უფლის მიერ მკვდრეთით აღმდგარი ლაზარე, მოციქულ ბარნაბას მიერ ხელდასხმული, კვიპროსზე მღვდელმთავრობდა. იერუსალიმში ვერ ჩადიოდა, რადგან ებრაელები მოსაკლავად დასდევდნენ. დიდი იყო მისი წუხილი, განსაკუთრებით იმის გამო, რომ ღვთისმშობლის ხილვას მოაკლდა. უფლის დედამ ეს რომ გაიგო, ნუგეშისცემის წერილი გაუგზავნა, თან სთხოვა, ხომალდი გამომიგზავნე და ჩამოვალო. ხომალდი მაშინვე გაგზავნა, უფლის დედამაც არ დააყოვნა და წმინდა იოანე ღვთისმეტყველთან და უფლის სხვა მოწაფეებთან ერთად კუნძულ კვიპროსზე გაემგზავრა. ხომალდი მშვიდობიანად მიცურავდა. კუნძულამდე ცოტაღა იყო დარჩენილი, რომ ქარიშხალი ამოვარდა და, მიუხედავად მეზღვაურთა ძალისხმევისა, ხომალდი გაიტაცა ეგეოსის ზღვისკენ. ხომალდმა არქიპელაგის კუნძულებს შორის გაცურა და ათონის ნახევარკუნძულს მიადგა, რომელიც მაშინ მაკედონიას ეკუთვნოდა. ათონი წარმართული ღმერთების ტაძრებით იყო სავსე, მწვერვალზე იუპიტერის კერპი იდგა, სადაც დღეს დიდი ლავრაა, ადრე იქ გამაგრებული ქალაქი ურანაპოლისი, ანუ ციური ქალაქი იყო. იქ ახალგაზრდა ქალწულები ცხოვრობდნენ, რომელთაც ქალღმერთ დიანას სამსახურისთვის ზრდიდნენ.
როცა ღვთისმშობლის გემი ათონს მიუახლოვდა, ათონის მწვერვალზე მდგარი იუპიტერის ქანდაკება ჩამოვარდა და დაიმსხვრა. წარმართულ ტაძრებში მდგარი კერპებიც დაიშალა. ხეებიც და შენობებიც კი ღვთისმშობლის მიმართ პატივისცემის ნიშნად დაიხარა. ათონზე იყო აპოლონის ტაძარიც. კერპებში ჩაბუდებულმა ეშმაკებმა ღვთის ძალით, თავისი ნების საწინააღმდეგოდ, ყვირილი ატეხეს: "ჰოი, აპოლონის თაყვანისმცემლებო, სასწრაფოდ წადით კლემენსოს (კლემენტოს) ნავმისადგომთან და მიესალმეთ ღვთის წმინდა დედას, მარიამს". გაოცებულმა ხალხმა ზღვისკენ იჩქარა და შეეგება ნავსადგომში შემოსულ ხომალდს და ღვთისმშობელ მარიამს. დიდი მოწიწებით გამოჰკითხეს, თუ როგორ შვა ღმერთი და რა ჰქვია მას. ღვთისმშობელმა უქადაგა მათ ქრისტე ღმერთი, ხალხმა ირწმუნა და მოინათლა. უფლის დედამ თანამგზავრთაგან ერთ-ერთი მათ მოძღვრად დაუდგინა. შეუყვარდა ღვთისმშობელს ეს მხარე და ილოცა: "დაე, ეს ადგილი იყოს ჩემი წილხვედრი, რომელიც მომეცა ძისა და ღმრთისა ჩემისაგან. დაე, ღმრთის მადლი იყოს ამ ადგილას და მასზე რწმენით დამკვიდრებულთა და ჩემი ძის მცნებათა აღმსრულებელთა ზედა". უფლის დედა დიდხანს ლოცავდა ათონსა და მის მომავალ მკვიდრთ და მერე კლემენსოს ნავსადგურიდან ხომალდით კვიპროსისკენ გაცურა. აქ ერთი საინტერესო დეტალია: ლაზარეს (რომლის ხსენებისას, იოანე ზოსიმეს საგალობლის მიხედვით, რატომღაც ივერია გვახსენდება) სანახავად მიმავალი ღვთისმშობელი ღვთის განგებულებამ ათონის მთაზე, იმ ადგილას მიიყვანა - კლემენტოს ნავსადგურთან - სადაც შემდგომში ივერთა მონასტერი აშენდება. წმინდა ათანასე ათონელმა ქართველებს საცხოვრებლად პატარა, დანგრეული მონასტერი გადასცა პატარა ტაძრით, კელიებითა და კოშკით. ამ მონასტერს კლემენტოს მონასტერს ეძახდნენ და წმინდა იოანე ნათლისმცემლის სახელობისა იყო. აღსანიშნავია ისიც, რომ დაახლოებით 950 წლის შემდეგ ყოფილი კლემენსოს ნავმისადგომთან ახლოს ივერიის ღვთისმშობლის ხატს ზღვიდან გამოაბრძანებს გაბრიელ ქართველი. ამ წმინდა ხატს მნიშვნელოვანი ადგილი უკავია და თავის წმინდა მისიას შეასრულებს მეორედ მოსვლის წინ მართლმადიდებელ სამყაროში.
სინას მთაზე დაცული ერთ-ერთი უძველესი ბერძნული ხელნაწერი მოგვითხრობს: "როცა კონსტანტინე დიდმა გადაწყვიტა ათონის მთის სიახლოვეს დედაქალაქის აშენება, იმ მხარის ეპისკოპოსს ღვთისმშობელი გამოეცხადა და უთხრა: "მე ეს მთა ჩემად ავირჩიეო". ეს რომ გაიგო კონსტანტინე დიდმა, ბრძანა: "ამ მიწის გამო ღვთისმშობელს დავას არ დავუწყებ და თუ ინებებს და ამ მთაზე ბერები დასახლდებიან, იქიდან ყველა მცხოვრებს გამოვიყვანო". იმპერატორმა თავის დედაქალაქად ბიზანტია აირჩია და კონსტანტინოპოლი უწოდა. ათონის მთაზე სამი ტაძარი ააშენა, მათ შორის ორი იქ, სადაც ღვთისმშობელმა ფეხი დადგა. ეს ტაძრები შემდგომში იულიანე განდგომილმა დაანგრევინა. IX საუკუნეში იმპერატორ ბასილი I-ის ბრძანებით, ათონის მთა ბერების სამკვიდრებლად გადაიქცა და ერისკაცებს იქ ცხოვრება აეკრძალათ. X საუკუნის ბოლოს იმპერატორ ალექსი I კომნენოსის ბრძანებით ათონზე ასვლა ყველა ქალს აეკრძალა. ხოლო 1046 წელს იმერატორმა კონსტანტინე მონომახმა ათონს ოფიციალურად "მთა წმინდა" უწოდა...
ათონის წმინდა მთა ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ბაღია და იქაურ მკვიდრთ უფლის დედის წყალობა ბოლო ჟამამდე არ მოაკლდებათ.
ათონის ნახევარკუნძულსა და ივერიას შორის დიდი სულიერი კავშირია. ღვთისმშობლის წილხვედრ ამ კურთხეულ მხარეებს აერთებს უდიდესი სიწმინდეც მართლმადიდებელი საქრისტიანოსი - ივერიის ღვთისმშობლის ხატი. წმინდა გადმოცემა ამგვარად მოგვითხრობს ხატის ამბავს: ბიზანტიაში იმპერატორ თეოფილეს ზეობისას (829-842 წწ.) მთელი ძალით მძვინვარებდა ხატმებრძოლობა. თეოფილემ შინაც კი აუკრძალა ქრისტიანებს ხატების თაყვანისცემა. მისი მსახურნი ყველგან შედიოდნენ, ეძებდნენ ხატებს და ანადგურებდნენ.
