წმ. ეგვინ ვუსტერელი (+ 717) - ხსენება 30 დეკემბერს (/12 იანვარს).
წმ. ეგვინ ვუსტერელი (+ 717) - ხსენება 30 დეკემბერს (/12 იანვარს).
წმინდა ეგვინ ვუსტერელი ეპისკოპოსის ხსენების დღეა 30 დეკემბერს/12 იანვარს (გარდაცვალება) და 10/23 სექტემბერს ( წმინდა ნაწილების გადასვენება).

მინდა ეგვინ ვუსტერელი და ივშემის მონასტერი

მომავალი წმინდანი დაიბადა VII საუკუნეში და სავარაუდოდ მერსიის სამეფო ოჯახიდან გახლდათ. მისი მშობლები იყვნენ მართლმორწმუნე ქრისტიანები და შვილიც რწმენით აღზარდეს. ჯერ კიდევ ბავშვობაში ეგვინმა თავი მიუძღვნა ღვთის მსახურებას. 7 წლის ასაკში მას უკვე შეეძლო ფსალმუნების კითხვა. მომავალმა ეპისკოპოსმა, ადრეულ სიჭაბუკეშივე უარი თქვა სიმდიდრესა და ამქვეყნიურ სიამოვნებებზე, აირჩია ნებაყოფლობითი სიღარიბე და ატარებდა ცხოვრებას ტაძარში ღვთისმსახურებაში და მუდმივ ლოცვაში. დროთა განმავლობაში ეგვინი მღვდლად აკურთხეს. წმინდა ეგვინის ცხოვრების აღმწერთა თქმით, იგი უკვე მაშინიყო "სულიწმინდის რჩეული ჭურჭელი". მღვდლის ხარისხში რამდენიმე წლის ღირსეული მსახურების შემდეგ, 692 ან 693 წელს, როცა ეპისკოპოსი ოფტფორი გარდაიცვალა, ეგვინი გახდა მესამე ვუსტერელი ეპისკოპოსი - ინგლისის დასავლეთში. წმინდანი თავმდაბლობით უარს ამბობდა ამ ხარისხზე, მაგრამ ეგვინი დაითანხმეს მიეღო იგი, რადგან ხალხიც, მეფეც, სამღვდელოებაც და კენტერბერიის მთავარეპისკოპოსიც მასში ხედავდნენ საუკეთესო კანდიდატს.

იმ დროს ვუსტერი გახლდათ ჰვისას მთავარი ქალაქი, რომელიც არ იყო დამოუკიდებელი სამეფო, არამედ მერსიის პროვინცია. მაშინ ჰვისა ძირითადად წარმართული იყო. ვუსტერის საეპისკოპოსო კათედრა დაარსდა დაახლოებით 679 წელს მერსიის კეთილმორწმუნე მეფე ეთელრედისა და წმინდა თეოდორე კენტერბერიელის მცდელობით; ამ ეპარქიის კანონიკური ტერიტორია მდებარეობდა ჰვისას მიწების საზღვრებში და მოიცავდა თავად ქალაქ ვუსტერს მისი შემოგარენითა და ვუსტერშირის საგრაფოთი, ასევე თანამედროვე ჩრდილოეთ გლოსტერშირის ადგილებს, დადლის რაიონს, უორიკშირის სამხრეთ ნაწილს და, შესაძლოა, ბრისტოლს. დღესაც ეს არის გასაოცარი სილამაზის რაიონები.

სევერნის მდინარის ხეობა მისი ვაშლის ბაღებითა და მოლვერნის გორაკებით იმ დროს ნახევრად ბარბაროსული ხალხით იყო დასახლებული. მეცნიერები ვარაუდობენ, რომ საეპისკოპოსო კათედრისთვის შეირჩა სწორედ ქალაქი ვუსტერი და არა მასზე გაცილებით დიდი გლოსტერი ან მერსიის დედაქალაქი უინჩკომბი იმიტომ, რომ ვუსტერში იმ დროისთვის ქრისტიანობა მაინც მეტ-ნაკლებად დამკვიდრებული იყო. ვუსტერი რომაული ქალაქია, რომელიც I საუკუნეში წარმოიქმნა, თუმცა პირველი დასახლება ამ ადგილზე ჯერ კიდევ ქრისტეშობამდე 400 წელს გაჩნდა. რომაელები მას ბრანონიუმს უწოდებდნენ; მისი საქსონური სახელწოდება ვეოგარეკასტერი ერთი ვერსიით ნიშნავს "დაკლაკნილი მდინარის ქალაქს" (რადგან ის მდინარე სევერნზე დგას), ხოლო მეორე ვერსიით - "ჰვისას მცხოვრებთა ქალაქს"; დროთა განმავლობაში ლათინი ავტორები მას უბრალოდ ვიგორნიას უწოდებდნენ. წმინდა ეგვინის წინამორბედები ვუსტერის კათედრაზე იყვნენ ეპისკოპოსები ბოსელი და ოფტფორი; ორივე განთქმული იყო წმინდა ცხოვრებით და, სავარაუდოდ, განსწავლულნი იყვნენ წმინდა ჰილდას სახელგანთქმულ მონასტერში უიტბიში. წმინდა ოფტფორი ცნობილი იყო როგორც ბრწყინვალე მქადაგებელი, მეცნიერი და მწერალი; მან ისწავლა არა მხოლოდ უიტბიში, არამედ წმინდა თეოდორეს სკოლაში კენტერბერიში და რომშიც. ეგვინის ეპისკოპოსობა დროში დაემთხვა ქრისტიანი მეფის წმინდა ეთელრედ მერსიელის (675-704) ხანგრძლივ და მეტად წარმატებულ მმართველობას, რომელმაც თავის სამეფოში მონასტრები დააარსა.

წმინდა ეგვინის საეპისკოპოსო მსახურება არ იყო იოლი, რადგან მისი ეპარქიის ტერიტორიაზე ძირითადად ნახევრად ქრისტიანები ცხოვრობდნენ, რომლებმაც ცუდად იცოდნენ ქრისტიანული სწავლება, იყვნენ ძალიან ცრუმორწმუნეები და ხშირად მისდევდნენ წარმართულ ჩვეულებებს. წმინდანმა მთლიანად მიუძღვნა თავი ხალხის მსახურებას. მხურვალე გულმოდგინებით ქადაგებდა იგი ღვთის სიტყვას. ხალხმა მაშინვე შეიყვარა წმინდა ეგვინი მისი გონიერების, სამართლიანობისა და პატიოსნებისთვის; მეფე ეთელრედსაც უყვარდა იგი, აფასებდა მის სათნოებებსა და განსწავლულობას. წმინდა ეგვინი იყო თვინიერი და კეთილგანწყობილი ბუნებით, მაგრამ შეეძლო ყოფილიყო მკაცრიც და შეუვალიც, თუ საჭირო იყო ღვთის სიმართლის დაცვა. ასე, მოღვაწის ხასიათის სიმტკიცე გამოვლინდა მაშინ, როდესაც მან შეიტყო, რომ მის სამწყსოში გახშირდა ქრისტიანული ქორწინების კანონების დაუცველობის შემთხვევები. წმინდანი, ზრუნავდა რა ამ ადამიანების სულების გადარჩენაზე ასეთი ცოდვისგან, დიდი გულმოდგინებით შეუდგა მათ დარიგებას, განუმარტავდა საღვთო დადგენილებებს და შეახსენებდა, რომ თითოეული წარსდგება ღვთის სამსჯავროს წინაშე, ხოლო მათ, ვინც ცოდვაში გაჯიუტდება, მარადიული ტანჯვა ელით. ამასთან წმინდანი არ ივიწყებდა საუბარს ზეციური სასუფევლის სიხარულზეც, რომელიც ელის ყველა მართალს და მონანიე ცოდვილს. სამწუხაროდ, ყველა არ მისდევდა წმინდა ეგვინის დარიგებებს. ეს ურჩები არა მხოლოდ აგრძელებდნენ ცოდვას და იქცეოდნენ უღირსად ღვთისმსახურებაზე, არამედ ეშმაკის წაქეზებით გადაწყვიტეს წმინდანზე შურისძიება. გადმოცემა ამბობს, რომ ამ ადამიანებმა ცილი დასწამეს წმინდანს, ისე რომ კინაღამ ხარისხი ჩამოართვეს. წმინდანმა თავმდაბლობით მიიღო მომხდარი, მაგრამ, ზრუნავდა რა მისთვის მინდობილ სამწყსოზე, გადაწყვიტა, მთელი იმედი ღმერთზე დაემყარებინა და დაემტკიცებინა თავისი უდანაშაულობა. და იგი გაემგზავრა რომში, შეიბოჭა ფეხები ბორკილებით, გასაღები კი მდინარე ეივონში გადააგდო ადგილ ჰეთჰომმში. თან წაიყვანა რამდენიმე თანაშემწე, წმინდა ეგვინი ჩაჯდა გემში დუვრში, კენტის საგრაფოში და გაცურა იტალიისკენ. იმ დროს ასეთი მოგზაურობა იყო ძალზე ხანგრძლივი და სახიფათო. და აი, თავმდაბლად გადაიტანა რა გზის ყველა სიძნელე, წმინდანი ჩავიდა რომში. გადმოცემით, იმ მომენტში ქალაქის ტაძრების ზარები თავისით აწკრიალდნენ. რომში წმინდანი, კვლავ ბორკილებში, გაეშურა წმინდა მოციქულების საფლავებისკენ სალოცავად. გზაზე შეჩერდა ხიდზე და თავის თანამგზავრებს სთხოვა ტიბრში თევზი დაეჭირათ სადილისთვის. წმინდანი დიდხანს და თავმდაბლად ლოცულობდა წმინდა პეტრეს ტაძარში, იქ წირვა აღასრულა. როდესაც ტაძრიდან გამოდიოდა, ერთმა თანაშემწემ გაახარა, შეატყობინა რა, რომ მათ შეძლეს უზარმაზარი თევზის დაჭერა. და როგორი იყო საყოველთაო გაოცება, როდესაც თევზის გამოშიგვნისას მის კუჭში იპოვეს სწორედ ის გასაღები წმინდანის ბორკილებისა, რომელიც მან მდინარე ეივონში გადააგდო ინგლისში! ამ სასწაულით დადასტურდა წმინდანის უდანაშაულობა და მასზე ყველა ეჭვი მოიხსნა. სხვა გადმოცემის თანახმად, როდესაც წმინდანი ჯერ კიდევ გემით მიცურავდა რომისკენ, წყლიდან უცებ ამოხტა უზარმაზარი თევზი, რომლის პირში საოცარი სახით აღმოჩნდა გასაღები.

გამართლებული წმინდანი დაბრუნდა ვუსტერში. მეფე ეთელრედმა, როცა შეიტყო მომხდარის შესახებ, კიდევ უფრო მიეჯაჭვა წმინდა ეპისკოპოსს და მალე მიანდო თავისი შვილების სწავლება. წმინდა ეგვინი მხურვალე გულმოდგინებით შეუდგა უფლისწულების აღზრდას. ის ასწავლიდა მათ ღვთის სიტყვას და საერო მეცნიერებებს, წვრთნიდა სათნოებაში, უნერგავდა მათ, რომ ამპარტავნობას არ უნდა მისცემოდნენ, არამედ ყოველთვის ჰქონოდათ ღვთის შიში და შევედრებოდნენ უფალს სიბრძნის მონიჭებას, რომლის გარეშეც ვერცერთი მმართველი ვერ იქნება. უფლისწულებმა შეიყვარეს წმინდა ეგვინი. და მთელი ღვთისმოსავი ხალხიც გულწრფელად პატივს სცემდა წმინდანს მისი სიყვარულისა და გულმოდგინებისთვის, ისე რომ მას "მშობელ მამასაც" კი უწოდებდნენ. წმინდანი ქადაგებებს ამყარებდა თავისი ცხოვრების მაგალითით და მრავალი სასწაული აღასრულა. დროთა განმავლობაში იგი სულ უფრო ხშირად განმარტოვდებოდა სალოცავად. განსაკუთრებით იზიდავდა მას ერთი ველური ტყიანი ადგილი მდინარე ეივონის ნაპირზე, სახელად ჰომი, ანუ ჰეთჰომი, მოგვიანებით ცნობილი როგორც ივშემი (სწორედ აქ გადააგდო მან ბორკილების გასაღები მდინარე ეივონში). სავარაუდოდ, ეს ადგილი იზიდავდა ეგვინს იმით, რომ აქ იდგა ძველი სამლოცველო - მასში უყვარდა ლოცვა. წმინდანმა სთხოვა მეფე ეთელრედს ეწყალობებინა მისთვის ეს მიწა, და მეფე სიამოვნებით დათანხმდა ამის გაკეთებას. თავდაპირველად იმ ადგილზე წმინდა ეგვინმა დაასახლა რამდენიმე მწყემსი თავიანთი ცხვრებით. მაგრამ წმინდანი გრძნობდა, რომ ეს ადგილი განსაკუთრებული იყო, რომ ის ღვთის მიერ იყო რჩეული - ეს მალე დადასტურდა კიდეც: აქ დაარსდა ივშემის მონასტერი, რომელიც შემდგომში გახდა ერთ-ერთი უდიდესი და ცნობილი მონასტერი ინგლისსა და მთელ ევროპაში (გვიან შუა საუკუნეებში ივშემი იყო მესამე უდიდესი სააბატო ინგლისში).

ივშემის მონასტრის დაარსების შესახებ გადმოცემა ასე გვიამბობს. ეს მოხდა დაახლოებით 702 (ან 709) წელს. ერთხელ ვიღაც მწყემსმა, სახელად იობი, დაკარგული ღორის ძებნისას ღამით შევიდა შორს ტყეში და დაინახა იმ ადგილზე, სადაც ახლა ივშემია, ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი ორ ანგელოზთან ერთად. ყოვლადწმინდა ქალწული ხელში გაშლილ წიგნსა და ჯვარს იჭერდა, ხოლო ირგვლივ საოცარი გალობა ისმოდა. ხილვით გაოგნებული მწყემსი, მოწიწებით აღვსილი, დიდი კრძალვით გაშორდა ამ ადგილს. მან დაუყოვნებლივ უამბო სასწაულის შესახებ ეპისკოპოს ეგვინს. მისი მოთხრობის მოსმენის შემდეგ, ეპისკოპოსმა იფიქრა, რომ მაცხოვრის შობის შესახებ პირველებმა სწორედ მწყემსებმა შეიტყვეს უფლის ანგელოზებისგან. იგი რამდენიმე დღის განმავლობაში გაძლიერებულ ლოცვასა და მარხვას მიეცა, შემდეგ კი გადაწყვიტა, სამი თანაშემწე წაეყვანა და იმ ადგილზე წასულიყო. ისინი ფეხშიშველები მიდიოდნენ და მთელი გზა ფსალმუნებს გალობდნენ. როდესაც იმ ადგილამდე ცოტა დარჩა, წმინდანმა დატოვა თავისი თანამგზავრები და შემდეგ მარტო წავიდა. მალე იგი მიწაზე დაეშვა და დაიწყო გულმხურვალედ ვედრება უფლისა და მისი ყოვლადწმინდა დედისადმი, გაემხილათ მისთვის თავიანთი ნება. და წმინდა ეგვინს ჰქონდა ხილვა, რომელიც ზუსტად იმეორებდა იმას, რისი მოწმეც ადრე გახდა მწყემსი. ღვთისმშობელმა უბრძანა მას ამ ადგილზე მონასტერი დაეარსებინა და აკურთხა თავისი ჯვრით. ეს მოვლენა ითვლება ერთ-ერთ პირველ დამოწმებულ სასწაულებრივ გამოცხადებად ღვთისმშობლისა ინგლისში. წმინდა ეგვინი სიხარულით აჩქარდა შეესრულებინა უწმინდესი ქალწულის ბრძანება. მან ხომ ადრეც, როდესაც ცილი დასწამეს, აღთქმა დადო ღმერთის წინაშე, რომ თუ მას ეპისკოპოსის კათედრაზე აღადგენდნენ, აუცილებლად ააშენებდა ტაძარს უფლისა და ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის სახელზე.

