წმ. ფრიდესვიდა ოქსფორდელი (+ 735) - ხსენება 19 ოქტომბერს (01 ნოემბერი).
წმ. ფრიდესვიდა ოქსფორდელი (+ 735) - ხსენება 19 ოქტომბერს (01 ნოემბერი).
წმინდა ფრიდესვიდას ხსენება აღინიშნება 19 ოქტომბერს/1 ნოემბერს (გარდაცვალება) და 12/25 თებერვალს (წმინდა ნაწილების გადასვენება)

1000 წლის განმავლობაში ღირსი ფრიდესვიდა (ფრიტუსვიტი, ფრიტა, ფრისი) ითვლება ინგლისის ქალაქ ოქსფორდის ("ხარის ფონი") ზეციურ მფარველად, და 500 წელზე მეტია - ოქსფორდის უნივერსიტეტის მფარველად. სახელი "ფრიდესვიდა" შედგება ორი ნაწილისგან, რომლებიც ნიშნავს "მშვიდობასა" და "ძლიერს".

სამწუხაროდ, მისი ცხოვრების ადრეული ვერსიები არ შემორჩა. ამ წმინდანის შესახებ მოგვითხრობდა XII საუკუნის დასაწყისში ისტორიკოსი უილიამ მალმსბერიელი, მაგრამ ყველაზე ცნობილი ლათინური შუასაუკუნეობრივი თხრობა ფრიდესვიდას ცხოვრების შესახებ ეკუთვნის რობერტ კრიკლეიდელს, ოქსფორდში წმინდა ფრიდესვიდას მონასტრის წინამძღვარს 1150-დან 1175 წლამდე. ეს და სხვა ვერსიები ცხოვრებისა თანხმდებიან ძირითად მოვლენებში, მაგრამ განსხვავდებიან მრავალ დეტალში. თხრობა ოქსფორდის მფარველის შესახებ შეტანილია აგრეთვე XIII-XIV საუკუნეების კრებულში "სამხრეთ ინგლისის ლეგენდები". ჩვენს დროში ფრიდესვიდას ცხოვრება საფუძვლიანად შეისწავლა ოქსფორდის უნივერსიტეტის პროფესორმა ჯონ ბლერმა, რომელიც სპეციალიზდება ანგლო-საქსური პერიოდის ბრიტანეთში.

წარმოშობა და ბავშვობა

მომავალი წმინდანი დაიბადა 680 (სხვა ვერსიით: 665) წელს ამჟამინდელი ოქსფორდშირის საგრაფოს დასავლეთში, რომელიც მაშინ იყო ადრეული დიდი ინგლისური მერსიის სამეფოს პროვინცია, მეზობელ უესექსის სამეფოსთან საზღვარზე. მამამის ერქვა დიდა (სხვა ფორმები: დიდანი და დიდდა), ხოლო დედას - სეფრიდა. როგორც ჩანს, ფრიდესვიდას მშობლები იყვნენ ღვთისმოსავი ქრისტიანები. ითვლება, რომ დიდა იყო მერსიაზე დამოკიდებული პროვინციის მმართველი, რომელიც მოიცავდა დასავლეთ ოქსფორდშირს და მდინარე თემზის სათავეებს ამავე რეგიონში. მშობლებმა პატარა ფრიდესვიდა აღსაზრდელად მიაბარეს ელგიტას, წმინდა ცხოვრების ქალს ოქსფორდშირის ქალაქ დიდკოტიდან, რომელმაც ის გაზარდა.

მართალი ქალის გავლენით ახალგაზრდა ფრიდესვიდამ შეიყვარა სახარება და მთელი სულით სურდა მიეძღვნა თავისი ცხოვრება ღვთის მსახურებისთვის უმანკოებასა და სიწმინდეში. ამბობდნენ, რომ პატარა ფრიდესვიდამ შვიდი წლის ასაკში ზეპირად იცოდა მრავალი ფსალმუნი. პატარაობიდანვე ღვთისმსახურმა დაიწყო უკიდურესად მკაცრი ცხოვრება თავშეკავებით. ის იკვებებოდა ქერის პურითა და მწვანილით, სვამდა მხოლოდ წყალს. ლოცვასა და ღამისთევაში ატარებდა დღესა და ღამეს, ქალიშვილს სურდა გამხდარიყო მონაზონი. წმინდა ქალწულის ცხოვრებისეული პრინციპი იყო შემდეგი სიტყვები: "ყველაფერი, რაც არ არის ღმერთი, არაფერი არ არის". ფრიდესვიდას დედა გარდაიცვალა, როცა ის მოზარდი იყო, და ქალიშვილია დროებით დაბრუნდა მამის სახლში. იმ დროს ოქსფორდშირის დიდი ნაწილი დაფარული იყო ხშირი ტყით, ხოლო ოქსფორდი წარმოადგენდა პატარა და ნაკლებად ცნობილ სოფელს.

ჩემი ერთადერთი სასიძო - ქრისტეა

ერთი ვერსიით, დიდას სურდა შესაფერისი საქმრო ეპოვა თავისი ლამაზი და ბრძენი ქალიშვილისთვის, მაგრამ, როცა გაიგო, რომ მას გადაწყვეტილი ჰქონდა ქალწულობის აღთქმის დადება და უფლისთვის მსახურება სიწმინდეში, შეურიგდა და განკარგულება გასცა მისი მონაზვნად აღკვეცის შესახებ. სხვა ვერსიით, დიდამ თავიდანვე იცოდა თავისი შვილის გულის სწრაფვის შესახებ: მან გამოყო მიწები ოქსფორდში, ბამპტონსა და ეინშემში სამონასტრო სავანეების დასაარსებლად და ოქსფორდის მონასტერი ფრიდესვიდას ჩააბარა. როგორც არ უნდა ყოფილიყო, წმინდა ფრიდესვიდა ძალიან ახალგაზრდა ასაკში ჩაუდგა სათავეში ღვთისადმი ერთგული მონაზვნების თემს ოქსფორდში. ცოტა მოგვიანებით მონასტერი გახდა ორმაგი (მონაზონ მამათა და მონაზონ დედათა განცალკევებული თემებით, რომლებიც ერთ ეკლესიაში ლოცულობდნენ), ის ეძღვნებოდა ყოვლადწმინდა ღვთისმშობელს.

ყველა გვიანდელი ცხოვრება წმინდანისა მოგვითხრობს, რომ პრინცი (სხვა ვერსიით, მეფე ან მთავარი) სახელად ელფგარი (ასევე ალგარი) ცდილობდა ფრიდესვიდასთვის ხელის თხოვნას, როცა ის უკვე იღუმენია იყო ოქსფორდში. წმინდანმა უპასუხა, რომ მისი ერთადერთი სასიძო არის ქრისტე, და რომ მან დადო უქორწინებლობის აღთქმა, რათა ემსახუროს მისთვის მთელი დარჩენილი ცხოვრება. განრისხებულმა ელფგარმა გადაწყვიტა ძალით აეძულებინა ფრიდესვიდა გაჰყოლოდა ცოლად ან თუნდაც მოეტაცა იგი. თხრობები იმის შესახებ, რაც შემდეგ მოხდა, განსხვავდება, მაგრამ ყველა მათგანი თანხმდება იმაში, რომ ღვთის მადლით ელფგარის ყველა ბოროტი ჩანაფიქრი კრახით დასრულდა. თავდაპირველად მან შეკრიბა თავისი ამალა და უბრძანა მეომრებს შეჭრილიყვნენ ოქსფორდში, შეეპყროთ ფრიდესვიდა და ძალით მიეყვანათ მასთან. მაგრამ როგორც კი მისი ხალხი მიუახლოვდა სავანეს, ყველა მათგანი მყისვე დაბრმავდა და პანიკაში ჩავარდნილები გაიქცნენ ოქსფორდიდან. შემდეგ ელფგარი თვითონ ჩავიდა ოქსფორდში, იღუმენიას მოტაცების განზრახვით. მაგრამ ანგელოზმა წინასწარ გააფრთხილა ფრიდესვიდა საფრთხის შესახებ, და მან მოასწრო მალულად დაეტოვებინა ოქსფორდი, თან ახლდა ორი მონაზონი. მათ მიაღწიეს თემზის ნაპირს და ჩასხდნენ ნავში, რომელიც მათთვის საღვთო განგებულებით იყო მომზადებული. ლტოლვილებმა იცურეს მდინარით, სანამ არ გაჩერდნენ ადგილზე, რომელიც რამდენიმე წლით მათი თავშესაფარი გახდა.

სხვადასხვა მეცნიერი ამ ადგილს აიგივებს ბინსისთან ოქსფორდშირში, ბამპტონთან იმავე საგრაფოში და ფრაილშემთან მეზობელ ბერკშირში. მიუხედავად იმისა, რომ თითოეული მათგანი მდინარეზე დგას და აქვს ძველი ეკლესია წყაროთი, ბინსი ყველაზე სავარაუდო კანდიდატია: ეს ადგილი მდებარეობს ოქსფორდიდან ერთ მილზე ნაკლებ მანძილზე და აქვს დოკუმენტურად დადასტურებული კავშირი წმინდანთან. როგორც არ უნდა ყოფილიყო, ფრიდესვიდა თანმხლებლებთან ერთად დასახლდა მიტოვებულ ბოსელში ხშირი ტყეების შუაგულში, ახლოს სუფთა წყლის წყაროსთან, სადაც მოღვაწეობდნენ ლოცვასა და ჭვრეტაში.

დრო გადიოდა. ელფგარი არ ნებდებოდა და ცდილობდა ეპოვა ფრიდესვიდა ნებისმიერ ფასად. ბოლოს მან იპოვა მისი განდეგილის საცხოვრებელი და აპირებდა მის შეპყრობას. მაგრამ ღვთისმსახურმა უკანასკნელ მომენტში შეავედრა თავი წმინდა ქალწულმოწამეებს ეკატერინესა და კიკილიას, და - ჰოი საკვირველებავ - ბოროტმოქმედი მაშინვე დაბრმავდა! მხოლოდ მას შემდეგ, რაც ელფგარმა გულწრფელად მოინანია, ბევრი ცრემლი დაღვარა და დაპირდა წმინდანს, რომ სამუდამოდ მოასვენებდა, მან აღავლინა მისთვის ლოცვა, ნება დართო დაბანილიყო სამკურნალო წყაროში - და პრინცს მაშინვე აღუდგა მხედველობა. მას შემდეგ მას აღარასოდეს უდევნია ფრიდესვიდასთვის.

ოქსფორდელი იღუმენია და სასწაულთმოქმედი

ამის შემდეგ წმინდა ქალწული დაბრუნდა ოქსფორდში, სადაც, როგორც ბრძენი, მოსიყვარულე და მზრუნველი იღუმენია, ემსახურებოდა თავის ბერებსა და მონაზვნებს, შეკრიბა რა დიდი თემი. მონასტერთან წინამძღოლმა ფრიდესვიდამ გახსნა სკოლა და საავადმყოფო. წმინდანი განსაკუთრებით ზრუნავდა გაჭირვებულებზე, მშივრებზე, უსახლკაროებზე, სასოწარკვეთილებზე და საზოგადოებისგან გარიყულებზე – ყველაზე, ვისაც დახმარება სჭირდებოდა. უფალი ახდენდა სასწაულებს ფრიდესვიდას ლოცვებით – როგორც მისი სიცოცხლის დროს, ისე მისი განსვენების შემდეგ. ის ლოცვით კურნავდა მრავალ სხეულებრივ და სულიერ სნეულებას – ამის უთვალავი მაგალითი არსებობს. ერთხელ მან დაუბრუნა მხედველობა ქალს, რომელიც შვიდი წლის განმავლობაში ბრმა იყო; სხვა დროს – განდევნა დემონი ეშმაკეული კაცისგან, რომელიც დიდხანს იტანჯებოდა უწმინდური სულისგან; ერთხელ კი თვით ეშმაკიც კი ამხილა და განდევნა, რომელიც მასთან მივიდა და ცდილობდა მის ცდუნებას ქების გზით. ცნობილია შთამბეჭდავი ისტორია იმის შესახებ, თუ როგორ მიუახლოვდა ერთხელ ფრიდესვიდას ქუჩაში კეთროვანი და უთხრა: "ჰოი, წმინდაო ღირსო დედაო ფრიდესვიდა! გემუდარები ქრისტეს, ყოვლისშემძლე ღმერთის სახელით, მაკოცე!" წმინდანმა უმცირესი ყოყმანის გარეშე გადასახა ჯვარი და აკოცა ამ დაავადებისგან დამახინჯებულ ადამიანს. ღვთის მადლის ზემოქმედებით მან განკურნება მიიღო იმავე წუთს, და მისი კანი გახდა ჯანმრთელი და სუფთა, როგორც ბავშვისა. ხალხი, რომელიც სხვადასხვა სნეულებით იტანჯებოდა, ყველგან მისდევდა ფრიდესვიდას, ითხოვდა რა მის ლოცვებს, და მრავალი იღებდა განკურნებას. დიდება საოცარი წმინდანი იღუმენიისა და მკურნალის შესახებ გავრცელდა მთელ ქვეყანაში, და მრავალს უყვარდა და პატივს სცემდა ფრიდესვიდას როგორც წმინდანს უკვე სიცოცხლეშივე.

სიცოცხლის ბოლო წლებში ფრიდესვიდა, რომელსაც უყვარდა განმარტოებით ლოცვა, თემის თანხმობით განმარტოვდა ერთ მიყრუებულ უკაცრიელ ადგილას (სავარაუდოდ, ბინსიში), სადაც დაყუდებულის ცხოვრებას ეწეოდა. იქ მისი ლოცვებით ამოხეთქა სუფთა წყლის წყარომ, რომელიც დღემდე ცნობილია თავისი სამკურნალო თვისებებით – უკვე თითქმის 1300 წელია! ღირსი იღუმენია მიიცვალა უფლის წინაშე 727 (სხვა ვერსიით, 735) წელს და დაკრძალულ იქნა თავის მონასტერში ოქსფორდში, ყველასგან პატივცემული. სამწუხაროდ, XI საუკუნის ხანძარში დაიღუპა მონასტრის ადრეული მატიანე, მაგრამ სრულიად ცხადია, რომ წმინდა ფრიდესვიდას თაყვანისცემა გავრცელდა მთელს ოქსფორდშირში, ბერკშირში და, შესაძლოა, სხვა მახლობელ საგრაფოებშიც.

გარდაცვალების შემდგომი პატივისცემა

დროთა განმავლობაში წმინდა ფრიდესვიდას წმინდა ნაწილების მცირე ნაწილები სხვა ინგლისურ მონასტრებში გადაიტანეს: მაგალითად, რედინგის სააბატოში ბერკშირში, ჰაიდში ჰემპშირში და უოლთემში ესექსში. და რაც მთავარია - მისი მონასტრის გარშემო დაარსდა, გაიზარდა და განვითარდა ქალაქი ოქსფორდი. ეს მართლაც საოცარი ისტორიაა იმის შესახებ, თუ როგორ გაჩნდა VII საუკუნის ბოლოსა და VIII საუკუნის დასაწყისის პატარა სამეფოს პრინცესას წყალობით მსოფლიოში უმნიშვნელოვანესი საუნივერსიტეტო ცენტრი და ქალაქი ოქსფორდი, რომელიც მის დროს მხოლოდ ტყით გარშემორტყმული სოფელი იყო! ჯერ კიდევ საქსონურ (ნორმანებამდელ) ეპოქაში ფრიდესვიდა ოქსფორდის მფარველად გამოაცხადეს, ხოლო XV საუკუნის დასაწყისში ოქსფორდის უნივერსიტეტმა იგი თავის ზეციურ მფარველად გამოაცხადა, რომლადაც იგი დღემდე რჩება. მიუხედავად იმისა, რომ ოქსფორდის უნივერსიტეტის დაარსების ზუსტი თარიღი უცნობია, მისი სწრაფი განვითარება 1167 წლის შემდეგ დაიწყო, ხოლო პირველი კოლეჯი 1249 წელს გაიხსნა. ამჟამად უნივერსიტეტში 38 კოლეჯია.

შუა საუკუნეებში ათასობით პილიგრიმი მოედინებოდა წმინდა ფრიდესვიდას საფლავთან ოქსფორდში და მასთან დაკავშირებულ წყაროებთან. მრავლად იყო დაფიქსირებული სიბრმავის, სიყრუის, მუნჯობის, პარალიზების, სხვადასხვა სახის სიმსივნეების, კეთრის, წყალმანკის, ართრიტის, წყლულების, კენჭების, იშიასის, კუჭ-ნაწლავის დაავადებების, ცხელების, უნაყოფობისა და შეშლილობის განკურნების შემთხვევები. მეფეები და დედოფლებიც სტუმრობდნენ ფრიდესვიდას საფლავს, მაგალითად, ჰენრი III, ედუარდ I და ეკატერინე არაგონელი. სამეფო ოჯახის წევრებმა ხელი შეუწყვეს ამ ადგილის განსწავლულობის ცენტრად ქცევას.

ორი წმინდა წყარო, ფრიდესვიდასთან დაკავშირებული

დღეს წმინდა დედა ფრიდესვიდას განსაკუთრებით პატივს სცემენ მართლმადიდებელი ქრისტიანები, ასევე ზოგიერთი კათოლიკე და ანგლიკანი. ბერკშირის საგრაფოს სოფელ ფრაილშემში დგას XII საუკუნის სამრევლო ტაძარი, რომლის გვერდითაც მდებარეობს უძველესი წმინდა წყარო - ორივე წმინდა ფრიდესვიდას სახელზეა ნაკურთხი. ჩვენამდე მოღწეული გადმოცემების თანახმად, ამ წყაროსთან სიარული უყვარდათ პატარძლებს თავიანთი საქმროების "ერთგულების შესამოწმებლად". წყაროში სავარაუდოდ ცხოვრობდა "მფურთხებელი გომბეშო", რომელიც წყლიდან არ ამოდიოდა, თუ ახალგაზრდა კაცის განზრახვები კეთილშობილური იყო; მაგრამ თუ გოგონას რჩეული არაკეთილსინდისიერი იყო, ის მყისიერად "შეფურთხებული" აღმოჩნდებოდა ხოლმე. მსგავსი ტიპის ბევრი სხვა საინტერესო ისტორიითაა გარემოცული ქვეყნის სხვა ძველი წყაროებიც, ზოგჯერ ფოლკლორული ელემენტებით.

უდავოდ ყველაზე ცნობილია წყარო ბინსის დასახლებაში, ოქსფორდიდან ოდნავ ჩრდილო-დასავლეთით, რომელიც, როგორც ზემოთ აღინიშნა, ფრიდესვიდას მხურვალე ლოცვების წყალობით გაჩნდა. წყაროს გვერდით დგას XII საუკუნის ეკლესია, რომელიც წმინდა მარგარიტას (მარინა ანტიოქიელის) სახელზეა ნაკურთხი. მიუხედავად იმისა, რომ ეკლესიის ინტერიერი მარტივია, მნახველები გრძნობენ სითბოს, ლოცვისა და სიწმინდის ატმოსფეროს. თავად წყაროს კი, მიუხედავად იმისა, რომ იგი წმინდა მარგარიტას სახელზეა ნაკურთხი (ისევე როგორც ეკლესია), ხალხში "წმინდა ფრიდესვიდას წყაროს" უწოდებენ. საყურადღებოა, რომ ის არის პროტოტიპი "ბადაგის ჭის" ყველასთვის საყვარელ წიგნში "ალისას თავგადასავალი საოცრებათა ქვეყანაში"! მისი ავტორი, ჩარლზ ლუტვიჯ დოჯსონი (ლიტერატურული ფსევდონიმით ლუის კეროლი; 1832-1898), მათემატიკას ასწავლიდა ოქსფორდის უნივერსიტეტის ქრაისთ-ჩერჩის (ქრისტე-მაცხოვრის სახელობის) კოლეჯში, რომლის ტერიტორიაზეც მდებარეობს საკათედრო ტაძარი, სადაც დაცულია წმინდა ფრიდესვიდას წმინდა ნაწილები. კეროლის წიგნის მთავარი გმირის პროტოტიპი კი გახდა ელის ლიდელი (1852-1934), ქრაისთ-ჩერჩის კოლეჯის დეკანის ქალიშვილი.

ბინსის წყაროსთან რეგულარულად ხორციელდება მართლმადიდებელთა პილიგრიმობა, და ყოველწლიურად ოქსფორდის წმინდა ნიკოლოზის რუსული მართლმადიდებლური თემი ატარებს მისი წყლის კურთხევას. ამ წყაროს წყლისგან თანამედროვე პერიოდში გავრცელებულ სასწაულებს შორის არის თვალის დაავადებებისგან განკურნება და დაფეხმძიმებაში შეწევნა.

რა ბედი ეწია წმინდა ფრიდესვიდას მონასტერს

წმინდა ფრიდესვიდას მიერ დაარსებული ღვთისმშობლის სახელობის მონასტერი ოქსფორდში რამდენიმე საუკუნის განმავლობაში არსებობდა. მთავარი სამონასტრო ეკლესია 1002 წელს დაიწვა, წმინდა ბრიკციუსის დღის ცნობილი "ჟლეტის" დროს[1]. იმ დღეს ინგლისის მეფე ეთელრედ უგუნურმა, ვიკინგების მიერ ინგლისის მიწაზე მრავალჯერადი ყოველწლიური თავდასხმების შემდეგ, თავის მეომრებს უბრძანა "მოეკლათ ყველა დანიელი, რომელსაც კი ქვეყანაში იპოვნიდნენ". მაშინ ბევრი დანიელი დაიხოცა, თუმცა ძირითადად "დანიური სამართლის"[2] მოქმედების ფარგლებს გარეთ. დანიელებმა, რომლებიც ოქსფორდში ცხოვრობდნენ, წმინდა ფრიდესვიდას ეკლესიაში შეაფარეს თავი, იმედოვნებდნენ რა იქ თავშესაფრის პოვნას. მაგრამ ქალაქის მცხოვრებლებმა მეფის ბრძანების შესრულებისას ეკლესიას ცეცხლი წაუკიდეს, რის შედეგადაც 600-ზე მეტი იქ შეფარებული დანიელი დაიღუპა, ხოლო ტაძარი დაიწვა. სავარაუდოდ, იმ დროს წმინდა ფრიდესვიდას წმინდა ნაწილები საფლავში ესვენა, ეკლესიისგან განცალკევებით. 1004 წელს ეთელრედმა მონანიების ნიშნად ბრძანა წმინდა ფრიდესვიდას ეკლესიის ხელახლა აშენება და იქ წმინდა ნაწილების გადასვენება. იმ დროს ტაძართან საერო კანონიკოსთა თემი იყო მიმაგრებული.

