ჟენევიევამ ეპისკოპოსები გააცილა და უფრო მეტი გულმოდგინებით ესწრებოდა საეკლესიო ღვთისმსახურებას. მალე ამის გამო მას დედა გაუწყრა, რადგან ის ქალიშვილისგან შინ დარჩენას და საოჯახო საქმეების კეთებას მოითხოვდა.
ერთხელაც დედა ისე განრისხდა, რომ ქალიშვილს კისერში წამოარტყა და ის... მაშინვე დაბრმავდა.
ოცდაერთი თვე ჰერონცეა ბრმა იყო. ბოლოს, ამ უბედურებამ ქალი ჩააფიქრა. გაიხსენა, რასაც ამბობდა ჟენევიევაზე წმინდა გერმანე და გადაწყვიტა, ქალიშვილისგან შენდობა ეთხოვა. გოგონას წყლის მოტანა სთხოვა. ჟენევიევა ჭასთან ჩამოჯდა და დედის გამოჯანმრთელებისთვის ლოცვას შეუდგა. მისი ცრემლები ჭიდან ამოღებულ წყალს შეერია. შინ დაბრუნდა, დედის თხოვნით წყალზე ჯვარი გამოსახა.
ჰერონცეა მხურვალედ შეევედრა უფალს და შემდეგ ამ წყლით პირი დაიბანა. სამჯერ დაბანის შემდეგ, სიბრმავისაგან სავსებით განიკურნა.
ეს პირველი სასწაული გახლდათ, რომელიც წმინდა ჟენევიევას ლოცვით აღესრულა.
იმ დროის ქრისტიანს, რომელსაც ქალწულთა დასთან შეერთება სურდა, ორი გამოცდა უნდა ჩაებარებინა. ჯერ მცირე ხნით, მერე უკვე ხანგრძლივად დაიწყებდა მოსაგრეობას, რის შემდეგაც ქალწულობის აღთქმას დებდა და ეპისკოპოსი მასზე კურთხევის წესს აღასრულებდა. გოგონას კი წითელ ან იისფერ თავსაფარს შემოაკრავდნენ.
ასეთი გზა გაიარა წმინდა ჟენევიევამაც. 14 წლისა სხვა ორ გოგონასთან ერთად ქალწულად კურთხევისთვის ეპისკოპოსთან, წმინდა მარკელთან მიიყვანეს. ჟენევიევა, როგორც ყველაზე უმცროსი, ბოლო მიდიოდა. ეპისკოპოსმა თქვა:
- "უკან ვინც მოდის, დაე, პირველი წამოვიდეს, რადგანაც უფალს უნდოდა რომ სრულყოფილებისკენ მიმავალს ადრევე გამოეღო ამდენი ნაყოფნი. იგი ზეციდან უკვე იკურთხა. მიიღე, ჩემო შვილო, თავსაფარი და უფლის საშინელ სამსჯავრომდე დაულაქავებელი ატარე".
წმინდა ჟენევიევა პირველი აკურთხეს. იმ დროიდან მან მთლიანად ღმერთს მიუძღვნა ცხოვრება.
თუმცა, იმ დროს გალიაში უკვე რამდენიმე დედათა მონასტერი იყო, მაგრამ ქალწულთა უმეტესობა ერში, ოჯახებში რჩებოდა და ურთიერთობა ჰქონდა ერისკაცებთან. თავის ქონებას სურვილისამებრ თავისუფლად განაგებდნენ. წმინდა ჟენევიევაც მშობლებთან ცხოვრობდა.
მალე მისი მშობლები ეპიდემიას ემსხვერპლნენ. წესი მოითხოვდა, რომ ღირს ჟენევიევას მშობლების სიკვდილის შემდეგ ღვთისათვის შეწირულ ქალწულებზე, ხანში შესულ ქალებს ეზრუნათ, რომლებიც თავიანთი ჭკუა-გონებით გამოირჩეოდნენ. წმინდა ჟენევიევა ნანტერადან ლუტეციაში თავის ნათლიასთან გადავიდა საცხოვრებლად.
გაგრძელება იხილეთ შემდეგ გვერდზე