1832 წლის ვერშემდგარი შეთქმულება
მას შემდეგ, რაც 1801 წელს რუსეთმა ქართლ-კახეთის სამეფო გააუქმა და საქართველოს დანარჩენი კუთხეების დაპყრობას შეუდგა, ქართველმა ხალხმა წართმეული სახელმწიფოებრიობის დაბრუნების მიზნით არაერთხელ წამოიწყო აჯანყება. ერთ-ერთი ასეთი მცდელობა იყო 1832 წლის შეთქმულების სახელით ცნობილი, რომელიც რუსეთში გადასახლებულ ბატონიშვილთა წრეში ჩაისახა. კერძოდ, 1825 წელს პეტერბურგში მცხოვრებმა დიმიტრი იულონის ძემ, ხოლო 1826 წელს მოსკოვში იძულებით მყოფმა ოქროპირ გიორგი მეთორმეტის ძემ (ბაგრატიონებმა) გარს შემოიკრიბეს რუსეთში სასწავლებლად ჩასული ქართველი ახალგაზრდები და შეუდგნენ მომზადებას მომავალი შეიარაღებული აჯანყებისათვის. 1827 წელს კი პეტერბურგიდან სამშობლოში დაბრუნდა დიდი ქართველი განმანათლებელი, საზოგადო და პოლიტიკური მოღვაწე სოლომონ დოდაშვილი და შეთქმულების ცენტრმაც თბილისში გადმოინაცვლა. სოლომონ დოდაშვილი განათლებული პიროვნება იყო, რომელსაც პეტერბურგის უნივერსიტეტი ჰქონდა დამთავრებული.
შეთქმულების აქტიური წევრი იყო აგრეთვე ფილადელფოს კიკნაძე. ის შეთქმულთა ფარული საზოგადოების წესდების ავტორი გახლდათ. ფილადელფოს კიკნაძემ შეთქმულთა მიმოწერისთვის შექმნა ფარული ანბანი. მისი საერო სახელი იყო ნიკიფორე. ის იმერეთში, სამეფო აზნაურის, ივანე კიკნაძის ოჯახში დაიბადა 1793 წელს. მამამისს არანაირი საშუალება არ ჰქონდა, შვილისთვის განათლება მიეცა. მხოლოდ შეძლო, გადმოეყვანა აღმოსავლეთ საქართველოში და მიებარებინა იოანე ნათლისმცემლის დავითგარეჯის მონასტერში. ამ დროს კიკნაძე 7 წლის უნდა ყოფილიყო. სულ მალე მას მშობლები დაეხოცა, რომლებიც 1811 წელს დასავლეთ და აღმოსავლეთ საქართველოში გავრცელებული შავი ჭირის ეპიდემიას ემსხვერპლნენ. შემდეგ მეზობელმა თავადმა - აბაშიძემ მას სახლ-კარიც გადაუწვა. იგი, ფაქტობრივად, სრულიად მარტო და მიუსაფარი აღმოჩნდა, ოჯახისგან და მშობლიური კუთხისგან მოშორებული. თუმცა, თავისი ნიჭის წყალობით, ფილადელფოს კიკნაძემ შეძლო დაწინაურება. ის აღიკვეცა ბერად, სახელი შეუცვალეს და უწოდეს ნიკოლოზი. ამის შემდეგ, როდესაც იგი მღვდელ-მონაზვნად ეკურთხა, კიდევ ერთხელ შეეცვალა სახელი, ეწოდა ფილადელფოსი და ისტორიაში ამ სახელითვე დამკვიდრდა. ის გამორჩეული ახალგაზრდა ყოფილა. როდესაც ნათლისმცემლის მონასტერს სწვევია ხირსის არქიმანდრიტი, ყმაწვილი ძალიან მოსწონებია. აქედან დაიწყო მისი წინსვლაც. არქიმანდრიტმა კიკნაძე ხირსაში წაიყვანა, სადაც ფილადელფოსი ფილოსოფიისა და ლიტერატურის შესწავლას შეუდგა. განსწავლული ხირსიდან თბილისში ჩამოვიდა და დარეჯანის სასახლეში, ფერისცვალების ეკლესიაში განაგრძო მოღვაწეობა. აქ ის თავისი ნიჭის წყალობით ბატონიშვილთა და მაღალ საეკლესიო პირთა ყურადღების ცენტრში მოექცა. მის დაწინაურებაში დიდი როლი ითამაშა იმან, რომ 1826-1827 წლებში ის რუსეთში, იყო გაგზავნილი, კერძოდ, ნიჟნი ნოვგოროდში გადასახლებულ კათოლიკოს ანტონ II-სთან. იქ მან რამდენიმე თვე დაყო. ფილადელფოსს საშუალება ჰქონია, მოსკოვშიც ჩასულიყო, გაეცნო საინტერესო ადამიანები და ბევრი ახალი იდეაც დაესახა. მაგრამ ვერ შეთანხმდა კათოლიკოსთან და, როგორც ჩანს, მანვე გამოამგზავრა უკან. თან წერილი გამოატანა, სადაც წერდა, მე სხვა პიროვნებას უფრო შევეგუებოდიო. ამისდა მიუხედავად, ფილადელფოს კიკნაძის რუსეთში მოგზაურობამ დადებითი როლი ითამაშა მისი თვალსაწიერის გაფართოებაში.
