ღირსი ჟენევიევა 423 წელს დაიბადა (სხვა წყაროებით - 420 წელს) იმპერატორ ჰონორიუსის მეფობისას. მის დაბადებამდე ცოტა ხნით ადრე იმპერატორმა თეოდოსი მეორემ რომის იმპერია შუაზე გაუყო თავის ვაჟებს - აღმოსავლეთი არკადის მისცა, ხოლო დასავლეთი - ჰონორიუსს. წმინდა ჟენევიევას ახალგაზრდობამ იმპერატორ ვალენტინიანე მესამის მეფობისას ჩაიარა. ცხრა იმპერატორს მოესწრო წმინდა ჟენევიევა; მოწმე გახდა იმისა, თუ როგორ დაიპყრო გალია ფრანკების ბელადმა, მევერინგების დინასტიის დამაარსებელმა ხლოდვიგ პირველმა, რომელიც შემდგომში ფრანგების მეფე გახდა და ქრისტიანობა მიიღო. მის ნათლობას ისეთივე მნიშვნელობა ჰქონდა საფრანგეთის ისტორიაში, როგორიც - იმპერატორ კონსტანტინე დიდის ნათლობას რომის ისტორიისთვის.
წმინდა ჟენევიევა ლუტეციიდან შვიდ მილში, მდინარე სენას ნაპირზე გაშენებულ ქალაქ ნანტერაში დაიბადა, რომლის მოსახლეობაც თავს მეთევზეობით და მიწათმოქმედებით ირჩენდა.
ჟენევიევას მშობლები, - სევერუსი და ჰერონცეა ქრისტიანები იყვნენ და ნანტერში მცირე მიწის ნაკვეთი ჰქონდათ, სადაც მათი ქალიშვილი ცხვარს მწყემსავდა. გოგონა 12 წლის იყო, როცა მათ ქალაქში ორი მღვდელმთავარი შეჩერდა, - წმინდა გერმანე ოქსარელი და წმინდა ლუპა ტრუელი.
ნავსადგურში სხვებთან ერთად სტუმრებს ჟენევიევაც დახვდა, მშობლებთან ერთად. ყველა ცდილობდა წმინდა მამებისგან კურთხევის აღებას.
წმინდა გრიგოლმა ყურადღება მიაქცია ჟენევიევას, თავისთან მიიხმო, შუბლზე ეამბორა და მშობლებს ქალიშვილის დიდ მომავალზე უწინასწარმეტყველა, რაზეც ჟენევიევამ თქვა, რომ სხვა დიდი მომავალი არ უნდა, მხოლოდ სურს, ქალწულობა დაიმარხოს და თავი ქრისტეს მიუძღვნას. შემდეგ ეპისკოპოსები ხალხთან ერთად ეკლესიაში შევიდნენ მეცხრე ჟამისა და მწუხრის ლოცვაზე. მთელი ამ ლოცვის მანძილზე წმინდა გერმანეს პატარა ჟენევიევას თავზე ხელი ჰქონდა დადებული და არ აუღია.
მსახურების დასრულების შემდეგ მამამისს სთხოვა, ბავშვი მასთან მეორე დღესაც მიეყვანა.
სევერუსი ასეც მოიქცა. წმინდა გერმანემ ჰკითხა, გახსოვს გუშინ რაც გითხარიო.
გოგონამ უპასუხა:
- "მახსოვს, წმინდა მამაო, რომ დავპირდი ღმერთს, სულისა და ხორცის სიწმინდით განვვლო დარჩენილი ცხოვრება".
- "წარვედ, ჩემო შვილო, და თუ შენ მხნედ აღაშენებ საკუთარი რწმენის მიხედვით შენს ცხოვრებას, მაშინ თვით უფალი იქნება შენი ძალა და სიმტკიცე"!
გოგონასთან საუბრისას წმინდა გერმანემ მიწაზე დაგდებული სპილენძის რომაული მონეტა შეამჩნია, ქრისტეს გამოსახულებით.
- "აიღე ზეციური სასიძოს საჩუქარი, - უთხრა მან გოგონას, - მუდმივად თან ატარე ჩემს გასახსენებლად და დაე, ნურარა სხვა სამკაული ნუ განამშვენებს შენს ყელს, შენს თითებს. რამეთუ თუ შენი სული ცდუნდება ამ სოფლის წარმავალი საუნჯით, მაშინ ვეღარ იხილავს იგი ზეციური და საუკუნო საუნჯის ბრწყინვალებას"!
შემდეგ ჟენევიევა აკურთხა და მღვდელმთავარნი ბრიტანეთში გაემგზავრნენ, პელაგიანელთა ერესის წინააღმდეგ საბრძოლველად.
გაგრძელება იხილეთ შემდეგ გვერდზე