ივერონის სასწაულმოქმედი კანდელი
ივერთა მონასტრის ღვთისმშობლის მიძინების ტაძარში, სამეუფო კარის წინ კიდია დიდი, უძველესი ვერცხლის კანდელი, რომელიც მღვდელ-მონაზონ ბენედიქტე ქიოტიშვილს 1834 წელს შეუწირავს. ეს კანდელი უცნაური და იდუმალებით მოცულია, ხილული საოცრებაა, ვინაიდან არ ემორჩილება სიმძიმის ძირითად კანონს და დიდი ხნის განმავლობაში მოძრაობს თავისთავად, უხილავი ძალით, რიტმულად და ჰორიზონტალურად. ეს სასწაული ხდება დიდ დღესასწაულებზე, წირვისა და ლოცვის დროს, ჩვეულებრივ დღეებში კი მოულოდნელად და უეცრად, მიუხედავად იმისა, არის თუ არა ლიტურგია. დღესასწაულებზე კანდელი მოძრაობას იწყებს ღამის თევის დროს, ღვთისმსახურების მთავარი ნაწილის დაწყებისას, როცა სასიხარულო ჰიმნებსა და საგალობლებს უგალობენ უფალს და ადიდებენ დედოფალს - ღვთისმშობელს და ზეიმისთვის ტიპიკონის მიხედვით ინთება შანდლები და ტაძრის ყველა სასანთლე.
გადმოცემით, დღესასწაულებზე კანდელის თავისთავად მოძრაობა თვალხილული ნიშანია იმისა, რომ ღვთისმშობელი იმ დროს თავის ტაძარში იმყოფება. კანდელის მოძრაობა ჩვეულებრივ დღეებში მოასწავებს უბედურებას ქვეყნის¬თვის - მიწისძვრას, ომს ან სასიკვდილო ეპიდემიას.
ივერთა მონასტრის მატიანე მოგვითხრობს ასეთ საკვირველ შემთხვევას: ერთხელ ტაძრის ახალგაზრდა მნათემ იფიქრა, რომ კანდელის მოძრაობა დამოკიდებული იყო ქარის ქროლაზე. დასამძიმებლად ქვიშა ჩაყარა კანდელის გარე სათავსში - კანდელი აღარ იმოძრავებსო. მაგრამ პირველივე ღამეს, როცა ტაძარში შევიდა თავისი მოვალეობის შესასრულებლად, საოცრება იხილა. კანდელი, სიმძიმის გამო, მოწყვეტილიყო საკიდს და იატაკზე ეგდო. მაგრამ მაინც ენთო, თითქოს არაფერი მომხდარაო. შეშინებულმა მნათემ გადმოყარა ქვიშა, კანდელი ძველ ადგილს დაუბრუნა და თვალცრემლიანი გაიქცა თავისი შეცდომის სათქმელად. ყველას ამცნო ახალი სასწაული და ადიდა კარიბჭის ღვთისმშობელი, რადგან ამ გზით გამოიყვანა იგი ურწმუნოებიდან და ასწავლა, რომ "სადაც ღმერთის განგებაა, იქ ბუნების კანონები მარცხდებიან".
ათონელთა მოწმობით, თურმე თურქეთის ჯარების კვიპროსზე თავდასხმის წინა დღეებში კანდელი ისე ძლიერად მოძრაობდა, რომ ზეთი იღვრებოდა.
ივერთა მონასტრის მამები ყურადღებით ადევნებენ თვალს საკვირველმოქმედ კანდელს. როცა იგი ჩვეულებრივ დღეებში განსაკუთრებით ძლიერად იწყებს მოძრაობას, აცნობებენ ხოლმე ათონის მთის ყველა მონასტერს და აღევლინება ერთობლივი ლოცვა ყოვლადწმინდა ღვთისმშობლისადმი. ამ მოვლენის შესახებ გადასცემენ განდეგილ მამებსაც თხოვნით, გააძლიერონ ლოცვა და გააღრმაონ მარხვა.
ივერიის ღვთისმშობლის ხატის ასლები
ცნობები ივერიის ღვთისმშობლის სასწაულმოქმედი ხატის ძალის შესახებ მთელ მსოფლიოში ვრცელდებოდა. მართლმადიდებლური სამყაროს ყველა ავტოკეფალიურმა ეკლესიამ უდიდეს სიწმინდედ შერაცხა იგი და პატივად მიიჩნია საკუთარ წიაღში მისი დამკვიდრება. მსოფლიოში ივერიის წმინდა ღვთისმშობლის ხატის რამდენიმე ასლი არსებობს და ყოველი მათგანი ისეთსავე სასწაულმოქმედ ძალას ფლობს, როგორსაც IX საუკუნეში უგუნური მხედრის მიერ მახვილდაკრული ორიგინალი.
