"კარიბჭისად" წოდებული ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატის კიდევ ერთი ასლი მცხეთის სამთავროს დედათა მონასტერში ბრძანდება. წარწერიდან ვიგებთ, რომ იგი, მღვდელ-მონაზონ პავლე ჯაფარიძისა და სქიმმონაზონ მაკარის კურთხევით, ივერონის მონასტერში მოღვაწე მღვდელ-მონაზონ ილიას დაუწერინებია. ხატი 1912 წელს საგანგებოდ სამთავროს მონასტრისთვის შესრულდა, ჩამო-ბრძანების დღიდან იქ იმყოფება და მფარველობს სავანეს.
ხატი სასწაულმოქმედია. XVIII საუკუნის დასასრულსა და XIX საუკუნის დასაწყისში მონასტრის იღუმენია ნინო ამილახვარი ყოფილა. მას შეუვსია ანკეტა, სადაც სასწაულმოქმედ ხატებად სწორედ ივერიის ღვთისმშობლისა და მონასტერში არსებული წმინდა ნინოს ნაწილებიანი ხატები დაუსახელებია.
მართლაც, შეამჩნიეს, რომ დიდი განსაცდელის ჟამს დედა ღვთისმშობელს თვალებიდან ცრემლი სდის ხოლმე. პირველი ასეთი შემთხვევა 1914 წელს, - როგორც ჩანს, პირველი მსოფლიო ომის დაწყების წინ, - მომხდარა.
1921 წელს საქართველოს დროებითი მთავრობის წევრები ნოე ჟორდანიას ხელმძღვანელობით მოსალოცად სამთავროს დედათა მონასტერში მოვიდნენ ამ დროს ღვთისმშობლის სასწაულმოქმედი ხატი ატირდა. ისინი გაკვირვებით უყურებდნენ, ვერ გაეგოთ რა ხდებოდა.
ხატის წინ დაკიდებული კანდელის ზეთს სასწაულმოქმედების უნარი აქვს. ერთ ასეთ ამბავსაც მომიყვნენ: ერთ-ერთ მონაზონს, სანამ მონაზვნად აღიკვეცებოდა, თირკმელი აწუხებდა. ექიმების აზრით, ოპერაცია გარდაუვალი იყო. სამთავროს მონასტრის დედებმა ურჩიეს ავადმყოფს, ღვთისმ-შობლის კანდელის ზეთი დალიეო. იგი ასეც მოიქცა და ყოველგვარი ოპერაციის გარეშე სასწაულებრივად განიკურნა.
ღვთის განგებით, საქართველოში შემობრძანებული ივერიის ღვთისმშობლის ხატის პირველი ასლი გახდა სრულიად კავკასიის მფარველი. იგი კეთილმორწმუნე თამარმა მიუძღვნა ოსეთის სოფელ მარიამკაუს ახალმოქცეულ ქრისტიანებს. ხატი სამგზის უვნებლად გადაურჩა ხანძარს და დროთა განმავლობაში მართლმადიდებელთა სათაყვანებელ სიწმინდედ იქცა. როდესაც 1768 წელს რუსეთის დედოფლის, ეკატერინე მეორის განკარგულებით ოსებს მშობლიური სოფლის დატოვება და უცხო მხარეში გადასახლება მოუწიათ, მათ თან წაიღეს საკვირველმოქმედი ხატიც. მდინარე თერგის ნაპირას, ქალაქ მოზდოკთან სასწაული მოხდა: ღამის გასათევად დაბანაკებული ხალხის თვალწინ ხატი გაბრწყინდა და მთელ ბანაკსა და ახლომდებარე ადგილებს ზეციური ნათელი მოჰფინა. ერთ-ერთ ოსს ძილში ჰქონდა ხილვა - ღვთისმშობელს სურდა, ხატი აქვე დაეტოვებინათ. მართლაც ასე მოხდა: მეორე დღეს, დიდი ძალისხმევის მიუხედავად, ხარებმა, რომელთაც უნდა ეტარებინათ ურემზე დაბრძანებული წმინდა ხატი, ფეხი არ მოიცვალეს. მოზდოკის ეპისკოპოსმა გაიოზმა ამ ხატისთვის სამლოცველო ააშენა. 1796-1799 წლებში მის ადგილას აიგო ტაძარი ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის სახელზე, რომელთანაც მალე დედათა მონასტერი დაარსდა. სავანე გაუქმდა ორიოდე წლის შემდეგ, მოზდოკის ეპარქიასთან ერთად. XIX საუკუნის მიწურულს მოზდოკელებმა დიდებული ტაძარი აღაშენეს ივერიის ღვთისმშობლის ხატის პატივსაცემად.
გადმოცემით, როდესაც კავკასიის ომის დროს შამილი მოზდოკს მიუახლოვდა, მას ხილვაში გამოეცხადა თეთრად მოსილი ქალი და უბრძანა, ქალაქს არ მიჰკარებოდა.
