შინაგანი უთანხმოებებით დაუძლურებული რომის იმპერია საკუთარ საზღვრებს ვეღარ იცავდა.
451 წელს ჰუნებმა ატილას მეთაურობით გადალახეს რაინი და გალიაში შეიჭრნენ.
ამ დროს წმინდა ჟენევიევა 28-29 წლის იყო. ატილა ორლეანისკენ დაიძრა. გზად პარიზი უნდა გაევლო.
შეშინებულმა პარიზელებმა სარჩო-საბადებელი მოკრიბეს და უსაფრთხო ადგილას აპირებდნენ გაქცევას", მაგრამ წმინდა ჟენევიევა არწმუნებდა, ქალაქი არ დაეტოვებინათ, რადგან პარიზი გადარჩებოდა, ხოლო სადაც გაქცევას აპირებდნენ, ცეცხლს მიეცემოდა.
მან ქალები დაარწმუნა შეკრებილიყვნენ სანათლავთან და სინანულით ელოცათ, რათა უფალს შეეწყალებინა მათი ქალაქი. მაგრამ ამ ქალების ქმრები განრისხდნენ, წმინდა ჟენევიევას ღალატი დასწამეს და ჩაქოლვა დაუპირეს. ამ დროს მას გამოესარჩლა მთავარდიაკვანი სედულიუსი:
- თანამოქალაქენო, - მიმართა მან, - ნუ მოკლავთ იმას, ვისზეც წმინდა გერმანემ ბრძანა, რომ ის ღმერთმა დედის მუცელშივე გამოირჩია! და ბრბოს უჩვენა ის საჩუქარი, რომლის ჟენევიევასთვის გადაცემა უბრძანა წმინდა გერმანე სიკვდილის წინ.
წმინდა გერმანეს სახელის ხსენებამ დაამშვიდა აბობოქრებული ხალხი. ყველამ ერთხმად აღავლინა ტაძრებში ლოცვა და უფალმაც შეიწყალა ისინი.
ატილამ საკმაოდ შორიდან შემოუარა პარიზს და ორლეანში შეიჭრა. წმინდა ჟენევიევას ლოცვით პარიზი გადარჩა.
ორი წლის შემდეგ, როცა ატილამ კვლავ დააპირა გალიაში შეჭრა, უეცრად ავად გახდა და მოკვდა. მისი სიკვდილის შემდეგ ჰუნების სამეფო დაიშალა.
უსაზღვროდ უყვარდა წმინდა ჟენევიევას ადამიანები, ეხმარებოდა მათ სიტყვით და საქმით. მონებს, ტყვეებს და ტუსაღებს, ყველა დამცირებულს და დაბეჩავებულს, მფარველად და შუამდგომლად ჰყავდათ წმინდა ჟენევიევა.
თვით გულქვა წარმართებიც ვერ ეწინააღმდეგებოდნენ მის სათხოვარს და სურვილს უსრულებდნენ. მეფე ხომ უარს ვერაფერზე ეუბნებოდა.
ერთხელ მეფე ხილდრიგმა პარიზის ალაყაფის კარის დაკეტვა ბრძანა, რათა წმინდა ჟენევიევა არ შესულიყო, რადგან ეშინოდა, სასიკვდილოდ განწირული ტყვეების შეწყალება არ ეთხოვა.
წმინდანმა მეფის განზრახვა რომ შეიტყო, ისწრაფა პარიზისკენ და როგორც კი შეეხო დაკეტილ კარს, ის თავისით გაიღო. წმინდანი სასახლისკენ გაემართა და მისი შეჩერება ვერავინ გაბედა. მეფე ხილდრიგს კი მოწყალების გამოეჩინამ მოუწია.
გაგრძელება იხილეთ შემდეგ გვერდზე