ვიდრე ივერიის ღვთისმშობლის ხატზე ვიტყვით რამეს, ჯერ ათონის წმინდა მთაზე ვისაუბროთ.
უფლის მიერ მკვდრეთით აღმდგარი ლაზარე, მოციქულ ბარნაბას მიერ ხელდასხმული, კვიპროსზე მღვდელმთავრობდა. იერუსალიმში ვერ ჩადიოდა, რადგან ებრაელები მოსაკლავად დასდევდნენ. დიდი იყო მისი წუხილი, განსაკუთრებით იმის გამო, რომ ღვთისმშობლის ხილვას მოაკლდა. უფლის დედამ ეს რომ გაიგო, ნუგეშისცემის წერილი გაუგზავნა, თან სთხოვა, ხომალდი გამომიგზავნე და ჩამოვალო. ხომალდი მაშინვე გაგზავნა, უფლის დედამაც არ დააყოვნა და წმინდა იოანე ღვთისმეტყველთან და უფლის სხვა მოწაფეებთან ერთად კუნძულ კვიპროსზე გაემგზავრა. ხომალდი მშვიდობიანად მიცურავდა. კუნძულამდე ცოტაღა იყო დარჩენილი, რომ ქარიშხალი ამოვარდა და, მიუხედავად მეზღვაურთა ძალისხმევისა, ხომალდი გაიტაცა ეგეოსის ზღვისკენ. ხომალდმა არქიპელაგის კუნძულებს შორის გაცურა და ათონის ნახევარკუნძულს მიადგა, რომელიც მაშინ მაკედონიას ეკუთვნოდა. ათონი წარმართული ღმერთების ტაძრებით იყო სავსე, მწვერვალზე იუპიტერის კერპი იდგა, სადაც დღეს დიდი ლავრაა, ადრე იქ გამაგრებული ქალაქი ურანაპოლისი, ანუ ციური ქალაქი იყო. იქ ახალგაზრდა ქალწულები ცხოვრობდნენ, რომელთაც ქალღმერთ დიანას სამსახურისთვის ზრდიდნენ.
როცა ღვთისმშობლის გემი ათონს მიუახლოვდა, ათონის მწვერვალზე მდგარი იუპიტერის ქანდაკება ჩამოვარდა და დაიმსხვრა. წარმართულ ტაძრებში მდგარი კერპებიც დაიშალა. ხეებიც და შენობებიც კი ღვთისმშობლის მიმართ პატივისცემის ნიშნად დაიხარა. ათონზე იყო აპოლონის ტაძარიც. კერპებში ჩაბუდებულმა ეშმაკებმა ღვთის ძალით, თავისი ნების საწინააღმდეგოდ, ყვირილი ატეხეს: "ჰოი, აპოლონის თაყვანისმცემლებო, სასწრაფოდ წადით კლემენსოს (კლემენტოს) ნავმისადგომთან და მიესალმეთ ღვთის წმინდა დედას, მარიამს". გაოცებულმა ხალხმა ზღვისკენ იჩქარა და შეეგება ნავსადგომში შემოსულ ხომალდს და ღვთისმშობელ მარიამს. დიდი მოწიწებით გამოჰკითხეს, თუ როგორ შვა ღმერთი და რა ჰქვია მას. ღვთისმშობელმა უქადაგა მათ ქრისტე ღმერთი, ხალხმა ირწმუნა და მოინათლა. უფლის დედამ თანამგზავრთაგან ერთ-ერთი მათ მოძღვრად დაუდგინა. შეუყვარდა ღვთისმშობელს ეს მხარე და ილოცა: "დაე, ეს ადგილი იყოს ჩემი წილხვედრი, რომელიც მომეცა ძისა და ღმრთისა ჩემისაგან. დაე, ღმრთის მადლი იყოს ამ ადგილას და მასზე რწმენით დამკვიდრებულთა და ჩემი ძის მცნებათა აღმსრულებელთა ზედა". უფლის დედა დიდხანს ლოცავდა ათონსა და მის მომავალ მკვიდრთ და მერე კლემენსოს ნავსადგურიდან ხომალდით კვიპროსისკენ გაცურა. აქ ერთი საინტერესო დეტალია: ლაზარეს (რომლის ხსენებისას, იოანე ზოსიმეს საგალობლის მიხედვით, რატომღაც ივერია გვახსენდება) სანახავად მიმავალი ღვთისმშობელი ღვთის განგებულებამ ათონის მთაზე, იმ ადგილას მიიყვანა - კლემენტოს ნავსადგურთან - სადაც შემდგომში ივერთა მონასტერი აშენდება. წმინდა ათანასე ათონელმა ქართველებს საცხოვრებლად პატარა, დანგრეული მონასტერი გადასცა პატარა ტაძრით, კელიებითა და კოშკით. ამ მონასტერს კლემენტოს მონასტერს ეძახდნენ და წმინდა იოანე ნათლისმცემლის სახელობისა იყო. აღსანიშნავია ისიც, რომ დაახლოებით 950 წლის შემდეგ ყოფილი კლემენსოს ნავმისადგომთან ახლოს ივერიის ღვთისმშობლის ხატს ზღვიდან გამოაბრძანებს გაბრიელ ქართველი. ამ წმინდა ხატს მნიშვნელოვანი ადგილი უკავია და თავის წმინდა მისიას შეასრულებს მეორედ მოსვლის წინ მართლმადიდებელ სამყაროში.
სინას მთაზე დაცული ერთ-ერთი უძველესი ბერძნული ხელნაწერი მოგვითხრობს: "როცა კონსტანტინე დიდმა გადაწყვიტა ათონის მთის სიახლოვეს დედაქალაქის აშენება, იმ მხარის ეპისკოპოსს ღვთისმშობელი გამოეცხადა და უთხრა: "მე ეს მთა ჩემად ავირჩიეო". ეს რომ გაიგო კონსტანტინე დიდმა, ბრძანა: "ამ მიწის გამო ღვთისმშობელს დავას არ დავუწყებ და თუ ინებებს და ამ მთაზე ბერები დასახლდებიან, იქიდან ყველა მცხოვრებს გამოვიყვანო". იმპერატორმა თავის დედაქალაქად ბიზანტია აირჩია და კონსტანტინოპოლი უწოდა. ათონის მთაზე სამი ტაძარი ააშენა, მათ შორის ორი იქ, სადაც ღვთისმშობელმა ფეხი დადგა. ეს ტაძრები შემდგომში იულიანე განდგომილმა დაანგრევინა. IX საუკუნეში იმპერატორ ბასილი I-ის ბრძანებით, ათონის მთა ბერების სამკვიდრებლად გადაიქცა და ერისკაცებს იქ ცხოვრება აეკრძალათ. X საუკუნის ბოლოს იმპერატორ ალექსი I კომნენოსის ბრძანებით ათონზე ასვლა ყველა ქალს აეკრძალა. ხოლო 1046 წელს იმერატორმა კონსტანტინე მონომახმა ათონს ოფიციალურად "მთა წმინდა" უწოდა...
ათონის წმინდა მთა ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ბაღია და იქაურ მკვიდრთ უფლის დედის წყალობა ბოლო ჟამამდე არ მოაკლდებათ.
ათონის ნახევარკუნძულსა და ივერიას შორის დიდი სულიერი კავშირია. ღვთისმშობლის წილხვედრ ამ კურთხეულ მხარეებს აერთებს უდიდესი სიწმინდეც მართლმადიდებელი საქრისტიანოსი - ივერიის ღვთისმშობლის ხატი. წმინდა გადმოცემა ამგვარად მოგვითხრობს ხატის ამბავს: ბიზანტიაში იმპერატორ თეოფილეს ზეობისას (829-842 წწ.) მთელი ძალით მძვინვარებდა ხატმებრძოლობა. თეოფილემ შინაც კი აუკრძალა ქრისტიანებს ხატების თაყვანისცემა. მისი მსახურნი ყველგან შედიოდნენ, ეძებდნენ ხატებს და ანადგურებდნენ.
ამ დროს ნიკეის მახლობდად ერთი ქვრივი დედაკაცი ცხოვრობდა, რომელსაც ღვთისმშობლის სასწაულმოქმედი ხატი ჰქონდა. დედაკაცმა ხატს თავისი სახლის ახლოს მცირე საყდარი აუგო. მეფის მზვერავებმა თვალი მოჰკრეს ამ სიწმინდეს. ერთმა მათგანმა მახვილი ჰკრა ღვთისმშობლის ხატს. წამსვე ქალწულის ლოყიდან, ვითარცა სხეულიდან, სისხლი გადმოედინა. დედაკაცი დაჩოქილი ევედრა მეფის ხალხს, მაცალეთ განთიადამდე, ფულს შევაგროვებ და ხატის სანაცვლოდ მოგცემთო. მათი განშორებისთანავე თავისი ვაჟის დახმარებით ღვთისმშობლის ხატი ზღვის ნაპირას მიიყვანა, შეევედრა უფლის დედას, მერე კი სიწმინდე ზღვაში ჩაუშვა. ხატი წყალზე კი არ დაეცა, არამედ ზეაღიმართა და ტალღებთან ერთად დასავლეთისკენ გაცურა. დედაკაცმა მადლობა შესწირა უფალს და მის ყოვლადუბიწო დედას. დედა-შვილის ნიკეაში დარჩენა უკვე საშიში იყო. დედა მზად იყო, ქრისტესთვის მომკვდარიყო, თავისი ძე კი აკურთხა, სამშვიდობოს წასულიყო. ვაჟიც დაუყოვნებლივ წავიდა ჯერ თესალონიკში, შემდეგ კი ათონის მთაზე შედგა ბერად და დასახლდა კლემენტოს სავანეში, სადაც შემდგომში ქართველთა მონასტერი აშენდა. სწორედ მისგან შეიტყვეს ათონის მეუდაბნოე მამებმა ღვთისმშობლის ხატის ზღვაში ჩაშვების ამბავი. თუ სად იმყოფებოდა შემდგომ ღვთისმშობლის ხატი, მხოლოდ უფალმა უწყის.
XI საუკუნის დამდეგს, დიდ მარხვაში, ივერთა მონასტრის ბერებმა იხილეს ზღვაში აღმართული ნათლის სვეტი, რომელიც ზღვის ტალღებზე მდგომი ღვთისმშობლის ხატიდან მოდიოდა. გარშემო მონასტრებიდან უამრავი ხალხი შეიკრიბა. რაც უფრო უახლოვდებოდნენ ნავებით ხატს, ის უფრო განეშორებოდა. იხდიდნენ პარაკლისებს, ევედრებოდნენ ღვთისმშობელს, მაგრამ ის არ აძლევდა მათ თავის ხატთან მისვლის ნებას. ამ დროს ივერთა მონასტრის მიდამოებში, მიუვალ მთაზე წმინდა გაბრიელ ქართველი მოღვაწეობდა, კაცი ღვთის სათნო და ანგელოზთა მბაძავი. "წმინდა იოანე და ექვთიმე მთაწმინდელთა ცხოვრებაში" მოთხრობილია ამ ღირსი მამის ღრმა სულიერებაზე. სწორედ მას გამოეცხადა ღვთისმშობელი და უთხრა, - "აუწყე წინამძღვარსა და ძმებს, მსურს მივანიჭო მათ ჩემი ხატი შემწედ და მფარველად. შემდეგ კი შემოდი ზღვაში, რწმენით გაიარე მის ტალღებზე და მაშინ ყველა შეიტყობს თქვენი სავანისადმი ჩემს სიყვარულს". იმ დროს მონასტერს წმინდა იოანე წინამძღვრობდა, მაგრამ ნიკრისის სენს ლოგინზე მიეჯაჭვა და მონასტრის საქმეებს, ვითარცა იკონომოსი, მისი ძე, ექვთიმე განაგებდა. გაუხარდათ ღირს მამებს ღვთისმშობლის დიდი წყალობა. მეორე დღეს გალობით, ლიტანიობითა და საკმევლის კმევით მივიდნენ ეგეოსის ზღვის პირას. წმინდა გაბრიელი კი, ვითარცა მეორე პეტრე, შედგა ზღვის ტალღებზე, საკვირველად განვლო წყალი, იტვირთა ხელთ უდიდესი საუნჯე და კრძალვით ნაპირზე გამოაბრძანა. დაასვენეს მიწაზე ხატი და სამი დღე და ღამე მის წინაშე გალობა არ შეუწყვეტიათ. იქ, სადაც ხატი იყო დასვენებული, ეკვდერიც ააგეს. იქვე აღმოხეთქა სასწაულმოქმედმა წყარომ, რომელიც დღემდე მოედინება. ეს ამბავი ბრწყინვალე შვიდეულის სამშაბათს მოხდა. სამი დღის შემდეგ კი ხატი ივერთა მონასტრის მამებს საკურთხეველში აღარ დახვდათ - კარიბჭის კედელზე აღმოაჩინეს. ტაძარში შეაბრძანეს, მაგრამ ისევ უკან დაბრუნდა. ეს სასწაული რამდენჯერმე განმეორდა. ბოლოს ღვთისმშობელი ისევ წმინდა გაბრიელს გამოეცხადა და თავის წმინდა ნება აუწყა: "გამოუცხადე ძმებს, რომ მეტად აღარ გამომცადონ, რადგან არ მნებავს თქვენი მფარველობა, არამედ თვითონ მსურს ვიყო თქვენი მფარველიცა და მცველიც, არა მარტო ამ ცხოვრებაში, არამედ მომავალშიც. დაე ყველა ბერი, ვინც ამ მთაზე კეთილად და ღვთის შიშით იღვაწებს, სასოებდეს ჩემი ძისა და მეუფის მოწყალებას, რამეთუ მე გამოვითხოვე მისგან ეს ნიჭი და აჰა, იყოს თქვენდა სასწაულად: ვიდრე ამ სავანეში იხილვება ჩემი ხატი, არ მოგაკლდებათ ჩემი ძის მადლი და წყალობა". ღვთისმშობლის ნათქვამი რომ შეიტყვეს ივერიელებმა, კარიბჭესთან მცირე ტაძარი ააგეს და მისი სასწაულმოქმედი ხატი იქ დაასვენეს. მას შემდეგ ხატი ღვთისმშობლის გამორჩეულ ადგილზე ბრძანდება, რის გამოც "პორტაიტისად" - ქართულად "კარიბჭისად" იწოდება. ჩვენს წინაპრებს იმთავითვე დიდი სასოება ჰქონდათ "კარიბჭის" ღვთისმშობლისა. წმინდა ექვთიმე და ძმები ეკლესიაში არ შევიდოდნენ, "ვიდრე მუხლთა ზედა არა მოდრკიან და თაყვანისსციან წმიდასა ღმრთისმშობელსა, რომელ არს ბჭეთა ზედა" (წმინდა გიორგი მთაწმინდელი). 1821 წელს, ბერძენთა აჯანყებისას, თურქებმა ათონის მთა დაიკავეს. დიდი განსაცდელი მოიწია, ბერთა უმეტესობამ იქაურობა მიატოვა. დარჩენილნიც გაქცევას აპირებდნენ, რადგანაც იფიქრეს, ღვთისმშობელმა მიგვატოვაო. ამ დროს უფლის დედა მრავალ მეუდაბნოე მამას გამოეცხადა და უთხრა: "რისი შეგეშინდათ? ეს ყველაფერი გაივლის და აქაურობა კვლავ მონაზვნებით გაივსება. აი, გაძლევთ ნიშანს, ვიდრე ივერიის მონასტერში იმყოფება ჩემი ხატი, ნურაფრის გეშინიათ, ხოლო როცა ივერთა მონასტრიდან გამოვალ, მაშინ ყველამ აიკიდეთ აბგები და საითაც გინდათ, იქით წადითო".
გაგრძელება იხილეთ შემდეგ გვერდზე
ივერიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატთან დაკავშირებით ასევე შეგიძლიათ წაიკითხოთ სხვა სტატიები - გადადით ლინკზე
- მთავარი
- ჩვენ შესახებ
- ეკლესია
- ქრისტიანული ცხოვრება
- რწმენა
- წმინდანები
- სხვადასხვა
- ახალი ამბები
- დიასახლისის გვერდი
- სწავლებანი
- ერისკაცობიდან მღვდლობამდე
- ქრისტიანული საიდუმლო
- ქრისტიანული სიმბოლიკა
- ცოდვა
- ისტორია
- ანგელოზები
- ამბიონი
- კითხვა-პასუხი
- ეს უნდა ვიცოდეთ
- ცრუ მოძღვრებები
- სხვა რელიგიები
- სხვადასხვა
- მკითხველის გვერდი
- ეპისტოლენი, ქადაგებები
- ნამდვილი ამბები
- სასწაულები
- წაუკითხეთ პატარებს
- ჩემი სოფელი
- ქართული გვარები
- ქართული ანბანი
- რელიგიურ-ფილოსოფიური ლექსიკონი
- წმინდა წერილი
- წიგნები
- ლოცვანი