ღვთაების მამათა მონასტერი
მარტყოფის "ღვთაების" მამათა მონასტერი სოფელ მარტყოფის მახლობლად, თბილისიდან აღმოსავლეთით, 25-27 კილომეტრზე, ტყით დაფარულ იალნოს ქედზე მდებარეობს. ზეპირი გადმოცემისა და წერილობითი წყაროების თანახმად, ამ ადგილს (მარტყოფს) VI საუკუნემდე აკრიანი, "ქვიანი ადგილი", რქმევია. ღვთაების მონასტრის გუჯარის თანახმად, აქ ტაძარი ჯერ კიდევ ვახტანგ გორგასალს აუშენებია და ეპისკოპოსიც დაუსვამს.
VI საუკუნის I ნახევარშიაკრიანის მთებში დამკვიდრდა საქართველოში მოსული 13 ასურელი მამებიდან ერთ-ერთი, მამა ანტონი. იგი განცალკევებით, დაყუდებულ ცხოვრებას ეწეოდა, რის გამოც მას მარტომყოფელი უწოდეს, ხოლო ადგილმა, შესაბამისად, სახელწოდება მარტყოფი მიიღო. აკრიანის მთებში დამკვიდრებული მამა ანტონი მასთან დროდადრო მისული ირმების რძით იკვე-ბოდა. XI საუკუნის ქართველი ისტორიკოსის ჯუანშერის გადმოცემით, ერთ დღეს ირმები დამფრთხალნი მისულან მამა ანტონთან, რომელთა შორის ერთი ნუკრი დაჭრილი ყოფილა. ირმებს ბერი იქ მიუყვანიათ, სადაც მთავარი ნადირობდა.
მთავარს ვინაობა უკითხავს. მამა ანტონს ენა არ ესმოდა და ამიტომ ხელით ანიშნა იმ ადგილზე სადაც ცხოვრობდა. გაბრაზებულ მთავარს მისთვის გაწვდილი ხელის მოკვეთა უბრძანებია. ამ დროს მომხდარა სასწაული. ბრძანების აღსრულებისას მეშანთეს ხელი გახმობია, რომელიც მამა ანტონს ისევ გაუცოცხლებია.
მთავარს სასწაულმოქმედი ბერისთვის უთქვამს რაც გინდა ითხოვე და მოგეცესო. მამა ანტონმა მარილი ითხოვა ირმებისთვის და შემდეგ თავის საყუდელს დაბრუნებულა. მამა ანტონს მალე გაუვარდა სახელი, როგორც სასწაულმოქმედს, ამიტომ მის გარშემო მალე თავი მოიყარეს მორჩილებმა, რასაც მოგვიანებით მარტყოფის სამონასტრო ცხოვრების აღორძინება მოჰყვა.
მარტყოფის მონასტერში ცხოვრობდა საქართველოს კათალიკოს-პატრიარქი კირიონ II (საძაგლიშვილი), რომელიც 1918 წლის 26აგვისტოს სწორედ აქ - თავის სენაკში ვერაგულად მოკლეს. კომუნისტების მიერ გაუქმებულ მონასტერში XX საუკუნის 50-60-იან წლებში უპატრონო ბავშვთა თავშესაფარი გახსნეს, შემდეგ კი 31-ე ქარხნის დასასვენებელ სახლად გადააქციეს. მონასტერში სამონასტრო ცხოვრება უწმინდესის ლოცვა-კურთხევით 1989 წელს აღდგა. სამონასტრო კომპლექსი რამდენიმე ტაძრის, სამრეკლოს, საბერეების და სხვა ნაგებობებისგან შედგება.
მონასტრის ტაძრები ღვთაების, ღვთისმშობლის, წმინდა გიორგის და მამა ანტონის სახელობისაა. მათგან უმთავრესია "ხელთუქმნელი ხატის" გუმბათიანი ტაძარი, რომლის თავდაპირველი ნაგებობა უფრო დიდი ზომის ყოფილა, მის ნანგრევებზე კი შემდეგუფრო მომცრო ზომის აუგიათ. ტაძრის ჩრდილოეთ ნაწილში მამა ანტონის საფლავია. ამავე ტაძრის ძირში საძვალეა შემორჩენილი.
მთის თავზე მამა ანტონის სვეტია, რომლის ნანგრევებზე უკანასკნელ დროს ახლიდან აშენდა კოშკი. ეს ის სვეტია, სადაც ბოლო 15 წლის მანძილზე დაყუდებულ ცხოვრებას ეწეოდა მამა ანტონი. სამონასტრო კომპლექსი განახლებულა XVII-XVIII საუკუნის მიჯნაზე. ტაძარს ხელახალი რესტავრაცია ჩაუტარდა1848-1855 წლებში ნორიოელი ივანე არჯევანიძის თაოსნობით. ხელთუქმნელი ხატის სახელობის ტაძარში მდებარეობს წმინდა მამა ანტონის საფლავი.
ღირსი მამა ანტონ მარტყოფელის სახელობის მამათა მონასტრის წინამძღვარია, არქიმანდრიტი ბენიამინი (ბელქანია):
_ დღეს მონასტერში 20 ბერი და 15 მორჩილია. მიხარია, რომ გამრავლდა საძმო, ასევე სტუმრები მოდიან მონასტერში დროებით დასარჩენად. უწმინდესისა და უნეტარესის - ილია მეორის ლოცვა-კურთხევით ჩვენ, აფხაზეთიდან დევნილები მონასტერში 1993 წლის ოქტომბრიდან ვართ. მე მჯერა, რომ სიყვარული ჩვენსა და აფხაზ და ოს ძმებს შორის გაიმარჯვებს და ერთად ვიცხოვრებთ აფხაზეთსა და სამაჩაბლოში.
წმინდა ანტონ მარტყოფელის შეწევნას მუდამ ვგრძნობთ...წმინდა ანტონი ეხმარება ყველას, ვინც გულით მოდის მის საფლავზე და რწმენით ითხოვს შემწეობას. მრავალი ადამიანი განკურნებულა უკურნებელი სენისგან. ღვთის წინაშე ყველა წმინდანს აქვს კადნიერება შეეწიოს გაჭირვებაში მყოფებს.