წმინდა ჟენევიევა დიდ პატივს მიაგებდა გალიის მოციქულს, წმინდა დიონისე არეოპაგელს. ის ხშირად მოილოცავდა ხოლმე სოფელ კატეის, სადაც დაკრძალული იყვნენ პარიზის პირველი ეპისკოპოსი, ასევე ხუცესი რუსტიკი და არქიდიაკვანი ელეფთერი. ძალზე წუხდა, რომ წმინდა მოწამეების საფლავზე ტაძარი არ იყო და თხოვნით მიმართა პარიზის სამღვდელოებას, რომ წმინდა დიონისეს სახელზე ბაზილიკა აეშენებინათ. მათ უპასუხეს, - შენი კეთილი განზრახვის შესრულება შეუძლებელია, რადგან ბაზილიკის ასაშენებლად დაუშლელი კირია საჭირო, ის კი არ გვაქვსო.
წმინდა ჟენევიევას სახე გაუნათდა, უთხრა:
- ხიდზე გადადით, მერე უკან დაბრუნდით და მითხარით, რაც გაიგონეთო!
მღვდლებმა დაუჯერეს და სენის მარცხენა ტყიან ნაპირზე გადავიდნენ.
იქ მათ მოესმათ ორი მეღორის საუბარი, რომლებიც ერთმანეთს უყვებოდნენ, რომ ორი დიდი ორმო ჰქონდათ გამზადებული კირქვის გამოსაწვავად.
გაუხარდათ მოძღვრებს, ღმერთს მადლობა შესწირეს, მეღორეებს უბრძანეს, ამ ორმოების ადგილი გაემხილათ და გახარებულები პარიზში დაბრუნდნენ წმინდა ჟენევიევასთან.
წმინდანი მათ მონათხრობზე სიხარულისგან ატირდა, მთელი ღამე სამადლობელ ლოცვაში გაატარა და ღმერთს ამ კეთილი საქმის დასაწყებად კურთხევას სთხოვდა.
მან ბაზილიკის მშენებლობა ხუცეს გენესს დაავალა, თვითონ კი ფულის შეგროვებას შეუდგა.
პარიზელები გვერდში დაუდგნენ და მალე ვეებერთელა ბაზილიკა წამოიმართა.
გაგრძელება იხილეთ შემდეგ გვერდზე