ანტონ მარტყოფელი
წმინდა ანტონ მარტომყოფელი ქალაქ ედესაში უფლის ხელთუქმნელი ხატის მოსაძიებლად იმყოფებოდა
მაშინ, როდესაც VI საუკუნის შუა წლებში ასურელი მამები, იოანე ზედაზნელის მეთაურობით, მისიონერული მისიით ჩამოვიდნენ ანდრია პირველწოდებულისა და წმინდა ნინოს ნათელღებულ საქართველოში - ღვთისმშობლის წილხვედრი ქვეყანა სულიერად უნდა განემტკიცებინათ და ზნეობრივად უფრო მაღალ საფეხურზე აეყვანათ. ღვთის ნებითა და შემწეობით, ანტონმა მრავალი წინააღმდეგობის დაძლევის შემდეგ იპოვა უფლის წმინდა ხატი, რომელსაც ღვთაების ხატს უწოდებდა და როდესაც სამშობლოს გზას დაადგა, მაშინ შეიტყო, რომ იოანე და მისი მოწაფეები საქართველოში ჩასულიყვნენ, ამიტომ შუა გზიდან მობრუნებული, პირდაპირ აღმოსავლეთ საქართველოში გამოემგზავრა უფლის ხელთუქმნელი ხატის თანხლებით. "ფრიად სათნო და წარჩინებული" მამა, წმინდა იოანეს კურთხევით, კახეთს დამკვიდრებულა, თავისი სასწაულმოქმედებით მრავალი მიუზიდავს და ალაზანგაღმა ტაძარიც აღუმართავს ქრისტეს სარწმუნოებას დაწაფებული მრევლისათვის. "ერთხნობის ხეტიალის შემდეგ აკრიანის მთებში დაბინავდა (აკრიანი - ქვა-ღორღიანი). აქ, უღაღსა (უწყლო) და სერტყიან ნაპრალებში ანტონი ცხოვრობდა მარტომყოფელის (მარტმყოფელი) განრინებული ცხოვრებით. იკვებებოდა ბუნების მზა ნაყოფ-მცენარეებით. საღამოობით ასკეტს ფურ-ირმები მოაკითხავდნენ, თვინიერად მიეახლებოდნენ და ჯიქნებს დააწველინებდნენ. ასე - ველურ კენკრას ჭამდა, ირმის რძეს სვამდა და დღე და ღამე განუცადებლად საუფლო ხატის წინაშე ლოცულობდა", - წერს მწერალი და ისტორიკოსი ლევან სანიკიძე.
"ერთხელ ირმები გვიან მოვიდნენ განდეგილთან. ერთი ნუკრი დაკოდილი და სისხლდადენილი მოჰყვა დედას. ანტონს გაუკვირდა და უკან გაბრუნებულ ნადირთ კვალში ჩაუდგა. ირმებმა იგი ჩაიყვანეს აკრიანის მთის ძირას, ფართო ველზე, სადაც წარჩინებული ვინმე ნადირობდა. სწორედ მას დაეჭრა ირმის ნუკრი. ანტონს მიადგა მონადირე: - ვინ ხარო. განდეგილმა მთებისკენ ანიშნა ხელით, "რამეთუ ენა არ ესმოდა". რაკი ჩემი არ გესმის, სწორედ ეგ ხელი უნდა მოგკვეთო, ენის მაგივრად რომ ხმარობო და ანტონი იმ დიდკაცის ბრძანებით მჭედელთან მიიყვანეს. მჭედელმაც ქურაზე შანთები გაახურა და ბერისკენ მკლავის მოსაგლეჯად წაიწია. ანტონი მუხლებზე დაეშვა, ზეცად ხელები აღაპყრო და უმალვე თვითონ მჭედელს "ხელნი, ვითარცა შეშანი, შეექმნეს". ყველას თავზარი დაეცა. ის დიდკაციც მოვარდა, სასწაულმოქმედს ეთაყვანა და შეევედრა, - რაც გნებავს, ბრძანე და ყოველივეს შეგისრულებო. ანტონი ქვას დასწვდა და გალოკა, - ამით ანიშნა, მარილი მინდაო. მაშინვე ქვამარილის ლოდი მოართვეს. იმან მხოლოდ მცირედი ჩამოიტეხა და ისევ მთებისკენ გასწია. ის ქვამარილი თავისი სენაკის ახლოს დადო და ყოველ საღამოს მოახლოებულ ირმებს ალოკვინებდა" (ლ. სანიკიძე, "წიგნი მოწამეთა"). წმინდა ანტონს მრავალი წარმართი გაუქრისტიანებია.