ამ დროს ნიკეის მახლობდად ერთი ქვრივი დედაკაცი ცხოვრობდა, რომელსაც ღვთისმშობლის სასწაულმოქმედი ხატი ჰქონდა. დედაკაცმა ხატს თავისი სახლის ახლოს მცირე საყდარი აუგო. მეფის მზვერავებმა თვალი მოჰკრეს ამ სიწმინდეს. ერთმა მათგანმა მახვილი ჰკრა ღვთისმშობლის ხატს. წამსვე ქალწულის ლოყიდან, ვითარცა სხეულიდან, სისხლი გადმოედინა. დედაკაცი დაჩოქილი ევედრა მეფის ხალხს, მაცალეთ განთიადამდე, ფულს შევაგროვებ და ხატის სანაცვლოდ მოგცემთო. მათი განშორებისთანავე თავისი ვაჟის დახმარებით ღვთისმშობლის ხატი ზღვის ნაპირას მიიყვანა, შეევედრა უფლის დედას, მერე კი სიწმინდე ზღვაში ჩაუშვა. ხატი წყალზე კი არ დაეცა, არამედ ზეაღიმართა და ტალღებთან ერთად დასავლეთისკენ გაცურა. დედაკაცმა მადლობა შესწირა უფალს და მის ყოვლადუბიწო დედას. დედა-შვილის ნიკეაში დარჩენა უკვე საშიში იყო. დედა მზად იყო, ქრისტესთვის მომკვდარიყო, თავისი ძე კი აკურთხა, სამშვიდობოს წასულიყო. ვაჟიც დაუყოვნებლივ წავიდა ჯერ თესალონიკში, შემდეგ კი ათონის მთაზე შედგა ბერად და დასახლდა კლემენტოს სავანეში, სადაც შემდგომში ქართველთა მონასტერი აშენდა. სწორედ მისგან შეიტყვეს ათონის მეუდაბნოე მამებმა ღვთისმშობლის ხატის ზღვაში ჩაშვების ამბავი. თუ სად იმყოფებოდა შემდგომ ღვთისმშობლის ხატი, მხოლოდ უფალმა უწყის.
XI საუკუნის დამდეგს, დიდ მარხვაში, ივერთა მონასტრის ბერებმა იხილეს ზღვაში აღმართული ნათლის სვეტი, რომელიც ზღვის ტალღებზე მდგომი ღვთისმშობლის ხატიდან მოდიოდა. გარშემო მონასტრებიდან უამრავი ხალხი შეიკრიბა. რაც უფრო უახლოვდებოდნენ ნავებით ხატს, ის უფრო განეშორებოდა. იხდიდნენ პარაკლისებს, ევედრებოდნენ ღვთისმშობელს, მაგრამ ის არ აძლევდა მათ თავის ხატთან მისვლის ნებას. ამ დროს ივერთა მონასტრის მიდამოებში, მიუვალ მთაზე წმინდა გაბრიელ ქართველი მოღვაწეობდა, კაცი ღვთის სათნო და ანგელოზთა მბაძავი. "წმინდა იოანე და ექვთიმე მთაწმინდელთა ცხოვრებაში" მოთხრობილია ამ ღირსი მამის ღრმა სულიერებაზე. სწორედ მას გამოეცხადა ღვთისმშობელი და უთხრა, - "აუწყე წინამძღვარსა და ძმებს, მსურს მივანიჭო მათ ჩემი ხატი შემწედ და მფარველად. შემდეგ კი შემოდი ზღვაში, რწმენით გაიარე მის ტალღებზე და მაშინ ყველა შეიტყობს თქვენი სავანისადმი ჩემს სიყვარულს". იმ დროს მონასტერს წმინდა იოანე წინამძღვრობდა, მაგრამ ნიკრისის სენს ლოგინზე მიეჯაჭვა და მონასტრის საქმეებს, ვითარცა იკონომოსი, მისი ძე, ექვთიმე განაგებდა. გაუხარდათ ღირს მამებს ღვთისმშობლის დიდი წყალობა. მეორე დღეს გალობით, ლიტანიობითა და საკმევლის კმევით მივიდნენ ეგეოსის ზღვის პირას. წმინდა გაბრიელი კი, ვითარცა მეორე პეტრე, შედგა ზღვის ტალღებზე, საკვირველად განვლო წყალი, იტვირთა ხელთ უდიდესი საუნჯე და კრძალვით ნაპირზე გამოაბრძანა. დაასვენეს მიწაზე ხატი და სამი დღე და ღამე მის წინაშე გალობა არ შეუწყვეტიათ. იქ, სადაც ხატი იყო დასვენებული, ეკვდერიც ააგეს. იქვე აღმოხეთქა სასწაულმოქმედმა წყარომ, რომელიც დღემდე მოედინება. ეს ამბავი ბრწყინვალე შვიდეულის სამშაბათს მოხდა. სამი დღის შემდეგ კი ხატი ივერთა მონასტრის მამებს საკურთხეველში აღარ დახვდათ - კარიბჭის კედელზე აღმოაჩინეს. ტაძარში შეაბრძანეს, მაგრამ ისევ უკან დაბრუნდა. ეს სასწაული რამდენჯერმე განმეორდა. ბოლოს ღვთისმშობელი ისევ წმინდა გაბრიელს გამოეცხადა და თავის წმინდა ნება აუწყა: "გამოუცხადე ძმებს, რომ მეტად აღარ გამომცადონ, რადგან არ მნებავს თქვენი მფარველობა, არამედ თვითონ მსურს ვიყო თქვენი მფარველიცა და მცველიც, არა მარტო ამ ცხოვრებაში, არამედ მომავალშიც. დაე ყველა ბერი, ვინც ამ მთაზე კეთილად და ღვთის შიშით იღვაწებს, სასოებდეს ჩემი ძისა და მეუფის მოწყალებას, რამეთუ მე გამოვითხოვე მისგან ეს ნიჭი და აჰა, იყოს თქვენდა სასწაულად: ვიდრე ამ სავანეში იხილვება ჩემი ხატი, არ მოგაკლდებათ ჩემი ძის მადლი და წყალობა". ღვთისმშობლის ნათქვამი რომ შეიტყვეს ივერიელებმა, კარიბჭესთან მცირე ტაძარი ააგეს და მისი სასწაულმოქმედი ხატი იქ დაასვენეს. მას შემდეგ ხატი ღვთისმშობლის გამორჩეულ ადგილზე ბრძანდება, რის გამოც "პორტაიტისად" - ქართულად "კარიბჭისად" იწოდება. ჩვენს წინაპრებს იმთავითვე დიდი სასოება ჰქონდათ "კარიბჭის" ღვთისმშობლისა. წმინდა ექვთიმე და ძმები ეკლესიაში არ შევიდოდნენ, "ვიდრე მუხლთა ზედა არა მოდრკიან და თაყვანისსციან წმიდასა ღმრთისმშობელსა, რომელ არს ბჭეთა ზედა" (წმინდა გიორგი მთაწმინდელი). 1821 წელს, ბერძენთა აჯანყებისას, თურქებმა ათონის მთა დაიკავეს. დიდი განსაცდელი მოიწია, ბერთა უმეტესობამ იქაურობა მიატოვა. დარჩენილნიც გაქცევას აპირებდნენ, რადგანაც იფიქრეს, ღვთისმშობელმა მიგვატოვაო. ამ დროს უფლის დედა მრავალ მეუდაბნოე მამას გამოეცხადა და უთხრა: "რისი შეგეშინდათ? ეს ყველაფერი გაივლის და აქაურობა კვლავ მონაზვნებით გაივსება. აი, გაძლევთ ნიშანს, ვიდრე ივერიის მონასტერში იმყოფება ჩემი ხატი, ნურაფრის გეშინიათ, ხოლო როცა ივერთა მონასტრიდან გამოვალ, მაშინ ყველამ აიკიდეთ აბგები და საითაც გინდათ, იქით წადითო".