მალე წმინდა ეგვინმა მეფე ეთელრედთან ერთად დააარსა ივშემის მონასტერი ("ივშემი" ითარგმნება როგორც "იობის სახლი"). ერთი ვერსიით, ეს მოხდა დაახლოებით 703 წელს, მეორე ვერსიით - დაახლოებით 710 წელს. მეცნიერთა უმრავლესობა პირველ თარიღს ემხრობა, რადგან ცნობილია, რომ მონასტრის დაარსების შემდეგ მალევე ღვთისმოსავმა მეფე ეთელრედმა უარი თქვა ტახტზე თავისი ძმისწულის კენრედის სასარგებლოდ და ბერად აღიკვეცა ბარდნის მონასტერში ლინკოლნშირში, სადაც გარდაიცვალა (მისი ხსენების დღეა 4 მაისი). მეფე კენრედიც ღვთისმოსავი იყო და ყველაფერში ცდილობდა მხარი დაეჭირა წმინდა ეგვინისთვის.

708 წელს, გადმოცემის თანახმად, კენრედმა და აღმოსავლელ საქსთა მეფე ოფამ რომის მოლოცვა გადაწყვიტეს. მათ მიიწვიეს წმინდა ეგვინი თანმხლებ პირად. როდესაც ისინი ალპებს გადაკვეთდნენ, წყლის მარაგი გაუთავდათ, ახლომახლო კი არც ერთი ნაკადული არ იყო. მაშინ წმინდა ეგვინი მუხლებზე დაეცა და გულმხურვალედ დაიწყო უფლის ვედრება, რომ მათთვის სუფთა წყალი ებოძებინა. და მოხდა სასწაული: მათ წინ კლდოვანი ნიადაგიდან ამოხეთქა წყარომ, ისე რომ მოგზაურებმა შეძლეს წყურვილის მოკვლა. წმინდანმა დალოცა მათი დარჩენილი მწირი საკვები და გაუნაწილა ყველას. და, ო სასწაული! - სანოვაგე საკმარისი აღმოჩნდა ყველა მოგზაურის გასაძღომად, და კიდევ ბევრი საჭმელი დარჩა მარაგში. ყველამ მადლობა შესწირა უხვმოწყალე უფალს მისი წყალობისთვის და აღნიშნეს წმინდა ეგვინის განსაკუთრებული სათნოება. რომში მეფეებს და წმინდა ეგვინს ჰქონდათ საუბარი პაპ კონსტანტინესთან, რომელმაც, მოისმინა რა მონათხრობი ღვთისმშობლის სასწაულებრივი გამოცხადების შესახებ ივშემში და ამ წმინდა ადგილზე მონასტრის მშენებლობის შესახებ, უბოძა მას მრავალი პრივილეგია და მიანიჭა სრული დამოუკიდებლობა. წმინდა ეგვინი ინგლისში მარტო დაბრუნდა, რადგან ღვთისმოყვარე მეფეებმა კენრედმა და ოფამ გადაწყვიტეს უარი ეთქვათ მიწიერ ხელისუფლებაზე და დარჩენილიყვნენ რომში, სადაც მათ, ბერად აღკვეცის შემდეგ, იღვაწეს თავიანთი დღეების დასასრულამდე. მეფე ოფა სიკვდილის შემდეგ წმინდანად შეირაცხა (მისი ხსენების დღეა 15 დეკემბერი).

მალე წმინდა ეგვინის ინგლისში დაბრუნების შემდეგ - 709 წელს - უფალთან წავიდა წმინდა ალდჰელმ შერბორნელი, რომელთანაც ეგვინი მრავალი წლის განმავლობაში სულიერი მეგობრობის კავშირით იყო დაკავშირებული. ორივე ეპისკოპოსი იყო, ორივე იყო მათზე მინდობილი ბერების მოსიყვარულე მამა, რადგან ალდჰელმი მრავალი წლის განმავლობაში იყო წინამძღვარი მალმსბერიში, სანამ ეპისკოპოსი გახდებოდა, ხოლო წმინდა ეგვინმა, ეპისკოპოსად ყოფნისას, დააარსა ივშემის მონასტერი და მალე აპირებდა თავისი კათედრის დატოვებას და ივშემის წინამძღვრად გახდომას. წმინდა ალდჰელმის ნეტარი აღსასრული მოხდა 709 წლის 25 მაისს. იმავე დღეს საოცარ ხილვაში წმინდა ეგვინს გაეცხადა მისი ახლო მეგობრის სიკვდილი. წმინდანი ძალიან გახარებული იყო სულიერად, რადგან მან იხილა, რომ ქრისტეს ერთგული მსახურის ალდჰელმის სული დიდი დიდებით აღმაღლდა ზეციურ პალატში, ღვთის ანგელოზებით გარემოცული. ეგვინმა დაუყოვნებლივ აცნობა ამის შესახებ ივშემის მონასტრის ბერებს, თვითონ კი გაეშურა სომერსეტის საგრაფოს დოლტინგში, სადაც ალდჰელმი უფალთან წავიდა. წმინდა ეგვინი მიჰყვებოდა წმინდა ალდჰელმის ცხედრის პროცესიას მთელ გზაზე დოლტინგიდან მალმსბერიმდე, და მისი თხოვნით ყოველ გაჩერებაზე აღიმართებოდა ჯვრები გარდაცვლილის ხსოვნისთვის - ეს ჯვრები კიდევ დიდხანს იდგა.

იმავე 709 წლის შემოდგომაზე ქალაქ ოლკესტერში, უორიკშირის საგრაფოში, ივშემთან ახლოს, შედგა საეკლესიო კრება წმინდა ბრიტვალდ კენტერბერიელის თავმჯდომარეობით. ამ კრებას ესწრებოდნენ მრავალი წარჩინებული ადამიანი და საეკლესიო იერარქი, მათ შორის დიდი წმინდანი უილფრიდ იორკელი. კრებამ, კერძოდ, აღიარა ივშემის მონასტრისთვის ყველა პრივილეგია, რომელიც მას რომის პაპმა და მეფეებმა უბოძეს. კრების შემდეგ წმინდა უილფრიდი წმინდა ეგვინთან ერთად გაემგზავრა ივშემში, სადაც აკურთხა სამონასტრო ეკლესია ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის, მოციქულების პეტრესა და პავლეს და ყველა წმინდანის სახელზე (მოგვიანებით ივშემის მონასტერი მიეძღვნა ღვთისმშობელს და წმინდა ეგვინს). წმინდა ეგვინი განსაკუთრებით გახარებული იყო იმით, რომ ივშემის სავანე აკურთხა ამ სახელგანთქმულმა იორკის ეპისკოპოსმა - და როგორც შემდეგ აღმოჩნდა, მის გარდაცვალებამდე ცოტა ხნით ადრე. მანამდე წმინდა უილფრიდს უკვე უწევდა მერსიაში მსახურება - ნორთუმბრიის კათედრიდან ერთ-ერთი განდევნის დროს. შესაძლოა, წმინდა უილფრიდმა, რომელიც კარგად მიიღო მეფე ეთელრედმა, მერსიაში რამდენიმე მონასტერი დააარსა.

ამრიგად, ივშემში მონასტრის მშენებლობა დასრულდა და წმინდა ეგვინმა იქ დაასახლა ბერების თემი, მიანდო რა ისინი ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ზეციურ მფარველობას. ჩვენთვის უცნობია, საიდან ჩამოვიდნენ ეს ბერები. შესაძლოა, ისინი იყვნენ პიტერბოროს მონასტრიდან კემბრიჯშირში ან წმინდა უილფრიდის მიერ დაარსებული სავანეებიდან ერთ-ერთიდან. ივშემის სავანე მოკლე დროში აყვავდა. თუმცა, წმინდა ეგვინი სულ უფრო მეტად მიისწრაფვოდა განდეგილი ცხოვრებისა და განმარტოებული ლოცვისკენ. 710 წელს ის გახდა მის მიერ დაარსებული მონასტრის პირველი წინამძღვარი, რომელიც მას ასე უყვარდა. ერთი ვერსიით, მან იმავდროულად უარი თქვა ვუსტერის ეპისკოპოსობაზე, მაგრამ იმ დროის ქრონიკების თანახმად, წმინდანი თავისი დღეების დასასრულამდე ერთდროულად რჩებოდა როგორც ვუსტერის ეპისკოპოსი, ისე ივშემის წინამძღვარი. წინამძღვრად გახდომის შემდეგ, წმინდა ეგვინი ცხოვრობდა უკიდურეს სიღარიბეში და თავის დროის თითქმის მთელ ნაწილს უწყვეტ მჭვრეტელობით ლოცვას უძღვნიდა. მიუხედავად იმისა, რომ წმინდანი მანამდეც უკვე აღიარებული იყო წმინდანად, ეგვინის სიცოცხლის ბოლო წლებში მისი სიწმინდე განსაკუთრებით ვლინდებოდა. მისი ლოცვებით ხდებოდა სასწაულები, მას ჰქონდა ზეციური სამყაროს ხილვები, ხშირად წმინდა მოღვაწეები და ანგელოზები ეცხადებოდნენ მას. წმინდანს განსაკუთრებით უყვარდა უფლის ყოვლადწმინდა დედა, "თავისი უსაყვარლესი დედოფალი" (როგორც მის ცხოვრებაშია ნათქვამი). მისი სახელი მუდამ იყო მის ბაგეებზე, ლოცვა მისდამი მუდმივად იყო მის გულში. არაერთხელ ყოვლადწმინდა დედოფალი ცხადად ეხმარებოდა მას.

თავისი სიცოცხლის ბოლო წლები წმინდა ეგვინმა ისეთ უკიდურეს თავშეკავებაში გაატარა, რომ მისთვის სრულიად უცხო იყო ნებისმიერი მიწიერი მოთხოვნილება და მიჯაჭვულობა: ის მხოლოდ ზეცისთვის ცხოვრობდა. მაგრამ წმინდა ეპისკოპოსი და წინამძღვარი, თვითონ სულიერად სრულყოფილი, არ ივიწყებდა მისი ზრუნვის ქვეშ მყოფ ბერებს. ზრუნავდა ის სამწყსოს ხსნაზეც. შემორჩენილია გადმოცემა იმის შესახებ, თუ როგორ განახორციელა წმინდა ეგვინმა მისიონერული მგზავრობა ქალაქ ოლკესტერში, რომელიც უკვე ვახსენეთ. ეს ძველი რომაული ქალაქი მდებარეობდა ძალიან ლამაზ ტყიან ადგილას და თავისი ხელსაყრელი მდებარეობის წყალობით მერსიის მეფეთა რეზიდენციად იქცა. მაგრამ მისი მცხოვრებლები არ გამოირჩეოდნენ ღვთისმოსაობით და, როგორც ძველ წარმართულ დროში, განაგრძობდნენ კერპთაყვანისმცემლობას და სხვა უკანონობებს. წმინდა ეგვინმა მთელი სულით შეიყვარა ეს ადგილი და აღივსო თანაგრძნობით მისი საბრალო მცხოვრებლების მიმართ, რომლებიც არ იყვნენ განათებულნი სახარების ნათლით. და აი მან გადაწყვიტა მგზავრობა ოლკესტერში, წაიყვანა რა თან ივშემის რამდენიმე მკვიდრი. ოლკესტერში ჩასვლისას, რომლის მოსახლეობის დიდი ნაწილი მჭედლობითა და ლითონზე მუშაობით იყო დაკავებული, წმინდანმა მისი მცხოვრებლები მათი ყოველდღიური საქმიანობისას ნახა. მან დაიწყო შთაგონებულად ქრისტეს სახარების ქადაგება, მაგრამ მცხოვრებლებს არ სურდათ მაცხოვრის შესახებ მოსმენაც კი. უფრო მეტიც, მათ გადაწყვიტეს მქადაგებლის გაძევება და დაიწყეს მთელი ძალით გრდემლებზე ურო-ჩაქუჩებით რტყმა, ფიქრობდნენ რა მის დაყრუებას. როგორც არ არწმუნებდა მათ წმინდანი შეეწყვიტათ უკანონობების ჩადენა და მოენანიებინათ, მათ არ სურდათ მისი მოსმენა და დასცინოდნენ მას. მაშინ წმინდა მოღვაწემ გადაწყვიტა ამ ქალაქის დატოვება, კიდევ უფრო წუხდა რა, რომ ხალხი ასე ჯიუტობდა ცოდვაში. მაგრამ, როდესაც ოლკესტერიდან გასვლისას უკან მოიხედა, დაინახა, რომ უღვთო ხალხს ღვთის სასჯელი დაატყდა თავს: მიწა გაიპო და ცოცხლად შთანთქა ოლკესტერის მრავალი მცხოვრები. მართალია ეს გადმოცემა თუ არა, მაგრამ მას შემდეგ არც ერთ მჭედელს არ გაურისკავს თავისი საქმიანობით დაკავება ოლკესტერში კიდევ ძალიან დიდი ხნის განმავლობაში.

ჩვენამდე ცოტა ცნობამ მოაღწია წმინდა ეგვინის, როგორც ივშემის წინამძღვრის, მოღვაწეობის შესახებ. ცნობილია, რომ ცხოვრება ამ მონასტერში მოწყობილი იყო წმინდა ბენედიქტე ნურსიელის წესდების შესაბამისად. ბერების მთავარი საქმიანობა იყო ლოცვა, წმინდა წერილისა და სხვა სულისმარგებელი წიგნების შესწავლა, სხვადასხვა ხელობა. ცხოვრება ივშემის სავანეში წმინდა ეგვინის დროს ჰგავდა ოჯახის ცხოვრებას, სადაც მოსიყვარულე მამა ზრუნავს თავის შვილებზე.

სიკვდილის წინ წმინდა წინამძღვარი გრძელმა და მტანჯველმა სენმა დაამარცხა. მაგრამ, თვითონ ტანჯული, არ წყვეტდა სხვებზე ზრუნვას: ანუგეშებდა მწუხარეთ, კვებავდა მშიერთ და გლახაკთ, კურნავდა სნეულთ მათზე ხელის დადებითა და ლოცვებით წმინდა სამებისადმი. და წმინდანის უკანასკნელ ამოსუნთქვამდე ლოცვა რჩებოდა მის მთავარ საქმიანობად. ის განუწყვეტლივ იმეორებდა ფსალმუნებს, მოუხმობდა წმინდანთა სახელებს, ხოლო მისი თვალები, ხელები და გული მუდამ ზეცისკენ იყო მიმართული. თავისი გრძელი სიცოცხლის დიდი ნაწილი წმინდანი ძაძას ატარებდა. არ იხდიდა მას თავისი უკანასკნელ დღემდე, თვლიდა რა თავს დიდ ცოდვილად, რომელსაც განსაკუთრებული სინანული სჭირდებოდა. და უკანასკნელ საათამდე წმინდა ეგვინი არ აძლევდა თავს მარხვის შემსუბუქების უფლებას. თავისი ცხოვრების ბოლოს წმინდანი განსაკუთრებით ხშირად იმეორებდა თავის ძმებთან, რომ ეცხოვრათ წესდების შესაბამისად და მუდმივად სრულყოფილიყვნენ სულიერად, ანდერძად უტოვებდა მათ განმტკიცებულიყვნენ სიყვარულში, მოწყალებაში, სიწმინდესა და სიმდაბლეში, თავშეკავებასა და სხვა სათნოებებში, ეცხოვრათ წინამძღვრისადმი სრულ მორჩილებაში. ბერები იმდენად მორჩილნი იყვნენ წმინდანის სიტყვებისა, რომ ივშემის მონასტრის შესახებ იმ დროს შეიძლებოდა გაბედულად თქმა, როგორც ძველ ქრისტიანებზე, რომ "მორწმუნეთა სიმრავლეს ჰქონდა ერთი სული და ერთი გული".

