რამდენჯერაც უნდა მოილოცო მარტყოფის ღვთაების მამათა მონასტერი, მუდმივად გრჩება იმის განცდა და სურვილი, რომ მომავალში კვლავაც მიეახლო იქაურობას და საფუძვლიანად მოილოცო ეს წმინდა ადგილი.
ამჯერად მარტყოფის ღვთაება "საქველმოქმედო ტურების ალილოტურის" დახმარებით მოვილოცე.
წარსულის ფურცლებიდან ვგებულობთ, რომ მარტყოფის ღვთაების მონასტერი VI საუკუნიდან ქრისტიანულ-მართლმადიდებლური სარწმუნოების ერთ-ერთ მძლავრ კერად იქცა, ხოლო XIII საუკუნიდან (1265 წლამდე) - რუსთავ-მარტყოფის საეპისკოპოსოს მეთაურთა (რუსთველთა) მუდმივ ადგილსამყოფელად.
V საუკუნეში აკრიანში ტაძარი აუგია წმინდა ვახტანგ გორგასალს. მარტყოფის ღვთაების მონასტრისთვის 1722 წელს კახეთის მეფის დავით II-ის მიერ ბოძებულ სიგელში საუბარია "მეფე ვახტანგ გორგასლის მიერ მარტყოფის ღვთაების ტაძრის აღგებათა მიზეზის შესახებ". სიგელში აღნიშნულია, რომ "მეფესა ვახტანგს ეწყო შემკობად ტაძრისა ღვთაებისა და აღეშენებინა და განემშვენებინა ყოველივე საქებელსა და ქცეულებათა ზედან თავსა მარტყოფისასა და განეჩინა საეპისკოპოზოდ და მის ხარისხსა ზედან მჯდომარ ექმნა ეპისკოპოზად ბერი ერთი".
მარტყოფის დასავლეთით, იალნოს მთების კალთაზე, დგას V-VI საუკუნეების მარტყოფის ანუ ღვთაების მამა ანტონის მონასტერი. ტაძრის ერთ-ერთ სვეტზე წმინდა ვახტანგ გორგასლის გამოსახულება იყო, მეორეზე - მონასტრის განმაახლებლის, წმინდა დავით აღმაშენებლისა. ისინი XIX საუკუნის 50-იან წლებში წაიშალა.
წმინდა ანტონმა მარტყოფის მონასტრის დაარსების შემდეგ განიზრახა, სიცოცხლის უკანასკნელი წლები განმარტოებით გაეტარებინა. მთის წვერზე, სვეტის მსგავსად, 15 მეტრი სიმაღლის კოშკი ააგო და სვიმონ მესვეტესავით დაეყუდა. სრულიად მარტოდ მყოფმა აქ გაატარა სიცოცხლის ბოლო თხუთმეტი წელი.
კოშკს ჰქონდა პატარა ეკლესიაც, სადაც წმინდა ანტონ მარტომყოფელი ყოველდღიურ მხურვალე ლოცვა-ვედრებას აღავლენდა, მაღალ ღმერთს ავედრებდა ღვთისმშობლის წილხვედრ ქვეყანას.
სოფლის მახლობელ მთაზე ახლაც დგას წმინდა ანტონის ხელით აშენებული სალოცავ-სენაკი. მთის მწვერვალზეა მისეული სალოცავი ნიშიც. ლოცვასა შიგან განძლიერებულს, მარტომყოფლობისა და დაყუდებისთვის საქართველოს მართლმადიდებელმა ეკლესიამ ანტონ მესვეტე უწოდა და ამ სახელით შერაცხა წმინდანად.
თავის კოშკში დაასვენა წმინდა ანტონ მარტომყოფელმა უდიდესი ქრისტიანული სიწმინდე - ქალაქ ედესიდან (თავადაც ედესელი ბრძანდებოდა) ჩამოტანილი მაცხოვრის ხელთუქმნელი ხატი. ეს ის ხატია, რომელიც იესო ქრისტემ სახეზე მიდებით გამოხატა ტილოს ნახევარზე და ედესის მეფე ავგაროზს გაუგზავნა. სწორედ ამ ხატის სახელზე დააარსა წმინდა ანტონ მარტყოფელმა აკრიანის (მარტყოფის) მონასტერი, რომელიც მრავალი საუკუნის განმავლობაში აურაცხელ მლოცველს იზიდავდა.
უწმინდესის ლოცვა კუთხევით 2006-2013 წლებში აღდგა სვეტი წმინდა ანტონ მარტოდმყოფელისა, ასევე წმინდა ბარბარესა და ნიკოლოზის ეკლესიები, რომლებიც სვეტის მიმდებარე ტერიტორიაზე მდებარეობს. კეცის ხელთუქმნელი ხატის სადიდებლად იგეგმება ყოვლადწმინდა სამების ტაძრისა და კელიების მშენებლობა. აგრეთვე, 2007-2013 წლებში ნანგრევებიდან აღდგა ანგელოზის მთის წმინდა გიორგის ტაძარი.
ავტორის ფოტოები