1122 წელს, ნორმანების მიერ ბრიტანეთის დაპყრობის შემდეგ, ოქსფორდში ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მართლმადიდებლური მონასტრის ადგილზე დაარსდა წმინდა ფრიდესვიდას სახელობის კათოლიკური ავგუსტინელთა პრიორატი, რომელიც XVI საუკუნემდე მოქმედებდა. წმინდა იღუმენიის წმინდა ნაწილები საზეიმოდ დაასვენეს ახალ საფლავში 1180 წელს, კენტერბერიის მთავარეპისკოპოსის, ეპისკოპოსთა კრებულისა და კეთილშობილ პირთა მონაწილეობით, და მომდევნო წლის განმავლობაში 100-ზე მეტი სასწაული დაფიქსირდა. წმინდა ნაწილების კიდევ ერთი გადასვენება 1289 წელს მოხდა. შუა საუკუნეებში წმინდა ფრიდესვიდას პრიორატი თავისი ზეციური მფარველის ხსენებას წელიწადში ორჯერ აღნიშნავდა: 19 ოქტომბერს (გარდაცვალების დღე) და 12 თებერვალს (წმინდა ნაწილების გადასვენების დღე). მონასტერი სახელგანთქმული იყო და მრავალი წარჩინებული ქველმოქმედი უხვ შესაწირს სწირავდა მას. მონასტერი ვრცელ მიწებს ფლობდა.

1524 წელს წმინდა ფრიდესვიდას მონასტერი დაშალა კარდინალმა თომას უოლსიმ (1474-1530), ჰენრი VIII-ის დროინდელმა გავლენიანმა საეკლესიო და სახელმწიფო მოღვაწემ, ყოფილმა სამეფოს კანცლერმა, რომელმაც წმინდა მონასტრის ადგილზე ახალი კოლეჯის გრანდიოზული მშენებლობა წამოიწყო. კოლეჯს მან თავისი სახელი უწოდა: "კარდინალის კოლეჯი" და, თავისი ამბიციური პროექტისთვის ადგილის გასათავისუფლებლად, დაანგრია სამონასტრო ეკლესიის ნავის დასავლეთი ნაწილი, მაშინ როცა ფრიდესვიდას საფლავი ჯერ კიდევ ხელუხლებელი რჩებოდა. თუმცა 1529 წელს უოლსი ჰენრი VIII-ის რისხვა ეწია, რომელმაც მას სახელმწიფო ღალატი დასწამა. უზარმაზარი კოლეჯის მშენებლობა შეჩერდა, ხოლო თავად უოლსი ლონდონისკენ მიმავალ გზაზე გარდაიცვალა, სადაც ის სასამართლოს წინაშე უნდა წარმდგარიყო. ამასობაში 1530-იან წლებში რეფორმაცია დაიწყო. 1532 წელს ჰენრი VIII-მ ხელახლა დააარსა კარდინალ უოლსის მიერ დაფუძნებული კოლეჯი, მას "ჰენრი VIII-ის კოლეჯი" უწოდა (როგორც ვხედავთ, ორივეს ძლიერ აწუხებდა მეგალომანია), ხოლო 1538 წელს ფრიდესვიდას საფლავი რეფორმატორ-ხატმებრძოლებმა შებილწეს, თუმცა სამონასტრო ეკლესიის დიდი ნაწილი ხელუხლებელი დარჩა.

ქრისტე მაცხოვრის საკათედრო ტაძარი ოქსფორდში

1546 წელს, გარდაცვალებამდე ერთი წლით ადრე, ჰენრი VIII-მ დააარსა ოქსფორდის ახალი ეპარქია, ყოფილი სამონასტრო ეკლესია ახალ საკათედრო ტაძრად და ამავდროულად ახლადდაარსებული საუნივერსიტეტო კოლეჯის სამლოცველოდ აქცია. საბოლოოდ როგორც კოლეჯს, ისე საკათედრო ტაძარს ქრისტე მაცხოვრის სახელი უწოდეს ("ქრაისთ-ჩერჩ" - "ქრისტეს ეკლესია"). ამგვარად, ეს ყოფილი წმინდა ფრიდესვიდას სამონასტრო ეკლესია დღემდე ინარჩუნებს ერთდროულად როგორც საკათედრო ტაძრის, ისე კოლეჯის სამლოცველოს სტატუსს.