როგორც ჩანს, სწორედ მოსკოვში გაიცნო მან ქართველ ბატონიშვილთა ფარული წრეები, სადაც მსჯელობდნენ საქართველოს დამოუკიდებლობის შესახებ. საქართველოში დაბრუნებული ფილადელფოს კიკნაძე იწყებს აგიტაციასა და მოღვაწეობას შეთქმულების სასარგებლოდ.
სამშობლოში მობრუნების შემდეგ იგი შუამთის მონასტერში გააგზავნეს, იმდროინდელი რუსი ეგზარქოსის - იონას პირადი გადაწყვეტილების საფუძველზე. იქ მოღვაწეობის დროს ფილადელფოს კიკნაძე იმდენად განთქმული ყოფილა თავისი განათლებით, რომ ცნობილი ოჯახების წევრები ცდილობდნენ, შვილები მისთვის მიებარებინათ აღსაზრდელად. მაგალითად, მასთან იზრდებოდა ცნობილი პოეტი რაფიელ ერისთავი.
აჯანყების წარმატებით განვითარების შემთხვევაში, იგი მთელ კავკასიას უნდა მოსდებოდა იმისათვის, რომ საბოლოოდ ალაგმულიყო ამიერ და იმიერკავკასიაში რუსთა თარეში. მაგრამ, შეთქმულებს რუსეთთან პოლიტიკური კავშირის სრულად გაწყვეტა არ ჰქონდათ განზრახული, არამედ სურდათ, რუსეთ-საქართველოს შორის დამყარებულიყო საერთო ინტერესებზე დაფუძნებული ურთიერთობა. სწორედ ამას ითვალისწინებდა 1783 წელს რუსეთთან დადებული გეორგიევსკის ტრაქტატიც, რომელიც 1801 წელს რუსეთის თვითმპყრობელურმა ხელისუფლებამ მზაკვრულად დაარღვია და შეუდგა საქართველოს ფაქტობრივ ოკუპაციას.
შეთქმულება დიდხანს და საფუძვლიანად მზადდებოდა. აჯანყება 1832 წლის დეკემბერში უნდა დაწყებულიყო. შეთქმულ არისტოკრატებს, აჯანყების გეგმის, "პირველი ღამის განკარგულების" მიხედვით, წვეულებაზე უნდა მოეწვიათ მსხვილი რუსული ბიუროკრატიის მოხელეები, განეიარაღებინათ, შემდეგ თბილისის მოსახლეობისთვის მოეწოდებინათ და აეჯანყებინათ. საბოლოო გეგმის მიხედვით, მათ უნდა გამოეყენებინათ 1832 წლის 20 დეკემბრისათვის დანიშნული თავადაზნაურობის საგუბერნიო ყრილობა. აჯანყებამდე რამდენიმე დღით ადრე შეთქმულების ერთ-ერთმა ხელმძღვანელმა, იასე ფალავანდიშვილმა, შეთქმულების შესახებ აცნობა თავის ძმას, რომელსაც კავკასიაში რუსეთის მეფისნაცვლის ადმინისტრაციაში მაღალი თანამდებობა ეკავა. ამ უკანასკნელმა შეთქმულება გასცა. ზოგიერთი ისტორიკოსი თვლის, რომ ეს შეთქმულება თავიდანვე განწირული იყო დასამარცხებლად, მაგრამ ამისდა მიუხედავად, კიდევ უფრო უარყოფითი როლი მისი ცალკეული მონაწილის ცხოვრებაში ნებით თუ უნებლიეთ მომხდარმა გამცემლობამ ითამაშა. ერთი გამცემი იასე ფალავანდიშვილი იყო, მეორე კი შუამთის უსახელო ბერი. ყოველ შემთხვევაში, ისტორიამ არ შემოგვინახა ამ ბერის სახელი.