გაგრძელება იხილეთ შემდეგ გვერდზე
ივერიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატთან დაკავშირებით ასევე შეგიძლიათ წაიკითხოთ სხვა სტატიები - გადადით ლინკზე
XVII საუკუნის ღირსი მამის, წმინდა ნილოს მირონმდინარის წინასწარმეტყველებით, როცა ივერიის ღვთისმშობელი დატოვებს ათონის მთას, მაშინ მთაწმინდას გადაეხსნება ღვთისმშობლის საფარველი. სანამ ღვთისმშობელი წასვლას დააპირებს, ივერონს მიწისძვრა შეარყევს, ხოლო როცა ივერიის ღვთისმშობელი დატოვებს ათონს, "ყველა ეკლესია დაიხრება მხსნელის წაბრძანების გამო" (მამათა განმარტებით, მონასტრებს ან მწვალებლები დაიპყრობენ, ანდა მიწისძვრა დაანგრევს - როგორც XIX საუკუნის რუსი მამა სერგი (ვესნინი) წერს, ათონის ნაპირებზე ხშირად უნახავთ ახალგაქვავებული ლავა). წმინდა ნილოსიც ამასვე შთააგონებს ბერებს, - ვიდრე ივერიის ღვთისმშობელი თავის ადგილზეა, ნურავინ დატოვებთ ათონსო.
მამა სერგის (ვესნინი) 1844 წელს ათონურ დღიურში ჩაუწერია: "ზოგიერთები ამბობენ, რომ ეს ხატი ბოლო ჟამს, უფლის მეორედ მოსვლის წინ, წავა აქედან თავის პირველ სამყოფელში, ივერიაში, ანუ ჩვენს საქართველოში. შარშან, ჩემი აქ ყოფნისას, ათონის მთაზე გავრცელდა ხმა, რომ პორტაიტისა ეკლესიის გარეთ უნახავთ, თითქოსდა მზად იყო დაეტოვებინა სავანე".
ამრიგად, ივერიის ღვთისმშობლის ხატის საქართველოში მობრძანებით უფლის დედის მეორე კვართი გადაეფარება ჩვენს სამშობლოს და იხსნის ივერიელთ ანტიქრისტეს ხელთაგან, ალბათ ამიტომ ბრძანებს მამა ლავრენტი ჩერნიგოველი, ანტიქრისტე საქართველოში ვერ გაბატონდებაო. თუმცა ერთი თარიღიც უნდა ვახსენოთ: 1921 წლის 25 თებერვალი - საქართველოს გასაბჭოების დღე. 25 თებერვალს (ძვ. სტ. 12 თებერვალს) ივერიის ღვთისმშობლის ხატის ხსენების დღეა. ქართველმა ხალხმა ანტიეროვნული, ანტიქრისტიანული მენშევიკური მთავრობა აირჩია და ღვთისმშობლისაგან ჩვენზე სასჯელი მოიწია, 78 წელი უფრო საშინელი, კომუნისტური ჯოჯოხეთი გამოგვატარა. მართლაც, ვისაც ყურნი სმენად გვაქვს - ვისმინოთ!
"პორტაიტისა" (ზომით 1,37მX0,9მ) ქაიხოსრო ჯაყელის საფასითა და სამცხის ეპისკოპოსის ამბროსის ღვაწლით მოუჭედავს ქართველ ოსტატს. ხატის ოქროცურვილი ვერცხლის პერანგზე შემორჩენილი ქართული წარწერა ალბათ ერთადერთი მაუწყებელია ქართველთა ამ მონასტერში ცხოვრებისა. დანარჩენი ქართული წარწერები ბერძნებს წაუშლიათ. დეკანოზი პეტრე კონჭოშვილი (შემდგომში მღვდელმთავარი) თავისი პილიგრიმობის ამსახველ წიგნში ბრძანებს: ათონზე მცხოვრებმა ქართველებმა მითხრეს (1899 წელს), ივერიის მონასტრის ბერძენთა კრებულს ქ. მოსკოვში მოემზადებინა ახალი კვართი (პერანგი) ივერიის კარის ღვთისმშობლის ხატისთვის, ბერძნული წარწერით, "რომელიც მე თვითონ მიჩვენა ბერძნის იღუმენმა. მაგრამ განძარცვა ძველის ოქროჭედილის პერანგისა, შეწირულისა ქართველის ეპისკოპოზის ამბროსისაგან და შემოსვა ღვთისმშობლის ხატისა ახალი პერანგით ვეღარ იკადნიერეს, რადგანაც ერთ ბერძენს ძმათაგანს ჩვენება უხილავს, რომ არ გაჰბედონ შეხება მის წმინდა ხატისა, გაძარცვა ძველის პე-რანგისა და შემოსვა ახლისა". შემდგომში ახალი პერანგით ძველი დაფარეს. ასე იყო ძალიან დიდხანს. ამ ათი-თორმეტი წლის წინ ივერიის ღვთისმშობლის ხატს მოხსნეს რუსეთში გამზადებული პერანგი და დატოვეს ქართული კვართით. ზოგმა ქრისტიანმა ამაში რუსეთის ხელისგან საქართველოს გათავისუფლების წინასწარმეტყველება დაინახა.
"პორტაიტისას" ხატის წინ კიდია 14 უქრობი კანდელი. ტაძრის მოვლა-პატრონობა და ხატის მსახურება ევალება ღმრთისმოსავ და კეთილმსახურ მღვდელ-მონაზონს, რომელსაც ირჩევს მთელი საძმო. ის ყველა სხვა სამონასტრო საქმისაგან თავისუფალია და დღედაღამ ტაძარში იმყოფება, სადაც აღავლენს წირვა-ლოცვასა და პარაკლისებს. სასწაულმოქმედია მთელ მსოფლიოში გაფანტული "პორტაიტისას" ასლები. მისი კანონიერი ასლი კი 1989 წელს ჩამობრძანდა საქართველოში.
"პორტაიტისას" სასწაულთაგან რამდენიმეს მოგითხრობთ:
გადმოცემის თანახმად, IX საუკუნეში, იმპერატორ თეოფილეს მმართველობის დროს, ქრისტიანებს დევნიდნენ, ხატებს კი ანადგურებდნენ. ქალაქ ნიკეაში ვაჟთან ერთად ქველმოქმედი ქვრივი ცხოვრობდა და ღვთისმშობლის ხატის წინაშე ხშირად ლოცულობდა. ხატების გასანადგურებლად მის სახლშიც მივიდნენ. ერთ-ერთმა ჯარისკაცმა ღვთისმშობლის ხატს სახეში შუბი აძგერა და ხატს სახიდან სისხლი წამოუვიდა. შეშინებული ჯალათები გაიქცნენ.
თავზარდაცემულმა შეინანა დანაშაული, იწამა ძე ღვ-თისმშობლისა, უფალი ჩვენი იესო ქრისტე, და მოინათლა.
