ქრისტეს შობიდან VI საუკუნე იდგა. ღვთისმშბლის წილხვედრ ივერიაში უფლის ეკლესიას ცრუ სოფელმა ათასგვარი საცდურის ცეცხლი შეუნთო.
ზოროასტრის მიმდევარნი, მონოფიზიტნი თუ მწვალებელნი თავისკენ მიიზიდავდნენ მრავალ ქართველს, "ახალნერგთა ქრისტეს სარწმუნოებაში". სწორედ მაშინ შეგვიწყალა დედა ღვთისამ და ჩვენს სამშობლოს წარმოუგზავნა ცამეტი ნათლის სვეტი, ცამეტი ღირსი მამა, რომელთაც გაამყარეს და ფეხზე დააყენეს ქრისტეს სარწმუნოება ქართველთა შორის.
ყველაფერი კი ასე დაიწყო: ასურეთში, ანტიოქიის მახლობლად, ერთი მონასტერი იდგა, რომელიც მკაცრი ტიპიკონითა და მამათა ღვაწლით გამოირჩეოდა. მონასტერს ღირსი იოანე წინამძღვრობდა. უამრავი ქრისტიანი მიდიოდა სავანეში სულიერი სარგებლისთვის. იმდენად ბევრი, რომ წმინდა იოანემ განიზრახა, განშორებოდა ანტიოქიას, წასულიყო უცხო მხარეს, სადაც არავინ იცნობდა, და იქ დაესრულებინა "მცირედი იგი ნეშტი დღეთა ცხოვრებისა თვისისა".
ერთხელ ღირსმა მამამ მონასტრის ძმობა შეკრიბა და განუცხადა: "გამომეცხადა ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი და მიბრძანა, წავიყვანო თორმეტი თქვენგანი ქვეყანად ქართლისა და იქ ვიღვაწოთ სარწმუნოებისთვის ქვეყანისა", - მერე კი ყველას უბრძანა, ქარტაზე თავისი სახელი დაეწერა და წმინდა ტრაპეზზე დაედო.
ღამე ლოცვაში გაათენეს, განთიადის ჟამს უსისხლო მსხვერპლი შესწირეს უფალს, ეზიარნენ უფლის სისხლსა და ხორცს. წმინდა იოანემ უბრძანა სულიერ შვილებს, ხელები აღეპყროთ და "კირიელეისონი" ეგალობათ. მათაც "განიპყრეს ხელნი სიტყვისაებრ მოძღვრისა" და ყველამ დაინახა, რომ უფლის ანგელოზმა წმინდა ტრაპეზიდან 12 ქარტა აიღო და ხელში ჩაუდო წმინდა იოანეს...
მოძღვართან განშორების მოახლოებამ შეაძრწუნა დანარჩენი ძმები. წმინდა იოანემ ისინი სათითაოდ დალოცა, წინამძღვრად ღირსი ექვთიმე განუჩინა და "ესრეთ მრავლითა ცრემლითა იჯმნა მათგან". წასვლის წინ ღირსმა მამამ და მისმა მოწაფეებმა სვიმეონ ახალი მესვეტისგან აიღეს კურთხევა და ისე დაადგნენ საქართველოსკენ მომავალ გზას.
ასურელ მამას შორის იყო ღირსი ანტონიც. მას უძვირფასესი ძღვენი მოჰქონდა ქართველებისთვის - მაცხოვრის ხელთუქმნელი ხატი, "კეცისად" წოდებული.
* * *
არსებობს განსხვავებული მოსაზრებაც ანტონის ქართლში მოსვლის თარიღის შესახებ. ისტორიოგრაფიაში გამოითქვა ვარაუდი, ანტონ მარტომყოფელის სხვა ასურელ მამათაგან დამოუკიდებლად ქართლში მოსვლის თაობაზე. ამ მოსაზრების თანახმად, ის უნდა მოსულიყო ედესიდან (და არა ანტიოქიის მახლობლად მდებარე მონასტრიდან, როგორც იოანე ზედაზნელი) იოანეს და მისი მოწაფეების ერთი ნაწილის შემდეგ (კ. კეკელიძე. ივ. ჯავახიშვილი).
ანტონის ქართლში მოსვლის დათარიღების ერთ-ერთ საფუძველს წარმოადგენს მის "ცხოვრებაში" დაცული ცნობა სპარსეთის მეფის, ხოსროს მიერ ქალაქ ედესის წარუმატებელი ალყის შესახებ, რომლის შემდეგაც ანტონი საქართველოსაკენ გამოემართა და თან წამოიღო ნესტორიანელ ერეტიკოსთაგან გამორიდებული მაცხოვრის ხელთუქმნელი ხატის ასლი - კეცის ხატი. რადგანაც ეს ალყა 544 წელს იყო, შესაბამისად, ანტონის ქართლში ჩამოსვლა VI ს-ის შუა წლებით, დაახლოებით 545 წლით უნდა დათარიღდეს (კ. კეკელიძე, დ. მერკვილაძე, ივ. ჯავახიშვილი).