ჩნდება კითხვა: რატომ გაანდო ძმამ ნიკოლოზ ფალავანდიშვილს ამბავი შეთქმულების შესახებ? ისტორიკოს ვაჟა კიკნაძის აზრით, ეს იესემ იმიტომ გააკეთა, რომ მოსალოდნელ აჯანყებაში ნიკოლოზიც ჩაერთო. ამას ნიკოლოზის მკვეთრი რეაქცია მოჰყვა. მან სასტიკად დაგმო შეთქმულება და იასეს უთხრა, რომ თუ ყველაფერს არ გაანდობდა, რაც იცოდა, თვითონაც დაიღუპებოდა და შეთქმულებსაც დიდ ზიანს მიაყენებდა. გადარჩენის ერთადერთი გზა, მისი აზრით, იყო ის, რომ მეფის რუსეთის თბილისის ადმინისტრაციისთვის მოეხსენებინათ ყოველივე. ნიკოლოზმა, ბოლოს და ბოლოს, დააჯერა იასე და მანაც ყველაფერი გაანდო ძმას. ესეც გამცემლობის ერთ-ერთი ფაქტია. იასეც არის ამ ისტორიის ერთ-ერთი ანტიგმირი, რომელმაც თავისდაუნებურად ძირშივე აღკვეთა ეს შეთქმულება და ფილადელფოს კიკნაძის ბედიც განსაზღვრა მისმა ამ საქციელმა. სწორედ ამის შემდეგ მიაკითხეს შუამთის მონასტერში, სადაც ის იმყოფებოდა...
1833 წლის იანვრის დასაწყისში, მოულოდნელად, ასამდე ჯარისკაცი და სამოცამდე ყაზახი შეიჭრა შუამთის მონასტერში. გამოიყვანეს ბერები და გაამწკრივეს ეზოში. განცალკევებით დააყენეს ფილადელფოს კიკნაძე. ყველა ბერს სათითაოდ ეკითხებოდნენ: - რა თქვა ფილადელფოსმა ანტისახელმწიფოებრივი, რა იქადაგა შუამთობაზე ან ალავერდობაზე, ან ხომ არაფერი იცოდნენ მისი ანტისახელმწიფოებრივი ჩანაწერების შესახებ. თუმცა ყველა ბერი ერთხმად პასუხობდა, რომ მსგავსი არაფერი სმენოდათ, პირიქით, ყველა დადებითად ახასიათებდა მას, მაგრამ ეტყობა, რაღაც ცნობები თავდამსხმელებს წინდაწინვე ჰქონდათ და კიდევ და კიდევ უბრუნდებოდნენ ბერებს დასაკითხად. დაკითხვას პირადად ეგზარქოსი იონა და მისი წარმომადგენლები წარმართავდნენ. ერთობლივი დაკითხვის შემდეგ ცალ-ცალკე დაიწყეს ბერების გამოძახება. მაინც ვერაფერს გახდნენ. მომხდურები ისე გამწარებულან, რომ ბერები სათითაოდ მიუბამთ ხეებზე. ამანაც არ გაჭრა და მხოლოდ მაშინ, როდესაც ეგზარქოსი ყველას დაემუქრა, თქვენ სენაკებსა და სახლებს გადავწვავთ, თუ არ გვეტყვით, სად არის დამალული საბუთებიო, მოხდა გამცემლობა. ერთ-ერთმა მოხუცმა ბერმა, რომლის სახელიც არ არის შემონახული, ვეღარ გაუძლო ამდენ დაკითხვებს, ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ ზეწოლას და უთხრა: - მე გაჩვენებთ, სად არის საიდუმლო ნაწერები დამალულიო. მართლაც, წაუძღვა და აჩვენა ის სახლი, რომლის ბანზეც, მიწის ქვეშ, კოჭებს შორის, დამალული იყო უამრავი ხელნაწერი. გათხარეს და რასაც ეძებდნენ, აღმოაჩინეს კიდეც. ნაწილი აღმოჩენილი ნაწერებისა იქვე გაჩაღებულ ცეცხლში დაწვეს, ნაწილი კი წაიღეს, როგორც მტკიცებულება.
ამის შემდეგ ეგზარქოსი იონა თურმე მიეჭრა ფილადელფოს კიკნაძეს და მკერდიდან ჩამოჰგლიჯა ჯვარი. ფილადელფოსს უთქვამს: ეს ჯვარი კათოლიკოსმა მაჩუქა და მანვე აკურთხა. ქართველი კათოლიკოსის ნაჩუქარი ჯვრის წართმევის უფლება კი რუს ეგზარქოსს და რუს ეპისკოპოსს არ აქვსო. ამან ისე გაამწარა იონა, ხელითაც კი დაუწყია ფილადელფოს კიკნაძის ცემა, რაზეც ფილადელფოსსაც ასევე უპასუხია და რამდენიმე მუშტიც უთავაზებია მისთვის.
ამის შემდეგ ფილადელფოს კიკნაძე უკვე განწირული იყო. მას ხელებზე ბორკილები დაადეს, წელსა და კისერზე გრძელი თოკი მოაბეს და ცხენზე შემჯდარ ყაზახს ხელში დააჭერინეს. ასე არბენინეს იგი შუამთიდან თბილისამდე. ამან ფილადელფოსი, ფიზიკურადაც და მორალურადაც, ისე გატეხა, როცა ციხიდან გამოუშვეს და ფერისცვალების მონასტერში დააბრუნეს (როგორც ჩანს, ზედამხედველობის ქვეშ), მალევე გარდაიცვალა, კერძოდ, 1833 წლის სექტემბერში...
დანარჩენი შეთქმულები დააპატიმრეს, ყაზარმებში გამოამწყვდიეს და მათი "ანტისახელმწიფოებრივი საქმიანობის" გამოსაკვლევად საგანგებო კომისია დანიშნეს, რომელმაც 145 "დამნაშავე" გამოავლინა. რუსეთის მაშინდელმა იმპერატორმა ნიკოლოზ I-მა შეთქმულებს სიკვდილით დასჯა გადაუწყვიტა, მაგრამ შემდეგ განაჩენი შეცვალა და ისინი რუსეთის შორეულ მხარეებში გადაასახლა.
სისასტიკით ცნობილი ნიკოლოზ I-ის ეს "გულჩვილობა" და ქართველთა შეწყნარება იმით იყო გამოწვეული, რომ რუსეთი მსოფლიოს უმტკიცებდა, - საქართველო საკუთარი ნებით შეუერთდა რუსეთს და ჩვენ მათი დამპყრობლები კი არა, მფარველები ვართო. გარდა ამისა, იმ პერიოდში რუსეთს ომი ჰქონდა გაჩაღებული ჩრდილოეთ კავკასიის ხალხებთან და მათი დამორჩილება სურდა. ბუნებრივია, რუსეთის მეფეს ქართველებთან ურთიერთობის გაუარესება კარგს არაფერს მოუტანდა, ვინაიდან იმიერკავკასიის დაპყრობით ოპერაციებში მონაწილეობდა არაერთი მაღალი სამხედრო წოდების ეთნიკური ქართველი, რომლებიც რუსეთს ერთგულად ემსახურებოდნენ. ნიკოლოზ I თავისი იმპერიული ზრახვების დასაყრდენს ისევ საქართველოში ხედავდა აქაური თავადაზნაურობის სახით. ამიტომ სურდა, რომ არა დასჯილ, არამედ "შეწყალებულ" საზოგადოებასთან ჰქონოდა საქმე.
სასამართლო პროცესიდან რამდენიმე წლის შემდეგ ყველა შეთქმული სამშობლოში დაბრუნდა, მაგრამ მათ შორის არ იყო სოლომონ დოდაშვილი, რომელმაც შორეულ ვიატკაში დაასრულა თავისი ხანმოკლე სიცოცხლე (31 წლის ასაკში).
ამით წერტილი დაესვა ქართველთა თავგანწირულ მცდელობას, შეიარაღებული აჯანყების გზით თავი დაეღწიათ რუსეთის იმპერიის ბატონობისაგან და შელახული ეროვნული ღირსება აღედგინათ.
არჩილ ჯორჯაძე ფიქრობდა, რომ დიმიტრი ყიფიანი 1832 წლის შეთქმულების უნებური მონაწილე იყო. 1832 წლის შეთქმულებაში "მონაწილეობდა საუკეთესო ნაწილი იმდროინდელი ახალგაზრდობისა, რომლის ქსელში თავისდაუნებურად გაება დიმიტრი ყიფიანიც". ამასვე იმეორებს გ. მეგრელიშვილი: "დიმიტრი ყიფიანი 1832 წლის შეთქმულების შემთხვევითი მონაწილე იყო. ის აშკარად ხედავდა, რომ, როგორც წვრილი აზნაურობის წარმომადგენელი, ჯობდა ცარიზმის მხარეზე დამდგარიყო, ვიდრე ბატონიშვილებისა და წარჩინებული ფენის მხარეზე". 1832 წლის შეთქმულებაში დიმიტრი ყიფიანის შემთხვევით მონაწილეობაზე მსჯელობა იოსებ უთურაშვილს არადამაჯერებლად მიაჩნია. ის წერს: "ვითომ რატომაა შეუძლებელი, რომ დიმიტრი ყიფიანი შეგნებულად დაკავშირებოდა ეროვნულ-გამათავისუფლებელი ხასიათის შეთქმულებას?". ამ აზრის მოწინააღმდეგეები ამბობდნენ, რომ 1832 წლის შეთქმულება რეაქციულ-მონარქისტული იყო და ყიფიანი ამ შეთქმულებაში შეგნებულად ვერ მიიღებდა მონაწილეობასო. შალვა ნუცუბიძე აღნიშნავდა, რომ "1832 წლის შეთქმულთა შორის, ერთი მხრივ, იყვნენ რეაქციონერები, რომლებიც მონარქიზმს ესწრაფოდნენ, ხოლო მეორე ჯგუფი ქართული მეფობის აღდგენას კი არ მოითხოვდა, არამედ რესპუბლიკური რეჟიმის დამყარებას. ეს ჯგუფი სოლომონ დოდაშვილისა იყო, მასში შედიოდნენ ყიფიანი, ავთანდილიშვილი, მამაცაშვილი..."
ალექსანდრე ბენდელიშვილი მიიჩნევს, რომ 1801 წლის მანიფესტის გამოცხადებისთანავე ქართველმა ხალხმა დაიწყო ბრძოლა სახელმწიფოებრიობის აღდგენისათვის, გარკვეულ დრომდე მაღალი წოდება და ხალხი ბაგრატოვანთა მონარქიის აღდგენას მოითხოვდა. უფრო მოგვიანებით აღმოცენდა რესპუბლიკური იდეებიც. ორივე შემთხვევაში ქვეყნის სუვერენიტეტის აღდგენისთვის ბრძოლა პროგრესულ მოვლენას წარმოადგენდა.
სხვა მკვლევრების აზრითაც, 1832 წლის შეთქმულება ქართული ეროვნულ-გამათავისუფლებელი მოძრაობის შემადგენელ ნაწილადაა მიჩნეული და აღნიშნულია მთელი შეთქმულების პროგრესული როლი. შეთქმულები იბრძოდნენ კოლონიური ჩაგვრის წინააღმდეგ, ეროვნული დამოუკიდებლობისათვის. საკითხისადმი ასეთი მიდგომისას შეუძლებელია, დიმიტრი ყიფიანი შეთქმულებისადმი სრული თანაგრძნობით განწყობილ პიროვნებად არ მივიჩნიოთ. 1832 წლის შეთქმულთა წრეში დიმიტრი ყიფიანი ალექსანდრე ჭავჭავაძის რეკომენდაციით მოხვედრილა.
თავის მემუარებში დიმიტრი ყიფიანი აღნიშნავდა: "1832 წლის შეთქმულების წინ მითხრა ერისთავმა: "შენაც სავსებით შეგიძლია, იგრძნო სიყვარული და თავდადება შენი სამშობლოსი, რომელიც ახლა მეტად კრიტიკულ მდგომარეობაშია". ამ რამდენიმე სიტყვით დიმიტრი ყიფიანი ბევრს გვეუბნება. აქ გამოკვეთილია სამშობლოს ცნება არა რუსი მონარქისტების გაგებით, არამედ ქართველი კაცისათვის დამახასიათებელი განსაზღვრებით: სამშობლო და საქართველო ერთი და იგივე ცნებებია. სამშობლო კრიტიკულ, გაჭირვებულ მდგომარეობაშია და როგორ შეიძლება, მისმა შვილმა სიყვარული არ იგრძნოს და, თუ საჭირო იქნება, თავიც არ დადოს მისთვისო.
გადასახლებიდან ხუთი წლის შემდეგ, 1837 წელს დიმიტრი ყიფიანს სამშობლოში დაბრუნების ნება მისცეს. მხოლოდ თბილისში ცხოვრების უფლება არ ჰქონდა, ამიტომ ქუთაისში დასახლდა. ქუთაისიდან 3-4 წლის შემდეგ გადმოვიდა თბილისში. იმ დროს საქართველოში ეროვნულ იდეებს დიდი გასაქანი არ ჰქონდა, დიმიტრი იმასაც მიხვდა, რომ რუსეთთან სამხედრო ძალით დაპირისპირება შედეგს არ გამოიღებდა და საჭირო იყო მოჩვენებითი "ერთგულებით" სამშობლოსათვის სასარგებლო ქართული საქმის კეთება. მალე ის რუსი მთავარმართებლებისათვის შეუცვლელ ფიგურად იქცა და დიდ თანამდებობებსაც მიაღწია: ვორონცოვის დროს მთავარმართებლის საბჭოს კანცელარიის მმართველი იყო, მურავიოვის დროს - კანცელარიის დირექტორი, ბარიატინსკიმ თავისი საბჭოს წევრად დანიშნა. 1859-1867 წლებში მუშაობდა სამეგრელოს მთავრის ქონება-მამულის მეურვედ. 1864-1870 წლებში თბილისის გუბერნიის, ხოლო 1885-1886 წლებში ქუთაისის გუბერნიის თავადაზნაურობის წინამძღოლად. მონაწილეობდა საგლეხო რეფორმის პროექტის შედგენაში; სათავეში ედგა ქართველი თავადაზნაურობის ლიბერალურ ფრთას. 1876-1879 წლებში იყო თბილისის ქალაქისთავი.
ვალერიან გუნიას თქმით, 30 წლის მანძილზე "არ მოუსვენია არც ერთი დღე, არც ერთი საათი, მაგარი და მტკიცე სულით იგი მხნედ ასრულებდა თავის მოვალეობას, მაგრამ ისე კი არა, როგორც ჩინოვნიკი, არამედ როგორც პატიოსანი კაცი და დაუცხრომელი მოღვაწე". იმპერია მხოლოდ იმდენზე უშვებდა და ახალისებდა, რამდენადაც მის ნიჭსა და ენერგიას გამოიყენებდა, იმის იქით უბოდიშოდ უჯახუნებდნენ კარს. ასეთ დროს დანანებით ამბობდა: "აი, ასე მოხდება ხოლმე, რომ დამნაშავე გამოხვალ უდანაშაულოდ... მაშ, უკაცრავად, მე ასეთი წესების მსახური არა ვარ..." დიმიტრიმ შეძლო მისი მაღალი თანამდებობები გამოეყენებინა ქვეყნის გაძლიერებისა და ეკლესიის აღორძინებისათვის. იგი სხვა ქართველ მამულიშვილებთან ერთად აქტიურად იბრძოდა საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენისა და ქვეყანაში მართლმადიდებლური მსოფლმხედველობის განმტკიცებისათვის. მისი თაოსნობით ან აქტიური მონაწილეობით ხორციელდება ის უმნიშვნელოვანესი პროექტები (საადგილმამულო ბანკი, "ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება", ქართული ბიბლიოთეკა და სხვა), რომელთა საშუალებით XIX საუკუ-ნის საქართველო გადაგვარებას გადაურჩა. თანაც, არ დაგვავიწყდეს, დიმიტრი ყიფიანი "მამების" თაობას მიეკუ¬თვნებოდა, რომლებთანაც, არცთუ უსაფუძვლოდ, ვერა და ვერ თანხმდებოდნენ "შვილები". ვერ თანხმდებოდნენ, მაგრამ... არა დიმიტრი ყიფიანთან. ყიფიანი ის იშვიათი გამონაკლისი იყო, რომელიც თითქოს განგებამ მოავლინა, რათა თაობებს შორის გაბმული ძაფი არ გაწყვეტილიყო... ცალკე უნდა აღინიშნოს "შვილების" ყველაზე ენამწარე წარმომადგენლის, აკაკის დამოკიდებულება ყიფიანისადმი. აკაკი მას შეხაროდა, ეთაყვანებოდა. "განთიადი" მიუძღვნა!
დიმიტრი ყიფიანი შესანიშნავი გარეგნობით გამოირჩეოდა, ხანში შესულსაც შერჩენოდა მომხიბვლელობა. მაღალი შუბლი, ფართო, ცნობისმოყვარე, ელვარე თვალები, ღაჟღაჟა სახე და სქელი ჭაღარა წვერი მის გარეგნობას უაღრესად შთამაგონებელ იერს ანიჭებდა. დიმიტრი მეტყველებდა საკმაოდ ორიგინალურად, ბოხი ხმით, მის ლაპარაკში ყოველთვის გამოსჭვიოდა ძლიერი გონება და საღი ლოგიკა.
"ყიფიანი გონებრივი და ზნეობრივი ღირსებებით მდიდარია, იგი წარმოადგენს ერთ მთლიან ნატურას, ურყევს პირველი დღეებიდან უკანასკნელ დღემდე", - აღნიშნავდა ნიკო ნიკოლაძე.
ქართველ ერში დიმიტრი დიდი პოპულარობით სარგებლობდა. "ივერიის" კორესპონდენტი აღნიშნავდა: ქართლში "ისეთი სახელი ჰქონდა გავარდნილი დიმიტრის, ყველა დედა ნატრობდა, რომ იმისთანა შვილი გამოსვლოდა". გურია-სამეგრელოსა და რაჭა-ლეჩხუმში დიმიტრის ორასამდე ნათლული ჰყოლია.
დიმიტრი ყიფიანი შესანიშნავი მოსაუბრე ყოფილა. ჰყვარებია მუსიკა, სიმღერა და ცეკვა. "მასთან ცხოვრება - ეს იყო სიცოცხლეშივე სამოთხეში ყოფნა", - აღნიშნავდა დიდი ხნის შემდეგ დიმიტრის ერთ-ერთი ახლობელი. დიმიტრი ყიფიანს ძალიან ჰყვარებია მხატვრული კითხვა. მისი რძალი ნინო ტატიშვილი-ყიფიანისა წერდა: "ხშირად გვატკბობდა დიმიტრი თავისი ღვთაებრივი კითხვით. შემოვუსხდებოდით მაგიდას დიდ დარბაზში და ვუსმენდით სულგანაბულნი მისი უაღრესად მეტყველი ხმით და სახით წაკითხულ რომელიმე კლასიკოსის ნაწარმოებს. დიდ შთაბეჭდილებას ახდენდა ჩვენზე მისი წაკითხული. მახსოვს, კითხულობდა ვიქტორ ჰიუგოს "ოთხმოცდაცამეტს".
ის ადგილი რომ წაიკითხა, სადაც აღწერილია ხანძარში მოხვედრილი ბავშვების გადასარჩენად გულქვა როიალისტის - ლანტენაკის - დაბრუნება ციხე-კოშკში, ყველას ცრემლი მოადგა თვალზე. მე კი წამსკდა ქვითინი, ძლივს დამამშვიდეს". ნინო მეუღლეს "ღვთიურ დიმიტრის" უწოდებდა.
გაგრძელება იხილეთ შემდეგ გვერდზე»»