ჩერქეზთა გარკვეული ნაწილი მართლმადიდებლურ რჯულზე რომ მოექცა, ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის ეს წმიდა ხატი მეფე თამარმა მაშინ გაუგზავნა ჩერქეზებს.
თამარ მეფის დროიდან 1768 წლამდე ხატი მთებში ინახებოდა და გაითქვა სახელი სასწაულებით. ორჯერ, ტაძარში გაჩენილი ხანძრისას, ხატი უვნებლად გადარჩა.
1768 წელს დედოფალ ეკატერინე II ბრანებით მთებიდან თერგის ნაპირებზე ჩამოსახლებულმა ნორებმა (მთიანი ოსეთის მცხოვრებლებმა) ღვთისმშობლის ეს ხატი თან მოიტანეს.
მოზდოკის ეპისკოპოსი მრევლთან ერთად ჯვრით, ხატებითა და ლოცვით შეეგება ხატს და სურდათ ტაძარში წაებრძანებინათ, მაგრამ ურემში შებმული ხარები ადგილიდან ვერ დაძრეს. უამრავმა ხალხმა მოიყარა თავი და ღვთის წყალობით აღფრთოვანებულებმა უმცირეს დროში იმ ადგილზე ააშენეს სამრეკლო, სადაც ხატი დააბრძანეს.
1796 წელს გამოცხადების ადგილას ააშენეს ტაძარი და ხატი სამრეკლოდან ტაძარში გადააბრძანეს.
ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის ამ ხატს შემწეობას სთხოვენ სნეულნი თუ განსაცდელში მყოფნი.
მართლმადიდებელი ქართველები, სომხები, ჩერქეზები, ოსები ადიდებეენ მას სასწაულთა გამო, ანთებენ სანთლებს, ლოცულობენ და მადლობას სწირავენ.
გადმოცემის მიხედვით, 1840 წელს შამილი მოზდოკს რომ მოადგა, ჯარს თეთრი სამოსით შემოსილი დედაკაცი მოევლინა და ქალაქზე თავდასხმა აუკრძალა.
უსპენსკის ტაძარში დაბრძანებულ ამ ხატთან თაყვანისაცემად, უამრავი მორწმუნე მოდის. ზოგიერთები აღთქმისამებრ რამოდენიმეჯერ უვლიან ტაძარს მუხლმოდრეკილნი, შიშველი ფეხებით და უნუგეშოდ არავინ რჩებაა, თუკი წყალობის და შემწეობის რწმენის მიეახლება დედა ღვთისას.