წმინდა სეირიოლი: ცხოვრება და მასთან დაკავშირებული წმიდა ადგილები
წმინდა სეირიოლი (ხსენების დღე 1/14 თებერვალს), ვალიელი მეუდაბნოე და მეფე უენ დანუინის ძე, VI საუკუნეში ცხოვრობდა. ისტორიკოსები ვარაუდობენ, რომ იგი 494 წელს დაიბადა. წლების განმავლობაში წმინდანი მოღვაწეობდა ანგლსის კუნძულზე, სადაც შემორჩა მასთან დაკავშირებული ბევრი წმიდა ადგილი. სეირიოლი იყო ახლო სულიერი მეგობარი სხვა დიდ ვალიელ ასკეტისა და მისიონერისა ღირსი კიბისა. ორივე წმინდანს ჩვეოდა ანგლსის კუნძული ერთად მოვლა სიჩუმით, ლოცვით და ღვთაებრივი ფიქრებით. შემორჩა გადმოცემები იმ სასწაულებზე, რომლებიც ამ წმინდა ტანამოსაგრების მიერ აღესრულა. წერდნენ, რომ "მათი ლოცვა იცავდა კუნძულს ყოველგვარი გასაჭირისაგან".
მონაზვნებმა ააშენეს მონასტერი პენმონში, ანგლსის სამხრეთ-აღმოსავლეთ კიდეში, და სეირიოლი გახდა მისი პირველი იღუმენი. დროთა განმავლობაში პენმონს წილად ხვდა გამხდარიყო ერთ-ერთი წამყვანი ცენტრი უელსის მონაზვნური ცხოვრებისა; სავანე იყო კურთხული წმინდა სეირიოლის სახელზე, და მართლმადიდებლური ასკეტური ცხოვრება აქ გაგრძელდა X საუკუნემდე. სავანეს ჰქონდა ხის ეკლესია. სამწუხაროდ, დანიელმა პირატებმა თავდასხმა მოაწყვეს პენმონზე 971 წელს.
საყურადღებოა, რომ ორი გამოკვეთილი გამშვენებული კელტური ჯვარი X საუკუნისა (რომლებშიც ჩანს ირლანდიური და სკანდინავიური გავლენა), რომლებიც თავდაპირველად დამაგრებული იყო მონასტრის კარიბჭესთან, აგრეთვე იმ პერიოდის ემბაზი არა მხოლოდ ვერ გაანადგურეს მეკობრეებმა, პირიქით, ისინი დღემდე შემორჩა. დაახლოებით 1123 წელს ხის ეკლესიის ადგილას ქვის ეკლესია აშენდა, ხოლო XIII საუკუნეში პენმონში გაჩნდა ავგუსტიანელთა კათოლიკური მონასტერი. ავგუსტიანელებს ჰქონდათ ჩვეულება აღედგინათ ძველი წმიდა ადგილები, ამიტომ შეინარჩუნეს ყველაფერი, რაც შეიძლებოდა შენარჩუნებულიყო კელტური პერიოდიდან. ვალიელი ისტორიკოსი და ეკლესიის მწერალი გერალდ კამბრიელი (დაახლ. 1146–1223) წერდა, რომ პენმონი იყო უელსის სამიდან ერთ-ერთი ის სავანე, რომელიც "რეფორმებული" იქნა ირლანდიური კულდების მოძრაობის [1] მიერ, რაც ნიშნავდა ძლიერ ირლანდიურ გავლენას, სრულ თავგანწირვას მონაზვნური ცხოვრებისადმი და დაბრუნებას კელტური ეკლესიის ადრეულ და უფრო მკაცრ იდეალებთან. ავგუსტიანელთა მონასტერი გაუქმდა 1538 წელს რეფორმაციის დროს, მაგრამ მრავალი ნაგებობის ხილვა დღემდე შეიძლება, თუმცა ზოგიერთი მხოლოდ ნანგრევების სახითაა შემორჩენილი.
პენმონის ამჟამინდელი დიდი ყოფილი მონასტრის ეკლესიის (რომელიც ცნობილია როგორც "პენმონის პრიორატი") უძველესი ნაწილი 1140 წლიდანაა. იგი დგას თავდაპირველი ხის ნაგებობის ადგილას. შუა საუკუნეებში მის კრიპტაში, სამსხვერპლო ქვეშ, მოსვენებული იყო წმინდა სეირიოლის წმიდა ნაშთი, რომლისაკენაც რიგი იდგა მლოცველებისა, რომლებიც მას შეწევნასა და განკურნებას ითხოვდნენ. გარდა ზემოთ ხსენებული ჯვრებისა, ტაძრის წმიდა ადგილებიდან გამოირჩევა წმინდა სეირიოლის ვიტრაჟული გამოსახულება სამხრეთ ტრანსეპტში, რომელიც შექმნილია ავგუსტიანელების მიერ რეფორმაციამდე. პრიორატ-ეკლესია ნაკურთხია წმინდა სეირიოლის სახელზე და გამოიყენება უელსის ანგლიკანური ეკლესიის მიერ. მახლობლად შეიძლება ნახოთ მონაზვნების ყოფილი საძინებელი, რომელიც ამაყად აღმართულია მონაზვნების სატრაპეზოს თავზე, ასევე სარდაფი და იღუმენის სახლი. შენარჩუნებული იქნა თევზების ტბორი, რომელიც წყაროთი ივსება. ეკლესიიდან იშლება წარმტაცი ხედი კონსის ყურისა და მატერიკული უელსის მწვანე გორაკებისა.