აქვე დარჩა და მცირე ხანში ბერადაც აღიკვეცა. იგი მთელი სიცოცხლის მანძილზე ტირილით ევედრებოდა მამებს, მისთვის ბერობის სახელი დამასკინოსი კი არ ეწოდებინათ, არამედ "ბარბაროსი". მკაცრი დაყუდებული ცხოვრებით ბერმა სასწაულმოქმედების მადლს მიაღწია. ახლა წმინდა ბარბაროსი ივერიის ღვთისმშობლის ტაძარშია დახატული - შავი, როგორც მოსე ავაზაკყოფილი და ხელთ უპყრია მახვილი, ისარი და მშვილდი.
ალექსი კომნენოსის მეფობის დროს ათონის მთის ყველა ბერძნული მონასტერი დაცარიელდა რაღაც მავნე მწერების შემოსევის გამო. ზეციური მეკარის - ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის შეწევნით, ქართველ მამებს არ მიუტოვებიათ მონასტერი და ძველებურად განაგრძობდნენ ცხოვრებას.
მიტროპოლიტმა ტიმოთე გაბაშვილმა XVIII საუკუნეში ათონის მთა მოილოცა. ერთ ადგილას მას ხანძრის კვალი შეუნიშნავს და მიზეზი უკითხავს. მისთვის განუმარტავთ: ამ ორი წლის წინ ერთმა ბერმა ღამით შეაღო ტაძარი სალოცავად და იხილა ბრწყინვალედ მოსილი ქალი, რომელმაც განცვიფრებულ ბერს უთხრა: - წადი, აცნობე ძმებს, თქვენი მონასტერი იწვის-თქო. ბერმა განგაში ატეხა და ცეცხლი სწრაფად ჩააქრეს. ამგვარად გადარჩა ივერთა სავანე.
ივერიის ღვთისმშობლის ხატის სასწაულები
ივერიის ღვთისმშობლის ხატის მადლით მრავალი სასწაული აღესრულებოდა ადრეც და აღესრულება ახლაც.
ბევრჯერ, უკიდურესი გაჭირვების ჟამს, როცა მონასტერს საკვების მარაგი სრულიად გამოლევია, დამწუხრებულ წინამძღვარს ყოვლადწმინდა ქალწული გამოსცხადებია და უთქვამს: "რად სწუხხარ, შვილო, წადი და იხილე სავსე ბეღელიო". წმინდა ქალწულის ზრუნვით, ავსებულა მონასტრის ბეღელი, ზეთისხილისა თუ ღვინის ყველა ჭურჭელი.
1259 წელს ათონის ნახევარკუნძული და მათ შორის ივერთა მონასტერი ლათინებმა დაარბიეს, გაძარცვეს. ქართველებმა ივერიის ღვთისმშობლის ხატის გადამალვა მოასწრეს. დარჩენილი ქონება მტერმა გაზიდა, სიგელ-გუჯრები დაწვა, მონაზონთა ნაწილი ამოხოცა. XII საუკუნის 80-იან წლებში ლათინებმა ათონი კვლავ დაარბიეს. ბერებს კათოლიკეობის მიღება მოსთხოვეს. ქართველი მამები არ დათანხმდნენ მოძალადეთა მოთხოვნას. მტრებმა ნაწილი ივერიელებისა რომში წაიყვანა და მონად გაყიდა, 200 ბერი კი, ძირითადად მხცოვანი მამები, ზღვაში დაახრჩეს. ლათინებს გაუტაციათ ივერიელ მამათა წმინდა ნაწილები.
მძიმე იყო მონასტრისთვის XIV საუკუნის დამდეგი: იქაურობა 1304 წელს თურქებმა დაარბიეს, ორი წლის შემდეგ - კატალონიელებმა, კიდევ ორი წლის მერე - არაბებმა. არაბები 15 ხომალდით შემოადგნენ ათონის მთას, ალყა შემოარტყეს ივერთა მონასტერს. ბერებმა ხელი სტაცეს წმინდა ჭურჭელს, კარიბჭის ღვთისმშობელს და თავი ციხე-კოშკს შეაფარეს. მტერმა სავანის გაძარცვა არ იკმარა, გადაწყვიტა ტაძრის მთავარი გუმბათი ჩამოენგრია. გამოაბეს თოკები გუმბათის შემაკავებელ მარმარილოს სვეტებს და გამალებით ეწეოდნენ. ამის მხილველმა ბერებმა ღვთისმშობელს შეჰღაღადეს. ზეციურმა დედოფალმა შეისმინა მათი ვედრება. ამოვარდა ქარი, აღელდა ზღვა და მთელი ფლოტი ზღვის უფსკრულში დაინთქა. მხოლოდ ის გემი გადარჩა, რომელშიც არაბთა მეთაური ამირა იჯდა. მან თავს მოწევნული ღვთის რისხვად აღიარა, მამებს ნაძარცვი დაუტოვა და გაიქცა.
ერთხელ თურმე მონასტრის კარს მშიერი გლახა მიადგა და პური ითხოვა. დარაჯმა რატომღაც უარით გაისტუმრა მთხოვნელი. მწირი მოშორებით ერთ ქვაზე ჩამოჯდა და მწარედ ატირდა. ამ დროს მან იხილა უმშვენიერესი ქალწული ყრმით, რომელმაც ოქროს მონეტა გაუწოდა მაშვრალს. მწირი მონასტერში დაბრუნდა და პურის საფასურად ეს ოქრო შესთავაზა. დარაჯმა დაინახა, რომ მონეტა კარიბჭის ღვთისმშობლის ხატისადმი შეწირულობიდან იყო, სასწრაფოდ ჩამორეკა ზარები და შეკრებილ მამებს ეს ამბავი ამცნო. გამოცხადების ადგილას მისულმა ბერებმა ვერავინ იპოვეს, მაგრამ სასწაულის სადიდებლად იქ პატარა სამლოცველო ააგეს.
1821 წელს ივერიის მონასტერში თურქი ჯარისკაცები ჩასახლდნენ. ღამით მათ რამდენჯერმე შეამჩნიეს შავოსანი ქალი ყრმით ხელში. თურქებმა მონასტრის დარაჯს, დიაკვან გრიგოლს, მოსთხოვეს, მათთვის ამ ქალის ვინაობა ეთქვა. როცა პასუხი ვერ მიიღეს, სასტიკად აწამეს იგი. ნაცემმა და სისხლიანმა გრიგოლმა კარიბჭის ღვთისმშობლის ხატთან მიიყვანა ისინი, ხატზე მიუთითა და უთხრა: "ეს არის". დამფრთხალი ჯარისკაცები მყისვე გაეცალნენ იმ ადგილს.
ათონური გადმოცემა მოგვითხრობს: ერთხელ მღვდელმა, რომელსაც ივერიის ღვთისმშობლის ტაძარში ყოველდღიური წირვა-ლოცვის და პარაკლისის გადახდა ჰქონდა დავალებული (იგი უეჭველად მღვდელ-მონაზონი ბენედიქტე ქიოტიშვილი იქნებოდა, თურქებმა ივერონის მონასტერში წირვა-ლოცვის ნება მხოლოდ მას დართეს), თვალი მოჰკრა შავოსან ქალბატონს - ცოცხით გვიდა მონასტრის ეზოდან. მღვდელი გაქვავდა. ბოლოს მხნეობა მოიკრიბა და ჰკითხა: - რას აკეთებო. უცნობმა უპასუხა: - მოვიდა დრო, რომ გავწმინდო იგი, რადგან ამდენი წელი არავის დაუგვიაო.
მამა პაისი ათონელი ამგვარად ჰყვება ამ ამბავს: თვითონ ღვთისმშობელმა გამოართვა ცოცხი ეზოში მომუშავე ბერს - კარგად დაგვა არ შეგძლებია, მომეცი ცოცხი, თვითონ გამოვწმენდო.