წყაროები ანტონის ცხოვრებისა და მოღვაწეობის შესახებ არ არის მრავალრიცხოვანი. ანტონის შესახებ არავითარი ცნობა არ არის დაცული ასურელ მამათა "ცხოვრებების" ადრეულ რედაქციებში (იგი მხოლოდ მოიხსენიება იოანე ზედაზნელის მოწაფეთა შორის). XIII ს-ში კათალიკოსმა არსენ ბულმაისიმისძემ (აბუსერ აბუსერისძის დავალებით) დაწერა საგალობელთა ციკლი მარტყოფის ხატის შესახებ, რომელიც ეძღვნება მარტყოფის ხელთუქმნელი ხატის ედესიდან ქართლში ჩამოტანას და რომლებშიც შესხმულია ანტონის ღვაწლიც. XVIII ს-ის I ნახევარში არსენ ბულმაისიმისძის საგალობლების საფუძველზე და, სავარაუდოდ, ზეპირი გადმოცემების გათვალისწინებითაც, შეიქმნა ანტონის "ცხოვრების ორი სვინაქსარული რედაქცია - მოკლე და ვრცელი (მოკლე რედაქცია ვრცელის მექანიკურ შემოკლებას უნდა წარმოადგენდეს, - ე. გაბიძაშვილი). ვრცელი რედაქცია შეტანილია აგრეთვე ვახტანგ VI-ის სწავლულ კაცთა კომისიის მიერ შედგენილ "ქართლის ცხოვრებაში".
ხსენებულ წყაროთა თანახმად, ანტონმა ჩამოიტანა საქართველოში უფლის ხელთუქმნელი ხატის კეცზე გადატანილი ხელთუქმნელი პირი. მაცხოვრის ხელთუქმნელი ხატის ისტორია უკავშირდება აპოკრიფულ თხრობას ედესის მთავრის, ავგაროზისა და იესო ქრისტეს შესახებ. როდესაც განკაცებული ღმერთი ადამიანთა შორის ცხოვრობდა და მათ უამრავი სასწაულით აჯილდოებდა: სნეულთ კურნავდა, ბრმებს მხედველობას უბრუნებდა, მკვდრებს აღადგენდა, - ქალაქ ედესის მთავარი უკურნებელი სენით დაავადდა. ექიმებმა მისი გადარჩენის იმედი დაკარგეს. მეფეს სწორედ ამ დროს გაახსენდა იესო ქრისტე და მყისვე გაგზავნა მასთან შიკრიკი. მთავარმა განკურნება სთხოვა მაცხოვარს, სამაგიეროდ კი ურიების მიერ სამშობლოდან გამოძევებულ იესოს თავის ქალაქში მშვიდ ცხოვრებას შეჰპირდა.
მაცხოვარს შეებრალა სნეული და საპასუხოდ ლოცვა-კურთხევის წერილი გაატანა შიკრიკს. უფალმა აუწყა მთავარს, რომ მასთან მისვლას ვერ შეძლებდა. მაშინ ავგაროზმა, რომელსაც იესოზე საუბარი აუტანელ ტკივილებს უმსუბუქებდა, კარის მხატვარი გაგზავნა, ქრისტეს სახე რომ დაეხატა და მისთვის ჩამოეტანა. ბევრს ეცადა მხატვარი, მაგრამ მაცხოვრის ხატების ტილოზე გადატანა ვერ შეძლო. მაშინ იესომ ტილო გამოართვა, სახეზე მიიფარა და უფლის სახე სასწაულებრივად აღიბეჭდა მასზე.
გახარებული მხატვარი მოციქულ თადეოზთან ერთად ავგაროზისკენ გამოემართა ანტონის "ცხოვრებათა" თანახმად, ავგაროზ მეფემ ტილოს ხატი, ფიცარზე გადაჭიმული, დაასვენა ქალაქის ჭიშკარზე, ძველი კერპის ადგილას, რათა ყოველ შემოსულს მისთვის პატივი მიეგო. მაგრამ ავგაროზის ურწმუნო შვილიშვილმა უარყო ჭეშმარიტი ღმერთი და უნდოდა ხატის განადგურება. მაშინ ედესის ეპისკოპოსმა დადგა ანთებული ლამპარი ხატთან, რომელიც თაღში ესვენა, წინიდან აგურით (კეცით) დაფარა და ამოქოლა ისე, რომ კვალიც არ დარჩენილა.
