მარტყოფს ძველად აკრიანი რქმევია (ქვიან ადგილს ნიშნავს). მის მთებს აკრიანის მთებს უწოდებენ. ამას ადასტურებს წმინდა ანტონ მარტყოფელის ცხოვრება, კახეთის მეფის, დავით II-ის მიერ მარტყოფის მონასტრისთვის ბოძებული სიგელი, საბინინის "საქართველოს სამოთხე". ყველა მათგანის მოწმობით, VI საუკუნის II ნახევარში "შინაგან მთათა აკრიანთა" სამოღვაწეოდ დაემკვიდრა წმინდა ანტონ მარტყოფელი, დიდი ასურელი მამა.
სახელი მარტყოფი წმინდა ანტონ მარტომყოფელის მოღვაწეობას უკავშირდება. ვახუშტი ბატონიშვილი გადმოგვცემს, რომ "აქ მონასტრის ადგილზე დაადგრა იმ 13 ასურელ მამათაგანი ანტონი და ჰყო მონასტრად ესე, ხოლო თვით მცირედ განშორებით ქვაბსა შინა მყოფობდა მარტოდ და ეწოდა ადგილსა ამას მარტომყოფი და აწ მარტყოფი".
ძველი აკრიანის ჩრდილოეთ საზღვრები ჭოტორის ხეობიდან წმინდა ანტონ მარტომყოფელის სავანემდე აღწევდა. აქაური მაღალი ქვაკლდე მონასტრის გალავნის ნაწილი იყო. მარტყოფის მონასტრის ყველა ნაგებობა, წმინდა ანტონ მარტომყოფელის კოშკის ჩათვლით, ამ კლდეზეა დაშენებული.
***
მარტყოფის ღვთაების მონასტერი VI საუკუნიდან ქრისტიანულ-მართლმადიდებლური სარწმუნოების ერთ-ერთ მძლავრ კერად იქცა, ხოლო XIII საუკუნიდან (1265 წლამდე) - რუსთავ-მარტყოფის საეპისკოპოსოს მეთაურთა (რუსთველთა) მუდმივ ადგილსამყოფელად.V საუკუნეში აკრიანში ტაძარი აუგია წმინდა ვახტანგ გორგასალს. მარტყოფის ღვთაების მონასტრისთვის 1722 წელს კახეთის მეფის დავით II-ის მიერ ბოძებულ სიგელში საუბარია "მეფე ვახტანგ გორგასლის მიერ მარტყოფის ღვთაების ტაძრის აღგებათა მიზეზის შესახებ". სიგელში აღნიშნულია, რომ "მეფესა ვახტანგს ეწყო შემკობად ტაძრისა ღვთაებისა და აღეშენებინა და განემშვენებინა ყოველივე საქებელსა და ქცეულებათა ზედან თავსა მარტყოფისასა და განეჩინა საეპისკოპოზოდ და მის ხარისხსა ზედან მჯდომარ ექმნა ეპისკოპოზად ბერი ერთი".
მარტყოფის დასავლეთით, იალნოს მთების კალთაზე, დგას V-VI საუკუნეების მარტყოფის ანუ ღვთაების მამა ანტონის მონასტერი. ტაძრის ერთ-ერთ სვეტზე წმინდა ვახტანგ გორგასლის გამოსახულება იყო, მეორეზე - მონასტრის განმაახლებლის, წმინდა დავით აღმაშენებლისა. ისინი XIX საუკუნის 50-იან წლებში წაიშალა.
წმინდა ანტონმა იოანე ზედაზნელის სხვა მოწაფეებთან ერთად ღირსეული წვლილი შეიტანა აღმოსავლეთ საქართველოში ქრისტიანობის განმტკიცება-გავრცელებაში, სამონასტრო ცხოვრების დამკვიდრებაში, ქართული მწიგნობრობის, ხატწერის განვითარებაში. კახეთის სხვადასხვა ადგილზე მოღვაწეობის შემდეგ ის სოფელ აკრიანის მიდამოებში დამკვიდრდა, ხოლო მარტყოფის მონასტრის დაარსების შემდეგ განიზრახა, სიცოცხლის უკანასკნელი წლები განმარტოებით გაეტარებინა. მთის წვერზე, სვეტის მსგავსად, 15 მეტრი სიმაღლის კოშკი ააგო და სვიმონ მესვეტესავით დაეყუდა. სრულიად მარტოდ მყოფმა აქ გაატარა სიცოცხლის ბოლო თხუთმეტი წელი.
კოშკს ჰქონდა პატარა ეკლესიაც, სადაც წმინდა ანტონ მარტომყოფელი ყოველდღიურ მხურვალე ლოცვა-ვედრებას აღავლენდა, მაღალ ღმერთს ავედრებდა ღვთისმშობლის წილხვედრ ქვეყანას.
მიტროპოლიტ ნიკოლოზ ტფილელის წმინდა ანტონ მარტომყოფელისადმი მიძღვნილ საგალობელში ნათქვამია:
"მარტოდ მცხოვრები,
კეთილმზეობს ანტონი
მთიებ საჩინოდ,
მენიშნე მნათი ქართულით
ტვირთი არმაღნად
ჰკიდავს ქრისტე-მტკიცე ბერსა".
სოფლის მახლობელ მთაზე ახლაც დგას ანტონის ხელით აშენებული სალოცავ-სენაკი. მთის მწვერვალზეა მისეული სალოცავი ნიშიც. ლოცვასა შიგან განძლიერებულს, მარტომყოფლობისა და დაყუდებისთვის საქართველოს მართლმადიდებელმა ეკლესიამ ანტონ მესვეტე უწოდა და ამ სახელით შერაცხა წმინდანად.
თავის კოშკში დაასვენა წმინდა ანტონ მარტომყოფელმა უდიდესი ქრისტიანული სიწმინდე - ქალაქ ედესიდან (თავადაც ედესელი ბრძანდებოდა) ჩამოტანილი მაცხოვრის ხელთუქმნელი ხატი. ეს ის ხატია, რომელიც იესო ქრისტემ სახეზე მიდებით გამოხატა ტილოს ნახევარზე და ედესის მეფე ავგაროზს გაუგზავნა. სწორედ ამ ხატის სახელზე დააარსა წმინდა ანტონ მარტყოფელმა აკრიანის (მარტყოფის) მონასტერი, რომელიც მრავალი საუკუნის განმავლობაში აურაცხელ მლოცველს იზიდავდა.
ხელთუქმნელი ხატი 1394 წლამდე მარტყოფის მონასტერში იყო დავანებული. თემურ-ლენგის მესამე ლაშქრობას (1394 წ.) ვერც მარტყოფი გადაურჩა. რუსთავ-მარტყოფის მაშინდელმა ეპისკოპოსმა გიორგი რუსთველმა ხატი ურჯულოებს გადაუმალა, მაგრამ გადამთიელებმა ისე მოკლეს, რომ მისი ადგილსამყოფლის გამხელა ვერ მოასწრო. ამის შემდეგ მონასტერში დარჩა ამ ხატის ასლი, რომელიც ლეკთა თარეშის შედეგად მონასტრის დახურვის გამო მარტყოფელმა ბერ-მონაზვნებმა იოსებ რუსთველის (ჯანდიერის) ხელმძღვანელობით 1752 წელს თბილისში, წმინდა ვახტანგ გორგასლის მიერ რუსთავ-აკრიანის ეკლესიისთვის ისანში ნაწყალობევ მიწაზე, რუსთველ ეპისკოპოსთა სასახლის ახლოს საგანგებოდ აშენებულ ნიშში გადაასვენეს, ხოლო 1818 წელს - თბილისის სიონის ტაძარში.
ათეისტური რეჟიმის დამხობის შემდეგ მამათა მონასტერი მონაზონთა სამჭედლოდ იქცა. აქ მოღვაწე ბერთაგან რამდენიმე ეპისკოპოსია.
მონასტერში დროებით დავანებულია ცხუმ-აფხაზეთის ეპარქია, რომელსაც მეუფე დანიელი (დათუაშვილი) განაგებს. მამათა მონასტერს არქიმანდრიტი ბენიამინი (ბელქანია) უძღვება. ბერ-მონაზვნები ბერული, ტკბილი ხმით აღავლენენ ღვთისმსახურებას ღვთისა და ქვეყნის სადიდებლად. მონასტერი საკმაოდ შემაღლებულ ადგილზეა. იქ მლოცველიც ბევრი ადის და მონასტერში ცხოვრების სურვილიც ბევრს აქვს. "მონასტერში 7 ბერი ვართ, - თქვა არქიმანდრიტმა ბენიამინმა, - 7 კაბოსანი მორჩილი და 7 მონასტრის სტუმარი". ლოცვას საღამოს 5 საათიდან იწყებენ. დილის სამ საათზე შუაღამიანია, შვიდზე - ცისკარი. 11 საათამდე თავისუფალი დროა. შემდეგ ტრაპეზობენ. ამას მორჩილებები მოსდევს. წმინდა მამის საფლავზე ყოველდღე, 3 საათზე, პარაკლისს აღავლენენ, კვირაში ერთი დღე კი მამა ანტონის სვეტზე ლოცვას ასრულებენ. სულიერ ღვაწლს ფიზიკურ შრომას უთავსებენ.
მამა ბენიამინი სოხუმელია. მისი ცხოვრება, მოღვაწეობა სამაგალითოა ქრისტიანისთვის. მითხრა: მჯერა, თუ სინანული მექნება, ღმერთი აფხაზეთში დამაბრუნებსო. ყველაფერი ღვთის ხელშია. ღვთის დაშვებითაა, დღეს აფხაზეთის ეპარქია ამ მონასტერში რომ არის განთავსებული; ვინც ცოცხალი დარჩა, გონს მოეგოს, დაემორჩილოს ღმერთს და არა დროსო.
პლატონ იოსელიანი და მისი წინაპრები მარტყოფში
პლატონ იოსელიანის პაპა, აზნაური იესე იოსელიანი, მარტყოფში XVIII საუკუნის 20-იან წლებში გადმოსახლებულა წყალტუბოდან. მეფე თეიმურაზ II-ს მისთვის უბოძებია მამული, რომელსაც მარტყოფელები "სესიაურს" ანუ იესეს ნაქონს უწოდებდნენ. იესე (ონისე) წმინდა ანტონ მარტომყოფელის სავანესთან არსებულ სასწავლებელში სწავლობდა მის დახურვამდე. პლატონ იოსელიანის ცნობით, რუსთავ-მარტყოფის საეპისკოპოსოს მეთაურს იოსებ რუსთველს (ჯანდიერს) ონისე დიაკვნად უკურთხებია.ონისე დაუახლოვდა სამეფო კარს და მალე თბილისში წმინდა გიორგის სახელობის კარის ეკლესიაში გადაიყვანეს. მერე მღვდლად აკურთხეს და კარგი სახელით სარგებლობდა ერეკლე II-ისა და გიორგი XII-ის კარზე.
ონისეს შვილი ეგნატე საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ანტონ II-მ 1806 წელს მღვდლად აკურთხა, ხოლო 1831 წელს ეგზარქოსმა იოანემ დეკანოზობა უბოძა. ეგნატემ სიცოცხლე მარტყოფში გაატარა. აქ გადაწერა მრავალი ძვირფასი ხელნაწერი - წმინდანთა ცხოვრება, "წამება დავით და კონსტანტინესი" და სხვა. კრწანისის ომში ეგნატეც მონაწილეობდა. მას ბრძოლის ველიდან კათოლიკოს-პატრიარქის საბრძოლო დროშა გამოუტანია, ჯერ წმინდა გიორგის კარის ეკლესიაში დაუსვენებია, ხოლო თბილისის აწიოკების შემდეგ შინ დაუმალავს. მერე სოლოლაკში თავის მიერ აგებულ ამაღლების ეკლესიაში დაუსვენებია.
საუკუნის მკვლელობა წმინდა ანტონ მარტომყოფელის სავანეში
გესაუბრებით სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის კირიონ II-ის მოწამებრივ ცხოვრებასა და აღსასრულზე....გათენდა 1918 წლის თიბათვის 26. დაახლოებით დილის 9 საათზე კირიონ II სამიოდე პირთან ერთად თბილისიდან ეტლით მარტყოფს გაემგზავრა. გზად მარტყოფის მაცხოვრის ხელთუქმნელი ხატის ეკლესია მოილოცა. ტაძრის მსახურებმა სადილი გაუმართეს. მცირე შესვენების შემდეგ გზა გააგრძელა. მონასტერში ბერ-მონაზვნები დიდი სიყვარულით შეხვდნენ. ავიდა მონასტრის სიახლოვეს საკურთხეველთან და ილოცა. ამასობაში მოსაღამოვდა. ბოროტმოქმედებმა პატრიარქის კარი უხმოდ შეაღეს... ასევე უხმაუროდ დატოვეს მკვლელობის შემდეგ მონასტრის კედლები. გათენდა. ბერმონაზონნი საქმიანობას შეუდგნენ. კათოლიკოს-პატრიარქი არსად ჩანდა. მონახულება განიზრახეს. შეაღეს საძინებლის კარი. ყველას თავზარი დაეცა...
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი 1918 წლის მკათათვის შვიდს მიაბარეს მიწას. დილით განსვენებულის ცხედარი ანჩისხატის ეკლესიაში დაასვენეს, ნაშუადღევს, 4 საათზე სიონში გადააბრძანეს და ამავე ტაძარში დაკრძალეს.
***
მარტყოფში 70-მდე ტაძარია. მათგან სრული სახით დაახლოებით 12 შემორჩა. სამი მონასტერია: ორი - მამათა და ერთი - დედათა. წირვა-ლოცვა, მონასტრების გარდა, აღევლინება ღვთისმშობლის მიძინების (წინამძღვარი - მამა ლევან ნავროზაშვილი) და სამების (წინამძღვარი - მამა გაბრიელი) ტაძრებში. ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ტაძარი მარტყოფელ აბრამ შინჯიკაშვილს, ეგვიპტეში გატაცებულ ქართველ მამლუქს აუგია.მამა ლევანის დახმარებით მარტყოფის ლხინიც და ჭირიც საკუთარი თვალით ვნახე. სათქმელი და მოსაყოლი იქაურებს ბევრი აქვთ. სტუმართმოყვარე ხალხია, გულმართალი, დროს არ უშინდებიან და სტუმრის პატივისცემაში ერთმანეთს ეცილებიან.
მარტყოფში ალექსი გოგოჩაშვილმა, გელა და მალხაზ შინჯიკაშვილებმა მიმასპინძლეს.
ბატონმა გელამ მიამბო აბრამ შინჯიკაშვილის ამბავი.
- შინჯიკაშვილის გვარისანი პატარა კახს, ერეკლე II-ს, მცველებად ჰყავდა. XVIII საუკუნის დასაწყისში მთელ საქართველოში გავრცელდა ბავშვების მოტაცება. ლეკებმა გაიტაცეს 15 წლის აბრამ შინჯიკაშვილიც. ის მღვდლის შვილი იყო, მეტად მორწმუნე. ყმაწვილი სტამბულის ბაზარზე ერთმა ეგვიპტელმა ვაჭარმა იყიდა და მამლუქად აღზარდა. 500 წელი განაგებდნენ ეგვიპტეს მამლუქები. XVIII საუკუნეში ძალაუფლება უკვე ტომით ქართველების ხელში იყო. დიდ ალი-ბეის 18 ბეგიდან 11 ქართველი ჰყავდა. მათ შორის იყო იბრაჰიმ-ბეი - აბრამ შინჯიკაშვილი. ალი-ბეის მემკვიდრეებს, მურად-ბეისა და იბრაჰიმ-ბეის, 30 წელი ეპყრათ ეგვიპტე. რამდენიმე ხნის წინ გიორგი კალანდიასთან ერთად ვიყავი ეგვიპტეში ქართველ მამლუქთა საფლავებისთვის პატივის მისაგებად. ამჟამად სამი მილიონი ადამიანია შეხიზნული იმ ტერიტორიაზე და ანადგურებს წარსულს.
იბრაჰიმს, როცა აღზევდა და ქვეყნის მმართველი გახდა, წერილობითი კავშირი ჰქონდა ერეკლე მეფესთან. ერთ-ერთი წერილი სახელმწიფო მუზეუმშია დაცული. ჩანს, რომ ხშირად უძღვნიდა ფულს ერეკლეს. წერილში სთხოვს, ჩემი გამოგზავნილი ფულით დედაჩემს სახლთან ახლოს ტაძარი აუშენეთ - მოხუცდება და ღვთაების მონასტერში სიარული გაუჭირდებაო. მართლაც, ღვთისმშობლის მიძინების ტაძრის მშენებლობა ერეკლე მეფის დროს დაიწყეს და 1810 წელს განასრულეს. საბჭოთა პერიოდში იქ ხან კოლმეურნეობის საწყობი იყო, ხან - კლუბი, ხანაც - მაღაზია და საპარიკმახერო. 1990 წელს მაშინდელი საბჭოს თავმჯდომარის აკაკი ერტერიშვილის ვაჟკაცობით ტაძარი განახლდა.
ტაძარს საკმაოდ დიდი მრევლი ჰყავს. ქრისტიანობისკენ შემობრუნდა ხალხი. სიყმაწვილეში მერიდებოდა კიდეც ეკლესიაში სიარული, პირჯვრის გადასახვა და ქრისტიანული წეს-ჩვეულებების ასრულება.
მარტყოფში რამდენიმე კოშკია: შინჯიკაშვილებისა, თუშმალიშვილებისა და ძამაშვილებისა. ამ კოშკებს აფარებდნენ თავს ლეკიანობის დროს.
ალექსი გოგოჩაშვილის თქმით, მარტყოფში დღეს სამი ათასამდე კომლი და 34-ზე მეტი ისტორიული გვარი ცხოვრობს. ყველაზე მრავალრიცხოვანი სახლთხუციშვილების გვარია. შემდეგ მოდიან ეპიტაშვილები, შოშიაშვილები...
სოფლის ყველაზე დიდი უბნები ალიხევი და ტევალია.
მარტყოფის ისტორიულ მიწა-წყალზეა ვაზიანი, სააკაძე. გიორგი სააკაძეს იქ გადაუხდია ომი და ამიტომაც დარქმევია მისი სახელი. მარტყოფში აჭარლების დასახლებაცაა.
ძალიან გვახარებს, რომ მიუხედავად მრავალი პრობლემისა, სოფელი სულიერად იზრდება. თავად მრევლი ზრუნავს ეკლესია-მონასტრების აღდგენა-განახლებაზე.
ეკლესიური ცხოვრების აღორძინებაში დიდი წვლილი მიუძღვით ტყუპ მოძღვარს - ბეჟანიშვილებს, მამა ლევანი და მამა გაბრიელი მოძღვრავენ სულიერად აქაურებს.
მზია ბედიანაშვილი, ღვთისმშობლის ტაძრის მესანთლე, ჟურნალ "კარიბჭის" ერთგული მკითხველია. უფლის ნებით დაიდო ბინა მარტყოფში წმინდა ანტონმა და მისი ლოცვით დღეს მრავალი ეკლესია-მონასტერია სოფელშიო, - მითხრა.
სტიქაროსანი თეიმურაზ ნავროზაშვილი მსახურების შემდეგ თავდაუზოგავად შრომობს, მოჰყავს მოსავალი და ღმერთს მადლობს ყველაფრისთვის. მან ღვთის სიყვარული ყოველთა წმინდათას სახელობის ტაძრის მშენებლობის დროს შეიძინა.
ყოველთა წმინდათა მამათა მონასტერი
ყოველთა წმინდათა სახელობის მამათა მონასტერი სოფლის განაპირას, შუაგულ ტყეში დგას. გარემო და ადგილი მართლაც რომ სალოცავად განგაწყობს და წუთისოფლის ორომტრიალს დროებით გარიდებულს სულიერ სიმშვიდეს და ნეტარებას გგვრის.განსაკუთრებული ხალხმრავლობა აქ მონასტრის დღესასწაულზეაო, - მითხრა წინამძღვარმა, არქიმანდრიტმა ბართლომემ (ფირცხალაშვილმა). ზოგი თბილისიდან ჩადის, ზოგიც - მცხეთიდან. არც დარს უშინდებიან და არც ავდარს. 24 დეკემბერს, ყოველთა წმინდათა საქართველოში წამებულთა ღირსთა მამათა და დედათა ხსენების დღეს, დიდი სტუმრიანობა იყო. ღვთის სიყვარული რომ არა, მართლაც ვერავინ შეძლებდა დათოვლილ, მოყინულ გზაზე ამხელა მანძილის ფეხით გალევას. მონასტრის მოლოცვა მცხეთის წმინდა გიორგის სახელობის მამათა მონასტრის იღუმენის ლუკას (ფალავანდიშვილის) დახმარებით მოხდა (ამჯერად მამა ლუკა უწმინდესის კურთხევით ბარსელონაში, წმინდა ნინოს სახელობის სამლოცველოში აგრძელებს ღვთისმსახურებას). მის მრევლთან ერთად სადღესასწაულო წირვას დავესწარით.
მონასტერში ნარკომანიის სენით დაავადებულებისთვის ცალკე სახლია გამოყოფილი, სადაც ისინი სულიერ და ფიზიკურ კურნებას იღებენ. მოგეხსენებათ, კათოლიკოს-პატრიარქის ლოცვა-კურთხევით, არქიმანდრიტ ბართლომეს დავალებული აქვს ნარკომანიით დაავადებულთა გადარჩენა, ამ ქვეყნისკენ, დედაეკლესიისკენ შემობრუნება, რადგან უფსკრულისკენ დაქანებულთა გადარჩენა ყველაზე მეტად ჯანსაღ სულს შეუძლია.
როგორც მონასტრის კეთილმოწესემ, მღვდელმონაზონმა ისემ (გელაშვილმა) გვითხრა, მონასტერში ნარკომანიით დაავადებული საკუთარ თავთან ბრძოლით ცდილობს განეშოროს ამ უდიდეს ცოდვას და თავიდან იწყებს ცხოვრებას.
- ნარკომანია ჩვენი ერის მართლაც უდიდესი ტკივილია. დღეს ამ სენით ბევრია ავად, განკურნებული კი ცოტაა. უწმინდესის ლოცვა-კურთხევით და მამა ბართლომეს წინამძღოლობით თბილისში, ფერისცვალების მამათა მონასტერში, და ჩვენთან ამ სენით დაავადებულთა დასახმარებლად ყველანაირი პირობაა შექმნილი. ჩვენი ვალია, გაჭირვებულს ხელი გავუწოდოთ და მისი ცხოვრება ეკლესიას დავუკავშიროთ. ეკლესიის წყალობით ეს ადამიანები აცნობიერებენ, რომ დამნაშავეები კი არა, ცოდვილები არიან ღვთის წინაშე და იწყებენ ბრძოლას საკუთარ თავთან. აქ ყოფნით ღმერთს ხედავენ და რწმენა უბრუნდებათ. ამჟამად მონასტერში 11 გამოსასწორებელი ნარკომანია. ვერ გეტყვით, რომ ყველა გამოსწორებული მიდის აქედან; ცხადია, ისინი ბრძოლას იწყებენ საკუთარ თავთან, ცოდვით დაცემულები კი კვლავ მონასტერში ბრუნდებიან. აქ არიან ისეთებიც, ვინც მთელი მარხვა ჩვენი მამების გვერდით გაატარეს, მონასტრული ტიპიკონით
ცხოვრობენ და ფიზიკურადაც გვეხმარებიან. მთავარია, ადამიანმა მოინდომოს და საკუთარი ნებით აირჩიოს ჭეშმარიტებისკენ სავალი გზა. უფალთან მიახლებით ყველაფერია შესაძლებელი. ამ ადამიანებმა აქ სიყვარული იპოვეს. ყველანაირად ვცდილობთ მათ გამოსწორებას.
მონასტერში მამა ისესთან ერთად არიან ბერი ნათანაელი, ბერი ანგია და ორი კაბიანი მორჩილი - შიო და იოანე. ისინი ტიპიკონის მიხედვით ცხოვრობენ.
მონასტერს მზრუნველობას არ აკლებს მისი აღმშენებელი ნიკოლოზ თავაძე. მან მონასტერი თავისი სამი წლის შვილის სულის მოსახსენიებლად ააგო.
ყოველთა წმინდათა სახელობის მამათა მონასტერი მამა ისეს დახმარებით თანდათან ძლიერდება. ეს მონასტერს ხილულადაც ეტყობა.
მამა ისეს, ერისკაცობაში მამუკა გელაშვილს, ბავშვობაში სასულიერო პირები, თანაც ბერები, თვალითაც არ ენახა. ერთხელ შემთხვევით მოჰკრა თვალი საჩხერეში ჩამოსულ ოთხ ბერს და შორიდან უმზერდა. "უეცრად ჩემს ცხოვრებაში სასწაული მოხდა და ამ გზას დავადექი, - ამბობს მამა ისე, - თითქოს ბავშვობიდან ვეძებდი რაღაცას და ვიპოვე. მონასტერმა გულში ჩამიკრა და სითბოთი ამავსო. მადლობა ღმერთს ყველაფრისთვის. ვინც მოინდომებს ღვთის გზაზე სიარულს, ღმერთი ყველას აძლიერებს. ჩვენ ყველანი დღითიდღე ვიზრდებით, ვსწავლობთ მონასტრულ ცხოვრებას. სრულყოფილი არავინ არის. ადამიანზეა დამოკიდებული, როგორი გულისხმიერებით შეუდგება ბერობის გზას. კაცს თუ ცხონება უნდა, ღმერთი არასოდეს მიატოვებს.
მოხდა სასწაული, - განაგრძობს მამა ისე, - ჩემი ოჯახი ეკლესიურად არ ცხოვრობდა, დღეს კი ტაძარში დადის, ეკლესიური გახდა. თავიდან გაუჭირდათ შეგუებოდნენ ჩემს ბერობას, რადგან ჩემ გარდა ვაჟი არ ჰყავდათ. ახლა შეეგუენ. პირველ რიგში, ადამიანმა ის უნდა გააცნობიეროს, რომ ღვთის ქმნილებაა და ეცადოს, იზრუნოს არა ამქვეყნიური სიამოვნების მოსაპოვებლად, არამედ მარადიული ცხოვრების დასამკვიდრებლად. თუ სული ბედნიერია, ადამიანიც ბედნიერია ორსავ სოფელში. სამწუხაროდ, თანამედროვე ადამიანებს სიყვარული შემოეძარცვათ. ძალიან მინდა, ყველა ქართველი დალოცვილი იყოს, ჩვენს მონასტერში მოსულები განკურნებულნი დაუბრუნდნენ ოჯახებს. ეს არის ჩემი გულისტკივილი.
სკოლა-ინტერნატი
სკოლის შენობის სარკმლიდან ერთი გოგონა იმზირებოდა. სტუმრების მისვლა სხვაზე ადრე მან შეიტყო. ბავშვებთან ერთად აღმზრდელებიც შემოგვეგებნენ. აქ მშობლის ალერსს მოკლებული გოგო-ბიჭები ერთმანეთს სიყვარულით და სითბოთი უვსებენ პაწია გულებს. მართალია, მოსწონთ აქ ყოფნა, მაგრამ მაინც თავ-თავიანთ კერაზე ოცნებობენ. მიხარია, რომ ეს ბავშვები მორწმუნეები არიან და განსაკუთრებით ახლო ურთიერთობა აქვთ მარტყოფის დედათა მონასტერთან. უმეტესობა მარხვასაც იცავს. სკოლას, უკვე რვა თვეა, ახალი დირექტორი ჰყავს. თეკლა ფერაძეზე ყველა სიყვარულით ლაპარაკობს. ამჟამად ინტერნატში 32 ბავშვია. უმეტესობა სხვადასხვა სოფლიდანაა ჩამოსული. არიან ისეთებიც, ვინც სამი წლიდან დღემდე ინტერნატში ცხოვრობს. აღმზრდელები მხოლოდ იმას ნატრობენ, აქედან წასული ბავშვები ქუჩაში არ აღმოჩნდნენ და ყველამ ცხოვრების სწორი გზა იპოვოს. ქალბატონმა თეკლამ რამდენიმე ბავშვს ბანკში ანგარიში გაუხსნა. "მომავალში კიდევ ბევრ სიახლეს გვპირდება", - თქვა დირექტორის მოადგილემ ლალი ლაგვილავამ.
რამდენიმე ბავშვს თავად ვესაუბრე. "თვენახევარია, რაც თბილისიდან ჩემს ტყუპ ძმასთან ერთად ჩამოვედი, - მითხრა 14 წლის გოჩა კოღერაშვილმა, - ეს ჩვენი მეორე სახლია, თუმცა ვერ ვიტყვი, თავს აქ უფრო კარგად ვგრძნობ-მეთქი, რადგან ოჯახი სულ სხვაა. ეკლესიაში დავდივარ, მარხვასაც ვიცავ, ოღონდ ზიარება ჯერ არ მიმიღია".
წამოსვლისას ბავშვებმა გამომაცილეს.
დედათა მონასტერი
ეს ადგილი, სადაც დღეს დედათა მონასტერია, 1982 წელს შეისყიდა საქართველოს ეკლესიამ და იქ უწმინდესის საზაფხულო რეზიდენცია დაფუძნდა. უწმინდესის ხელით დარგული ხეები მედიდურად დგანან. მისი მონაწილეობით და რჩევითაა მოწყობილი აქ ყოველი კუთხე-კუნჭული. 1992 წლიდან უწმინდესმა რეზიდენცია, თავისი მეურნეობით, დედათა მონასტერს გადასცა.ეზოში წმინდა გიორგის მცირე ტაძარია. თავად მონასტერი ივერიის ღვთისმშობლის ხატის სახელობისაა. ეკლესია რეზიდენციის მონასტრისთვის გადაცემის შემდეგ ორმოც დღეში აშენდა. მანამდე მის უწმინდესობას იქვე, მოსაზღვრე გორაზე, წმინდა გიორგის ნიში აღუმართავს. ეს ნიში დღეს მონასტრის ეზოში მოექცა, ამიტომაც, უწმინდესის ლოცვა-კურთხევით, იმ ადგილას წმინდა გიორგის სახელობის ტაძარი უნდა აშენდეს.
თავდაპირველად მონასტერში დედა მარიამთან ერთად ცხოვრობდნენ და მოღვაწეობდნენ დედა თეოდორა (ბოდბის წინამძღვარი) და დედა ელისაბედი (ფოკის მონასტრის წინამძღვარი). ამჟამად მონასტერში ექვსი წევრია. იღუმენია დედა მარიამია (მიქელაძე), კეთილმოწესე - დედა ქეთევანი (წივწივაძე).
- სულ მგონია, რომ აქ, ჩვენთან ერთად, უწმინდესიც არის, რაც ძალიან გვეხმარება და სულიერად გვამხნევებს, - მითხრა დედა ქეთევანმა.
მონასტრული ტიპიკონის მიხედვით, ლოცვა დილის 4 საათზე იწყება. ხელსაქმესთან ერთად დედები მთარგმნელობასაც ეწევიან. "ახლახან ვთარგმნეთ წიგნი "სიკვდილის საიდუმლოება". ეს საღვთისმეტყველო ნაშრომი ძალიან საინტერესოა და მისი ბერძენი ღვთისმეტყველი ავტორის თხოვნით ვთარგმნეთ, - მითხრა დედა ქეთევანმა, - ვთარგმნეთ იოანე მაქსიმოვიჩის "ქადაგებებიც".
დედები, სულიერ ღვაწლთან ერთად, ფიზიკურადაც შრომობენ - მიწას ამუშავებენ და საქონელსაც უვლიან. "ფიზიკური შრომა სულისთვისაც კარგია და ფიზიკური მოთხოვნილებისთვისაცო", - თქვა დედა ქეთევანმა.
მონასტერში მწირველი მღვდლები ღვთაების მამათა მონასტრიდან ჩამოდიან, ლოცვას კი მონასტრულად ასრულებენ. მრევლი უმთავრესად სოფლის ტაძარში დადის. "დაახლოებით სამი წლის წინ, პატრიარქის ლოცვა-კურთხევით, მარტყოფში მისიონერები, მრევლის ერთი ჯგუფი ჩამოვიდა. იკურთხა თითქმის ყველა სახლი და ამან ძალიან კარგი ნაყოფი გამოიღო. ფაქტობრივად აქედან დაიწყო სოფლის მოქცევა. ჩვენს მონასტერში ივერიის ღვთისმშობლის მირონმდინარე ხატია დაბრძანებული. ეს ხატი ადრე ოჯახებში მოგზაურობდა და ხატის ტაძარში დაბრუნებას თავად ეს ოჯახი კისრულობდა. ამით ხდებოდა ოჯახის ტაძრად მიყვანება და ეკლესიური ცხოვრების დაწყება.
- დედაო, მონასტერში ბევრი ხალხი მოდის. ისეთებიც, ვისთვისაც ნუგეში და თანადგომა ყველაზე ძვირფასია...
- მოყვასის თანაგრძნობა ყველა დროში იყო საჭირო, დღეს, ამ დიდ სულიერ სიცარიელეში კი ეს განსაკუთრებით აუცილებელია. განვლილ წლებთან შედარებით დღეს უამრავი ადამიანი მოდის ჩვენთან. მატერიალური საზრუნავი იმდენად არ აწუხებთ. უფრო სიტყვით ნუგეშს ეძებენ. დღეს ადამიანს ისე უჭირს თავისი სატკივარი, რომ სხვის სანუგეშოდ არავის სცალია. ეკლესიაში უფრო მეტად იპოვი თანაგრძნობას.
მონასტერში ბევრი სტუმარი გვყავს. ზოგს მონასტრული ცხოვრება აინტერესებს, ზოგს სულიერი ნუგეში სჭირდება. ვისურვებდი, რომ ყველამ მიიღოს ის, რასაც ეძებს. ღმერთმა დაგლოცოთ და გაგახაროთ.