ალბათ ბევრმა არ იცის, რომ დიდუბის ეკლესია იქ, სადაც წმინდა მეფე თამარმა ჯვარი დაიწერა, ივერიის ღვთისმშობლის სახელზე ყოფილა აგებული, რომელსაც, ეგზარქოს პალადის ბრძანებით, ყაზანის ღვთისმშობლის ხატის სახელზე აგებული უწოდეს (იხ. პატრიარქ კალისტრატე ცინცაძის "მოგონებანი").
9 აპრილიდან ზუსტად 6 თვის თავზე, 1989 წლის 9 ოქტომბერს, საქართველოში ათონის მთიდან ჩამობრძანდა ივერიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატის საგანგებოდ შესრულებული ასლი, რომელსაც ოფიციალურ სიგელში "კანონიერი ასლი" ეწოდება. კანონიერი ასლი დედნის არა მარტო ფიზიკურ, არამედ სულიერ მსგავსებასაც წარმოადგენს და მისი დაზიანების, დაკარგვისა და განადგურების შემთხვევაში დედნის მნიშვნელობას იძენს.
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორეს თხოვნით მიუმართავს ივერიის მიწაზე სტუმრად მყოფი ათონელი ბერებისათვის, რათა კარიბჭის ხატიდან საქართველოსთვის ასლი გადაეღოთ. ორიოდე წელიწადში ხატი დაასრულეს. იგი ორმოცი დღის განმავლობაში მიდებული ჰქონდათ დედანთან, რათა მისგან მადლი და ნიჭი მიეღო. ხატის კურთხევა ივერიის ღვთისმშობლის ტაძარში შესრულდა. მის შექმნასა და სიონში ჩამობრძანებაზე ჟურნალ "კარიბჭის" ჟურნალისტს ესაუბრა დეკანოზი ამირან ამირანაშვილი:
- როდესაც ხატის ასლი შეიქმნა ათონის წმინდა მთაზე, მხატვარმა შეგნებულად აარიდა თავი დეტალების სიზუსტეს, იმის შიშით, რომ მადლი არ გამოსულიყო მონასტრის კარიბჭის მცველი ხატიდან. მიუხედავად მათი მცდელობისა, სასწაული მაინც მოხდა: ცნობილია, რომ იმ ადგილას, სადაც ხატი ზღვიდან გამოაბრძანა ღირსმა მამა გაბრიელ ქართველმა, წყარომ ამოხეთქა. მოგვიანებით, ათონის წმინ¬და მთის კეთილმოწყობისას, სამი მილით ამ წყაროს წყალი თანაბრად მიეწოდებოდა მონასტრებს. როდესაც ჩვენმა დელეგაციამ ივერიის ღვთისმშობლის ხატის ასლთან ერთად დატოვა მონასტერი, წმინდა მთა პანიკამ მოიცვა, რადგან სამივე მილში იკლო წყლის დონემ. ყველა მონასტრიდან მოვიდნენ ბერები, ილოცეს, მაგრამ ამაოდ - წყაროზე დაიკლო ჭავლმა, ერთ მილში კი წყალი მთლიანად დაშრა.
წმინდა ხატმა ხილული სასწაული თბილისშიც მოახდინა. უწმინდესის ლოცვა-კურთხევით ივერიის ღვთისმშობლის ხატი ოქროს პერანგით უნდა შემოსილიყო. როდესაც გახსნეს ხატის საცავი, რომელიც სისქით 20-25 სანტიმეტრია, იხილეს საოცრება - მინაზე გადმოსულიყო ხატის ზუსტი ასლი. ჩვენს გაოცებას საზღვარი არ ჰქონდა. მთელი საქათველოდან, ჩვენი მეზობელი ქრისტიანული ქვეყნებიდან უწყვეტ ნაკადად მოდიოდნენ მომლოცველები. ზოგმა სამეცნიერო კვლევაც ჩაატარა, მაგრამ სასწაული ვერავინ ახსნა. ამჟამად ხატის საცავი, რომლის მინაზე ახლაც შეგიძლიათ იხილოთ ივერიის ღვთისმშობლის ხატის ასლი, ბრძანდება ტაძრის ჩრდილოეთ ეკვდერში, რომელიც წმინდა ვახტანგ გორგასლის სახელობისაა.