უამრავი მნახველი და მიმდევარი გასჩენია სასწაულმოქმედებით სახელგანთქმულ ბერს, ბევრს მოსწონებია მისი ცხოვრების წესი და მასთან დარჩენილა სამოღვაწეოდ. მამა ანტონს მათთვის მონასტერი აღუმართავს, რომლისთვისაც ღვთაება უწოდებიათ, ერთხანობას იქ დაუბრძანებიათ ედესიდან ჩამოტანილი მაცხოვრის ხელთუქმნელი ხატი. მერე კი, ამ ხატთან ერთად, ერთ მივარდნილ, უკაცრიელ ადგილას დამკვიდრებულა და დღედაღამ გულმხურვალე ლოცვით ავედრებდა უფალს დედა ღვთისმშობლის წილხვედრ საქართველოს.
თავისი სიცოცხლის ბოლო 15 წელი მამა ანტონს მთის მწვერვალის სვეტზე გაუტარებია და დაყუდებულ ცხოვრებას ეწეოდა, რისთვისაც მისთვის მარტოდმყოფელი, "მარტმყოფელი" შეურქმევიათ. აქედან მოდის აკრიანის მთისა და სოფლის დასახელებაც - მარტყოფი.
სიკვდილის მოახლოების ჟამს, რომელიც მას წინასწარ ეცნობა უფლისაგან, ღირს მამას თავისი მოწაფეები მოუნახულებია და უკანასკნელად დაურიგებია ისინი, თვითონ კი, ხატის წინ დაჩოქილი, ლოცვის დროს აღსრულებულა.
ღირსი ანტონის ცხედარი სვეტიდან ჩამოუსვენებიათ და მის მიერ დაარსებულ ღვთაების მონასტერში, ღვთისმშობლის ხატის წინ დაუკრძალავთ.
წმინდა ანტონ მარტმყოფელს წელიწადში ორჯერ მოიხსენიებს ქართული მართლმადიდებელი ეკლესია - 1-ელ თებერვალს და 29 აგვისტოს.
ვესაუბრებით მარტყოფის მამათა მონასტრის წინამძღვარს, არქიმანდრიტ ბენიამინს (ბელქანია):
- მამა ბენიამინ, როდის დაიკარგა მონასტრიდან მამა ანტონ მარტმყოფელის ედესიდან საქართველოში ჩამობრძანებული მაცხოვრის ხატი და რას გაიხსენებდით მონასტრის ისტორიიდან?
- XIV საუკუნეში მონასტერზე თავდასხმების დროს ვინმე გიორგის გადაუმალავს ხელთუქმნელი ხატი. ამის შემდეგ ის დამპყრობლებს მოუკლავთ, ამიტომ ხატის ადგილსამყოფელი დღემდე უცნობია. წმინდანთა წინასწარმეტყველებით, როდესაც ქართველი ხალხი ღვთის მორჩილებასა და სინანულში იქნება, ღმერთი მაშინ გამოუცხადებს ჩვენს ერს ამ სასწაულმოქმედ ხატს. მის მიერ მოხდენილი პირველი სასწაული ედესის მეფე ავგაროზის კეთრისაგან განკურნება იყო, რომელმაც ამის შემდეგ ირწმუნა ქრისტეს ღვთაებრიობა.
სხვათა შორის, 1919 წელს მარტყოფის მონასტერში მუხანათურად დაესხნენ თავს და სიცოცხლეს გამოასალმეს საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი კირიონი, მერე იარაღი დააჭერინეს ხელში, რომ გაევრცელებინათ ვერსია, თავი მოიკლაო. ეს ყველაზე სისხლიანი ფურცელია ჩვენი მონასტრის უახლეს ისტორიაში.
გასული საუკუნის 30-იან წლებში ჩვენს მონასტერში მოღვაწეობდნენ მამა გერმანე, მამა ხარლამპე, მამა აითალა, რომლებიც იმ უმძიმეს წლებში პატიოსნად ემსახურნენ საქართველოს ეკლესიას და ადგილობრივი მოსახლეობის დიდი სიყვარული მოიპოვეს. მათი სახელები დღემდე არ დავიწყებიათ მახლობელ სოფლებში.
1988 წლამდე ჩვენი მონასტერი უმოქმედო იყო. როგორც კი ამოქმედდა, მამათა მონასტრის პირველი წინამძღვარი გახლდათ მეუფე იობი (აქიაშვილი). ერთხანს მეუფე იოსებიც იყო ამ მონასტრის წინამძღვარი.