იგრძნო რა, რომ მიწიერი ცხოვრების დასასრული ახლოს იყო, წმინდა ეგვინმა შეკრიბა თავის გარშემო მთელი ძმობა და მისცა მათ თავისი უკანასკნელი დარიგება: "გევედრებით თქვენ, ღირსნო და საყვარელნო შვილნო, მთელი გულმოდგინებითა და მონდომებით ეცადეთ დაიცვათ ყველა მცნება და ბრძანება ღვთისა. ყოველგვარი გულისხმიერებით აღასრულეთ თქვენს მიერ დადებული აღთქმები, რადგან ნათქვამია ფსალმუნში: "მიაგე უზენაესს აღთქმანი შენნი". დაიცავით მშვიდობა და მიისწრაფეთ სიწმინდისკენ, რომლის გარეშეც, მოციქულის სიტყვების თანახმად, შეუძლებელია ღმერთის ხილვა". თქვა რა ეს, წმინდა ეგვინმა სული განუტევა. ეს მოხდა 717 წლის 30 დეკემბერს. წმინდანის მიცვალების დღე შემდგომში მისი ხსენების დღედ იქცა.

უწყება საოცარი უფლის მსახურის გარდაცვალების შესახებ სწრაფად გავრცელდა მთელ მერსიაში. ყველა მორწმუნე წუხდა იმის გამო, რომ წმინდა ღვთის მოღვაწემ დატოვა ისინი. მისი წასვლა მიწიერი ცხოვრებიდან დიდი დანაკარგი იყო ივშემის ბერებისთვისაც, თუმცა ამავე დროს მათ შეიძინეს მეოხი ზეცაში. მას შემდეგ წმინდა ეგვინი გახდა ივშემისა და მისი მონასტრის მთავარი ზეციური მფარველი.

წმინდანი დაკრძალეს ივშემში იმ ადგილას, სადაც მან თვითონ დაიბარა. წმინდა ეგვინის დაკრძალვა, რომელზეც შეიკრიბა მრავალი როგორც ბერი, ისე ერისკაცი, უფრო ნათელ დღესასწაულს ჰგავდა, ვიდრე სამგლოვიარო მოვლენას. ყველა განიცდიდა რაღაც არამიწიერ სიხარულს და იცოდნენ, რომ უკანასკნელ გზაზე აცილებდნენ წმინდა ადამიანს. წმინდა ეგვინის საფლავზე გაკეთდა წარწერა, რომელშიც იყო ასეთი სიტყვებიც: "ამ უბრალო ქვის ქვეშ წევს დიდი კაცი. განისვენებს ის ვიწრო და მცირე კუბოში... მაგრამ დიდებული იყო საქმენი ამ თვინიერი კაცისა, ღვთის მადლით აღვსებულისა".

წმინდა ეგვინის თაყვანისცემა

წმინდა ეგვინის გარდაცვალების შემდეგ მალევე აღმოაჩინეს მისი უხრწნელი ნაწილები და მოათავსეს მდიდრულად მორთულ ლარნაკში. ეს ლარნაკი IX საუკუნეში გაძარცვეს წარმართმა დანიელებმა, მაგრამ წმინდა ნაწილები გადარჩა. 960 წელს ივშემის სამონასტრო ეკლესია დაინგრა, მაგრამ მის ნანგრევებში ბერებმა აღმოაჩინეს ლარნაკი წმინდა ეგვინის ნაწილებით სრულიად უვნებელი.

ივშემის ქრონიკის შემდგენელი აღწერს მოვლენას, რომელმაც საფუძველი დაუდო წმინდა ეგვინის ნაწილების საზეიმო გადასვენებას ახალ, გასაოცარი სილამაზის ლარნაკში XI საუკუნეში. მეფე ჰაროლდ I კურდღლის ფეხის გარდაცვალების შემდეგ 1040 წელს ინგლისიდან გაიგზავნა ელჩობა მომავალ ინგლისის მეფე ჰარდეკნუდთან, რომელიც მაშინ ფლანდრიაში იმყოფებოდა. ელჩობის შემადგენლობაში იყო ლონდონის ეპისკოპოსი ელფვარდი, რომელიც ამავდროულად ივშემის წინამძღვარიც იყო. გზაში მათ გემს საშინელი ქარიშხალი დაატყდა თავს, ისე რომ ყველა მგზავრი შეიძლება ნებისმიერ წუთს დაღუპულიყო. ეპისკოპოსმა მაშინვე გაიხსენა, თუ რაოდენ კადნიერი იყო მისი წმინდა მფარველის ეგვინის ლოცვები უფლისადმი. მან შესთხოვა წმინდანს შუამდგომლობა და დაჰპირდა, თუ ცოცხალი გადარჩებოდა, გააკეთებდა ახალ ლარნაკს წმინდანის ნაწილებისთვის ოქროსა და ვერცხლისგან და მომავალში ყოველთვის აღნიშნავდა მისი ხსენების დღეს უფრო დიდი ზეიმით, ვიდრე ადრე. ლოცვის დასრულებაც ვერ მოასწრო, რომ ქარიშხალი ჩადგა და მზე გამოვიდა. გემმა უვნებლად მიაღწია ნავსადგურს. ინგლისში დაბრუნების შემდეგ ეპისკოპოსმა დაუყოვნებლივ შეასრულა თავისი აღთქმა. მან ბრძანა მოემზადებინათ ახალი, დიდებული ლარნაკი წმინდა ეგვინის ნაწილებისთვის და თავად უხელმძღვანელა მისი ნაწილების გადასვენების ცერემონიას. ეს მოხდა 10 სექტემბერს. მას შემდეგ ეს დღე გახდა წმინდა ეგვინის მეორე ხსენების დღე 30 დეკემბერთან ერთად. იმდროინდელი მოწმობების თანახმად, წმინდა ეგვინის ნაწილების ახალი ლარნაკი გამოირჩეოდა არაჩვეულებრივი სილამაზით, ის იყო დამზადებული ოქროსა და ვერცხლისგან და შემკული სხვადასხვა ძვირფასი ქვებით, რომელთაგან სამი იმდენად კაშკაშა იყო, რომ ღამით ეკლესიის ნაწილი თითქოს მათი ბრწყინვალებით ნათდებოდა. ლარნაკის დამზადებისას მოხდა შემდეგი სასწაული. ოსტატმა სახელად გოდრიკმა, რომელმაც ლარნაკი რამდენიმე ჩუქურთმით შეამკო, მუშაობისას ხელი დაიზიანა თავისი იარაღით. მან მაშინვე მიმართა წმინდანს ასეთი ლოცვით: "ო, წმინდაო ეგვინ! დამეხმარე მე, უბედურ ცოდვილს, რომელიც შრომობს შენი ლარნაკის შესამკობად და მომანიჭე განკურნება". სიტყვის დასრულებაც ვერ მოასწრო, რომ ტკივილი ჩაუცხრა და ჭრილობა ხელზე შეუხორცდა.

წმინდა ეგვინის წმინდა ნაწილების გადასვენების შემდეგ მოხდა შემდეგი ამბავი. კეთილშობილმა ქალბატონმა სახელად ალგიტამ, რომელიც ხშირად სტუმრობდა ივშემის მონასტერს, ცდუნებას აჰყვა და მოისურვა არაკეთილსინდისიერად დაუფლებოდა წმინდა ეგვინის წმინდა ნაწილებს. მან მოისყიდა რამდენიმე ბიჭი, რომლებიც ივშემის მონასტერში სწავლობდნენ და დაიყოლია ისინი მოეპარათ მისთვის წმინდანის ნაწილები, წარმატების შემთხვევაში ახალი საჩუქრების დაპირებით. ყმაწვილები ღამით შეიპარნენ ტაძარში, გახსნეს წმინდა ეგვინის საფლავი და მოიპარეს წმინდანის კბილი და ხელის ნაწილი. ალგიტა, რომელმაც მიიღო წმინდა ნაწილები, ძალიან გაიხარა. მაგრამ წმინდანი გამოეცხადა მას სიზმარში და სთხოვა დაუყოვნებლივ დაებრუნებინა მოპარული წმინდა ნაწილები მონასტერში. თუმცა, ქალმა არ დაუჯერა ეგვინს. წმინდანი გამოეცხადა მას სიზმარში მეორედ და მესამედაც - მაგრამ ქალბატონი მაინც არ უსმენდა მას. წმინდანის მესამე გამოცხადების მომდევნო დღეს ალგიტა უეცრად დაბრმავდა. ასე დარჩა იგი ბრმა სიცოცხლის ბოლომდე. მაგრამ არც ამ სასჯელმა გონს მოიყვანა ქალი: წმინდა ნაწილები კვლავ მასთან რჩებოდა. დროთა განმავლობაში ალგიტას სინდისმა დაუწყო ქენჯნა და მან სთხოვა ივშემის მონასტრის წინამძღვარ მავრიკის ნება დაერთო შეენახა ეს ორი ნაწილი მის მიერ გაკეთებულ პატარა რელიკვარიუმში. სიბერეში მან დაიბარა, რომ მისი სიკვდილის შემდეგ მოპარული წმინდა ნაწილები რელიკვარიუმთან ერთად დაებრუნებინათ ივშემის მონასტრისთვის და მისი მიწების ნაწილიც (ის ძალიან მდიდარი იყო) მონასტრისთვის გადაეცათ. თუმცა, ალგიტას ვაჟმა უარი თქვა დედის ანდერძის შესრულებაზე. დროთა განმავლობაში, ალგიტას უკანასკნელი ნება მაინც აღსრულდა, მონასტერმა მიიღო მისი მიწების ნაწილი, ხოლო რელიკვარიუმი წმინდა ეგვინის კბილითა და ხელით თავდაპირველად ვუსტერის საკათედრო ტაძარში[1] მოხვდა, შემდეგ კი ივშემში გადაიტანეს. სხვათა შორის, გადმოცემა იმასაც ამბობს, რომ ბიჭებს, რომლებმაც ალგიტას უღვთო ბრძანება შეასრულეს, შემდგომში ღვთის სასჯელი დაატყდათ თავს: ერთი დაიხრჩო, მეორე კი სიცოცხლის ბოლომდე მძიმე სენით იტანჯებოდა.

ერთხელ დედოფალმა ედიტამ (1029-1075), მეფე ედუარდ აღმსარებლის მეუღლემ, გადაწყვიტა ქრისტეს შობის დღესასწაული გლოსტერის ქალაქში აღენიშნა და ბრძანა (ეს, უნდა ითქვას, საკმაოდ უცნაური ბრძანება იყო) ქვეყნის სხვადასხვა მონასტრიდან მის ჩამოსვლამდე წმინდანთა წმინდა ნაწილები ჩამოეტანათ, რათა მას რომელიმე წმინდანის წმინდა ნაწილები აერჩია თავისთვის. მონასტრებს შორის, რომლებიც ბრძანებაში იყო მითითებული, დასახელებული იყო ივშემის მონასტერიც. ძმობას არ სურდა თავიანთი საყვარელი მფარველის წმინდა ეგვინის წმინდა ნაწილებთან განშორება და დედოფალს გაუგზავნეს რელიკვარიუმი სხვა წმინდანის - ოდულფის წმინდა ნაწილებით; მაგრამ ესეც ძალიან უხალისოდ გააკეთეს და მხოლოდ იმიტომ, რომ არ სურდათ დედოფლის უკმაყოფილება გამოეწვიათ. და აი, დედოფალი ედიტა, დღესასწაულზე ჩამოსვლის შემდეგ, შეუდგა მისთვის ჩამოტანილი წმინდანთა წმინდა ნაწილების თანმიმდევრულად დათვალიერებას. როდესაც გახსნეს რელიკვარიუმი წმინდა ოდულფის წმინდა ნაწილებით, მოხდა წარმოუდგენელი: დედოფალი უცებ დაბრმავდა! საკუთარი საქციელის გაცნობიერების შემდეგ, ედიტამ მაშინვე მოინანია და ცრემლით შესთხოვა უფალსა და მის წმინდანებს პატიება. წმინდანთა ლოცვით მხედველობა იმავე დღეს დაუბრუნდა, და ედიტამ ბრძანა წმინდანთა წმინდა ნაწილები უკან წაეღოთ, ხოლო წმინდა ოდულფის საფლავისთვის მან სპეციალური სამეფო შეწირულობა დატოვა.

იმავე XI საუკუნეში (1077 წლის ახლოს), ნორმანული დაპყრობის შემდეგ, წმინდა ეგვინის წმინდა ნაწილები მიასვენეს ოქსფორდში, დუვრში, ვინჩესტერსა და სხვა ინგლისურ ქალაქებში, და ღვთის რჩეულის წმინდა ნაწილებისგან მაშინ მრავალი სასწაული მოხდა.

ივშემის მონასტრის წინამძღვარ რეჯინალდის დროს, რომელიც განსაკუთრებით სცემდა თაყვანს წმინდა ეგვინს, 1122-1149 წლებს შორის ივშემის სააბატოში გაჩნდა ახალი სამლოცველო ამ წმინდანის სახელზე. რეჯინალდმა ასევე გასცა განკარგულება შეეცვალათ წმინდანის საფლავის სახურავი, რადგან ზოგიერთმა უღვთო ბერმა ქვეყანაში მძვინვარე შიმშილის შიშით ფარულად მოხსნა ოქროსა და ვერცხლის ნაწილი, რომელიც საფლავს ამშვენებდა, და გაყიდა ის.

1215 წლის ახლოს ჩამოინგრა ივშემის მონასტრის კოშკი, რამაც დააზიანა საკურთხევლის დიდი ნაწილი, მაგრამ საფლავები წმინდა ეგვინის, ოდულფისა და კრედანის წმინდა ნაწილებით სასწაულებრივად გადარჩა ხელუხლებლად. საფლავი წმინდა ეგვინის წმინდა ნაწილებით რჩებოდა ივშემის მონასტრის მთავარ (მაგრამ არა ერთადერთ) სიწმინდედ რეფორმაციამდე, როდესაც მონასტერში არსებული ყველა წმინდანის წმინდა ნაწილი უკვალოდ გაქრა - იგივე უბედურება დაატყდა თავს მაშინ ქვეყნის სხვა მონასტრებსაც.

ივშემის ბერებსა და მრავალრიცხოვან მომლოცველებს საუკუნეების განმავლობაში ძალიან უყვარდათ და სცემდნენ თაყვანს წმინდა ეგვინს. აბატ თომას მარლსბოროს დროს, 1230 წლის ახლოს, სააბატოში გაჩნდა ვიტრაჟი, რომელზეც გამოსახული იყო წმინდანის ცხოვრება. მომდევნო საუკუნეში აბატმა უილიამ ჩირიტონმა 1317-1344 წლებს შორის ააგო სააბატოს ახალი კარიბჭე, რომელიც შეამკო ქვაში გამოკვეთილი წმინდა ეგვინისა და მეფეების ფიგურებით, რომლებმაც განსაკუთრებული მონაწილეობა მიიღეს მონასტრის ცხოვრებაში. ივშემის შემდეგმა აბატმა, უილიამ ბოისმა, 1354 წელს ჩამოასხა და აკურთხა ორი ახალი ზარი, რომელთაგან ერთი მიძღვნილი იყო ღვთისმშობლისადმი ("ჩვენი ივშემელი ქალბატონისადმი"), ხოლო მეორე - წმინდა ეგვინისადმი. წარწერა ეგვინისადმი მიძღვნილ ზარზე დაახლოებით ასეთი იყო: "შენთან ერთად, ჰოი წმინდა მამაო ეგვინ, ჩემი რეკვა ისმის დღისით და ღამით. შენი დახმარებით არ მეშინია არც საშინელი ქუხილის, არც ელვის დარტყმის".