ამ ამბავს თომას კვირაში ღამისთევის ლოცვით იხსენებენ.
1875 წელს ძლიერმა ხანძარმა ივერთა სავანეში 16 ეკლესია გაანადგურა. ხანძარს სასწაულებრივად მხოლოდ ის ტაძარი გადაურჩა, რომელშიც ივერიის ღვთისმშობლის ხატი იყო დასვენებული.
ცნობილია მრავალი შემთხვევა, როდესაც ივერიის ღვთისმშობლის ხატის წინაშე მხურვალე ლოცვამ სასწაულებრივად განკურნა მძიმე სენით შეპყრობილი იმედგადაწურული ავადმყოფები.
უწმინდურ ადამიანებს სასწაულმოქმედი ხატი მონასტერში არ უშვებდა. ცოდვით დამძიმებულნი ვერც ლიტანიობაზე ჩამოტარებისას უძლებენ ხატის სიმძიმეს, ხოლო ურწმუნონი მისთვის სურათის გადაღებასაც ვერ ახერხებენ.
გაგრძელება იხილეთ შემდეგ გვერდზე
ივერონის სასწაულმოქმედი კანდელი
ივერთა მონასტრის ღვთისმშობლის მიძინების ტაძარში, სამეუფო კარის წინ კიდია დიდი, უძველესი ვერცხლის კანდელი, რომელიც მღვდელ-მონაზონ ბენედიქტე ქიოტიშვილს 1834 წელს შეუწირავს. ეს კანდელი უცნაური და იდუმალებით მოცულია, ხილული საოცრებაა, ვინაიდან არ ემორჩილება სიმძიმის ძირითად კანონს და დიდი ხნის განმავლობაში მოძრაობს თავისთავად, უხილავი ძალით, რიტმულად და ჰორიზონტალურად. ეს სასწაული ხდება დიდ დღესასწაულებზე, წირვისა და ლოცვის დროს, ჩვეულებრივ დღეებში კი მოულოდნელად და უეცრად, მიუხედავად იმისა, არის თუ არა ლიტურგია. დღესასწაულებზე კანდელი მოძრაობას იწყებს ღამის თევის დროს, ღვთისმსახურების მთავარი ნაწილის დაწყებისას, როცა სასიხარულო ჰიმნებსა და საგალობლებს უგალობენ უფალს და ადიდებენ დედოფალს - ღვთისმშობელს და ზეიმისთვის ტიპიკონის მიხედვით ინთება შანდლები და ტაძრის ყველა სასანთლე.
გადმოცემით, დღესასწაულებზე კანდელის თავისთავად მოძრაობა თვალხილული ნიშანია იმისა, რომ ღვთისმშობელი იმ დროს თავის ტაძარში იმყოფება. კანდელის მოძრაობა ჩვეულებრივ დღეებში მოასწავებს უბედურებას ქვეყნის¬თვის - მიწისძვრას, ომს ან სასიკვდილო ეპიდემიას.
ივერთა მონასტრის მატიანე მოგვითხრობს ასეთ საკვირველ შემთხვევას: ერთხელ ტაძრის ახალგაზრდა მნათემ იფიქრა, რომ კანდელის მოძრაობა დამოკიდებული იყო ქარის ქროლაზე. დასამძიმებლად ქვიშა ჩაყარა კანდელის გარე სათავსში - კანდელი აღარ იმოძრავებსო. მაგრამ პირველივე ღამეს, როცა ტაძარში შევიდა თავისი მოვალეობის შესასრულებლად, საოცრება იხილა. კანდელი, სიმძიმის გამო, მოწყვეტილიყო საკიდს და იატაკზე ეგდო. მაგრამ მაინც ენთო, თითქოს არაფერი მომხდარაო. შეშინებულმა მნათემ გადმოყარა ქვიშა, კანდელი ძველ ადგილს დაუბრუნა და თვალცრემლიანი გაიქცა თავისი შეცდომის სათქმელად. ყველას ამცნო ახალი სასწაული და ადიდა კარიბჭის ღვთისმშობელი, რადგან ამ გზით გამოიყვანა იგი ურწმუნოებიდან და ასწავლა, რომ "სადაც ღმერთის განგებაა, იქ ბუნების კანონები მარცხდებიან".
ათონელთა მოწმობით, თურმე თურქეთის ჯარების კვიპროსზე თავდასხმის წინა დღეებში კანდელი ისე ძლიერად მოძრაობდა, რომ ზეთი იღვრებოდა.
ივერთა მონასტრის მამები ყურადღებით ადევნებენ თვალს საკვირველმოქმედ კანდელს. როცა იგი ჩვეულებრივ დღეებში განსაკუთრებით ძლიერად იწყებს მოძრაობას, აცნობებენ ხოლმე ათონის მთის ყველა მონასტერს და აღევლინება ერთობლივი ლოცვა ყოვლადწმინდა ღვთისმშობლისადმი. ამ მოვლენის შესახებ გადასცემენ განდეგილ მამებსაც თხოვნით, გააძლიერონ ლოცვა და გააღრმაონ მარხვა.
ივერიის ღვთისმშობლის ხატის ასლები
ცნობები ივერიის ღვთისმშობლის სასწაულმოქმედი ხატის ძალის შესახებ მთელ მსოფლიოში ვრცელდებოდა. მართლმადიდებლური სამყაროს ყველა ავტოკეფალიურმა ეკლესიამ უდიდეს სიწმინდედ შერაცხა იგი და პატივად მიიჩნია საკუთარ წიაღში მისი დამკვიდრება. მსოფლიოში ივერიის წმინდა ღვთისმშობლის ხატის რამდენიმე ასლი არსებობს და ყოველი მათგანი ისეთსავე სასწაულმოქმედ ძალას ფლობს, როგორსაც IX საუკუნეში უგუნური მხედრის მიერ მახვილდაკრული ორიგინალი.
ალბათ ბევრმა არ იცის, რომ დიდუბის ეკლესია იქ, სადაც წმინდა მეფე თამარმა ჯვარი დაიწერა, ივერიის ღვთისმშობლის სახელზე ყოფილა აგებული, რომელსაც, ეგზარქოს პალადის ბრძანებით, ყაზანის ღვთისმშობლის ხატის სახელზე აგებული უწოდეს (იხ. პატრიარქ კალისტრატე ცინცაძის "მოგონებანი").
9 აპრილიდან ზუსტად 6 თვის თავზე, 1989 წლის 9 ოქტომბერს, საქართველოში ათონის მთიდან ჩამობრძანდა ივერიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატის საგანგებოდ შესრულებული ასლი, რომელსაც ოფიციალურ სიგელში "კანონიერი ასლი" ეწოდება. კანონიერი ასლი დედნის არა მარტო ფიზიკურ, არამედ სულიერ მსგავსებასაც წარმოადგენს და მისი დაზიანების, დაკარგვისა და განადგურების შემთხვევაში დედნის მნიშვნელობას იძენს.