დიდი ხნის შემდეგ სპარსელთა მეფე ხოსრომ ედესას ალყა შემოარტყა და განადგურებას უქადდა მას. მაშინ ედესის ეპისკოპოსს, ევლავიოსს, გამოეცხადა ღვთისმშობელი და აცნობა, რომ კარიბჭის თავზე არის დამალული ხელთუქმნელი ხატი, რომელიც ქალაქს იხსნისო. გამთენიისას გაემართა ეპისკოპოსი ლოცვითა და ლიტანიით მითითებულ ადგილას, იპოვა ხელთუქმნელი ხატი და კანდელი, რომელიც კვლავ ენთო. კანდელის ზეთი ზემოდან გადააწვეთეს მოალყეებს და სპარსელები მაშინვე დაიწვნენ და მტვერივით გაიფანტნენ (ამ ეპიზოდში შემონახულია ისტორიული ცნობა სპარსელთა მეფის, ხოსროს მიერ ედესის წარუმატებელი ალყის შესახებ 544 წელს, რომელიც აღწერილია VI ს-ის და შემდგომი პერიოდის რამდენიმე წყაროში - ევაგრესთან, პროკოფი კესარიელთან და სხვ.).
ხოლო მაცხოვრის სახე სასწაულებრივად გადავიდა კეცზე, რომელიც ხატის წინ, მის დასაცავად იყო დადებული. ეს კეცი დაასვენეს ნესტორიანელთა ეკლესიაში.
მაშინ ანტონმა უჩუმრად წამოიღო ეკლესიიდან კეცის ხატი და საქართველოში წამოვიდა ("ცხოვრების" რედაქციათა თანახმად, ანტონმა გამოიკითხა თავისი მოძღვრის, იოანე ზედაზნელის გზა და მის კვალს გამოჰყვა).
* * *
ღირსმა მამებმა მცხეთას რომ მიაღწიეს, მათ ქართლის კათოლიკოსი ევლავიოსი მიეგება. უფლის ანგელოზს ეუწყებინა, მობრძანდებიანო ქართველთა განმათავისუფლებელი ღირსი მამები. დიდად გაიხარა კათოლიკოსმა და "მრავლითა მოღვაწებითა ისტუმრნა" ღმრთივ მოვლენილი ბერები. მთელი ქართლი მცხეთაში შეიკრიბა. ყველა სმენად იყო ქცეული, ვერ შორდებოდნენ წმინდა იოანეს, უსმენდნენ და განათლდებოდნენ მისი ქადაგებით, კრძალვით ეამბორებოდნენ მაცხოვრის ხელთუქმნელ ხატს და წმინდანთა ნაწილებს, რომლებიც წმინდა იოანეს ჩამოებრძანებინა საქართველოში. ასურელი მამებიც მოწიწებით დადიოდნენ წმინდა ნინოს ნაკვალევზე, თითქოს მიწაზე კი არ ადგამდნენ ფეხს, არამედ ზეცად იყვნენ ატაცებულნი, ევედრებოდნენ უფალს, უმჯობესი მათი სულისა გამოეჩინა. ერთ დღეს იხილეს, ზადენის მთას ეშმაკები შემოხვეოდნენ გარს და გადაწყვიტეს, სწორედ ის ადგილი განეწმინდათ და საცხოვრებლადაც იქ გადასულიყვნენ. გაუჭირდა კათოლიკოსს მათი გაშვება, მაგრამ რაღას იზამდა, გზა დაულოცა.
მამებმა ზადენის მთაზე მცირე მღვიმე იპოვეს, რომელიც ეკლესიად აქციეს, მცირედი რამე ტალავარები შეკრეს და დასახლდნენ. ხალხი ახლა ზადენს მიაწყდა. ერთხელ მამებს კათოლიკოსიც ეწვია ეპისკოპოსებთან ერთად. გამოითხოვეს წმინდა იოანესგან ორი მოწაფე - აბიბოსი და ისე - და ნეკრესისა და წილკნის დაქვრივებულ საყდრებზე დასვეს.
ღირსმა იოანემ ნახა სამკალის სიმრავლე და ისიც, რომ მომკელნი მცირედნი იყვნენ და სულიერ შვილებს მამობრივი სიტყვით მიმართა. უთხრა: "შვილნო, რასა სდგახართ და არა ზრუნავთ სხვათა სულიერი სარგებლისათვის? განა არ იცით, რომ შესაძინებელისთვის ამის ქვეყნისა წარმოუვლინებიეთ უფალსა ჩვენსა იესო ქრისტესო? განა ვერ ხედავთ, რომ ახალი დანერგილია სარწმუნოება ამ ქვეყანაში და სწავლითა და ქადაგებით მორწყვა და განაყოფიერება სჭირდებაო?!" მოუწოდა, წასულიყვნენ და საქართველოში სახარება ექადაგათ. საგზლად დარიგებანი გაატანა: ურჩია, განშორებოდნენ შვებასა და უძღებებას, "ღვინოს ევლტოდეთ ყოვლითურთო", - უბრძანა ვაზის სამშობლოში სამოღვაწეოდ გასულებს.
როგორც უკვე ვთქვით, იოანეს თან წმინდა მოწამეთა ნაწილები ჰქონდა წამოღებული. როცა მოწაფეები საქადაგებლად წარავლინა, წმინდანთა ნაწილებიც გადასცა ეშმაკთა სივერაგისგან მცველად და მფარველად.
ზედაზნიდან წამოსული მამები მთელ ქართლ-კახეთში მიმოიფანტნენ. წმინდა ანტონს ჯერ ზედაზნის მთის ჩრდილოეთით უქადაგია და მრავალი მოუქცევია ქრისტეს სარწმუნოებაზე, შემდეგ აღმოსავლეთით, კახეთში, გადასულა, მოუკითხავს სულიერი ძმები იყალთოში - ზენონი და იოსებ ალავერდელი, მერე კი თავის თანამგზავრებთან ერთად ლოპატინის ხეობაში დასახლებულა. უამრავი სასწაული ხდებოდა ხელთუქმნელი ხატის მეოხებითა და ღირსი ანტონის ლოცვით. მისი წმინდა ცხოვრება და ქადაგება სხვებსაც საღმრთო შურით აღძრავდა. გამრავლდნენ მის გარშემო მონაზონნი. მათთვის ღირსმა მამამ ალაზანს გაღმა მონასტერი დააარსა, ხოლო თვითონ ახმეტასთან ახლოს, უვალ მთაზე განმარტოვდა, მაგრამ იქაც მოძებნეს. მამა ანტონი აკრიანის მთაზე გადავიდა და იქ შეუდგა მარტომყოფელობის ღვაწლს. მას აქეთ ამ მთას მის პატივსაცემად მარტყოფელის მთა ეწოდება.
წმინდა ბერი მცენარეულით საზრდოობდა. მალე ღვთის განგებამ ორი ირემი გამოუჩინა, რომლებიც ყოველდღე მიდიოდნენ და რძით კვებავდნენ.
ერთხელ ირმებმა დაჭრილი ნუკრი მოიყოლეს. გაუკვირდა წმინდა მამას - იცოდა, რომ უდაბურ და ქვეწარმავლებით სავსე მთაზე კაცის ჭაჭანება არ იყო. გაოცებულ ბერს ირმები სანადიროდ გამოსულ მთავართან გაუძღვნენ, რომლის შეკითხვებსაც ღირსი ანტონი ჟესტებით პასუხობდა, რადგან დუმილის აღთქმა ჰქონდა დადებული. მისი საქციელით განრისხებულმა მთავარმა ბრძანა, ხელი მოეკვეთათ მისთვის.
წმინდა მამა მჭედელს მიჰგვარეს, რომ გახურებული შანთით ხელი მოეკვეთა, მაგრამ, ყველას გასაოცრად, ჯალათს ხელები გაუშეშდა და მიწაზე დაეცა. წმინდა ანტონს შეებრალა მჭედელი და ლოცვით განკურნა.
ამ სასწაულის მხილველმა მთავარმა წმინდა ბერს ნებისმიერი სურვილის შესრულება აღუთქვა. ღირსმა მამამ მარილზე მიუთითა. მიუხვდნენ, მარილს რომ ითხოვდა და ორი განუტეხელი მარილის ქვა მიართვეს. ანტონმა მხოლოდ ერთი აიღო ირმებისთვის.
ამ დღიდან მოყოლებული უამრავი ადამიანი მიდიოდა მადლმოსილ ბერთან სულისა და ხორცის განსაკურნად. ზოგი იქვე რჩებოდა სამოღვაწეოდ. ბერების რიცხვმა ძალიან იმატა, ამიტომ ღირსმა ანტონმა მათთვის მონასტერი ააშენა, თვითონ კი მთის წვერზე 15 მეტრი სიმაღლის სვეტი აღმართა. მის ძირში მომცრო საყდარი ააშენა წმინდა სვიმეონ მესვეტის სახელზე. ღირსმა მამამ დარჩენილი ცხოვრება ამ სვეტზე გაატარა - წვიმაში, თოვლში, სიცხესა თუ ყინვაში დაუცხრომლად ლოცულობდა სვეტზე დასვენებული უფლის ხელთუქმნელი ხატის წინაშე. მისი ლოცვით და ოფლით განწმენდილი სვეტიდანვე აღვიდა ზეცად მისი წმინდა სული, სხეული კი მისმა მოწაფეებმა სვეტიდან ჩამოასვენეს და მის მიერ დაარსებულ მონასტერში დაკრძალეს.
დასასრული იხილეთ შემდეგ გვერდზე
წმინდა ანტონ მარტმყოფელთან დაკავშირებით ასევე შეგიძლიათ წაიკითხოთ სხვა სტატიები - გადადით ლინკზე
მონასტერშივე დააბრძანეს მაცხოვრის ხელთუქმნელი ხატიც. მას შემდეგ წმინდა ანტონის პატივსაცემად მარტყოფის მონასტრის წინამძღვრებად ხშირად ინიშნებოდნენ ეპისკოპოსნი, ხოლო XIII საუკუნეში, როცა მოოხრდა რუსთავი, მარტყოფში დაიდო ბინა რუსთაველმა ეპისკოპოსმა. რუსთველის სამწყსოს ჰქონია დროშა სარდლისა, რომლის ერთ მხარეს წმინდა გიორგი ყოფილა გამოსახული, ხოლო მეორე მხარეს - ხელთუქმნელი ხატი, რომელიც მთავარანგელოზებს მიქაელსა და გაბრიელს ეპყრათ ხელთ.
მრავალი სოფელი ეკუთვნოდა ღვთაების (მარტყოფის) მონასტერს. ახმეტასთან ახლოს იყო მონასტრის მეტოქიონი. ამბობენ, რომ მეტოქიონი ტაძრის "ზედა ფრთესა" ასულა ვინმე ჭაბუკი, "ძლიერად მომრთხმელი მშვილდისა", ისარი ოთხივე მხარეს გაუტყორცნია და სადაც დაცემულა, იქამდე უბოძებიათ ადგილები ღვთაების საყდრისთვის.
ღვთაების საყდრისშვილობა დიდი პატივი იყო. 1616 წელს, როცა შაჰ-აბასმა ფერეიდანში ქართველები, მათ შორის მარტყოფის მოსახლეობა, გადაასახლა, მათ თან წმინდა ანტონის ხატები წაუბრძანებიათ. ეს ხატები XIX საუკუნემდე ჰქონიათ შენახული ფერეიდნელ გურჯებს.
დიდი იყო კეცის ხატისადმი ქართველთა სასოება. "ქართლის ცხოვრებაში" აღწერილია ორი ეპიზოდი დავით ულუს ცხოვრებიდან: კეცის ხატს იგი ერთხელ განუკურნავს სნეულებისგან, მეორედ კი აღარ, "რამეთუ მოაკლო ღმრთისმსახურება და იწყო რღვევად საყდართა და შლად, ამისთვის აღიღო ღმერთმა ხელი წყალობისა" მასზე.
კეცის ხატი XIV საუკუნეში, თემურ ლენგის შემოსევისას დაკარგულა. მარტყოფის ეპისკოპოს გიორგის (+1395) მოუსწრია მისი გადამალვა. მალე მტერმა მონასტერი დაარბია. მონასტრის ძმობა მომხდურს შეაკვდა. ბრძოლაში დაიღუპა მეუფე გიორგიც, ისე, რომ, ვერ მოასწრო გაემჟღავნებინა, სად დამალა ძვირფასი საუნჯე ქრისტიანობისა. ამის შემდეგ მრავალ ეპისკოპოსს უცდია ხატის პოვნა, მაგრამ ამაოდ.
1752 წელს ლეკებს დაუქცევიათ მონასტერი. ძმებს მოუსწრიათ და კეცის ხატის უძველესი პირი თბილისში ჩამოუბრძანებიათ. წმინდა ვახტანგ გორგასლის მიერ რუსთავ-აკრიანის ეკლესიისთვის ისანში ნაწყალობევ მიწაზე, რუსთველ ეპისკოპოსთა სასახლის ახლოს საგანგებოდ აშენებულ ნიშში გადაასვენეს, ხოლო 1818 წელს - თბილისის სიონის ტაძარში. იგი ბერძენ მხატვარ ქსანტოპულოსს მოუჭედავს. იმავე ხანებში დაიკარგა თვით წმინდა ანტონის საფლავიც.
ეგზარქოს ისიდორეს მღვდელმთავრობისას მამა იოანე მაკარაშვილს, რომელსაც დიდად უღვაწია მონასტრის გაახლებისთვის, ნორიოში ეპოვა ერთი ღრმად მოხუცებული უსინათლო კაცი, რომელსაც ხსომებოდა, სად იყო ძველ ეკლესიაში წმინდა მამის სამარე. ეთქვა: თუ დასავლეთის მხრით, პირველი კარის შესავალთან დამაყენებთ, მერე თვითონ მივალ იმ ადგილამდე, სადაც მამა ანტონის საფლავი მეგულებაო. ასეც მოქცეულან. უსინათლოს ერთ ადგილზე მიუთითებია. დაუწყიათ თხრა. გამოჩენილა მოკირწყლული საფლავის თაღი. იოანემ თურმე ვეღარ მოითმინა და გაატეხინა. ამოიღეს რამდენიმე აგური და ყველამ იხილა მამა ანტონის გაუხრწნელი სხეული.
ეგზარქოსმა ისიდორემ თაყვანი სცა წმინდანის ნეშტს, მცირე ლიტანია გადაიხადა და საფლავი ისევ ამოქოლეს.
1823 წელს, მიწისძვრისას, მარტყოფის ეკლესიის გუმბათი ჩამოქცეულა. ეგზარქოს ისიდორეს მონასტერი განუახლებია და საზაფხულო რეზიდენციად უქცევია...
მარტყოფის მონასტრის ისტორიის ტრაგიკულ ფურცლებში განსაკუთრებულია 1918 წ. 26 აგვისტოს ღამე, როდესაც აქ, თავის სენაკში, ვერაგულად მოკლეს საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი კირიონ II.
...გათენდა 1918 წლის თიბათვის 26. დაახლოებით დილის 9 საათზე, კირიონ II სამიოდე პირთან ერთად, თბილისიდან ეტლით მარტყოფს გაემგზავრა. გზად მარტყოფის მაცხოვრის ხელთუქმნელი ხატის ეკლესია მოილოცა. ტაძრის მსახურებმა სადილი გაუმართეს. მცირე შესვენების შემდეგ გზა გააგრძელა. მონასტერში ბერ-მონაზვნები დიდი სიყვა¬რულით შეხვდნენ. ავიდა მონასტრის სიახლოვეს საკურთხეველთან და ილოცა. ამასობაში მოსაღამოვდა. ბოროტმოქმედებმა პატრიარქის კარი უხმოდ შეაღეს... ასევე უხმაუროდ დატოვეს მკვლელობის შემდეგ მონასტრის კედლები. გათენდა. ბერ-მონაზონნი საქმიანობას შეუდგნენ. კათოლიკოს-პატრიარქი არსად ჩანდა. მონახულება განიზრახეს. შეაღეს საძინებლის კარი. ყველას თავზარი დაეცა...
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი 1918 წლის მკათათვის შვიდს მიაბარეს მიწას. დილით განსვენებულის ცხედარი ანჩისხატის ეკლესიაში დაასვენეს, ნაშუადღევს, 4 საათზე სიონში გადააბრძანეს და ამავე ტაძარში დაკრძალეს.
კომუნისტური მმართველობის ხანაში მარტყოფში ორი დიდი ბერი - გერმანე და ხარლამპი - მოღვაწეობდა. მათ სიწმინდეს ახლაც მოწიწებით იხსენებენ მარტყოფელები. დედები თურმე ბავშვების სამოსს გამოიტანდნენ და დაალოცვინებდნენ, რათა შვილები სნეულებათაგან განკურნებულიყვნენ.
გავიდა ხანი და როცა მოოხრდა აფხაზეთი, მარტყოფში რუსთველი ეპისკოპოსის ნამოსახლარს ცხუმ-აფხაზეთის ეპარქიის დევნილმა სამღვდელოებამ შეაფარა თავი. მარტყოფში ნამოღვაწარი ღირსი მამების ლოცვა და მადლი კეცის ხატისა შეეწიოს მათ და სრულიად საქართველოს.
ის მადლი, ის კეთილსურნელება, ასე უშურველად რომ მოგვეფინება მისი საფლავიდან, ღირსმა მამამ ჯერ სოფელში მოღვაწებით, შემდგომ კი კოშკზე მარტომყოფობით შეიძინა...
წმინდა ანტონის სასწაულები
წმინდა გაბრიელი (ურგებაძე) იხსენებს: "როცა ღვთაების მონასტრის შესახებ შევიტყვე, უკვე მოზრდილი ვიყავი და ფეხით წასვლა გადავწყვიტე. მონასტერში მშიერი წავედი. გზა ძალიან გამიგრძელდა. მესამე დღე იყო, მივდიოდი და პური არ მეჭამა. ვენახები ახალი დაკრეფილი იყო. გავიფიქრე, ერთ კუმპალს მაინც მოვძებნი-მეთქი, მაგრამ შემეშინდა, ქურდობაში არ ჩამომრთმეოდა და გზა განვაგრძე. შიმშილისგან თვალთ მიბნელდებოდა. ვინატრე, "ბუხანკა" პური და ერთი ნაჭერი ყველი მაინც მაჭამა-მეთქი. ცოტა მანძილი გავიარე და ვხედავ, შუა ვენახიდან ბერულად მოსილი ორი კაცი ხელს მიქნევს, მგზავრი ხარ, გეშიება, მოდი, სუფრაზე დაგვეწვიეო. მივედი და - მე რომ ვინატრე, ისეთი პური და ყველი ეწყოთ და ცოტა წითელი ღვინო. პური და ყველი მომაწოდეს და მკითხეს, საით გაგიწევიაო. ვუპასუხე, სადაც მივდიოდი. თავი დამიქნიეს, ცოტა ღვინო შემასვეს და მითხრეს, "დროა შენს გზას დაადგეო".
დავემშვიდობე და გამოვედი გზაზე. გავიფიქრე, ბერივით ჩაცმულ კაცებს ამ შუა ვენახში რა უნდათ-მეთქი და უკან მივიხედე. იქ აღარავინ იყო... ღვთაების მონასტერში აითალა ბერი მოღვაწეობდა. როცა ვუამბე, თავს რაც გადამხდა, მითხრა, - შვილო, ანტონ მარტყოფელი და იოანე ზედაზნელი გამოგცხადებიაო".
გვსურს მეორე ამბავიც შემოგთავაზოთ წმინდა გაბრიელის ცხოვრებიდან:
შემოქმედელი მიტროპოლიტი იოსები (კიკვაძე) იგონებს:
ასეთი ამბავი მინდა გავიხსენო. როცა მარტყოფის ღვთაების მამათა მინასტრის წინამძღვარი ვიყავი, მაშინ სამოქალაქო ომი იყო. სამწუხაროდ, სოფელ ნორიოს მკვიდრიც უარყოფითად იყო განწყობილი ღვთაების მონასტრის მიმართ. ასეთი აზრი იყო, თითქოს მონასტერში იარაღი ინახებოდა და იქ შეიარაღებულები იყვნენ. სოფელი ვერ ეგუებოდა იმას, რომ ღვთაების მონასტერი საპატრიარქოს გადაეცა. სამწუხაროდ, ძალიან დიდი დაპირისპირება არსებობდა... დაახლოებით 30 კაცი მყავდა მონასტერში. უწმინდესის ლოცვა-კურთხევით სამი კვირის გახსნილი იყო მაშინ მონასტერი. მანამდე, სამწუხაროდ, მონასტერს სხვა დანიშნულებისთვის იყენებდნენ.
ერთ დღეს ჩვენთან დაპირისპირებული ხალხი გვემუქრებოდა, რომ უნდა ამოსულიყვნენ მონასტერში. ალბათ ჩხუბი მოხდებოდა, შეიძლება ვინმე დაღუპულიყო კიდეც. იმუქრებოდნენ, ეს ჩვენი მონასტერიაო და უნდა გავეყარეთ მონასტრიდან. თურმე ასეთი რამ მოხდა: მამა გაბრიელს წმინდა ანტონ მარტყოფელი გამოეცხადა და უთხრა, მარტყოფში ასულიყო. მართლაც, ერთ-ერთ ჩემს სულიერ შვილს ოთარ ნიკოლაიშვილს (რომელიც მამა გაბრიელთან დადიოდა) სთხოვა მამა გაბრიელმა, მანქანით წაეყვანა ღვთაების მო¬ნასტერში. ოთარმა თქვა, გზაში ბევრი სასწაული მოხდაო. მანქანაში თითქოს ვგრძნობდი, წმინდა ანტონ მარტმყოფელი მოგვყვებოდაო.
მამა გაბრიელი მონასტერში დიდი სიხარულით მივიღეთ. საღამო იყო და მართლაც რამდენიმე ადამიანი იმუქრებოდა, რომ ჩვენ უნდა გავეყარეთ მონასტრიდან, პირიქით მოხდა - ისინი წამოვიდნენ და მამა გაბრიელმა ისეთ დღეში ჩააგდო... მადლობა ღმერთს, რომ იმ დღეს მამა გაბრიელმა სიკვდილისგან გადაგვარჩინა. იქ მართლაც ცუდი ამბავი მოხდებოდა. ეს მართლაც სასწაულია. წმინდა ანტონ მარტმყოფელმა მოიყვანა მამა გაბრიელი და დაიცვა მთელი მონასტერი განსაცდელისგან.
ტროპარ-კონდაკი
ტროპარი:
ხატად ღმრთისა შექმნილმან წმინდაო, არა უდებ ჰყავ პატივი ხატისა ქრისტესი, თჳნიერ ხელითა კაცთასა გამოსახულისა, რამეთუ იხილე რა ხელთა შინა ურწმუნოთასა, განხურვებულმან შურითა საღმრთოჲთა, იტვირთე მხართა ზედა მტვირთველი ყოველთა, და მოუძღვანე ქართველთა ერსა, მოღვაწეთა შუენიერებაო ანტონი, ევედრე ქრისტესა ღმერთსა შეწყალებად სულთა ჩუენთათჳს.
კონდაკი:
მნათობად მზეებრ ბრწყინვალედ მოეცნეს ქართველთა ერსა ათორმეტ რიცხვნი მამანი, მოძღვარნი ყოვლისა სოფლისანი, და შვენიერებანი უდაბნოთანი, ხოლო შორის მათსა ბრძენი ანტონი იდიდებინ დღესა ჩუენ მიერ, რომელმან მოგვისვენა ხატი ღმრთისა, ხელით უქმნელი, მფარველად მეფისა მორწმუნისა და საცოდ ყოვლისა სოფლისა.
........................
ხატის წყარო»»
........................
წმინდა ანტონ მარტმყოფელთან დაკავშირებით ასევე შეგიძლიათ წაიკითხოთ სხვა სტატიები - გადადით შემდეგ გვერდზე
...............................
აქვე შეგიძლიათ წაიკითხოთ:
უფლის ხელთუქმნელი ხატის გამოჩენა მოხდება იმ სასულიერო პირის მიერ, რომელიც ღვთისგან გამორჩეული იქნება
როდესაც ქართველი ხალხი ღვთის მორჩილებასა და სინანულში იქნება, ღმერთი მაშინ გამოუცხადებს ჩვენს ერს ამ სასწაულმოქმედ ხატს
ახლაც დგას წმინდა ანტონის ხელით აშენებული სალოცავ-სენაკი
წვიმაში, თოვლში, სიცხესა თუ ყინვაში დაუცხრომლად ლოცულობდა სვეტზე დასვენებული უფლის ხელთუქმნელი ხატის წინაშე
მარტყოფი
წმიდა ანტონი ეხმარება ყველას, ვინც გულით მოდის მის საფლავზე და რწმენით ითხოვს შემწეობას
სვეტიდან აღვიდა ზეცად მისი წმინდა სული
მონასტერში საკაცით მიყვანილი მეფე თბილისში თავისი ფეხით, სრულებით ჯანმრთელი მიბრძანდა...
შემოქმედის ეპარქიის მიტროპოლიტის იოსების (კიკვაძე) წმინდა ანტონ მარტმყოფელის მამათა მონასტერში მომხდარ ხილულ სასწაულზე გვიამბობს:
ტროპარ-კონდაკი ღირსისა ანტონ მარტყოფელისა
წმინდა პოლიევქტოს კარბელაშვილი - ძველი ანჩისხატის ტაძარი
წმინდა მამა გაბრიელს განსაკუთრებული სასოება ჰქონდა წმინდა ანტონ მარტმყოფელის მიმართ
ლიტანიობით და გალობით ვადიდებდეთ ხელითუქმნელსა ანჩისხატსა
მამა გაბრიელს წმინდა ანტონ მარტმყოფელი გამოეცხადა და უთხრა, იმ დღეს მარტყოფში ასულიყო
იხილეთ დასაწყისი»»
- მთავარი
- ჩვენ შესახებ
- ეკლესია
- ქრისტიანული ცხოვრება
- რწმენა
- წმინდანები
- სხვადასხვა
- ახალი ამბები
- დიასახლისის გვერდი
- სწავლებანი
- ერისკაცობიდან მღვდლობამდე
- ქრისტიანული საიდუმლო
- ქრისტიანული სიმბოლიკა
- ცოდვა
- ისტორია
- ანგელოზები
- ამბიონი
- კითხვა-პასუხი
- ეს უნდა ვიცოდეთ
- ცრუ მოძღვრებები
- სხვა რელიგიები
- სხვადასხვა
- მკითხველის გვერდი
- ეპისტოლენი, ქადაგებები
- ნამდვილი ამბები
- სასწაულები
- წაუკითხეთ პატარებს
- ჩემი სოფელი
- ქართული გვარები
- ქართული ანბანი
- რელიგიურ-ფილოსოფიური ლექსიკონი
- წმინდა წერილი
- წიგნები
- ლოცვანი