იმ დროს ქალაქი ლუტეცია მდინარის შუაში კუნძულ სიტეზე მდებარეობდა, და ნაპირს ორი ხიდით უკავშირდებოდა. ქალაქში აღემართათ წმინდა სტეფანეს სახელობის მშვენიერი ტაძარი. აღმოსავლეთ ნაპირზე ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხის ტაძარი მდებარეობდა, ხიდთან კი იოანე ნათლისმცემლის სახელობის სანათლავი. სწორედ სანათლავის სიახლოვეს იდგა ჟენევიევას ნათლიის სახლი.
ლუტეციაში ჩასვლისთანავე წმინდა ჟენევიევას დამბლა დაეცა და ლოგინად ჩავარდა. სამი დღე გაუნძრევლად იწვა და მას გარდაცვლილადაც კი თვლიდნენ. მაგრამ მალე გონს მოვიდა და ნათლიას მოუყვა, რომ ის უფლის ანგელოზმა წაიყვანა მართალთა სამყოფელში და ანახვეს თუ რა სავანეები განუმზადა უფალმა თავის მოყვარულებს. ამ დროიდან წმინდა ჟენევიევამ დაფარულთმცოდნელობის ნიჭი მიიღო და ზოგიერთებს გამოუცხადებდა დაფარულ ცოდვებს.
წმინდა ჟენევიევა უფრო და უფრო ივსებოდა მოღვაწეობის სულით. 15 წლისა საკვებს მხოლოდ ხუთშაბათსა და კვირას იღებდა და იმასაც - ზეთით შეზავებულ დამბალ ცერცვსა და პურს. მხოლოდ 50 წლისამ შეასუსტა მარხვა, ისიც ეპისკოპოსის კურთხევით და საკუთარ თავს რძისა და თევზის ჭამის ნება მისცა.
ყოველდღიურად ხანგრძლივად ლოცულობდა და ტიროდა. ნათლისღებიდან დიდ ხუთშაბათამდე ლოცვის ღვაწლისთვის სენაკში ჩაიკეტებოდა და არავის ენახვებოდა.
მაგრამ გამოჩნდნენ შურიანი ადამიანები, რომლებიც წმინდა ჟენევიევაზე ამბობდნენ, მატყუარა და ფარისეველია და მისი ასკეტური ცხოვრება მოჩვენებითიაო. როცა ლუტეციაში წმინდა გერმანე ჩამოვიდა, მთელი ქალაქი გაემართა მღვდელმთავრის შესახვედრად.
წმინდანმა ჟენევიევას ამბავი იკითხა. მტრად მოკიდებულმა ხალხმა წმინდა გერმანეს უთხრა, ჟენევიევა შენი ყურადღების და პატივისცემის ღირსი აღარ არისო. მაგრამ, წმინდა გერმანემ ყური არ უგდო მათ ნათქვამს, ლუტეციაში შესვლისთანავე წმინდა ჟენევიევას სახლისკენ გაემართა და იგი დიდი პატივისცემით მოიკითხა.
წმინდა გერმანეს საქციელმა ყველა გააოცა. წმინდა გერმანემ კიდევ ერთხელ შეასხა ხოტბა თავის სულიერ შვილს და გზა გააგრძელა. წმინდა ჟენევიევას კი იმ ქალწულთა სულიერი ხელმძღვანელობა დაავალა, ვისაც მისი მიბაძვა და უქორწინებლობის აღთქმის დადება სურდა. შემდგომში ამ ქალწულთა დასს მეფე ხლოდვიგის და და ქალიშვილიც შეუერთდნენ, - მათ ღმერთს მიუძღვნეს ცხოვრება.
გაგრძელება იხილეთ შემდეგ გვერდზე