თბილისის თავადაზნაურთა წინამძღოლი
თბილისის თავადაზნაურობამ დიმიტრი ყიფიანი თავის წინამძღოლად (მარშლად) პირველად 1864 წლის 16 თებერვალს აირჩია, ხოლო ხელმეორედ - 1867 წელს. თავადაზნაურობის წინამძღოლობის არჩევნები იმ დროს ჩატარდა, როცა ბატონყმობა ჩვენს ქვეყანაში ჯერ არ იყო გაუქმებული, თუმცა ეს დიდი ცვლილება მალე იყო მოსალოდნელი. თავადაზნაურობას უნდოდა, ისეთი მოთავე ჰყოლოდა, რომელიც მის ინტერესებს მაქსიმალურად დაიცავდა; აგრეთვე, ის ფული, რასაც თავადაზნაურობა მიიღებდა, საქმის სასარგებლოდ გამოეყენებინათ. ეს საქმე, პირველ ყოვლისა, სასწავლებლებში თავადაზნაურთა შვილების აღზრდას გულისხმობდა. თბილისის თავადაზნაურების უმეტესობა თვლიდა, რომ საქმეს დიმიტრი ყიფიანის გარდა, თავს ვერავინ გაართმევდა. იმ დროისათვის თავადაზნაურთა მარშლის წოდებისათვის სულაც არ იყო საკმარისი მხოლოდ მაღალი ტიტული. ამიტომ უპირატესობა მიენიჭა თავმდაბალ, უტიტულო, მაგრამ უაღრესად განათლებულ და შრომის იშვიათი უნარის მქონე დიმიტრი ყიფიანს. მან დიდი წვლილი შეიტანა საგლეხო რეფორმის მომზადებაში.
იმდროინდელი "დიდკაცობა" და გენერლები, თურმე, ეწინააღმდეგებოდნენ ყიფიანის მარშლად არჩევას. ამბობდნენ: ჯერ ერთი, ეგ აზნაურისშვილია, წინამძღოლი კი თავადი უნდა იყოსო; მეორეც, მთავარმართებლობა არ სწყალობს, ჯერ კიდევ მეფისნაცვალი ბარიატინსკი იყო მასზე გამწყრალი სამეგრელოს სამთავროს გამო... არც ერთი მისი შუამდგომლობა თავადაზნაურობის საჭირო საკითხებზე ხელისუფლებასთან უშედეგო იქნებაო. მარშლის არჩევნები ჩატარდა მუხრან-ბატონის სასახლეში, სადაც მთელმა მაშინდელმა თავადაზნაურობამ მოიყარა თავი და ცხარე პაექრობაც გაიმართა. დიმიტრი ყიფიანის წინააღმდეგ გამოვიდა გრიგოლ ორბელიანი და ივანე კონსტანტინეს ძე მუხრანბატონი. მათ თავადაზნაურთა დანარჩენი ნაწილი უკმაყოფილების გუგუნით შეხვდა. ამის გამო ივანე მუხრან-ბატონმა ყრილობის მონაწილეებს "ბუნტოვშიკები" უწოდა და დაუყვირა პროკურორი მოვიდეს აქ, პროკურორიო... ყრილობის მონაწილეები შემკრთალან. როგორც იოსებ უთურაშვილი წერს, "პროკურორის სახელი იმ დროს საფრთხობელას ჰგავდა". ყრილობა გაურკვეველი მდგომარეობიდან ერთ ახალგაზრდა ოფიცერს (თავად ალექსანდრე არღუთაშვილს) გამოუყვანია. მას ხმამაღლა მოუჭრია სიტყვა გენერალ-გუბერნატორისათვის:
"- რა არის ეს? თავადაზნაურობის ყრილობაზე პროკურორის გამოძახება, თავადაზნაურობის შეკრების მონაწილეებისთვის "ბუნტოვშიკების" წოდება? "ბუნტოვშიკებია" არა უმრავლესობა, არამედ უმცირესობა, რომელიც არ სცნობს უმრავლესობის უფლებებს".
ყრილობა გამოერკვა. დაიწყეს ყვირილი: "ძირს მუხრან-ბატონი!" "გენერლებო, წაეთრიეთ!" აი, მაშინ გრიგოლ ორბელიანმა წარმოთქვა საგულისხმო ფრაზა: "საქართველო მაშინ დაიღუპა, როცა მე და წვიმიტიძე ერთმანეთს შეგვასწორეს".
დაიწყო კენჭისყრა. ჯერ გამოიძახეს მაღალი თანამდებობის პირები, ათამდე გენერალმა უარი თქვა კენჭისყრაში მონაწილეობაზე. პირველად გრიგოლ ორბელიანი გამოიძახეს, რომელსაც უთქვამს, რომ ყიფიანის არჩევას მარშლად სახიფათოდ თვლის. უმრავლესობამ დიმიტრი ყიფიანი აირჩია. დიმიტრის ყრილობაზე უთქვამს: "თქვენ გადასდგით დღეს, ბატონებო, ძნელი და საგანგებო ნაბიჯი თქვენს საზოგადო ცხოვრებაში... თქვენ მაღირსეთ დიდი პატივი, დამაყენეთ თქვენს მეთაურად, მთელს ქვეყნიერებაზე უძველესი თავადაზნაურობის სათავეში".
დიმიტრი ყიფიანის მარშლად არჩევამ თავადაზნაურობის იმედი გაამართლა. ამ თანამდებობაზე ყოფნისას ყიფიანმა ქართველ თავადაზნაურობას მნიშვნელოვანი ამაგი დასდო. მან მთავრობისაგან ქართველი თავადაზნაურებისათვის გამოითხოვა ფულადი ანაზღაურება ყმა-გლეხების გათავისუფლების სანაცვლოდ. რუსეთის თავადაზნაურობას ასეთი ანაზღაურება არ მიუღია. მოგვიანებით ისევ დიმიტრის ინიციატივით, ამ თანხის გარკვეული ნაწილის საფუძველზე დაარსდა სათავადაზნაურო ბანკი. ამის შესახებ ოდნავ მოგვიანებით მოგითხრობთ.
დიმიტრი ყიფიანი ექვსი წელი იყო მარშლად და ქართველმა თავადაზნაურობამ კარგად დაინახა მისი მოღვაწეობის დადებითი შედეგები. 1870 წლის არჩევნების დროს ხმა დაირხა, რომ საქართველოში ალექსანდრე II უნდა ჩამოსულიყო. ყიფიანის მოწინააღმდეგეები ვერ შეურიგდნენ აზრს, რომ მარშლად ყოფილიყო "აბაშიძეების ნააზნაურიშვილევი". ხშირად ასმენდნენ დიმიტრის, რაკი ხელმწიფე მოდის წინამძღოლად განთქმული გვარის შვილი უნდა იყოსო, იქნებ ალექსანდრე II-მ რაიმე მოწყალება გაიღოს ჩვენთვისო. ამიტომ 1870 წლის მაისში, როცა მარშლის არჩევნებისთვის თავადაზნაურობა შეიკრიბა, დიმიტრი ყიფიანმა (თუმცა მას კრების უმეტესი ნაწილი სთხოვდა, კიდევ დარჩენილიყო მარშლად) უარი თქვა ამ თანამდებობაზე და ვერაფრით შეაცვლევინეს გადაწყვეტილება. დიმიტრი თავს ასე იმართლებდა: "ყველგან დარწმუნებული არიან, რომ ხელმწიფე იმპერატორი რასმე მოწყალებას უბოძებს საქართველოს, და თუ ვინცობაა, ეს იმედი არ გამართლდა, საზოგადოება მე დამაბრალებს, - შენ რომ არ ყოფილიყავი მარშლად, იქნება ეს არ დაგვმართნოდაო. ან ვინ იცის, იქნება, მართლა ჩემი მარშლობა შეიქმნა მიზეზი იმისა, თუ ვინცობაა, ხელმწიფემ არავითარი მოწყალება არ ისურვა და საზოგადოების წინაშე დამნაშავე გამოვალ"... 1871 წელს იმპერატორი საქართველოში ჩამობრძანდა. მას არავითარი მოწყალება არ გაუღია. ქართველი არისტოკრატია პირში ჩალაგამოვლებული დარჩა. ვერც დიმიტრის ნაცვლად არჩეულმა ახალმა მარშალმა, რევაზ ანდრონიკაშვილმა უშველა და ვერც პურმარილმა.
