ამ დროს გალიის დიდი ნაწილი, ფრანკების მიერ დაპყრობილი პროვინციების გარდა, არიოზელთა ერესს დაეპყრო. რეიმსის ეპისკოპოსი წმინდა რემიგიუსი წმინდა ჟენევიევასთან ერთად ევედრებოდა ღმერთს ფრანკების წარმართი მეფის ქრისტიანად მოქცევისათვის, რადგან იმედი ჰქონდათ, რომ იგი მართლმადიდებელი სარწმუნოების დამცველი იქნებოდა.
გული სიხარულით აევსოთ, როცა მეფე ხლოდვიგი ბურგუნდიის მეფის ასულ კლოტილდაზე დაქორწინდა, რომელიც მხურვალე ქრისტიანი და მართლმადიდებელი სარწმუნოების დამცველი იყო თავის არიოზელ ნათესავებს შორის.
წარმართებით გარემოცული დედოფალი კლოტილდა ნუგეშსა და თანადგომას წმინდა ჟენევიევასთან პოვებდა. მათ შორის სულიერი მეგობრობა გაჩნდა და ეს საფრანგეთის ცხოვრებაზეც აისახა.
მეფე ხლოდვიგმა დედოფალს შვილების მონათვლის ნება მისცა, პირველი შვილის უეცარი გარდაცვალების შემდეგ მეფე ცოლის სარწმუნოებაზე გადასვლას ყოყმანობდა, თუმცა მეორე ვაჟის სასწაულებრივი განკურნების და არიოზელებზე ბრწყინვალე გამარჯვების შემდეგ, უკვე მტკიცედ გადაწყვიტა ქრისტიანი გამხდარიყო. 498 (ან 496 წ.) წელს რეიმსის ტაძარში ეპისკოპოსმა რემიგიუსმა მეფე ხლოდვიგი და მისი ამალა მონათლა.
501 წელს წმინდა რემიგიუსის რჩევით, მეფე ხლოდვიგმა არიოზელთა ერესის აღმოსაფხვრელად ლიონში ეპისკოპოსები შეკრიბა.
სასწაულებრივად განკურნების სამადლობელოდ მეფე ხლოდვიგმა გადაწყვიტა გალიიდან არიოზელი ვესტ-გუთები გაეძევებინა, რომლებიც მეფე ალარიხის მეთაურობით აკვიტანიის და პუატუს პროვინციებში ცხოვრობდნენ.
წმინდა ჟენევიევამ მეფე ხლოდვიგს სთხოვა მოციქულთა თავთა - წმინდა პეტრესა და პავლეს სახელზე ლევკოტიტნუსის ბორცვზე ტაძარი აეგო. მან უფალს აღუთქვა, რომ თუ არიოზელთა წინააღმდეგ ლაშქრობიდან საღ-სალამათი დაბრუნდებოდა, ტაძარს ააგებდა. ვიდრე სალაშქროდ წავიდოდა, ტაძარს საფუძველი ჩაუყარა და ბრწყინვალე გამარჯვების შემდეგ ტაძრის მშენებლობა დაიწყო.
წმინდა ჟენევიევას გავლენა და სულიერი ავტორიტეტი იმდენად დიდი იყო, რომ მეფე ხლოდვიგის დამ და ქალიშვილმა ქალწულობის აღთქმა დადეს და თავი ღმერთს მიუძღვნეს.
მეფე ხლოდვიგი 511 წელს გარდაიცვალა და წმინდა პეტრესა და პავლეს მშენებარე ტაძარში დაკრძალეს. მხოლოდ რამდენიმე კვირაღა იცოცხლა წმინდა ჟენევიევამ და ისიც გარდაიცვალა 512 წლის 3 იანვარს და დაკრძალეს მოციქულთა სახელობის ტაძარში.
დედოფალმა კლოტილდამ დაასრულა ტაძრის მშენებლობა. მალე ხალხმა ტაძარს სახელი გადაარქვა და მას ჟენევიევას ბაზილიკა დაარქვეს.
ხოლო მთას, სადაც ადრე ტაძარი იდგა, დღესაც ჟენევიევას მთას ეძახიან.
წმინდა ჟენევიევას გარდაცვალებიდან მალევე, სადაც ხშირად მიდიოდა, ყველგან ტაძრები, ეკვდერები და მონასტრები ააგეს. სოფლებიც კი გაშენდა, რომელსაც წმინდა ჟენევიევას ეძახდნენ. მის მშობლიურ ქალაქში მამამისის სახელზე ტაძარი აიგო.
შიგ მოქცეულია ის ჭა, სადაც წმინდანმა პირველი სასწაული მოახდინა. იმ მინდორზე, სადაც იგი ცხვარს მწყემსავდა, ბაზილიკა ააგეს. ტაძრად გადაკეთდა წმინდა ჟენევიევას სახლი პარიზში და მას მცირე ჟენევიევას ეძახდნენ, იმ მთაზე აღმართული ტაძრისაგან გასარჩევად, სადაც დაკრძალული იყო წმინდა ჟენევიევა.
უკვე VI საუკუნეში, წმინდა ჟენევიევას გარდაცვალებიდან რამდენიმე წელში ამ ბაზილიკის კედლებქვეშ იმართებოდა ადგილობრივი საეკლესიო კრებები. ამიტომაც, გასაგებია, რომ ამ ბაზილიკის გარშემო წარმოქმნილ მონასტერს და სააბატოს უდიდესი კანონიკური და სულიერი მნიშვნელობა ჰქონდა იმ ეპოქაში.
ახალარჩეული ეპისკოპოსი, შემდგომში პარიზის მთავარეპისკოპოსი, ვიდრე შეუდგებოდა თავის საქმიანობას, მანამდე კურთხევა უნდა აეღო წმინდა ქალწულისგან და ამისთვის საგანგებო წესი არსებობდა. ძველ დროში, როდესაც საფრანგეთს რაიმე საფრთხე ემუქრებოდა, ტრადიციულად შეწევნისთვის წმინდა ჟენევიევას მიმართავდნენ და მისი წმინდა ნაწილებით საზეიმო მსვლელობას აწყობდნენ. ისტორიკოსები აღწერენ 75 ასეთ საზეიმო პროცესიას. მასში მონაწილეობდნენ ეპისკოპოსები, მეფე და მისი ამალა, ყველა მონაზვნური ორდენი, და პარიზის სამრევლოები, უნივერსიტეტის რექტორი და პროფესორები.
დასასრული იხილეთ შემდეგ გვერდზე