წმინდა მოწამე ოსითა ჩიჩელი (+700) – 07(20) ოქტომბერი
09.12.2024
სარწმუნოდ ცნობილია, რომ წმინდა ოსითა დანიშნული იყო ესექსის მეფე სიგჰერზე და მან დააარსა მონასტერი ჩიჩში, სადაც დაასრულა თავისი დღეები.
XII საუკუნის გადმოცემის თანახმად, ოსითა იყო მერსიის მეფის ფრითვალდის და მისი მეუღლის ვილბურგის ქალიშვილი, რომელიც მეფე პენდას ასული იყო. იგი აღიზარდა მონასტერში, შესაძლოა აილსბერიში, და სურდა მონაზვნად აღკვეცა. მშობლებმა დანიშნეს იგი სიგჰერზე, რომელიც, შესაძლოა, იყო ის განდგომილი, რომელზეც წმინდა ბედა პატივცემული საუბრობს და რომელიც ეკლესიას დაუბრუნდა ეპისკოპოს ჯარუმანის მეცადინეობით.
ქორწინება არ შედგა. სიგჰერი იყო გატაცებული მონადირე, და სანამ მისი ქმარი გრძელ ნადირობაზე იყო წასული ლამაზი თეთრი ირმის დასაჭერად, ოსითა გაიქცა და თავი შეაფარა წმინდა ეპისკოპოსებს- აკკა დანვიჩელს და ბედვინ ელმჰემელს. მან ისინი დაარწმუნა მონაზვნად აღეკვეცათ. სიგჰერმა, რომელსაც არ სურდა ჯიუტი საცოლის იძულება, ნება დართო მას მიეღო მონაზვნობა და უბოძა მიწები ჩიჩში, კოლნის ყურეში, მონასტრის ასაშენებლად. იგი შეიპყრეს და აწამეს დანიელმა მეკობრეებმა, რომლებმაც თავი მოჰკვეთეს მას (+700 წ., სხვა წყაროების მიხედვით - 653).
მისი კულტის პოპულარიზაცია მოახდინა ლონდონის ეპისკოპოსმა მორისმა, სადაც წმინდა პავლეს საკათედრო ტაძარში მისდამი მიძღვნილი სამლოცველო იყო.
დაახლოებით 1121 წელს, მისმა მემკვიდრემ, რიჩარდ დე ბელმეის I-მა ჩიჩში, ყოფილი მონასტრის ადგილზე წმინდა ავგუსტინეს კანონიკოსთა სავანე დააარსა. მან მონასტრის ეკლესიისთვის წმინდანის ხელის ნაწილი მოიპოვა. მისი ნეშტი 1127 წელს ეკლესიის საკურთხეველში დაკრძალეს: მან ეკლესია და საეკლესიო გადასახადები კანონიკოსებს უანდერძა, რომლებმაც თავიანთ პირველ აბატად ან წინამძღვრად აირჩიეს უილიამ დე კორბეილი, შემდგომში კენტერბერის არქიეპისკოპოსი (გარდაიცვალა 1136 წელს). კორბეილმა მეორე ხელი კენტერბერისთვის მოიპოვა.
ჰენრი II-ის მიერ მინიჭებულმა შემოწირულობებმა, ქარტიებმა და პრივილეგიებმა კანონიკოსები გაამდიდრა: მონასტრების გაუქმების დროს 1536 წელს, სამონასტრო შემოსავალი წელიწადში 758 გირვანქა 5 შილინგი და 8 პენსი იყო. 1397 წელს წმინდა ოსითას მონასტრის აბატს მიენიჭა მიტრის ტარებისა და საზეიმო კურთხევის უფლება, და, რაც უფრო განსაკუთრებულია, მღვდლების ხელდასხმის უფლება, რომელიც პაპმა ბონიფაციუს IX-მ მიანიჭა. კარიბჭე, ე.წ. "აბატის კოშკი" და რამდენიმე შენობა დღემდე შემორჩენილია.
ოსითას საფლავი ეილსბერიში, ღვთისმშობლის ეკლესიაში არაოფიციალური მომლოცველობის მნიშვნელოვანი ადგილი გახდა; 1500 წლის პაპის ბრძანებულების თანახმად, ძვლები ეკლესიიდან ამოიღეს და საიდუმლოდ დაკრძალეს. მიუხედავად ამისა, XVII საუკუნის ანტიკვარის ჯონ ობრის (წიგნის "მოკლე ცხოვრებანი" ავტორის) თანახმად, "იმ დროს, დასაძინებლად წასვლისას, ისინი ნაცარში ცეცხლს ჩააქრობდნენ, ნაცარზე ჯვარს გამოსახავდნენ და ღმერთსა და წმინდა საითს [წმინდა ოსითას] ევედრებოდნენ, რომ დაეცვათ ცეცხლისგან, წყლისგან და ყველა უბედურებისგან."
წმინდა ოსითის თაყვანისცემა ინგლისში ფართოდ იყო გავრცელებული. შუა საუკუნეებში ნორვიჩის საკათედრო ტაძარსა და წმინდა ოლბანის სააბატოში მისდამი მიძღვნილი სამლოცველოები არსებობდა.
მისი ხსენების დღეა 7 ოქტომბერი. მას ხშირად გამოსახავენ საკუთარი მოკვეთილი თავით ხელში.