ივერიის ღვთისმშობლის ხატის საკვირველმოქმედი ასლი განსაკუთრებული სამკაულია კახეთის მიწაზე, ბოდბის დედათა სავანეში დაკრძალული ქართველთა განმანათლებლის, წმინდა ნინოს საფლავისა. ის ათონის მთაზე დაიწერა 1905 წელს. გასაბჭოების შემდეგ გაუქმებულ სავანეში საავადმყოფო გაიხსნა. ივერიის ხატს მისი პერსონალი მაგიდად იყენებდა. რამდენიმე მონაზონი მოწყალების დის სახით მონასტერში დარჩა და ფარულად ემსახურებოდა წმინდა ნინოს საფლავს.
მონასტრის მახლობლად ცხოვრობდა კეთილმორწმუნე ქალი რაისა, დედამისი რენტგენის კაბინეტში სანიტრად მუშაობდა. ერთ-ერთ მონაზონს, რუსეთიდან ჩამოსულ დედა მაგდალინას გაგონილი ჰქონდა, წმინდა ნინო ფეხით ჩავიდა საქართველოშიო და მის საფლავთან დამკვიდრება ისურვა. დედა მაგდალინა ხატმწერიც ყოფილა. მას უთხოვია რაისას დედისთვის, როგორმე გამოვითხოვოთ ხატი და მე აღვადგენ დაზიანებულ ნაწილებსო. მანამდე ასეთი რამ მომხდარა: რენტგენის კაბინეტის ექიმს ხატი შინ წაუღია და მაგიდად იყენებდა. მალე შვილი მძიმედ გახდომია ავად. სიზმარში ექიმს ღვთისმშობელი გამოსცხადებია - სანამ ხატს ადგილზე არ დააბრუნებ, შენს შვილს არაფერი ეშველებაო.
შეშინებულ ექიმს სიწმინდე უკანვე დაუბრუნებია, მაგრამ მიზეზი ვერ გაუმხელია. მაშინ რაისას დედას შეუთავაზებია, - ჩამოვწეროთ, როგორც უვარგისი ინვენტარი და აქაურობას მოვაშოროთო. ასეც მოქცეულან. დედა მაგდალინამ რაისას სახლში აღადგინა ეს სიწმინდე, მოგვიანებით კი ჩარჩოში ჩაუსვამთ და კვლავ პირვანდელ ადგილზე დაუბრძანებიათ.
ივერიის ღვთისმშობლის ბოდბისეულ ხატთან დაკავშირებით კიდევ ერთ სამწუხარო ამბავს ჰყვებიან: ერთ-ერთმა გულმხურვალე ჩეკისტმა ღვთისმშობელს სახე სასტიკად დაუსერა, რის გამოც მალე დაისაჯა კიდეც - საღ-სალამათი მოულოდნელად გარდაიცვალა. მამის ცოდვა შვილებზე, მთელ მის შთამომავლობაზე გადავიდა და ერთმანეთის მიყოლებით მთელი ოჯახი ამოწყდა.
გაგრძელება იხილეთ შემდეგ გვერდზე
- მთავარი
- ჩვენ შესახებ
- ეკლესია
- ქრისტიანული ცხოვრება
- რწმენა
- წმინდანები
- სხვადასხვა
- ახალი ამბები
- დიასახლისის გვერდი
- სწავლებანი
- ერისკაცობიდან მღვდლობამდე
- ქრისტიანული საიდუმლო
- ქრისტიანული სიმბოლიკა
- ცოდვა
- ისტორია
- ანგელოზები
- ამბიონი
- კითხვა-პასუხი
- ეს უნდა ვიცოდეთ
- ცრუ მოძღვრებები
- სხვა რელიგიები
- სხვადასხვა
- მკითხველის გვერდი
- ეპისტოლენი, ქადაგებები
- ნამდვილი ამბები
- სასწაულები
- წაუკითხეთ პატარებს
- ჩემი სოფელი
- ქართული გვარები
- ქართული ანბანი
- რელიგიურ-ფილოსოფიური ლექსიკონი
- წმინდა წერილი
- წიგნები
- ლოცვანი