1993 წლის ოქტომბრიდან უწმინდესისა და უნეტარესის, ილია მეორის კურთხევით, მე გავხდი მარტყოფის მამათა მონასტრის წინამძღვარი. წარმოშობით სოხუმელი ვარ და როგორც ღვთის მსახურმა, აქ ავიდგი ფეხი, აქ აღმკვეცეს ბერად. ჩემი მოძღვარია მეუფე დანიელი. მარტყოფის მამათა მონასტერი ერთ-ერთი მძლავრი სამონასტრო კერაა საქართველოში. მამა ანტონის საფლავის მოსალოცად არა მხოლოდ მარტყოფისა და ნორიოს მოსახლეობა, არამედ მთელი საქართველოს სხვადასხვა კუთხის მორწმუნეები სტუმრობენ მონასტერს, განსაკუთრებით კი ხალხმრავლობა 29 აგვისტოსა და 1-ელ თებერვალს არის. 29 აგვისტოს ანჩისხატის დღე აღინიშნება კალენდრულად და რადგანაც უფლის ხელთუქმნელი ხატი მამა ანტონის ხელითაა ჩამობრძანებული და ჩვენი მთავარი ტაძარიც ღვთაების სახელობისაა, ამ დღეს ბევრი მომლოცველი ჩამოდის, მორწმუნეები რწმენით მოდიან წმინდანის საფლავთან და განსაკუთრებულად შესთხოვენ ამ დღეს თავიანთი სურვილის აღსრულებას, რაც უსრულდებათ კიდეც. ამიტომ ტაძრის დღესასწაულზე და მამა ანტონის მოხსენიების დღეს, ყოველთვის ცდილობენ, ახალი სურვილებით მოვიდნენ, გადაიხადონ საჯანმრთელო პარაკლისი ანტონ მარტმყოფელის სახელზე, მის საფლავთან, მოილოცონ მონასტრის ტაძრები, წმინდა ადგილები და მიიღონ მადლი, რომელიც ამ დღეებში მართლაც განსაკუთრებულია.
- ასურელმა მამებმა სათავე დაუდეს ბერმონაზვნობას საქართველოში. როგორი ტიპიკონი გაქვთ და რამდენი სასულიერო პირი მოღვაწეობს დღეს მარტყოფის მამათა მონასტერში, ბევრია ბერობის მსურველი?
- საღამოს 5 საათზე იწყება მწუხრი, ღამის 3 საათზე ვიწყებთ შუაღამიანს და ცისკარს, რომელსაც მოებმის წირვა. ყოველდღე, 15 საათზე ვატარებთ ანტონ მარტმყოფელის პარაკლისს მის საფლავთან. ვართ 5 მოძღვარი, 14 ბერი, 18 მორჩილი, დაახლოებით 12-14 კაცი მონასტერში ცხოვრობს და აქვს სურვილი ბერობისა. მთლიანობაში 40-ნი ვართ. მორჩილთაგან არავინ არის 18 წელზე უმცროსი, უმეტესობა 30 წელს მეტი ხნისაა, ანუ საშუალო ასაკია 35 წელი.
ჩემი გამოცდილებით, თუ ადამიანმა 3-4 წელი მონასტრის მორჩილებაში გაატარა, ეს იმის ნიშანია, რომ იგი უკვე მოწოდებულია ღვთისგან ბერობისათვის. მართალია, ბერობა ურთულესი გზაა, მაგრამ მშობლებმა არ უნდა შეუშალონ ხელი შვილებს, ვისაც ამ გზაზე დადგომა უნდა - თუ ახალგაზრდას გაუჩნდება ამის სურვილი, ადრე თუ გვიან მაინც წავა მონასტერში. მახსოვს, აფხაზეთისა და სამაჩაბლოს ომის დროს ადგილობრივ მოსახლეობასთან ერთად საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან ჩასული ბევრი ახალგაზრდა იბრძოდა სამშობლოს დასაცავად, რადგან ეს მათი წმინდათაწმინდა მოვალეობა იყო. მაშინ ბევრმა მათგანმა დატოვა ცოლ-შვილი, ოჯახის წევრები. მათი უმრავლესობა ცოცხალი აღარც დაბრუნებულა. თუ მშობლებმა მაშინ არ დაუშალეს შვილებს საბრძოლველად წასვლა, რადგან ამას სამშობლოს სიყვარული ავალდებულებდათ, ასევე ადამიანში თუ ღვთის სიყვარული შემოვიდა, ეს თავგანწირულ სიყვარულს გულისხმობს და წინ ვერავინ აღუდგება. როდესაც ადამიანი მონასტერში მოდის და მისი რიგითი ჯარისკაცი ხდება, ყველაზე დიდი გმირობაა.
- დიდი მადლობა საუბრისთვის.