საკვირველმოქმედი ხატის დიდება მთელ კავკასიაში გავრცელდა. ხალხი ღვთისმშობელს აღთქმას აძლევდა და შორეული ადგილებიდან ფეხით მოდიოდა მის მოსალოცად. ხატი ყოველ წელს გადაჰქონდათ ვლადიკავკაზში, სადაც ერთი თვით რჩებოდა. მორწმუნეთა თხოვნით, იგი კავკასიის სოფლებშიც მოგზაურობდა. მისგან მოედინებოდა საკვირველებანი და მადლმოსილი კურნებანი.
ივერიის ღვთისმშობლის ხატი დიდხანს მცველად ედგა აფხაზეთს. ივერიის ხატის გამოცხადებამდე აფხაზეთის მადლმოსილმა მიწამ მიიღო და გულში ჩაიკრა უფლის მოციქული, სვიმონ კანანელი და მღვდელმთავარი წმინდა იოანე ოქროპირი, რომელიც ბიჭვინთას მიმავალი გამოეთხოვა წუთისოფელს და სამოციქულო ეკლესიას უსახსოვრა ღვთისმოსაობის მაგალითი: მას შემდეგ, რაც ყოველგვარი უბედურება გადაიტანა - სნეულებანი, მწუხარება, დევნა, მტრობა, სიძულვილი, წმინდა იოანე ოქროპირმა წარმოთქვა: "დიდება ღმერთს ყველაფრისთვის". წმინდა იოანე კომანში დაკრძალეს, წმინდა მღვდელმოწამე ვასილისკოს წამების ადგილის მახლობლად, ხოლო მოგვიანებით კონს-ტანტინოპოლში გადაასვენეს. ასეთ წმინდა ადგილებს ზემოდან დაჰყურებს ივერიის ანუ ანაკოფიის მთა, რომელსაც ეს სახელი ეწოდა იმის გამო, რომ აქ, გადმოცემით, გამოცხადდა ივერიის ღვთისმშობლის ხატი. აქაურები უძველესი დროიდან ეთაყვანებოდნენ ამ მთას, რომლის მწვერვალზეც XX საუკუნის დასაწყისში აიგო მცირე სამლოცველო საკვირ-ველმოქმედი ხატის პატივსაცემად.
კომანის სავანის აღმდგენლის გიორგი ანუას ქალიშვილი მანანა ანუა ჰყვება:
ჩვენ მოვესწარით იღუმენია თეოფილას, რომელიც 102 წლისა იყო... დედა თეოფილამ გვითხრა, რომ აქ უნდა აღდგეს მონასტერი. არის ასეთი წინასწარმეტყველება, კომანზე გამოცხადება იყო ღვთისმშობლის, თითქოს მთელ კომანზე იყო ღრუბელი - მფარველობა ყოვლადწმინდა ღვთისმშობლისა... უწმინდესი ჰყვებოდა, რომ მისი მსახურებისას, ილიაობას, წმინდა ვასილისკოს წყაროზე გაჩნდა ღრუბელი. ამ ღრუბელზე იდგა ღვთისმშობელი ყრმით ხელში და წმინდა ილია წინასწარმეტყველი ეტლზე. ეს რომ მოსახლეობამ დაინახა, გაოგნდა და შეშინდა. დღესაც ახსოვთ იმ ადამიანებს, ისინი უკვე ხანდაზმულნი არიან, რა ფერებში იყვნენ, რა ეცვა დედა ღვთისმშობელს. მიუხედავად იმისა, რომ ისინი არაეკლესიურნი იყვნენ, ზუსტად აღწერენ ჩაცმულობას, ფერებს, ეტლს. უწმინდესმა გვითხრა, რომ დიდხანს გრძელდებოდა ეს გამოცხადებაო.
დასასრული იხილეთ შემდეგ გვერდზე
- მთავარი
- ჩვენ შესახებ
- ეკლესია
- ქრისტიანული ცხოვრება
- რწმენა
- წმინდანები
- სხვადასხვა
- ახალი ამბები
- დიასახლისის გვერდი
- სწავლებანი
- ერისკაცობიდან მღვდლობამდე
- ქრისტიანული საიდუმლო
- ქრისტიანული სიმბოლიკა
- ცოდვა
- ისტორია
- ანგელოზები
- ამბიონი
- კითხვა-პასუხი
- ეს უნდა ვიცოდეთ
- ცრუ მოძღვრებები
- სხვა რელიგიები
- სხვადასხვა
- მკითხველის გვერდი
- ეპისტოლენი, ქადაგებები
- ნამდვილი ამბები
- სასწაულები
- წაუკითხეთ პატარებს
- ჩემი სოფელი
- ქართული გვარები
- ქართული ანბანი
- რელიგიურ-ფილოსოფიური ლექსიკონი
- წმინდა წერილი
- წიგნები
- ლოცვანი