რამდენიმე საუკუნის განმავლობაში ქრაისთ-ჩერჩი ინგლისის ყველაზე პატარა საკათედრო ტაძარი იყო, მაგრამ XX საუკუნეში რამდენიმე უფრო მცირე ზომის ყოფილმა სამრევლო ეკლესიამ საკათედრო ტაძრის სტატუსი მიიღო. რაც შეეხება წმინდა ფრიდესვიდას წმინდა ნაწილებს, მათი ბედი უჩვეულოდ და საკმაოდ ტრაგიკულად წარიმართა. კათოლიკე დედოფალ მარია I ტიუდორის მმართველობის დროს (1553-1558) ისინი საკათედრო ტაძარში ძველ საპატიო ადგილას დააბრუნეს, მაგრამ მისი სიკვდილის შემდეგ რადიკალმა პროტესტანტებმა კვლავ შებილწეს. საფლავი დაამსხვრიეს, ხოლო წმინდა ნაწილები გერმანელი ეკატერინე დამმარტინის (ყოფილი მონაზვნის: დაახ. 1520-1553), რეფორმატი ცვინგლიანელი ღვთისმეტყველის პეტრე მარტირ ვემირლის მეუღლის ნეშტს შეურიეს და იატაკის ქვეშ დაკრძალეს, სადაც დღემდე განისვენებენ. მხოლოდ 1889 წელს აღმოაჩინეს ქრაისთ-ჩერჩის კოლეჯის ტერიტორიაზე წმინდა ფრიდესვიდას ძველი საფლავის სასწაულებრივად შემორჩენილი ფრაგმენტები, და XX საუკუნის განმავლობაში ისინი გულდასმით შეაგროვეს ერთად. ბრწყინვალე საფლავი მთლიანად აღდგენილია 2002 წელს და მას შემდეგ მრავალი პილიგრიმი სტუმრობს (ისევე როგორც თავად ქრისტე მაცხოვრის საკათედრო ტაძარს ოქსფორდში). ის დგას ლათინურ სამლოცველოში (ეკვდერში) დაახლოებით იმ ადგილას, სადაც რეფორმაციამდე წმინდანის რელიკვარიუმი მდებარეობდა. საფლავთან თითქმის მუდმივად სანთლები ანთია, ხოლო მის პირდაპირ არის შესანიშნავი მხატვრის ედვარდ ბერნ-ჯონსის (1833-1898) ნამუშევარი - დიდი ვიტრაჟი, რომელზეც ფრიდესვიდას ცხოვრების 16 სცენაა გამოსახული. ამ ადგილას მართლმადიდებელი და სხვა პილიგრიმები გრძნობენ წმინდანის უხილავ სიახლოვეს, ასევე განსაკუთრებულ მშვიდ და სულიერ ატმოსფეროს. თავად წმინდანის წმინდა ნაწილები კი საკათედრო ტაძრის იატაკის ქვეშ, უცნობ ადგილას განისვენებენ, თუმცა ღვთისმშობლის ეკვდერში, საფლავთან ახლოს, იატაკზე შეიძლება იპოვოთ თანამედროვე მუქი კვადრატული ქვის ფილა წარწერით "ფრიდესვიდა". საკათედრო ტაძარში არის წმინდა ფრიდესვიდას დროშები, რომლებსაც ადგილობრივი მართლმადიდებელი მორწმუნეები და მრევლის წევრები დიდი წმინდანის ხსენების პროცესიებზე დაატარებენ. ყოველწლიურად იმართება აგრეთვე სამოქალაქო პროცესიები ფრიდესვიდას საფლავთან.

ოქსფორდის ქრისტეს ანგლიკანური საკათედრო ტაძარი აშენებულია მოყვითალო-თაფლისფერი კოტსუოლდის ქვისგან. თავისი ისტორიის მანძილზე იგი მრავალი მოვლენის მოწმე გახდა. მაგალითად, სამოქალაქო ომის დროს მეფე ჩარლზ I 1642-დან 1646 წლამდე სწორედ ოქსფორდში ცხოვრობდა, რადგან ეს იყო ერთადერთი დიდი ქალაქი, რომელიც მონარქისადმი ერთგული დარჩა. მეფე დროებით დასახლდა დეკანის სახლში კრაისტ-ჩერჩში და რეგულარულად ესწრებოდა წირვას საკათედრო ტაძარში.

XIX საუკუნეში ტაძრის მასშტაბურ სარესტავრაციო სამუშაოებს ხელმძღვანელობდა არქიტექტორი ჯორჯ გილბერტ სკოტი. ამჟამად ტაძრის ინტერიერი ინგლისში ერთ-ერთი ულამაზესია. მასში დაცულია ქვეყნის ერთ-ერთი უმდიდრესი ფერადი ვიტრაჟების კოლექცია, რომელიც შუა საუკუნეებიდან XIX საუკუნემდე პერიოდს მოიცავს. უძველესი შემორჩენილი ვიტრაჟი (1300 წ.), წმინდა ლუსიას სამლოცველოში, გამოსახავს მოკლულ არქიეპისკოპოს თომას ბეკეტს - რეფორმაციის დროს კოლეჯს უბრძანეს ვიტრაჟის განადგურება, მაგრამ მისმა მუშაკებმა მხოლოდ არქიეპისკოპოსის სახე წაშალეს და ამით შედევრი გადაარჩინეს! ზოგიერთი ვიტრაჟი შექმნილია XVII საუკუნის ფლამანდიელი ძმების - აბრაჰამ და ბერნარდ ვან ლინების მიერ. სხვა შესანიშნავი ვიტრაჟები გამოსახავს წამებულებს ეკატერინესა და კიკილიას (წმინდა ფრიდესვიდას მფარველებს); წმინდა პისტის, ელპიდის და აღაპის, ასევე მთავარანგელოზ მიქაელს, რომელიც დრაკონს ებრძვის.

ეკლესიის ამჟამინდელი შენობა აშენებულია 1160-1200 წლებში. ტაძრის შპილი, რომელიც 1230 წლით თარიღდება, ინგლისის ერთ-ერთი უძველესია. ლათინური სამლოცველო, სადაც ფრიდესვიდას საფლავია დაცული, 1338 წლით თარიღდება. კრაისტ-ჩერჩში ერთადერთი შემორჩენილი სამონასტრო ნაგებობებია პრიორის სახლი და საძმოს კორპუსისა და სატრაპეზოს ნაწილები. ელეგანტური კაპიტულის დარბაზი XIII საუკუნის პირველ ნახევარს მიეკუთვნება და შეიცავს ნატიფი ნაკვეთობის ნიმუშებს. ტაძრის ნავი, საგალობელი, ტრანსეპტები და კოშკი ნორმანულ პერიოდს მიეკუთვნება. ტაძარი აერთიანებს რომანული, ნორმანული, ადრეინგლისური და პერპენდიკულარული გოთური სტილების ნიშნებს.