უნდა აღინიშნოს, რომ სისხლიანი რეფორმაციის უშუალოდ წინა წლებშიც კი სიყვარული წმინდა ეგვინისადმი არ შემცირებულა სააბატოში. ასე, 1522 წელს, ივშემის უკანასკნელი წინამძღვრის დროს, სამონასტრო ეკლესიის ერთ-ერთი ჩრდილოეთის სამლოცველო ამ წმინდანის სახელზე იქნა ნაკურთხი.

თუმცა, ამ წმინდანის თაყვანისცემა არ იყო გავრცელებული მთელ ინგლისში. მისი თაყვანისცემის მთავარი ცენტრების - ვუსტერის (სადაც ის მრავალ კალენდარშია მოხსენიებული) და ივშემის გარდა, ეგვინს ასევე სცემდნენ თაყვანს ტიუქსბერის[2], ბერი-სენტ-ედმუნდსის, გლასტონბერის, ელის, ჩესტერის, რამსის, გლოსტერის, პიტერბოროს, უიტბის, პილტონის, უინტონისა და ჰენლი-კასლის მონასტრებში. წმინდა ეგვინის სახელი მოხსენიებულია ასევე ვუსტერის საკათედრო ტაძარში დღემდე დაცულ ვუსტერის ანტიფონარში (XIII ს.) წმინდა დანსტანისა და ოსვალდის სახელებთან ერთად, რომლებიც ასევე მჭიდროდ იყვნენ დაკავშირებული ამ ქალაქთან. აღსანიშნავია, რომ წმინდა ეგვინის თაყვანისცემის ყველა ადგილი ისტორიულად ასე თუ ისე დაკავშირებული იყო ვუსტერთან ან ივშემთან. რომაელ კათოლიკეებს ინგლისში განსაკუთრებით სცემდნენ თაყვანს წმინდა ეგვინს ვუსტერშირში მოლვერნთან ახლოს მდებარე სტენბრუკის ქალთა სააბატოში, რომელიც XIX საუკუნიდან არსებობდა (რამდენიმე წლის წინ ეს სააბატო გადავიდა ნორთ-იორკშირის საგრაფოს დასახლება უოსში).

წმინდა ეგვინის სასწაულები

მოვყვეთ უფრო დაწვრილებით წმინდა ეგვინის გარდაცვალების შემდგომი სასწაულების შესახებ, რომლებიც სხვადასხვა წლებში მოხდა. სასწაულები მისი წმინდა ნაწილებისგან დაიწყო მაშინვე წმინდანის გარდაცვალების შემდეგ, და რვა საუკუნის განმავლობაში უთვალავი მომლოცველი და მორწმუნე იღებდა მისი ლოცვებით განკურნებას სნეულებებისგან, გათავისუფლებას განსაცდელებისგან და სალოცავი თხოვნების აღსრულებას. ზოგიერთი სასწაულის შესახებ მოგვითხრობს "ივშემის სააბატოს ქრონიკა".

რადგანაც წმინდა ეგვინის ხსენების დღე ქრისტეს შობის დღესასწაულის შემდეგ მეხუთე დღეს მოდიოდა, მომლოცველები, რომლებიც შობის დღესასწაულზე მოდიოდნენ ივშემის მონასტერში, აქ რჩებოდნენ წმინდა ეგვინის ხსენების დღემდე, რომელიც ყოველთვის განსაკუთრებული ზეიმით აღინიშნებოდა. დღესასწაულზე მოსული ყველა ადამიანის მზრუნველობას მონასტრის ბერები იღებდნენ საკუთარ თავზე. ერთხელ წმინდანის ხსენების დღეს მონასტერში გამოილია თევზის მარაგი სტუმრებისთვის. წინამძღვარმა, რომელიც დაღონდა ამ ამბით, უცებ შეიტყო, რომ მდინარე ეივონში მონასტრის კედლებს მიღმა შენიშნეს უზარმაზარი თევზი, რომლის მსგავსი სიდიდის თევზი არასოდეს უნახავს არცერთ ადგილობრივ მცხოვრებს. წინამძღვარმა მაშინვე გასცა განკარგულება დაეჭირათ თევზი, რადგან ამაში ხედავდა ღვთის განგებასა და აშკარა დახმარებას წმინდა ეგვინისგან, რომელმაც, ოდესღაც თევზის მეშვეობით გამართლებულმა უფლის მიერ უსამართლო ბრალდებისგან, თავად თავისი ხსენების დღეს გამოუგზავნა თავის სულიერ შვილებს თევზი მათი სტუმრებისთვის. თევზი დაუყოვნებლივ დაიჭირეს და ის ყველას ეყო.

სხვა დროს - ეს იყო მეფე ეთელრედ მერყევის დროს - მოხდა ასეთი სასწაული. ერთმა მოხუცმა დიდგვაროვანმა კაცმა ხელყო ივშემის მონასტრის მიწების ნაწილი. დამწუხრებულმა ბერებმა არ იცოდნენ, რა მოემოქმედათ მიწების გადასარჩენად. გარკვეულ დღეს დანიშნული იყო სასამართლო განხილვა. ძმობამ გადაწყვიტა თან წაეღოთ თავიანთი ერთგული მფარველისა და მეოხის - წმინდა ეგვინის წმინდა ნაწილები. მოსამართლეებმა ვერ შეძლეს გადაწყვეტილების გამოტანა ვერც დიდგვაროვანი კაცის სასარგებლოდ, ვერც ბერების სასარგებლოდ. ბოლოს დაადგინეს, რომ თუ ეს დიდგვაროვანი კაცი შეძლებდა მარტო, სხვისი დახმარების გარეშე აეწია მიწიდან ლუსკუმა წმინდანის წმინდა ნაწილებით, მაშინ ეს მიწები მას გადაეცემოდა, რადგან ამაში გამოჩნდებოდა თავად წმინდანის კეთილგანწყობა. კაცი, სიამაყით აღვსილი, წამოდგა და, წვერზე ხელის შეხებით, თქვა, რომ თუმცა მოხუცია, მაგრამ მისი ძალა მის გრძელ წვერშია და ამიტომ ის ადვილად აწევს წმინდა ეგვინის წმინდა ნაწილებს. ვერ მოასწრო ამის წარმოთქმა, რომ, საყოველთაო გაოცებისა და სიხარულის საგნად, მისი წვერი (თითქოს ის ნამდვილი კი არა, მიმაგრებული იყო), უხილავი ძალით მოგლეჯილი, მიწაზე დაეცა. ამპარტავანი მემამულე შერცხვენილ იქნა, ხოლო ბერები, გახარებულები და მადლიერნი წმინდა ეპისკოპოს ეგვინისა, თავიანთ მონასტერში დაბრუნდნენ.

სხვა დროს კიდევ ერთმა მდიდარმა კაცმა გადაწყვიტა ივშემის მონასტრისთვის მისი მამულების წართმევა. წინამძღვრის თანაშემწემ, როცა ამის შესახებ შეიტყო, პირქვე დაემხო წმინდა ეგვინის წმინდა ნაწილების წინაშე, ცრემლით იმეორებდა სინანულის ფსალმუნებს და შველას ითხოვდა. და მოხდა ისე, რომ მდიდარი უეცარი სიკვდილით გარდაიცვალა ყველას თვალწინ იმავე დღეს, როცა მონასტრის მიწების მითვისება სურდა. მას შემდეგ ვერავინ ბედავდა იმას, რომ ივშემის მონასტრისთვის მიწები წაერთმია, იცოდნენ რა, რომ ამას მაინც ვერ შეძლებდნენ, რადგან წმინდა ეგვინი იცავს თავის მონასტერს.

ივშემის ქრონიკა აღწერს მრავალ სასწაულებრივ განკურნებას წმინდა ეგვინის შუამდგომლობით: იკურნებოდნენ კოჭლები, კეთროვნები, დამბლადაცემულები, მუნჯები, ყრუები და ბრმები. წმინდანის ლოცვით ბორკილდადებულები (როგორც უდანაშაულონი, ისე მონანიე დამნაშავეები) თავისუფლდებოდნენ თავიანთი ბორკილებისგან. როგორც გვახსოვს, წმინდანი თავად იყო სასწაულებრივად გათავისუფლებული ბორკილებისგან რომში. არსებობს რამდენიმე შემთხვევა წმინდა ეგვინის სასწაულებრივი დახმარებისა იმათთვის, ვინც ნებაყოფლობით დაიდო ჯაჭვები. ერთმა კაცმა, რომელიც უკიდურესად უღვთო ცხოვრებას ეწეოდა, ღვთის მადლით მივიდა ისეთ ძლიერ სინანულამდე, რომ ნებაყოფლობით შეიბოჭა ცხრა ჯაჭვით და გადაწყვიტა, რომ თუ ოდესმე გათავისუფლდებოდა მათგან, ეს მხოლოდ ღვთის წყალობით იქნებოდა. ასე დადიოდა ის ერთი სიწმინდიდან მეორისკენ, ლოცულობდა, მარხულობდა და ტიროდა თავისი წარსული ცოდვების გამო. თანდათანობით, მისი გულწრფელი მონანიების დანახვისას, უფალმა წმინდანთა ლოცვებით გაათავისუფლა იგი რვა ჯაჭვისგან, მაგრამ მეცხრე კვლავ რჩებოდა მის სხეულზე. გახსენებით, რომ წმინდა მოციქულებს პეტრესა და პავლეს აქვთ შებოჭვისა და გახსნის ძალა, იჩქარა რომში, სადაც დიდხანს ლოცულობდა მოციქულთა აკლდამებთან უკანასკნელი ჯაჭვისგან განთავისუფლებისთვის. სიზმარში ამ კაცს უბრძანეს დაბრუნებულიყო ინგლისში და მოენახულებინა ივშემის მონასტერი, სადაც მიიღებდა თხოვნილს. კაცი დაუყოვნებლივ გაემგზავრა ივშემში და იქ განუწყვეტლივ ცრემლებით ლოცულობდა მრავალი დღის განმავლობაში, სანამ ერთხელაც ტაძარში საღვთო ლიტურგიის დროს არ მიიღო მოულოდნელი განთავისუფლება: ჯაჭვი დიდი ხმაურით (გრდემლზე დარტყმის მსგავსით) მოსცილდა მას და დაეცა საკმაოდ შორს მისგან, წვრილ ნაწილებად დაიმსხვრა. დიდი იყო სიხარული მონანიესი და ტაძარში მყოფი ყველა დამსწრისა.

იყო ასეთი შემთხვევაც. ერთი დამნაშავე ბორკილებდადებული სიკვდილით დასასჯელად მიჰყავდათ გზაზე, რომელიც ივშემზე გადიოდა. დამნაშავეს გაახსენდა, რომ ახლოვდებოდა წმინდა ეგვინის ხსენების დღე. ასევე გაიხსენა ამ წმინდანის დიდი მოწყალება ყველა ტანჯულისა და გაჭირვებაში მყოფის მიმართ. და აი, მან მხურვალე სინანულით გამოიწია იმათგან, ვისაც სიკვდილით დასასჯელად მიჰყავდათ და გაიქცა მონასტრისკენ პირდაპირ ბორკილებდადებული. მის გასახარად, მონასტრის კარიბჭე ღია იყო. ის შევარდა ეკლესიაში და მიეახლა წმინდა ეგვინის ლუსკუმას, შველას ევედრებოდა. და მოხდა სასწაული: მას ბორკილები თავისით ჩამოცვივდა, ხოლო ჯარისკაცებმა, რომლებსაც ის სიკვდილით დასასჯელად მიჰყავდათ, ვეღარ გაბედეს ამ კაცის შეხება, როცა დაინახეს წმინდა ეგვინის დიდი მფარველობა მის მიმართ.

მრავალრიცხოვანია წმინდა ეგვინის სასწაულებრივი დაცვის შემთხვევები ხანძრებისგან. ივშემის მემატიანე აღნიშნავს, რომ წმინდა ეგვინის მფარველობის გარეშე მათი მონასტერი შეიძლება თავისი ისტორიის განმავლობაში არაერთხელ დამწვარიყო. ყოველთვის, როცა მონასტერში ხანძარი იწყებოდა, ბერებს მაშინვე მიჰქონდათ წმინდანის ნაწილები ცეცხლთან - და ყოველ ჯერზე ქარი მყისვე იცვლიდა მიმართულებას ან ცეცხლი უხილავი ძალის მოქმედებით უეცრად ქრებოდა. ერთხელ მონასტრის მახლობლად დაიწვა სახლები, სადაც წარჩინებული პილიგრიმები ჩერდებოდნენ. მაშინ წმინდა ეგვინის ნაწილები გამოიტანეს სავანიდან და დადგეს პირდაპირ იმ სახლის შუაგულში, რომელსაც ყველაზე მეტად ემუქრებოდა ცეცხლის საფრთხე. და მოხდა სასწაული: ცეცხლი არა მხოლოდ არ შეეხო წმინდანის ნაწილებს, არამედ დატოვა მთელი და უვნებელი სახლის ის ნაწილი, სადაც იდგა კუბო ნაწილებით. სხვა დროს თავად ივშემის სამონასტრო ეკლესია შესაძლოა დამწვარიყო იმის გამო, რომ მის გარშემო მოზრდილი ეკალბარდები ცეცხლმა მოიცვა. ბერები შიშით გაიქცნენ ტაძარში და გამოიტანეს იქიდან წმინდა ეგვინის ნაწილები. ალმოდებულ ბუჩქებთან მათი მიტანისას, ბერებმა შესძახეს: "ჰოი, დიდო და საყვარელო ჩვენო უფალო ეპისკოპოსო ეგვინ! იხსენი შენი ლოცვებით შენი ეკლესია და შენი ნაწილები!" როგორც კი ეს შესძახეს, გაისმა უჩვეულო ხმაური, თითქოს წყლით სავსე ასობით უხილავი ვედრო ვიღაცამ ცეცხლმოდებულ ეკალბარდებზე გადმოღვარა. რამდენიმე წუთში ხანძარზე და ეკლესიის დაკარგვის საფრთხეზე უკვე აღარც კი ფიქრობდნენ.

