაიკვირვებთ, სრულწლოვან ასაკად მაშინ 21 წელი ითვლებოდა), ჩამოხრჩობა ვერ მიუსაჯეს და 20 წლით კატორღაში გაუშვეს. კატორღიდან (სახალინიდან) გაქცეულა იაპონიაში, იქიდან გადავიდა ამერიკაში და იქ ცხოვრობდა თომას კოკის სახელით. გარდაიცვალა 1913 წელს.

პავლე ჩუდეცკის მკვლელობის გამო ეგზარქოსმა პავლემ წონასწორობა დაკარგა. ეგზარქოს პავლესა და რექტორ ჩუდეცკის "ორიგინალური ნათესაობის" ამბავი ყველამ იცოდა და რაც მთავარია, თვითონ ჩუდეცკიმაც: რექტორის ახალგაზრდა ცოლი ეგზარქოსის საყვარელი იყო (სემინარისტები ამბობდნენ, თვითონ ქმარი აცილებს ცოლს, როდესაც საყვარელთან მიდის ეტლითო).

ეგზარქოსის სულიერი წონასწორობის დაკარგვას ყველაზე მეტად ააშკარავებს უწმინდესი სინოდის ობერპროკურორის კ. პ. პობედონოსცევის სახელზე 28 მაისს გაგზავნილი მისი წერილი: "მე კი უეჭველად საშიშროება მემუქრება, აი, როგორი საუბარი მოისმინეს ქართველი არაკაცებისა: ესპანელებმა საქმე უკეთესად, ეპისკოპოსიდან დაიწყეს, ჩვენთან კი - მღვდლიდან, საჭირო იყო ეგზარქოსიდან დაგვეწყო".

ეგზარქოსმა, იოსებ ლაღიაშვილის გამო, 26 მაისს, სიონის ტაძარში, მრევლთან გამოსვლისას, დაწყევლა მთელი ქართველი ერი. პავლე ჩუდეცკის ცხედართან ეგზარქოსს უთქვამს: "დაიწყევლოს სამუდამოდ შენი მკვლელიცა და ის ოჯახიც, რომელმაც შობა იგიო, დაიწყევლოს ის წრე და ის ერიო, რომელმაც დაბადა და ის ქვეყანა, რომელმაც გამოზარდა შენი მკვლელიო".

როგორც ნოდარ გრიგალაშვილი წერს, ჯალალედინის შემდეგ სიონის ტაძარს ბევრი შეურაცხყოფა ახსოვდა ამ მე-19 საუკუნეშიც. აქ გამოცხადდა 1801 წლის სექტემბერში ალექსანდრე I-ის მანიფესტი, ქართლ-კახეთის სამეფოს რომ აუქმებდა. მაშინ ქართველებმა ვერც ვერაფერი გაიგეს, რა ეწერა იმ ტექსტში, მაგრამ იმპერატორის ტიტულების ჩამოთვლისას, ი პროჩე, ი პროჩეო, რომ მოესმათ, ამაზედ იკრეს ხანჯალზე ხელი, ეს რა შეურაცხმყოფელი სიტყვები გვესმის წმინდა ტაძარშიო... მერე იმ წმინდა ტაძარში რუსთაგან საქართველოს პირველი ამაოხრებლის, თავმოჭრილი პავლე ციციანოვისა და მარიამ დედოფლისაგან განგმირული ლაზარევის გვამები დაგვისაფლავეს. მაგრამ ასეთი გამოწვევა, თანაც ვისგან, ქვეყნის სულიერი მამისგან ამ კედლებს არ სმენოდა. ელვასავით გავრცელდა ეგზარქოსის სიტყვები. მთელი ქვეყანა დრტვინვამ მოიცვა. ერთადერთი გაზეთი იყო "კავკაზი", რომელსაც ნება დართეს პავლეს სიტყვების პუბლიკაციისა, ცხადია, შერბილებული, ოდნავ შეფერილი სახით.
რაკი საგაზეთო პუბლიკაციები შეუძლებელი იყო, დასავლეთ საქართველოს თავადაზნაურობის წინამძღოლმა დიმიტრი ყიფიანმა 6 ივნისს პირადი წერილი მისწერა ეგზარქოსს. წერილი, რომელიც მყისვე გახმაურდა, ხელიდან ხელში გადადიოდა და მთელ საქართველოს გული მოფხანა. დიმიტრი ეგზარქოსს სთხოვდა, "უკუეგდო ნათქვამი ანდა მრევლის წინაშე ბოდიში მოეხადა ამ უჩვეულო მკრეხელური სიტყვების წარმოთქმის გამო", ე. ი. დაწყევლისათვის. "ამბობენ, რომ თქვენ დასწყევლეთ ის ქვეყანა, რომელშიაც სამწყსოთ ხართ მოწოდებული და რომელიც მარტოოდენ სიყვარულსა და შეწყალებას მოელოდა თქვენგან. თუ ყოველივე ეს, უფალო, მართალია, თქვენი თანამდებობის ღირსების გადარჩენა მხოლოდ იმით შეიძლება, რომ შეურაცხმყოფელი შეურაცხყოფილი ქვეყნიდან დაუყოვნებლივ იქნას გაყვანილი", - იწერებოდა დიმიტრი ყიფიანი. საგულისხმოა, რომ დიმიტრიმ ეს წერილი თავად-აზნაურთა წინამძღოლის ბლანკიან ქაღალდზე დაწერა, რითაც ხაზი გაუსვა, - ეს ჩემი ხალხის მოთხოვნაც არისო.

ამ წერილს ისეთი ამბები მოჰყვა, აღარც მოკლული ჩუდეცკი ახსოვდა ვინმეს და აღარც დაპატიმრებული ლაღიაშვილი.

ეგზარქოსმა სასწრაფოდ აფრინა ყიფიანის წერილი ყველგან, სადაც ჯერ არს. იმჟამად პიატიგორსკში რუსეთის ობერ-პროკურორი, ფაქტობრივი მმართველი პობედონოსცევი ისვენებდა. იქ არის სამხედრო მინისტრი ვანოვსკი, მთავარმართებელი დონდუკოვ-კორსაკოვი. აი, ამ სამ უმაღლეს გვამთან მიცუხცუხდა ეგზარქოსი პავლეც ყიფიანზე საჩივრით. კორსაკოვს ყიფიანის საწინააღმდეგო არგუმენტების მოსმენა არც სჭირდებოდა. 40 წლის ნაცნობობის მიუხედავად (ყიფიანიცა და კორსაკოვიც ხომ ერთად მუშაობდნენ ვორონცოვთან), ახლა მას დიმიტრი დასაღუპად ემეტებოდა. ვერ მოენელებინა, რომ წინა წელს საქართველოში ჩამოსულ მიხეილ ნიკოლოზის ძეს ყიფიანი ჯერ ბათუმში, შემდეგ ბორჯომში ეწვია და მთელი უბედურება, რაც კორსაკოვის დროში საქართველოს დაატყდა, დაწვრილებით მოახსენა, ესეც არ იკმარა და საუბრის შინაარსი საჯარო გახადა. მაშინ ვერაფერი მოუხერხა, საყვედურის გარდა, მთავარმართებელმა ყიფიანს, ახლა კი სამაგიეროს გადახდის დრო დამდგარიყო...

რუსეთის წმინდა სინოდის ობერ-პროკურორმა პობედონოსცევმა ეგზარქოსსა და მთავარმართებელს იმედი არ გაუცრუა. 20 ივნისს იმპერატორს ასეთი წერილი მისწერა: "აქ, კისლოვოდსკში, ყოველდღე ვხვდები პ. ს. კანევსკისა და თ. დ. დონდუკოვს. უკანასკნელთან ხშირად ვსაუბრობ ამ მხარეში შექმნილ მდგომარეობაზე, რომელიც ვერ ტოვებს სანუგეშო შთაბეჭდილებას. აქაც ის მწარე გაკვეთილი მეორდება, რუსეთს არაერთხელ რომ უწვნევია იმ უცხოტომელთაგან, რომლებიც გადაგვირჩენია კიდეც და სხვა ათასი სიკეთეც გვიყვია. როცა ქართველებს სპარსელებისგან საფრთხე ემუქრებოდათ, ლამის ჩვენზე ლოცულობდნენ. მაგრამ შემდეგ, ჯერ კიდევ ერმოლოვის დროს, როგორც კი საშიშროება მინელდა, განდგომილების პირველმა ნიშნებმაც იჩინა თავი. მერე შამილი გამოჩნდა და ქართველები ისევ დაშოშმინდნენ. ამ საფრთხემაც გაიარა და ისინი კვლავ მძვინვარებამ შეიპყრო. და ეს მაშინ, როცა ჩვენ მათ გულარხეინად ვანებივრებდით და სახელმწიფო ხაზინის ხარჯზე გულუხვ წყალობასაც ვაჩვევდით. უცხოტომელთა მოვლა-პატრონობის ასეთმა წესმა მიიყვანა სწორედ რუსეთი დღევანდელ მდგომარეობამდე. მათს ცხოვრებაში წესრიგის შეტანის ნებისმიერი ცდა, როგორც წესი, მათი მხრიდან უაზრო ვნებათა-ღელვასა და პრეტენზიებს იწვევს. სემინარიის რექტორის შემაძრწუნებელ მკვლელობას აქაური უცხოტომელები აღშფოთებით კი არ შეხვდნენ, არამედ ნიშნის მოგებით. რექტორის დაკრძალვაზე წარმოთქმულ სიტყვაში ეგზარქოსმა გამოხატა უღრმესი მწუხარება, და ამასთანავე, გულისწყრომაც, ჩადენილი ბოროტმოქმედების გამო. ეს სიტყვა მკვლელის ჭკუას გადაცდენილმა მომხრეებმა საწყენად მიიღეს. და, აი, ქუთაისის თავადაზნაურობის წინამძღოლი ეგზარქოსს მიმართავს სულელური და უტიფარი წერილით და მუქარის კილოთი ურჩევს, დატოვოს კავკასია. გაახლებთ ასლს ამ წერილისას და მასზე ეგზარქოსის პასუხს. მაღალი თანამდებობის წარმომადგენლობითი პირის ამგვარი საქციელით სამართლიანად აღშფოთებულმა თავადმა დონდუკოვმა წერილობით მიმართა შინაგან საქმეთა მინისტრს და სთხოვა ყიფიანის ამ მხარიდან გადასახლების ნებართვა, რათა ეს თავხედობა არ დარჩეს დაუსჯელი და სხვებისთვისაც არ გახდეს მაგალითის მიმცემი".

ალექსანდრე III-მ თანხმობის ბეჭედი დაჰკრა და ანტიქართულ ღონისძიებათა ფართო პროგრამის განხორციელება დაიწყო იმით, რომ დიმიტრი ყიფიანს წინამძღოლის უფლებები აჰყარეს და ეგზარქოს პავლესათვის მიწერილი ბარათის გამო 73 წლის მოხუცი სამუდამოდ სტავროპოლში გადაასახლეს. დიმიტრის ვერ უშველა ვერანაირმა წარსულმა დამსახურებამ. რაკი დაასკვნეს, თითქმის ნახევარი საუკუნის მანძილზე მათ ჩინოვნიკად მყოფი ყიფიანი გულით დიდ ქართველ პატრიოტად დარჩენილიყო, ხელმეორედ გაუყენეს გადასახლების გზას. ილია, აკაკი, ვახტანგ ორბელიანი, მთელი გუნდი დიმიტრის უმცროსი მეგობრებისა თუ თანატოლებისა გულს ასკდებოდნენ უძლურებისა გამო. თვით დიმიტრი კი დიდად არ ჯავრობდა. გადასახლების წინ დიმიტრი აკაკი წერეთელმა ნახა. "პატიმრობით დავიწყე ცხოვრება და პატიმრობით ვამთავრებ", - უთქვამს აკაკისთვის და სახეზე სევდა რომ შეუმჩნევია, ღიმილით დაუმატებია: "ნუ გშურს, ჩემთვის ეს დიდი წყალობაა! უკეთეს ჯილდოს მე ვერც კი მოვიფიქრებ!.. ქართველთაგან ციმბირში ჯერ იდეურად არავინ დასჯილა და დეე პირველი მერცხალიც მე ვიყო! მართალია, პირველ მერცხალს ხანდახან სუსხი დაჰკრავს და გაზაფხულს ვერ მოესწრება, მაგრამ მაინც პირველი მახარობელია და გაზაფხული მაინც მოვა". "ქართველი ადამიანი განსაკუთრებული გრძნობით ხვდებოდა და ხვდება სიკვდილს, თითქოს ასრულებს ვახტანგ გორგასლის ანდერძს - ეძიებდეთ ქრისტესთვის სიკვდილსაო და სწორედ დიმიტრი ყიფიანი იყო ის, რომელიც ქრისტესათვის და სამშობლოსათვის ეძიებდა სიკვდილს", - ბრძანებს უწმინდესი და უნეტარესი ილია II.

როცა დიმიტრი ყიფიანის დაკრძალვის შემდეგ პავლე სასწრაფოდ გაარიდეს საქართველოს და ყაზანში გადაიყვანეს, მან ჩუდეცკის "გულდათუთქული ქვრივიც" თან წაიყვანა, თვეში 100-მანეთიანი პენსიაც დაუნიშნა (არადა, მის ქმარს მხოლოდ 80 მანეთი ჰქონდა ხელფასი)...და ყველაზე საინტერესო: ყაზანის სასულიერო სემინარიის ინტერნეტსაიტზე გამოჩნდა ცნობა, რომ მათი არქივების მიხედვით (იმ დროის გაზეთებში ამაზე არაფერი დაწერილა!), თბილისიდან გადაყვანამდე ეგზარქოსი პავლეც დაჭრა სხვა სემინარისტმა! მას ფილტვები დაუზიანდა და ხანგრძლივი და მტანჯველი ტკივილების შემდეგ, 1892 წელს, სწორედ ამ ჭრილობის გამო გარდაიცვალაო!

იმპერატორის გადაწყვეტილება გადასახლებაზე დიმიტრი ყიფიანს ქვიშხეთში აცნობა ამ ამბით შეწუხებულმა გორის მაზრის უფროსმა, რომელსაც ბოქაული ახლდა. ამ დროს ქვიშხეთში იყვნენ დიმიტრის შვილები: კოტე და ელენე. გამოსათხოვრად ქუთაისიდან დაუყოვნებლივ ჩამოვიდნენ დიმიტრის უფროსი ვაჟი ნიკო და სიძე ანტონ ლორთქიფანიძე. მათ ინტელიგენციის ბევრი წარმომადგენელი მოჰყვა. მოვიდნენ მეზობლები და ნათესავები. მეორე დღეს ქვიშხეთისა და ახლომახლო სოფლების გლეხობა შეგროვდა გამოსამშვიდობებლად. დიმიტრი, თურმე, მაშინვე ჩავიდა გლეხებთან, სალამი უძღვნა ყველას და თქვა: "ხელმწიფის ბრძანებით, მე თქვენ უნდა მოგშორდეთ. იცოდეთ, რომ სადაც უნდა ვიყვე, ჩემი გული თქვენთან და ჩემს ტანჯულ სამშობლოსთან იქნება".

აღშფოთებული და დაღონებული ხალხი ნელ-ნელა დაიშალა. ერთმანეთს შესჩიოდნენ, თუ ვინ იქნებოდა მათი პატრონი და დამრიგებელი.
ერთი ამბობდა: - ეგ დალოცვილი თვით ხელმწიფესაც არას უთმობს და დასჯიან, მაშ, რას უზამენ?

მეორე პასუხობდა: - დიდი ნასწავლი და ჭკვიანი კაცია, ამასთან დიდგული და თავმოყვარე, რის გამოც უსამართლობასა და ჩაგვრას არავის უთმობს.
მესამე ამბობდა: - ყველაფრით რომ ჩვენს მთავრობაზე მაღლა დგას, იმიტომ სდევნიან და არ უნდათ მაგისი აქ ცხოვრება. მაგ დალოცვილს, რომ ისევ დაეთმო მთავრობისათვის, სჯობდა, რადგან მაშინ არც თვითონ დაიტანჯებოდა და ჩვენც უპატრონოდ არ დავრჩებოდით.

მეოთხემ თქვა: კაცია დიმიტრი და კიდევაც კაცობსო. მეფის მთავრობამ თავზე დაჯდომა იცის, თუ დაგიბრიყვა, ამიტომ დიმიტრი მარტოდმარტო ებრძვის მთავრობას და არ აძლევს ნებას, რომ მისი სამშობლო დაჩაგრონ და სხვა ხალხი დაასახლონ საქართველოში.

ხაშურამდე დიმიტრი ასობით ნათესავმა და გლეხმა გააცილა. მცხეთამდე კი იმერეთის თავადაზნაურობამ და ნათესავ-მეზობლებმა. მცხეთაში თბილისის ინტელიგენცია დახვდა.

კავკასიონზე დიმიტრის მისი ბიძაშვილი, მიხეილ ზაალის ძე ყიფიანი დახვდა. მან დიმიტრი სტავროპოლამდე გააცილა და იქ დააბინავა.

სტავროპოლში დიმიტრი ყიფიანი პოლიციის მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფებოდა. ეს მეთვალყურეობა იმპერა-ტორის ბრძანებით იყო დაწესებული. სტავროპოლის გადასახლებაში დიმიტრი ყიფიანმა ერთი წელი გაატარა. იქაც, მისთვის ნაკლებად ნაცნობ გარემოში, თავისი პიროვნული თვისებებით ხიბლავდა ყველას, ვისაც კი მასთან ურთიერთობა ჰქონდა.

ვერაგული მკვლელობა

1887 წლის 25 ოქტომბერს (ძველი სტილით), კვირას, დილის 8 საათზე, დიმიტრი მოკლული ნახეს თავის ბინაში. მკვლელობა 24-25 ოქტომბრის ღამით მომხდარა.
ნიკო ლომოური დიმიტრი ყიფიანის მკვლელობას ასე აღწერს:

"- იგი მოჰკლა ავაზაკმა, რომელიც ფეხდაფეხ შეიპარა დიმიტრის ოთახში.

- რას სჩადიხარ, იუდავ? მოშორდი მაგ წმინდა მოხუცებულს! უბედურო, ალბათ, შენ არ იცი, ვინ არის ეგა?

- ეგ არის მამა დაჩაგრული ერისა, ეგ არის მფარველი ფეხქვეშ გათელილი ქვეყნისა, ეგ არის წარმომადგენელი ივერიის ძველი დიდებისა, ეგ არის გულის ძგერა და მეოხება მთელი აწინდელი საქართველოსი.

მაგრამ მკვლელს არ ესმის... წყეულს მარჯვენას იღებს მაღლა და მძიმე იარაღს პირდაპირ მოხუცებულის საფეთქელს უმიზნებს. გაჭეჭყილი თავიდან ტვინი ბალიშზე გადმოესხა. მკვლელი კარისკენ წავიდა, შემდეგ კვლავ მობრუნდა და მოკლულს ხელ-ფეხი მაგრა შეუკრა - ვითომდა მკვლელობა გაძარცვის მიზნით ჩავიდინეო. მკვლელმა წაიღო დიმიტრის საათი და პენსიის მცირე თანხა.
დიმიტრი ყიფიანი ცხოვრობდა ქალაქის ცენტრში, მეაფთიაქის ბინაში, სადაც ათიოდე სხვა მდგმურიც ჰყავდა სახლის მეპატრონეს. სახლი დაცული იყო მაღალი გალავნით და ჰყავდა მცველიც. ეზოს დარაჯობდა უზარმაზარი ქოფაკი. დიმიტრის ორი ოთახი ეკავა. წინ, მისაღებში ღამით მუდამ ეძინა მის მომვლელ მოსამსახურე გოგოს.
დიმიტრიმ თავისი მახვილი ჭკუით და ტკბილი საუბრებით იქაურ საზოგადოებას თავი შეაყვარა. მოხუც გენერალს ყველა დიდ პატივს სცემდა. იმავ ბინაში მდგმურად იყო ერთი ქართველი მასწავლებელი. იყვნენ სხვებიც, რომელთა საზოგადოებაშიც ტრიალებდა ყიფიანი, ან წერდა თავის ბინაში. მას ბინაზე აკითხავდნენ გაჭირვებულებიც და ეს ამაყი და კეთილი ქართველი, თავისი მდგომარეობის მიუხედავად, უარს არავის ეუბნებოდა. იმ ასი მანეთიდან, რომელიც ყოველთვიურად პენსიიდან ეგზავნებოდა, ეხმარებოდა ყველა გაჭირვებულს.

