გოდოგანში ამ სოფლის სულიერმა მოძღვარმა, მამა იოსებ ხუჯაძემ მიმასპინძლა და მეგზურობაც გამიწია. უღრმესი მადლობა მამა იოსებს და მის ლამაზ ოჯახს. მამა იოსებმა მიამბო, რომ XI საუკუნეში გოდოგანში მეფე დავითმა აფხაზეთიდან ჩამოასახლა ამბროლაძეების საგვარეულო და დაასახლა გოდოს განზე. ეს გოდოს განი დღეს გელათის მოპირდაპირე მხარესაა, გელათის მონასტრიდან დაახლოებით 3 კმ-ზე.
გოდოგნის თემში შედის, სოფლები: გოდოგანი, ნაგარევი, ჭალასთავი და ბროლის ქედი. გოდოგანში 600 კომლამდეა. 300 კომლი ცხოვრობს ნაგარევში. სოფელი თერჯოლის რაიონის შემადგენლობაშია და ტყიბულ-თერჯოლის ეპარქიას ეკუთვნის, მეუფე გიორგის (შალამბერიძე) ლოცვა-კურთხევის ქვეშაა. ქალაქის მახლობელი სოფელი გოდოგანი ძალიან გაშლილი და ცოტა რთული რეგიონია. მთიანიც არის, ბარის ადგილიც აქვს. სოფელში ბევრი სალოცავია. უფრო დიდი და ცენტრალური არის ჯვართამაღლების სახელობის ოქროს ჯვრის ეკლესია, რომელიც 1888 წელსაა აგებული წმინდა გაბრიელ ეპისკოპოსის კურთხევით. ნაგარევის მთავარანგელოზ გაბრიელის სახელობის ეკლესია 1883 წელს ეკურთხა. მესამე ტაძარია წმინდა გიორგის სახელობისა, რომელშიც თავად ვწირავ. ის მეუფე დანიელის დროს, 2002 წელს გაიხსნა. ამ სამ ტაძარში ვმსახურობ. კვირას ვწირავ ოქროს ჯვრის ჯვართამაღლების ტაძარში. შაბათს ვმსახურობ წმინდა გიორგის ტაძარში. ოთხშაბათს - მთავარანგელოზ გაბრიელის ტაძარში. გაბრიელ მთავარანგელოზის ეკლესია წელიწადი და სამი თვე იქნება, რაც გავხსენით. ტაძრები ახალი გახსნილია და იმდენი მრევლი არ გვყავს. წმინდა გიორგის ეკლესიაში შედარებით უფრო მეტი მრევლია, რადგან შედარებით ადრე გაიხსნა. ოქროს ჯვარი უკვე 25 წელია რაც მოქმედი ტაძარია და წირვა-ლოცვა არ შეწყვეტილა. ამ ტაძრის გახსნაზე ძალიან დიდი პრობლემები იყო ჩემს ბავშვობაში. მედავითნე რაჟდენ გიორხელიძემ ბევრი იწვალა ტაძრის შესამკობად და გასალამაზებლად. ამასობაში მამა მიქაელმა (კირკიტაძე) სასულიერო აკადემია დაამთავრა, მღვდლად ეკურთხა და გოდოგანში ჩამოვიდა.
1986 წელს სკოლას ვამთავრებდი, როდესაც ოქროს ჯვრის მთავარანგელოზის ტაძარი საწყობად გადააკეთეს. ეს არ მოგვეწონა ბავშვებს და ვიყვირეთ, ძირს კომუნისტური პარტიაო. დაგვიჭირეს. ერთი კვირა ტყვეობაში ვიყავით. რაჟდენი თერჯოლის მილიციაში ჰყავდათ ჩაკეტილი. მას უთქვამს: ჯვარზე გამაკარით, როგორც უფალი გააკრეს და მერე მირტყით, მაგ ეკლესიას ვერაფერს დააკლებთო. დიდება უფალს, იმხელა სიმხნევე გამოუჩენია, რომ მილიციელებიც გაკვირვებულები იყვნენ. სოფელში ბევრი სალოცავია, მაცხოვრის ფერისცვალებისა და შობის ტაძრების ნანგრევები. მთავარანგელოზის მონასტერი მთელ სოფელს გადმოჰყურებს. წელიწადნახევარია, იქ სქემმღვდელმონაზონი ელიოზი და ბერი შიო მსახურობენ. მანამდე მე ვმსახურობდი იმ ტაძარში. არის კიდევ ჭალასთავის ღვთისმშობლის შობის სახელობის ეკლესია. ამ ეკლესიებში პარაკლისებს ვატარებთ მრევლთან შეთანხმებით. ცხრაკარის ეკლესია სამონასტრო კომპლექსად შეიძლება გადაკეთდეს. ადრე იქ მოსაშვილებს უცხოვრიათ. ეპიდემიის გამო მიუტოვებიათ კერა. ტაძარი სოლომონ პირველის დროინდელია. ყოველ წელიწადს რაღაცას რომ შევმატებთ ტაძარს, გვიხარია. ძალიან მინდა მეურნეობა გავმართო სოფელში.
მოსახლეობამ ზოგიერთი უბანი მიატოვა და ბარში ჩასახლდა. ჩვენი ახალი პრეზიდენტი წარმოშობით ამ სოფლის მარგველაშვილების უბნიდან არის. ამ უბნის მაცხოვრის შობის სახელობის ტაძარს აღადგენს ბატონი ბიძინა ივანიშვილის ფონდი. ძეგლთა დაცვის სააგენტოცაა ჩართული ამ საქმეში. მეუფის ლოცვა-კურთხევით, მოძრავი ოდიკი ავიტანე და წირვა ჩავატარე. დიდი მადლი ტრიალებს ამ უძველეს ტაძარში. სოფელი ქუთაისიდან 7 კილომეტრით არის დაშორებული, მაგრამ უგზოობა გვაღონებს. წყლის გასაჭირიც გვაქვს, გაზისაც, დენისაც, ინტერნეტიც არ არის. სოფელში ამბულატორია არ გვაქვს, არც საბავშვო ბაღი. ამიტომაც ტოვებს ხალხი სოფელს. წყალი და გზა იყოს, ხალხი დაბრუნდებოდა. ისეთი კარგი სახლებია მიტოვებული, გული დაგეწვება. ახალი პროექტებია ინფრასტრუქტურის სამინისტროდან და ვნახოთ.
მამა იოსები ოჯახთან ერთად
- მამაო, თქვენ როგორ ეზიარეთ უფლის სიტყვას?
- ეკლესიაში 1989 წელს დავიწყე სიარული. ეროვნული მოძრაობის დროს. მაშინ 21 წლის ვიყავი. ქუთაისში, ხარების ეკლესიაში დავიწყე სიარული, მერე დავუკავშირდი მამა ნიკოლოზ პიტნავას. ახლა მამა ნიკოლოზი არქიმანდრიტია, ხონის ეპარქიაში მსახურობს. ძალიან მოღვაწე, მშრომელი, მლოცველი, მმარხველი ადამიანია. მასთან დავიწყე გელათში 1992 წლიდან ტაძარში სიარული. იმ პერიოდში ქუთაისის უნივერსიტეტში იურიდიულზე ვსწავლობდი. მონასტერში 8 თვე დავყავი. მადლის ძიებაში ვიყავი და ვიპოვე. დიდება უფალს. მონასტერში დიდი გამოცდილება მივიღე. 1994 წელს ჩავაბარე ქუთაისის წმინდა გაბრიელ ეპისკოპოსის სახელობის სასულიერო სემინარიაში. გერმანიაში მომიხდა წასვლა. ვსწავლობდი გერმანული ენისა და ლიტერატურის კურსებზე, ერთი წელი პარალელურად თან ვმუშაობდი. მერე სწავლას დავანებე თავი და 6 წელი გერმანიაში სამშენებლო ობიექტებზე ვმუშაობდი. იქ რუსულ ეკლესიაში - ვაიმარის წმინდა მარიამ მაგდალინელის სახელობის ეკლესიაში დავდიოდი. მის მოძღვართან, მამა მიქაელთან დღემდე მაქვს ურთიერთობა. იქ მორჩილად, სტიქაროსნად ვმსახურობდი. როცა დავბრუნდი საქართველოში, აღვიდგინე თავი ქუთაისის სასულიერო სემინარიაში და დავამთავრე კიდეც. აღვადგინეთ ნაგარევის მთავარანგელოზ გაბრიელის სახელობის ეკლესიაც. ხალხიც გვერდით დაგვიდგა. მამა მოსე კვინიკაძეს მედავითნედ დავყვებოდი (ის დღეს სხალთის ეპარქიაში მსახურობს). მაშინ უფრო გამიძლიერდა სურვილი მღვდლობისა. დაახლოებით 40 წლისა მეუფე გიორგიმ (შალამბერიძემ), პატრიარქის ლოცვა-კურთხევით, მღვდლად მაკურთხა. აქ ვცხოვრობ ოჯახთან ერთად. აქ არიან ჩემი წინაპრებიც და მეც აქ დავრჩები.
წმინდა გიორგის სახელობის ტაძარი
აქ მამა ათანასეს ძმისშვილის ოჯახი ცხოვრობს. ახლობლებმა მისეული ბევრი სიწმინდე შემოინახეს. თავიდან ოქროს ჯვრის ეკლესიაში იყო ბარძიმ-ფეშხუმი და ახლა ნაგარევის ეკლესიაშია დაბრძანებული. მისი ანდერძის მიხედვით თავის ეკლესიაში უნდა დაბრძანებულიყო. მამა ათანასემ 106 წელი იცოცხლა. ბევრი კეთილი საქმე გაუკეთებია. ცხოვრობდა მცირე შემოწირულობით, ფუტკარი ჰყავდა. ორჯვრიანი არქიმანდრიტი ათანასე ზაქარაშვილი დაკრძალულია ნაგარევის ეკლესიის ეზოში.
ჭალასთავის ღვთისმშობლის შობის სახელობის ეკლესიაში მოღვაწეობდა მღვდელი გიორგი ტყავაძე. რვა შვილი ჰყავდა. ყველას უმაღლესი განათლება მისცა.
ნაგარევის ეკლესიაში ვიპოვეთ საცეცხლური, ოლარ-სამაჯურები, დაფარნები, მაცხოვრის და ღვთისმშობლის ხატები, ტრაპეზის ჯვარი და ზარის ენა.
აქ მოღვაწეობდნენ მღვდლები პარმენ და რაჟდენ ჭირაქაძეები. ერთი ნახშირღელეში მოღვაწეობდა, მისი კონდაკი გვაქვს ოქროს ჯვრის ეკლესიაში, ყდა გავუკეთეთ, ავკინძავთ და დავაბრძანებთ ოქროს ჯვრის ტაძარში.
ერთ დღეს მთავარანგელოზების ეკლესიაში წირვას ღამისთევით ვატარებდი, მოვიდა უცნობი ადამიანი და წიგნი, კონდაკი გადმომცა, სადაც ეწერა მომნათლავის სახელი დეკანოზი ტერენტი ობოლაძე. მალევე გავარკვიე, რომ ტერენტი ობოლაძე ყოფილა მთელ ოკრიბაში მოღვაწე მღვდელი. ეს კონდაკიც აღვადგინეთ, ყდა გავუკეთეთ და ნაგარევის ეკლესიაში დავაბრძანეთ. ყველა ტაძრის ტრაპეზი მარმარილოთი გავაკეთეთ.
კიდევ გვინდა ბევრი რამის გაკეთება.
სოფელ გოდოგანში ორი მონასტერია.
არქიმანდრიტმა ბართლომემ თავისი სახლ-კარი შესწირა მონასტერს. დღეს იქ მამათა მონასტერი და წმინდა ბართლომეს სახელობის ეკლესია შენდება.
არქიმანდრიტ ათანასეს (ზაქარაშვილის) ახლობლებთან საუბარს შემდეგ ნომერში შემოგთავაზებთ.