საინტერესოა კიდევ ერთი შემთხვევა, როდესაც წმინდანმა აშკარად სცადა წინააღმდეგობა გაეწია ივშემის პირველი ნორმანული და კათოლიკური წინამძღვრის უოლტერისთვის, რომელსაც სურდა დაენგრია ძველი მართლმადიდებლური საქსონური სამონასტრო ეკლესია (რომელიც ერთ-ერთი ულამაზესი და უჩვეულო იყო ინგლისში) და მის ნაცვლად აეშენებინა ახალი კათოლიკური ეკლესია უზარმაზარი ზომების ნორმანულ სტილში. ახალი ეკლესია იმდენად გიგანტური იყო, რომ ძველი პატარა საქსონური ეკლესიის მასალისგან შეიძლებოდა მხოლოდ მისი კრიპტის აშენება (საქსონურ პერიოდში სამრევლო და სამონასტრო ეკლესიები, ასევე საკათედრო ტაძრები ხშირად იყო მოკრძალებული და მცირე ზომის). მაგრამ ინგლისის დამპყრობელ ნორმანთა სტილში ახალი ეკლესიის მშენებლობისას დაიწყო უბედურებები: ჯერ უცნაურად აღარ ჰყოფნიდათ ქვა და ხე მის ასაშენებლად, შემდეგ კი სხვადასხვა მიზეზით მწვავედ დააკლდათ ფული. მაშინ წინამძღვარმა უოლტერმა გადაწყვიტა რამდენიმე ბერი გაეგზავნა ეგვინის ნაწილებით ინგლისის ქალაქებში, რათა შეეგროვებინათ საჭირო თანხა. ამ მოგზაურობის დროს წმინდანის ნაწილებთან მოხდა მრავალი სასწაული. ასე, როდესაც ბერებმა ეგვინის ნაწილებით მოინახულეს ოქსფორდი, შეკრებილ პილიგრიმებს შორის იყო ერთი ღვთისმოსავი კაცი, რომელიც მივიდა კუბოსთან და, წმინდანისადმი ლოცვების აღვლენისას, გააკეთა შეწირულობა მონასტრისთვის. სანამ ის დებდა ფულს შეწირულობისთვის, ერთმა ქურდი შეუმჩნევლად გამოძვრა ბრბოდან, მივიდა მასთან და უკვე აპირებდა ხელის ჩაყოფას მის ქისაში, როდესაც მას ხელი მთლიანად უცებ დაუბუჟდა და ვეღარ შეძლო მისი განძრევა. ქურდი იდგა გაფითრებული, გიჟური მზერით. ამის დანახვისას და მომხდარის გაგებისას, იქ მყოფმა ხალხმა ქურდი სასამართლოზე წაიყვანა. ის შეიძლებოდა სიკვდილითაც კი დაესაჯათ, მაგრამ ივშემის ბერებმა იშუამდგომლეს მისთვის და ცოცხალი დარჩა. ასე წმინდა ეგვინის ლოცვებით მოხერხდა ორი ბოროტების თავიდან აცილება: ღვთისმოსავი კაცი არ დარჩა თავისი ფულის გარეშე, ხოლო ქურდი არ დასაჯეს სიკვდილით და მას მიეცა შესაძლებლობა მონანიებისა და ჭეშმარიტ გზაზე დაბრუნებისა.

ივშემის ბერებმა წმინდანის ნაწილებით მოგზაურობა ლონდონშიც მოაწყვეს, სადაც წარმოთქვეს, როგორც სხვა ადგილებში, ქადაგება და მოუთხრეს მათი ზეციური მფარველის ცხოვრების შესახებ. ერთ-ერთი მათგანი, ვინც ბერების მონათხრობს გულწრფელი რწმენით უსმენდა, იყო კაცი სახელად უილიამ თორნი. მოგვიანებით მას მოუწია უელსის ომებში მონაწილეობის მიღება თავისი მეფისთვის. და მოხდა ისე, რომ მტერმა ყველა მხრიდან ალყა შემოარტყა მას, ყველა მისი მეგობარი ან მოკლული იყო, ან დაჭრილი, მისი ცხენი დაღლილი იყო, თვითონ კი ძლივს ახერხებდა იარაღის ხელში დაჭერას. სიკვდილი გარდაუვალი იყო. მაგრამ აი, მას გაახსენდა ბერების მონათხრობი წმინდა ეგვინზე და, უკანასკნელი ძალების მოკრებით, შესძახა: "უფალო ყოვლისმპყრობელო, რომელიც მუდამ მათთან ხარ, ვინც გასაჭირშია! თუ ყველაფერი, რაც წმინდა ეგვინზე მიამბეს, მართალია, მაშინ მიხსენი მისი ლოცვებით სიკვდილისგან!" და მაშინვე იგრძნო უეცარი ძალების მომატება, ხოლო თორნის ცხენი ისე სწრაფად გაიქცა, რომ მალე საფრთხე უკვე უკან დარჩა; და ყველა მისი ჭრილობა, ომში მიღებული, თავისით მოშუშდა. უილიამი არა მხოლოდ გადარჩა ამ ომში, არამედ, სამშობლოში, ინგლისში დაბრუნების შემდეგ, იმოგზაურა ივშემში და პრიორს უამბო ყველაფერი, რაც მას შეემთხვა.

ერთხელ ბერებს, რომლებიც წმინდა ეგვინის ნაწილებს ინგლისის ქალაქებში დაატარებდნენ, ფონით უნდა გადაეკვეთათ მდინარე ტრენტი. ღვთისმოსავმა ბერმა ჰერემანმა გადაწყვიტა მოეთავსებინა რელიკვარიუმი წმინდა ეგვინის ნაწილებით თავისი უნაგირის წინ, იმედოვნებდა რა, რომ გადასვლისას ნაწილებიც და თვითონაც მთელი და უვნებელი დარჩებოდნენ. მაგრამ მან ფონს აცდა და მალე მისი ცხენი ისეთ ღრმა ადგილას აღმოჩნდა, რომ წყალი მას თითქმის მხრებამდე სწვდებოდა. მაგრამ ჰერემანი არ წყვეტდა ლოცვას და მალე კეთილად მიაღწია ნაპირს. და აი აღმოჩნდა, რომ არც ნაწილების კუბოზე, არც მის სამოსზე არ იყო წყლის არც ერთი წვეთი, თითქოს ცხენს ის არა მდინარეზე, არამედ შემოდგომის ტყეში გაეტარებინოს! სხვა ძმა, რომელიც გადაიტანდა პატარა რელიკვარიუმს სადაც წმინდა ეგვინის ხელი იყო ჩასვენებული, კიდევ უფრო დიდ უბედურებაში ჩავარდა. ის არა მხოლოდ ფონს აცდა, არამედ მოხვდა მორევში, რომელმაც ერთი დღით ადრე ნავი შთანთქა. ამის მხილველმა მეორე ნაპირზე მყოფმა ბერებმა დაიწყეს გულმხურვალედ ლოცვა წმინდა ეგვინისადმი ძმის გადასარჩენად. და მოხდა სასწაული: ბერი, რომელსაც დაღუპვა ემუქრებოდა, შეძლო, თითქოს უხილავი ძალით მხარდაჭერილმა, კეთილად გადაეკვეთა მდინარე. როდესაც ძმობა შეეხო რელიკვარიუმს წმინდა ეგვინის ხელით, გაოცებულებმა იგრძნეს, რომ ის სრულიად მშრალი იყო!

წმინდა ეგვინი ასევე ეცხადებოდა ადამიანებს ხილვებში. მოვყვეთ თუნდაც ორი ასეთი შემთხვევის შესახებ. ივშემის სავანეში წმინდა ეგვინის დღესასწაულზე სხვა სავანეების ბერებიც ჩადიოდნენ. მათ შორის იყო მართალი ძმა სპერკულფი კოვენტრის მონასტრიდან. ის განსაკუთრებით თაყვანს სცემდა წმინდა ეგვინს, ყოველ წელს ჩადიოდა მონასტერში წმინდანის ხსენების დღეს, დიდი მოწიწებით შემოივლიდა ივშემის სამონასტრო ეკლესიის ყველა 15 ტრაპეზს და რჩებოდა იქ მთელი მომდევნო ღამე სალოცავად. ერთხელ სპერკულფს, რომელიც ატარებდა ღამეს მღვიძარებასა და ფსალმუნების კითხვაში კრიპტაში, რომელიც მიძღვნილი იყო ყოვლადწმინდა ქალწულისა და წმინდა ეგვინისადმი, ჰქონდა საოცარი ხილვა. უხილავმა ხელმა გააღო კარი კრიპტაში და თანდათანობით მისი მთელი სივრცე შეავსო არაამქვეყნიურმა ნათელმა. შემდეგ ბერმა დაინახა, როგორ შევიდნენ კრიპტაში უჩვეულო სილამაზის მამაკაცები გამოუთქმელად ნათელ სამოსში. ყველა მათგანი ახალგაზრდულად გამოიყურებოდა. მათ უკან მოდიოდნენ პატივსაცემი ღირსი მამები, რომელთაგან ზოგიერთი ეპისკოპოსის შესამოსელში იყო. მთელი პროცესია მივიდა წმინდა ეგვინის ტრაპეზთან და აღასრულა ცისკარი. შემდეგ ერთ-ერთმა იმ პატივსაცემ მამათაგან დაიწყო იქ საღმრთო ლიტურგიის აღსრულება, ხოლო ახალგაზრდა მამაკაცები მას ტკბილი ზეციური ხმებით უგალობდნენ. როდესაც ლიტურგია დასრულდა, ყველა მათგანი წავიდა. ხილვით განცვიფრებულმა სპერკულფმა გააცნობიერა, რომ ეს იყო წმინდა ეგვინი ანგელოზებთან და სხვა წმინდა ეპისკოპოსებთან ერთად, რომელმაც ღირსი გახადა იგი ასეთი დიდებული ხილვისა. სხვა დროს იგივე ბერი ლოცულობდა მონასტრის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის სამლოცველოში ცისკრის წინ, რასაც ის ჩვეულებრივ სიამოვნებით აკეთებდა. უცებ კარი გაიღო და სამლოცველოში შემოვიდა დიდებული დედაკაცი უჩვეულო სილამაზისა, მთლიანად არაამქვეყნიურ ნათელში. მის შემდეგ ტაძარში შემოვიდნენ ეპისკოპოსები და ბერები. ღვთისმშობლის ტრაპეზთან მისვლისას, ეპისკოპოსებმა დაიწყეს მსახურება, ადიდებდნენ რა ამ დედაკაცს. ბერი ისე იყო განცვიფრებული, რომ ვერ შეძლო სიტყვის წარმოთქმა. შემოსულ ბერებს შორის მან ვერ შეძლო ვერც ერთის ცნობა იმათგან, ვინც მაშინ მოღვაწეობდნენ სავანეში, სამაგიეროდ მან იცნო რამდენიმე ბერის სახე, იმ დროისთვის უკვე გარდაცვლილი, რომლებიც გამოირჩეოდნენ მკაცრი ცხოვრებით. გაოცებული სპერკულფი მივიდა ერთ ბერთან და ჰკითხა მას, ვინ არის ეს ქალბატონი, რომელსაც ეპისკოპოსები ადიდებენ. და მან უპასუხა: "ძმაო, ეს წმინდა ეპისკოპოსი ეგვინი სხვა ეპისკოპოსებთან თანამსახურებით ადიდებს თავის უსაყვარლეს ქალბატონს - ქალწულ მარიამს, ჩვენი უფლის დედას". როდესაც მსახურება დასრულდა, ორი ეპისკოპოსთაგანი მივიდა ზეციურ დედოფალთან და, ფრთხილად მოჰკიდეს ხელნი მის უწმინდეს ხელებზე, გაიყვანეს სამლოცველოდან. მათთან ერთად წავიდნენ ყველა დანარჩენებიც.

აი მხოლოდ რამდენიმე მაგალითი სასწაულებისა, რომლებიც წმინდა ეპისკოპოსმა ეგვინმა აღასრულა.

ევშემის მონასტრის გავლენა.

ევშემის მონასტრის გავლენა ინგლისში საუკუნეების განმავლობაში უზარმაზარი იყო. ამ მონასტერს მრავალი შვილობილი სავანე და სკიტი ჰქონდა. საინტერესოა შემდეგი ფაქტი: მერსიის მეფემ ეთელბალდმა (716-757), წმინდა ეთელრედის ერთ-ერთმა მემკვიდრემ, წმინდა გუთლაკ კროულენდელის სულიერმა შვილმა, 716 წელს კროულენდში, ამ წმინდანის გარდაცვალების ადგილას, დააარსა მონასტერი, რომლის პირველი წინამძღვარი გახდა ევშემის მონასტრიდან გამოგზავნილი ბერი კენულფი. არანაკლებ მნიშვნელოვანია ისიც, რომ ევშემმა აქტიური მონაწილეობა მიიღო ინგლისის ჩრდილოეთში მონაზვნობის აღდგენაში მას შემდეგ, რაც ნორთუმბრიისა და იორკშირის დიდი მონასტრები დანიელებმა გაანადგურეს. XI საუკუნის განმავლობაში ევშემის ბერებმა და მასთან მჭიდროდ დაკავშირებული ზოგიერთი სავანის, როგორიცაა გლოსტერშირის უინჩკომბი, აღადგინეს სამონასტრო ცხოვრება იაროუში (სადაც თავის დროზე მოღვაწეობდა წმინდა ბედა ღირსი), უიტბიში (დიდი წმინდა წინამძღვარი ჰილდას მონასტერი), იორკში (ყოვლადწმინდა ქალწულის მონასტერი) და სხვა ადგილებში. იმდენად თბილი და ძმური იყო ურთიერთობები ევშემისა და იორკის მონასტრებს შორის, რომ ორივე სავანის ბერები ერთმანეთს ერთი ძმობის წევრებად მიიჩნევდნენ. ასე გადაუხადა მერსიამ საუკუნეების შემდეგ ასმაგად მადლობა ჩრდილოეთ ინგლისს იმისთვის, რომ მისმა დიდმა წმინდანმა უილფრიდ იორკელმა VII საუკუნეში დააარსა რამდენიმე მონასტერი მერსიაში, რომელიც მაშინ ჯერ კიდევ წარმართობის ძლიერი გავლენის ქვეშ იმყოფებოდა.

ევშემს ჰქონდა მინიმუმ სამი დამოკიდებული სავანე. ერთი მათგანი XI საუკუნიდან მდებარეობდა ლანკაშირის საგრაფოს პენვორთემში, ამასთან ევშემის წინამძღვარი ნიშნავდა პენვორთემის პრიორებს. ეს მონასტერი მრავალი წელი არსებობდა, მაგრამ სამწუხაროდ, მისი ნაგებობებიდან არაფერი შემორჩენილა. მეორე დამოკიდებული სავანე იყო მონასტერი ოლკესტერში, ევშემიდან რამდენიმე მილის დაშორებით, რომელსაც ეწოდებოდა "კუნძულის ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი". ის დაარსდა 1140 წელს, მაგრამ XIV საუკუნეში გაერთიანდა ევშემთან ერთ მონასტრად. მესამე შვილობილი სავანე მდებარეობდა დანიაში. გადმოცემის თანახმად, დანიის მეფემ ერიკ I კეთილმა (1070-1103) 1095 წელს სთხოვა ინგლისის მეფე უილიამ წითელს (1056-1100) გაეგზავნა მასთან დანიაში 12 ბერი ევშემიდან ოდენსეში მონასტრის დასაარსებლად. ამბობდნენ, რომ იმ დროს ინგლისური მონაზვნობის გავლენა დანიის ქრისტიანობაზე საკმაოდ დიდი იყო.

აღსანიშნავია, რომ რეფორმაციის შემდეგ და ინგლისში ყველა მონასტრის დახურვის შემდეგ, ევშემის ყოფილი ბერი ჯონ ფეკენჰემელი ცდილობდა ქვეყანაში ბენედიქტური მონაზვნობის აღდგენას. მას ეს ნაწილობრივ გამოუვიდა: მისი ძალისხმევით სამონასტრო ცხოვრება განახლდა უესტმინსტერში, მაგრამ კათოლიკე დედოფლის მერი ტიუდორის გარდაცვალების შემდეგ 1558 წელს კვლავ შეწყდა მრავალი საუკუნით.

სხვა წმინდანები, დაკავშირებული ევშემთან

ევშემი განთქმული იყო მრავალი წმინდა კაცით. მაგალითად, ევშემის მონასტრის მერვე წინამძღვარი კრედანი, რომლის შესახებაც, სამწუხაროდ, თითქმის არანაირი ინფორმაცია არ შემორჩა, ასევე იწოდება წმინდანად (ის გარდაიცვალა დაახლოებით 780 წელს; ხსენების დღე - 19 აგვისტო). ევშემის წინამძღვარ მავრიკიუსს, რომელიც ნორმანთა დაპყრობამდე ცოტა ხნით ადრე ცხოვრობდა, სიზმარში არაერთხელ ეუწყა, რომ წმინდა კრედანის ნაწილები საფლავიდან ამოეღო და ლარნაკში გადაესვენებინა. მორიგი ხილვის შემდეგ მავრიკიუსმა გადაწყვიტა შეესრულებინა ეს ბრძანება. საფლავის გახსნისას მან იხილა წმინდა კრედანის ნაწილები, რომლებიდანაც ნათელი გამოდიოდა. ნაწილები ლარნაკში გადაასვენეს და ისინი თაყვანისსაცემად ხელმისაწვდომი გახდა.