გ. ტატიშვილი მოგვითხრობს, რომ თბილისის თავადაზნაურობის წინამძღოლობის დროს დიმიტრის კარდენახელმა მემამულემ, დიმიტრი აფხაზმა, სთხოვა, ეშუამდგომლა, რათა მისი მამულები, რომლებიც აღწერილი იყო ვაჭარ ფორაქიშვილის ორმოცი ათასი მანეთის ვალის გადაუხდელობის გამო, საჯაროდ არ გაეყიდათ და მისთვის კიდევ ორი თვე ედროვებინათ. დიმიტრიმ დაიბარა თავისი მეგობარი ფორაქიშვილი და შთააგონა, შეეწყნარებინა ეს თხოვნა. ფორაქიშვილმა ვექსილები დიმიტრის მოსთხოვა, ვითომდა მხოლოდ იმისთვის, რომ მას მორალური გარანტია ჰქონოდა. მოვალემ ვალი არ გადაიხადა და კრედიტორმა ვალის გადახდა სასამართლოს ძალით ყიფიანს დააკისრა (ერთი ცნობით - 32 222 მანეთი, მეორე ცნობით - 35 000 მანეთი).
ამ ვალის დასაფარავად დიმიტრიმ თავისი უძრავ-მოძრავი ქონების მნიშვნელოვანი ნაწილი გაყიდა.
უფრო დაწვრილებით ცნობები ამ ფაქტზე მოიპოვება დიმიტრის რძლის, კოტე ყიფიანის მეუღლის - ნინო ტატიშვილის - მოგონებებში. ნინო და კოტე 1884 წელს შეუღლებულან. ამ დროს, ნინოს გადმოცემით, დიმიტრის ოჯახი ნივთიერად ძველებურ მდგომარეობაში აღარ ყოფილა. მისი მამულები დაგირავებული იყო იმ თავდებობის გამო, რაც ფორაქიშვილის ვალებში ჩაფლულ აფხაზს გაუწია. აფხაზმა თავისი სიცოცხლე ქეიფსა და დროსტარებაში დალია, ხოლო დიმიტრიმ ექვსი ათასი თუმანი გადაიხადა, რისთვისაც მამულების ნაწილი ბანკში დააგირავა, გაყიდვითაც ბევრი გაყიდა: ეკიპაჟები, ცხენები, დაბოლოს, როგორც იქნა აფხაზის ვალი გადაიხადა. მამულების შემოსავლის დიდი ნაწილი ბანკის სარგებელში მიდიოდა. ყოველივე ამან დიმიტრის ადრინდელი შეძლებული ოჯახი ქონებრივად დიდად დააქვეითა.
ნინო იხსენებდა: "უკვე ჩემს დროს დაგირავდა ქვიშხეთის სახლი და კარ-მიდამოც. ამან ძალიან დამწყვიტა გული და ერთხელ შევბედე დიმიტრის საყვედური იმის გამო, რომ მან მოუწერა ხელი თავდებობისა ილარიონ ფორაქიშვილს. დიმიტრის სულაც არ ეწყინა ჩემი საყვედური, თითქოს ეამა კიდეც, რომ მივეცი საბაბი თავის გამართლებისა და მომიყვა დაწვრილებით:
- აფხაზმა მთხოვა, რომ დავხმარებოდი, ფორაქიშვილს კიდევ მიეცა მისთვის ვადა ვალის გადახდისთვის. ფორაქიშვილმა ჩემს თხოვნაზე თავდებობა მთხოვა. მე გავიკვირვე ასეთი პირობა და შევეკითხე:
- ნუთუ აფხაზმა რომ არ გადაგიხადოს, მე უნდა გადამახდევინო-მეთქი!
ჩემს შეკითხვაზე ფორაქიშვილმა აქეთ-იქით მიიხედ-მოიხედა და ჩუმად მიპასუხა:
- ასე ღმერთი როგორ გამიწყრება და ცოლ-შვილს დამიხოცავს, რომ მე ეგ საქმე ჩავიდინო! მხოლოდ მისთვის მინდა თქვენი თავდებობა, რომ აფხაზი მოგერიდებათ და თავის დროზე გადამიხდისო. ამაზე, რა თქმა უნდა, დავეთანხმე და ხელი მოვუწერე.
- მერე რომ მოსულა თქვენთან ქვიშხეთში ფორაქიშვილი საქმის ასახსნელად და თქვენ კი კიბიდან ჩაგიგდიათ, არ მიგიღიათ, ეს რაღად უყავით? - ჩავურთე მე პასუხად, დიმიტრის ლმობიერებით გათამამებულმა.
- ეგ იმიტომ, რომ იმან თავის პატიოსან სიტყვას უმტყუნა და საჩივარი პირდაპირ ჩემით დაიწყო იმის მაგივრად, რომ აფხაზისთვის ეჩივლა! ის უდავოდ ღირსი იყო, რომ კიბიდან ჩამეგდო!
ფორაქიშვილს ვითომ უნდოდა, რომ დიმიტრიზე საჩივრის შეტანის შემდეგაც დაეჯერებინა იგი, აფხაზის შესარცხვენად მოვიქეციო ასე, მაგრამ ასეთი კუკუმალულობით დიმიტრი ვერ აპატიებდა სიტყვის გატეხვას და ჩააგდო კიბიდან, თუმცა ისიც კარგად იცოდა, რომ შეურაცხყოფილი ფორაქიშვილი აღარ დაინდობდა, აკი, არც დაინდო და მთელი ვალი გადაახდევინა".
საინტერესოა, როგორ გადაუხადა "სამაგიერო" დიმიტრი ყიფიანმა აფხაზის ცოლს.
რუსეთში სტუდენტობის დროს სილამაზით განთქმულმა აფხაზმა ცოლად შეირთო ძალიან მდიდარი კაცის ქალი, საქართველოში ჩამოიყვანა და მისი დიდი სიმდიდრე მალე გააქრო. როცა ცოლმა შეიტყო, სულ ცარიელი დარჩებოდა, თუ თავს არ უშველიდა, სამშობლოში გაემგზავრა. კარეტით გზად მიმავალი ქვიშხეთში დიმიტრისთან ჩამოხტა. კარეტა დატვირთული იყო ძვირფასი ნივთებით, ტანსაცმლით და სხვა.
დიმიტრიმ სიამოვნებით მიიღო სტუმარი. მთელი ოჯახი ფეხზე დადგა მის პატივსაცემად, კარეტას ღამით საგანგებო დარაჯები დაუყენეს. მეორე დღეს აფხაზის ცოლი თავის გზას გაუდგა ისე, რომ დიმიტრისგან ერთი სიტყვაც კი ვერ გაიგონა თავის ქმრის საქციელზე. და ეს მაშინ, როდესაც მას უკვე მისჯილი ჰქონდა ვალის გადახდა. სასამართლოზე საქმის ყოველ გარჩევას დიდი აღელვება შეჰქონდა ყიფიანების ოჯახში. დიმიტრი, ყველა გაჭირვების მხნედ გადამტანი, ცოლ-შვილის შეწუხებას ვერ იტანდა. აი, ასეთ დროს გაბედა აფხაზის ცოლმა ქვიშხეთში მისვლა დიმიტისთან განძეულობით სავსე კარეტით. მართლა დიდი ნდობა უნდა ჰქონოდა მას დიმიტრისა და კიდეც გაუმართლდა ეს ნდობა.
ვახტანგ თულაშვილი აღნიშნავდა: "დიმიტრი ყიფიანი შეეწია ერთს ჩვენი საზოგადოების წევრს და ყველამ ვიცით, რომ ამით თითქმის თავისი თავი დაღუპა. ისიც ვიცით, რომ იმისთანა დროც დადგა მას შემდეგ დიმიტრისთვის, როცა თითქმის დღიური ცხოვრება უჭირდა. ვგონებ, კაცს ამაზე მეტი აღარა მოეთხოვება-რა..."
ბანკის დაარსების იდეა
"არც ერთი დაწესებულება არ არის, რომ მეთაურობა ყიფიანს არ ეკუთვნოდეს: ბანკი, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, თეატრი და სხვანი, სულ მისი ინიციატორობით არის დაწყებული", - ამბობდა აკაკი წერეთელი.
ბატონყმობა რომ გაუქმდა, დიმიტრი ყიფიანი ქართველი თავადაზნაურობის გადარჩენის გზებს ეძებდა. იგი ხატოვნად წერდა: დიდხანს ცხოვრობდაო სასახლეში პატიოსანი კაცის ოჯახი. მართალია, ღარიბად, მაგრამ მშვიდად. სჯეროდა, უკეთესი დროც დადგებაო, უცბად, ერთ უბედურ დღეს, ხუროთმოძღვარმა გამოაცხადა, - ეს სასახლე ინგრევა, ახლავე თავს უშველეთ, თორემ ნანგრევებში გაიჭყლიტებითო. მეტი რა გზა იყო. იმ სასახლიდან გარეთ გამოცვივდნენ. მართლაც მალე იჭექა, იქუხა, კედლებს ბზარი გაუჩნდა და სულ ცოტა ხანში დაირღვა კიდეც. ღვთის ანაბარა დარჩენილნი უკანასკნელ იმედს ებღაუჭებოდნენ, უფალი და ხელმწიფე იმპერატორი არ გაგვწირავსო.
დანგრეული სასახლე ბატონყმობა იყო. უსახლკაროდ დარჩენილი პატიოსანი კაცის ოჯახი - ქართველი თავადაზნაურობა, იმედი და მშველელი - იმპერატორი ალექსანდრე II. თუ იგი მოწყალებას არ დაიშურებდა, თავადაზნაურობა ქვეყნის სამასხარაო არ გახდებოდა. არც დაიშურა: მამრობითი სქესის თითოეული გათავისუფლებული გლეხის ფასად ბატონს 25 მანეთი ეძლეოდა. ვისაც 21 ყმაზე ნაკლები ჰყავდა, ეს გასამრჯელო უორმაგდებოდა. ამ გზით თავადაზნაურობას საკმაო თანხა უგროვდებოდა. ვინც გონივრულად მოიქცეოდა, ქონებრივი გასაჭირი არ ელოდა.
ამ პირობებში დიმიტრი ყიფიანს თავადაზნაურობის წოდებრივი და ქონებრივი უპირატესობის შენარჩუნების ერთადერთ ბურჯად საადგილმამულო ბანკი მიაჩნდა. მისი დაარსების იდეა სწორედ დიმიტრის ეკუთვნის. 1864 წლის 31 აგვისტოს თბილისის გუბერნიის თავადაზნაურობის მარშალმა მაზრის მარშლებს მოუწოდა, რათა მებატონეებს ყმათა გათავისუფლებისათვის მიღებული ყოველი მანეთიდან აბაზი (20%) გადაედოთ ბანკის დასაარსებლად. ყიფიანმა ბევრ კერძო პირსაც გაუგზავნა წერილები და სთხოვა, მისაღები ფულის 20% გადაედოთ ბანკისათვის. ამით თავადაზნაურობის საერთო ვალიც (საუბარია თავადაზნაურობის წვრილმან ვალებზე ბატონყმობის გაუქმების დროს) დაიფარებოდა და შესაძლებელი იქნებოდა თავადაზნაურთა 150 ბავშვის აღზრდა. თავადაზნაურთა "დიდკაცობამ" დიმიტრის მხარი არ აუბა, სამაგიეროდ, ღარიბმა თავად-აზნაურებმა განაცხადეს, რომ ყმების სანაცვლოდ მიღებული თანხის ნაწილს გადადებდნენ ბანკისთვის, რაკი მოგება ბავშვების სწავლა-აღზრდის საქმეს მოხმარდებოდა. წინადადება, ბანკის დაარსების თაობაზე, თავადაზნაურობამ მიიღო 492 ხმით 48-ის წინააღმდეგ.
ბანკის წესდების ხუთი პროექტი შეადგინა დიმიტრი ყიფიანმა. წლების მანძილზე იწვალა და იდავიდარაბა, მაგრამ როდესაც 1870 წლის მაისში იგი თბილისის გუბერნიის თავადაზნაურობის წინამძღოლის პოსტიდან გადადგა, ბანკი დაარსებული მაინც არ იყო. მოგვიანებით ახალგაზრდა თერგდალეულებმა ილიას სთხოვეს, სათავეში ჩასდგომოდა ბანკის დაარსების საქმეს. ილიამ მართლაც ბოლომდე მიიყვანა დიმიტრის დაწყებული საქმე, 1875 წლის თებერვალში ამოქმედდა თბილისის სათავადაზნაურო-საადგილმამულო ბანკი, რომელსაც მთელი 30 წლის მანძილზე 1905 წლის 23 ივნისამდე სათავეში თავად ილია ედგა.
სამსახურს ჩამოცილებული 72 წლის ყიფიანი მეტწილად საკუთარ მამულში, ქვიშხეთში ატარებდა დროს. მიმსვლელი და მნახველი არ აკლდა. სპეციალური დურბინდიც გაიჩინა - აივანზე გადამდგარი შორიდანვე თვალს ჰკიდებდა მომავალ სტუმარს და უკვე ბინაზე მოსულს გაშლილ სუფრას ახვედრებდა. ყველა ის მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება, რომელიც დიმიტრი ყიფიანის ინიციატივით განახორციელეს XIX საუკუნის ქართველებმა, დიმიტრის საყვარელ სოფელ ქვიშხეთში, მის სახლში ჩაისახა. აქედან აძლევდა წმ. დიმიტრი ბიძგს ყოველგვარ ეროვნულ სულისკვეთებას. 2007 წელს ახალშერაცხილი წმინდანის პატივსაცემად სოფელ ქვიშხეთში დიმიტრი ყიფიანის სახლ-მუზეუმი გაიხსნა. XX საუკუნის პირველ ნახევარში დიმიტრი ყიფიანის სახლი საქართველოს მწერალთა კავშირის მფლობელობაში გახლდათ და იქ ქართველ მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა დასასვენებელი იყო. XX საუკუნის 90-იან წლებში შენობაში განთავსდა ხაშურის მხარეთმცოდნეობის მუზეუმის ქვიშხეთის ფილიალი. შესყიდულ იქნა რამდენიმე მემორიალური ნივთი და ექსპონატი. ამჟამად მუზეუმში დაცულია დიმიტრი ყიფიანთან დაკავშირებული 900-მდე ექსპონატი, დოკუმენტი თუ ფოტომასალა.
ქვიშხეთის აღდგომის სახელობის (წმინდა დიმიტრი ყიფიანის) კარის ეკლესია
"ვინც კი სარწმუნოებას შეურყევლად ადგია, ვისაც გონება ისე აქვს შეზავებული, რომ რამდენიც უნდა საკვირველება საკვირველებას დაჰყვეს, არ შეირყევა აღსარება მისი, რომ ღმერთი არის ყოვლის შემძლებელი, ყოვლის დამმყარებელი, ძლიერებით ყოვლად გარეშეუწერელი, ყოველ ზომასა და განსაზღვრების გარეშე მყოფი", - დიმიტრი ყიფიანი.
1869 წელს წმინდა დიმიტრი ყიფიანმა აღასრულა თავისი კეთილშობილური განზრახვა და ააგო დღევანდელი წმინდა დიმიტრი ყიფიანის კარის ეკლესია. წმინდა დიმიტრი ყიფიანს, როგორც გონიერ და შორსმჭვრეტელ ადამიანს, თადარიგი დაუჭერია და სამზადისი 1864 წლიდან დაუწყია. ქვა, ეკლესიის მშენებლობისთვის, მოუზიდავთ ადგილობრივი ქვის კარიერიდან, რომელიც მდებარეობდა ქვიშხეთ-ტაშისკარის გზის მახლობლად.
1864 წლის 24 ივლისს დიმიტრი ყიფიანი წერს თბილისის გუბერნატორს დ. ი. ორლოვსკის:
"მსურს შევუდგე ეკლესიის მშენებლობას ჩემს მამულში, სურამის მონაკვეთში, სოფელ ქვიშხეთში. მაქვს პატივი, უმორჩილესად გთხოვოთ, თქვენო უდიდებულესობავ, ადგილზე ხარჯთაღრიცხვის შესადგენად და ხაზების გასავლებად გამოგზავნოთ მივლინებით თბილისის გუბერნიის გორის მაზრის არქიტექტორის თანაშემწე გ. ბელი, ჩემს მიერ მომავალი ეკლესიის ასაშენებლად დაგეგმარებისათვის. თავისთავად იგულისხმება, რომ ეს გეგმა ჩემს მიერ წარდგენილი იქნება მისი მაღალუსამღვდელოესობის პატრიარქის წინაშე დასამტკიცებლად".
1869 წლის 4 მაისს საქართველოს არქიეპისკოპოსი, ეგზარქოსი ევსევი სწერს დიმიტრი ყიფიანს, რომ დამტკიცებული გეგმის თანახმად, ეძლევა ნება სოფელ ქვიშხეთში ეკლესიის მშენებლობისა.
1969 წლის 25 ივლისს დიმიტრი ყიფიანი გუბერნატორისადმი გაგზავნილ წერილში წერს:
"მოწყალეო ხელმწიფევ, შევუდექი ეკლესიის მშენებლობას ჩემს მამულში, სოფელ ქვიშხეთში, რისთვისაც აუცილებელია ამჟამად სამშენებლო მასალის დამზადება, განსაკუთრებით ქვის მოტეხვა, რადგანაც მსურს ეკლესია ავაშენო ქვისაგან".
დიმიტრი, ქვიშხეთში ყოფნისას, ყოველ კვირას დადიოდა ეკლესიაში საზეიმო ფორმით, რათა თანასოფლელებისთვის ეჩვენებინა მაგალითი იმისა, რომ ტაძარში სიარული სულის ზეიმია მორწმუნეთათვის.
მომსწრეთა გადმოცემით, ეკლესია მოუხატავთ და თავის დროზე მოძღვარი ჰყოლია. მისი ბოლო მოძღვარი 1917- 1920-იან წლებში ყოფილა ნიკოლოზ მთიულიშვილი, რომელიც ეკლესიის ეზოშია დაკრძალული.
კომუნისტური რეჟიმის პერიოდში ადგილობრივი ხელისუფლება ეკლესიას იყენებდა საწყობად. მოგვიანებით აქ ელექტროგენერატორი დაამონტაჟეს.
1990-იან წლებში ეკლესია ძალზე დაზიანდა და შეიქნა მისი ჩამონგრევის საშიშროება. ადგილობრივი მოსახლეობის წყალობით, 1993 წლიდან დაიწყო აღდგენითი სამუშაოები: გადაიხურა ტაძარი, შეკეთდა დაზიანებული კედლები. 1997 წელს რუის-ურბნისის მიტროპოლიტმა, მეუფე იობმა აკურთხა ტაძარი. 2006 წლის გაზაფხულზე, მაისის თვეში, ეპარქიის მმართველის კურთხევით, დაარსდა დედათა მონასტერი...
გაგრძელება იხილეთ შემდეგ გვერდზე»»