დღეს დიდი ინტერესია ანჩის მაცხოვრის ხელითუქმნელი, სასწაულმოქმედი ხატის ირგვლივ. სამწუხაროდ, სამოცდაათწლიანმა ათეისტურმა იდეოლოგიამ ეჭვქვეშ დააყენა მისი ხელითუქმნელობაც, რამაც ამ საკითხის მიმართ აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია, ისტორიული წყაროები კი უტყუარად ადასტურებენ ამ ხატის ხელითუქმნელობას. უფრო მეტიც - კომუნისტებამდე საუკუნეების მანძილზე ანჩისხატს სხვა ისტორია არც ჰქონია და ამაში არც არავინ შეეჭვებულა.
კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია II, ბრძანებს: "ერთ-ერთი უდიდესი სიწმიდე, რომელსაც წარსულში განსაკუთრებული გავლენა ჰქონდა ქართველ ხალხზე, არის ამჟამად თბილისის ხელოვნების მუზეუმში დაცული ანჩისხატის ხელთუქმნელი ხატი მაცხოვრისა თავისი კარედით. ძველი წყაროებიდან და გადმოცემებიდან ცნობილია, რომ იგია ის საყოველთაოდ ცნობილი ხელთუქმნელი ხატი, რომელიც იესო ქრისტემ სახეზე მიდებით გამოსახა ტილოს ნაჭერზე და გაუგზავნა ედესის მეფე ავგაროზს. ეს არის ჩვენი ქვეყნისთვის უდიდესი მადლის მომნიჭებელი სიწმიდე, ამიტომაც მის წინაშე მუდმივად უნდა მიმდინარეობდეს ლოცვა. სამწუხაროდ, უკვე რამდენიმე ათეული წელია, მას წირვა-ლოცვის მადლი არ მოჰფენია..."
უფრო ადრე, XVII საუკუნეში კი კათოლიკოს-პატრიარქმა დომენტი III-მ დრო-ჟამისგან დაძველებული ანჩისხატი განაახლა და მისი ისტორია უცვლელ ბეჭდად ხატზე წააწერა - ამ წარწერის თანახმად, ეს უტყუარად არის ავგაროზისეული, ედესის ხელითუქმნელი ხატი, კონსტანტინოპოლისა და ანჩის გავლით მობრძანებული თბილისში.
ანჩისხატზე წარწერილი ისტორია ყოველმა ივერიელმა უნდა იცოდეს!
კათოლიკოს-პატრიარქ დომენტი III-ის წარწერა ანჩისხატის კარედზე:
"ქ. ადიდენ ღმერთმან კათალიკოზ-პატრიარქი დომენტი, რომელმან განაახლა ხატი ესე ხელით უქმნელი. პირველად ედესიიდგან კონსტანტინოპოლეს წარმოესვენებინათ და ოდეს ლეო ისავრო და სხუანი ხატთ-მბრძოლნი გამოჩნდნენ, მას ჟამსა მუნიდგან წარმოესვენათ და დაესვენათ კლარჯეთს, საეპისკოპოზოსა საყდარსა ანჩისასა - ბრძანებითა და ნივთის ბოძებითა მეფეთ მეფის თამარისითა იოანე ანჩელს პატიოსნად მოეჭედა და ოდეს გათათრდა სამცხე, მაშინ აღსრულ იყო ტფილისისა ვაჭარი და ეყიდა ფასითა და მიესვენებინა ბიძისა ჩვენისა კათალიკოზ-პატრიარქის დომენტისათვის და მას ძვირფასად ეყიდა და დაესვენა ტფილისს საყდარსა საკათალიკოზოსა, მეფობასა პაპისა ჩვენისა მეფის ვახტანგისსა. მას აქეთ დიდად დაძველებულიყო ხე და მოჭედილობა. ჩვენ, მეფეთა შარავანდედმა ყოვლისა საქართველოსა კათალიკოზ-პატრიარქმან დომენტი, კვალად განვაახლე და მოვჭედე გული და კუბო და შევმატე თვალი და მარგალიტი. ქრისტე ღმერთო, შემინდევ ყოველნი ცოდვანი ჩემნი, სატანჯველისა და ყოველთა მტერთა ხილულთა და უხილავთაგან მიხსენ და შემრაცხე მარჯვენით შენსა და დაიცევ მეფე მეფეთა საქართუელოსი პანკრატოვანი ვახტანგ და მეუღლე მათი დედოფალი რუსუდან, ძენი მათნი ბაქარ და გიორგი და ასულნი მათნი, ყოველნივე იხსენ განსაცდელთაგან, ამინ. ქორონიკონსა ტჟგ წ. კვალად განახლებულ იქმნა სიძველისა გამო კუბო ესე მაცხოვრისა ჩყკგ. წ. ქორონიკონსა ფიგ".
აი, რას წერს ყოველივე ამის შესახებ XX ს-ის დასაწყისში ანჩისხატის ტაძრის მღვდელი და საზოგადო მოღვაწე პოლიევქტოს კარბელაშვილი: "პირი-ღვთისა ანჩისხატი უაღრესი სიწმიდეა მთელი ქრისტიანობისა. ვინც დააკვირდება, შენიშნავს, რომ სახე მაცხოვრისა ტილოზედ არის გამოსახული და ფიცარზედ დაკრული. ტილო კი ისე ცხადად სჩანს, რომ შუბლზედ და ლოყებზედ ქსოვილობა, ძაფების ორმობადები ეტყობა, შუბლის გარემო, მარჯვნივ ხომ პირდაპირ სჩანს ტილოს ნაპირი. პირი-ღვთისა ანჩისხატი არის ნამდვილი ედესიის ხატი. ამის საბუთად მომყავს: ა) რომ ძველთაგანვე ქართველი ერი უწოდებს ამ ხატს პირი ღვთის ხატსა; ბ) რომ დღესასწაული ამ ხატის იმთავითვე სრულდება ყოველ წელიწადს 16 (29) აგვისტოს, ე.ი. სწორედ იმ დღეს, რომელიც პირველშივე ედესიიდგან კონსტანტინეპოლში მოსვენებულსა ხელით უქმნელს ხატს დაუწესეს წმ. მამებმა სადღესასწაულოდ; გ) ქართველთ წმ. მამათა შეუდგინეს საკუთარი საგალობლები ანჩის ხატს, როგორც პირი ღვთის, ხელთუქმნელს ხატსა; დ) საქრისტიანო საზოგადო გარდმოცემით, ედესიის ხელითუქმნელი ხატი საბერძნეთიდან (კონსტანტინეპოლიდან) გადმოტანილია და იმყოფება საქართველოში. ამას უამრავი წყარო ადასტურებს.
XVII საუკუნეში დომენტი კათალიკოზმა ქვემო ჭალიდან ხატი დიდის ლიტანიით ჩამოასვენებინა მუხრანზედ მცხეთაში და აქედგან ტფილისში. მას აქეთ საკათალიკოზო ყოვლადწმიდის ტაძარს დაერქვა ანჩისხატისა.
ახლა კი უფრო თანდათან მტკიცდება, რომ ანჩის ხატი არის ნამდვილი ედესიის ხელითუქმნელი ხატი. კათალიკოზ-პატრიარქი დომენტი ზემოთ მოყვანილ წარწერაში მოგივთხრობს, რომ საბერძნეთში რაკი ხატთა თაყვანის ცემას დევნა დაუწყეს, ხელითუქმნელი ხატი კონსტანტინეპოლიდგან კლარჯეთის საეპისკოპოსო ტაძარში გადმოასვენესო და იქიდგან აქ, ტფილისში მოასვენესო. თუ რომ კათალიკოზ-პატრიარქს დომენტის საბუთები არა ჰქონოდა, განა გაბედავდა ამისთანა ცნობის თქმასა? რასაკვირველია, არა. კათალიკოზ-პატრიარქი დომენტი III ფრიად განათლებული პირი იყო, ძმა განათლებულის მეფის ვახტანგ მეექვსისა, და მის ხელთ იყო ჯერ დიდი საპატრიარქო წიგნთსაცავი სვეტიცხოვლის ტაძრისა და მერე მდიდარი სამეფო წიგნთსაცავი, დომენტის მოვლილი ჰქონდა იერუსალიმი, საბერძნეთი (თვით კონსტანტინეპოლი), რუსეთი და სხვა ქვეყნები.
დღეს ჩვენს საეკლესიო მუზეუმში დაცულია რამდენიმე ხელნაწერი, რომლებშიც მოთავსებულია მოთხრობანი და საგალობელნი ხელითუქმნელის (ანჩის) ხატისა. ერთს მათგანში (# 425, 625 გვ.) პირდაპირ ვკითხულობთ: "ივ. აგვისტოსა წარყვანებაი ედისიიდგან კონსტანტინეპოლედ ხელითუქმნელისა ხატისა, რომელსა ჩვენ ანჩის ხატად სახელ-ვსდებთ". ზედ მოსდევს ანჩის ხატის ტროპარი.
ხელნაწერი გადაწერილია მეჩვიდმეტე საუკუნეში ძველი ხელნაწერიდგან, ჩამოტანილია მცხეთის სვეტის ცხოვლის ტაძრიდგან და, უეჭველია, ხელში ექნებოდა კათალიკოზ-პატრიარქს დომენტის.
ყველა ამ ზემოთ მოხსენებულ მოსაზრებათა გამო ეჭვს გარეშეა, რომ ანჩის ხატი არის ნამდვილად ედესიიდგან კონსტანტინეპოლში გადასვენებული და იქიდგან ანჩაში საიდუმლოდ მოსვენებული ხელითუქმნელი პირი ღვთის ხატი" ("ძველი ანჩისხატის ტაძარი ქ. ტფილისში". ისტორიული მიმოხილვა მღვდელი პ. კარბელაშვილისა, ტფილისი, 1902 წ.).
ამ ხატს ძნელბედობის ჟამს უხმობდნენ ხოლმე... 539 წელს, როდესაც სპარსეთის მეფე ხოსრო ედესას დაესხა თავს, ქალაქის ეპისკოპოსს გამოეცხადა ყოვლადწმიდა ღვთისმშობელი და აჩვენა ის ადგილი, სადაც დაკრძალული იყო პირი ღვთის ხატი. კედელი დიდი ლოცვა-ვედრებით გადმოანგრიეს, სასწაულთმოქმედი ხატი გადმოასვენეს და ქალაქის გარშემო შემოატარეს. ამ დროს სპარსელების ბანაკში საშინელი არევ-დარევა მოხდა, აიყარნენ და გაუდგნენ თავიანთ გზას.
არსებობს გადმოცემა, რომ წმინდა ნინო, რიფსიმე და გაიანე ედესიაში ჩასულან პირი ღვთის ხატის თაყვანსაცემად.
ქართველ წმინდა მეფეთა და კათოლიკოს-პატრიარქთა ლოცვა-ვედრებანი ადასტურებენ, რომ ამ ხატს მრავალჯერ უხსნია ჩვენი სამშობლო: "ერნო ქართლისანო, გიხაროდენ, აღიპყრენით ხელნი და მადლობა შესწირეთ ხატსა ამას ყოვლადუხრწნელსა, ხელთუქმნელსა, რამეთუ ესე არს სამეუფოისა ამის სიმტკიცე, ძალი და დიდებაი, და ხმობდით: მოანიჭე ერსა ჩუენსა ძლევაი, ქრისტეს ღმრთისა ხატო საშინელო" (ანჩისხატის პარაკლისი).
დღეს, როდესაც ჩვენი სამშობლო განსაცდელშია, ერმა კვლავაც გამოიჩინა სასოება ანჩისხატისა და სასწაულმოქმედი სიწმინდეებისადმი, რომელთა შეწევნაც საქართველოს სწორედ ახლა სჭირდება. თუმცა სიწმინდეები ასეთ მდგომარეობაში ჩვენი ცოდვების გამოც მოხვდა, ამ სიმძიმიდან ისევ მათ უნდა ვთხოვოთ გამოსვლა და წმინდა ხატები კვლავაც შეგვეწევიან.
ამჟამად ეს უდიდესი სიწმინდე დროის ავბედითობის გამო მუზეუმში იმყოფება. ამიტომაც 2004 წელს, შობის მარხვის დასაწყისში, სხვადასხვა ტაძრის მრევლმა შექმნა ანჩისხატის სალიტანიო (საქადაგო) ხატი ზედწარწერით - "სიწმიდეები გვიხმობენ", რომლითაც დაიწყო დედაქალაქის გარშემო მოლოცვა და ასევე - მუზეუმში დატყვევებული ხატების, მათი ისტორიებისა და საქართველოს გადარჩენის ლოცვების გავრცელება. ეს პროცესი სრულიად საქართველოს გადასწვდა და ანჩისხატით ლიტანიობა მართლმადიდებელთა ზეიმად იქცა - ამ ხატის მადლმა გააერთიანა თბილისის, ქუთაისის, თელავის, მცხეთის, რუსთავის, ბათუმის მართლმადიდებელი მრევლი, რომელთაც წინ ყოველთვის მიუძღოდათ კათოლიკოს-პატრიარქის კურთხეული სიტყვები, რომ "ანჩისხატისა და სიწმიდეების წინაშე მუდმივად უნდა მიმდინარეობდეს ლოცვა". თვით ანჩისხატის ტროპარიც ხომ ამასვე გვაკურთხებს: "ლიტანიობდით და გალობდით, აქებდით და ადიდებდით ყოველი სული და ყოველი დაბადებული ყოვლისა სოფლისა მხსნელსა და მფარველსა საშინელსა ანჩისხატსა".
2005 წლის 27 აგვისტოს კასპის რაიონის სოფელ ქვემო ჭალიდან თბილისამდე სწორედ ამ ხატის სადიდებლად მოეწყო ლოცვითი მსვლელობა. ეს ის გზაა, რომელიც ხელითუქმნელმა ანჩისხატმა განვლო, როცა იგი XVII საუკუნეში დომენტი კათოლიკოსმა დიდი ლიტანიობით ჩამოაბრძანა ანჩისხატის ტაძარში. ქვემო ჭალის მოსახლეობამ ამ ხატის ისტორია გაიხსენა. ადგილობრივმა მღვდელმა მამა იოანემ ანჩისხატის პარაკლისი აღავლინა და მშვიდობიანი გზა უსურვა მომლოცველებს. მოლოცვაში მონაწილეობდა ქვემო ჭალის, აღაიანის, მუხრანის, მცხეთის მოსახლეობა. მცხეთაში ხატი სამთავროს დედათა მონასტრის ეზოში, აწ განსვენებული ბერი გაბრიელის საფლავზე მიაბრძანეს, სადაც მამა გაბრიელის სულიერმა შვილმა დედა პარასკევამ დალოცა მომლოცველნი და გაიხსენა მამა გაბრიელის სიტყვები, რომ ანჩისხატის თავის ტაძარში დაბრუნება საქართველოსათვის დიდი სიკეთის მომტანი იქნებოდა. მცხეთის მონასტრის დედებმა მრევლთან ერთად ხატი ანტიოქიის ტაძარში, იქიდან კი სვეტიცხოველში გადააბრძანეს. აქ სასულიერო პირებმა ხატს პარაკლისი აღუვლინეს. ლიტანიობა თბილისში 29 აგვისტოს, ანჩისხატობას დასრულდა. მომლოცველებმა ხატი ანჩისხატის ტაძარს შემოატარეს და შემდეგ ლოცვითა და გალობით პატივი მიაგეს სიწმინდეებს მათ დღევანდელ ადგილსამყოფელში, ყოფილი სასულიერო სემინარიის შენობაში - დღევანდელ ხელოვნების მუზეუმში.
სამწუხაროა, რომ ანჩისხატობას ერი ანჩისხატის ტაძარში უკვე რამდენი ათეული წელია უანჩისხატოდ აღნიშნავს.
წელიწადია, ანჩისხატის სალიტანიო ხატი ყოველ კვირა დღეს, წირვის შემდგომ, თბილისის სხვადასხვა ტაძარში დაბრძანდება ლიტანიობით. უწმინდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქისა და სხვადასხვა ტაძრის წინამძღვართა კურთხევით მან თბილისის თითქმის ყველა ტაძარი და საქართველოს მრავალი კუთხე მოიარა. ბოლო დროს ხატმა ბათუმის საკათედრო ტაძარი, მახათაზე ივერიის ღვთისმშობლის გამოცხადების სახელობის მონასტერი, წმინდა მოციქულთა თავთა პეტრესი და პავლესი, ჯვართამაღლების, ამაღლების, კარის წმინდა გიორგისა და ანდრია პირველწოდებულის (ლურჯი მონასტერი) სახელობის ტაძრები მოილოცა. ბათუმისა და სხალთის მთავარეპისკოპოსმა დიმიტრიმ წირვის შემდგომ ქადაგებისას გულისტკივილით აღნიშნა, რომ თავის დროზე ეს ხატები არა ეკლესიის ნებით გამობრძანდნენ ტაძრიდან და იმედი გამოთქვა, რომ ანჩისხატიცა და სხვა სიწმინდეებიც ახლო მომავალში აუცილებლად დაუბრუნდება კუთვნილ ადგილს. იგი შეეხო ანჩისხატის ისტორიასაც - თუ როგორ მობრძანდა ეს უდიდესი სიწმინდე თბილისის უძველეს ანჩისხატის ტაძარში. აღსანიშნავია ისიც, რომ როდესაც მრავალწლიანი უმოქმედობის შემდგომ ანჩისხატის ტაძარი გაიხსნა, მეუფე დიმიტრი ერთ-ერთი პირველი მღვდელთაგანი ყოფილა ამ ტაძარში. სწორედ მისი კურთხევით 22 აგვისტოს, მატათობას, ანჩისხატი დიდი ლიტანიობით წააბრძანეს ბათუმიდან გონიოში, მოციქულ მატათას საფლავზე, სადაც სასულიერო პირებმა პარაკლისი აღავლინეს. თბილისში, წმინდა პეტრესა და პავლეს ტაძარში ყოფნის დროს კი მისმა წინამძღვარმა დეკანოზმა არჩილ მინდიაშვილმა ხატის წინ წაიკითხა ლოცვა ჩვენი სამშობლოს ხილულ და უხილავ მტერზე გამარჯვებისა და ბოლოს სასოებით აღნიშნა: "ისინი ეტლებითა და ისინი ჰუნეებითა, ხოლო ჩვენ - სახელითა უფლისა ღვთისა ჩვენისათა აღვსდექით და აღვემართენით". ამინ!
მოამზადა
ზაზა ნანობაშვილმა
ზაზა ნანობაშვილმა