მრავალ სასწაულს იხილავთ წმინდა ჟენევიევას ცხოვრებაში.
ერთხელ ერთმა ქალმა მას ფეხსაცმელები მოპარა. მაგრამ ქურდმა შინ მისვლა ვერ მოასწრო, რომ დაბრმავდა. მიხვდა, რომ ღმერთმა ის ქურდობისთვის დასაჯა. ნაქურდალი პატრონს დაუბრუნა და აცრემლებულმა შენდობა სთხოვა. წმინდანმა გაუღიმა, მუხლებში ჩავარდნილი წამოაყენა, ჯვარი გადასახა და ქალი მაშინვე განიკურნა.
მეორე ქალს აინტერესებდა, რას აკეთებდა წმინდანი, როცა კელიაში დაეყუდებოდა ხოლმე. როგორც კი მისი კელიის კარს შეეხო, დაბრმავდა. ეს დიდმარხვაში მოხდა. საცოდავ ქალს დიდ ხუთშაბათამდე მოუწია მოცდამ, ვიდრე წმინდანმა კელია დატოვა. წმინდა ჟენევიევამ ჯვარი გამოსახა ქალს თვალზე და განკურნა.
წმინდა ჟენევიევას ძალზე უყვარდა მომლოცველობა და ხშირად ჩადიოდა სენ-დენში (ასე დაერქვა სოფელ კატეას მას მერე, რაც იქ წმინდა დიონისე არეოპაგელის სახელობის ბაზილიკა ააგეს) წმინდა დიონისეს წმინდა ნაწილთა თაყვანისსაცემად; ასევე მოილოცავდა ქალაქ ტურში წმინდა მარტინის საფლავს და ორლეანში წმინდა აგნის საფლავს. ამ მომლოცველობისას უამრავი სასწაული ხდებოდა.
ერთხელ წმინდა ჟენევიევა ქალაქ რეიმსში მიდიოდა ეპისკოპოს რემიგიუსთან და ქალაქ ლაონს მიუახლოვდა, მასთან შესახვედრად ხალხი გამოვიდა. მათ შორის იყო დამბლადაცემული ცხრა წლის გოგონას მშობლებიც, რომლებმაც მას თავიანთი შვილის მონახულება სთხოვეს. წმინდა ჟენევიევა გოგონას თავთან დადგა, ილოცა, შემდეგ კი ბავშვს უბრძანა, წამომდგარიყო და ჩაეცვა. ყრმა განკურნებული წამოდგა, ტანთ ჩაიცვა და ტაძარში წავიდა ღვთისთვის მადლობის შესაწირად.
ერთხელ წმინდა ჟენევიევა ორლეანში წმინდა აგნის საფლავთან ლოცულობდა. ამ დროს მას მუხლებში ჩაუვარდა დედაკაცი, სახელად ფრატერნა, რომელიც მას სიკვდილის პირას მისული ქალიშვილის გადარჩენას სთხოვდა.
- ნუ ჯავრობ, შენი ქალიშვილი ჯანმრთელია! - უთხრა ქალს წმინდანმა; მართლაც, განკურნებული გოგონა წმინდა ჟენევიევასთან ერთად შინ დაბრუნებულ დედას შეეგება.
იმ დროს, აღმოსავლეთით, ანტიოქიის სიახლოვეს, ცხოვრობდა უდიდესი მოსაგრე წმინდა სვიმეონ მესვეტე.
ღირს მამასთან ყველა მხრიდან უამრავი ადამიანი მიდიოდა. მათ შორის იყვნენ პარიზელი ვაჭრებიც. წმინდა სვიმეონი ყოველთვის გამოკითხავდა მათ წმინდა ჟენევიევას ამბავს, მოკითხვას დააბარებდა მასთან და ლოცვასა სთხოვდა.
ამგვარი სულიერი კავშირი იყო უდიდეს მოსაგრესა და უბრალო ღვთისთვის შეწირულ ადამიანს შორის, რომლის ღვაწლიც მკვეთრად განსხვავდებოდა წმინდა სვიმეონის მოსაგრეობის გზისგან.
გაგრძელება იხილეთ შემდეგ გვერდზე