მათ შორის, ვისი ხსოვნაც უკვდავყოფილია საკათედრო ტაძარში, აღსანიშნავია საეკლესიო მუსიკის კომპოზიტორი ჯონ ტავერნერი (დაახლ. 1490-1545)[3], რომელიც აქ ორგანისტად მსახურობდა; ტაძარში დაკრძალული ირლანდიელი ფილოსოფოსი და ეპისკოპოსი ჯორჯ ბერკლი (1685-1753), რომელსაც სწამდა, რომ მატერიალური ობიექტები მხოლოდ იმდენად არსებობენ, რამდენადაც ამა თუ იმ ინდივიდს შეუძლია მათი დანახვა, შეხება და ა.შ.; ფილოსოფოსი და ემპირიზმის ფუძემდებელი ჯონ ლოკი (1632-1704), რომელიც კრაისტ-ჩერჩ კოლეჯის სტუდენტი იყო; მეთოდიზმის ფუძემდებლები ჯონ და ჩარლზ უესლები, რომლებიც XVIII საუკუნეში ამ ტაძარში იქნენ ხელდასხმულნი; ცნობილი "ალისას" პროტოტიპის მამა ჰენრი ლიდელი და ზემოხსენებული ლუის კეროლი; ედვარდ პიუზი (1800-1882) - თეოლოგი და პროფესორი კრაისტ-ჩერჩში, ანგლიკანურ ეკლესიაში "ოქსფორდის მოძრაობის" თანადამფუძნებელი, რომელიც მხარს უჭერდა ადრეული ეკლესიის სწავლებისკენ დაბრუნებას, ძველი წეს-ჩვეულებებისა და ცერემონიების შემოღებას და წმინდა მამების ღრმა შესწავლას, რამაც საბოლოოდ ანგლიკანობაში ანგლო-კათოლიციზმის, ანუ "მაღალი ეკლესიის" ტრადიციის ჩამოყალიბებამდე მიგვიყვანა; და კრაისტ-ჩერჩის სტუდენტი უილიამ პენი (1644-1718), აშშ-ში ქალაქ ფილადელფიის დამაარსებელი - მის პატივსაცემად დაერქვა შტატს პენსილვანია. კრაისტ-ჩერჩის კოლეჯმა აღზარდა არანაკლებ 13 მომავალი პრემიერ-მინისტრი, მრავალი ეპისკოპოსი და გამოჩენილი სახელმწიფო მოღვაწე.

კრაისტ-ჩერჩში შესვლა ხდება ოქსფორდის სენტ-ოლდეიტს-სტრიტიდან, რომელიც დასახელებულია ადრეული პერიოდის წმინდანის, გლოსტერელი ალდატის პატივსაცემად, რომელიც VI საუკუნეში ბრიტანეთის ანგლო-საქსმა დამპყრობლებმა მოკლეს. კოლეჯის შესასვლელთან დგას ცნობილი სამრეკლო "ტომ თაუერი". იგი აშენებულია 1681 წელს კრისტოფერ რენის პროექტით, და მისი ზარი "დიდი ტომი", რომელიც 56.25 ტონას იწონის და ოქსფორდის ყველაზე ხმამაღალი ზარია, დღემდე ყოველ საღამოს 101-ჯერ რეკავს!

წმინდა ფრიდესვიდას თაყვანისცემა დღეს

დღესდღეობით წმინდა ფრიდესვიდას მიმართავენ ლოცვით ოქსფორდის უნივერსიტეტის სტუდენტები, პედაგოგები და თანამშრომლები, ქალაქის მცხოვრებნი და მრავალი მორწმუნე მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში, მისი თაყვანისცემა რუსეთამდეც კი მიაღწია, და დიდ ბრიტანეთში მცხოვრებ მართლმადიდებელ რუსებს შორის ის ყველაზე თაყვანცემული ადგილობრივი წმინდანია! არსებობს წმინდა ფრიდესვიდას თანამედროვე ხატები; მისი გამოსახულების მქონე ქანდაკებებისა და ვიტრაჟების ნახვა შესაძლებელია ოქსფორდშირის და მის ფარგლებს გარეთ არსებულ მრავალ ტაძარში (გლოსტერის საკათედრო ტაძრის ჩათვლით). ბაკინგემშირში, ქალაქ მილტონ-კინსში არსებული თანამედროვე ანგლიკანური ეკლესია მის სახელზეა ნაკურთხი. წმინდა ფრიდესვიდას საფრანგეთშიც სცემენ თაყვანს სახელით "ფრევისი" - მისი ქანდაკება შეიძლება ვიპოვოთ პა-დე-კალეს დეპარტამენტის სოფელ ბომიში წმინდა ვედასტის ტაძარში; ოდესღაც სოფელში არსებობდა შადრევანი და სამლოცველო წმინდა ფრიდესვიდას სახელზე, თუმცა როგორ და როდის დაიწყო ეს თაყვანისცემა - უცნობია.

ოქსფორდის დასავლეთით, ბოდლი-როუდის ქუჩაზე დგას 1870-იან წლებში აშენებული წმინდა ფრიდესვიდას ანგლიკანური ეკლესია. მის ნავში გამოირჩევა "ალისას კარი", რომელიც თავად ელის ლიდელმა გამოჭრა! ქალაქის ცენტრიდან დასავლეთით მდებარე ერთ-ერთ მოედანს ზეციური მფარველის პატივსაცემად ეწოდება "ფრაიდსუაიდ-სქვერი". წმინდა ფრიდესვიდას ჩვეულებრივ გამოსახავენ როგორც იღუმენიას გვირგვინით თავზე და კვერთხით ხელში, მის ფეხებთან მჩქეფარე წყაროთი ან ხარით, და ზოგჯერ - თემზაზე ნავით მცურავს ორ მონაზონთან ერთად, ანგელოზის თანხლებით.

ღირსო დედაო ფრიდესვიდა ოქსფორდელო, ევედრე ღმერთს ჩვენთვის!

შენიშვნები:

[1] იგულისხმება წმინდა ბრიკციუსი, ტურის ეპისკოპოსი, წმინდა მარტინ მოწყალის მოწაფე და მემკვიდრე (†444, ხსენება 13 ნოემბერს). ახალგაზრდობაში წმინდანს ძალიან ფიცხი ხასიათი ჰქონდა, მაგრამ შემდგომში მოინანია და გულმოდგინედ იბრძოდა წარმართობის წინააღმდეგ, მოახდინა მრავალი სასწაული და ააშენა რამდენიმე ეკლესია.

[2] იგულისხმება ინგლისის ჩრდილოეთის, ჩრდილო-აღმოსავლეთის, აღმოსავლეთის და ნაწილობრივ ცენტრალური ნაწილის ვრცელი ტერიტორიები, სადაც IX საუკუნის ბოლოდან ნორმანთა დაპყრობამდე, ვიკინგების ინგლისზე თავდასხმების შედეგად, არსებობდა განსაკუთრებული სახელმწიფოებრივი წარმონაქმნი "დანელაგი", ანუ "დანიური სამართლის მოქმედების არეალი", რომელიც საკუთარი კანონებით იმართებოდა.

[3] საყურადღებოა, რომ ჩვენი თანამედროვე, სხვა სასულიერო მუსიკის კომპოზიტორი ჯონ ტავენერი (1944-2013), ჯ. ტავერნერის პირდაპირი შთამომავალი, 1977 წლიდან იყო მართლმადიდებელი ქრისტიანი და შთაგონებული იყო ნევმური გალობით. მის ცნობილ ნაწარმოებებს შორისაა ორატორია "ვეშაპი", "ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის საგალობელი", "ანა ახმატოვას რეკვიემი", ქორალი "კრავი", "ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის საფარველი", ოპერა "მარიამ ეგვიპტელი" და სხვა. ასევე იმყოფებოდა სხვა რელიგიური ტრადიციების გავლენის ქვეშ. გასაოცარი ფაქტია: ჯ. ტავენერი - ალბათ ერთადერთი დიდი მართლმადიდებელი კომპოზიტორი-ინგლისელია თანამედროვეობაში და ერთადერთი მართლმადიდებელი ქრისტიანი, რომელიც დედოფალმა რაინდის წოდებით შეამკო!

სტატიის წყარო: Преподобная Фридесвида, игумения Оксфордская

აქვე წაიკითხეთ: ღირსი ფრიდესვიდა ოქსფორდელი (+735) - 19 ოქტომბერი (1 ნოემბერი)



ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
09.12.2024
სარწმუნოდ ცნობილია, რომ წმინდა ოსითა დანიშნული იყო ესექსის მეფე სიგჰერზე და მან დააარსა მონასტერი ჩიჩში, სადაც დაასრულა თავისი დღეები.
16.11.2024
ვინ იყო ის პირველი ინგლისელი ქალი, რომელმაც გადაწყვიტა მთლიანად მიეძღვნა თავი წმინდა ცხოვრებას სამონაზვნო ღვაწლში? რომელი ქალწული გახდა ამგვარად მთელი ინგლისის სულიერი დედა?
13.11.2024
წმინდა ვიტბურგა იხსენიება მისი გარდაცვალების დღეს 17 (30) მარტს (კელტ. და ბრიტ. ) ან 16 (29) აპრილს (კელტ. და ბრიტ.); 08 (21) ივლისს წმინდა ნაწილების გადასვენების დღეს (კელტ. და ბრიტ.)
25.10.2024
ღირსი ედიტა (ედით, ედგიტა; ხსენება 16/29 სექტემბერს) იყო ერთ-ერთი ყველაზე პატივცემული წმინდანი ქალი ინგლისის მიწაზე. მართლმადიდებლები, ასევე ზოგიერთი კათოლიკე და ანგლიკანი, დღემდე პატივს მიაგებენ მას.
12.10.2024
წმინდა მანიას (მანე; სომხურად: Մանե) ხსენების დღეა 30 სექტემბერს.
04.10.2024
წმინდა მორვენას საეკლესიო ხსენების დღე 05 (18) ივლისი. მართლმადიდებლურ ტრადიციაში მისი ხსენება ასევე აღინიშნება სულთმოფენობის შემდგომ მესამე კვირას,
26.09.2024

საუკუნეთა მანძილზე  ირლანდიელებს უყვართ და პატივს სცემენ წმინდა მონენას (მონინნა, დარერკა, ბლინე), რომელიც დაიბადა დაახლოებით 432 წელს

26.09.2024
წმინდა ატრაქტას ცხოვრების შესახებ ყველაზე სანდო წყარო არის ძველი ირლანდიური ზეპირი გადმოცემები.
05.09.2024
წმინდა ჰილდა (ჰილდა), უიტბის იღუმენია (მისი ხსენება ხდება 17/30 ნოემბერს - გარდაცვალების დღეს და 25 აგვისტოს/7 სექტემბერს - წმინდა ნაწილთა გადასვენების დღეს),
05.09.2024
წმინდა ებას ეკლესია იხსენიებს 25 აგვისტოს / 7 სექტემბერს (გარდაცვალება) და 2/15 ნოემბერს (წმინდა ნაწილების გადმოსვენება).
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
წმინდა ამბროსი მედიოლანელი 340 წელს დაიბადა იტალიის ქალაქ ტრირში, სადაც ცხოვრობდნენ მისი მშობლები.

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat