მეფე ხილდირგის ვაჟი ხლოდვიგი დამპყრობელი და დიპლომატი იყო. მან ნელ-ნელა განდევნა რომაელები და მთელი გალიის ხელმძღვანელი გახდა.
თუმცა წარმართი იყო, მაგრამ ინდობდა და პატივს სცემდა ეპისკოპოსებს, რადგანაც მათ დიდი გავლენა ჰქონდათ ქვეყანაში.
486-487 წლებში ფრანკებმა ალყა შემოარტყეს პარიზს. ეს ერთ-ერთი ეტაპი იყო ხლოდვიგის რომაელთა წინააღმდეგ ბრძოლაში.
ფრანკების ხუთწლიანი ალყის გამო ქალაქში საშინელი შიმშილი ჩამოვარდა და ბევრი პარიზელი იმსხვერპლა.
მაშინ წმინდა ჟენევიევამ შეკრიბა გემები და საწყალოსნო გზით ქალაქ არსისში წავიდა პროდუქტის მოსატანად.
ქალაქში შესვლისთანავე ტრიბუნმა პასცივნუსმა თავისი პარალიზებული ცოლი მოუყვანა და განკურნება სთხოვა.
ღირსმა დედამ მას ჯვარი გამოსახა და წამოდგომა უბრძანა, ქალი დაემორჩილა და განკურნებული წამოდგა. წმინდა ჟენევიევამ თავისი თანამგზავრები პურის მოსაგროვებლად გაგზავნა, თვითონ კი ქალაქ ტრუაში გაემგზავრა, სადაც მრავალი ადამიანი გამოვიდა მის შესახვედრად და მრავალი განკურნა. წმინდანი ჯვარს გამოსახავდა წყალს, შეასმევდა სნეულს და ისიც იკურნებოდა.
შემდეგ წმინდა ჟენევიევა არსისში დაბრუნდა, იქ რამდენიმე დღე დაჰყო, უკან დაბრუნებულს კი გზად დიდი განსაცდელი ელოდა.
ქარმა ხომალდები ნაპირზე მიყარა და წაფერდებულები უკვე წყლით ივსებოდნენ და საცაა, ჩაიძირებოდნენ. წმინდა ჟენევიევამ
აღაპყრო ხელები ზეცად და ღმერთს შეწევნა სთხოვა, უფალმაც ისმინა მისი და პურით დატვირთული თერთმეტივე ხომალდი გადარჩა. წმინდანი მშვიდობიანად დაბრუნდა ქალაქში და თავის მორჩილ ქალწულებთან ერთად სურსათის დარიგებას შეუდგა.
შეძლებისდაგვარად ყველას დაეხმარა განსაკუთრებით ამ შიმშილობის ჟამს დაგლახაკებულებს. მისი მორჩილები უთენია მიდიოდნენ ფურნეში, პურს აცხობდნენ და ცხელ-ცხელს ურიგებდნენ ხალხს.
ხლოდვიგმა პარიზი აიღო.
წმინდა ჟენევიევას ის უფრო მეტი პატივითა და სიყვარულით ეპყრობოდა, ვიდრე მამამისი. ხლოდვიგი უარს ვერაფერზე ეუბნებოდა წმინდანს, რომლის შუამდგომლობითაც მან უამრავი სიკვდილმისჯილი შეიწყალა. პარიზი მალე გალიის დედაქალაქი გახდა.
გაგრძელება იხილეთ შემდეგ გვერდზე