პენმონის წმიდა წყარო, რომლის წყლით კიდევ VI საუკუნეში წმინდა სეირიოლი და მისი ძმები სარგებლობდნენ სასმელად და ნათლობის საიდუმლოს აღსრულებისთვის, დღემდე მოედინება იმავე ადგილზე! არსებობს თანამედროვე მოწმობებები მისი წყლით განკურნების სასწაულებზე. წყარო მდებარეობს ყოფილი მონასტრის ნაგებობებიდან ბილიკით წუთიერ სავალზე. კლდოვანი მწვერვალი, ძველი მონასტრის ღობე და უბრალო აგურის შენობა ქვის სკამებით წყაროს თავზე ქმნის ატმოსფეროს, გაჟღენთილს შუა საუკუნეების სულიერებით. წმინდა წყაროს აუზს აქვს მართკუთხა ფორმა, და მასში საკმარისი წყალია ადამიანის შთაფლისთვის. სხვათა შორის, ანგლსის სპორტული გუნდი შეჯიბრებებამდე იყენებს წმიდა სეირიოლის წყაროს წყალს კურთხევისთვის!
წყაროს მახლობლად, კლდის ძირში, მდებარეობს წმიდა სეირიოლის მეუდაბნოეს საცხოვრებლის ნაშთები! ექსპერტები მას უწოდებენ "უელსის ყველაზე ძველ შემორჩენილ ქრისტიანულ ნაგებობას". ეს უნიკალური წმიდა ადგილი ქვისგანაა დამზადებული და აქვს წრიული ფორმა.
დღეს პენმონი არის პატარა სოფელი და იგივე სახელწოდების კონცხი, მახლობელი ქალაქი კი - ბომარისია.
სხვა კელტური მიწების "კუნძულელ" წმინდანებივით, წმიდა სეირიოლი ბევრს მოგზაურობდა ზღვაზე, აშენებდა ეკვდერებს და სავანეებს განდეგილური ცხოვრების ადგილებზე. ღრმა სიბერეში იგი გადავიდა ანგლსის მახლობლად მდებარე პატარა კუნძულზე, რომელიც მოგვიანებით იქნა სახელდებული "ინის-სეირიოლი" ("სეირიოლის კუნძული"), სადაც იღვწოდა წმიდად და ააშენა მცირე, პენმონზე დამოკიდებული სავანე. შემდგომ კუნძულს სახელი გადაარქვეს ვიკინგებმა და "პრისტჰოლმი" ("მღვდლების კუნძული") უწოდეს, ხოლო მისი თანამედროვე სახელწოდებაა "პაფფინი", ტუპიკის ჩიტის პატივსაცემად, რომლის კოლონიებიც აქ შეიძლება იხილოთ. ძველი სახელწოდება "ინის-სეირიოლი" კვლავაც გამოიყენება ვალიელების მიერ.
წმიდა სეირიოლი, დიდი ალბათობით, აღესრულა ამ პატარა კუნძულზე. მიუხედავად იმისა, რომ დღეს პაფფინი კერძო საკუთრებაა და შესვლა ჩვეულებრივ აკრძალულია, აქ მდებარეობს წარსულში აყვავებული სამონაზვნო დასახლების ნანგრევები, აგრეთვე ძველი კოშკი. მონასტერს ჰქონდა დიდი სასაფლაო, სადაც დაკრძალული იყვნენ ასობით მონაზონი, მღვდელმსახურები და სამეფო ოჯახის წევრები, მათ შორის მაბგუინი - გვინედის მეფე და წმიდა სეირიოლის მამიდაშვილი. როგორც წერდა გერალდ კამბრიელი, რომელმაც 1188 წელს მოინახულა კუნძული:
"ანგლსის ახლოს მდებარეობს პატარა კუნძული, რომელიც დასახლებულია მეუდაბნოებით, რომლებიც ცხოვრობენ თავიანთი ხელების ნაშრომით და ემსახურებიან ღმერთს. როდესაც ადამიანური სისუსტის გამო ძმებს შორის უთანხმოება იჩენს თავს, მათ მარაგს მთლიანად შეჭამს ამ კუნძულზე გავრცელებული პატარა თაგვების სახეობა. მაგრამ როგორც კი მონაზვნები შეურიგდებიან ერთმანეთს, მღრღნელები წყვეტენ მათ შეწუხებას. ჭეშმარიტად, სათნოება ხშირად ხდება სრულყოფილი სისუსტეში, ხოლო რწმენა მტკიცდება გასაჭირის დროს. ვალიურ ენაზე კუნძულს ეწოდება "საეკლესიო", რადგან მის მიწაზე დაკრძალულია ასობით წმიდანის სხეული. ქალებს კუნძულზე შემოსვლა ეკრძალებათ".
როგორც პენმონში ანგლსის კუნძულზე, ასევე პაფფინის კუნძულს სტუმრობენ ხოლმე ჩვენი დროის მართლმადიდებელი მორწმუნეები.
თავდაპირველად წმინდანის ნეშთი ინახებოდა პაფფინის კუნძულზე, თუმცა შემდგომ გადაიტანეს პენმონში, ანგლსის კუნძულზე, სადაც მათ სცემდნენ პატივს რეფორმაციამდე. სხვათა შორის, პაფფინის წმიდაკუნძული შეიძლება დაინახოთ, როცა დგახართ პენმონის წმიდა სეირიოლის წყაროსთან, ხოლო საუკეთესო ხედები იშლება პენმონ-პოინტის პლაჟიდან.
სეირიოლი არის ადრეული ურიცხვ წმიდანებიდან ერთ-ერთი, რომლებიც კელტური წმიდანების "ოქროს ეპოქის" პერიოდში ეწეოდნენ მოსაგრე და განდეგილურ ცხოვრებას ან ცხოვრობდნენ "კელია-სკებში" - , რომლებიც მდებარეობდნენ პატარა კუნძულებზე უელსის, შოტლანდიისა და ირლანდიის სანაპიროებთან. მოგვიანებით, ამ საცხოვრებლების ადგილებზე ხშირად იქმნებოდა სავანეები ან სკიტები. მათი უმრავლესობიდან დარჩა მხოლოდ ნანგრევები, ბევრის კვალი კი საერთოდ წაიშალა; მაგრამ ღმერთმა შემოგვინახა ჩვენამდე ზოგიერთი ჭეშმარიტი ოაზისი, ისეთი როგორიცაა პენმონი, სადაც მომლოცველი აღმოაჩენს როგორც თითქმის ხელუხლებელ წმიდა ადგილებს, რომლებსაც აქვს 1500 წელზე მეტი ასაკი, ასევე ძველი მართლმადიდებლური სიწმიდის სულს!
აღსანიშნავია, რომ ძველი ტრამვაის საბაგიროს გზის ვაგონებს, რომლებსაც გადაჰყავთ ხალხი ლლანდიდნოს საკურორტო ქალაქის მიდამოებში მდებარე გორაზე, დაარქვეს უელსის წმიდანთა სახელები, და ერთ-ერთ მათგანს ჰქვია წმიდა სეირიოლი.
ანგლსის კუნძულის ცენტრში ამჟამად დახურული რკინიგზის სადგური იყო სახელწოდებით "რჰიდ-ი-სეინტი", რაც ნიშნავს "წმიდანების ფონს", იმ ხსოვნის გამო, რომ წმიდა მეგობრები სეირიოლი და კიბი ხვდებოდნენ დაახლოებით ამ ადგილას კვირაში ერთხელ "ანგლსის ლოცვითი შემოვლისას" . იქვე სიახლოვეს, ადგილზე რომელსაც კლორაჰსი ქვიან, შემდგომში ამოხეთქა ორმა წმიდა წყარომ ამ თანამლოცველი წმიდანების პატივსაცემად, ამ წყაროთა წყლიდან მომლოცველები იღებდნენ კურნებას XIX საუკუნის შუა ხანებამდე. წყაროები მდებარეობდა გზის პირას აქეთ-იქით; შემორჩა მხოლოდ ერთი მათგანი.
გადმოცემის თანახმად, წმიდა სეირიოლი იწყებდა "ლოცვით მსვლელობას" პენმონიდან, გადაადგილდებოდა თავდაპირველად დასავლეთით, შემდეგ კი უკან, აღმოსავლეთით; მთელი დღის განმავლობაში მზე ანათებდა მის ზურგზე, ამიტომ წმიდანს ეძახოდენ "სეირიოლ ფერმკრთალს" ან "ნათელს". წმიდა კიბი იწყებდა გზას ჰოლიჰედის მონასტრიდან დასავლეთისკენ და მოძრაობდა საპირისპირო მიმართულებით, ასე რომ მზე ორჯერ ანათებდა მის სახეს - დილით და საღამოს, რის გამოც მას შეარქვეს "კიბი შავგვრემანი". მართლმადიდებლურ ხატებზე ამ ორ წმიდანს ყოველთვის გამოსახავენ ერთად.
წმიდა კიბი: ცხოვრება
წმიდა კიბი (ასევე კუბი; ხსენების დღე - 8/21 ნოემბერი) წმიდა სეირიოლთან ერთად ითვლება ანგლსის კუნძულის მთავარ წმიდანებს შორის. თავისი ხანგრძლივი ცხოვრების მანძილზე კიბი იყო, მოკლე ხანს - მეფე,მომლოცველი, მღვდელი, იღუმენი, ეპისკოპოსი, მეუდაბნოე და ქადაგი. შემონახული ლათინური ჰაგიოგრაფიული თხზულებები წმიდა კიბის შესახებ, რომლებიც XIII საუკუნეში იქნა დაწერილი, ნაკლებ სარწმუნოა, ამიტომ ჩვენ ვეყრდნობით ადრეულ გადმოცემებსა და წმიდა კიბის ცხოვრების საყოველთაოდ ცნობილ ფაქტებს.
მომავალი წმიდანი დაიბადა დაახლოებით 480 წელს კერნოუში, კორნუოლში, და იყო ადგილობრივი მეომარი მბრძანებლის, სალომონის (სელიფის) შვილი. იგი ასევე იყო წმიდა დავითის, უელსის პატრონის, მამიდაშვილი, რადგან მისი დედა, გვენი ღვიძლი და იყო წმიდა ნონას, დავითის დედისა. ახალგაზრდობაში წმიდა კიბი მამის გარდაცვალების შემდეგ მცირე ხანს მართავდა კორნუოლს (რომელიც შედიოდა კელტურ სამეფოში დუმნონიაში; ამჟამად ეს საგრაფო ინგლისის სამხრეთ-დასავლეთშია). ქრისტიანულ რწმენაში აღზრდილმა, მან ახალგაზრდობაში მოილოცა წმიდა მიწა და რომი და საბოლოო გადაწყვეტილება მიიღო მთლიანად მიეძღვნა ცხოვრება ღმერთისა და ეკლესიის სამსახურისთვის.
წმიდა კიბი ხელდასხმულ იქნა ბერდიაკვნად, ხოლო შემდეგ - მისიონერ ეპისკოპოსად. იგი დაუღლელად მოგზაურობდა მშობლიურ კორნუოლში, ქადაგებდა ქრისტეს და აშენებდა მრავალ ტაძარს. ამ სამსახურის გახსენებით, იგი დღემდე უყვართ და პატივს სცემენ როგორც მფარველს კიბის (ასევე კიუბი) დასახლებებში, ტრეგონში, ლანდალფიში, დოლოსა და კენვინში - უძველესი დროიდან ამ ადგილებში წმიდანის სახელზე აშენდა ეკლესიები.
თუმცა წმიდა კიბის ცხოვრების მთავარი შრომა მიმდინარეობდა უელსის მიწაზე, სადაც იგი დროთა განმავლობაში გადავიდა. თავდაპირველად იგი დასახლდა სამხრეთ უელსში, სადაც აღმართა არაერთი ეკლესია. ყველაზე მნიშვნელოვანი მათგანი მდებარეობდა ლლანგიბში ("კიბის ეკლესია") და ლლანდივრუირში, მონმუთშირში. დღემდე იგი არის ამ ადგილების პატრონი. წმიდანი ასევე მოგზაურობდა ირლანდიაში, სადაც ქადაგებდა და ააშენა ტაძარი. ირლანდიიდან იგი დაბრუნდა უელსში და გაემართა ჩრდილოეთით, სადაც თავისი მსახურების ცენტრად აირჩია ლლანგიბი ლლინის ნახევარკუნძულზე (ჩრდილო-აღმოსავლეთით ანგლსიდან) გვინეთის საგრაფოში. მალე ანგლსის კუნძულის მთავარმა მალგუინმა წმიდანს აჩუქა ძველი რომაული ციხე-სიმაგრე (უფრო კი ფორპოსტი) იმ ადგილას, სადაც ამჟამად ქალაქი ჰოლიჰედი მდებარეობს. ეს II საუკუნის ციხე-სიმაგრე რომაელებმა მიატოვეს IV საუკუნის ბოლოს, მაგრამ მისი მაღალი, მასიური, რუხი კედლები კოშკებით საუკუნოების შემდეგაც კარგადაა შენარჩუნებული! შემდგომში ეს ადგილი გახდა ცნობილი როგორც "კარგიბი", ანუ "კიბის ციხე-სიმაგრე". ქალაქი ჰოლიჰედი მდებარეობს პატარა კუნძულზე ანგლსის დასავლეთით, რომელიც მიგან გამოყოფილია ვიწრო საიმარანის სრუტით. წმიდა კიბის ხსოვნის გამო, მოგვიანებით მას დაარქვეს "ჰოლი აილენდი" ("წმიდა კუნძული") ან "ინის-გიბი" ("კიბის კუნძული" უელსურად). ამჟამად კუნძული დაკავშირებულია ანგლსის ძირითად კუნძულთან ნაყარი გზითა და ხიდით.
სწორედ ამ ადგილზე, რომაული ციხე-სიმაგრის კედლებში, წმიდანმა დააარსა თავისი მთავარი მონასტერი და მისიონერული ცენტრი, გახდა მისი იღუმენი. სავარაუდოა, რომ იგი რჩებოდა ამ საძმოს წინამძღვრად სიცოცხლის ბოლომდე. 545 წელს მან მიიღო მონაწილეობა ეკლესიის საბჭოში ლლანდევი-ბრევში, სადაც წმიდა დავითი იქნა არჩეული უელსის ეკლესიის მეთაურად.
წმიდა კიბი გამოირჩეოდა განსწავლულობით და სიბრძნით. მან ასწავა მოძღვრებს ქრისტიანული რწმენის დოგმები და მსჯელობდა რომაული და კელტური ეკლესიის კალენდრების სხვაობაზე გაცილებით ადრე უიტბის საბჭოზე, რომელიც გაიმართა 664 წელს და გადაწყვიტა ეს საკითხი.
სიცოცხლეშივე აღსრულებული სასწაულები და გარდაცვალება
სხვა კელტ წმიდანებისთან მსგავსად, წმიდა კიბი ცხოველებთან მჭიდრო ურთიერთობით იყო გამორჩეული. ერთხელ, სანადიროდ გიმნეთის მეფე ძაღლებით დაედევნა გარეულ თხას. თხამ მოირბინა წმიდა კიბის ქოხთან, რომელსიც ხშირად განმარტოვდებოდა ლოცვისთვის. გაბრაზებულმა მთავარმა მოსთხოვა კიბის თხის დაბრუნება, სხვა შემთხვევაში გააძევებდა სამეფოდან. წმიდამ მორიდებით უპასუხა, რომ მის გაძევება მხოლოდ ღმერთი შეუძლია, და შესთავაზა მეფეს თხა ღმერთისთვის მიეძღვნა. დამნაშავე მეფემ დათანხმდა; გადაწყდა, რომ ის მიწა, რომელსაც თხა შემოვლის, გადაეცემოდა წმიდა კიბის მონასტრის დასაარსებლად. თხამ საკმაოდ დიდი ტერიტორია შემოიარა და საღამოს დაუბრუნდა განდეგილი პატრონის ქოხს. მეფემ პირი შეასრულა, და იმ ადგილას მონასტერი დაარსდა.
ითვლება, რომ ღმერთმა წმიდა კიბი განსაკუთრებული ნიჭით დაჯილდოვა: მან უელსის ტერიტორიაზე რამდენიმე წყაროს აღმოაცენა, წინასწარმეტყველ მოსესავით, კვერთხით მიწაზე დაკაკუნებით.
წმიდა კიბი გარდაიცვალა 550-სა და 554 წლებს შორის ღრმა სიბერეში. მისი წმიდა ნაშთები მოთავსდა საკურთხეველში და საუკუნეების განმავლობაში იყო პატივცემული ჰოლიჰედის მონასტერში. თუმცა, ოუენ გლიდურის აჯანყების შემდეგ, 1402 წელს, ირლანდიელები შემოიჭრნენ ანგლსიში (ჰენრი IV-ის დამსჯელი ექსპედიციის ნაწილი); 1405 წელს წმიდანის ლუსკუმა გაანადგურეს, ხოლო წმიდა ნაშთები წაიღეს ირლანდიაში, სადაც მოთავსდა დუბლინის ქრისტე-მაცხოვრის საკათედრო ტაძარში. რეფორმაციის დროს, წმიდა ნაშთები უკვალოდ გაქრა.
წმიდა კიბის სახელთან დაკავშირებული სიწმინდეები
უელსისა და კორნუოლის კეთილმსახური ქრისტიანები დღემდე პატივს სცემენ წმიდა კიბის ხსოვნას. მართლმადიდებელი მორწმუნეები ყოველწლიურად ახორციელებენ მომლოცველობას მასთან დაკავშირებულ ძირითად ადგილებში, ხოლო კერედიგიონის საგრაფოვნების ქ. ლამპეტერის ბერძნული მართლმადიდებლური სასულიერო თემი მიძღვნილია სამი წმიდანისა და წმიდა კიბის სახელზე.
გვინეთის საგრაფოს სოფელ ლლანგიბის მახლობლად, ლლინის ნახევარკუნძულზე, სადაც წმიდანი ოდესღაც მოღვაწეობდა, მდებარეობს მის დროს მიკუთვნებული წმიდა წყარო. მას უწოდებენ "ბრიტანეთში ყველაზე კარგად შენარჩუნებულ კელტურ წყაროს". დიდი, ფართო საბანაო-ქვაბულის ქვის დარბაზს არ გააჩნია სახურავი, რის გამოც მლოცველები შთაეფლებიან წყალში და ბანაობენ ღია ცის ქვეშ, რაც ამ განმარტოებულ ადგილს კიდევ უფრო მშვიდ და კურთხეულ ატმოსფეროს ანიჭებს. დარბაზის უკან მდებარეობს კიდევ ერთი საბანაო-ქვაბული - იქ, სადაც წყარო გამოდის ზედაპირზე. სწორედ აქ მლოცველები სვამენ წყაროს წყალს, რომელიც მუდამ ცივია და კაჟის გემო აქვს. მისი სასწაულმოქმედი და მკურნალი ძალის წყალობით, წყაროს მლოცველები სტუმრობენ უკვე 1500 წელი, ხოლო მის წყალს იყენებენ ნათლობის საიდუმლოსთვისაც. იგი კურნავს თვალის დაავადებებს, კოჭლობას, მეჭეჭებს, სურავანდსა და რევმატიზმს. უძველეს დროიდან არსებობდა რწმენა, რომ თუ წყაროში მცხოვრები გველთევზა პილიგრიმის ფეხებს შემოეხვევა, მალე მისი განკურნება მოხდება. სხვა რწმენის თანახმად, თუ ახალგაზრდა ქალი წყაროში გაუშვებს ცხვირსახოცს, და იგი სამხრეთისკენ წაიღებს, ეს იმის ნიშანია, რომ მის შეყვარებულს გულწრფელი განზრახვა აქვს მასზე დასაქორწინებლად; მაგრამ თუ ცხვირსახოცი ჩრდილოეთისკენ წაიღო, მაშინ საქმრო მას მოატყუებს. წყარო მდებარეობს ხეობაში - ტყისა და მდინარის გვერდით მდებარე ულამაზეს კუთხეში.
XVIII საუკუნეში აღმოაჩინეს წყაროს მინერალური თვისებები, და მისგან დროებით გახადეს სპა. ( სპა არის ფიზიოთერაპიის მეთოდი, რომელიც დაკავშირებულია წყალთან.)შემორჩენილია მრავალი განკურნების დოკუმენტაცია. 1766 წლის ჩანაწერის თანახმად: "ადამიანი, რომელიც 30 წელი იყო ბრმა, ყოველდღიურად ბანაობდა სამკურნალო წყაროში სამი კვირის განმავლობაში - და მხედველობა დაუბრუნდა... შვიდი ყვავილისაგან დამბრმავებული ადამიანი განიკურნა სიბრმავისგან... ზოგიერთი კოჭლი ჯოხზე დაყრდნობილი მოვიდა წყაროსთან, სხვები კი ურმებით მოჰყავდათ. გამოჯანმრთელების შემდეგ, ისინი ყველანი სასწაულისათვის მადლიერებით ტოვებდნენ ყავარჯნებსა და ურმებს წყაროს გვერდით". იმ დროს ნებადართული იყო წყაროდან წყლის ბოთლებით ან კასრებით გატანა სამკურნალო მიზნებისთვის. ავადმყოფებს რეკომენდაცია ეძლეოდა ერთ-ორჯერ ებანავათ წყალში დღე-ღამეში შვიდიდან ათ დღემდე და ღამე გაეთიათ სპეციალურ საცხოვრებელში, სადაც მათ აძლევდნენ სასმელად წყაროს წყალს, რომელშიც შერეული იყო ზღვის წყალი. ეს მშვიდი ადგილი იმდენად წმიდაა, რომ უახლოეს წარსულამდე მის გვერდით იდგა წყაროს მეთვალყურის სახლი. სოფლის შემოგარენში მოქმედებს ეკლესია წმიდა კიბის სახელზე, სადაც XVIII საუკუნემდე ინახებოდა "კიბის სკივრი", სადაც მადლიერი ადამიანები დებდნენ შემოწირულებებს. ეკლესიის სასაფლაოზე შემორჩა კელტური ჯვარი VII ან VIII საუკუნისა.
ლლანგიბის გარდა, ლლინის ნახევარკუნძულზე უელსში არსებობს ორი დასახლება იმავე სახელწოდებით. პირველი, კერედიგიონის საგრაფოს სოფელი ლლანგიბი, სადაც ქრისტიანები ლოცულობენ წმიდა კიბის სახელზე ნაკურთხ ეკლესიაში. მახლობლად მდებარეობს მისივე სახელობის წმიდა წყარო, რომლის წყალს გააჩნდა მინერალური თვისებები და კურნავდა ყვავილს, მეჭეჭებსა, რევმატიზმს, თვალისა და კიდურების დაავადებებს. 1913 წლამდე მორწმუნეებს ჩვეულებად ჰქონდათ წყაროში ბანაობა ამაღლების წინა დღეს და შემდეგ ღამეს გიძინებდნენ დიდ, სპეციალურ განკურნებისთვის განკუთვნილ ქვაზე. ქრისტიანები მის წყალს დღემდე იყენებენ. მეორე, ზემოთ ხსენებული სოფელი ლლანგიბი მონმუთშირის საგრაფოში, აშის მდინარეზე, სადაც დგას წმიდა კიბის ძველი ეკლესია, რომელიც დაარსებული იყო წმიდა მამის მიერ, და მახლობლად შემორჩა წმიდა კიბის წყარო.
თუმცა, წმიდა მამის პატივცემის მთავარ ცენტრს, უდაოდ, წარმოადგენს ჰოლიჰედი - ანგლსის კუნძულის მთავარი ქალაქი და პორტი, მდებარე "წმიდა კუნძულზე". ეს ადგილი უნიკალურია იმით, რომ ქრისტიანული მონაზვნობის დიდი ადრეული ცენტრი დაარსებული იყო რომაული ციხე-სიმაგრის ტერიტორიაზე: შემორჩენილია სამი კედელი, ხოლო "მეოთხე" კედლად ზღვა ემსახურება (ასეთი გამაგრებები მხოლოდ სამია ევროპაში). ქრისტიანული ლოცვა არ წყდება ამ ადგილას მონასტრის დაარსების დღიდან 540 წლიდან. ეს მონაზვნური დასახლება თავისი სკოლით გახდა სწავლულების გამორჩეული ცენტრი. მონასტერი მჭიდრო კავშირში იყო მსგავს ცენტრებთან ბანგორში (დაარსებული წმიდა დეინიოლის მიერ), ასევე პენმონსა და პაფინის კუნძულზე. შუა საუკუნეებში იქ იღებდნენ მლოცველებს. ქალაქი და პორტი ჰოლიჰედი ვითარდებოდა მონასტრისა და წმიდა კიბის ეკლესიის გარშემო. 961 წელს მონასტერი გაძარცვეს ვიკინგებმა, მაგრამ დანგრევას გადარჩა. თუმცა XII საუკუნეში კელტთა ეკლესია დაემორჩილა ნორმანებს, ხოლო ჰოლიჰედის მონასტრის ეკლესია გახდა კოლეგიალური [3]. 1653 წელს ეს წმიდა ადგილი შეიბილწა, როდესაც ეკლესიაში განთავსებული იყო კრომველის ჯარები, რამაც შენობას მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენა.
დღეს ყოფილი მონასტრის დიდებული ეკლესია ჰოლიჰედში ნაკურთხია წმიდა კიბის სახელზე და მოილოცავენ პილიგრიმები. იგი ეკუთვნის უელსის ანგლიკანურ ეკლესიას. ტაძრის საკურთხეველი - მისი უძველესი ნაწილი - XIII საუკუნეს მიეკუთვნება, ხოლო უფრო გვიანდელი დამატებები - 1480-სა და 1520 წლებს შორის პერიოდს. მიუხედავად XVII საუკუნის ხატთმებრძოლობისა, ეკლესიაში შენარჩუნებულია მრავალი ლამაზი ვიტრაჟი, ხოლო შესასვლელი და შიდა სივრცე მდიდრულად არის გაფორმებული ხის და ქვის ნაკვეთობებით. ნავის სამხრეთით კიდია წმიდა სეირიოლისა და წმინდა კიბის ხატი, რომელიც ტაძარს აჩუქა გვინეტის საგრაფოს ქალაქ ბლაინაი-ფესტინიოგის ყველა უელსელი წმიდანის სახელობის მართლმადიდებლურმა საზოგადოებამ, სადაც ასევე მოქმედებს ღვთისმშობლის საფარველის სახელობის პატარა მონასტერი კონსტანტინოპოლის საპატრიარქოს იურისდიქციაში.
ეკლესიის გვერდით იმყოფება ძალზედ ძველი "სამარხი ეკვდერი". დიდხანს ითვლებოდა, რომ იქ დაკრძალული იყო წმიდანი და სადაც შესაძლოა მის საფლავი იმყოფებოდეს. თუმცა ეს ვერსია არ იქნა მხარდაჭერილი რიგ თანამედროვე ისტორიკოსთა მიერ. კაპელის მიმდინარე შენობა XIV საუკუნეს მიეკუთვნება, ხოლო გათხრებმა დაადასტურა ადრეული მშენებლობის არსებობა. გადმოცემის თანახმად, პირველი კაპელის კედლებში 451 წელს დაიმარხა მოკლული ირლანდიის ბელადი სერიგი, რომელიც შემდგომში წმიდანად იქნა აღიარებული. შესაძლოა წმიდანის საფლავი იმყოფება იმავე ეკლესიის სასაფლაოს ნაწილში, სადაც კაპელაა განთავსებული. 1748 წლიდან კაპელა გამოიყენებოდა ღარიბთა სკოლად, ხოლო აღდგენის შემდეგ გახდა სამრევლო დარბაზი.
ძველად ეკლესიის ჩრდილოეთით მდებარეობდა სამკურნალო წყარო. 2006 წელს ჰოლიჰედის პორტიდან ქალაქში გაიხსნა ქვეითთა ხიდი "კელტური კარიბჭე", რომლის შესასვლელთან მარკეტ-სტრიტის ქუჩის მხარეს მიმაგრებულია მხატვარ გერი დროსრტლის შესრულებული ორი შესანიშნავი მოზაიკა, რომლებიც გამოსახავს წმიდა სეირიოლსა და წმინდა კიბის.
კორნუოლის რამდენიმე სამრევლო მიძღვნილია წმიდა კიბის სახელზე. მათ შორისაა ეკლესია სოფ. დაოლოში, აშენებული ადრეულ შუა საუკუნეებში. ეკლესიაში ინახება ლამაზი კელტური ემბაზი, რომელიც ქვეყანაში ერთ-ერთ უძველესად ითვლება. მის ერთ მხარეს გამოსახულია თევზი (ქრისტეს ადრეული სიმბოლო), ხოლო მეორეზე - გრიფონი, რომელიც სიმბოლოა ეშმაკისა, რომელიც შეიმუსრება წმინდა ნათლისღების საიდუმლოში. ეკლესიიდან ერთ კილომეტრში მდებარეობს წმიდა კიბის სამკურნალო წყარო, რომლის თავზეც მოწყობილია დარბაზი და გამოსაცვლელი ვესტიბიული სკამებით საბანელის შენობაში. წყაროს წყალი დღემდე გამჭვირვალეა. მიუხედავად იმისა, რომ იგი რამდენიმე მეტრშია გზიდან, მას ფარავს ბუჩქები და დაფნის ხის მკვრივი ფოთლოვანი საფარი. კორნუოლში ასევე მოქმედებს შუა საუკუნეების სამრევლო ეკლესია წმიდა კიბის სახელზე სოფ. კიბიში, რომელიც მის სახელს ატარებს. სამხრეთ გმხარეს ეკვდერში ინახება VI საუკუნის ჯვარი წარწერით. ეს ეკლესია აშენებული იქნა თავად წმიდანის მიერ. მეზობელი სოფ. ტრეგონის მახლობლად მდებარეობს წმიდა კიბის წყარო, სადაც წმიდანი გარკვეული ხნის განმავლობაში იღვწოდა, ნათლავდა ადამიანებს და ქადაგებდა. ბოლოს, წმიდა კიბი იყო კენვინის სამრევლო ეკლესიის მფარველი ქ. ტრუროს შემოგარენში - დღესდღეობით ეკლესიის მფარველი წმიდა კეინაა. დევონის ინგლისურ საგრაფოში, სოფელ ლიუტრენჩარდის წმიდა იაკობის ეკლესიაში, მდებარეობს ჯვრიიანი ტიხარი, სადაც სხვებს შორის გამოსახული არის წმიდა კიბი.