ნოდარ გრიგალაშვილი "თანმდევ სულში" მოგვითხრობს, რომ მეაფთიაქის სახლში მოახლედ მუშაობდა ახალგაზრდა ქალი ვინმე პრასკოვია. ამ პრასკოვიას მამა და ძმები ჰყავდა ლოთები და ქურდები. დედამისი იყო ფეხმსუბუქი გოგოებით მოვაჭრე და ფსკერზე ამოზრდილი პრასკოვია თავადაც ყოველგვარი უკეთურების ჩამდენი იყო. მივიდოდა ეს ქალი მოსამსახურედ ოჯახში, მცირე ხანს იმუშავებდა, შემდეგ გაქრებოდა და ის ოჯახი იძარცვებოდა. მისი მორიგი მსხვერპლი მოხუცი ყიფიანი აღმოჩნდა. რაკი დიმიტრი ყველას ხელს უმართავდა და ოქროს საათი ეკეთა, გენერლის ფორმა ეცვა, ამ წუმპის ბინადარმა რუსის ქალმა იფიქრა, ბევრი ფული ექნებაო და ეს ამბავი ქურდობისთვის ციხეში მყოფ ძმას შეატყობინა.
მისი ძმა შულგინი სტავროპოლის ციხიდან გაათავისუფლეს 1887 წლის ოქტომბერში. შულგინმა შეიამხანაგა მასავით ლოთი და ქურდი ჯარისკაცი ვინმე სტრეპეტოვი. 25 ოქტომბერს ღამით ეს შულგინი და სტრეპეტოვი ყიფიანის ბინაში შედიან. წინასწარ იზრუნეს, ძაღლი იმ ეზოში აღარ იყო. კარს მიაწვნენ და მორჩილად გაიღო. მოახლე გოგოც, წინკარში რომ ეძინა, ღამით იქ არ აღმოჩნდა... დერეფანში პირისახე პირსახოცებით აიხვიეს.

შედიან მძინარე დიმიტრისთან. სანთელს ანთებენ. ხმაურზე მოხუცი გაიღვიძებს, შემკრთალი კითხულობს: "ვინ არის, რა არისო?"

სტრეპეტოვის ჩვენებიდან: "ამის პასუხად შულგინმა უბრძანა, ხმა გაწყვიტეო და შემდეგ შევუკარით ხელები და ფეხები ყიფიანს და ფული მოვთხოვეთ. ყიფიანმა გვითხრა, რომ ფული საწერი სტოლის ერთს უჯრაშიაო. შულგინი შევიდა სასტუმრო ოთახში ფულის ამოსაღებად და მე კი თავს ვადექი ლოგინში შეკრულს მოხუცს". მკვლელებმა აიღეს 124 მანეთი, პაწია ოქროს საათი და გამწარებულებმა იმით, რომ
სხვა ვერაფერი სიმდიდრე ნახეს, რომ ეს მოხუცი მდიდარი არ აღმოჩნდა, ხელფეხშეკრულ კაცს შულგინმა რკინის ბერკეტი დაჰკრა თავში. მერე ეს სტრეპეტოვიც მიბრუნდა, რაკი მოხუცი ჯერ კიდევ ხრიალებდა, მეორეჯერაც დაურტყამს თავში რკინა. მოჰკლეს, გადააფარეს დასისხლიანებულ თავზე საბანი და წამოვიდნენ. შულგინს ხანჯალი და რევოლვერი ჰქონდა თან. ერთი ტყვია იქ დავარდნია. დილით ნახეს მოხუცის ცხედარი. სახლის მცველს ბოქაულთან წასვლა ეზარება - სად ვნახავ ახლა იმასო!..

ყიფიანის მოსამსახურე გოგო: - მეო მეეტლესთან ვიყავი მთელი ღამეო. მეეტლე მისი საყვარელი იყო. თუმცა მერე გაირკვა, რომ ის ამასთან არ ყოფილა, სადღაც ულოთია მთელი ღამე. პრასკოვია კი, როგორც წესი, იმ დღიდან სულ აორთქლდა. შულგინი და მისი ამფსონი ჯარისკაცი ამ ნაპარავი ფულით დღედაღამ ლოთობდნენ.

ეჭვი შეეპარათ, ამ "ბროდიაგებს" ფული საიდან გაუჩნდათო. შულგინი დაიჭირეს, მიუხედავად იმისა, რომ სამხილი - ტყვია ოთახში დაგდებული ნაპოვნი ჰქონდათ, გამოუშვეს, ქალაქიდან არ გახვიდეო. მალე შულგინს ვიღაცა მოჰკლავს, მისი დაც აღარც მკვდარი გამოჩენილა, აღარც ცოცხალი.

ყიფიანი გაძლიერებული მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფებოდა. ბინაში შეჭრის მცდელობა სამჯერ ჰქონდათ მანამდე ამ ბანდიტებს და სანამ ძაღლი არ მოაშორეს ეზოს, ვერ შევიდნენ. მკვლელობის წინა დღეს ეს სტრეპეტოვი ფულის სათხოვნელად გამოცხადებია, ეტყობა დათვალიერება სურდა მსხვერპლის გარემოსი. მეთვალყურე პოლიციას კი ეს ყველაფერი ვერ შეუმჩნევია...

მთავარი, ვინც საქმე მისცა ამ ბანდიტებს, პრასკოვია, სასამართლოზეც არავის ახსენდება... ასე გამოასალმეს წუთისოფელს ადამიანი, რომელიც ჩვენს ისტორიში მეორე დიმიტრი თავდადებულის სახელით შევა.

არადა, იმ შემოდგომას უკვე თბილისში წამოსვლის ნებართვას ელოდა. მისმა მეუღლემ, ნინო ჭილაშვილმა არ მოასვენა არავინ, მათ შორის დიდი მთავარი მიხეილ ნიკოლოზის ძე რომანოვი და თვით იმპერატორი ალექსანდრე მესამე.

დიდი მთავარი თავს უხერხულად გრძნობდა. დიმიტრის პირადად ახლოს იცნობდა, ბოლოს და ბოლოს, მამულები ბორჯომში ჰქონდა და ამ ხალხში უნდა ეცხოვრა. ამიტომ კორსაკოვი ბორჯომში დაიბარა და მოსთხოვა - ყიფიანის გათავისუფლების თხოვნა მიეწერა იმპერატორისათვის. კორსაკოვსა და ყოფილ მეფისნაცვალს ერთმანეთი არ უყვარდათ. პირველი სამეფო სახლის წევრი იყო, ზევიდან დაჰყურებდა მის შემცვლელს. ამასაც ჰყავდა პატრონი, პობედონოსცევი. ესეც არ შეეპუა. უარი უთხრა. ეს შეხვედრა დიმიტრის მკვლელობამდე სამი კვირით ადრე შედგა. სახელმწიფო პოლიციური იყო. კორსაკოვი და პობედონოსცევი უფრო სჭირდებოდა იმპერატორს, ვიდრე თავისი მემამულე ბიძა, მერე რა, რომ ის სახელმწიფო საბჭოს თავმჯდომარეც იყო. თუმცა, როგორც ჩანს, იმპერატორთან ბიძამ მაინც თავისი გაიტანა. კორსაკოვი იძულებულია დათანხმდეს ყიფიანის ჩამოსვლას, მაგრამ პოლიციის მეთვალყურეობის ქვეშ იცხოვროს და ქვიშხეთიდან მთელი ცხოვრება ფეხი არ გადგასო... ვინ იცის, კორსაკოვის სწორედ ამ მარცხმაც თუ დააჩქარა ყიფიანის მკვლელობა", - აღნიშნავს ნოდარ გრიგალაშვილი.
ყიფიანის ტრაგიკულ სიკვდილს სტავროპოლის მოსახლეობაზე მძიმე შთაბეჭდილება მოუხდენია. თითქმის მთელმა ქალაქმა მოინახულა შემთხვევის ადგილი.
მსხვერპლი, რომელმაც საქართველო ერთიანი მრისხანებით შეკრა
ამ დროს სტავროპოლში გამომძიებლად ყოფილა ნიკოლოზ ტარსაიძე, შემდეგში თბილისის საოლქო სასამართლოს წევრი. მას ებარა ამ შემზარავი მკვლელობის გამოძიება, რომელსაც თვალყურს ადევნებდა დიმიტრის იურისტი შვილი ნიკო. სტავროპოლში ხანმოკლე ცხოვრებისას დიმიტრის ხალხში დიდი სიყვარული და პატივისცემა დაუმსახურებია, ეს გარემოება ხელს უწყობდა გამოძიებას. ნიკო ამბობდა, რომ გამოძიებამ ბევრი რამ აღმოაჩინა, მაგრამ მისი გამჟღავნება შეუძლებელი ყოფილა, რადგან მთავრობას დიდ ჩირქსა და ჭუჭყს სცხებდა. იოსებ უთურაშვილი აღნიშნავს, ნიკოლოზ ტარასიძე, თურმე, დიდად წუხდა, რომ მას არ შეეძლო, ეს საზიზღარი მკვლელობა გამოძიებით დაემტკიცებინა და გამოეშკარავებინა, რადგან წინასწარ იყო გაფრთხილებული...

დიმიტრის ჩამოსვლის ცნობის ნაცვლად, დეპეშა მოვიდა ოჯახში, რომ ბოროტმოქმედებმა დიმიტრი მოკლეს.

25 ოქტომბერს "ივერია" აქვეყნებს მთელი საქართველოსთვის თავზარდამცემ ცნობას: "დღეს, დილაზე, დიმიტრი ყიფიანი მოკლული ნახეს თავის სადგურში. გამოძიება წარმოებს".

იმავე დღეს საღამოს მოვიდა მეორე დეპეშა:

"გამოძიებით ჩნდება, რომ ყიფიანის გაძარცვა სდომებიათ და ამ განზრახვით მოუკლავთ" ("ივერია" 1887, #223).

ეს ცნობა ელვის სისწრაფით გავრცელდა. ყველას თავზარი დასცა: "ქართველი, სომეხი, კათოლიკე თუ რუსი - ყველანი ერთნაირად ააღელვა, შეაშფოთა ამ ამბავმა და ყველას გული გამოუთქმელმა მწუხარებამ მოიცვა. თავზარდაცემულ ხალხს არ სჯეროდა, რომ დიმიტრი ძარცვის მიზნით მოკლეს. ყველას გაახსენდა ის საშინელი წყევლა, რაც ეგზარქოსმა პავლემ წარმოთქვა სიონის ტაძარში. იმან დაგვწყევლა, იმან დანაშაული ჩაიდინა, სტავროპოლში კი, რატომ აღშფოთდიო, ყიფიანი გაასახლეს. ახლა, მკვლელობის შემდეგ მთელი სისრულით წარმოსდგა ის ბოროტება, ის ჯანღი, რაც საქართველოს დასწოლოდა. ხალხი ბოღმით გუგუნებდა. ეს იყო მსხვერპლი, რომელმაც საქართველო მთელი XIX საუკუნის განმავლობაში პირველად შეკრა ერთიანი მრისხანებით. ქართულ საზოგადოებაში მაშინვე გაჩნდა ეჭვი, რომ მკვლელობა რუსეთის პოლიციის აგენტებმა ჩაიდინეს. ვალერიან გუნია გადმოგვცემს, რომ საზოგადოება მკვლელობაში ამტყუნებდა ეგზარქოს პავლეს, მთავარ-მართებელ დოდუკოვ-კორსაკოვს და სწავლა-განათლების მზრუნველს იანოვსკის.
ქუთაისში ყიფიანის მკვლელობის ცნობა იმ დროს ჩასულა, როცა იქ წარმოდგენა მიდიოდა. სპექტაკლი შეწყდა. ხალხი გარეთ გამოეფინა. ილია დაკრძალვამდე ოთხ მეთაურ წერილს დაწერს, მიძღვნილს დიმიტრი ყიფიანისადმი.

დასასრული იხილეთ შემდეგ გვერდზე»»


სტავროპოლიდან მთაწმინდისაკენ

სტავროპოლიდან გადმოსვენებისას მთელმა ქალაქმა, განურჩევლად წოდებისა, დიმიტრი ყიფიანის კუბო გვირგვინებით შეამკო, კარგა მანძილზე გამოაცილა. ბევრი სიტყვა ითქვა. ბოდიშს იხდიდნენ და სინანულს გამოთქვამდნენ, რომ მათ ქალაქში დიმიტრისნაირ ადამიანს სიკვდილით გაუმასპინძლდნენ. გამოსვენებისას სტავროპოლში სავაჭრო სახლები დაიკეტა. ვლადიკავკაზშიც, როცა მიცვალებული მიასვენეს, ვაჭრებმა დუქნები და მაღაზიები დაკეტეს. საქართველოს სამხედრო გზით სტავროპოლიდან მოჰქონდათ ნაწამები მოხუცის ცხედარი და დაგორებულ გუნდასავით მოსდევდა ადგილ-ადგილ აზვავებული ქართველობა. სტეფანწმინდიდან, დუშეთიდან - მთიულნი და მოხევენი. დუშეთში დიმიტრის ცხედარს გლეხობა მთელი ღამე ყარაულობდა. მცხეთაში სვეტიცხოველში რამდენიმე დღე დაასვენეს. აქედან თბილისში აპირებდნენ გადმოსვენებას და პანაშვიდებს მთავარ ეკლესიებში, მათ შორის I გიმნაზიის ეკლესიაში. გიმნაზიისა, სადაც სწავლობდა დიმიტრი, სადაც ასწავლიდა და სადაც შემდეგ მზრუნველადაც იმყოფებოდა. ამაზე მთავრობას სასტიკი უარი უთქვამს. მთაწმინდაზე დაკრძალვის ნება რომ დართეს, უკვე ამასაც ნანობდნენ, მაგრამ რა ექნათ, ყიფიანს ორი შვილი იქ ჰყავდა დამარხული. ყიფიანების საძვალეა მამა დავითის ტაძარიო, ასე მომწერეს ოჯახის წევრებმა და არგუმენტი არ მქონდა, უარი მეთქვაო, თავს იმართლებდა დაკრძალვის დღეს კორსაკოვი...

დიმიტრის შვილმა, კოტე ყიფიანმა, სვეტიცხოვლიდან გამოტანილი ცხედარი უკანვე შეაბრუნა. ხალხს უთხრა, მთავრობა დაკრძალვის დღემდე თბილისში არ გვიშვებსო და ამით სულ გადარია ერიც და ბერიც.

მცხეთაში აუარებელი ხალხი იყო მისული ქუთაისიდან და თბილისიდან. ისინი თბილისისკენ მიმავალ პროცესიას ეტლით და ფეხით მიჰყვებოდნენ. გზადაგზა, თეთრ დუქანთან, საბურთალოსთან, ვერის ჯვართან აუარებელი ხალხი, თითქმის მთელი ქალაქი ხვდებოდა გმირი ქართველის ცხედარს. იქ იყო თბილისის სამღვდელოება. რუსთაველის პროსპექტის დასაწყისში კორტეჟს შეხვდა ეპისკოპოსი ალექსანდრე ოქროპირიძე.

გლოვა საქართველოში საყოველთაო ყოფილა. დიმიტრის სიკვდილის აღსანიშნავად ქალაქებსა და სოფლებში პანაშვიდებს იხდიდნენ. დიდი და პატარა - ყველა ქვითინებდაო, - აღნიშნავს გაზეთი "ივერია".

მეფის მთავრობის წინააღმდეგობის მიუხედავად, დიმიტრი ყიფიანის დაკრძალვა, ილიასა და აკაკის მეთაურობით, ნამდვილ დემონსტრაციად იქცა.

გ. ტატიშვილი გადმოგვცემს: დიმიტრის მოკვლის ამბავი ილიას ბანკში გაეგო. მუშაობა შეწყვიტა, შეკრიბა თანამშრომლები და უთხრა: "მოგვიკლეს ის დიდი ქართველი ადამიანი, რომელმაც ეს ბანკი მოგვცა და ბევრი სხვა დაწესებულება და კულტურული საქმეები. დიდი უბედურებაა დიმიტრი ყიფიანის დაკარგვა ერისთვის. იგი მოკლეს იმისთვის, რომ დიდად დიდი იყო ჩვენთვის. დღეს საღამოს ქაშუეთის ეკლესიაში შევიკრიბოთ საღამოს 6 საათზე და ბანკის სახელით პანაშვიდი გადავუხადოთ".

დიმიტრის დაკრძალვის აქტიური მონაწილე ვალერიან გუნია მოგვითხრობს: "როგორც კი შევიტყვეთ დიმიტრის მკვლელობის ამბავი, მაშინვე ვაცნობეთ ილიას, რომელიც დაუყოვნებლივ მოვიდა ბანკში. რედაქციაში მისული დეპეშით მას უკვე გაეგო ეს ამბავი. ყველა ტიროდა. ივანე მაჩაბელს ისტერიული ქვითინი აუვარდა. პირმოკუმულ და წარბებშეკრულ ილიას ჯერ ქვედა ტუჩმა დაუწყო თრთოლა, მერე კი თვალთაგან ორი მსხვილი ცრემლი გადმოეწურა და ლამაზ ულვაშებზე დაენთხია. მე არასდროს არ მენახა ასეთი ჩუმი, მუნჯი და ამავე დროს უმაღლესად მეტყველი მწუხარება. ილია ჭავჭავაძის და ივანე მაჩაბლის ინიციატივით ბანკში მოიწვიეს გაფართოებული კრება, რათა შეემუშავებინათ დიმიტრი ყიფიანის დაკრძალვის წესი და რიგი. კრებას დიდძალი ხალხი დასწრებია. აგრეთვე "იყვნენ სრულიად გარეშენი: სომხები, თათრები, რუსებიც კი. ყველა მზად იყო საქმისთვის - ოღონდ დაგვავალეთ რამეო". ხალხი, დიდი და პატარა, აშკარად გრძნობდა, დიმიტრი ყიფიანის სახელთან დაკავშირებით რაღაც არაჩვეულებრივი ხდებოდა და თანდათან თვალი ეხილებოდა მთავრობის ვერაგობაზე. ცენზურა მძვინვარებდა - გაზეთებში არაფერს აწერინებდნენ. ერთადერთი მძლავრი გოდება იყო ილიასი "ივერიაში".

განიზრახეს პროტესტის ნიშნად დიმიტრი ყიფიანის კუბო გოლოვინის პროსპექტზე მთავარმართებლის სასახლის წინ გაეტარებინათ და შემდეგ მამადავითზე აეტანათ. მთაწმინდისკენ მიმავალ პროცესიას წინ უძღოდა მგალობელთა სამი გუნდი, ლადო აღნიაშვილის გუნდის ხელმძღვანელობით.

პროცესიის მონაწილეები ზოგი ფეხით მიდიოდა, ზოგი ცხენით, ზოგი ეტლით. დაკრძალვაზე საქართველოს ყველა კუთხიდან ჩამოვიდნენ დეპუტატები და სხვადასხვა დაწესებულებათა წარმომადგენლები. დიმიტრის დაკრძალვის დღე, 1887 წლის 8 ნოემბერი, კვირა დღეიყო.

ყველა გულწრფელად წუხდა, დუმდა, ღელავდა. გულში ყველამ იცოდა, რომ ამ ღირსეული კაცის მკვლელობას პოლიტიკური ხასიათი ჰქონდა, რომელიც ჩაიდინეს თვით მთავარმართებლის დონდუკოვ-კორსაკოვის მონაწილეობით; ამის გამო, ხალხი მზად იყო, იარაღით ხელში პროტესტი გაეცხადებინა მთავარმართებლისა და მისი დამქაშებისთვის. დაკრძალვის საქმის ორგანიზატორებს წინასწარ ჰყავდათ შედგენილი რაზმი ქუთაისისა და თბილისის გუბერნიების თავადაზნაურებისაგან ნიკო დიასამიძის, ანტონ ლორთქიფანიძის, სვიმონ აბაშიძის და სხვათა მეთაურობით. ამ რაზმს გამოყოფილი ჰყოლია ცხენოსნებიც. რაზმის მიზანს შეადგენდა, შეიარაღებული წინააღმდეგობა გაეწია მთავრობის აგენტებისთვის, თუ ნებას არ მისცემდნენ ხალხის და ჭირისუფლების გეგმის თანახმად დაესაფლავებინათ დიმიტრი, რომელმაც თავის სიცოცხლე სამშობლოს გულისთვის ბრძოლაში გაატარა და ამ ბრძოლაშივე გამოეთხოვა წუთისოფელს. პროცესიის მსვლელობის დროს წესრიგს იცავდა ინტელიგენცია და მთავრობის წარმომადგენლებს ნებას არ აძლევდა ჩარეულიყვნენ დაკრძალვის საქმეში. პროცესიას თან მიჰქონდა უამრავი გვირგვინი სევდიანი და ამაღელვებელი წარწერებით. შინაგან საქმეთა მინისტრის სახელზე გაგზავნილ წერილში დონდუკოვ-კორსაკოვი აღნიშნავდა, რომ მან მითითება მისცა გუბერნატორს, რათა სამგლოვიარო პროცესიას მანძილი ქალაქიდან წმინდა დავითის მონასტრამდე პოლიციის მიერ წინასწარ მითითიებული უმოკლესი გზით გაევლო. მაგრამ, - წერდა მთავარმართებელი, - მიცვალებულის ძმისწულმა თბილისის ნოტარიუსმა დავით ყიფიანმა და სიძემ - თავადმა ლორთქიფანიძემ უარი თქვეს შეესრულებინათ პოლიციის მოთხოვნა და გენერალ-მაიორ იანკოვსკის უპასუხეს: - დაკრძალვის საქმესთან უფროსობას არაფერი ესაქმება, ყველაფერს განაგებს ყიფიანის ქვრივი და რომ პროცესია უფრო ამჯობინებს უკან დაბრუნდეს, ვიდრე პოლიციის მითითებული გზით წავიდესო.

სამგლოვიარო პროცესიის მსვლელობასთან დაკავშირებით ვალერიან გუნია გადმოგვცემს:

"სანამ გრიბოედოვის ქუჩის დასაწყისთან მივიდოდით, პოლიცმაისტერი როსინსკი მომიახლოვდა და მითხრა: - სჯობია, ამ გრიბოედოვის ქუჩით ახვიდეთ. აქედან უფრო ადვილად ასატანი იქნებაო კუბო. მე ზრდილობიანად დავემშვიდობე და ვუპასუხე: - გმადლობთ რჩევისთვის, მა-გრამ ჩვენი ხალხი ისეა გამსჭვალული სიყვარულით და პატივისცემით მიცვალებულისადმი, რომ არავითარ სიმძიმეს არ მოერიდება-მეთქი.

ჭავჭავაძის ქუჩას რომ მიუახლოვდით, ჟანდარმების უფროსი გენერალი იანოვსკი გვერდში ამომიდგა და ყურში ჩამჩურჩულა: - გირჩევთ, სკანდალს თავი აარიდოთ, პროცესია ჭავჭავაძის ქუჩით გაატაროთ, თორემ იძულებული ვიქნები, სხვა ზომები მივიღოო.

- თქვენო აღმატებულებავ, მე მხოლოდ მიცვალებულის ქვრივის სურვილს ვასრულებ და, როგორც ის ინებებს, ისე მოვიქცევი-მეთქი. იანოვსკი გაექანა ეტლისაკენ, რომელშიც იჯდა დიმიტრის ქვრივი და მოახსენა: "თქვენო აღმატებულებავ, უბრძანეთ, რომ პროცესია ჭავჭავაძის ქუჩით გაემგზავროს მამადავითზე". ჩვენ, ყველანი, გარს შემოვერტყით ეტლს და ქართულად ვუთხარით ნინო იაგორის ასულს - "მაგრად დაუხვდით, არ დათანხმდეთ!"

- მე ჩემს მიცვალებულს ისე ვცემ პატივს, როგორც ჩემი გრძნობა და სინდისი მავალებს. თქვენთვის სულ ერთი არ არის, ასე ავალთ დავითზე, თუ იმ გზით... მე კი გოლოვინის პროსპექტით (დღევანდელი რუსთაველის პროსპექტი) ვამჯობინებო, - უპასუხა დიმიტრის მეუღლემ.

ამ ლაპარაკის დროს პროცესია უკვე გასცდა ჭავჭავაძის ქუჩას და დაწინაურდა. კრუზენშტერნის ქუჩასთან როსინსკი და იანკოვსკი მივიდნენ ეპისკოპოს ალექსანდრესთან და ისევ ის რჩევა მისცეს - აქედან მიბრძანდით მამა დავითზეო. ეპისკოპოსმა ძლიერ იუცხოვა თურმე:

- თქვენ, გენერალო, თუ პოლონელი ხართ, უნდა იცოდეთ, რომ სამღვდელოებას მეტი პატივი და თავაზი შეეფერება. და ჩემი საქმეა პროცესიის ამ გზით თუ იმ გზით ტარება.

იანკოვსკის მოუბოდიშებია და პროცესიამაც გასწია წინ".

ხალხს ელვის სისწრაფით ედებოდა პოლიციისა და ჟანდარმერიის მოთხოვნა, ყველა ღელავდა, მუშტებს კუმშავდა და იმუქრებოდა.

როცა პროცესია მამადავითის ქუჩას მიუახლოვდა, რუსთაველის პროსპექტზე უკვე პოლიციელების ძლიერი რაზმი იდგა, ქუჩა შეეკრათ. წინ მიმავალი ლადო აღნიაშვილი თავისი გუნდით შედგა პოლიციელების წინაშე. მდგომარეობა დაიძაბა, პროცესია შეჩერდა, არც პირდაპირ წავიდა და არც ქუჩისკენ გაუხვია.

ვალერიან გუნია განაგრძობს: "მოვიდა დარბაისელი და მოხუცებული ღენერალი კონსტანტინე მამაცაშვილი, მომკიდა ხელი, წამიყვანა იანოვსკისკენ, რომელმაც მყისვე მომახალა:

- თქვენ, ჭაბუკო, ტყუილად გვეწინააღმდეგებით, გირჩევთ, სკანდალს ნუ ახდენთ, ასე წაიყვანეთ პროცესია და ჩვენ მადლობელი დაგრჩებითო.

- თქვენო აღმატებულებავ, - მოვახსენე მე, - ჩვენ არავითარ წინააღმდეგობას არ გიწევთ, პირიქით, წინააღმდეგობა პოლიციის მხრით არის და რაც შეეხება სკანდალს, უნდა გამოგიტყდეთ, სკანდალი მოხდა მაშინ და ისეთი სკანდალი, რომლის მსგავსი არ ყოფილა რუსეთში-მეთქი, როცა ჩვენ ყველანი - ჭირისუფლები, სამღვდელოება, მგალობელთა გუნდი და მთელი ეს მილეთი ხალხი აქედან გაგეცლებით და მიცვალებულს თქვენ დაგიტოვებთ, როგორც გენებოთ, ისე დამარხეთ-მეთქი.

- სრული ჭეშმარიტებაა! სწორედ ასე მოვიქცევით, თუ ჩვენს სურვილზე არ გაგვიშვებთ, - დაადასტურა ყველამ.

იანოვსკი შედრკა, მოხსნა დარაჯები და ჩვენ ნელ-ნელა გლოვის გალობით გავწიეთ წინ სასახლისკენ, სადაც პროცესიის მიახლოებაზე ყველა ფანჯარაზე ფარდები ჩამოეშვათ. ხალხი ზიზღით შეჰყურებდა სასახლეს და ბევრი მოურიდებლად იფურთხებოდა ბაიყუში მმართველისაკენ.

სამგლოვიარო პროცესიისთვის გეზის შეცვალა ჟანდარმერიამ და პოლიციამ, სერიოზული ცდის მიუხედავად, ვერ შეძლო. ამ საკითხთან დაკავშირებით საინტერესოა ნიკო ავალიშვილის მოგონება, ასევე ექვთიმე თაყაიშვილის მოგონებაც. იგი წერდა: "როცა გოლოვინის (რუსთაველის) პროსპექტს მივუახლოვდით, პოლიციის რაზმი სამგლოვიარო მსვლელობას კედლად აღემართა დამკრძალავი საქმის გამგენი, მათ შორის ვალერიან გუნია, ამ რაზმიდან სამოციოდე ნაბიჯით მაინც წინ იყვნენ და ემუდარებოდნენ პროცესიის პროსპექტზე თავისუფლად გაშვებას. მან სამგლოვიარო მსვლელობა თხუთმეტ წუთზე მეტ ხანს შეაჩერა... ხალხის ღელვა თანდათან მატულობდა, მოთმინების უნარი ხალხს თანდათან ელეოდა. წამიღა აკლდა ხალხის გულისწყრომის აფეთქებას. აი, მაშინ სამღვდელოების წინ მდგარ ალექსანდრე ოქროპირიძემ მოზღვავებულ ხალხს თვალი გადაავლო, ჯვარი მაღლა ასწია და დაიძახა: გზა დაუთმეთ ჯვარს და მტკიცე ნაბიჯი გადადგა რაზმში. რაზმი მსწრაფლ გაირღვა... წინ მაღლა აღმართული ჯვრით ხელში იწყო სვლა ეპისკოპოსმა, სამღვდელოება უკან მოექცა მას და მთელი პროცესია აღარავის შეუჩერებია, თავისუფლად გაიარა პროსპექტზე... მთელი ამ გაჭირვების დროს თითქმის გვერდით ვედექ ეპისკოპოს ალექსანდრეს, ამიტომაც მტკიცედ მახსოვს ეს ამბავი და შემდეგშიაც ხშირად აღტაცებით გამიხსენებია ეს მღვდელმთავრული თავის გამოდება".

სამგლოვიარო პროცესიის მონაწილე ექვთიმე თაყაიშვილი აგრეთვე ადასტურებს, რომ ეპისკოპოსმა ალექსანდრე ოქროპირიძემ გამბედაობა გამოიჩინა: მიუხედავად პოლიციის რაზმის მეთაურის გაფრთხილებისა, მან მაინც წინ განაგრძო გზა, ხოლო შემოსილი მღვდელმთავრის შეჩერება პოლიციამ ვერ გაბედა, თან ხალხიც მიაწვა, გაარღვია პო¬ლიციელთა წყება და მედგრად გასწია წინ. ამრიგად, სამგლოვიარო პროცესიაში მონაწილე ხალხის უკომპრომისო განწყობილებამ აიძულა მონარქისტული წყობილების იძულების ორგანოების წარმომადგენლები დათმობაზე წასულიყვნენ და ჭირისუფალი ქართველი ერისთვის გზა მიეცათ.

ადმინისტრაციას ყოველი ღონე უხმარია, რომ დიმიტრი ყიფიანის დაკრძალვის გამო მოწყობილი ხალხმრავალი თავყრილობა, მთავრობის საწინააღმდეგო დემონსტრაცია ნაკლებად თვალსაჩინო ყოფილიყო. ამ მიზნით პოლიცია და ჟანდარმერია არა მარტო სამგლოვიარო პროცესიის გეზის შეცვლას ცდილობდა, არამედ გავლენიანი პირებისგან მოითხოვდა, რომ ისინი სამგლოვიარო პროცესიას ჩამოსცილებოდნენ. მართლაც პროცესიას არაერთი თანამდებობის პირი ჩამოშორებია. საარქივო საქმეში დაცულია სია იმ პირებისა, ვინც მიუხედავად პოლიციის გაფრთხილებისა, პროცესიას არ ჩამოშორდა. ესენი იყვნენ: ილია ჭავჭავაძე, აკაკი წერეთელი, ივანე მაჩაბელი და სხვები. ამბობენ, რომ იმ დღეს მთავარმართებელი არ იყო სასახლეში, თავისი ცოლის პანაშვიდზე წავიდაო წმ. ნინოს სახელობის ქალთა გიმნაზიის ეკლესიაში.

სასახლიდან დაძრული პროცესია ერევნის მოედანზე (თავისუფლების მოედანი) გავლით ავიდა სოლოლაკის ქუჩაზე, მერე შემოუხვია პეტრე დიდის ქუჩაზე (ახლანდელი ინგოროყვა), ხოლო იქიდან ერმოლოვის (ჩიტაძის) ქუჩით ავიდა მთაწმინდაზე.

მთაწმინდაზე უამრავი ხალხი ყოფილა, ეკლესიის ეზოში მისი მცირე ნაწილი თუ მოთავსდებოდა. ხალხი მოეფინა მთას და მთლად დაფარა იგი.

საფლავზე პირველი სიტყვა წარმოთქვა აკაკი წერეთელმა. ქართული ლიტერატურის სახელმწიფო მუზეუმში დაცულია აკაკის მიერ დიმიტრი ყიფიანის დაკრძალვისას წარმოთქმული სიტყვის ტექსტი: "შენი სიცოცხლის დროს სიამოვნებითა და მოწიწებით შენ წინ თავმოხრილი, დღეს მოწიწებით მოვიდრეკ მუხლს, რომ უკანასკნელი თაყვანი ვცე შენს გაციებულ გვამს, ავაზაკებისგან სიცოცხლე გამწარებულს. მნათობი სხივმომფინარედ ამობრწყინებული, სხივგაფართვითვე ჩაესვენება იმავე დიდებით და ძლიერებით, რომლითაც ამოელვარებულა და ნათელი სრბოლა მისი ყველასთვის სათვალ-და-თვალო, თვინიერ ბრმებისა. და შენც, არსება ნათელო, როგორც სიცოცხლე, ისე სიკვდილი შენი შეიქმნა ყველასათვის სათვალ-და-თვალო და მაშინ შენს საქებრად, სადიდებლად რაღა ვსთქვათ ისეთი, რომ საქართველოს ერთის კუთხიდან მეორემდე არ ენახოთ, არ გაეგონოთ და არ ეგრძნოთ.
უმეტესმა ნაწილმა იმერეთისამ, შენზე მგლოვიარემ, არ იცის, რაგვარი გვირგვინი უნდა გადმოგახუროს - დაფნისა თუ ყვავილებისა... არა, არც ერთი... და ეგ ხომ ჩვეულებრივ მოვლენად გადაიქცა ჩვენში და შენ კი, რომლის სიცოცხლე და სიკვდილი არაჩვეულებრივი იყო, შენ, რომელმაც სიცოცხლეში მხოლოდ ეკლის გვირგვინი ატარე, ჩვეულებრივი აღარ გაგებედებოდა რა და ვერც შემოგკადრეთ.
და აჰა, ხელცარიელი უგვირგვინო ვდგევართ შენ წინ და მხოლოდ ცრემლებს ვაფრქვევთ გულწრფელად შენს ბედშავს, მაგრამ დიდებულ კუბოს. დაე, უღვთო-უსჯულოდ დათხეულს შენს სისხლს შეეთანაზიაროს ცრემლი სიმართლისა და ღირსიც გახდი, რომ იწოდო ნამდვილ დიმიტრი თავდადებულად. მშვიდობით, ხორციელად ჩვენგან დაკარგულო, მაგრამ სულიერად კი საშვილიშვილოდ მოკავშირე ჩვენო დიდებულო მოძღვარო!"

აკაკიმ ასევე წაიკითხა თავისი ლექსი "განთიადი", მიძღვნილი სამშობლოსათვის წამებული დიმიტრი ყოფიანისადმი. პოეტი ისე აღელდა, რომ ქვითინით დაასრულა ლექსი. "ის ტვინი, რომელიც საქართველოზე ჰფიქრობდა, თავზე გადაანთხიეს და იმ გულზე, რომელიც სამშობლოსათვის სძგერდა, ცივი ხელები დააკრეფინეს!" - უთქვამს აკაკის.

მოელოდნენ ილიას სიტყვასაც, მაგრამ ამაოდ. "რა ამბავსაც დღეს აქ ვუყურებთ, ამას არავითარი სიტყვა არ სჯობიაო!" - უთქვამს ილიას.

დიმიტრი ყიფიანის დაკრძალვისას ხალხის გრანდიოზული პროცესია ცარიზმის რეჟიმის წინააღმდეგ მიმართული დიდი და გაბედული დემონსტრაცია იყო. მან ძლიერი შთაბეჭდილება მოახდინა ქართველ ერზე. მომდევნო ხანის ქართულმა პუბლიცისტიკამ აღნიშნა: "იმ მოხუცის წყალობით, მთაწმინდაზე მიწას რომ აბარია, გადაჭრით და სამუდამოდ გამოვერკვიეთ ძილისაგან და ბურანისაგან. მაშ, განისვენე მშვიდობიანად, დიდო მოხუცო, შენი სახელი კი აღბეჭდილია ქართული, ეროვნული შემეცნების ისტორიაში".

ამ ამბიდან ერთი წელიც არ იყო გასული, საქართველოში რუსეთის იმპერატორი ალექსანდრე III ჩამოვიდა. გრანდიოზული დახვედრა მოუწყვეს. დონდუკოვმა ყოველი ღონე იხმარა, რომ მეფის მოგზაურობა საარაკო ყოფილიყო და კიდეც მიაღწია მიზანს. დონდუკოვს რას ვერჩით, ის ხომ მეფის ყურმოჭრილი მონა იყო; ქართველებმა სასიამოვნოდ განაცვიფრეს მეფე-ბატონი. უკვე დავიწყებოდათ ის ტკივილი და შეურაცხყოფა, დიმიტრი ყიფიანის სიკვდილით რომ მიაყენა მეფის მთავრობამ, დავიწყებოდათ ეროვნული ღირსება და იმპერატორის წინაშე თავის მოწონებას ცდილობდნენ. დონდუკოვმა ტფილისის გუბერნიის ახალგაზრდა თავად-აზნაურთაგან საპატიო ყარაული შეადგინა, ძვირფასად შემოსა და აღჭურვა და მარდ ბედაურებზე შესვა. ეს საპატიო ამალა მუდამ და ყველგან თან ახლდა მეფეს და დიდი შთაბეჭდილებაც მოახდინა მასზე. წყალობის ნიშნად ყველას პრაპორშჩიკობა უბოძა, რამაც მეტისმეტად აღაფრთოვანა დაჯილდოებულებიც და მეფის ერთგულნიც. წინანდლისკენ მოგზაურობამ მართლაც განაცვიფრა ხელმწიფე. საარაკო რამ იყო მეფის გართობა საბადურის მთაზე, ისეთი რამ ანახვეს, რომ ჩრდილოური ყინულიც კი გალღვა და ერთი ბეწოღა აკლდა, რომ ლეკური ეთამაშა. წინანდალში ხომ გასართობებს დასასრული არ უჩანდა!

ქართველთა ბედნიერებას საზღვარი არ ჰქონდა. თიანეთში მეფეს წვეულება გაუმართეს. სუფრასთან ალექსანდრეს პირისპირ თიანეთის მაზრის მემამულე, უმშვენიერესი ბაბალე ბარათაშვილი-ერისთავი იჯდა. როდესაც ერთ-ერთი ქართული კერძი მოართვეს, ბაბალეს ჩვენებურად ჩაუმტვრევია პური თეფშში და თითებით გემრიელად მიურთმევია. მეფეს შეუნიშნავს და ისე მოსწონებია, რომ აუღია ჭიქა და საგანგებოდ უდღეგრძელებია ბაბალე. უთქვამს:Прелесть, Бабале ваше здоровье!
ეს საკმარისი გახდა იმისთვის, რომ ბაბალესთვის "პრელესტ ბაბალე" დაერქმიათ.
მეფე ქუთაისსაც ეწვია. ქუთაისის თავადაზნაურობამაც საგანგებოდ მორთულ-მოკაზმული საპატიო მხლებლები დაახვედრა ხელმწიფე-იმპერატორს. ამალაში მოხვედრის მსურველი მრავლად გამოჩენილა, მოხუცებიც კი. ყველას იტაცებდა პრაპორშჩიკობის მიღების სურვილი. უკანასკნელ ქონებას ყიდდნენ, ხარჯს არ ერიდებოდნენ.

დიდი მღელვარება და ცილობა იყო მანდილოსანთა შორისაც. დარბაისელი კნეინებიც ცდილობდნენ, რომ დედოფლის წინაშე ლეკურის მოთამაშეთა რიცხვში მოხვედრილიყვნენ.

საქართველოდან მეფე მეტად ნასიამოვნები წავიდა. დონდუკოვმაც შვებით ამოისუნთქა, რომ მეფე მშვიდობით გაისტუმრა.

შეიძლება ვინმე შემოგვედავოს, ზემოთ მოთხრობილში ეროვნული ღირსების დავიწყება ვერ დაინახოს და ეს დავიდარაბა მხოლოდ ქართული სტუმარმასპინძლობით ახსნას. ჩვენ კი ვუპასუხებთ: მართალია, ულამაზესი ქართველი ქალწულები არ შეუყვანეს საწოლ ოთახში ალექსანდრეს, მაგრამ, როგორც ჩანს, ეროვნულ ჩაგვრაზე დიდი პროტესტი ქართველ თავად-აზნაურთაგან არავის გამოუთქვამს.

ქუთაისში ჩასული ალექსანდრე პირდაპირ ტაძრისკენ გაეშურა, სადაც წმინდა გაბრიელ ეპისკოპოსს (ქიქოძე) პარაკლისი უნდა გადაეხადა. იმპერატორი ამალასთან ერთად ამბიონისკენ გაემართა. უეცრად წმინდა გაბრიელის ხმა მოესმა: - შესდექ, რუსეთის ხელმწიფევ!..

ხელმწიფე შეყოყმანდაო, ამბობენ დამსწრენი, უნებლიეთ შედგა კარიბჭეში და ცხადი უკმაყოფილებით მოისმინა წმინდა გაბრიელის სიტყვა: - ეს ქვეყანა შენი გვირგვინის უძვირფასესი მარგალიტია და მეტი ყურადღებისა და ზრუნვის ღირსია, უკეთეს მოპყრობას მოითხოვსო.

ეროვნული უკმაყოფილება და ჩივილი იმდენად ნათლად იყო გამოთქმული, გუნებაგაფუჭებულ იმპერატორს თავად-აზნაურების მიერ გამართულმა ნადიმმაც კი ვერ გადაუყარა სახიდან ღრუბელი. შესაძლოა, ესეც იყო მიზეზი, ყველა პრაპორშჩიკად რომ არ აქცია და ბევრი იუნკრობას დააჯერა.დავით კლდიაშვილი იგონებს: წინანდალში, იმდროინდელი სახალხო მამულის ეზოში, ჭიშკრის წინ, ერთი უსარგებლო კედელი აეშენებინათ, არაფერს ის არ იფარავდა. მისი აშენების მიზეზი ვიკითხე. მითხრეს: ამ ჭიშკრის წინ ერთი გლეხის ქოხი იდგა, სასახლის აივნიდან უშნოდ ჩანდა, გლეხს ფულიც შეაძლიეს, - შენც აიყარე და შენი ქოხიც აქაურობას მოაშორეო, მაგრამ ვერაფრით დაიყოლიეს - აქ გავიზარდე და აქვე უნდა მოვკვდეო, მუქარითაც ვერას გახდნენ. მაშინ მამულის გამგემ ქოხს წინ კედელი აუშენა, რომ სასახლის აივანზე მოსეირნე მეფე-დედოფალს (იმპერატორ ალექსანდრეს და მის მეუღლეს) დაფეხვილი ქოხი თვალში არ შესჩხეროდა.

მალე ალექსანდრემ დონდუკოვ-კორსაკოვი გაიწვია და მთავარმართებლად მასზე ათასგზის უარესი გოლიცინი გამოგზავნა".

ქართველებმა კი დიმიტრი ყიფიანის საფლავზე ძეგლის აღმართვა მისი სიკვდილიდან თორმეტი წლის შემდეგღა მოახერხეს: 1894 წელს თავადაზნაურთა ბანკის კრებამ მხცოვანი მოღვაწის საფლავზე ძეგლის აღმართვა დაადგინა. ძეგლის მოდელი ოთხი წლის შემდეგ, 1898 წელს დაამზადა სკულპტორმა ფ. ხოდოროვიჩმა, ხოლო თეთრი მარმარილოს ბიუსტი მოდელის მიხედვით იტალიაში გააკეთებინეს. ძეგლი 1899 წლის 24 ოქტომბერს გაიხსნა საზეიმოდ.

* * *

მაშინდელ ქართულ პუბლიცისტიკაში დიმიტრი ყიფიანის ღვაწლის პირველი სერიოზული შემფასებელი ილია ჭავჭავაძე იყო. მან თავის "კიდევ გამოცანებში" გაკიცხა და გაამათრახა მაშინდელი საზოგადოების მაღალი ფენის არაერთი წარმომადგენელი, რადგან ისინი, ილიას აზრით, ქვეყნისა და ხალხის ბედ-იღბლისადმი გულგრილობას იჩენდნენ. ილიამ მხოლოდ დიმიტრი ყიფიანს უძღვნა საქებარი სტრიქონები:

"ამ კაცურ კაცთა შორის
იგი იყო კაცად მგონია,
მით, რომ საქმითაც ქვეყნისა
მას სიყვარული ჰქონია".

ილია განმარტავდა დიმიტრის დამსახურების საფუძველს:

"ბანკის ძირი იმან ჩარგო,
ღონე ხსნისა მოგვცა ხელთა;
ვახ! დაგვიმხეს ზოგთ ეს საქმე!
წყევა ჩვენი - მათ ჩვენ მტერთა!.."

როდესაც დიმიტრი მოკლეს, ილიამ "ივერიაში" სამი წერილი დაწერა მისი ხსოვნისათვის და დიმიტრის ღვაწლს დიდი შეფასება მისცა. ამ წერილებში ილიამ სრულად წარმოადგინა დიმიტრი ყიფიანის პიროვნება; მისი აზრით, იგი იყო უდიდესი ნებისყოფისა და უაღრესად პრინციპული ხასიათის მოღვაწე, რომელიც მართალი გზით მიდიოდა. მის-თვის სიცოცხლის უმთავრესი მიზანი მშობელი ქვეყნის, თავისი ჩაგრული და პატივაყრილი ხალხის სასიცოცხლო ინტერესების დაცვა გახლდათ. ილია წერდა: "ყველა სწუხს, ყველა ჰგლოვობს, ყველა მისტირის უკან დიმიტრი ყიფიანს: დიდი თუ პატარა, ყრმა თუ ხნიერი, სწავლული თუ უსწავლელი, მაღალი თუ მდაბალი, ნაცნობი თუ უცნობი, მახლობელი თუ შორეული, - ყველანი ერთად და თვითეული ცალკე ჰგლოვობს, რომ რაღაც დააკლდა, რაღაც დაეკარგა, რაღაც ძარღვი ჩასწყდა გულში. რა არის ის საიდუმლო, რომ ჩვენი სული და გული ჰკვნესის დიმიტრი ყიფიანის დაკარგვის გამო?" - კითხულობს ილია და თვითონვე პასუხობს: - "ის, რომ იგი იყო კაცი, რომელსაც სიყმაწვილის დღიდანვე ბოლო ჟამამდე სამართალი მიუძღვოდა. დიმიტრი ყიფიანი იყო კაცი, რომელიც თავის დღეში არ იტყოდა "ჰოს", როცა მისი გული ამბობდა "არას". დიმიტრი ყიფიანი იყო მართალი კაცი... მისი მაგალითი გვრწვთნის, გვასწავლის და გვზრდის".

ნიკო ნიკოლაძე ამბობდა: "ამიერკავკასიაში სამი-ოთხი კაცი თუ იქნება ისეთი, რომელნიც მოსახლეობის ფართო ფენებში პოპულარულნი არიან. მათ იცნობს და პატივს სცემს ამიერკავკასიის მოსახლეობის თითქმის ყველა ფენა, მათს ჭკუასა და პატიოსნებას ენდობა ყველა დიდიდან პატარამდე, ამ ბედნიერთა შორის თითქმის პირველთაგანია დიმიტრი ყიფიანი..."

ვაჟა-ფშაველა დიმიტრი ყიფიანზე ამბობდა:

"ქვეყნისა, სამშობლოსათვის
მხოლოდ რჩეული კვდებისა".

აკაკი წერეთელი ყოველთვის პატივს სცემდა დიმიტრის. აკაკიმ მას "მეორე დიმიტრი თავდადებული" უწოდა და "განთიადიც" მიუძღვნა:

"მთაწმინდა ჩაფიქრებულა,
შეჰყურებს ცისკრის ვარსკვლავსა,
მნათობი სხივებს მაღლით ჰფენს
თავდადებულის საფლავსა.
დადუმებულა მთაწმინდა,
ისმენს დუდუნსა მტკვრისასა:
მდინარე ნანას უმღერის
რაინდსა, ურჩსა მტრისასა...
მთაწმინდა გულში იხუტებს
საშვილიშვილო სამარეს,
მამადავითსა ავედრებს,
აბარებს ქვეყნის მოყვარეს...
მგოსანი გრძნობამორევით
თვალს ავლებს არემარესა
და გულის-პასუხს ნარნარად
უმღერის ტურფა მხარესა:
"ცა-ფირუზ, ხმელეთ-ზურმუხტო
ჩემო სამშობლო მხარეო,
სნეული დავბრუნებულვარ,
მკურნალად შემეყარეო!..
"ვერ ავიტანე ობლობა,
სისხლის ცრემლები ვღვარეო,
წამძლია სულმა და გულმა,
შენს ნახვას დავეჩქარეო.
წინ მომეგებნენ ღიმილით
შენი მზე, შენი მთვარეო,
გუნდი და გუნდი ვარსკვლავი
მოკაშკაშ-მოელვარეო.
გულში იფეთქა სიამემ,
სევდები უკუვყარეო,
ია და ვარდი დამჭკნარი
ხელახლა გამიხარეო!..
ცა-ფირუზ, ხმელეთ-ზურმუხტო,
სულის ჩამდგმელო მხარეო,
შენი ვარ, შენთვის მოვკვდები,
შენზედვე მგლოვიარეო!..
ნურც მკვდარს გამწირავ, ნურც ცოცხალს,
ზე კალთა დამაფარეო.
და რო მოვკვდები, გახსოვდეს,
ანდერძი დავიბარეო:
დედა-შვილობამ, ბევრს არ გთხოვ:
შენს მიწას მიმაბარეო,
ცა-ფირუზ, ხმელეთ-ზურმუხტო,
ჩემო სამშობლო მხარეო!"

* * *

"კაცისა ყოველივე სამშობლოს უნდა შეეწიროს", ამ ურყევი პრინციპით იცხოვრა დიდმა ქართველმა მამულიშვილმა, სამშობლოსათვის თავდადებულმა და ღირსეულმა რაინდმა - დიმიტრი ყიფიანმა. მისმა ტრაგიკულმა ცხოვრებამ არაერთ განსაცდელსა და დევნა, - გადასახლებას გაუძლო, თუმცა ერთხელაც არ დაუკვნესია ამ განსაცდელების გამო. პირიქით, ის უფრო აქტიურად მუშაობდა ყოველივე ქართულის საკეთილდღეოდ.იგი წერდა: "თუკი ჩემი სამსახური სასარგებლო 1იქნება, პირველ რიგში იგი სასარგებლო უნდა იყოს ჩემი სამ¬შობლოსათვის". მან სამშობლოსათვის გაიღო უამრავი მსხვერპლი - სამსახურებრივი კარიერა, მატერიალური კეთილდღეობა, ოჯახური სიმშვიდე, ფიზიკური თუ ინტელექტუალური ენერგია და ბოლოს სიცოცხლეც. დიმიტრი გრიგოლ ორბე-ლიანს პეტერბურგიდან წერდა: "ღვთის გულისათვის, რას დამახარბებენ აქ ისეთსა... საქართველოს მოშორება ღმერთმა მაშოროს. ისევ გუთანს მოუდგები, ნაბადს მოვისხამ და ჩემს ქვეყანას აგრე ადვილად ვერ მოვჰსცილდები". რუსეთის იმპერატორის ბრძანებით დიმიტრი ყიფიანს აჰყარეს მოქალაქეობრივი უფლებები და სტავროპოლში გადაასახლეს, სადაც ალბათ დიდი ქართველი გრძნობდა ტრაგიკულ აღსასრულს და სიკვდილამდე ცოტა ხნით ადრე მოხუცი და ავადმყოფი, სამშობლოსათვის დამაშვრალი ოჯახის წევრებს სწერდა: "იმის იმედი მაინც მაქვს, რომ შეწყალებაზე არსად, არასოდეს, არავითარი ლაპარაკი არ იქნება, რამდენადაც შეწყალებას, - გარდა ღვთისადმი ლოცვა-ვედრებისა, - მხოლოდ დამნაშავეები ითხოვენო". ქართველ პატრიოტს მხოლოდ ერთი რამ ადარდებდა, ის, რომ "ვაითუ აქ მოვკვდე და ჩემი ძვლები აქ დასტოვონ და არ დამმარხონ ჩემს საყვარელ მიწა-წყალშიო". მართლაც წინათგრძნობა აუხდა, ვერაგულად მოკლეს. დღეს წმინდა დიმიტრი ყიფიანი ზეციური საქართველოდან ლოცავს თავის ერს. მისი სახით ჩვენმა ქვეყანამ მფარველი და მლოცველი შეიძინა უფლის წინაშე.

ტროპარი და კონდაკი წმიდისა მოწამისა დიმიტრისა (ყიფიანისა), ერისათვის თავდადებულისა

ტროპარი

მხედარო ახოვანო ქრისტეს ღმრთისაო და კაცო ზეცისაო, მზრუნველო დაუცხრომელო და მფარველო ივერიისაო, სიყვარულისათვის მოყვასისა თავისა დამდებელო, წმიდაო მოწამეო დიმიტრი, ევედრე ქრისტესა ღმერთსა შეწყალებად სულთა ჩვენთათვის!

კონდაკი

შენ, ახალო მოსაგრეო ძველისა დღეთაჲსა ვენახისაო, სიმართლისა მსახურებად სისხლი შენი დასთხიე და ზეცათა დიდებასა მიიწიე; აღწევნად მწვერვალსა საღმრთოჲსა ტრფიალებისაჲსა ღირს-გვყვენ ოხითა შენითა, რომელნი გიგალობთ: "გიხაროდენ, ერისათვის თავდადებულო, წმიდაო მოწამეო დიმიტრი!"
...........................

წმინდა დიმიტრი ყიფიანთან დაკავშირებით ასევე შეგიძლიათ წაიკითხოთ სხვა სტატიები - გადადით შემდეგ გვერდზე»»

აქვე შეგიძლიათ წაიკითხოთ:

მიძინებული ეროვნული ღირსება

"სადაც არ უნდა ვიყვე, ჩემი გული თქვენთან და ჩემს ტანჯულ სამშობლოსთან იქნება"

დიმიტრი ყიფიანი გადასახლებაში მოუკვდა საქართველოს

ქვიშხეთი

ქვიშხეთი1

უმსხვერპლოდ მამულის ღირსების დაცვა შეუძლებელი იყო

დიმიტრი ყიფიანი სტავროპოლში - ძველი გაზეთებიდან

როგორ "გადაუხადა" სამაგიერო წმინდა დიმიტრი ყიფიანმა.



იხილეთ დასაწყისი»»



ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
15.11.2024
უწყვეტი ტრადიცია: წმინდა მოწამე ვინიფრედა უელსელი და მისი წმინდა წყარო ჰოლიუელში.

19.10.2024
წმინდა ნეკტანი, რომლის ერთადერთი გადარჩენილი ცხოვრება თარიღდება მე-12 საუკუნით, დაიბადა მე-5 საუკუნის მეორე ნახევარში უელსში.
13.10.2024
თებეს (ან თებაიდის) ლეგიონი რომის არმიის, კაპიტან მავრიკიუსის მეთაურობით, შედგებოდა ქრისტიანებისგან.
12.10.2024
წმინდა რიფსიმეს (რიფსიმია; ბერძნულად: Ριψιμία, Ριψίμη; სომხურად: Հռիփսիմէ) ხსენების დღეა 30 სექტემბერს.
22.09.2024
წმინდა ლამბროსი იწამა მაკრიში, ევროსის ოლქში, 1835 წლის 2 ივლისს.
22.09.2024
ანგელისი და მანუელი იყვნენ ღვიძლი ძმები, იოანე რეცეპის ვაჟები. გიორგი იყო კონსტანტინე რეცეპის ვაჟი. ნიკოლოზი იყო სხვა იოანე რეცეპის ვაჟი.
22.09.2024
დაიბადა ატალიის (ამჟამად ანტალია, თურქეთი) მიდამოებში მდიდარ და ღვთისმოსავ ქრისტიანულ ოჯახში.
22.09.2024
ძმები სტამატი და იოანე, ასევე მათი მეგობარი ნიკოლოზი წარმოშობით იყვნენ ბერძნული კუნძულ სპეცედან. სტამატისა და იოანეს მშობლები იყვნენ ანეზო და თეოდორე გინისი.
21.09.2024
წმინდა ღირსმოწამე ქრისტეფორე, ერისკაცობაში ქრისტოდულე, წარმოშობით ადრიანოპოლიდან იყო, დაიბადა 1795 წელს.
21.09.2024
წმინდა მოწამე აკაკი, ერისკაცული სახელით ათანასიოსი, წარმოშობით იყო ნეოხორიდან, დღევანდელი ასვესტოხორი თესალონიკის მახლობლად, და დაიბადა 1792 წელს.
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
რომის იმპერიაში პირველი დიდი დევნა ქრისტიანებზე ნერონის დროს აღიძრა, ხოლო უკანასკნელი, მეათე - დიოკლეტიანესა და მის მემკვიდრეთა ხანაში.

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat