წმინდა ჟენევიევას სამშობლო გალია იყო, დღევანდელი საფრანგეთი. ქრისტეს შობამდე 52 წელს ქვეყანა იულიუს კეისარმა დაიპყრო და რომის ერთ-ერთ პროვინციად გადაიქცა,
ხოლო ძირძველი მოსახლეობა, - კელტები და გალები - შეერივნენ რომაელებს, რომელთაც თან თავიანთი კულტურა, რწმენა და ტრადიციები მოიტანეს. როგორც ყველა რომაული ქალაქი, გალიის ქალაქები კოშკებიანი ქვის გალავნით იყო გარემოცული. შიგნით კი ჰქონდათ თეატრები, არენები, წარმართული ტაძრები.
ასეთი გახლდათ ქალაქი ლუტეცია, დღევანდელი პარიზი, რომლის სიახლოვესაც დაიბადა წმინდა ჟენევიევა და სადაც მან 70 წელზე მეტხანს იცხოვრა.
დღევანდელი საფრანგეთის ტერიტორიაზე ქრისტიანობა პირველ საუკუნეშივე იქადაგეს. ქრისტეს შობიდან 96 წელს გალიაში წმინდა მღვდელმთავარი დიონისე არეოპაგელი ჩამოვიდა მისიონერების ჯგუფთან ერთად. მან შვიდი თანამგზავრი შვიდი ქალაქის ეპისკოპოსად აკურთხა და ხუცეს რუსტიკთან და მთავარდიაკონ ელეფთერთან ერთად ლუტეციაში შეჩერდა.
მან აქ საფუძველი ჩაუყარა გალიის მართლმადიდებელ ეკლესიას. წმინდა დიონისე თანამგზავრებთან ერთად ქალაქგარეთ დასახლდა. მიწისქვეშ მოაწყვეს ტაძარი, სადაც პარიზის პირველი ეპისკოპოსი ლიტურგიას აღავლენდა.
მალე წმინდა დიონისეს და მის თანამგზავრებს რომის ხელისუფლების წინააღმდეგ პროპაგანდა დააბრალეს - შეიპყრეს ისინი და თავები მოჰკვეთეს ქალაქიდან შორს, ტყიან ბორცვზე, სადაც მერკურის საკერპო მდებარეობდა, - დღევანდელ მონმარტრზე (რაც მოწამეთა ბორცვს ნიშნავს), სადაც აღმართულია საკრეკიორის ტაძარი, საითკენაც მარტირის (ანუ მოწამეთა) ქუჩას მივყავართ.
როგორც ყველგან, ქრისტიანობის დევნა გალიაშიც 312 წლამდე გაგრძელდა. მიუხედავად დევნისა, გალიის მართლმადიდებელი ეკლესია იზრდებოდა რიცხვობრივად და სულიერად. მრავალი მსოფლიო და ადგილობრივი მნიშვნელობის წმინდანი დაიბადა მის წიაღში. მათ შორის იყო პარიზის მფარველი, წმინდა ჟენევიევა.
გაგრძელება იხილეთ შემდეგ გვერდზე