ევშემის პირველი ნორმანი წინამძღვარი ეჭვობდა ანგლო-საქსი წმინდანების ჭეშმარიტ სიწმინდეში (როგორც უმეტესობა ნორმანებისა, რომლებმაც ინგლისში კათოლიციზმი შემოიტანეს). მან გადაწყვიტა "შეემოწმებინა" ადგილობრივი წმინდანების ნაწილები ცეცხლის გამოცდით. თუმცა ცეცხლი მხოლოდ ოდნავ ეხებოდა ღვთის რჩეულთა წმინდა ნაწილებს და არანაირ ზიანს არ აყენებდა მათ. ასეთი "გამოცდის" შემდეგ ნაწილები ძველ ადგილზე დააბრძანეს და მათი თაყვანისცემა გაგრძელდა.

ნორმანთა დაპყრობამდე ცოტა ხნით ადრე ევშემში გამობრწყინდნენ სამი წმინდა ცხოვრების განდეგილი: ბასინგი, ელფვინი და ვულსი. ბასინგის შესახებ თითქმის არაფერია ცნობილი, გარდა იმისა, რომ მან 72 წლის განმავლობაში განდეგილის ცხოვრება გაატარა. განდეგილი ელფვინი, რომელიც, გადმოცემის თანახმად, არანაკლებ 75 წელი ასკეტურ ცხოვრებას ეწეოდა, ცნობილი იყო სულიერი სამყაროს ხილვებით. კერძოდ, ის ხშირად ხედავდა, თუ როგორ მოფრინავდნენ დემონები მონასტრის ზარების რეკვის დროს, რომლებიც ბერებს წირვაზე უხმობდნენ, და საშინელი ყვირილით ცდილობდნენ ბერების ცდუნებას. ისინი ტაძრის სახურავზე იკრიბებოდნენ, ყველა ბერს სახელით მოიხსენიებდნენ, საუბრობდნენ თითოეულის მიერ ჩადენილ ცოდვებზე და დასცინოდნენ განსაკუთრებით უზრუნველ ძმებს. ორჯერ ერთ-ერთმა დემონმა თავად განდეგილსაც დასცინა: როდესაც ერთმა ღარიბმა დიდი ძალისხმევით დაითანხმა ელფვინი, რომ ღვთის სახელით ერთი პენი აეღო, დემონი ამბობდა: "შენ ერთ პენად გიყიდეს. ახლა ჩანს, რა "ბერიც" ხარ, რადგან შენი თვალთმაქცობა გამჟღავნდა"; მეორედ ეშმაკმა დასცინა მოღვაწეს იმის გამო, რომ მან ოდესღაც ცოტაოდენი ღვინო დალია თავისი სულიერი მოძღვრის რჩევით. ვულსი წარჩინებული კაცი იყო და გრაფ ლეოფრიკის ნათესავი. ის განდეგილურ ცხოვრებას ეწეოდა კროულენდის მონასტრის მახლობლად ლინკოლნშირში. დროთა განმავლობაში მასთან მორწმუნეები დაიწყეს მოსვლა სულიერი რჩევისა და ნუგეშისთვის. მაშინ მოღვაწემ, რომელსაც სურდა სიმშვიდესა და ლოცვაში ცხოვრება, ფეხით გადავიდა კროულენდიდან ევშემში (თვალები შეიკრა, რომ გზაში არ დაენახა ამ ქვეყნის მოჩვენებითი სიამენი, რომელსაც ის ყოველთვის გაურბოდა). აქ, წმინდა კენელმის სახელობის პატარა სამლოცველო-სენაკის აშენების შემდეგ, ის სრულ განდეგილობაში ცხოვრობდა 75 წელი.

ივშემის მონასტერში ასევე დიდი ხნის განმავლობაში ინახებოდა წმინდა მოწამე ვისტანის († 849; ხსენება 1 ივნისს) ნაწილები. წმინდა ვისტანი იყო მერსიის სამეფო ოჯახიდან (მისი დედა ალფლედა იყო მეფე კეოლვულფის ასული) და მეფე კენრედის, ივშემის მონასტრის კეთილისმყოფელის, ერთ-ერთი შთამომავალი. ის დაიბადა და ბავშვობა გაატარა ვუსტერში. ადრეული ასაკიდან ვისტანმა გადაწყვიტა თავისი ცხოვრება ღვთისთვის მიეძღვნა საერო ცხოვრებაში. თავისი პაპის, მეფე ვიგლაფის გარდაცვალების შემდეგ 840 წელს, ახალგაზრდა ვისტანი მცირე ხნით მართავდა მერსიას, მაგრამ იმავე წელს უარი თქვა ტახტზე მეფე ბეორტვულფის სასარგებლოდ, თუმცა დროებით სამეფოს რეგენტად დანიშნა თავისი დედა ალფლედა. ბეორტვულფს ჰყავდა ვაჟი სახელად ბერფერტი, ვისტანის ნათლია, რომელიც დაინიშნა ალფლედას მრჩევლად. ხელისუფლების წყურვილით შეპყრობილმა ბერფერტმა მოისურვა ალფლედაზე დაქორწინება, მიუხედავად იმისა, რომ ისინი ახლო სულიერ ნათესაობაში იმყოფებოდნენ, და ასეთი ქორწინება ეწინააღმდეგება ეკლესიის კანონებს. ვისტანმა შეახსენა ბერფერტს ამის შესახებ, რის გამოც მან ის შეიძულა. შესაძლოა ამ, ან შესაძლოა სხვა პოლიტიკური მიზეზით, ღვთისმოსავ ვისტანს, რომელიც ბევრ დროს უთმობდა ლოცვას, ვერაგულად თავი მოჰკვეთა ბერფერტმა 849 წელს, შროპშირის საგრაფოს ადგილ უისტანსტოუში. 30 დღის განმავლობაში ამ მკვლელობის შემდეგ დანაშაულის ადგილზე იდგა არამიწიერი სინათლის სვეტი, რომელიც შორიდანაც ჩანდა. წმინდა ვისტანს თაყვანს სცემდნენ როგორც მოწამეს. მოგვიანებით მისი ნაწილები გადაასვენეს დერბიშირის საგრაფოს ქალაქ რეპტონში - მერსიის მეფეთა დაკრძალვის ადგილას. წმინდა ვისტანის ნაწილებიდან მრავალი სასწაული ხდებოდა. ერთ-ერთი ყველაზე შესანიშნავი და დოკუმენტურად დადასტურებული სასწაული წმინდა ვისტანისა იყო ის, რომ მისი მოწამეობრივი აღსასრულის ადგილზე ყოველწლიურად, მისი ხსენების დღეს (1 ივნისს) მიწიდან ადამიანის თმა იზრდებოდა. ეს სასწაული გრძელდებოდა მრავალი წლის განმავლობაში, სულ მცირე 1187 წლამდე და, შესაძლოა, დღემდე გრძელდება. წმინდა ვისტანთან დღემდე დაკავშირებულია ეკლესია ქალაქ რეპტონში, რომელიც მის სახელზეა ნაკურთხი, სოფელი უისტოუ ლესტერშირში (დასახელებულია წმინდა ვისტანის ხსოვნის პატივსაცემად; აქ მის სახელზე ნაკურთხია ძველი ეკლესია) და იმავე სახელწოდების სოფელი კემბრიჯშირის საგრაფოში. XI საუკუნის პირველ ნახევარში ინგლისის მეფე კნუდმა ბრძანა წმინდა ვისტანის ნაწილების ივშემში გადასვენება, სადაც გაგრძელდა მათი თაყვანისცემა. 1077 წელს ნორმანმა აბატმა უოლტერმა, როგორც უკვე აღინიშნა, გადაწყვიტა ადგილობრივი წმინდანების ნაწილები ცეცხლით გამოეცადა. როდესაც რიგი მივიდა წმინდა ვისტანის ნაწილებზე, ცეცხლი მათ არც კი შეხებია, სამაგიეროდ თავად ნაწილები თითქოს გაბრწყინდა. შიშითა და ძრწოლით აღვსილს, უოლტერს სურდა მოწამის ნაწილები და თავი მათ ლარნაკში დაებრუნებინა, მაგრამ აქ წმინდანის თავი ხელიდან გაუვარდა. საყოველთაო გაოცებისთვის, ის სისველით დაიფარა, და ეკლესიაში კეთილსურნელება გავრცელდა. ყველა ამ სასწაულის მოწმემ მადლობა შესწირა უფალს, ხოლო უოლტერი შერცხვენილი დარჩა თავისი უღირსი საქციელის გამო. ივშემში ასევე ინახებოდა წმინდა ოდულფის ნაწილები († 855; ხსენება 12 ივნისს). ის დაიბადა ბრაბანტის პროვინციაში ბელგიაში, შემდგომში გადავიდა უტრეხტში ჰოლანდიაში, სადაც ქადაგებდა ფრიზებს შორის; იქვე ააშენა მონასტერიც. XI საუკუნეში მისი ნაწილების ნაწილი გადაასვენეს ლონდონში, და იქიდან - ივშემის მონასტერში, სადაც მათგან ბევრი სასწაული ხდებოდა.

ივშემის სააბატო

წმინდა ეგვინის მიერ დაარსებული ივშემის მონასტერი დროთა განმავლობაში ინგლისის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს სამონასტრო ცენტრად იქცა. მის წინამძღვარს ადგილი ჰქონდა ლორდთა პალატაში, ხოლო თავად მონასტერი დამოუკიდებელი იყო საეპისკოპოსო ხელისუფლებისგან (ივშემის გარდა, ასეთი სტატუსი ჰქონდათ მონასტრებს ვესტმინსტერში, ბერი-სენტ-ედმუნდსში, კენტერბერიში და სენტ-ოლბანსში). ივშემის აბატი ასევე განთავისუფლებული იყო სახელმწიფოსთვის გადასახადის გადახდისგან. სამონასტრო ეკლესია, აგებული წმინდა ეგვინის მიერ დაახლოებით 710 წელს, სავარაუდოდ, ხის იყო. 960 წელს ეს ეკლესია დაინგრა, და მის ადგილზე მომდევნო საუკუნეში იღუმენმა მავრიკიუსმა ახალი ააგო. ეს ეკლესია იყო ერთ-ერთი ულამაზესი ინგლისში. მაგრამ არც ის იდგა დიდხანს, რადგან ნორმანებმა იმავე XI საუკუნის ბოლოს დაიწყეს მის ადგილზე ახალი უზარმაზარი ეკლესიის აგება ნორმანულ სტილში. სამწუხაროდ, სასტიკმა ხატმებრძოლებმა და სიწმინდეების შეურაცხმყოფელებმა, რომლებსაც ჰენრი VIII უწყობდა ხელს, 1540 წელს მთლიანად გაანადგურეს მონასტერი ივშემში. განსხვავებით, მაგალითად, ვესტმინსტერისა და გლოსტერისგან, სადაც ძველი დიდი სამონასტრო ეკლესიები შენარჩუნდა მთელი თავიანთი დიდებულებით, ან გლასტონბერისა და იორკისგან, სადაც მაინც შემორჩა მხატვრული ნანგრევები, ძველი მონასტრიდან ივშემში ცოტა რამ დარჩა. დღეს პატარა ქალაქ ივშემში შეიძლება ვიხილოთ მხოლოდ კარგად შემონახული სამრეკლო თაღით, ჭიშკარი, ერთი კედლის ნაწილი, ასევე კაპიტულის შენობისა და საყარაულო სახლის ნაშთები. მაგრამ ივშემის ქრონიკის აღწერით, ასევე არქეოლოგიური აღმოჩენების წყალობით შეგვიძლია დაახლოებით აღვადგინოთ ამ ძველი და მნიშვნელოვანი მონასტრის იერსახე.

სამონასტრო ეკლესია იყო ლათინური ჯვრის ფორმის და შედგებოდა ნავისგან, ტრანსეპტებისგან, საკურთხევლისგან, ღვთისმშობლის სახელობის სამლოცველოსგან, ცენტრალური კოშკისგან. მისი შიდა სივრცის საერთო სიგრძე, ღვთისმშობლის სამლოცველოს გარდა, შეადგენდა 281 ფუტს, ხოლო ნავის სიგანე, გვერდითი ეკვდერების ჩათვლით, შეადგენდა 76 ფუტს. გვერდითი ეკვდერები ნავისგან გამოყოფილი იყო რვა ნორმანული სვეტით, რომელთა დიამეტრი იყო 5,5 ფუტზე მეტი. ტრანსეპტებს ჩრდილოეთიდან სამხრეთისკენ ჰქონდათ 116 ფუტი სიგრძეში და 32 ფუტი სიგანეში. ეკლესიის კონსტრუქცია იყო ძალიან მყარი, ხოლო კედლებს სისქე ჰქონდათ 4-დან 5 ფუტამდე. ეკლესიის დიდი ნაწილი იყო ადგილობრივი მუქი-ლურჯი კირქვისგან, ხოლო დანარჩენი ნაწილი - უფრო ღია მოყვითალო კოტსუოლდის კირქვისგან (განსაკუთრებით ბროუდვეის გორაკებისგან). ეკლესიას ჰქონდა სხვადასხვა არქიტექტურული სტილის ნიშნები, რადგან შენდებოდა თითქმის ორი საუკუნის განმავლობაში. კრიპტა, საკურთხეველი და კოშკის ნაწილი აშენდა აბატ უოლტერის დროს (1077-1086), ხოლო დანარჩენი ნაწილები: ნავი, ტრანსეპტები და კოშკის სხვა ნაწილი - დაშენდა მომდევნო წინამძღვრების დროს. კოშკი ჩამოინგრა 1215 წელს, და მის გადაკეთებას დასჭირდა კიდევ დაახლოებით ასი წელი. კოშკის ჩამონგრევის გამო დაზიანდა საკურთხეველი, რომელიც მალევე გადაკეთდა და უცვლელი დარჩა რეფორმაციამდე. თითოეულ მხარეს საკურთხეველს ჰქონდა ოთხი სვეტის რიგი, ისევე როგორც ნავში. საკურთხევლის სიგრძე შეადგენდა დაახლოებით 94 ფუტს, ხოლო სიგანე - დაახლოებით 47 ფუტს. თითოეული გვერდითი ეკვდერის სიგანე იყო დაახლოებით 11 ფუტი.

ივშემის დიდებული კრიპტა შეიძლება ერთ რიგში დავაყენოთ კენტერბერის, ვინჩესტერის, როჩესტერის, გლოსტერის და ვუსტერის კრიპტებთან (თითოეული მათგანი აშენდა 1085 წლამდე). ივშემის კრიპტა იყო თითქმის კვადრატული, 64-ზე 69 ფუტი. ის დაყოფილი იყო სამ გასასვლელად სვეტების ორი რიგით, ხოლო შუა გასასვლელი ასევე დაყოფილი იყო პილასტრების ორმაგი რიგით. იატაკი (შუა გასასვლელის იატაკის გარდა, რომელიც ფილებით იყო დაფარული) გაკეთებული იყო ლურჯი ქვისგან, ხოლო კედლები იყო შელესილი და შეთეთრებული.

სამწუხაროდ, ცოტა რამ შეიძლება ითქვას ამ ეკლესიის ინტერიერის შესახებ, თუმცა უდავოდ მდიდრული და ძალიან ლამაზი იყო. ბევრი ჩუქურთმა და რელიეფური სამკაული ნამდვილი შედევრი იყო, მათ დეკორში წითელი ფერი ჭარბობდა. ასევე ეკლესიაში ბევრი აკლდამა, წმინდანთა ნაწილები და სხვა სიწმინდეები იყო. საინტერესოა, რომ ნავის სვეტები თეთრი მარმარილოსგან იყო დამზადებული – იმ დროის გემოვნების შესაბამისად. ბოლომდე გაურკვეველი რჩება, სად მდებარეობდა ღვთისმშობლის სამლოცველო, რომელსაც განსაკუთრებით სცემდნენ თაყვანს ამ მონასტერში. ზუსტად ცნობილია, რომ კრიპტის ერთ-ერთი ეკვდერი ყოვლადწმინდა ქალწულს ეძღვნებოდა, მაგრამ 1282-1316 წლებს შორის ზედა ეკლესიაში, საკურთხევლის აღმოსავლეთით, ასევე გაჩნდა ღვთისმშობლის ეკვდერი. ის სილამაზით გამოირჩეოდა და გოთური სტილის შესანიშნავი ნიმუში იყო. მის კედლებს ქრისტეს მიწიერი ცხოვრებისა და სხვადასხვა წმინდა ქალწულების სცენები ფარავდა, ხოლო კანკელი ოქროთი და მკვეთრი ფერებით იყო შემკული.

ივშემის მონასტრის ეკლესიაში ძალიან ბევრი ტრაპეზი იყო. ზოგიერთი ცნობით, ტრაპეზების რაოდენობა 15-ს შეადგენდა, მთავარი ტრაპეზის გარდა. ყოვლადწმინდა ქალწულს ცალკე სამლოცველო და კრიპტაში ერთ-ერთი ტრაპეზი ეძღვნებოდა. ზედა ეკლესიაში ტრაპეზები ეძღვნებოდა: ყოვლადწმინდა სამებას, წმინდა ჯვარს, წმინდა ეგვინს, წმინდა ბენედიქტეს, წმინდა პეტრეს, წმინდა ანდრიას, წმინდა იოანე ნათლისმცემელს, წმინდა სტეფანეს, თომას კენტერბერიელს (ეს კათოლიკური წმინდანია) და სხვებს, რომელთა შესახებ ცნობები არ შემონახულა. კრიპტაში, ღვთისმშობლის სახელობის ტრაპეზის გარდა, არსებობდა ტრაპეზები წმინდა იაკობის, ყველა მოციქულისა და წმინდა ბლასიუსის სახელზე.

XVI საუკუნის დასაწყისში ნავის ჩრდილოეთ მხარეს აშენდა ახალი სამლოცველო წმინდა ეგვინის სახელზე, ხოლო სამხრეთ მხარეს – სამლოცველო წმინდა ჯვრის პატივსაცემად. არც თუ ისე დიდი ხნის წინ ნაპოვნი იქნა ორივე სამლოცველოს ბალდახინები და ნაწილობრივ შემორჩენილი სხვა, ძალიან მაღალი ხარისხის მორთულობები. მთავარი სამონასტრო ეკლესიის გარეთ სავანეში არსებობდა სხვა სამლოცველოებიც, როგორიცაა: წმინდა მარიამ მაგდალინელის სამლოცველო ლოკუტორიასთან (მონასტრის მისაღები) ახლოს, წმინდა მიქაელის სამლოცველო ლაზარეთში, სამლოცველო წინამძღვრის ოთახებში და სხვები.

ეკლესიის სამხრეთ კარიდან შესაძლებელი იყო გადახურულ გალერეაში მოხვედრა. გალერეის ერთ მხარეს განლაგებული იყო ნიშები, სადაც ბერები მეცადინეობდნენ, ხოლო მეორე მხარეს, სატრაპეზოში შესასვლელთან ახლოს, მდებარეობდა საპირფარეშოები.

კაპიტულის დარბაზი კიდევ ერთი მარგალიტი იყო ივშემის სავანეში. ის XIII საუკუნეში იყო მოწყობილი და თავისი დიდებულებით შეიძლებოდა შედარებოდა იორკისა და საუთუელის კაპიტულის დარბაზებს. ის იყო ათკუთხა, დაახლოებით 51 ფუტი დიამეტრში, ჰქონდა თაღოვანი სახურავი საყრდენი სვეტის გარეშე. ცოტა ხნის წინ ნაპოვნი იქნა ერთი რელიეფური სამკაული კაპიტულის დარბაზიდან. შესანიშნავად შემონახული თაღი ივშემში (XII ს.) სწორედ კაპიტულის დარბაზში შედიოდა. ის დეკორირებული სტილის ნათელი ნიმუშია, შეიცავს, კერძოდ, ნიშების ორმაგ რიგს კაპიტელებით, რომლებიც ქანდაკებებითაა შემკული (თავდაპირველად ქანდაკებების რაოდენობა 20 იყო). მთელი კაპიტულის დარბაზი ოსტატურად იყო გააზრებული და მორთული როგორც გარედან, ისე შიგნიდან.

თანამედროვე ივშემის ნამდვილი სიამაყეა დიდებული სამრეკლო, რომელიც წარმოადგენს კოშკს საათითა და ჭიშკრით. ის აშენდა ივშემის ბოლო წინამძღვრის კლიმენტ ლიჩფილდის დროს 1533 წლის შემდეგ და რაღაც სასწაულით არ განადგურდა რეფორმაციის დროს. დღეს მასში რვა ზარისგან შემდგარი ნაკრებია, რომელიც დღემდე გამოიყენება.

სამწუხაროდ, ივშემის სხვა ძველი სამონასტრო ნაგებობების შესახებ ცოტა ინფორმაციაა შემორჩენილი.

ივშემის სულიერი ცხოვრება და წმინდა ეგვინის ხსოვნა დღეს

ივშემი ნამდვილად წმინდა ადგილია განსაკუთრებული ატმოსფეროთი. ივშემის სააბატოს ნანგრევებთან მუზეუმია განთავსებული. ივშემში ასევე მოქმედებს ორი ძველი სამრევლო ეკლესია: ყოველთა წმიდათა ეკლესია (ის გარკვეულწილად უკავშირდება ძველ მონასტერს, რადგან ივშემის სავანე ყოველთა წმიდათა დღეს იკურთხა 709 ან 710 წელს) და წმინდა ლავრენტის ეკლესია. ორივე ეკლესია თავდაპირველად თავად სააბატომ ააშენა და ივშემის მცხოვრებთა სულიერი მოძღვრობისთვის იყო განკუთვნილი. ორივე ეკლესიის შესახებ პირველი ხსენება 1223 წლით თარიღდება, თუმცა, ცხადია, ისინი უფრო ადრე აშენდა. ყოველთა წმიდათა ეკლესიის ამჟამინდელი ნავი, სამხრეთის ეკვდერი და კოშკი XIV და XV საუკუნეებს მიეკუთვნება, კარიბჭე და სამხრეთის სამლოცველო თიუდორების პერიოდს თარიღდება, საკურთხეველი და ჩრდილოეთის ეკვდერი თანამედროვეა. საინტერესოა, რომ სამხრეთის სამლოცველო ივშემის ბოლო წინამძღვარმა კლიმენტ ლიჩფილდმა ააშენა, რომელმაც აქვე დაიბარა თავისი დაკრძალვა, თუმცა რეფორმაციის გამო ეს არ დასცალდა და მან გადასახლებაში დალია სული ივშემიდან შორს. წმინდა ლავრენტის ეკლესია XIII საუკუნეში იკურთხა, XVI საუკუნეში აღდგა და პრაქტიკულად ხელახლა აშენდა 1837 წლისთვის. სამხრეთ ეკვდერში არსებული სამლოცველო წმინდა კლიმენტის სახელზეა ნაკურთხი. ისიც ივშემის ბოლო წინამძღვარს უკავშირდება. ეს თიუდორული არქიტექტურის ნამდვილი ნიმუშია.

ივშემში დაკრძალულია საიმონ დე მონფორი, რომელმაც 1265 წლის დასაწყისში ინგლისში პირველი პარლამენტი დააარსა და ცდილობდა ქვეყანაში მეფის ძალაუფლების შეზღუდვას, მაგრამ იმავე წლის აგვისტოში დაიღუპა ივშემთან ბრძოლაში მეორე ბარონთა ომის დროს. ერთ-ერთი ვერსიით, ივშემში ასევე დაკრძალულია კეთილმსახური ლედი გოდივა კოვენტრიელი – XI საუკუნეში მცხოვრები გრაფ ლეოფრიკის მეუღლე, რომელმაც მასთან ერთად დააარსა კოვენტრის მონასტერი.

წმინდა ეგვინის სახელზე ნაკურთხია ორი ძველი ეკლესია ვუსტერშირში, ივშემისა და ვუსტერის მახლობლად. პირველი მათგანი მდებარეობს სოფელ ნორტონში ივშემიდან 3 მილის დაშორებით. ის 1295 წელს იკურთხა, კოშკი უფრო გვიანდელ პერიოდს მიეკუთვნება (შესაძლოა XV საუკუნეს). მეორე ეკლესია მდებარეობს სოფელ ჰანიბურნში (ყოფილი სახელწოდება – ჩერჩ-ჰანიბურნი). ითვლება, რომ ის წმინდა ეგვინის ხსენების დღეს იკურთხა 1295 წელს, მაგრამ ხალხური ტრადიცია ამტკიცებს, რომ ეს ეკლესია კიდევ უფრო ძველია. არსებობს ასეთი ანდაზაც: "როცა ივშემში ჯერ კიდევ არაფერი იყო ეკალ-ბარდების გარდა, ჰანიბურნში უკვე იდგა ეკლესია". ამ ეკლესიაში განსაკუთრებით გამოირჩევა შპილიანი კოშკი.

წმინდა ნივთებსა და საინტერესო არტეფაქტებს შორის, რომლებიც ივშემის სააბატოსთანაა დაკავშირებული, ჩვენამდე მოაღწია სულ მცირე ორმა ძველმა ლამაზმა ბეჭედმა. ერთი მათგანი ოვალური ფორმისაა, მასზე გამოსახულია ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი ჯვრით ხელში და მუხლმოდრეკილი წმინდა ეგვინი. ასევე შემორჩა ძალიან ლამაზი, მდიდრულად და ოსტატურად მორთული აბატის სავარძელი (სავარაუდოდ XIV საუკუნის), რომელიც იდგა კაპიტულის ოთახში ან სატრაპეზოში. შემორჩა აგრეთვე, სავარაუდოდ XII საუკუნის მარმარილოს ანალოღია მაკურთხებელი ეპისკოპოსის (სავარაუდოდ წმინდა ეგვინის), ორი ქერუბიმის და რამდენიმე სკულპტურული გამოსახულებით. ეს ანალოღია ნაპოვნი იქნა მიწაში, ივშემის ყოფილი სამონასტრო ბაღის ადგილას და დღეს ინახება წმინდა ეგვინის ეკლესიაში ნორტონში. ივშემის მონასტრის ტერიტორიაზე აღმოჩენილ სხვა შესანიშნავ ნივთებს შორის აღსანიშნავია: ცისფერი ქვისგან გამოქანდაკებული მწოლიარე ბერის სკულპტურის ფრაგმენტი - ეს სკულპტურა ამშვენებდა მონასტრის ერთ-ერთი ბერის ან აბატის აკლდამას; ჰელიოტროპის კამეა, მტრედის კვერცხის ზომის, მახვილიანი ანგელოზის გამოსახულებით, რომელიც სავარაუდოდ აბატის ხელთათმანის სამკაულად გამოიყენებოდა; XV-XVI საუკუნეების სპილენძის ჯვარცმა ღვთისმშობლისა და წმინდა იოანეს ფიგურების ფრაგმენტებით (ამჟამად გამოიყენება სტენბრუკის სააბატოს ჯვრის მსვლელობებში); ბერძნული ასო "ტაუს" ფორმის ჯვარი სელაპის ძვლისგან, სავარაუდოდ X საუკუნის, რომელიც სავარაუდოდ იღუმენის კვერთხზე იყო (ნაპოვნია ოლკესტერში, ამჟამად ინახება ბრიტანეთის მუზეუმში). შემორჩა ასევე უნიკალური ძველი მომლოცველის ნიშანი ამპულის სახით. ერთ მხარეს გამოსახულია მჯდომარე წმინდა ეგვინი საეპისკოპოსო შესამოსელში კვერთხით, და მის გვერდით - თევზი გასაღებით პირში და ლათინური წარწერით: "წმინდა ეგვინის, ეპისკოპოსისა და აღმსარებლის გამოსახულება"; მეორე მხარეს გამოსახულია წმინდა ედვინ ნორთუმბრიელი და გვერდით ლათინური წარწერა: "წმინდა ედვინის, მეფისა და მოწამის გამოსახულება". მხოლოდ ვარაუდი შეიძლება, თუ რატომ აღმოჩნდნენ ერთად ამ წმინდანების გამოსახულებები, რომელთაგან პირველი ცხოვრობდა VIII საუკუნის დასაწყისში ინგლისის დასავლეთში, ხოლო მეორე - VII საუკუნის დასაწყისში ინგლისის ჩრდილოეთში. სავსებით შესაძლებელია, ეს ნიშანი კიდევ ერთი მოწმობაა ივშემის კავშირისა უიტბის ჩრდილოეთის მონასტერთან, სადაც ინახებოდა წმინდა ედვინის ნაწილები (არ არის გამორიცხული, რომ მისი ნაწილების ნაწილი შემდგომში ივშემს გადაეცა).

XIX საუკუნის ბოლოს ივშემში დაარსდა კათოლიკური სამრევლო ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის სახელზე; დღეს ეს ეკლესია ეძღვნება ღვთისმშობელსა და წმინდა ეგვინს. ვილოცოთ იმედით, რომ ამ წმინდა ადგილას, რომელიც უძველესი დროიდან არჩეული იყო უფლის უმანკო დედის მიერ, აღორძინდება მართლმადიდებლური ცხოვრება და ღირსეულად დაიწყებენ ყოვლადწმინდა ქალწულისა და წმინდა ეგვინის პატივისცემას.

სტატიის მომზადებისას გამოყენებული იყო შემდეგი მასალები: წმინდა ეგვინის ცხოვრებები, დაწერილი თომას მარლსბოროს (დაახლ. 1230) და დომინიკ ივშემელის (დაახლ. 1125) მიერ, "ივშემის სააბატოს ქრონიკა", "წმინდა ეგვინი და მისი სააბატო ივშემში" (სტენბრუკის კათოლიკური მონასტრის გამოცემა, 1904), ასევე სხვადასხვა გადმოცემები და სხვა წყაროები.

