რუის-ურბნისის ეპარქიის იეროდიაკონი ირინეოსი (შენგელია) ათონის ივერთა მონასტრის შესახებ მოგონებებს "კარიბჭის" მკითხველს უზიარებს.
_ ათონის მთის ცენტრიდან (კარეესი) ფეხით სავალ გზაზე 5 კილომეტრი გავიარეთ ივერონამდე, გზად პირველი ყუთლუმუშის მონასტერი შემოგვხვდა. მონასტერი არაბს დაუარსებია შუა საუკუნეებში და თვითონვე აღკვეცილა იქ. მონასტერს გავცდით. გზის მანიშნებლები მრავლად შემოგხვდა ბერძნული წარწერით ,,ივერონი". 3-კილომეტრიანი ბილიკი მრავალ მონასტერს ჩაუვლის, მათ შორის გერონდა პაისის კელიას. გზა ტყეში გადის, ზოგან ჩავარდნილია. წყარო შემოგვხვდა, სასმელად ვარგისი, იქიდან კი უკვე ბილიკს მდინარე მისდევს. ბილიკიდან ასე 50 წყრთის დაბლა.. მდინარეზე ხიდი გადავიარეთ ერთ კილომეტრში ივერონია. 200 მეტრის მერე მზესავით გამოანათა ჩვენმა იერუსალიმმა... ეს ის გრძნობაა სევდა და სიხარული რომ სინერგიულად ეშვება შენში... კარიბჭეს მივადექით. გული ამოვარდნაზე მქონდა, რა თქმა უნდა, არა ხორციელი დაღლით. კარი ღია დაგვხვდა. შევედით, მიგვიპატიჟეს, თბილად მოგვიკითხეს _ სადაურები და საიდან ხართო. ქართველები ვართ-მეთქი (იმ დროს ისეთ სითამამეს ვგრძნიბდი, როგორც მთვრალი ნოე ღმერთთან). მიღებული ხართ ერთი დღითო. დავბინავდით, მოვისვენეთ და ტაძარში ჩავედით, გული ვერ ითმენდა, ღვთისმშობლის ხატი გვაინტერესებდა ყველაზე მეტად. დაბნეულობა დაგვეტყო, ხატს ვეძებდით. გვითხრეს, ხატი მცირე ტაძარშია დასვენებული და მას ხვალ დილით ნახავთო... ახლა ძებნა დიდი ქართველი მამების: გიორგის, ექვთიმეს და გაბრიელის საფლავებს დავუწყეთ. გვიპასუხეს, მათი სარკოფაგები შუა საუკუნეებში გაიხსნა, ლათინებმა მოიპარეს სხეულებიო. შეგვატყეს, რომ დავმწუხრდით და გვითხრეს, რაღაც უნდა გაჩვენოთ, ტაძრის გულში გიორგი მთაწმინდელის წარწერაა, სადაც ის ამ მონასტრის ქტიტორობას გვაუწყებსო. აქ თავაწეულებმა ამაყად გავიარეთ... ბევრი სიწმინდეა მონასტერში, რომელთა მოლოცვის შემდეგ ლოცვა დაიწყო... წინამძღვარი ძალიან თბილად შეგვხვდა _ დღეს ღამისთევას ხატის ტაძარში ჩავატარებთო. დიდი სიხარული დაგვეუფლა... დაღამდა, გაწვიმდა. ასეთი წვიმა არ მახსოვს. დაიწყო დიდ ტაძარში ღამის 3 საათზე მსახურება, რომელმაც ხუთამდე გასტანა, 5 საათზე ლიტურგია დაიწყო. აქედან ერთი საათი ხატთან გავატარეთ. საპატიო სტასიდიებზე დაგვაყენეს პირდაპირ ხატის წინ. ვეზიარეთ და განვადიდეთ უფალი... ღვთისმშობელს რასაც შევსთხოვდით, თქვენთვისაც საცნაურია... წირვიდან ერთი საათი დავყავით ტრაპეზზე და წამოვედით, გული იქ დაგვრჩა... სანაპიროზე ვნახეთ ადგილი წყაროსი, რომელიც მონასტრიდან ერთი სტადიონის მანძილზეა. წყარო სასწაულებრივია, მან იმ ადგილზე ამოხეთქა, სადაც ზღვიდან გამობრძანებული ხატი პირველად დაასვენეს. განსხვავებული გემო ჰქონდა, ქართულ წყაროებს რომ აქვს, ისე... ზღვა ღელავდა, ივერონი იდგა შეურყევლად, ზემოდან დაგვყურებდა, სევდიანი მომეჩვენა... წამოვედით უკვე სამანქანო გზით. მანამ ვუყურებდით ფანჯრიდან, სანამდეც ჩანდა".
ეს ჩანაწერი 2017 წელს გავაკეთე ჩემს ,,ათონურ დღიურში", როცა ივერონს პირველად ვსტუმრობდი, მას შემდეგ აღარც მახსოვს, რამდენჯერ ვიყავი ჩვენს მონასტერში, მაგრამ პირველად ყოფნის შთაბეჭდილება შეუდარებელია.. ერთ-ერთი სტუმრობისას გავიცანი საძმოს უხუცესი წევრი, სწორედ ეს უკანასკნელი იცნობდა იმ ბოლო ქართველ ბერს, რომელსაც თურმე 102 წელი უცოცხლია... მომიყვა: ზაფხული იდგა, ჩემმა მშობლებმა ტრადიციულად საზაფხულო არდადეგების დროს ათონზე გამომიშვეს, პატარა ვიყავი 12-13 წლის, ცელქი და მოუსვენარი... ერთხელ ვთამაშობდი. დავინახე, გზად მოდიოდა ერთი მოხუცი ბერი, ხელში ისეთი დიდი სკვნილი ეჭირა, რომ ძირს ეთრეოდა. მივეპარე, უკან გავყევი და ჩუმად სკვნილის ნაწილს ფეხი დავადგი, მოხუცმა თავი ვერ შეიკვა და დაეცა.. სიცილი ამიტყდა, შემნიშნეს უფროსმა ბერებმა. მოვარდნენ, დამტუქსეს, მოხუცი ფეხზე წამოაყენეს და სწორედ მაშინ დავინახე და გავიგონე ის, რაც უნდა დამენახა და გამეგინა: მოხუცმა ბერმა მცირე მეტანია შეასრულა ჩემს წინაშე და მითხრა, _ მაპატიე, არასწორად გავიარე, ჩემი ბრალია, შენ არაფერ შუაში ხარო. საუბარი დაასრულა, შემომხედა და მეუბნება ცრემლიანი თვალებით, _ ასეთი იყო ბოლო ქართველი ბერი ივერონშიო. ეს ამბავი ნამდვილად გულის ამაჩუყებელი მოსასმენი იყო. მინდა გავიხსენო ივერონთან ჩემი ბოლო შეხვედრა ათონის მთაზე ცხოვრების დროს: "კვლავ შენთან! შენთან ყოველი შეხვედრა ჩემში დიდ კვალს ტოვებს, შენი სინათლე მჩრდილავს და მავიწროვებს... შენ კედლებს სხვა სუნი აქვს, შენ წყალს სხვა გემო, შენი მიწა საუცხოოდ ნაყოფიერია... იცი, როგორ ენატრები ქართულ გენსა და სისხლს, ქართულ ხასიათს ენატრები! დღემდე მოგტირით.. გავკადნიერდები და გეტყვი, ჩვენი ცრემლები რომ ერთად შეკრიბო, შიგ ჩაიხრჩობი... იქნებ რაიმე გჭირდებოდა და მოგაკელით, იქნებ დაგამძიმეთ, იქნებ სულაც მიგატოვეთ, მაგრამ ასე გაბრაზება?! ასე გულში ჩადება?!. მართალია, შენ ჩვენ აღარ გვეკუთვნი, მაგრამ ჩვენ კვლავ შენ საკუთრებად მივიჩნევთ თავს, კვლავ შენით ვამაყობთ, შენით ვიქადით, შენით ვქართველობთ, თორემ სხვა რაღა დაგვრჩენია? შენ ხარ მიზეზი ჩვენი სიამაყისა! შენ ხარ მიზეზი ჩვენი განსწავლულობისა, შენ წიაღში იშუა ქართულად უფლის სიტყვა...
შენთან დაბარებულ მოკითხვებს კვლავ გადმოგცემ! ჩვეულებისამებრ ხატებით, სანთლებით, საკმევლით, მიწით, ქვებით, წყლით და ათასი რამით დატვირთული გემშვიდობები, რომ შემეძლოს, სულ მოგიპარავდი, სულ წაგიღებდი, მაგრამ სად... ივერიაში მივდივარ, იქნებ რამეს მაბარებ? იქნებ რაიმე სათხოვარი გაქვს? ივერონი ჩვეული ბურუსმორეული მიყურებდა, მისმენდა ნაღვლიანი და საუკუნეთა ღამენათევი, რაღაცის თქმა უნდოდა, მაგრამ ქართულად თავი ვეღარ მოაბა და მდუმარედ გამომაცილა, ეტყობა, გული არ დამწყვიტა... წამოვედით, უკლებლივ ყველა შეგავედრეთ ღმერთს! განურჩევლად... ათონი/ივერონი, 2018 წ., ვარდობის თვე."
***
ივერონი განსაკუთრებული სიწმინდე და განძია როგორც ჩვენთვის, ისე ათონისთვის. კირიონ კათალიკოსი ამბობს: ,,ჩვენი თანამემამულენი იმდროინდელ საბერმონაზვნო ცენტრებში პირველ მოწესეთა შორის იყვნენ და ნათლით მოსილ ათონზე უსათუოდ უძველესი დროიდან მოსახლეობდნენ." ეს კვალი დღემდეა, ამ სიტყვების მთელი გაგებით _ ივერონში კიდევ შემორჩა ქართული სუნი, ჩვენს ძველ ტაძრებს რომ სდის ხოლმე, ისეთი. მინდა მოგილოცოთ მოახლოებული დღესასწაული ივერიის ხატის ხსენებისა, არა ერთხელ შემივედრებია ზეცისა და ქვეყნის დედუფლისთვის სამყარო და თავისი წილხვდომილი მიწა ივერიისაა, თითოეული თქვენგანი ერთად და ცალკე, კვლავაც შევთხოვ შეწევნას და ამ სიტყვებით მოვეფერები ყოველთა დედას: მშვენიერების წყაროვ, სამყაროს გაზაფხულო, უდაბნოს ჩრდილო, ზამთრის მზეო, წყალობის ოკიანევ, სიხარულის ოსტატო, სიბრძნის მდინარევ, ფილოსოფიის სხივო, სევდის მტერო, ცოდვის დამაქცეველო, უიმედობის განმამწარებელო, ვნებათა დამწველო, მოწყინების შემავიწროვებელო, ჭრილობის მალამოვ, ყველაზე საპატიო ტიტულის მატარებელო ღვთისმშობელო დედა! ვსასოებთ შენზე, შენი ძისა და ღმერთის მიმდევარნი.