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორეს თხოვნით მიუმართავს ივერიის მიწაზე სტუმრად მყოფი ათონელი ბერებისათვის, რათა კარიბჭის ხატიდან საქართველოსთვის ასლი გადაეღოთ. ორიოდე წელიწადში ხატი დაასრულეს. იგი ორმოცი დღის განმავლობაში მიდებული ჰქონდათ დედანთან, რათა მისგან მადლი და ნიჭი მიეღო. ხატის კურთხევა ივერიის ღვთისმშობლის ტაძარში შესრულდა. მის შექმნასა და სიონში ჩამობრძანებაზე ჟურნალ "კარიბჭის" ჟურნალისტს ესაუბრა დეკანოზი ამირან ამირანაშვილი:
- როდესაც ხატის ასლი შეიქმნა ათონის წმინდა მთაზე, მხატვარმა შეგნებულად აარიდა თავი დეტალების სიზუსტეს, იმის შიშით, რომ მადლი არ გამოსულიყო მონასტრის კარიბჭის მცველი ხატიდან. მიუხედავად მათი მცდელობისა, სასწაული მაინც მოხდა: ცნობილია, რომ იმ ადგილას, სადაც ხატი ზღვიდან გამოაბრძანა ღირსმა მამა გაბრიელ ქართველმა, წყარომ ამოხეთქა. მოგვიანებით, ათონის წმინ¬და მთის კეთილმოწყობისას, სამი მილით ამ წყაროს წყალი თანაბრად მიეწოდებოდა მონასტრებს. როდესაც ჩვენმა დელეგაციამ ივერიის ღვთისმშობლის ხატის ასლთან ერთად დატოვა მონასტერი, წმინდა მთა პანიკამ მოიცვა, რადგან სამივე მილში იკლო წყლის დონემ. ყველა მონასტრიდან მოვიდნენ ბერები, ილოცეს, მაგრამ ამაოდ - წყაროზე დაიკლო ჭავლმა, ერთ მილში კი წყალი მთლიანად დაშრა.
წმინდა ხატმა ხილული სასწაული თბილისშიც მოახდინა. უწმინდესის ლოცვა-კურთხევით ივერიის ღვთისმშობლის ხატი ოქროს პერანგით უნდა შემოსილიყო. როდესაც გახსნეს ხატის საცავი, რომელიც სისქით 20-25 სანტიმეტრია, იხილეს საოცრება - მინაზე გადმოსულიყო ხატის ზუსტი ასლი. ჩვენს გაოცებას საზღვარი არ ჰქონდა. მთელი საქათველოდან, ჩვენი მეზობელი ქრისტიანული ქვეყნებიდან უწყვეტ ნაკადად მოდიოდნენ მომლოცველები. ზოგმა სამეცნიერო კვლევაც ჩაატარა, მაგრამ სასწაული ვერავინ ახსნა. ამჟამად ხატის საცავი, რომლის მინაზე ახლაც შეგიძლიათ იხილოთ ივერიის ღვთისმშობლის ხატის ასლი, ბრძანდება ტაძრის ჩრდილოეთ ეკვდერში, რომელიც წმინდა ვახტანგ გორგასლის სახელობისაა.
ივერიის ღვთისმშობლის ხატის საკვირველმოქმედი ასლი განსაკუთრებული სამკაულია კახეთის მიწაზე, ბოდბის დედათა სავანეში დაკრძალული ქართველთა განმანათლებლის, წმინდა ნინოს საფლავისა. ის ათონის მთაზე დაიწერა 1905 წელს. გასაბჭოების შემდეგ გაუქმებულ სავანეში საავადმყოფო გაიხსნა. ივერიის ხატს მისი პერსონალი მაგიდად იყენებდა. რამდენიმე მონაზონი მოწყალების დის სახით მონასტერში დარჩა და ფარულად ემსახურებოდა წმინდა ნინოს საფლავს.
მონასტრის მახლობლად ცხოვრობდა კეთილმორწმუნე ქალი რაისა, დედამისი რენტგენის კაბინეტში სანიტრად მუშაობდა. ერთ-ერთ მონაზონს, რუსეთიდან ჩამოსულ დედა მაგდალინას გაგონილი ჰქონდა, წმინდა ნინო ფეხით ჩავიდა საქართველოშიო და მის საფლავთან დამკვიდრება ისურვა. დედა მაგდალინა ხატმწერიც ყოფილა. მას უთხოვია რაისას დედისთვის, როგორმე გამოვითხოვოთ ხატი და მე აღვადგენ დაზიანებულ ნაწილებსო. მანამდე ასეთი რამ მომხდარა: რენტგენის კაბინეტის ექიმს ხატი შინ წაუღია და მაგიდად იყენებდა. მალე შვილი მძიმედ გახდომია ავად. სიზმარში ექიმს ღვთისმშობელი გამოსცხადებია - სანამ ხატს ადგილზე არ დააბრუნებ, შენს შვილს არაფერი ეშველებაო.
შეშინებულ ექიმს სიწმინდე უკანვე დაუბრუნებია, მაგრამ მიზეზი ვერ გაუმხელია. მაშინ რაისას დედას შეუთავაზებია, - ჩამოვწეროთ, როგორც უვარგისი ინვენტარი და აქაურობას მოვაშოროთო. ასეც მოქცეულან. დედა მაგდალინამ რაისას სახლში აღადგინა ეს სიწმინდე, მოგვიანებით კი ჩარჩოში ჩაუსვამთ და კვლავ პირვანდელ ადგილზე დაუბრძანებიათ.
ივერიის ღვთისმშობლის ბოდბისეულ ხატთან დაკავშირებით კიდევ ერთ სამწუხარო ამბავს ჰყვებიან: ერთ-ერთმა გულმხურვალე ჩეკისტმა ღვთისმშობელს სახე სასტიკად დაუსერა, რის გამოც მალე დაისაჯა კიდეც - საღ-სალამათი მოულოდნელად გარდაიცვალა. მამის ცოდვა შვილებზე, მთელ მის შთამომავლობაზე გადავიდა და ერთმანეთის მიყოლებით მთელი ოჯახი ამოწყდა.
გაგრძელება იხილეთ შემდეგ გვერდზე
"კარიბჭისად" წოდებული ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატის კიდევ ერთი ასლი მცხეთის სამთავროს დედათა მონასტერში ბრძანდება. წარწერიდან ვიგებთ, რომ იგი, მღვდელ-მონაზონ პავლე ჯაფარიძისა და სქიმმონაზონ მაკარის კურთხევით, ივერონის მონასტერში მოღვაწე მღვდელ-მონაზონ ილიას დაუწერინებია. ხატი 1912 წელს საგანგებოდ სამთავროს მონასტრისთვის შესრულდა, ჩამო-ბრძანების დღიდან იქ იმყოფება და მფარველობს სავანეს.
ხატი სასწაულმოქმედია. XVIII საუკუნის დასასრულსა და XIX საუკუნის დასაწყისში მონასტრის იღუმენია ნინო ამილახვარი ყოფილა. მას შეუვსია ანკეტა, სადაც სასწაულმოქმედ ხატებად სწორედ ივერიის ღვთისმშობლისა და მონასტერში არსებული წმინდა ნინოს ნაწილებიანი ხატები დაუსახელებია.
მართლაც, შეამჩნიეს, რომ დიდი განსაცდელის ჟამს დედა ღვთისმშობელს თვალებიდან ცრემლი სდის ხოლმე. პირველი ასეთი შემთხვევა 1914 წელს, - როგორც ჩანს, პირველი მსოფლიო ომის დაწყების წინ, - მომხდარა.
1921 წელს საქართველოს დროებითი მთავრობის წევრები ნოე ჟორდანიას ხელმძღვანელობით მოსალოცად სამთავროს დედათა მონასტერში მოვიდნენ ამ დროს ღვთისმშობლის სასწაულმოქმედი ხატი ატირდა. ისინი გაკვირვებით უყურებდნენ, ვერ გაეგოთ რა ხდებოდა.