ავტორი დიმიტრი ლაპა

შენიშვნები:

[1] - პირველი საქსონური საკათედრო ტაძარი ვუსტერში, სადაც შემდგომში მსახურობდა წმინდა ეგვინი, აშენდა 680 წელს და ეკურთხა წმინდა პეტრეს სახელზე. 957-დან 959 წლამდე ვუსტერში ეპისკოპოსად მსახურობდა მომავალი კენტერბერიის მთავარეპისკოპოსი დუნსტანი. 961-დან 992 წლამდე ვუსტერის ეპისკოპოსი იყო ამ ქალაქში ყველაზე თაყვანისცემული წმინდანი - წმინდა ოსვალდი (ხსენება 28 თებერვალს), რომელიც ასევე იყო იორკის მთავარეპისკოპოსი. წმინდა ოსვალდმა წმინდა დუნსტანთან და ვინჩესტერელ ეთელვოლდთან ერთად X საუკუნეში აღადგინა ქვეყანაში საეკლესიო ცხოვრება, რომელიც ჩაქრა IX საუკუნის დანიური თავდასხმების შემდეგ. წმინდა ოსვალდის დროს ვუსტერის საკათედრო ტაძარი გადაკეთდა და ეკურთხა ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის სახელზე. წმინდა ოსვალდმა საკათედრო ტაძართან დააარსა ბენედიქტელთა მონასტერი, რომელიც რეფორმაციამდე არსებობდა. წმინდა ოსვალდის გარდაცვალების შემდეგ მალევე აღმოჩენილ იქნა და საკათედრო ტაძრის ლუსკუმაში დაისვენა მისი უხრწნელი ნაწილები, რომლებისგანაც სასწაულები აღესრულებოდა და რომლებთანაც რეფორმაციამდე მრავალი მომლოცველი ჩადიოდა. 1040 წლის ახლოს დანიური შემოსევის დროს ვუსტერის მონასტერი მნიშვნელოვნად დაზიანდა. ბოლო საქსონელი ეპისკოპოსის, ვულფსტანის დროს, 1062 წელს ჩაეყარა საფუძველი ახალ დიდ საკათედრო ტაძარს. 1084 წელს დაიწყო ტაძრის მრავალსვეტიანი კრიპტის მშენებლობა, რომელიც სრულად შემორჩა ჩვენს დღემდე და არის ერთ-ერთი ყველაზე შესანიშნავი კრიპტა მთელ ქვეყანაში. წმინდა ვულფსტანის გარდაცვალების შემდეგ ისიც წმინდანად იქნა შერაცხული. ვუსტერის საკათედრო მონასტერი იზრდებოდა და ვითარდებოდა. მისი მკვიდრების დევიზი იყო: "არც ერთი ლოცვა შრომის გარეშე, არც ერთი შრომა ლოცვის გარეშე". ვუსტერის ბერები მისდევდნენ მცენარეების მოყვანას, ხელოსნობას, სწავლებას, მეცნიერებებს. ისინი იღებდნენ და ყოველთვის უხვად უმასპინძლდებოდნენ ათასობით მომლოცველს, ასრულებდნენ წესებს, ეხმარებოდნენ გაჭირვებულებს. ისინი ზრუნავდნენ ღარიბებზე, მშიერებზე, მართავდნენ საავადმყოფოს, აზიარებდნენ ციხეებში პატიმრებს. ვუსტერის მონასტრიდან გამოვიდა არაერთი ცნობილი მეცნიერი. მათგან აღსანიშნავია: ფლორენს ვუსტერელი († 1118) - ბერი და მემატიანე, რომელმაც მონაწილეობა მიიღო "ქრონიკების ქრონიკის" შედგენაში ლათინურ ენაზე, რომელიც მოგვითხრობდა მოვლენებს სამყაროს შექმნიდან 1140 წლამდე; იოანე ვუსტერელი († 1140) - ღვთისმოსავი ბერი და მეცნიერი, რომელმაც დაასრულა ეს ქრონიკა, რომელიც შემორჩა ხუთ ხელნაწერში; ანტიკვარი, ნაყოფიერი მწერალი და მემატიანე უილიამ ვუსტერელი (დაახლ. 1415 - 1482), რომელიც ბევრს მოგზაურობდა ქვეყანაში. არ დავივიწყოთ მეცნიერი ვერფერტი, რომელიც იყო ვუსტერის ეპისკოპოსი 873-დან 915 წლამდე, კეთილმორწმუნე მეფე ალფრედ დიდის თანამედროვე, მეგობარი და თანაშემწე, რომელმაც მისი თხოვნით ლათინურიდან ძველ ინგლისურ ენაზე თარგმნა წმინდა გრიგოლ დიალოგოსის "დიალოგები". ვუსტერი ასევე ცნობილია თავისი ძველი და მდიდარი მუსიკალური ტრადიციებით. ვუსტერის საკათედრო ტაძართან მჭიდროდ იყვნენ დაკავშირებული ისეთი დიდი კომპოზიტორები, როგორებიც იყვნენ თომას ტომკინსი (1572-1656), უილიამ ბერდის მოწაფე, მადრიგალისტი და ორგანისტი, რომელმაც დაწერა ბევრი საეკლესიო მუსიკა, და ედუარდ ელგარი (1857-1934), რომლებმაც ამ ქალაქში თავიანთი ცხოვრების ნაწილი გაატარეს (ე. ელგარის დაბადების ადგილი მდებარეობს სოფელ ლოუერ-ბროუდჰიტში ვუსტერიდან რამდენიმე მილში). ელგარი, რომელმაც სწორედ აქ პირველად შეასრულა თავისი ცნობილი ნაწარმოები "თავსატეხი ვარიაციები", უკვდავყოფილია საკათედრო ტაძრის ერთ-ერთ ვიტრაჟზე. საკათედრო ტაძარში ხშირად სრულდება ორივე კომპოზიტორის სასულიერო მუსიკა. ვუსტერი არის ერთ-ერთი სამი ინგლისური ქალაქიდან, სადაც 1724 წლიდან იმართება სასულიერო მუსიკის ფესტივალი "სამი გუნდის ფესტივალი" (დანარჩენი ორი ქალაქია გლოსტერი და ჰერეფორდი, ფესტივალი იმართება მათში მორიგეობით) - ეს მსოფლიოში უძველესი მუსიკალური ფესტივალია! ვუსტერის საკათედრო ტაძარში დაკრძალულია მეფე იოანე უმიწაწყლო (1167-1216), რომელმაც ანდერძით დაიბარა დაეკრძალათ წმინდა ოსვალდისა და ვულფსტანის საფლავების გვერდით, ასევე პრინცი არტური (1486-1502) - მომავალი მეფე ჰენრი VIII-ის უფროსი ძმა, რომელიც ახალგაზრდა ასაკში გარდაიცვალა ქალაქ ლადლოუში (ვინ იცის, მეფე რომ ჰენრი კი არა, არტური გამხდარიყო, შესაძლოა არც სისხლიანი რეფორმაცია ყოფილიყო ქვეყანაში). 1540 წელს ჰენრი VIII-ის დროს წმინდა ოსვალდის საწმინდარი განადგურდა, ხოლო მისი ნაწილები, ერთ-ერთი ვერსიით, დაკრძალეს საკათედრო ტაძრის საკურთხევლის ნაწილში. მას შემდეგ ვუსტერის მონასტერმა სამუდამოდ შეწყვიტა არსებობა; საკათედრო ტაძარი გადარჩა, თუმცა ბევრი სამონასტრო შენობა განადგურდა ან სხვა მიზნებისთვის დაიწყეს გამოყენება. XVII საუკუნეში საკათედრო ტაძარი მძიმედ დაზიანდა რესპუბლიკელების მიერ (1651 წლის ბრძოლა ვუსტერთან; აღსანიშნავია, რომ ვუსტერშირში ბევრი როიალისტი იყო), მაგრამ XIX საუკუნეში, ვიქტორიანულ ეპოქაში, მასში მასშტაბური სარესტავრაციო სამუშაოები ჩატარდა, რომლებიც 1980-იან წლებშიც გრძელდებოდა. დღეს ეს მდინარე სევერნის ნაპირზე მდგომი უძველესი, ლამაზი, დიდებული საკათედრო ტაძარი, რომელიც მაცხოვრისა და ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის სახელზეა ნაკურთხი, მორწმუნეთა საყვარელი სამლოცველო ადგილია ინგლისიდან და მრავალი სხვა ქვეყნიდან. საკათედრო ტაძარი შეიცავს მრავალი არქიტექტურული სტილის ნიშნებს ნორმანულიდან პერპენდიკულარულ გოთურამდე. კრიპტის გარდა, საკათედრო ტაძრის ნამდვილ მარგალიტს წარმოადგენს ასევე კაპიტულის მრგვალი ოთახი (XII საუკუნის დასაწყისი, ერთადერთი მრგვალი კაპიტულის ოთახი მთელ ინგლისში!), რომელიც შესანიშნავად შემორჩა ძველი დროიდან - ამ ოთახში ბერები ყოველდღიურად კითხულობდნენ წმინდა ბენედიქტეს წესდების თითო თავს და წყვეტდნენ ყოველდღიურ სამონასტრო საქმეებს. ყოფილი სამონასტრო შენობებიდან ასევე შემორჩენილია ყოფილი სატრაპეზო. შუასაუკუნეობრივი ცენტრალური კოშკი 52 მეტრის სიმაღლისაა და მისი მწვერვალიდან შეიძლება ქალაქის ხედით ტკბობა. ვუსტერის საკათედრო ტაძარი ცნობილია თავისი 39 ე.წ. "მიზერიკორდით", რომლებიც შემკულია შესანიშნავი ნაკვეთობით, გამოსახული სხვადასხვა სცენებით ბიბლიიდან ან ფოლკლორიდან. "მიზერიკორდები" არის შვერილები (თაროები) გუნდის სკამების უკანა მხარეს; შუა საუკუნეებში მათ იყენებდნენ სამონასტრო წესდების შესამსუბუქებლად, ანუ ბერებს მრავალსაათიანი მსახურების დროს შეეძლოთ მათზე დაყრდნობა ან მცირე ხნით დაჯდომა. საკათედრო ტაძართან შემორჩენილია შუასაუკუნეობრივი ყოფილი სამონასტრო ბიბლიოთეკა: მონასტრის ძველი ხელნაწერების ნაწილი ინახება მასში, ხოლო ნაწილი ლონდონის ბრიტანეთის ბიბლიოთეკაში, ოქსფორდსა და კემბრიჯში. ვუსტერის საკათედრო ტაძარი ცნობილია თავისი ვიტრაჟებით, რომელთაგან ერთ-ერთზე გამოსახულია წმინდა ეგვინი - ეს ცნობილი ოსტატის ჯეფრი ფულერ უების (1879-1954) ნამუშევარია.

[2] - გლოსტერშირის საგრაფოს ქალაქ ტიუქსბერიში მდებარე სააბატო - კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ცენტრია ღვთისმშობლის თაყვანისცემისა ინგლისში. დღეს ეს არის ერთ-ერთი უდიდესი და შესანიშნავი ყოფილი სამონასტრო ეკლესია მთელ ქვეყანაში. პირველი განდეგილი ნორთუმბრიიდან, სახელად წმინდა თეოკი, ცხოვრობდა ამ ადგილას დაახლოებით 650 წელს (მის პატივსაცემად დაერქვა ქალაქს სახელი). პირველი ბენედიქტური მონასტერი ტიუქსბერიში ჩამოყალიბდა 715 წლისთვის, თუმცა პირველი მონასტრიდან არანაირი კვალი არ შემორჩენილა: იგი ორჯერ გაანადგურეს მეომარმა დანიელებმა, ხოლო ინგლისის ნორმანების მიერ დაპყრობის შემდეგ 1066 წელს, მალევე აშენდა ახალი, კათოლიკური მონასტერი. აბატი სახელად გირალდუსი გამოიძახეს კრენბორნიდან ტიუქსბერიში ახალი მონასტრის სამართავად, რომლის დაარსების თარიღად ითვლება 1092 წელი. 1471 წელს ცნობილი ტიუქსბერის ბრძოლა ძირითადად ქალაქის ფარგლებს გარეთ მიმდინარეობდა. გამარჯვებულმა იორკების დინასტიის მომხრეებმა ("იორკისტებმა") შერეკეს დასუსტებული ლანკასტერების დინასტიის მომხრეები ქალაქის სამონასტრო ეკლესიაში, სადაც გააგრძელეს ცემა და მკვლელობები. ეს ხდებოდა წითელი და თეთრი ვარდების ომის დროს. კიდევ 70 წლის შემდეგ მეფე ჰენრი VIII-მ, რომის პაპთან წაჩხუბების შემდეგ, გააუქმა თითქმის ყველა მონასტერი, წაართვა მათ მიწები და სხვა ქონება. მაგრამ რადგან სამონასტრო ეკლესიის ნაწილი, რომელიც შემორჩა დარბევებისა და ნგრევის შემდეგ, გამოიყენებოდა მოქალაქეების მიერ - მასში ტარდებოდა ღვთისმსახურება - ტიუქსბერის მცხოვრებლებმა მოიპოვეს მეფისგან ნებართვა ეკლესიის უკეთეს მდგომარეობაში მოყვანისთვის, მრევლისგან შეგროვდა 453 ფუნტი, და ეს თანხა დაიხარჯა სახურავის ტყვიის ზოლებით დაფარვასა და ზარების შეკეთებაზე. თუმცა მონასტრის შენობების უმეტესობა მაინც დაინგრა. ყველაფრის დასრულებისთვის 1559 წელს მაღალი ხის შპილი ჩამოვარდა ძლიერი ქარის დროს. მაგრამ, მიუხედავად ყველაფრისა, ტიუქსბერის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის სახელობის სააბატოს ლამაზი ეკლესია დღემდე იზიდავს მრავალ მომლოცველს, მასში ტარდება რეგულარული ღვთისმსახურებები და ფესტივალები.

სტატიის წყარო: Святой Эгвин Вустерский и монастырь в Ившеме

ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
14.12.2024
წმიდა კიბი (ასევე კუბი; კაბიუსი) თავისი ხანგრძლივი ცხოვრების მანძილზე იყო, მცირე ხანს - მეფე,მომლოცველი, მღვდელი, იღუმენი, ეპისკოპოსი, მეუდაბნოე და ქადაგი.
14.12.2024
ანგლსი (ვალიურად ინის მონ) არის კუნძული უელსის ჩრდილო-დასავლეთ სანაპიროს პირას, რომელიც მცირე მენაის სრუტითაა გამოყოფილი
13.12.2024
ღირსი სეირიოლ მართალი, პენმონელი, უელსელი (ლათ. შეირიოლ, ბერძ. Σειρίολος ὁ Δίκαιος; VI ს.). ხსენების დღე 2 იანვარი (ბერძ.), 1 თებერვალი (კელტ. და ბრიტ., ამერიკის მართლმადიდებელი ეკლესია)
13.12.2024
წმინდა სერვანი (სერფი) შოტლანდიელი, კალროსელი (+ დაახლ. 583), ეპისკოპოსი-მისიონერი, დასავლეთ ფაიფშირის (უესტ ფაიფის) განმანათლებელი.
09.12.2024
წმინდა მეფე კადვალადრი (კადვალადრი) ტახტზე ავიდა თავისი მამის, კადვალონ კადვანის (კადვალოზე) შემდეგ, დაახლოებით 634 წელს.
28.11.2024
ლონდონი დაარსდა რომაელების მიერ,ჩვენი წელთაღრიცხვით პირველ საუკუნეში, რომლებმაც მას "ლონდინიუმი" უწოდეს.
28.11.2024
ჩვენი წმინდა მამა ერკონვალდი (ეარკონვალდი) კეთილშობილური წარმოშობის იყო და ქრისტიანული რწმენა ადრეულ ასაკში შეითვისა,
27.11.2024
ჰოი, ინგლისის რწმენავ, რომელსაც ძველად ასწავლიდნენ ქრისტეს ცხვრების ერთგული მწყემსები, ჩვენი ერის განწმენდავ...
15.11.2024
წმინდა ნეოტის ცხოვრება დაიწერა მეთერთმეტე საუკუნეში. ეს წმინდანი ასევე მოხსენიებულია ასერის მიერ, წმინდა მეფე ალფრედ დიდის (849-899, მართავდა უესექსს 871 წლიდან) ბიოგრაფის მიერ.
15.11.2024
ღირსი წინამძღვარ ბეუნოს ცხოვრების შესახებ, რომელიც სავარაუდოდ ჩრდილოეთ უელსის უდიდესი წმინდანია, ძალიან ცოტა რამ ვიცით.
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
საბერძნეთის კუნძულ კორფუზე უხრწნელად ინახება IV საუკუნის უდიდესი მამის, წმინდა სპირიდონ ტრიმითუტელის ნეშტი. მხოლოდ მისი პატიოსანი მარჯვენაა განცალკევებით, რომის სანტა მარია ნუოვას ტაძარში დასვენებული.

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat