მონასტერშივე დააბრძანეს მაცხოვრის ხელთუქმნელი ხატიც. მას შემდეგ წმინდა ანტონის პატივსაცემად მარტყოფის მონასტრის წინამძღვრებად ხშირად ინიშნებოდნენ ეპისკოპოსნი, ხოლო XIII საუკუნეში, როცა მოოხრდა რუსთავი, მარტყოფში დაიდო ბინა რუსთაველმა ეპისკოპოსმა. რუსთველის სამწყსოს ჰქონია დროშა სარდლისა, რომლის ერთ მხარეს წმინდა გიორგი ყოფილა გამოსახული, ხოლო მეორე მხარეს - ხელთუქმნელი ხატი, რომელიც მთავარანგელოზებს მიქაელსა და გაბრიელს ეპყრათ ხელთ.
მრავალი სოფელი ეკუთვნოდა ღვთაების (მარტყოფის) მონასტერს. ახმეტასთან ახლოს იყო მონასტრის მეტოქიონი. ამბობენ, რომ მეტოქიონი ტაძრის "ზედა ფრთესა" ასულა ვინმე ჭაბუკი, "ძლიერად მომრთხმელი მშვილდისა", ისარი ოთხივე მხარეს გაუტყორცნია და სადაც დაცემულა, იქამდე უბოძებიათ ადგილები ღვთაების საყდრისთვის.
ღვთაების საყდრისშვილობა დიდი პატივი იყო. 1616 წელს, როცა შაჰ-აბასმა ფერეიდანში ქართველები, მათ შორის მარტყოფის მოსახლეობა, გადაასახლა, მათ თან წმინდა ანტონის ხატები წაუბრძანებიათ. ეს ხატები XIX საუკუნემდე ჰქონიათ შენახული ფერეიდნელ გურჯებს.
დიდი იყო კეცის ხატისადმი ქართველთა სასოება. "ქართლის ცხოვრებაში" აღწერილია ორი ეპიზოდი დავით ულუს ცხოვრებიდან: კეცის ხატს იგი ერთხელ განუკურნავს სნეულებისგან, მეორედ კი აღარ, "რამეთუ მოაკლო ღმრთისმსახურება და იწყო რღვევად საყდართა და შლად, ამისთვის აღიღო ღმერთმა ხელი წყალობისა" მასზე.
კეცის ხატი XIV საუკუნეში, თემურ ლენგის შემოსევისას დაკარგულა. მარტყოფის ეპისკოპოს გიორგის (+1395) მოუსწრია მისი გადამალვა. მალე მტერმა მონასტერი დაარბია. მონასტრის ძმობა მომხდურს შეაკვდა. ბრძოლაში დაიღუპა მეუფე გიორგიც, ისე, რომ, ვერ მოასწრო გაემჟღავნებინა, სად დამალა ძვირფასი საუნჯე ქრისტიანობისა. ამის შემდეგ მრავალ ეპისკოპოსს უცდია ხატის პოვნა, მაგრამ ამაოდ.
1752 წელს ლეკებს დაუქცევიათ მონასტერი. ძმებს მოუსწრიათ და კეცის ხატის უძველესი პირი თბილისში ჩამოუბრძანებიათ. წმინდა ვახტანგ გორგასლის მიერ რუსთავ-აკრიანის ეკლესიისთვის ისანში ნაწყალობევ მიწაზე, რუსთველ ეპისკოპოსთა სასახლის ახლოს საგანგებოდ აშენებულ ნიშში გადაასვენეს, ხოლო 1818 წელს - თბილისის სიონის ტაძარში. იგი ბერძენ მხატვარ ქსანტოპულოსს მოუჭედავს. იმავე ხანებში დაიკარგა თვით წმინდა ანტონის საფლავიც.
ეგზარქოს ისიდორეს მღვდელმთავრობისას მამა იოანე მაკარაშვილს, რომელსაც დიდად უღვაწია მონასტრის გაახლებისთვის, ნორიოში ეპოვა ერთი ღრმად მოხუცებული უსინათლო კაცი, რომელსაც ხსომებოდა, სად იყო ძველ ეკლესიაში წმინდა მამის სამარე. ეთქვა: თუ დასავლეთის მხრით, პირველი კარის შესავალთან დამაყენებთ, მერე თვითონ მივალ იმ ადგილამდე, სადაც მამა ანტონის საფლავი მეგულებაო. ასეც მოქცეულან. უსინათლოს ერთ ადგილზე მიუთითებია. დაუწყიათ თხრა. გამოჩენილა მოკირწყლული საფლავის თაღი. იოანემ თურმე ვეღარ მოითმინა და გაატეხინა. ამოიღეს რამდენიმე აგური და ყველამ იხილა მამა ანტონის გაუხრწნელი სხეული.
ეგზარქოსმა ისიდორემ თაყვანი სცა წმინდანის ნეშტს, მცირე ლიტანია გადაიხადა და საფლავი ისევ ამოქოლეს.
1823 წელს, მიწისძვრისას, მარტყოფის ეკლესიის გუმბათი ჩამოქცეულა. ეგზარქოს ისიდორეს მონასტერი განუახლებია და საზაფხულო რეზიდენციად უქცევია...
მარტყოფის მონასტრის ისტორიის ტრაგიკულ ფურცლებში განსაკუთრებულია 1918 წ. 26 აგვისტოს ღამე, როდესაც აქ, თავის სენაკში, ვერაგულად მოკლეს საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი კირიონ II.
...გათენდა 1918 წლის თიბათვის 26. დაახლოებით დილის 9 საათზე, კირიონ II სამიოდე პირთან ერთად, თბილისიდან ეტლით მარტყოფს გაემგზავრა. გზად მარტყოფის მაცხოვრის ხელთუქმნელი ხატის ეკლესია მოილოცა. ტაძრის მსახურებმა სადილი გაუმართეს. მცირე შესვენების შემდეგ გზა გააგრძელა. მონასტერში ბერ-მონაზვნები დიდი სიყვა¬რულით შეხვდნენ. ავიდა მონასტრის სიახლოვეს საკურთხეველთან და ილოცა. ამასობაში მოსაღამოვდა. ბოროტმოქმედებმა პატრიარქის კარი უხმოდ შეაღეს... ასევე უხმაუროდ დატოვეს მკვლელობის შემდეგ მონასტრის კედლები. გათენდა. ბერ-მონაზონნი საქმიანობას შეუდგნენ. კათოლიკოს-პატრიარქი არსად ჩანდა. მონახულება განიზრახეს. შეაღეს საძინებლის კარი. ყველას თავზარი დაეცა...
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი 1918 წლის მკათათვის შვიდს მიაბარეს მიწას. დილით განსვენებულის ცხედარი ანჩისხატის ეკლესიაში დაასვენეს, ნაშუადღევს, 4 საათზე სიონში გადააბრძანეს და ამავე ტაძარში დაკრძალეს.
კომუნისტური მმართველობის ხანაში მარტყოფში ორი დიდი ბერი - გერმანე და ხარლამპი - მოღვაწეობდა. მათ სიწმინდეს ახლაც მოწიწებით იხსენებენ მარტყოფელები. დედები თურმე ბავშვების სამოსს გამოიტანდნენ და დაალოცვინებდნენ, რათა შვილები სნეულებათაგან განკურნებულიყვნენ.
გავიდა ხანი და როცა მოოხრდა აფხაზეთი, მარტყოფში რუსთველი ეპისკოპოსის ნამოსახლარს ცხუმ-აფხაზეთის ეპარქიის დევნილმა სამღვდელოებამ შეაფარა თავი. მარტყოფში ნამოღვაწარი ღირსი მამების ლოცვა და მადლი კეცის ხატისა შეეწიოს მათ და სრულიად საქართველოს.
ის მადლი, ის კეთილსურნელება, ასე უშურველად რომ მოგვეფინება მისი საფლავიდან, ღირსმა მამამ ჯერ სოფელში მოღვაწებით, შემდგომ კი კოშკზე მარტომყოფობით შეიძინა...
წმინდა ანტონის სასწაულები
წმინდა გაბრიელი (ურგებაძე) იხსენებს: "როცა ღვთაების მონასტრის შესახებ შევიტყვე, უკვე მოზრდილი ვიყავი და ფეხით წასვლა გადავწყვიტე. მონასტერში მშიერი წავედი. გზა ძალიან გამიგრძელდა. მესამე დღე იყო, მივდიოდი და პური არ მეჭამა. ვენახები ახალი დაკრეფილი იყო. გავიფიქრე, ერთ კუმპალს მაინც მოვძებნი-მეთქი, მაგრამ შემეშინდა, ქურდობაში არ ჩამომრთმეოდა და გზა განვაგრძე. შიმშილისგან თვალთ მიბნელდებოდა. ვინატრე, "ბუხანკა" პური და ერთი ნაჭერი ყველი მაინც მაჭამა-მეთქი. ცოტა მანძილი გავიარე და ვხედავ, შუა ვენახიდან ბერულად მოსილი ორი კაცი ხელს მიქნევს, მგზავრი ხარ, გეშიება, მოდი, სუფრაზე დაგვეწვიეო. მივედი და - მე რომ ვინატრე, ისეთი პური და ყველი ეწყოთ და ცოტა წითელი ღვინო. პური და ყველი მომაწოდეს და მკითხეს, საით გაგიწევიაო. ვუპასუხე, სადაც მივდიოდი. თავი დამიქნიეს, ცოტა ღვინო შემასვეს და მითხრეს, "დროა შენს გზას დაადგეო".
დავემშვიდობე და გამოვედი გზაზე. გავიფიქრე, ბერივით ჩაცმულ კაცებს ამ შუა ვენახში რა უნდათ-მეთქი და უკან მივიხედე. იქ აღარავინ იყო... ღვთაების მონასტერში აითალა ბერი მოღვაწეობდა. როცა ვუამბე, თავს რაც გადამხდა, მითხრა, - შვილო, ანტონ მარტყოფელი და იოანე ზედაზნელი გამოგცხადებიაო".
გვსურს მეორე ამბავიც შემოგთავაზოთ წმინდა გაბრიელის ცხოვრებიდან:
შემოქმედელი მიტროპოლიტი იოსები (კიკვაძე) იგონებს:
ასეთი ამბავი მინდა გავიხსენო. როცა მარტყოფის ღვთაების მამათა მინასტრის წინამძღვარი ვიყავი, მაშინ სამოქალაქო ომი იყო. სამწუხაროდ, სოფელ ნორიოს მკვიდრიც უარყოფითად იყო განწყობილი ღვთაების მონასტრის მიმართ. ასეთი აზრი იყო, თითქოს მონასტერში იარაღი ინახებოდა და იქ შეიარაღებულები იყვნენ. სოფელი ვერ ეგუებოდა იმას, რომ ღვთაების მონასტერი საპატრიარქოს გადაეცა. სამწუხაროდ, ძალიან დიდი დაპირისპირება არსებობდა... დაახლოებით 30 კაცი მყავდა მონასტერში. უწმინდესის ლოცვა-კურთხევით სამი კვირის გახსნილი იყო მაშინ მონასტერი. მანამდე, სამწუხაროდ, მონასტერს სხვა დანიშნულებისთვის იყენებდნენ.
ერთ დღეს ჩვენთან დაპირისპირებული ხალხი გვემუქრებოდა, რომ უნდა ამოსულიყვნენ მონასტერში. ალბათ ჩხუბი მოხდებოდა, შეიძლება ვინმე დაღუპულიყო კიდეც. იმუქრებოდნენ, ეს ჩვენი მონასტერიაო და უნდა გავეყარეთ მონასტრიდან. თურმე ასეთი რამ მოხდა: მამა გაბრიელს წმინდა ანტონ მარტყოფელი გამოეცხადა და უთხრა, მარტყოფში ასულიყო. მართლაც, ერთ-ერთ ჩემს სულიერ შვილს ოთარ ნიკოლაიშვილს (რომელიც მამა გაბრიელთან დადიოდა) სთხოვა მამა გაბრიელმა, მანქანით წაეყვანა ღვთაების მო¬ნასტერში. ოთარმა თქვა, გზაში ბევრი სასწაული მოხდაო. მანქანაში თითქოს ვგრძნობდი, წმინდა ანტონ მარტმყოფელი მოგვყვებოდაო.
მამა გაბრიელი მონასტერში დიდი სიხარულით მივიღეთ. საღამო იყო და მართლაც რამდენიმე ადამიანი იმუქრებოდა, რომ ჩვენ უნდა გავეყარეთ მონასტრიდან, პირიქით მოხდა - ისინი წამოვიდნენ და მამა გაბრიელმა ისეთ დღეში ჩააგდო... მადლობა ღმერთს, რომ იმ დღეს მამა გაბრიელმა სიკვდილისგან გადაგვარჩინა. იქ მართლაც ცუდი ამბავი მოხდებოდა. ეს მართლაც სასწაულია. წმინდა ანტონ მარტმყოფელმა მოიყვანა მამა გაბრიელი და დაიცვა მთელი მონასტერი განსაცდელისგან.
ტროპარ-კონდაკი
ტროპარი:
ხატად ღმრთისა შექმნილმან წმინდაო, არა უდებ ჰყავ პატივი ხატისა ქრისტესი, თჳნიერ ხელითა კაცთასა გამოსახულისა, რამეთუ იხილე რა ხელთა შინა ურწმუნოთასა, განხურვებულმან შურითა საღმრთოჲთა, იტვირთე მხართა ზედა მტვირთველი ყოველთა, და მოუძღვანე ქართველთა ერსა, მოღვაწეთა შუენიერებაო ანტონი, ევედრე ქრისტესა ღმერთსა შეწყალებად სულთა ჩუენთათჳს.
კონდაკი:
მნათობად მზეებრ ბრწყინვალედ მოეცნეს ქართველთა ერსა ათორმეტ რიცხვნი მამანი, მოძღვარნი ყოვლისა სოფლისანი, და შვენიერებანი უდაბნოთანი, ხოლო შორის მათსა ბრძენი ანტონი იდიდებინ დღესა ჩუენ მიერ, რომელმან მოგვისვენა ხატი ღმრთისა, ხელით უქმნელი, მფარველად მეფისა მორწმუნისა და საცოდ ყოვლისა სოფლისა.
........................
ხატის წყარო»»........................
წმინდა ანტონ მარტმყოფელთან დაკავშირებით ასევე შეგიძლიათ წაიკითხოთ სხვა სტატიები - გადადით შემდეგ გვერდზე
...............................