XVII საუკუნის ღირსი მამის, წმინდა ნილოს მირონმდინარის წინასწარმეტყველებით, როცა ივერიის ღვთისმშობელი დატოვებს ათონის მთას, მაშინ მთაწმინდას გადაეხსნება ღვთისმშობლის საფარველი. სანამ ღვთისმშობელი წასვლას დააპირებს, ივერონს მიწისძვრა შეარყევს, ხოლო როცა ივერიის ღვთისმშობელი დატოვებს ათონს, "ყველა ეკლესია დაიხრება მხსნელის წაბრძანების გამო" (მამათა განმარტებით, მონასტრებს ან მწვალებლები დაიპყრობენ, ანდა მიწისძვრა დაანგრევს - როგორც XIX საუკუნის რუსი მამა სერგი (ვესნინი) წერს, ათონის ნაპირებზე ხშირად უნახავთ ახალგაქვავებული ლავა). წმინდა ნილოსიც ამასვე შთააგონებს ბერებს, - ვიდრე ივერიის ღვთისმშობელი თავის ადგილზეა, ნურავინ დატოვებთ ათონსო.
მამა სერგის (ვესნინი) 1844 წელს ათონურ დღიურში ჩაუწერია: "ზოგიერთები ამბობენ, რომ ეს ხატი ბოლო ჟამს, უფლის მეორედ მოსვლის წინ, წავა აქედან თავის პირველ სამყოფელში, ივერიაში, ანუ ჩვენს საქართველოში. შარშან, ჩემი აქ ყოფნისას, ათონის მთაზე გავრცელდა ხმა, რომ პორტაიტისა ეკლესიის გარეთ უნახავთ, თითქოსდა მზად იყო დაეტოვებინა სავანე".
ამრიგად, ივერიის ღვთისმშობლის ხატის საქართველოში მობრძანებით უფლის დედის მეორე კვართი გადაეფარება ჩვენს სამშობლოს და იხსნის ივერიელთ ანტიქრისტეს ხელთაგან, ალბათ ამიტომ ბრძანებს მამა ლავრენტი ჩერნიგოველი, ანტიქრისტე საქართველოში ვერ გაბატონდებაო. თუმცა ერთი თარიღიც უნდა ვახსენოთ: 1921 წლის 25 თებერვალი - საქართველოს გასაბჭოების დღე. 25 თებერვალს (ძვ. სტ. 12 თებერვალს) ივერიის ღვთისმშობლის ხატის ხსენების დღეა. ქართველმა ხალხმა ანტიეროვნული, ანტიქრისტიანული მენშევიკური მთავრობა აირჩია და ღვთისმშობლისაგან ჩვენზე სასჯელი მოიწია, 78 წელი უფრო საშინელი, კომუნისტური ჯოჯოხეთი გამოგვატარა. მართლაც, ვისაც ყურნი სმენად გვაქვს - ვისმინოთ!
"პორტაიტისა" (ზომით 1,37მX0,9მ) ქაიხოსრო ჯაყელის საფასითა და სამცხის ეპისკოპოსის ამბროსის ღვაწლით მოუჭედავს ქართველ ოსტატს. ხატის ოქროცურვილი ვერცხლის პერანგზე შემორჩენილი ქართული წარწერა ალბათ ერთადერთი მაუწყებელია ქართველთა ამ მონასტერში ცხოვრებისა. დანარჩენი ქართული წარწერები ბერძნებს წაუშლიათ. დეკანოზი პეტრე კონჭოშვილი (შემდგომში მღვდელმთავარი) თავისი პილიგრიმობის ამსახველ წიგნში ბრძანებს: ათონზე მცხოვრებმა ქართველებმა მითხრეს (1899 წელს), ივერიის მონასტრის ბერძენთა კრებულს ქ. მოსკოვში მოემზადებინა ახალი კვართი (პერანგი) ივერიის კარის ღვთისმშობლის ხატისთვის, ბერძნული წარწერით, "რომელიც მე თვითონ მიჩვენა ბერძნის იღუმენმა. მაგრამ განძარცვა ძველის ოქროჭედილის პერანგისა, შეწირულისა ქართველის ეპისკოპოზის ამბროსისაგან და შემოსვა ღვთისმშობლის ხატისა ახალი პერანგით ვეღარ იკადნიერეს, რადგანაც ერთ ბერძენს ძმათაგანს ჩვენება უხილავს, რომ არ გაჰბედონ შეხება მის წმინდა ხატისა, გაძარცვა ძველის პე-რანგისა და შემოსვა ახლისა". შემდგომში ახალი პერანგით ძველი დაფარეს. ასე იყო ძალიან დიდხანს. ამ ათი-თორმეტი წლის წინ ივერიის ღვთისმშობლის ხატს მოხსნეს რუსეთში გამზადებული პერანგი და დატოვეს ქართული კვართით. ზოგმა ქრისტიანმა ამაში რუსეთის ხელისგან საქართველოს გათავისუფლების წინასწარმეტყველება დაინახა.
"პორტაიტისას" ხატის წინ კიდია 14 უქრობი კანდელი. ტაძრის მოვლა-პატრონობა და ხატის მსახურება ევალება ღმრთისმოსავ და კეთილმსახურ მღვდელ-მონაზონს, რომელსაც ირჩევს მთელი საძმო. ის ყველა სხვა სამონასტრო საქმისაგან თავისუფალია და დღედაღამ ტაძარში იმყოფება, სადაც აღავლენს წირვა-ლოცვასა და პარაკლისებს. სასწაულმოქმედია მთელ მსოფლიოში გაფანტული "პორტაიტისას" ასლები. მისი კანონიერი ასლი კი 1989 წელს ჩამობრძანდა საქართველოში.
"პორტაიტისას" სასწაულთაგან რამდენიმეს მოგითხრობთ:
გადმოცემის თანახმად, IX საუკუნეში, იმპერატორ თეოფილეს მმართველობის დროს, ქრისტიანებს დევნიდნენ, ხატებს კი ანადგურებდნენ. ქალაქ ნიკეაში ვაჟთან ერთად ქველმოქმედი ქვრივი ცხოვრობდა და ღვთისმშობლის ხატის წინაშე ხშირად ლოცულობდა. ხატების გასანადგურებლად მის სახლშიც მივიდნენ. ერთ-ერთმა ჯარისკაცმა ღვთისმშობლის ხატს სახეში შუბი აძგერა და ხატს სახიდან სისხლი წამოუვიდა. შეშინებული ჯალათები გაიქცნენ.
თავზარდაცემულმა შეინანა დანაშაული, იწამა ძე ღვ-თისმშობლისა, უფალი ჩვენი იესო ქრისტე, და მოინათლა.
აქვე დარჩა და მცირე ხანში ბერადაც აღიკვეცა. იგი მთელი სიცოცხლის მანძილზე ტირილით ევედრებოდა მამებს, მისთვის ბერობის სახელი დამასკინოსი კი არ ეწოდებინათ, არამედ "ბარბაროსი". მკაცრი დაყუდებული ცხოვრებით ბერმა სასწაულმოქმედების მადლს მიაღწია. ახლა წმინდა ბარბაროსი ივერიის ღვთისმშობლის ტაძარშია დახატული - შავი, როგორც მოსე ავაზაკყოფილი და ხელთ უპყრია მახვილი, ისარი და მშვილდი.
ალექსი კომნენოსის მეფობის დროს ათონის მთის ყველა ბერძნული მონასტერი დაცარიელდა რაღაც მავნე მწერების შემოსევის გამო. ზეციური მეკარის - ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის შეწევნით, ქართველ მამებს არ მიუტოვებიათ მონასტერი და ძველებურად განაგრძობდნენ ცხოვრებას.
მიტროპოლიტმა ტიმოთე გაბაშვილმა XVIII საუკუნეში ათონის მთა მოილოცა. ერთ ადგილას მას ხანძრის კვალი შეუნიშნავს და მიზეზი უკითხავს. მისთვის განუმარტავთ: ამ ორი წლის წინ ერთმა ბერმა ღამით შეაღო ტაძარი სალოცავად და იხილა ბრწყინვალედ მოსილი ქალი, რომელმაც განცვიფრებულ ბერს უთხრა: - წადი, აცნობე ძმებს, თქვენი მონასტერი იწვის-თქო. ბერმა განგაში ატეხა და ცეცხლი სწრაფად ჩააქრეს. ამგვარად გადარჩა ივერთა სავანე.
ივერიის ღვთისმშობლის ხატის სასწაულები
ივერიის ღვთისმშობლის ხატის მადლით მრავალი სასწაული აღესრულებოდა ადრეც და აღესრულება ახლაც.
ბევრჯერ, უკიდურესი გაჭირვების ჟამს, როცა მონასტერს საკვების მარაგი სრულიად გამოლევია, დამწუხრებულ წინამძღვარს ყოვლადწმინდა ქალწული გამოსცხადებია და უთქვამს: "რად სწუხხარ, შვილო, წადი და იხილე სავსე ბეღელიო". წმინდა ქალწულის ზრუნვით, ავსებულა მონასტრის ბეღელი, ზეთისხილისა თუ ღვინის ყველა ჭურჭელი.
1259 წელს ათონის ნახევარკუნძული და მათ შორის ივერთა მონასტერი ლათინებმა დაარბიეს, გაძარცვეს. ქართველებმა ივერიის ღვთისმშობლის ხატის გადამალვა მოასწრეს. დარჩენილი ქონება მტერმა გაზიდა, სიგელ-გუჯრები დაწვა, მონაზონთა ნაწილი ამოხოცა. XII საუკუნის 80-იან წლებში ლათინებმა ათონი კვლავ დაარბიეს. ბერებს კათოლიკეობის მიღება მოსთხოვეს. ქართველი მამები არ დათანხმდნენ მოძალადეთა მოთხოვნას. მტრებმა ნაწილი ივერიელებისა რომში წაიყვანა და მონად გაყიდა, 200 ბერი კი, ძირითადად მხცოვანი მამები, ზღვაში დაახრჩეს. ლათინებს გაუტაციათ ივერიელ მამათა წმინდა ნაწილები.
მძიმე იყო მონასტრისთვის XIV საუკუნის დამდეგი: იქაურობა 1304 წელს თურქებმა დაარბიეს, ორი წლის შემდეგ - კატალონიელებმა, კიდევ ორი წლის მერე - არაბებმა. არაბები 15 ხომალდით შემოადგნენ ათონის მთას, ალყა შემოარტყეს ივერთა მონასტერს. ბერებმა ხელი სტაცეს წმინდა ჭურჭელს, კარიბჭის ღვთისმშობელს და თავი ციხე-კოშკს შეაფარეს. მტერმა სავანის გაძარცვა არ იკმარა, გადაწყვიტა ტაძრის მთავარი გუმბათი ჩამოენგრია. გამოაბეს თოკები გუმბათის შემაკავებელ მარმარილოს სვეტებს და გამალებით ეწეოდნენ. ამის მხილველმა ბერებმა ღვთისმშობელს შეჰღაღადეს. ზეციურმა დედოფალმა შეისმინა მათი ვედრება. ამოვარდა ქარი, აღელდა ზღვა და მთელი ფლოტი ზღვის უფსკრულში დაინთქა. მხოლოდ ის გემი გადარჩა, რომელშიც არაბთა მეთაური ამირა იჯდა. მან თავს მოწევნული ღვთის რისხვად აღიარა, მამებს ნაძარცვი დაუტოვა და გაიქცა.
ერთხელ თურმე მონასტრის კარს მშიერი გლახა მიადგა და პური ითხოვა. დარაჯმა რატომღაც უარით გაისტუმრა მთხოვნელი. მწირი მოშორებით ერთ ქვაზე ჩამოჯდა და მწარედ ატირდა. ამ დროს მან იხილა უმშვენიერესი ქალწული ყრმით, რომელმაც ოქროს მონეტა გაუწოდა მაშვრალს. მწირი მონასტერში დაბრუნდა და პურის საფასურად ეს ოქრო შესთავაზა. დარაჯმა დაინახა, რომ მონეტა კარიბჭის ღვთისმშობლის ხატისადმი შეწირულობიდან იყო, სასწრაფოდ ჩამორეკა ზარები და შეკრებილ მამებს ეს ამბავი ამცნო. გამოცხადების ადგილას მისულმა ბერებმა ვერავინ იპოვეს, მაგრამ სასწაულის სადიდებლად იქ პატარა სამლოცველო ააგეს.
1821 წელს ივერიის მონასტერში თურქი ჯარისკაცები ჩასახლდნენ. ღამით მათ რამდენჯერმე შეამჩნიეს შავოსანი ქალი ყრმით ხელში. თურქებმა მონასტრის დარაჯს, დიაკვან გრიგოლს, მოსთხოვეს, მათთვის ამ ქალის ვინაობა ეთქვა. როცა პასუხი ვერ მიიღეს, სასტიკად აწამეს იგი. ნაცემმა და სისხლიანმა გრიგოლმა კარიბჭის ღვთისმშობლის ხატთან მიიყვანა ისინი, ხატზე მიუთითა და უთხრა: "ეს არის". დამფრთხალი ჯარისკაცები მყისვე გაეცალნენ იმ ადგილს.
ათონური გადმოცემა მოგვითხრობს: ერთხელ მღვდელმა, რომელსაც ივერიის ღვთისმშობლის ტაძარში ყოველდღიური წირვა-ლოცვის და პარაკლისის გადახდა ჰქონდა დავალებული (იგი უეჭველად მღვდელ-მონაზონი ბენედიქტე ქიოტიშვილი იქნებოდა, თურქებმა ივერონის მონასტერში წირვა-ლოცვის ნება მხოლოდ მას დართეს), თვალი მოჰკრა შავოსან ქალბატონს - ცოცხით გვიდა მონასტრის ეზოდან. მღვდელი გაქვავდა. ბოლოს მხნეობა მოიკრიბა და ჰკითხა: - რას აკეთებო. უცნობმა უპასუხა: - მოვიდა დრო, რომ გავწმინდო იგი, რადგან ამდენი წელი არავის დაუგვიაო.
მამა პაისი ათონელი ამგვარად ჰყვება ამ ამბავს: თვითონ ღვთისმშობელმა გამოართვა ცოცხი ეზოში მომუშავე ბერს - კარგად დაგვა არ შეგძლებია, მომეცი ცოცხი, თვითონ გამოვწმენდო.
ამ ამბავს თომას კვირაში ღამისთევის ლოცვით იხსენებენ.
1875 წელს ძლიერმა ხანძარმა ივერთა სავანეში 16 ეკლესია გაანადგურა. ხანძარს სასწაულებრივად მხოლოდ ის ტაძარი გადაურჩა, რომელშიც ივერიის ღვთისმშობლის ხატი იყო დასვენებული.
ცნობილია მრავალი შემთხვევა, როდესაც ივერიის ღვთისმშობლის ხატის წინაშე მხურვალე ლოცვამ სასწაულებრივად განკურნა მძიმე სენით შეპყრობილი იმედგადაწურული ავადმყოფები.
უწმინდურ ადამიანებს სასწაულმოქმედი ხატი მონასტერში არ უშვებდა. ცოდვით დამძიმებულნი ვერც ლიტანიობაზე ჩამოტარებისას უძლებენ ხატის სიმძიმეს, ხოლო ურწმუნონი მისთვის სურათის გადაღებასაც ვერ ახერხებენ.
გაგრძელება იხილეთ შემდეგ გვერდზე
- მთავარი
- ჩვენ შესახებ
- ეკლესია
- ქრისტიანული ცხოვრება
- რწმენა
- წმინდანები
- სხვადასხვა
- ახალი ამბები
- დიასახლისის გვერდი
- სწავლებანი
- ერისკაცობიდან მღვდლობამდე
- ქრისტიანული საიდუმლო
- ქრისტიანული სიმბოლიკა
- ცოდვა
- ისტორია
- ანგელოზები
- ამბიონი
- კითხვა-პასუხი
- ეს უნდა ვიცოდეთ
- ცრუ მოძღვრებები
- სხვა რელიგიები
- სხვადასხვა
- მკითხველის გვერდი
- ეპისტოლენი, ქადაგებები
- ნამდვილი ამბები
- სასწაულები
- წაუკითხეთ პატარებს
- ჩემი სოფელი
- ქართული გვარები
- ქართული ანბანი
- რელიგიურ-ფილოსოფიური ლექსიკონი
- წმინდა წერილი
- წიგნები
- ლოცვანი