შენიშვნები:
[1] კულდების მონაზვნური მოძრაობა გაჩნდა ირლანდიაში VIII ან IX საუკუნეში. მას ახასიათებდა მკაცრი აღკვეთილობა და გარე სამყაროსგან იზოლაცია. მოძრაობის ფუძემდებლად ითვლება წმიდა ენგუს კლონენახელი - მის გავლენას მიეწერება ის, რომ ირლანდიაში და შოტლანდიაში გაჩნდნენ მონაზვნთა ჯგუფები, რომლებიც იყვნენ ანაქორეტები, მაგრამ ცხოვრობდნენ პატარა თემებად ერთ ადგილას, ჩვეულებრივ 13 კაცისგან (ქრისტესა და 12 მოციქულის მაგალითზე). კულდების სახელწოდება მომდინარეობს ირლანდიული "ჩეილე Dეე"-გან (რაც ნიშნავს "ამხანაგი, თანამგზავრი"). კულდები ქმნიდნენ მორთულ მაღალ ჯვრებს და ამზადებდნენ ლამაზ საილუსტრაციო ხელნაწერებს. კულდებისგან შთაგონებული, ბევრმა მონაზვნურმა თემებმა გვიანდელი კელტური პერიოდის განმავლობაში დაუბრუნდნენ თავდაპირველ მართლმადიდებლურ აღკვეთილობის პრაქტიკებს, რომლებიც მოდიოდა ეგვიპტიდან. მოძრაობამ გავრცელება ჰპოვა ინგლისსა და უელსშიც კი, მაგრამ XII საუკუნიდან, ბრიტანეთის კუნძულების საბოლოო დაქვემდებარების შემდეგ ნორმანდიელებისა და რომისადმი, და კათოლიკური ორდენების გაჩენის შემდეგ, მისი პოპულარობა შეწყდა.
[2] "ქრისტეს აღდგომის" ფრესკა - ეს არის კედელზე გამოსახული გიგანტური ფრესკა ქრისტესი, რომელიც გვხვდება ინგლისის, იტალიის, საფრანგეთის, გერმანიის, ავსტრიის, შვეიცარიის, ჩეხეთის, სლოვენიისა და ბალტიისპირეთის ზოგიერთ შუა საუკუნეების ეკლესიაში. მასზე გამოსახული არის მაცხოვარი, რომელიც გარშემორტყმულია ისეთი იარაღებით, როგორებიცაა ცულები, დანები, მაკრატლები, წისქვილის თვლები და წვეტები რომლებიც სერავენ მას (ხშირად სისხლი ჩანს), ან მიმართული არიან მისკენ. ერთ-ერთი ვერსიით, ამ გზით ეკლესიამ შუა საუკუნეებში უბრალო ხალხს აჩვენა, რომ ტაძრის მოუნახულებლობა კვირა დღეებსა და დღესასწაულებზე ნიშნავს მაცხოვრის ჯვარზე გაკვრას. XIV საუკუნის "შავი სიკვდილის" შემდეგ ეკლესიამ გაზარდა იმ დღეების რაოდენობა წელიწადში, როდესაც მორწმუნეებს მესის დასწრება ევალებოდათ, თუმცა მრავალი პროფესიის ადამიანებისთვის ამ წესის შესრულება შეუძლებელი იყო. ვიქტორიანულ ეპოქაში ასეთი გამოსახულებები ინტერპრირებული იყო, როგორც ქრისტეს მიერ ყველა სახეობის ხელოსნობისა და შრომის იარაღების კურთხევა, რაც, თუმცა, წინააღმდეგობაში მოდის მაცხოვრის გამოსახულ ჭრილობებთან.
[3] კოლეგიალური ეკლესიები წარმოადგენდნენ თემებს, რომლებიც დასახლებული და მართული იყვნენ არა მონაზვნების, არამედ საერო კანონიკოსების მიერ სადაც სათავეში იდგა პრევოსტი. მიუხედავად იმისა, რომ კანონიკოსები ცხოვრობდნენ და შრომობდნენ ერთად, ისინი არ დებდნენ აღთქმებს (გარდა ცელიბატისა), ფლობდნენ კერძო საკუთრებას, იღებდნენ შემოსავლებს ეკლესიისგან და ჰქონდათ უფლება ნებისმიერ მომენტში დაეტოვებინათ თემი.
სტატიის წყარო: Святые Сейриол и Киби Англсийские