ხატის წინ დაკიდებული კანდელის ზეთს სასწაულმოქმედების უნარი აქვს. ერთ ასეთ ამბავსაც მომიყვნენ: ერთ-ერთ მონაზონს, სანამ მონაზვნად აღიკვეცებოდა, თირკმელი აწუხებდა. ექიმების აზრით, ოპერაცია გარდაუვალი იყო. სამთავროს მონასტრის დედებმა ურჩიეს ავადმყოფს, ღვთისმ-შობლის კანდელის ზეთი დალიეო. იგი ასეც მოიქცა და ყოველგვარი ოპერაციის გარეშე სასწაულებრივად განიკურნა.
ღვთის განგებით, საქართველოში შემობრძანებული ივერიის ღვთისმშობლის ხატის პირველი ასლი გახდა სრულიად კავკასიის მფარველი. იგი კეთილმორწმუნე თამარმა მიუძღვნა ოსეთის სოფელ მარიამკაუს ახალმოქცეულ ქრისტიანებს. ხატი სამგზის უვნებლად გადაურჩა ხანძარს და დროთა განმავლობაში მართლმადიდებელთა სათაყვანებელ სიწმინდედ იქცა. როდესაც 1768 წელს რუსეთის დედოფლის, ეკატერინე მეორის განკარგულებით ოსებს მშობლიური სოფლის დატოვება და უცხო მხარეში გადასახლება მოუწიათ, მათ თან წაიღეს საკვირველმოქმედი ხატიც. მდინარე თერგის ნაპირას, ქალაქ მოზდოკთან სასწაული მოხდა: ღამის გასათევად დაბანაკებული ხალხის თვალწინ ხატი გაბრწყინდა და მთელ ბანაკსა და ახლომდებარე ადგილებს ზეციური ნათელი მოჰფინა. ერთ-ერთ ოსს ძილში ჰქონდა ხილვა - ღვთისმშობელს სურდა, ხატი აქვე დაეტოვებინათ. მართლაც ასე მოხდა: მეორე დღეს, დიდი ძალისხმევის მიუხედავად, ხარებმა, რომელთაც უნდა ეტარებინათ ურემზე დაბრძანებული წმინდა ხატი, ფეხი არ მოიცვალეს. მოზდოკის ეპისკოპოსმა გაიოზმა ამ ხატისთვის სამლოცველო ააშენა. 1796-1799 წლებში მის ადგილას აიგო ტაძარი ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის სახელზე, რომელთანაც მალე დედათა მონასტერი დაარსდა. სავანე გაუქმდა ორიოდე წლის შემდეგ, მოზდოკის ეპარქიასთან ერთად. XIX საუკუნის მიწურულს მოზდოკელებმა დიდებული ტაძარი აღაშენეს ივერიის ღვთისმშობლის ხატის პატივსაცემად.
გადმოცემით, როდესაც კავკასიის ომის დროს შამილი მოზდოკს მიუახლოვდა, მას ხილვაში გამოეცხადა თეთრად მოსილი ქალი და უბრძანა, ქალაქს არ მიჰკარებოდა.
საკვირველმოქმედი ხატის დიდება მთელ კავკასიაში გავრცელდა. ხალხი ღვთისმშობელს აღთქმას აძლევდა და შორეული ადგილებიდან ფეხით მოდიოდა მის მოსალოცად. ხატი ყოველ წელს გადაჰქონდათ ვლადიკავკაზში, სადაც ერთი თვით რჩებოდა. მორწმუნეთა თხოვნით, იგი კავკასიის სოფლებშიც მოგზაურობდა. მისგან მოედინებოდა საკვირველებანი და მადლმოსილი კურნებანი.
ივერიის ღვთისმშობლის ხატი დიდხანს მცველად ედგა აფხაზეთს. ივერიის ხატის გამოცხადებამდე აფხაზეთის მადლმოსილმა მიწამ მიიღო და გულში ჩაიკრა უფლის მოციქული, სვიმონ კანანელი და მღვდელმთავარი წმინდა იოანე ოქროპირი, რომელიც ბიჭვინთას მიმავალი გამოეთხოვა წუთისოფელს და სამოციქულო ეკლესიას უსახსოვრა ღვთისმოსაობის მაგალითი: მას შემდეგ, რაც ყოველგვარი უბედურება გადაიტანა - სნეულებანი, მწუხარება, დევნა, მტრობა, სიძულვილი, წმინდა იოანე ოქროპირმა წარმოთქვა: "დიდება ღმერთს ყველაფრისთვის". წმინდა იოანე კომანში დაკრძალეს, წმინდა მღვდელმოწამე ვასილისკოს წამების ადგილის მახლობლად, ხოლო მოგვიანებით კონს-ტანტინოპოლში გადაასვენეს. ასეთ წმინდა ადგილებს ზემოდან დაჰყურებს ივერიის ანუ ანაკოფიის მთა, რომელსაც ეს სახელი ეწოდა იმის გამო, რომ აქ, გადმოცემით, გამოცხადდა ივერიის ღვთისმშობლის ხატი. აქაურები უძველესი დროიდან ეთაყვანებოდნენ ამ მთას, რომლის მწვერვალზეც XX საუკუნის დასაწყისში აიგო მცირე სამლოცველო საკვირ-ველმოქმედი ხატის პატივსაცემად.
კომანის სავანის აღმდგენლის გიორგი ანუას ქალიშვილი მანანა ანუა ჰყვება:
ჩვენ მოვესწარით იღუმენია თეოფილას, რომელიც 102 წლისა იყო... დედა თეოფილამ გვითხრა, რომ აქ უნდა აღდგეს მონასტერი. არის ასეთი წინასწარმეტყველება, კომანზე გამოცხადება იყო ღვთისმშობლის, თითქოს მთელ კომანზე იყო ღრუბელი - მფარველობა ყოვლადწმინდა ღვთისმშობლისა... უწმინდესი ჰყვებოდა, რომ მისი მსახურებისას, ილიაობას, წმინდა ვასილისკოს წყაროზე გაჩნდა ღრუბელი. ამ ღრუბელზე იდგა ღვთისმშობელი ყრმით ხელში და წმინდა ილია წინასწარმეტყველი ეტლზე. ეს რომ მოსახლეობამ დაინახა, გაოგნდა და შეშინდა. დღესაც ახსოვთ იმ ადამიანებს, ისინი უკვე ხანდაზმულნი არიან, რა ფერებში იყვნენ, რა ეცვა დედა ღვთისმშობელს. მიუხედავად იმისა, რომ ისინი არაეკლესიურნი იყვნენ, ზუსტად აღწერენ ჩაცმულობას, ფერებს, ეტლს. უწმინდესმა გვითხრა, რომ დიდხანს გრძელდებოდა ეს გამოცხადებაო.
დასასრული იხილეთ შემდეგ გვერდზე
აფხაზეთის ომში
ძალზე შთამბეჭდავია იღუმენია ელისაბედის (ზედგენიძე) მონათხრობი სოხუმის დაცემის დღეებზე. გახსოვთ ალბათ, მორიგი ზავის შემდეგ მტერმა მოულოდნელად შეუტია სოხუმს. მონასტერში მარტო დარჩენილი დედები შიშით უცქერდნენ იმ საშინელებას, რაც სოხუმის ქუჩებში ხდებოდა. განსაკუთრებული რწმენით ევედრებოდნენ ივერიის ღვთისმშობელს, მისი წმინდა ხატის წინაშე და უფლის დედამაც დაიფარა ისინი, მათ სახლში არავინ შემოსულა. განთიადისას კარზე ბრახაბრუხი ატყდა, თურმე ქართველებს მაშველი ჯარი მოუვიდა, ხოლო ნაომარი ბიჭები, სამასი კაცი სამადლობელოდ მოვიდა ღვთისმშობელთან. პირჯვარს იწერდნენ და ყველას ღაპაღუპით მოსდიოდა ცრემლები. ერთი მათგანი მოვიდა დედა ელისაბედთან და ჰკითხა:
- თქვენ ამ ხატთან ლოცულობდით მთელი ღამე?
- რა იცი? - ჰკითხა აქეთ დედა ელისაბედმა.
- დილამდე ღვთისმშობელი იდგა ზეცაში, ეს ხატი იყო და ჯვარსა გვსახავდა, - უპასუხა ჯარისკაცმა, - იმათი სნაიპერის ტყვია მოდიოდა, უხვევდა და სადღაც მიდიოდა. ათი კაცი სიმბოლურად გვყავს დაჭრილი და იმათგან ათასი მაინც მკვდარიაო. ჩვენი ბავშვის ნასროლიც არ ასცდენია მათ.
XX საუკუნის დამდეგს ყოვლადწმინდა ღვთისმშობელმა ივერიის ხატის ასლი მომადლა გურიასაც. ათონის მთაზე მოღვაწე ქართველმა მამამ, იოანე ღვთისმეტყველის სავანის წინამძღვარმა, მღვდელ-მონაზონმა იონამ, ათონელ ბერებს ჯიხეთის დედათა მონასტრისთვის დააწერინა ივერიის ღვთისმშობლის ხატის ასლი. ეს იყო ჟამი, როდესაც გურიაში ეკლესია-მონასტრებს არბევდნენ, ხატებს ანად¬გურებდნენ, სამღვდელო პირებს შეურაცხყოფდნენ. ასეთ დროს მიღებული დიდი სიწმინდე სულიერად აღადგენდა ერსა და ბერს და განამხნევებდა უფლისადმი ერთგულებაში. ჯიხეთის ივერიის ხატი შემკულია მამა იონას დაკვეთით შესრულებული წარწერით: "განგებითა ღვთისათა და წამისყოფითა დედისა ღვთისათა, მე, მონა მისი, მღვდელ-მონაზონმა იონამ, ამჟამად მყოფი ათონის მთაწმინდის ქართველთა წ-ა იოანე მახარებლის სავანის გამგემან, დავახატვინე წ-ა ხატი ესე სახელწოდებით სასწაულმოქმედი დედა ღვთისას ივერიის და შევსწირე გურიის ჯიხეთის დედათა სავანესა. დედაო ღვთისაო მარიამ, მომიხსენე მე ცოდვილი, ოდეს მოვიდეს ძე შენი დიდებითა მისითა ჩემის მშობლებით, სულიერი და ხორციელი ძმებითურთ. ამინ. 1905 წელსა 3 აგვისტოსა".
სამეგრელოში, თეკლათის მთავარანგელოზთა სავანეში, ალექსი ბერის მოღვაწეობისა და დაკრძალვის ადგილას დაბრძანებულია კიდევ ერთი წმინდა ხატი ივერიისა.
ამ ხატის წინ ხომ არ ავედრებდა მამა ალექსი უფლის დედას უღმერთობის წყვდიადში ჩაძირულ სამშობლოს და სთხოვდა, დაეყენებინა იგი სინანულისა და ჭეშმარიტი რწ¬მენის გზაზე?
დაბოლოს, ივერიის ღვთისმშობლის ხატის უცხოური ასლიც ვახსენოთ:
მონრეალის ღვთისმშობელი. "პორტაიტისას" ერთმა სასწაულმოქმედმა ასლმა, რომელიც 1981 წელს შეიქმნა ათონზე და მონრეალში წააბრძანა მართლმადიდებელმა ესპანელმა იოსებ მუნიოსმა, მირონდენა დაიწყო. ხატიდან მირონი წლების განმავლობაში მოედინებოდა, მხოლოდ დიდმარხვაში, ბზობას, კვირა დღეს წყდებოდა და კვლავ განახლდებოდა დიდ შაბათს, რა თქმა უნდა, ძველი სტილის მიხედვით. ეშმაკმა ვერ დაითმინა ეს სასწაული - იოსებ მუნიოსი 1997 წლის 30 ოქტომბერს მოკლეს, ხატი კი გაიტაცეს. მისი ადგილსამყოფელი ჯერჯერობით უცნობია. 1998 წლის იანვარში დაწვეს მონრეალის მართლმადიდებელი ტაძარი, სადაც ესვენა ხოლმე ივერიის ღვთისმშობლის მირონმდინარე ხატი.
ტროპარი
წმიდისაგან ხატისა შენისა, ჰოი დედუფალო ღვთისმშობელო, სიმრთელენი და კურნებანი უხვად მოეცემიან ყოველთა სარწმუნოებითა და სიყვარულით მისდა მოლტოლვილთა, ამისთვის ჩემსაცა უძლურებასა მოხედე და შეიწყალე სული ჩემი, სახიერო, ხოლო ხორცით განმკურნე მადლითა შენითა, ყოვლადწმინდაო.
ტროპარი
საკვირველსა შენსა მფარველობასა, პორტაიტისაო, რომლისა მიერ გამოგვიხსენ ჩუენ ყოვლისაგან ჭირისა, შევუვრდებით და მხურვალედ ვღაღადებთა ყოვლადვე: ვითარცა ძველად აჩვენე მადლი შენი ჩვენ ზედა, ეგრეთვე აწცა, დედოფალო, ნუ დაგვიტევებ სრულიად, რამეთუ აღთქუმულ გაქვს შენ დაფარვაი და დაცვაი მათი, რომელი შეუორგებელითა სულითა მოვლენან შენდა.
კონდაკი
ვითარცა მეოხსა და დამფარველსა და ზედამდგომელსა, გიგალობს შენ მარადის, პორტაიტისაო, სახელდიდი მწყობრი შენი სამღვდელოთა და სიღრმეთაგან სულისათა ხმობს შენდამი დაუცხრომელად: დამიცევ მე დედოფალო.
ივერიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატთან დაკავშირებით ასევე შეგიძლიათ წაიკითხოთ სხვა სტატიები - გადადით შემდეგ გვერდზე
აქვე შეგიძლიათ წაიკითხოთ:
დაუჯდომელი საგალობელი დედოფლად წოდებულისა ივერიის ღმრთისმშობლის ხატისა სიხარულის მომნიჭებელისა
ივერიის ღვთისმშობლის ხატის ასლის მოსკოვში ჩაბრძანება (+1648) - 13 (26) ოქტომბერი
4 სექტემბერს ღვთისმშობლის ქართული ხატის დღესასწაულია
ივერიის ღვთისმშობლის ხატი ათონის მთაზე სასწაულებრივად გამოჩნდა
მონრეალის ღვთისმშობლის ხატი (+1982) - 11 (24) ნოემბერი
ივერიის ღვთისმშობლის ხატი მოზდოკში
სიონის ივერიის ღმრთისმშობლის ხატი
ივერიის მიწაზე ალბათ არ მოიპოვება კუთხე, სადაც არ მიბრძანებულიყოს ივერიის ხატის ასლი
ივერიის ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის ხატი
სწორედ მან აღმართა ხელი ივერიის ღვთისმშობლის ხატზე — სახე საგანგებო სიმკაცრით დაუსერა
ტაძრიდან გამოაბრძანეს ივერიის ღვთისმშობლის ხატი
ივერონში კიდევ შემორჩა ქართული სუნი, ჩვენს ძველ ტაძრებს რომ სდის ხოლმე ისეთი
დედამიწაზე ოთხი ადგილია, სადაც უფლის დედის განსაკუთრებული კურთხევა გადმოდის
ვიდრე ამ სავანეში იხილვება ჩემი ხატი, არ მოგაკლდებათ ჩემი ძის მადლი და წყალობა
იხილეთ დასაწყისი